QronikaPlus
დათო ოქიტაშვილი: „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო“

დათო ოქიტაშვილი: „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო“

2023-05-01 16:43:58

გიგა გელხვიიძე

შოუბიზნესი, კულტურა და, ზოგადად, ხელოვნება, განსაკუთრებით საქართველოში, რატომღაც, მტკიცედ არის გადაჯაჭვული სფეროსთან, რომელიც რეალურად ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში უნდა იმყოფებოდეს ყველა ზემოჩამოთვლილთან, თუმცა აქ, ამ სავანეში, რეალობა სრულიად სხვაგვარია.

„ქრონიკა+“ საიუბილეო ნომერში შეეცადა, თავი მოეყარა ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები და არც ღია და მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს ერიდებიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ „საქართველოს კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს მის მიერ განხორციელებული არაერთი საოცარი პროექტითა თუ საკმაოდ მწვავე შეფასებებით, რომელსაც ის პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ აკეთებს.

უფრო მეტს, თუ როგორ აღიქვამს ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რას ფიქრობს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ და რა გეგმები აქვს ხელოვნების მოყვარულთათვის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

_ ბატონო დავით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია გაქვთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ _ რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში, როგორია დათო ოქიტაშვილის შეფასება?
_ ერთხელ და სამუდამოდ ქართველები უნდა დაწყნარდნენ. შეიძლება, ადამიანებს უკვირთ, როდესაც კულტურაში მოღვაწეობ და ამა თუ იმ ფრაზებს ხმარობ პოსტებში, ეს მიუღებელია, მაგრამ როდესაც ყოველდღე იკეთებ ნემსს, გახსენდება ის ტკივილი, რომელიც უდანაშაულოდ მოგაყენა ამა თუ იმ ადამიანმა (ოქიტაშვილმა იგულისხმა მასზე თავდასხმა წინა ხელისუფლების დროს, რის გამოც მას ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები აქვს და დღემდე მედიკამენტოზურ მკურნალობაზეა). ქართულ პოლიტიკაში არ ვიცი, რა ხდება, ერთი ის ვიცი, რომ ქართველი ხალხი 2024 წელს გააკეთებს არჩევანს და დაასრულებს იმას, რაც ახლა ხდება.
_ რას გულისხმობთ?
_ არ შეიძლება უმადურობა, არ შეიძლება არდანახვა იმისა, რაც იყო და ქართველი ახალგაზრდების შენ საკეთილდღეოდ გამოყენება. მე ეს არ მსიამოვნებს, ყველანი ქართველები ვართ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და რაღაცის მიღწევის გამო სიბინძურეებზე არ უნდა წახვიდე, უბედურებები არ უნდა აკეთო. თქვენი გაზეთის მეშვეობით ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, როცა ვერ ვიკავებ თავს, ვერ გამოვსწორდი, ცოტა ისეთი ხასიათი მაქვს, ქართლელი ვარ (იცინის).
_ თქვენს ფეისბუქპოსტებში ძალიან ხშირად ახსენებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელს…
_ არ მინდა წარსულზე საუბარი, თუმცა ახლა რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს სასაცილოა. მე თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოდესმე დავიცავდი, არასოდეს მეგონა. ეს პარტია შექმნა კონკრეტულმა ადამიანმა, მიშა სააკაშვილმა და არ შეიძლება, ამ ადამიანის ღვაწლი დაივიწყო. ის ცუდია თუ კარგია, ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იყვნენ, ყველა ქუჩაში გაუშვა თითქმის.
_ ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ნიკა მელიამ უფრო მეტი გააკეთა და უფრო მეტად დაიცვა მიხეილ სააკაშვილის ინტერესები?
