QronikaPlus
ეკლესიას, სადაც 300-მა არაგველმა ფიცი დადო, ჩინელები ანგრევენ

ეკლესიას, სადაც 300-მა არაგველმა ფიცი დადო, ჩინელები ანგრევენ

2020-06-12 10:00:59

გუდაურის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფოს 1.2 მილიარდი ლარი დაუჯდება. გზის მშენებლობა, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს, 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია განახორციელებს. 22.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობამ შესაძლოა, ულამაზეს ხადის ხეობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ადგილობრივთა თქმით, სამშენებლო სამუშაოები სერიოზულად დააზიანებს აქ მდებარე ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის, კოშკებს.

ირკვევა, რომ ამ გზის მშენებლობა მხოლოდ ხადის ხეობას არ დააზიანებს. ჩინურმა კომპანიამ უკვე სერიოზული პრობლემა შეუქმნა დუშეთის რაიონის სოფელ ნაღვარევში მდებარე მე-13 საუკუნის უნიკალურ ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ კრწანისის ომში მიმავალმა სამასმა არაგველმა სწორედ ამ ტაძარში დადო ფიცი. უკან არც ერთი დაბრუნებულა და მალე შეიძლება, აღარც ის ეკლესია შეგვრჩეს, სადაც მათ სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეს. ჩინელი მშენებლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 70 მეტრში უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებენ, თან ისე, რომ ამის ნებართვა არ აქვთ. როგორც ადგილობრივები „ქრონიკა+“-ს უყვებიან, ჩინელებმა პარტიზანულად 3 დღეში ამოთხარეს და ჩაასხეს შენობის საძირკველი.

რა საფრთხე ემუქრება ხადის ხეობაში მდებარე კოშკებს? რა ხდება ნაღვარევში? რატომ თვითნებობენ ჩინელი მშენებლები? რას ამბობს ხელისუფლება? რატომ დუმს საპატრიარქო? რას გეგმავს მოსახლეობა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ნაღვარევის მკვიდრი, ხატმწერი თამუნა გოჩიაშვილი ესაუბრება:

_ გუდაურის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია გამოითქვა. არის ვარაუდი, რომ ეს გზა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის და ის მხოლოდ ბუნებას დააზიანებს. ამ მშენებლობის შესახებ ნაღვარევის მოსახლეობასაც გაგიჩნდათ პრეტენზია, მაგრამ თქვენ უფრო სხვა კუთხით აპროტესტებთ პროექტს. რა ხდება ნაღვარევში?
_ ბოლო პერიოდში სერიოზული რეკლამა უკეთდება ამ გზას. თითქმის 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაივლის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, რომელიც ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ყველაზე გრძელი _ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაც. გვირაბს გაიყვანენ ჯვრის უღელტეხილზე – სოფელ წკერიდან სოფელ კობამდე. ასევე გაიყვანენ ხუთ გვირაბსა და ააშენებენ ექვს ხიდს. ამდენი გვირაბისა და ხიდის აშენება რომ გარემოს დააზიანებს, ამაზე არავინ შემეკამათება.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ გზის მშენებლობაზე კულტურულ მემკვიდრეობას გაუცია ნებართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული ძეგლების გვერდით დაიწყება მშენებლობა. ეს სამსახური უნდა აცნობიერებდეს, რომ კოშკიდან 100 მეტრის დაშორებით აფეთქება ძეგლს დააზიანებს. სხვაგვარად გვირაბებსა და ხიდებს ვერ ააშენებენ. კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა თქმით, როცა სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, ეს ყველაფერი ჩვენი მონიტორინგის ქვეშ იქნებაო. რა მონიტორინგსაც განახორციელებენ, ამას ჩემი სოფლის მაგალითზე ვხედავ.
_ სანამ თქვენს სოფელს შევეხებით, ხადის ხეობაზე გკითხავთ. აქ ბევრი ისტორიული ძეგლია?
