- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2020-06-05 08:04:18
საეკლესიო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა:
_ თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან მომდინარე და ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით და შევაფასებთ, მასში პოლიტიკა უფრო მეტია, ვიდრე _ რელიგია. ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს. რა არის ამის მიზეზი?
_ უპირველესად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ამ საკითხით რომ დაინტერესდით. ეს თემა ბევრად მეტია, ვიდრე ისეთი უბრალო ასპექტი, რომელიც მხოლოდ საეკლესიო პროცესებზე ახდენს გავლენას. საუბარი ზედმეტად განყენებული რომ არ გამოგვივიდეს, 90-იანი წლებით დავიწყოთ, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხოლო, ამასთანავე, საქართველოს ეკლესიამაც ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო მსოფლიო საპატრიარქოსგან. საქართველოს ეკლესიის პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, ჩემი აზრით, ყველაზე მოხერხებული მის ისტორიულ ჭრილში განხილვაა. საუბარი რომ სისტემური ხასიათის გამოგვივიდეს, მას რამდენიმე ნაწილად დავყოფთ.
_ ვფიქრობ, საინტერესო განსჯას გვთავაზობ…
_ პირველი ფაზა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ეკლესიაში ხალხის დაბრუნებისთვის გადამწყვეტი გამოდგა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერების მოწოდებები, მათი გამოსვლები, რომლის მიხედვითაც ქართველობა, გარკვეულწილად, მართლმადიდებლობის სინონიმი გახდა. სამწუხაროდ, ამ დროს ეყრება საფუძველი ეთნიკურ შუღლს, ნაციონალიზმის იდეის გაღვივებას, რელიგიური მოტივების წინ წამოწევას, დასავლური სამყაროსგან მაქსიმალურ პოლარიზებას და ა. შ. ამ ყველაფერმა ერთგვარი იდეოლოგიური ბექგრაუნდი მოუმზადა მოსახლეობას, რომელმაც საკუთარი შინაგანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ეკლესიებს მიაშურა. პარადოქსულია, რომ ეკლესიაში ხალხი მიიყვანა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც, ქართულ რეალობაში, ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა საქართველოს საპატრიარქოს.
_ გულისხმობ ზვიად გამსახურდიას დაპირისპირებას საპატრიარქოში არსებულ პრობლემებთან და, ცალკეულ შემთხვევაში, მის უწმინდესობასთან?..
_ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, შესაბამისად, მის ჩამოშორებასაც ცდილობდა. ამ პროცესებში, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო, კანონიერი ხელისუფლების დაცვის სადარაჯოზე დგომის მაგივრად, პუტჩის მომწყობებს მიემხრო და, რეალურად, დიდი როლი შეასრულა მის დამხობაში. ანუ საპატრიარქო ღიად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში და თან კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ამის შემდეგ, უკვე, საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის და მეორე ფაზაც იწყება. მას, გარკვეულწილად, ლეგიტიმაციის მოპოვება სურდა, რისთვისაც, საკმაოდ წარმატებული პოლიტიკური გათვლით, ეკლესიას იყენებს. გახსოვთ, რა ნაბიჯს დგამს უპირველესად საქართველოში ჩამოსული ბატონი ედუარდი? _ სიონში მიდის, მალევე ნათლავენ და გიორგის უწოდებენ.
_ ეს მოხდა 1992 წელს და შევარდნაძის ნათლიები იყვნენ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პოეტი ანა კალანდაძე…
_ ამის შემდეგ უკვე ეკლესია და სახელმწიფო ძველებურად აღარ მტრობენ ერთმანეთს და ორივე ცდილობს, საკუთარი გავლენა და უსაფრთხოება გაიმყაროს.
გაგახსენებთ, თუ როგორ მიმართავდა შევარდნაძე პატრიარქს: „უსპეტაკესო“. ასევე არსებობს ვიდეოჩანაწერიც, სადაც საქართველოს მეორე პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ მის უშუალო და ძალიან აქტიურ ჩარევას უკავშირდებოდა 1977 წელს პატრიარქის გამორჩევა. შევარდნაძე საკუთარ თავს საპატრიარქოზე ზემოთ აყენებდა და ჰქონდა კიდეც იმის პრეტენზია, რომ ეს უკანასკნელი მას არ შეეწინააღმდეგებოდა. ამ დროს პირველი პრეზიდენტის მომხრეები ღიად უპირისპირდებიან საპატრიარქოს, მართავენ გამოსვლებს, აქციებს, რაც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ეკლესიას. დაახლოებით 1995 წელი შეგვიძლია ავიღოთ იმ თარიღად, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ ეს დაბრკოლება წარმატებით გადალახა და ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ხელისუფლებასთან თბილი დამოკიდებულებით, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებდა საპატრიარქო. ასე მივადექით 1997 წელს, როდესაც საქართველოს ეკლესია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მე ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე.