_ ამ ადამიანს (იგულისხმება ლევან ხაბეიშვილი) მელიას არც შევარდი, მე მას ჩინური მიკი მაუსის პატენტი დავარქვი. მანაც უნდა იცოდეს, რომ თუ მის უკან დგანან ადამიანები, უნდა უთხრან, რომ არ შეიძლება მათი ღვაწლის დაკარგვა. ისინი ჩვენი პრეზიდენტის გარშემო იბრძოდნენ. შეიძლება ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, გასაკვირი იყოს, მაგრამ დღემდე ჩემი უფროსი ქალიშვილი და მიხეილ სააკაშვილის შვილი ერთმანეთთან ურთიერთობენ. რა უფლება მაქვს, ვინმეს ეს ავუკრძალო? ისინი კლასელები არიან. მაგრამ გული მტკივა, რომ ზუსტად ასეთმა გარემოცვამ დაღუპა მიშა და არაფერმა სხვამ. მე თუ მათი დამცველი გავხდებოდი, არც მეგონა. საზოგადოებაშიც ეს აზრია, როდესაც ადარებენ და მიჩნდება კითხვა, _ მაშინ რას ერჩოდნენ ნიკა მელიას? რა უნდოდათ?
არ შეიძლება რაღაცის გამო ამ ადამიანების მოშორება. ყოველდღე ველოდები ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რა აზრის არის ის იმ ფაქტზე, რომ პარტიიდან მისი კადრები ასე ქუჩაში გაუშვეს?
_ აუცილებლად უნდა შევეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხს _ ბოლო დროს ვიხილეთ ძალიან ბევრი სამედიცინო დასკვნა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორც ქართველი მედიკოსების, ასევე _ უცხოელების. როგორ მიაჩნია დათო ოქიტაშვილს, უნდა დაისაჯოს სააკაშვილი სიკვდილით, თუნდაც დაუმტკიცდეს ყველა დანაშაული, რაშიც ბრალს სდებენ? თუ უნდა მიეცეს მას მკურნალობის საშუალება უცხოეთში და ამის შემდგომ კვლავ დააბრუნონ საქართველოში, სადაც საქმის სამართლებრივი წარმოება გაგრძელდება?
_ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი. პირველ რიგში, ვისაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, ეს არის მთავრობა, _ იციან, მის სიკვდილს რაც მოჰყვება. ყველაფრის მიუხედავად, მინდა, რომ მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ვერ ვიქნები ექსპერტი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს და ეს ადამიანი გადარჩეს. არ შეიძლება ამ ყველაფრის პოლიტიზება.
ლევან ხაბეიშვილი როგორ მოვიდა პარტიის სათავეში? მე რომ მოვალ, ორ დღეში გავათავისუფლებ ბატონ მიხეილსო და ჩვენ დავინახეთ, რა ტიპის და როგორი აქციებიც დაიწყო მან.
_ უნდა გაჯანსაღდეს თუ არა ოპოზიციური სპექტრი საქართველოში?
_ ასე ჩასაფრებით ურთიერთობა არ შეიძლება, როდესაც ადამიანები გვერდით გიდგანან, არ შეიძლება, ისინი ფულის გამო დაივიწყო. შეიძლება გიკვირს, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ იმათ, რომლებიც გაირიყნენ ამ პროცესებში, ყოველთვის დავიცავ, რადგანაც ჩვენ ადამიანები ვართ.
_ ისევ დავუბრუნდები კითხვას, რომლის დასმაც მსურდა: ძალიან ხშირად ახსენებთ წინა ხელისუფლების ცხრა წელს და უპირისპირებთ დღევანდელ მდგომარეობას _ საპროტესტო ტალღა ხელში აიღეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც არც მიშას 9 წელი აინტერესებთ და არც „ოცნების“ თერთმეტწლიანი მმართველობა, ისინი იბრძვიან განსხვავებული, უფრო ნათელი მომავლისთვის. საკმაოდ ბევრის მომსწრე ადამიანი ხართ და როგორ გესახებათ მომავალი?
_ ამ ახალგაზრდებმა უნდა ჩამოაყალიბონ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე გადაყრა. ცუდად თუ კარგად მათ შექმნეს ამ ქვეყნის ისტორია (იგულისხმება, რომ ახალგაზრდების აქციაზე არ ყოფილა ნახსენები საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი). ჩვენ ვართ ქართველები და ძალიან მინდა, რომ დავწყნარდეთ, რადგანაც უკვე სასაცილოდ გამოვიყურებით. არ მსიამოვნებს და ყოველთვის დავიცავ, ჩემი ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ახლანდელი, საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რადგანაც ჩვენი ოჯახური სიტუაცია გარეთ არ უნდა გაიტანო და საჯარო არ უნდა გახადო.
_ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვხვდება ერთგვარი ანონსი სახელწოდებით: „მოვდივარ!“ _ აღნიშნულის ავტორები ის ადამიანები არიან, რომლებიც თქვენთვის საკმაოდ ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. თავად თუ აპირებთ ამ აქციაზე მისვლას, რომელიც 30 აპრილს არის დაანონსებული და თუ გაქვთ ინფორმაცია, რა არის ორგანიზატორების მთავარი სათქმელი?
_ პირადად მე არაფერი დამიწერია, რაც შეეხება აქციას, ჯერ არ გადამიწყვეტია, წავალ თუ არა. ეს ყველაფერი გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის მოწოდებებმა და ამის გამოძახილია, თუმცა ზემოთაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ყველას აქვს აქციაზე წასვლის უფლება და არავის უნდა აუკრძალო ეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვაკვირდები.
_ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მაქსიმუმს აკეთებთ კულტურის განვითარებისთვის, საფუძველი ჩაუყარეთ არაერთ ახალ წამოწყებას. ამით იმის თქმა მსურს, რომ კარგად იცნობთ შოუბიზნესს საქართველოში. რამდენად პოლიტიზებულია დღეს ქართული კულტურა?
_ ძალიან პოლიტიზებულია, რაზედაც გული მწყდება. არასოდეს ვყოფ ხალხს კატეგორიების მიხედვით. არის ორი ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა იმ პიროვნებებს, რომლებსაც მე არ ვუჭერ მხარს. ისინი არ განეკუთვნებიან სახელისუფლებო ფლანგს. მათ სახელებს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდება მკითხველი. ჩვენ მაისის ბოლოს ვაკეთებთ ერთობლივ კონცერტს და პრობლემა არ მაქვს _ ხელოვან ადამიანს თავისი ფიქრის გამოხატვა შეუძლია სცენიდან. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს პოსტს ამ ადამიანებზე, თქვენ იქ რატომ ხართ და ა. შ., არ შეიძლება ადამიანების დაყოფა.
უახლოეს ფაქტს გავიხსენებ: რამდენიმე დღის წინათ ნატო გელაშვილთან ვიყავი (კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი), მისი ვარსკვლავის გახსნას ვგეგმავთ ოქტომბერში, იქ იყო ჩამონათვალი მომღერლების, რომლებიც დღეს სხვანაირად ფიქრობენ და ყველამ ისე შემომხედა… ეს არ არის ჩემი საქმე… დღეს რასაც ვუყურებ, ბევრი სიბინძურეა, კლანები გაჩნდა.
_ რატომ ყოფენ საქართველოში მომღერლებს „ნაცებად“ და „ქოცებად“? ეს არ არის ახალი, წინა ხელისუფლების დროს არ იყო „ქართული ოცნება“, თუმცა ოპოზიციურად მოაზროვნე შემსრულებლები იბლოკებოდნენ და ამას ვერ გავექცევით. იგივე ხდებოდა შემდგომში უკვე „ქართული ოცნების“ მხრიდან.
_ როდესაც ტარდება ესა თუ ის სამთავრობო ღონისძიება, „კულტურის პალატა“ ყოველთვის მონაწილეობს ამ ღონისძიებებში და არასოდეს არავის მხრიდან არ ყოფილა ნათქვამი, რომ ამან იმღეროს და იმან არ იმღეროს. ასე რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა რომელიღაც ორკესტრის დირიჟორი ან ხელმძღვანელი და ვიღაცას არ ექნებოდა იმის საშუალება, რომ ფილარმონიაში გაემართა კონცერტი. იცით, რატომ? ისინი მიხვდნენ: დამღუპველია, როდესაც ამბობენ, რომ კონცერტში ვიღაცას არ სვამენ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეს უნდა იყოს განმტკიცებული ფაქტებით. ქალბატონ ნატო გელაშვილის საღამოს აფინანსებს მერია და კულტურის სამინისტრო, ამ საღამოში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს, რომელიც არ უჭერს მხარს ამ მთავრობას, თუმცა როდესაც შედის განაცხადი და არიან გაწერილი კონკრეტული მომღერლები, იქ არ ხდება გარჩევა და დაყოფა მათი.