_ ხადის ხეობაში 60 მარტო კოშკი დგას. ეკლესიებსა და ძველ ნაგებობებზე აღარ ვსაუბრობ. იქ არის მე-17 საუკუნის არაჩვეულებრივი ნაგებობები, სადაც კედლის საოცარ და უნიკალურ წყობას ნახავთ. ძალიან ბევრი ძეგლია ხადის ხეობაში. კულტურული მემკვიდრეობა აქამდე არ იცავდა ამ ძეგლებს და მეეჭვება, მშენებლობის დაწყების შემდეგ დაიცავს. აფეთქებები ამ კოშკებსა და ძველ ნაგებობებს სერიოზულად დააზიანებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება, დაინგრეს კიდეც. არა მგონია, ამ სამსახურმა რეგულაციების დაცვა მოსთხოვოს მშენებელ კომპანიას.
_ რა რეგულაციებზე საუბრობთ?
_ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებობს რამდენიმე რეგულაცია: ერთი რეგულაციის თანახმად 150 მეტრზე ახლოს არ შეიძლება ძეგლთან რამის აშენება; მეორე რეგულაცია 300-მეტრიან დისტანციას ითხოვს; ხოლო თუ ძეგლი ეროვნული მნიშვნელობისაა, მაშინ 500 მეტრის რადიუსით ვერ მიუახლოვდები მას. ამ რეგულაციებს რომ არავინ იცავს, ეს ჩემი სოფლის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა.
_ ახლა გვითხარით, რა ხდება სოფელ ნაღვარევში?
_ რა ხდება და ჩინური კომპანია, რომელიც გუდაურის შემოვლით გზას აშენებს, ნაღვარევში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გვერდით უზარმაზარ კორპუსს აშენებს. ჯერ გვეგონა, რომ 150 მეტრის რადიუსში არ შეიძლებოდა იქ არაფრის აშენება, ახლა გავარკვიეთ, რომ ეს ძეგლი 300-მეტრიან რეგულაციებს ითვალისწინებს.
_ რამდენი მეტრის დაშორებით შენდება ნაღვარევში ჩინელების კორპუსი?
_ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან, სადღაც, სამოცდაათ მეტრში შენდება 49-საძინებლიანი კომპლექსი, სადაც შედის სათავო ოფისიც. უზარმაზარი შენობა იქნება.
_ როგორ აღმოჩნდნენ ჩინელები მანდ?
_ აქ ერთ-ერთი მოსახლე ყიდდა ბინას, რაც სრულიად კანონიერი და ჩვეულებრივი ამბავია. იგი კომპანიის წარმომადგენლებმა შეიძინეს. თავიდან სიტყვაც არ დასცდენიათ, რომ იქ კორპუსს ააშენებდნენ. გვითხრეს, იმ სახლს გადააკეთებდნენ, რომელიც შეიძინეს.
_ ეჭვი არ გაგჩენიათ?
_ არა, ის სოფლის სახლი იყო და ოფისად ვერ გამოდგებოდა. თქვეს, რაღაც სამუშაოებს ჩავატარებთ, ოფისის იერს მივცემთო, ამიტომ წაუყრუა ხალხმა. ხელს არ გვიშლიდნენ და არც ჩვენ ვინტერესდებოდით მათი საქმიანობით. არაფერს აშავებდნენ. თავიდან მხოლოდ იმაზე გვქონდა პრეტენზია, რომ სოფლის ორღობით სარგებლობდნენ. ყოველდღე უამრავი ადამიანი მიდიოდა იქ, ხმაური და მტვერი გვაწუხებდა. ზუსტად ვერ გეტყვით, მათ თავიდანვე ჰქონდათ კორპუსის მშენებლობა დაგეგმილი, თუ შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
ნაღვარევის მოსახლეობამ იცოდა, რომ ჩინელები ნაყიდ სახლს გადააკეთებდნენ და იქ სათავო ოფისი იქნებოდა. მშვიდად ვიყავით და გასულ კვირას თავზე მეხივით დაგვეცა ამბავი, რომ აქ შენდებოდა 49-საძინებლიანი კორპუსი. ამის გარდა, როგორც უკვე გითხარით, აქ შედის სათავო ოფისიც. უშველებელი კორპუსი უნდა იყოს. ჩათვალეთ, რომ დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველია ჩაყრილი.