_ იქნებ, დააკონკრეტო…
_ საქმე ის არის, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ პატრიარქ ეფრემ მეორის დროიდან ნება დართო საქართველოს ეკლესიას, საერთაშორისო ფორუმებში მიეღო მონაწილეობა და ამ ფორმითაც დაეჭირა მხარი რუსული ძალისთვის. ამ ყოველივეს მეორე მხარეც ჰქონდა, ასე თუ ისე, საქართველოს ეკლესია გავიდა საბჭოეთის მიღმა, დამყარდა გარკვეული ურთიერთობები, კონტაქტები ახალ პიროვნებებთან და ა. შ. 1997 წელს კი გამოჩნდნენ ექსტრემისტი სასულიერო პირები, რომლებმაც საქართველოს გარესამყაროსგან იზოლირება მოითხოვეს. სამწუხაროა ის, რომ საქართველოს ეკლესიამ იზოლაციონიზმს, დაგმობის მაგივრად, მხარი დაუჭირა და ჯერ ისედაც გარიყულნი, მთლიანად ჩავიკეტეთ და გამოვედით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. სამაგიეროდ, მალევე გავერთიანდით რუსების მიერ შექმნილ რელიგიურ გაერთიანებაში, რომელიც დსთ-ის ანალოგი გახლავთ.
_ თუმცა აქ უნდა ვაღიაროთ, რომ თავად პატრიარქისთვის ეს სულაც არ იყო სასურველი გადაწყვეტილება, ანუ მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა… საპატრიარქოსა და მის გარეთაც მას მოწინააღმდეგეები გაუჩნდნენ…
_ როდესაც საქართველოს საპატრიარქოზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ერთი რამ გვახსოვდეს, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე: საქართველოს საპატრიარქო იმ სტრუქტურით, როგორითაც უკანასკნელ ათწლეულებშია წარმოდგენილი, გახლავთ საბჭოთა კავშირის პროდუქტი. შესაბამისად, მისთვის უბრალოდ არ არსებობს „კარგი ხელისუფლება“, რადგან პროცესებს არ უყურებს არც ბიზანტიური ჭრილიდან _ სიმფონიური მოდელი, რომლის მიხედვითაც ეკლესია და სახელმწიფო ერთობლივად იღვწიან საერთო სიკეთისათვის და არც სეკულარულიდან, რომლის თანახმადაც ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციურად განცალკევებულად იღვწიან საერთო სიკეთეებისადმი. არამედ მისთვის ესაა ორპოლუსიანი მმართველობა _ სახელმწიფო და ეკლესია, რა დროსაც ერთი მეორეზე ზემოთ დგას, როდესაც ამის საშუალება აქვს და ქვემდგომი ელოდება შესაფერის მომენტს, რომ ზემდგომზე გაბატონდეს.
_ ამაზე ყურადღების მიპყრობა არავის სურს, თვით ხელისუფლებებსაც კი, რომლებიც მუდამ ფიქრობენ, რომ საპატრიარქოზე უფრო ჭკვიანები არიან…
_ ქართულ რეალობაში, მაგალითად, ამერიკულისგან განსხვავებით, პირველი ვადით არჩეული ხელისუფლება დიდი უპირატესობით მოდის ხოლმე ძალაუფლების სათავეში. ამ დროს საპატრიარქო არის საკმაოდ ლოიალური. თუმცა სამთავრობო ძალებს, ხელისუფლებაში მოსვლის მეორე ვადისთვის, ის პირველი ნდობა დაკარგული აქვთ, შესაბამისად, უკვე ეკლესია ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს მომენტი, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობაში, რათა საკუთრი მატერიალური კეთილდღეობა და გავლენები განიმტკიცოს. შევარდნაძის ხელისუფლების დროს ასეთი მომენტი 2002 წლის კრიზისის დროს დადგა, რამაც საბოლოოდ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის გაფორმებამდე მიგვიყვანა. ზოგადად, არაერთ სახელმწიფოშია გაფორმებული ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატი, მაგრამ ის ფორმა, რაც საქართველოშია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის კაბალური, რომელიც აზიანებს აბსოლუტურად ყველას _ სახელმწიფოს, ეკლესიასა და საზოგადოებას. ამ შეთანხმებით საპატრიარქო, რეალურად, სახელმწიფოზე ზემოთ დადგა და უპირობოდ მიიღო ისეთი პრივილეგიები, რაც იქამდე არ ჰქონია. ამგვარად მივედით „ვარდების რევოლუციამდე“. ეს უკვე ახალი ეტაპია, რა დროსაც საქართველოს საპატრიარქომ აღარ დაუჭირა მხარი სახელმწიფოს და ახალი ძალის გვერდით დადგა.
_ ისევ გამორჩენის პოლიტიკა…
_ სხვათა შორის, 2004 წელს საქართველოს ეკლესიაშიც იყო განხეთქილების მცდელობა. ამ დროს სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა და რამდენიმე სასულიერო პირმა ღიად დააყენა გარკვეული საკითხები, რომელიც გადაჭრას საჭიროებდა, თუმცა საპატრიარქომ მოახერხა, რომ არათუ უმკაცრესად ჩაეხშო ეს პროტესტი, არამედ სამომავლო პერსპექტივაშიც ტაბუ დაედო მისი საჯარო კრიტიკისთვის. 2004-2012 წელია ის პერიოდი, როდესაც საპატრიარქომ ყველაზე დიდი რაოდენობის ფინანსური სარგებელი ნახა, მიიღო ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, რაც პირდაპირპროპორციული გამოდგა მისი გავლენის კოლოსალური ზრდისა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, საპატრიარქო რუსულ პოლიტიკურ ორბიტას არ ჩამოშორებია. მეტიც: იგი დარჩა ერთგვარ მეხუთე კოლონად, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდა და განმტკიცდა.
_ ამასობაში კიდევ ერთი პოლიტიკური ფაზა დასრულდა.
_ დიახ, 2012 წელს უკვე ახალი ფაზის მოწმენი გავხდით. საპატრიარქო, რომელმაც დიდძალი სარგებელი მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან, ღიად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. საბოლოოდ, ხელისუფლება შეიცვალა და ეკლესიამაც ძველებური მეთოდებით გააგრძელა მოქმედება.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კვლავ ამ ფაზაში ვიმყოფებით, მარტივი არაა ვითარების შეფასება. იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე მოვლენის გამოყოფა განსაკუთრებულად შეიძლება: უპირველესად ესაა 2013 წლის 17 მაისი, როდესაც, ჩემი აზრით, საქართველოს საპატრიარქომ, ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე, ახალმოსულ ხელისუფლებას საკუთარი ძალა აჩვენა _ მოსაყდრის დადგენა და, რა თქმა უნდა, „ციანიდის სკანდალი“, რომელმაც ბევრი უკვე ჩაიყოლა და ბევრს კიდევ ჩაიყოლებს. ამ უკანასკნელზე, თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ცალსახად განვიხილავ, როგორც საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე ინტრიგების ნაწილს და არა პოლიტიკოსების მიერ ეკლესიის საქმეებში ჩარევის მაგალითად, ანუ ისე, როგორც ამას დღევანდელი დღის წესრიგიდან მავანნი გვთავაზობენ.
_ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რომ პოლიტიკა ბლომად იყო, ეს ზემოთ მოხმობილიდანაც ჩანს. მაგრამ სად იყო თავად რელიგია, ქრისტე?
_ ეს ხომ ჩვეულებრივი ინსტიტუტების ბრძოლაა ძალაუფლებისა და მატერიალური სარგებლისაკენ, სადაც საპატრიარქო ერთ სუბიექტს წარმოადგენს. კი ბატონო, ასეა და სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა, რომ ეკლესიაში ქრისტეს ადგილი აღარაა და მთლიანად მიწიერზე, მატერიალურსა და ყოფით საკითხებზე ზრუნვას ვხედავთ. ეს ყველაფერია ერთი დიდი ჭაობი, საიდანაც ამოსვლა, რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ამით მხოლოდ ეკლესია კი არა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ზარალდება და თან ისე, რომ მისი განკურნების შანსსაც თითქმის არ ტოვებს.
კოკა წერეთელი