ყველაზე დიდი ოპოზიციონერი ამ ხელისუფლების არის ნიკოლოზ რაჭველი, აი, თქვას ნიკამ, თუ შეუზღუდა ვინმემ მას რომელიმე კონცერტის დირიჟორობა, საკმაოდ ბევრნი არიან ასეთები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.
_ თუნდაც იგივე ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, რომელმაც ღიად გამოხატა თავისი მყარი პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
_ დიახ, რუსა მორჩილაძის საღამო იყო, რომელიც მერიის პატრონაჟით ჩატარდა და არავინ დაბლოკილა. თუნდაც სტეფანე ავიღოთ და მისი მეუღლე, როგორი შეფასებებით გამოდიიან ხოლმე, მაგრამ როდესაც ვიკრიბებით, არ ვსაუბრობთ მსგავსს თემებზე. ლელა წურწუმიას ძალიან ახლოს ვიცნობთ, კარიერას რომ იწყებდა, იქიდან ვიცნობ, ის თავისი შრომით მოვიდა აქამდე და მე რა უფლება მაქვს, მას არ მივესალმო ან ვუთხრა, რომ ლელა, იცი, აი, შენ ეს რომ თქვი, არ შეიძლება. იქნებ, მასაც არ მოსწონს ჩემი შეფასებები, მაგრამ ამაზე არასოდეს ვსაუბრობთ.
_ ყველასთვის ცნობილია, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ ალა პუგაჩოვასთან. მას შემდეგ, რაც მან რუსეთი დატოვა და ისრაელში გადავიდა, თუ გქონიათ მასთან კონტაქტი და თუ გისაუბრიათ ბოლო დროის მოვლენებზე?
_ როდესაც ასეთი პროცესები დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის, სწორედ მას შემდეგ მქონდა ალა პუგაჩოვასთან საუბარი და გეტყვით ექსკლუზიურად, რომ ეს უკავშირდება საქართველოში მის შესაძლო ჩამოსვლას. აქვე პირობას ვდებ, რომ მსგავსს შემთხვევაში თქვენ მოგეცემათ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის უფლება. ყოველთვის იყო მისი ჩამოყვანის საშუალება, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ შემეშინდა იმის, რომ მაინც რუსეთში მოღვაწე მომღერალია და ვიფიქრე, ამ ადამიანს ასე უყვარს საქართველო და ამ ყველაფერს ავერიდე. ახლა არც ვმალავ, რომ ალასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და შეიძლება ის ჩამოვიდეს საქართველოში. შესაძლოა, მან სრულფასოვანი კონცერტი ვერ ჩაატაროს, მაგრამ ის ჩამოვა. იგი ძალიან განიცდის იმას, რაც დღეს ხდება და რასაც მათი ოკუპანტი და ფაშისტი პრეზიდენტი სჩადის. ალბათ, ისიც გეცოდინებათ, რომ მისი ქონების კონფისკაციაზეც კი საუბრობენ. როდესაც მასთან ვსაუბრობ, ვცდილობთ, ამ თემას არ შევეხოთ, რადგანაც მისთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ეს გადაწყდა და ჩამოვიდა, საქართველოს მოსახლეობა მას მიიღებს ისე, როგორც საჭიროა. ალა პუგაჩოვამ შექმნა ეპოქა და როგორც მან განაცხადა: „Я Брежнева пережила, Андропова пережила, Черненко пережила, Горбачева пережила, Ельцина пережила… Переживу и этого крысеныша из Питерской подворотни“. მინდა, რომ ეს ოცნება აუსრულდეს.
_ კიდევ ერთ აქტუალურ თემას შევეხოთ, _ პოლიტიკა და ენა. ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ საქართველოში არ სურთ რუსულენოვანი შემსრულებლების მოსმენა, თუმცა ამ ადამიანების კონცერტები იმართება საქართველოში, მათ შორის, ფილარმონიაში, ვინ ესწრება ამ კონცერტებს?