_ საძირკველი რომ ჩაყარეს, მაშინაც ვერ მიხვდით, რომ იქ რაღაც გრანდიოზული უნდა აშენებულიყო?
_ ვერა, ისე უცბად მოხდა ეს ყველაფერი, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით. მთელი სოფელი ფაქტის წინაშე დავდექით. ამ ადგილს უშველებელი ღობე აქვს შემორტყმული და შიგნით რა ხდება, არავინ იცის. იქ არავინ გვიშვებს და არც ჩვენ შევდივართ სხვის საკუთრებაში. ერთ დღესაც დავინახეთ, რომ ეზოდან უამრავი მიწა გამოჰქონდათ. ამაზე ჩოჩქოლი ავტეხეთ. ჩვენი პროტესტი ხმაურმა და მტვერმა გამოიწვია. კიდევ უფრო გავბრაზდით, როცა ვნახეთ, რომ მიწას ჭალაზე ყრიდნენ, სადაც სოფელი ძროხებს აძოვებს. მაგათ გამო საქონელი მშიერი დარჩა. ეს არაფერი, ძროხები მონახავენ სადმე ბალახს, ჩვენ სხვა უფრო დიდი სადარდებელი გვაქვს.
_ მითხარით, რომ დიდი რაოდენობით მიწა გამოიტანესო, ეჭვი არ გაგიჩნდათ, საიდან ამდენი მიწა?
_ ბუნებრივია, კითხვები გაგვიჩნდა და ამის გარკვევაც ვცადეთ. ჩინელებს ვკითხეთ ამის შესახებ. მათ გვიპასუხეს, რომ რაღაცას აკეთებენ და ამ მიწას მალე ისევ უკან, ეზოში შეიტანდნენ.
_ ისევ უკან თუ უნდა შეეტანათ, რაღას გამოჰქონდათ?
_ ეჭვი სწორედ ამან გაგვიჩინა. სისულელე იყო, რომ ეს მიწა იმიტომ გამოიტანეს, თითქოს მერე ისევ უკან შეეტანათ. ვერაფერი გავარკვიეთ და დავიშალეთ. ეზოში ვერ შევდიოდით. მოცდა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგო, რა ჩაიფიქრეს. დიდი ხანი არ დაგვჭირვებია ლოდინი. მეორე დღეს დილაუთენია ვიღვიძებ და რას ვხედავ! _ დგას პომბა, საიდანაც ბეტონს ასხამენ, ხოლო გარშემო ბეტონის მანქანები დაჯლიგინებენ. იმწამსვე გავვარდი მეზობლებში და ერთი ამბავი ავტეხე. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა დაგვამშვიდეს, _ არაფერი ხდება, ეზოს ვასწორებთ და მაგიტომ ვასხამთ ბეტონსო.
_ და თქვენც დაიჯერეთ?
_ ბოლომდე არა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდით. მერე, როგორც იქნა, მოვახერხეთ გვენახა, თუ რა ხდებოდა _ ეს იყო უზარმაზარი საძირკველი. გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, ეს საძირკველი სამ დღეში გაჭრეს და ჩააბეტონეს. მასშტაბური რაღაც შენდება. ჩინური კომპანია ამ ნაგებობას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან 70 მეტრის დაშორებით აშენებს მაშინ, როცა, კანონით, ამ ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში არაფრის აშენება არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან მე-13 საუკუნის ძეგლს, მშენებლობას უნებართვოდ ახორციელებენ.
_ ნებართვა არ აქვთ და ამხელა კომპლექსს აშენებენ?
