- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2020-06-28 09:08:13
„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა ახალგაზრდა მკვლევარ ბექა ჭიჭინაძის მეტად საინტერესო პუბლიკაცია, სადაც უცნობი წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მეშვეობით ახლებურად იყო წარმოჩენილი ქართლის გაქრისტიანების ისტორიის პირველი ეტაპი, პირველი ქრისტიანული ტაძრის მშენებლობა.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ბექა ჭიჭინაძესთან, რომელიც ისაუბრებს პუბლიკაციის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე _ სამეფო ხელისუფლების სასტიკ ბრძოლაზე წარმართობასთან.
-ბექა, ცხადია, საქართველოს კუთხეების გაქრისტიანებას წინააღმდეგობების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე სხვადასხვა ახალი წყაროს საფუძველზე, საკითხის შენეული ხედვა გაქვს.
_ საქართველოს გაქრისტიანების შესახებ მრავალი პოპულარული სამეცნიერო ნარკვევი არსებობს, მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი არ იძლევა ამ ურთულესი პრობლემის მეცნიერულ სურათს, რამდენადაც ისინი, ძირითადად, უკიდურესად ტენდენციურ ქართულ წყაროებს ეყრდნობიან.
_ რატომ?
_ მიზეზიც ის არის, რომ უცხოური წყაროები მეტად მცირერიცხოვანი და მწირია, ნაწილი კი სრულიად უცნობი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ასეთ პირობებში აუცილებელია, მკვლევარმა ფართოდ გამოიყენოს საკითხთან დაკავშირებული უცნობი წერილობითი წყაროები, არქეოლოგიური, პალინოლოგიური, ეთნოგრაფიული და ენობრივი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც კრიტიკულად უნდა შეამოწმოს ქართული წყაროები. ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი შედეგები მიიღება.
_ წინა ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას გულისხმობ?
_ დიახ, მკითხველი ამის მაგალითს გაზეთის წინა ნომერში იხილავს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ზედმიწევნით ეთანადებიან ერთმანეთს სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობის შესახებ ჩვენში ცუდად ცნობილი წყაროს _ ეთიოპიური სვინაქსრისა და არქეოლოგიური მასალის ჩვენებები. თვით ტენდენციური ქართული წყაროებიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართლის სამეფოს ფართო მასებში ქრისტიანობისადმი არსებობდა სასტიკი შეუწყნარებლობა, საუბარი არაა უბრალო მიუღებლობაზე, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობა გაქრისტიანებას სამშობლოდან გადახვეწასა და გაქრისტიანებული შვილების დახოცვასაც კი ამჯობინებდა.
_ უფრო კონკრეტულად…
_ ასე მოხდა, მაგალითად, ფხოველებისა და კოლაელების შემთხვევაში. სომხეთსა და ქართლში ქურუმთა ფენას გაბატონებული ადგილი ეჭირა. სტრაბონის თანახმად, ქურუმები ქართლში სამეფო საგვარეულოს შემდეგ მეორე ადგილს იჭერდნენ. მეტიც: მთელი ქართლი ამ დროს სატაძრო თემებად იყოფოდა. შესაბამისად, ბრძოლა წარმართობასთან არა მხოლოდ კულტურულ-რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ ხასიათსაც ატარებდა. ამიტომაც ქართული წყარო სწორად შენიშნავს, რომ გაქრისტიანება, ეს იყო: „შეცვლა ყოვლისა წესისა ამის ქუეყანისა“.
_ ცხადია, პროცესი წინააღმდეგობების გარეშე ვერ ჩაივლიდა, ასე იყო ყველგან…
_ ქართლში არსებული მსხვილი სატაძრო მეურნეობები, ბუნებრივია, ამ ვითარებაში უნდა ქცეულიყვნენ ნამდვილ ანტისახელისუფლებო ციხესიმაგრეებად. საფიქრებელია, განსაკუთრებით ძლიერი ტაძრები სამეფო ხელისუფლებას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაბარდებოდა. ამის შესახებ მიუთითებს, ერთი მხრივ, არქეოლოგიური მონაცემები, ხოლო, მეორე მხრივ, ის საგულისხმო გარემოება, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას სომხეთშიც სამეფო ხელისუფლებასა და განსაკუთრებით ძლიერ წარმართულ ტაძრებს შორის სასტიკი ბრძოლები იყო. ყველანაირი საფუძველი გვაქვს ქართლშიაც ამგვარივე ვითარების სავარაუდებლად, ვინაიდან წარმართული კულტის მსახურები თეოკრატიულ ქართლშიც გაბატონებულ კლასს განეკუთვნებოდნენ და ამ მყარი ეკონომიკური საფუძვლების მქონე, ათასწლეულთა სიღრმეებში ფესვგადგმული გენოსის ამოძირკვა მშვიდობიანად ვერასგზით განხორციელდებოდა.
_ რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული ქმედებები სჭირდებოდა…
_ ამიტომაც მაშინ, როდესაც ფართოდ გაიშალა ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა, ზადენგორის წმინდა ცეცხლის ორმოს ქვებით ავსებდნენ და როდესაც სვეტიცხოველს საფუძველს უყრიდნენ, ნეკრესის მითრეუმს პირვანდელ დანიშნულებას უსპობდნენ და ქრისტიანულ სამლოცველოდ გარდაქმნიდნენ, განსაკუთრებით პოპულარული წარმართული კულტის კერების მოსასპობად კი მათ ალაგს ქრისტიანული ტაძრები ფუძნდებოდა. სხვათა შორის, თავდაპირველად სვეტიცხოვლისა და სამთავროს ადგილებზეც წარმართულ ტაძრებს ვარაუდობენ (იხ. ი. დემეტრაძე, „იბერიის კულტურული ლანდშაფტები“ –გვ.152). რაც არ უნდა საკვირველი გვეჩვენოს, ეს მეთოდი ეკლესიისგან მთაში წარმართული ელემენტების წინააღმდეგ დღემდე გამოიყენება.
_ რას გულისხმობ?
_ მაგალითად, წარმართობასთან ბრძოლის სწორედ ამ ტრადიციული და ძალზე ეფექტიანი მეთოდის გამოყენებით, ამ ბოლო ხანებში, ლენტეხისა და ცაგერის მიტროპოლიტმა მონასტერი დააარსა სვანთაგან წარმართული რიტუალების შესასრულებლად გამოყენებულ მთის მწვერვალზე და ამ გზით წარმართული კულტის ეს ცენტრი მოშალა.
_ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ თემას დავუბრუნდეთ…
_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მთაში იმდენად სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ქრისტიანობას, მეფე მირიანი იძულებული გახდა, თავისი ერისთავის მეშვეობით მთიელები მახვილის ძალით მოექცია და მათი კერპები დაელეწა. ფხოველებმა კი ქვეყნის დატოვება ამჯობინეს უცხო სჯულის მიღებას.
_ და სად შეაფარეს თავი ფხოველებმა?
_ წყაროს მიხედვით, მთიელმა ქართველმა წარმართებმა თავი შეაფარეს თუშეთს. ჩანს, ამ შემთხვევაში, ქართული წყარო მართალია, რადგანაც ამ ცნობის სისწორე სხვა წყაროებით მოწმდება. „სომხურ გეოგრაფიაში“, რომელიც, დაახლოებით, სწორედ ამ ხანის წყაროებს ეყრდნობა, თუშეთი სარმატიის მხარედ იწოდება („სომხური გეოგრაფია“, 1877 წ. გვ.37.). ამავეს ემოწმება ირიბად ვახუშტიც, რომლის მიხედვითაც, თუშეთი „შემდგომად მეფეთა ქართველთაგან დაპყრობილია“ (ვახუშტი ბაგრატიონი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ. გვ.169.).
დაბოლოს, ქართული წყაროს ამ ცნობას ადასტურებს ტოპონიმური მონაცემებიც _ თუშეთში მრავალი ფხოვურ-ხევსურული ტოპონიმია, რომელიც გაქრისტიანებას გამოქცეულმა ლტოლვილებმა ჩაიტანეს, ამიტომაც გვაქვს უფლება, ეს ცნობა სარწმუნოდ მივიჩნიოთ.
_ და მაინც, რატომ აირჩიეს მთიელებმა თუშეთი?