_ ყველა, ვინც აკრიტიკებს. აი, ახლა ალა რომ ჩამოვიდეს, ქართულად უნდა იმღეროს? ვერ ვხვდები. საქართველოსთვის და მოსახლეობის 99%-ისთვის რუსეთი არის ოკუპანტი, ვერასოდეს მათზე საქართველოს მოსახლეობას გული ვერ მოუბრუნდება, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით შექმნეს ეპოქა და რა ვქნათ, მათ უყვართ საქართველო და ქართველები, რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, არ ჩამოხვიდეთ, ქართული ისწავლეთ და ქართულად იმღერეთ-თქო? ყველას უნდა საქართველოში ჩამოსვლა, ყველას უნდა, მაგრამ… მელაძის კონცერტზე იყავით, რა ხდებოდა? „მაშინა ვრემენი“ ახლა ჩამოდის… აი, ლობოდას თუნდაც რა უნდა ვუთხრათ, რომ შენ რადგანაც რუსულად მღერი, ჩვენი ქვეყნის მტერი ხარ?
ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დასვით და ნელ-ნელა ჟურნალისტები უბრუნდებიან იმას, რომ ყველაფერში არ შეიძლება ვიქექოთ, თუნდაც მომღერალი ჩავაყენოთ იმ სიტუაციაში, რომელიც უბრალოდ სასაცილო იქნება.
_ ძალიან ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთებიათ ქართველი მსმენელისთვის, მათთვის საყვარელი უცხოელი არტისტისა თუ ქართველი შემსრულებლის საღამოს ორგანიზებით. უნდა ელოდოს თუ არა კულტურის პალატის სიურპრიზს ქართველი მსმენელი უახლოეს პერიოდში? გარდა იმისა, რაც უკვე გვითხარით, ნატო გელაშვილის საღამოს ვგულისხმობ…
_ ეკა მამალაძისა და ნანი ბრეგვაძის საღამო იგეგმება მაისის 28-ში, 26 მაისს კულტურის პალატა ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 13, 14 და 15 აგვისტოს დაგეგმილია და მიხარია, რომ ეს ტრადიციად იქცა, _ ბათუმში სუხიშვილების კონცერტები გაიმართება. 6 ოქტომბერს გვაქვს ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნა, ის წელს ხდება 70 წლის, 9 ივნისს იქნება სამი როიალის კონცერტი, რომელსაც ატარებენ საქართველოში და მიხარია, რომ ჩვენ მათ გვერდით ვუდგავართ და კულმინაცია იქნება 26 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიოს ლეგენდარული და უნიჭიერესი პიანისტის, მაქსიმ მავრისას კონცერტი.
ვიცი, ახლა ალა რომ ვახსენე, ამაზე გავილანძღები, ზუსტად ამის მეშინია, რომ ამით შეიძლება მეგობარი დავკარგო. ამას ვამბობ იმის ფონზე, რაც ვალერი მელაძის კონცერტზე მოხდა ფილარმონიაში. ნაკლებმა ხალხმა თუ იცის, რა გაიარა მან რუსეთში და პერსონა ნონგრატად არის გამოცხადებული.
_ გაზეთი „ქრონიკა+“ 10 წლის გახდა და ეს ჩვენი საიუბილეო ნომერია. პირველ რიგში, გვითხარით მედიის როლზე და რას გვისურვებთ?
_ მედიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს განვითარებაში. ყველა გაზეთს, უმრავლესობის იქნება ეს თუ ოპოზიციური, მინდა წარმატებები გისურვოთ. მიხარია, რომ ახლა თქვენ გაძლევთ ინტერვიუს, რადგანაც ისეთი კითხვები დამისვით, რომელიც საზოგადოებას აღელვებს. ვფიქრობ, მაყურებელსა და მსმენელს უნდა გავცეთ ამომწურავი პასუხები. აქვე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ არ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ. ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვიცით და ამას თქვენი გაზეთიც წერს, თქვენი რედაქტორიც და ძალიან კარგად აშუქებთ. პრესას გაქვთ ძალიან დიდი როლი, საზოგადოებას და იგივე მეც მიმანიშნოთ, რომ რაღაც არ არის სწორი, თუმცა არ შეიძლება ყველას ასე ვუწოდოთ, რომ შენ რუსეთუმე ხარ და მოღალატე ხარ, რუსეთუმე ქართველისთვის ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. რა უნდა გაგვიკეთონ, ოსეთი და აფხაზეთი რომ მოგვცენ და ვიცი, რომ ეს ასე იქნება, აქეთ მიდის ყველაფერი. მაგრამ ქართველი ხალხისთვის რუსი ყოველთვის არის ოკუპანტი.

გაზიარება