_ არანაირი ნებართვა არ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ მას მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა მშენებლობას არ წამოიწყებდნენ. ამის გასაპროტესტებლად წინა კვირას უკვე გავმართეთ აქცია. ერთი აქცია ამ კვირაშიც იგეგმება. 11 ივნისს აქციის მოწყობას ვაპირებთ. ამ საქმის ასე დატოვება არ შეიძლება. რამდენადაც ვიცი, აქციაზე მარტო ჩვენი სოფლის მოსახლეობა არ მიიღებს მონაწილეობას _ სხვა სოფლებიდანაც შემოგვიერთდებიან.
თქვენი გაზეთით მინდა, ყველას ავუხსნა, თუ რას წარმოადგენს სოფელი ნაღვარევი: ნაღვარევი გახლავთ ისტორიული სოფელი. ამ ადგილას ადრე სოფელი საერთოდ არ იყო. იგი მდებარეობდა გაღმა, რომელსაც ერქვა სეფე, რადგან მეფის მოსასვენებელი ადგილი გახლდათ. გადმოცემის მიხედვით, ტაძარი, რომელიც ახლა სოფელ ნაღვარევშია, მთაზე იდგა და მეწყრის შედეგად საძირკვლიანად ჩამოვიდა დაბლა _ იმ ადგილზე, სადაც ახლა დგას.
_ ისე ჩამოიტანა მეწყერმა ტაძარი დაბლა, რომ არ დაუზიანებია?
_ ასე დაუზიანებლად, საძირკვლიანად ჩამოიტანა მეწყერმა დაბლა. ეს ძეგლი ამითაც არის უნიკალური. ტაძარი მე-13 საუკუნეშია აშენებული. სამრეკლო მოგვიანებით მიადგეს, რათა ტაძარი არ დანგრეულიყო. ამას არქიტექტურულ ენაზე კორტფორსი ჰქვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ეკლესია არ არის სამრევლო, ის მეფის ოჯახის სამლოცველო გახლდათ.
მას შემდეგ, რაც მეწყერმა ტაძარი დაბლა ჩამოიტანა, აქ სოფელი გაჩნდა _ დღევანდელი ნაღვარევი. ჩვენს ტაძარს ბევრი ამბავი უკავშირდება: ნაღვარევში, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, კიდევ ერთი დიდი მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა კიდეც მეწყერმა და სახლები დაფარა. იმ ადგილას კი, სადაც ტაძარი დგას, მეწყერი შუაზე გაიყო. ეს ნაგებობა სამხედრო გზის პირას დგას და იმ პერიოდში ვინც ამ გზაზე დადიოდა, ყველას ახსოვს ეს შუაზე გაყოფილი მეწყერი და შუაში მოქცეული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ჩვენი მეგობრის მამა იმ წლებში აქ გეოლოგი იყო, აღნიშნული ხეობა ებარა. მეწყრის ჩამოსვლის შემდეგ ეკლესიასთან როცა მივიდა, კაცი გაჭაღარავდა _ იმ ადგილას მეწყერი აღმა წასულიყო, ტაძარს არაფერი შეხებია. ცოტა მიწა კი შევიდა, მაგრამ სულ ეს იყო. მეწყრისგან განსხვავებით ჩვენს ეკლესიას რუსებმა დაატყვეს თავისი მსახვრალი ხელი.
_ რას გულისხმობთ?
_ მას შემდეგ, რაც საქართველოში ფეხი მოიკიდეს, სადაც კი ხელი მიუწვდათ, ყველგან გადაათეთრეს ეკლესიები. ჩვენი ეკლესია კირით კი არ გაათეთრეს, პირდაპირ ზეთის საღებავით შეღებეს, მანამდე ცემენტით გალესეს. შიგნიდან კირით შეათეთრეს. როცა ამ ტაძრის აღდგენა გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, შეთეთრების მოხსნა დავიწყეთ. აქ მართლა უნიკალური ფრესკები გამოჩნდა. ქართველები ფრესკებით ძალიან ვართ განებივრებულები. ამ ფრესკებმა შეიძლება არავინ გააოცოს, მაგრამ მთიულეთში ეს საოცრებაა. აქ სულ ორი ეკლესიაა ფრესკებით მოხატული _ ერთი ანანური, მეორე კი _ ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია.