_ ქართველი მთიელები თუშეთში მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაქცეულიყვნენ, რომ ეს ტერიტორია მირიანის სამეფოს საზღვრებს მიღმა იყო, თუშეთში _ შენაქოსთან, ნიშტაყოში, არქეოლოგებმა გამოავლინეს მთვარის ღვთაების გრანდიოზული სატაძრო კომპლექსის ნაშთები. ჩვენდა გასაოცრად, აქ მიაკვლიეს იმ წმინდა ჯაჭვსა და ლახვარსაც, რომლითაც, სტრაბონის თანახმად, მთვარის ქურუმი ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალს ახორციელებდა. მნიშვნელოვანია, რომ სატაძრო კომპლექსის მდებარეობა ემთხვევა სტრაბონისაგან აღწერილს. მთაში, ზოგადად, ისევე როგორც ამ ხანის ბარშიც, სატაძრო თემები არსებობდა, ამიტომაც დღევანდელი თუშეთის ტერიტორია ელინისტურსა და რომაულ ხანაში სწორედ ამ გრანდიოზული სატაძრო კომპლექსის ირგვლივ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. ამის გათვალისწინების შემდეგ კი ქართველი წარმართების თუშეთში გაქცევის ფაქტი ახლებურად აჟღერდება _ ქართველი წარმართები მოძალადე ქრისტიანებს გამოექცნენ და ძლიერ წარმართულ სატაძრო გაერთიანებას შეაფარეს თავი.
_ ისტორია ხომ მხოლოდ მსჯელობა არ არის, _ რით დასტურდება ეს მოსაზრება?
_ ეთნოგრაფიული მასალები საქართველოს ისტორიის ამ უზარმაზარი მნიშვნელობის პრობლემაში კიდევ უფრო მეტი სინათლის შეტანის საშუალებას გვაძლევს. მკვლევარ შოთა კურდღელაიძის დღიურში განსახილველი საკითხისთვის ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვეულებაა დაფიქსირებული: სწორედ იქ, სადაც ზემოხსენებული მთვარის ტაძარი არსებობდა, შენაქოში, გიორგობისთვეში, შუაღამეს თუშები მეტად უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ: როდესაც მთვარეს შავი ლაქები დააჩნდებოდა ხოლმე, რაც ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, თუშები ფიქრობდნენ, რომ მას მესხები შეესივნენ და სტანჯავდნენ(?), ამიტომაც მესხების დასაფრთხობად თოფსა და მუგუზლებს ისროდნენ. რ. დოლაბერიძემ ამასთან დაკავშირებით სავსებით სამართლიანად დაასკვნა: „ამ გადმოცემიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოდესღაც თუშეთში მოსულ მესხებსა და თუშებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მომხდარა. მთვარის ღვთაებას საშიშროება დაემუქრა. ხალხი შეებრძოლა მესხებს და თავისი ღმერთი _ მთვარე დაიცვა. ეს გადმოცემა იმის გამოძახილია, რომ თუშების მთავარი ღვთაება ოდითგანვე მთვარე იყო და მისი თაყვანისცემის უძველესი ტრადიცია, გაუთვითცნობიერებლად, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დღესაც არსებობს. იგი ბუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით ვლინდება“.
_ საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა…
_ შესაძლოა, ქართული მთის სინამდვილეში გაუცნობიერებელ ადამიანს ზემოხსენებულ დასკვნაში დათანხმება გაუჭირდეს, მაგრამ ქართველ მთიელთა ყოფაზე ზერელე წარმოდგენაც საკმარისია იმ დასკვნისთვის, რომ სამხედრო დაპირისპირებები აქ მუდამ მოქიშპე მხარეთა ღმერთებს შორის ბრძოლად იყო წარმოდგენილი, რამდენადაც თითოეული მეთემე თავისი ღვთაების მუნჯ ყმად აღიქმებოდა. ამიტომაც მესხებისაგან მთვარის _ ანუ დიდი ღვთაებისადმი _ მტრობა სხვა არაფერია, თუ არა მტრობა თუშებისა, რომლებიც მთვარის ღვთაების ტაძრის გარშემო არიან გაერთიანებული და ქმნიან სატაძრო თემს.
_ თავად მესხებზე რას იტყვი, ვინ არიან ისინი, მკითხველს რომ განუმარტო?..