ყველაზე საგულისხმო აქ ერთი რამეა, რომელიც საქართველოში არსად გვხვდება: სარკმლის ქვემოთ, საკურთხეველში, არის მხატვრის წარწერა. მხატვარი ახსენებს საკუთარ თავს, ცოლს, შვილებსა და მშობლებს. მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ არსებობს, რომ მხატვარს ტაძარში საკუთარ თავსა და ოჯახზე რამე დაეწერა, ამას გააკეთებდა მხოლოდ მეფის მხატვარი. სხვას ამის უფლებას არ მისცემდნენ. ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და ეტყობა, ეს ხატმწერიც განსაკუთრებული გახლდათ.
_ ეს ტაძარი მოქმედია?
_ დიახ. ტაძარი 2009 წელს აღვადგინეთ. მას შემდეგ აქ წირვა-ლოცვა ტარდება. ტაძრის აღდგენიდან ცოტა ხანში ძალიან ცუდი ისტორიული წყვეტის მომსწრენი გავხდით: ყველამ იცის საქართველოში ლომისობის შესახებ. მას აღდგომიდან 52-ე დღეს აღნიშნავენ. ნაღვარევობა მეორე დღეს აღინიშნება. ნაღვარევის წმინდა გიორგის ხატი ლომისის მოძმედ ითვლება. ლომისიდან მომავალი მომლოცველები აქ ჩერდებოდნენ და უკვე აქ ლოცულობდნენ. ეს ორი სალოცავი განუყოფელი იყო. ამას საეკლესიო ენაზე მეტოქიონი ჰქვია. ტაძრის აღდგენიდან 2 წელიწადში ისე მოხდა, რომ ლომისიდან ნაღვარევი გამოყვეს.
_ ეს ვინ გააკეთა?
_ არ ვიცით, რადგანაც ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუ რა მოხდა. მხოლოდ ვარაუდით შემიძლია საუბარი. ამაზე საპატრიარქოში რაღაცას ამბობდნენ. ჩვენამდე ცნობა მოვიდა, რომ დუშეთისა და წილკნის მეუფემ მოითხოვა, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია მის დაქვემდებარებაში გადასულიყო.
_ მანამდე ტაძარი სხვა ეპარქიას ეკუთვნოდა?
_ არც ერთ ეპარქიას არ ეკუთვნოდა, ლომისაზე იყო მიბმული და როგორც ლომისის ეკლესია, ისიც პირდაპირ პატრიარქის დაქვემდებარებაში შედიოდა. 2011 წლამდე ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია პირდაპირ პატრიარქის დაქვემდებარებაში იყო. წილკნის ეპისკოპოსმა, რატომღაც, მოითხოვა, რომ მის დაქვემდებარებაში გადასულიყო. ამან ძალიან ცუდი რეაქცია გამოიწია. ეს იყო ისტორიული წყვეტა. მოსახლეობა ძალიან გაბრაზდა და სერიოზული პროტესტი გამოხატა, რაც სასულიერო პირებმა არაფრად ჩააგდეს.
ამის გამო ნაღვარევის ეკლესიამ მრევლი დაკარგა. ხალხმა გული აიცრუა და ტაძარში აღარ დადიოდა. ეს წლების მანძილზე გაგრძელდა. ამის შემდეგ დანიშნეს ტაძრის წინამძღოლი, რომელიც ზამთარში არ მოდის, მაგრამ ზაფხულობით კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ აღავლენს წირვა-ლოცვას.