_ გავიხსენოთ ელინისტური და რომაული ხანის საქართველოს ისტორიის დიდი მკვლევრის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ნაშრომები, რომელმაც დაასკვნა, რომ ეთნონიმი „მესხი“ ფართო მნიშვნელობით აღნიშნავდა მთელ ქართლის სამეფოს, რამდენადაც პოლიტიკურად წამყვანი აქ მესხური ელემენტი იყო. სწორედ ამიტომაც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც ქართლის სამეფოს ფარგლებში მოექცა, „მესხად“ იწოდა. ახლა გავიხსენოთ ვახუშტის ცნობა, რომ ოდესღაც მომხდარა თუშთა „დაპყრობა მეფეთა ქართველთაგან“, ანუ, ამ შემთხვევაში, მესხთაგან. თუშები გაერთიანებული არიან მთვარის ღვთაების გარშემო. შესაბამისად, ქრისტიანული ქართლის, ანუ მესხეთის სამიზნე სწორედ თუშეთის ადმინისტრაცია, ანუ მთვარის ღვთაების ტაძარი უნდა ყოფილიყო. ამ მოვლენის დათარიღება ძნელია. სომხური გეოგრაფიიდან ჩანს, რომ მეოთხე საუკუნემდე მაინც თუშეთი ქართლს ჯერაც არ დაუპყრია, ამას კი ის მნიშვნელობა აქვს, რომ თავდასხმა თუშეთზე უკვე გაქრისტიანებულ ქართლის სამეფოს უნდა განეხორციელებინა. ამიტომაც ჩნდებოდა დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ მესხებს, ანუ ქრისტიან ქართლელებს, მთვარისთვის _ მისი ტაძრისთვის, ემტროთ. საინტერესოა ისიც, რომ მეზობელი მთიელები თუშებს სწორედ მესხებს უწოდებდნენ. ამ გარემოებამ არ უნდა დაგვაბნიოს. საქმე ისაა, რომ თუშეთი „დაპყრობილ იქნა მეფეთა ქართველთაგან“. შესაბამისად, იგი ქართლის სამეფოს, ანუ მესხთა სამეფოს ნაწილად იქცა. ამიტომაც მეზობლები ამიერიდან მათაც მესხებს უწოდებდნენ, სწორედ ისე, როგორც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილის იბერიის სამეფოში მოქცევის შემდეგ მეზობლები მათაც მესხებს უწოდებდნენ. ამიტომაც, როდესაც ქართლის მეფეებმა დაიპყრეს თუშეთი, რაზედაც ქართულ-სომხური წყაროების მონაცემებით ვმსჯელობთ, ამ ტერიტორიაზეც, ისევე როგორც სხვა დანარჩენზე, გავრცელდა აწ უკვე ჩრდილოეთისაკენ გაფართოებულ აღმოსავლურ ქართულ გაერთიანებაში პოლიტიკურად წამყვანი ელემენტის სახელწოდება _ „მესხი“.
_ რეალურად, ე. ი. მთიელთა დაპირისპირება მათი ღმერთების დაპირისპირებაა…
_ კავკასიის მთიელთა გადმოცემებში პოლიტიკური დაპირისპირებები განხილულია ღვთებათა შორის დაპირისპირებებად, ამიტომ კარგად გასაგებია, რომ აღმოსავლეთ ქართული გაერთიანების _ მესხების სამხედრო ექსპანსია თუშეთისაკენ აღქმულიყო ამ რეგიონის მპყრობელი ღვთაების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. ამგვარად, თუშების ამ საოცარმა ტრადიციამ შემოინახა ქრისტიანობასა და წარმართობას შორის წარმოებული სასტიკი ბრძოლების ცხოველი მოგონება.
_ მაგრამ მთა მაინც გაქრისტიანდა იმის მიუხედავად, რომ იქ დღემდე შემორჩენილია უამრავი წარმართული ტრადიცია…
_ მაგრამ მთა ეკონომიკურად ბარზე იყო მიბმული და სასტიკი წინააღმდეგობა ქრისტიანობასთან საბოლოოდ მისი შეწყნარებით დასრულდა: „ერმან ქართლისა“, რომელსაც ჭირვეული ქალწულივით არ სურდა ყოფილიყო „სძალი ქრისტესი“, საბოლოოდ ღვთის ძესთან საქორწინო აღთქმის სიწმინდე უმწიკვლოდ დაიმარხა.
კოკა წერეთელი