ჩვენთვის ეს ტაძარი უმნიშვნელოვანესია და ძალიან ძნელია იმის ატანა, რომ მის გვერდით რაღაც უზარმაზარ კომპლექსს აშენებენ. იმედია, ამაზე ჩვენს საზოგადოებასაც ექნება სათანადო რეაქცია. არ შეიძლება, ასე უყურადღებოდ მივატოვოთ ისტორიული ძეგლები, ამ ტაძარს კი ძალიან დიდი ისტორია აქვს. რატომ არის ეს ტაძარი უნიკალური, უკვე გითხარით.
მთიელებისთვის იგი იმითაც არის ძვირფასი, რომ კრწანისის ომში მიმავალმა სამასმა არაგველმა აქ დაიფიცა. როცა აქ მეფის შიკრიკი მოვიდა და მთიელებს უხმო, ისინი მაშინვე გაემართნენ ბრძოლის ველისკენ, მანამდე კი ილოცეს. საერთოდ, ლომისაზე ადიოდნენ ხოლმე ომში მიმავალი მთიელები, მაგრამ იმ მომენტში იქ ასვლას ვეღარ მოასწრებდნენ, ძალიან მაღლაა, ამიტომ დადეს ფიცი ნაღვარევის ეკლესიაში.
_ ბევრს არ სჯერა, რომ სამასმა არაგველმა აქ დადო ფიცი.
_ მეც მქონია ასეთებთან შეხება და ლამაზი ლეგენდა ჰგონიათ. ეს რომ ასე იყო, ისტორიული წყაროებიდანაც დასტურდება. ამის შესახებ ფარნაოზ ბატონიშვილიც წერს: „ქ. შენ წმინდისა და დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგისა ეკლესიასა ლომისად წოდებულისა თასი ესე მსასოებელმა მფარველობისა შენისამან ყოვლისა საქართველოისა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს ჩღჟზ წელსა აღამაჰმადხანის მეორედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზე მოვედით და არაგველნი სრულ აქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავარაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ და თუ ვინმე შემსახიზნავად სულ იყვნენ იმის კეთილად დაცვაზედ და ამისათვის შენი დიდებულის ბავრაყის პატივსაცემლად მოგართვით თასი ესე შეიწირე მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის, რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ. მისხალნი“. ლოცვის შემდეგ არაგველებმა ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიას თასი შესწირეს.
_ ეს თასი კიდევ არსებობს?
_ რა თქმა უნდა.
_ სად არის?
_ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ეს ამბავი, რატომღაც, მიჩქმალულია. არაერთხელ მქონია ამაზე საუბარი, მათ შორის, საპატრიარქოში, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. არადა, ლაპარაკია სამას არაგველზე, სამას გმირზე და დავიჯერო, არ არის საინტერესო ის ადგილი, სადაც მათ ფიცი დადეს? რელიგიური და ისტორიული ტურიზმის კუთხით უამრავი აქტივობის დაგეგმვა შეიძლებოდა, მაგრამ არ გააკეთეს. არავის ინტერესში არ შედიოდა.
_ რატომ არ შედის ეს არავის ინტერესში?
_ იმიტომ, რომ ჩვენი ეკლესია მეორეხარისხოვანია.
_ რას ნიშნავს, მეორეხარისხოვანია?
_ იმას, რომ პატარა ტაძარია. იმიტომ არის მეორეხარისხოვანი, რომ სოფელიც პატარაა და დიდი მრევლი არ ჰყავს. არადა, უნიკალური ძეგლია. არა მგონია, სხვაგანაც სადმე იყოს ტაძარი, რომელიც მთიდან მეწყერმა საძირკვლიანად ჩამოიტანა. მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ ამ ტაძარს და ამიტომაც არავინ იღებს ხმას მის დასაცავად. ჩინელებიც მშვიდად საქმიანობენ ტაძრის სიახლოვეს და სულ არ ადარდებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. მათი მესმის, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო რატომ დუმს ან _ საპატრიარქო?! მოსახლეობა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. სერიოზული პროტესტი იქნება. ჩინელებს ჩვენს ეკლესიას არ დავანგრევინებთ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება