- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2020-06-05 08:00:48
„…შეუძლებელია, რომ ქმნილების ბოროტებამ სძლიოს შემოქმედის გულმოწყალებას“, - წმ. ისააკ ასური
ამ კითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს _ ძალაუფლება, ხელისუფლების მოპოვება ან მისი კონტროლი! ცხადია, რომ ეს პასუხი არ აკმაყოფილებს ძალიან ბევრ ადამიანს; მათ მტკიცებულება სურთ თვალწინ მიმდინარე პროცესზე, რომლის მონაწილენიც უშუალოდ არიან. განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც „ქართული მართლმადიდებლობა“ რიტუალად იქცა, ქრისტე კი პირადი კულტით ჰყავთ ჩანაცვლებული.
რა უნდა თქვა და როგორ უნდა დაარწმუნო ისინი, რომელთათვისაც ჯერაც ძველი აღთქმის წესები და კანონები მოქმედებს? მათ რომ ახალ აღთქმაზე ესაუბრები და ეკლესიის ქრისტესთვის დაბრუნებას მოითხოვ, მტერი ხარ…
როგორ გინდა აუხსნა, რომ „თანალმობა და სამართალი ერთსა და იმავე სულში ისე არიან, როგორც კაცი, რომელიც თავის სახლში ერთდროულად თაყვანს სცემს ღმერთსა და კერპს. ყველგან თანალმობა არის სამართლის მტერი“ („მათთვის, ვინც ღმერთის სიმართლეს ეძიებს“, _ წმ. ისააკ ასური“).
ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილ-მაისში ვწერდი, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არანაირი პროდასავლური ფრთა არ არსებობს. არც არის სწორი ასეთი ფრთის არსებობა. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეკლესიაში უნდა არსებობდეს ქრისტეს სწავლების მიმდევართა ფრთა და მისი ინტერესები უნდა ეფუძნებოდეს ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომელიც, ჯერ კიდევ, გრიგილ ხანძთელის მიერ განისაზღვრა და გიორგი მერჩულემ მოგვცა მისი სწორად გააზრების საშუალება: „ქართლად ფრიად ქუეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხოლო კირიელეისონი ბერძნულად ითქუმის, რომელიც არს ქართულად „უფალო, წყალობა-ყავ“, გინა თუ: „უფალო შეგვიწყალენ“… ამ ციტატაშია სრულად გადმოცემული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარების სტრატეგია და, გნებავთ, ორიენტაცია. ამის მიღმა ყველაფერი არის ფარისევლობა _ ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ვამბობდი, ვწერდი და ვიმეორებ: ბრიუსელში, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში ვოიაჟი სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიის მესვეურები რომელიმე ორიენტაციის, ღირებულებების მიმდევრებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ეს ყველაფერი იყო და არის იმავე დასავლეთისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ვამბობდი და ვიმეორებ: „პრორუსული“ და პროდასავლური“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა ხანძთელისეული ღირებულების გარეშე და ორივეს ერთი ამოცანა აქვს _ ძალაუფლების კონტროლი და მიტაცება რუსეთის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის სასარგებლოდ.
სხვას არც არაფერს ემსახურება მეუფე ანტონის ინიციატივა რეფერენდუმზე, რაოდენ ლამაზადაც არ უნდა იყოს შეფუთული იგი და პრობლემების რა პრიზმაც არ უნდა იყოს წარმოჩენილი მასში. ეს ინიციატივაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, უფრო მზაკვრული (გააზრებულად თუ გაუაზრებლად). თუნდაც ერთი კითხვაც საკმარისია ამ მზაკვრობის დასტურად: ვინ მონაწილეობს რეფერენდუმში, _ მრევლი თუ ხალხი?
იცით, რამ მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე? იმან, რომ საქართველოში პოლიტიკას, მათ შორის, საეკლესიო პოლიტიკას, ამ საკითხში სრულიად გაუთვითცნობიერებელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მედია რომ ქმნის, რომელსაც საპტარიარქოს წარმომადგენლები და იერარქები საკუთარ ინსტრუმენტებად იყენებენ. ამ ადამიანებს 30 წელია ვერ გაურკვევიათ, რა უნდა და რისთვის იბრძვის საპატრიარქო, როგორც ეკლესიის მმართველი ადმინისტრაცია…
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მის ირგვლივ ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები მაიძულებს, კიდევ ერთხელ გავიმეორო: „საკმაოდ ბევრი „სასარგებლო იდიოტი“, რომელიც უხვად გვყავს ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, ეკლესიას ისე უყურებს, როგორც ერთ ჩვეულებრივ „ენჯეოს“. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს ინსტიტუტი საუკუნეებია არსებობს, აქვს მემკვიდრეობითობის ტრადიცია, რაც, საერთოდ, თუნდაც სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით, არ გააჩნია ქვეყნის საერო ხელისუფლებებს. მემკვიდრეობითობა კი წარმოშობს იმ კოდს, რომელიც მას თვითგადარჩენის ინსტინქტს კი არ უვითარებს მხოლოდ, არამედ სხვა თვისებებსაც (კარგსაც და ცუდსაც), ანუ საბაზისო ინსტინქტებს ჰმატებს. ამ თვისებების რეალიზების მიზანი სულაც არ არის ხელისუფლების კარგად ყოფნა ან მეტიც _ ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევა. მიზანი საკუთარი ინტერესების რეალიზებაა. ეს ინტერესი სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე სხვადასხვაა _ თვითგადარჩენიდან დაწყებული, გავლენის გაფართოებითა და ძალაუფლების (ხელისუფლების) კონტროლით დასრულებული. პროცესი ერთგვარად სპირალის პრინციპსაც კი ემსგავსება, მაგრამ თითოეული ისტორიული ეტაპი _ ეპოქა _ უდიდეს გამოცდილებას სძენს ინსტიტუციას და ყოველი შემდგომი თვითგადარჩენა, გავლენის მოპოვება-გაფართოება და ძალაუფლების (ხელისუფლების) კონტროლი უფრო დახვეწილ მეთოდებს ემყარება („საქართველოს ეკლესიის ფარული დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის“. „ქრონიკა+“ 2019 წ., თებერვალი).
გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანი თვითგადარჩენა იყო. უმძიმესი ვითარების მიუხედავად, ეკლესიამ ეს მიზანი წარმატებით შეასრულა. სრულიად უადგილოდ მეჩვენება იმაზე აპელირება, რომ საბჭოთა ეპოქაში ეკლესია თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, რომ მის წიაღში გაჩნდნენ „აგენტები“, „დამსმენები“, „ინფორმატორები“. უკაცრავად, მაგრამ სად არ იყვნენ, რომელ სტრუქტურაში? ეს ის ეპოქა ხომ არ არის, როდესაც ცოლი _ ქმარზე, ძმა _ ძმაზე მეზობელი _ მეზობელზე წერდა „დანოსებს“? ეკლესიაში აგენტურის მრავალხმიანობაზე საუბრისას ცალკეულმა პერსონებმა იქნებ, „ჰარმონიულად ჩამშვები“ საკუთარი წინაპრების სახელები ამოიკითხონ საარქივო დოკუმენტებში. ის, რომ ტოტალიტარულ ეპოქაში ეკლესიამ თუნდაც ფორმალურად შეძლო საკუთარი თავის გადარჩენა იმ უდიდესი მანკიერების, განსაცდელის, საცდურის პირობებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია და ამის ნიველირება ჩასაფრებულის პოზიციიდან წამოროშილი, აბსოლუტურად ინფანტილური მოსაზრებებია.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ნელ-ნელა გაუჩნდა რეალური ძალა და გავლენა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ იქცა იმ იდეოლოგიურ ცენტრად, სადაც რეალიზდებოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა. ის უფრო თავშესაფარი და, ცალკეულ შემთხვევებში, შეკრების ადგილი იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე საეკლესიო მოღვაწე ინტენსიურად ედგა გვერდით ეროვნულ ძალებს, სხვები ან თამაშობდნენ ამ გვერდით დგომას, ან საკუთარ „კეთილგანწყობას“ ეროვნული მოძრაობის ლიდერების დისკრედიტებისა და შესაბამისი სამსახურების ინფორმირებულობისთვის იყენებდნენ. ნურც ეს ქმედებები გაგვიკვირდება, რადგან ეკლესიის წიაღში უკვე მუშაობდა სისტემა, რომლის დანგრევა არ იყო ადვილი. მოკლედ, ავად თუ კარგად, და რადგან ინსტიტუცია გადარჩა, ალბათ, უფრო უპრიანი იქნება ვთქვათ _ კარგად, საბჭოთა ეპოქაში ეკლესიამ საკუთარი მიზანი _ თვითგადარჩენა _ შეასრულა.
თუ რამე პრეტენზია შეგვიძლია გამოვთქვათ ეკლესიის მიმართ, რომელმაც ეს ინსტიტუცია არსებული რეალობის წინაშე დააყენა, პირველ რიგში, დამოუკიდებლობის პერიოდს უკავშირდება.
აქაც მომიწევს ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ვრცელი ციტატის მოყვანა:
„ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თუ კარგად დავაკვირდებით და სწორად გავიხსენებთ ფაქტებს, ერთ უტყუარ რამეს აღმოვაჩენთ _ ეკლესია მუდამ დასამარცხებლად განწირულთა წინააღმდეგ, გამარჯვებისთვის „განწირულთა“ მხარეს დგება. ასე იყო გამსახურდიას ხელისუფლების ჟამს და თუ რატომ, ამის განვრცობას ახლა არ დავიწყებ. ამ პროცესის პიროვნული შემადგენელი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად, ეკლესიის „მოღვაწეობა“ ამ „ეპოქაში“ ყველასთვის ცნობილია _ პიროვნულიდან პოლიტიკურ მოტივებამდე. მაშინ ეკლესია ისევ თვითგადარჩენის რეჟიმში „მუშაობდა“ და კვლავაც იძულებული იყო, საბჭოთა თუ რუსული სპეცსამსახურების დავალებები შეესრულებინა. ვაღიაროთ, რომ ეს „ეპოქაც“ ეკლესიამ მისთვის წარმატებით დაასრულა. მკითხავთ, _ ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის საზიანოდო? გიპასუხებთ: ამ ქვეყანას მურვან ყრუსა და ჯალალედინისთვის გაუძლია, უამრავი შიდა ღალატი უნახავს, ათწლეულები დედაქალაქიც ვერ უმართავს, ჩვენს ეპოქაში სამოქალაქო ომიც გადაიტანა. ასე რომ, ეკლესიამ იცოდა _ ქვეყანა არსად წავიდოდა! რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი განცდის გენეტიკური კოდი ამ ინსტიტუტს საბჭოთა პერიოდში საბოლოოდ დაუჩლუნგდა. შესაბამისად, მის მიზნებში, იმ ეტაპზე, „სახელმწიფო“ კი არა, მხოლოდ თვითგადარჩენა და ახალი გეზი შედიოდა“.
შემდეგ რაც მოხდა, გახსოვთ _ ედუარდ შევარდნაძის მმართველობა ქვეყნის დამოუკიდებლობის პირობებში და ეკლესიის მიერ შეცვლილი სტრატეგიული მიზანი _ გავლენის მოპოვება.
„შევარდნაძის „ვალმა“ ეკლესიის, კონკრეტულად, პატრიარქის მიმართ, განსაზღვრა მისი დამოკიდებულებაც და მიმბაძველმა, ხარბმა და გამორჩენაზე ორიენტირებულმა ადამიანებმაც არ დააყოვნეს. შევარდნაძის ხელისუფლების სრული ვერტიკალი მუხლზე დგომით აძლიერებდა საპატრიარქოს და ღვთის შიშით (ფარისევლობის შემადგენელზე არაფერს ვამბობ) თუ მოდას აყოლილნი (ლენინიდან ქრისტემდე ერთი ნაბიჯია) გუნდრუკს უკმევდნენ სასულიერო პირებს. ახლა ეკლესიის მიზანი გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლის დაწყება იყო. 2003 წლისთვის ეკლესიას უკვე ჰქონდა გარკვეული გავლენა არა მხოლოდ ხალხზე, არამედ, რაც მთავარია, ხელისუფლებაზე. წითელი ინტელიგენცია კი, რომელმაც დამოუკიდებლობის პირობებში სრულად შეინარჩუნა სტატუსი და ფორმალურად ტრანსფორმირდა „ქართულ ინტელიგენციად“, ინდულგენციის სანაცვლოდ, ეკლესიის _ ახლა კი უკვე კონკრეტიკაა საჭირო _ საპატრიარქოს კარისკაცად იქცა.
2003 წლის 22 ნოემბერს პატრიარქმა და საპატრიარქომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს სახელმწიფოს მშვიდობიან გადატრიალებაში _ „ვარდების რევოლუციაში“, როდესაც სულიერი შვილი, ედუარდ ამბროსის ძე, რევოლუციონერებს შეატოვეს. გახსოვთ ხომ, პატრიარქო პარლამენტის სხდომაზე რომ არ მივიდა. პატრიარქი გამარჯვებისთვის „განწირულ“ რევოლუციონერებს „მიემხრო“. რის ფასად? რატომ?
„ნაცებმა“, „პირსისხლიანმა ულტრალიბერალებმა“, „უღმერთოებმა“ აქციეს პატრიარქი და საპატრიარქო ძალის ცენტრად. სააკაშვილის, ჟვანიასა და ბოკერიას ზავმა „ზვიადისტებთან“ _ პირველი პრეზიდენტის ცხედრის გადმოსვენებამ (რომლის სვეტიცხოველში დასვენებაზე საპატრიარქოს პასუხი იყო _ არა!), ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნამ _ დააბრუნა ტაძრებში „ზვიადისტები“, რომლებიც პატრიარქის გადახაზული ფოტოებით აწყობდნენ მსვლელობებს, აქციებს, მიტინგებს. სწორედ „ულტრალიბერალებმა“ აღკვეთეს საჯარო სივრცეებში მისი უწმინდესობის „კაგებეს“ აგენტად მოხსენიება და მასზე თავდასხმები. ამ „ულტრალიბერალებმა“ უზრუნველყვეს განკვეთილი მღვდლის „ტაძრის დანგრევა“ და ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება. „ულტრალიბერალებმა“ გააძლიერეს ეკლესია ფინანსურად, მატერიალურად, ქონებით და მათ გავლენას კიდევ უფრო მეტი წონა შესძინეს. იმ სიკეთეების პარალელურად, რასაც ეკლესია ხელისუფლებისგან იღებდა, საპატრიარქო აშკარად გრძნობდა, რომ დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე არა მხოლოდ წარსული ცოდვებით, არამედ ახალ-ახალი ფაქტებით. „ეს გარემოება თავად ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ პროცესს ის წარმართავდა, ანუ ეკლესიას თავად მართავდა. ამ მართვის საფუძველს სასულიერო პირების „პირადი საქმეები“ და ის ანკეტები წარმოადგენდა, რომელიც კუდ-ის კომპიუტერებში ინახებოდა; ის „ქეისებიც“, რასაც ღვთისმსახურნი სპეცსამსახურის თანამშრომლებს აწვდიდნენ. დიახ, ჯიპებისა თუ სხვა პრივილეგიების პარალელურად, ღვთისმსახურების ნაწილი აქტიურად _ საკუთარი ნებით თუ იძულებით _ თანამშრომლობდა სპეცსამსახურთან და განა, სამშობლოს, ეროვნული ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პერსონების ბედ-იღბლის გასანადგურებლად და მოსასპობად. ამ პერსონებისა და მათი გამაუბედურებლების სიაც არსებობს, კარტოთეკაც და „დამსახურებების“ კონკრეტული აღწერაც. მოკლედ, „ნაცების“ ხელისუფლებამაც ბევრი რამ გასცა საკუთარი ხელისუფლების ინდულგირებისთვის, მაგრამ უანგაროდ _ ნამდვილად არა. იმის მიუხედავად, რომ ეკლესიამ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიზიანა საკუთარი თავი, ეს სირცხვილი (თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან) „გარეთ“ არ გამოსულა. ამის, ანუ კუდ-ის ფილიალად გადაქცევის აფიშირება არც ეკლესიას აწყობდა და არც _ ხელისუფლებას, რომელიც მას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების დროს საკმაოდ ეფექტიანად იყენებდა („საქართველოს ეკლესიის ფარული დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის“. „ქრონიკა+“ 2019 წ., თებერვალი).
საპატრიარქოსა და ხელისუფლების თანაარსებობა და თანამშრომლობა თითქოს არაფერ სახიფათოს არ უქადდა არც ერთ ინსტიტუციას, მაგრამ საპატრიარქოში ასე არ ფიქრობდნენ. გავლენა უკვე მოპოვებული იყო, მაგრამ მას სწორედაც რომ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება აზიანებდა და უფრო მეტის საშუალებას არ აძლევდა.
ამიტომ გამოუტანა საპატრიარქომ განაჩენი „ნაციონალების“ ხელისუფლებას და არა იმიტომ, რომ მიშა ან რომელიმე სხვა ლიდერი იყო პირსისხლიანი; არა იმიტომ, რომ ირღვეოდა ადამიანის უფლებები და არც იმიტომ, რომ უსამართლობა აწუხებდა ვინმეს. საპატრიარქოს მასზე სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი უნდა დაენგრია და ამ ნგრევაში უნდა მოყოლოდა ყველა მამხილებელი დოკუმენტი, რომელიც მისი „შვილების“ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა თუ სხვა მანკიერების მამხილებელ ფაქტებს შეიცავდა.
„ნგრევის პარალელურად დღის წესრიგში იდგა ხელისუფლებაზე, მის ინსტიტუტებზე გავლენების გაძლიერების თემაც და უპირობო ანგარიშგასაწევ ძალის ცენტრად ტრანსფორმირება. შესაბამისად, საპატრიარქომ სააკაშვილის ხელისუფლება ივანიშვილის ფულში კი არ გაცვალა, როგორც ამას „სასარგებლო იდიოტები“ მიიჩნევენ, არამედ ივანიშვილი და შექმნილი ვითარება საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის გამოიყენა („საქართველოს ეკლესიის ფარული დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის“. „ქრონიკა+“, 2019 წ., თებერვალი).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება რუსული გავლენის უმთავრეს ინსტრუმენტად საქართველოში და თუნდაც პრორუსი მოსაყდრისა (იდეოლოგიურად და სწავლებით თანხვედრილი რუსული ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებისადმი) და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებული ფაქტები თვალნათლივ მეტყველებს ბევრ რამეზე. ამის ფონზე, „თავისუფლების მოყვარული ერი“ და მრევლი არათუ ითმენს და იტანს, მუხლსაც კი უყრის ღვთის სახელით მოქმედ ინსტიტუციას, რომელიც საკუთარ ნება-სურვილზე ატარებს, ხშირად, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევით აპამპულებს არა მხოლოდ მრევლს, არამედ _ ხელისუფლებასაც, რადგან მას უკვე ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმაზე დიდი, ვიდრე თავად იოცნებებდა ისტორიის ამ ეტაპზე.
საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას, რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენის გარდა, „ამ ეპოქაში“ უკვე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზანი გაუჩნდა _ ძალაუფლებაზე (ხელისუფლება) კონტროლის დაწესება. დიახ, ეკლესიას აქვს დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ბრძოლა სახელმწიფოს განვითარების ისტორიული ვექტორის შესაცვლელად.
რა ხდება ამ მიზნის რეალიზების გზაზე? ან ხელისუფლება მისცემს, თუნდაც, მოჩვენებითად ამ უფლებას ეკლესიას, ან 2020 წელს „ქართულ ოცნებასაც“ ისევე გამოუტანენ ვერდიქტს, როგორც მის წინამორბედებს. ეს პროცესი რამდენად აქვს გააზრებული ხელისუფლებას და თუნდაც მის ოპონენტებს, რომელთაც შესაძლოა, უმძიმესი ვითარება შეექმნათ სამომავლოდ ეკლესიასთან ურთიერთობის მხრივ _ ძნელი სათქმელია.
ოპოზიციას, რომლის თავის ტკივილიც ასევე უნდა იყოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, ეს საკითხი, ამ ეტაპზე, პოპულისტური განცხადებების გარდა, დიდად არ ადარდებს და მეტიც: დაინტერესებულია, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ვითარება უკიდურესად გამწვავდეს. რატომ? პასუხი მარტივია, _ საკუთარი სარგებლისთვის. ოპოზიციას სჭირდება ეკლესიის მხარდაჭერა. ძალაუფლების მოპოვების ხიბლში ჩავარდნილები მუხლებზე უდგანან ღვთისმსახურებს და მთლიანად ეკლესიას, განა რწმენის საკითხში _ საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის. მაგრამ იმდენს ვერ ხვდებიან, ეს მხარდაჭერა იმათი მხრიდან, რომელმაც წინა და იმის წინა ხელისუფლებები „ამბორით“ გასცა, რა ძვირად შეიძლება დაუჯდეთ.
ქართული პოლიტიკური სპექტრის მემკვიდრეობითობის პრინციპის არქონა მნიშვნელოვანი პრობლემაა ნებისმიერი ძალისთვის, რომელიც კონკრეტულ ვითარებაში ხელისუფლებაში იმყოფება.
„საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსეთს ნამდვილი მეგობარი ცოტა ჰყავს. მაგრამ ჰყავს მოკავშირე პოლიტიკური წრის გარეთ. ეს მოკავშირე ქართველი ხალხია, თავისი ღრმა იდენტობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“, _ ალექსანდრე დუგინის, რუსეთის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის იდეოლოგის, ეს სიტყვები მუდამ ავიწყდებათ ქართველ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსების ვასალური ქცევა საპატრიარქოს მიმართ კიდევ მოსათმენი იქნებოდა, საპატრიარქოს მისწრაფებებს თუნდაც მინიმალურ დონეზე რომ ათვითცნობიერებდნენ. კარგად დაუკვირდით, რას ამბობს დუგინი, _ პოლიტიკოსები კონიუნქტურას ექვემდებარებიან და მათი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ამ პოლიტიკოსების ფრთის ქვეშ მყოფი ადამიანები, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, არიან ეკლესიის შვილები და ისინი, როგორც ხალხი, ეკლესიის წინამძღოლობით ჩვენი მოკავშირეები არიანო.
ეს ყველაფერი ნათლად დადასტურდა პანდემიის პირობებშიც, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა, ექსპერტებმა და მედიამ პრობლემა „კოვზამდე“ დაიყვანეს, ხოლო ხალხი (მრევლი) და ეკლესია რწმენაზე აპელირებდა.
მერამდენედ დადასტურდა, რომ საკითხში „ღრმად ჩახედული და გარკვეული“ ადამიანების დიდი ჯგუფი ელემენტარულად პროფანია, „სასარგებლო იდიოტია“ და თუნდაც საკუთარი დღის წესრიგის განსაზღვრისას საკითხის გააზრებას, მასში ჩაღრმავებას ვერ ახერხებს. იმით სპეკულირება, რომ ეკლესიას ტყეს აძლევენ, თან იმ ადამიანებისგან, რომლებმაც „კოვზის“ თემით უდიდესი ზიანი მიაყენეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის დღის წესრიგს და სახელმწიფოს კანონების მაიგნორირებელი ინსტიტუცია „ხილული სასწაულის“ შემოქმედად აქციეს, ნებსით თუ უნებლიეთ, დუგინის მოკავშირეობაა. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ დუგინის სიტყვების არსს _ რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები რომელ პარტიაში არიან? ისინი საბოლოოდ ეკლესიაში ერთიანდებიან, ხოლო ეკლესია რუსეთის მოკავშირეაო. კიდევ უფრო თუ ჩავუღრავმდებით, დუგინი ხელმძღვანელობს პრინციპით: „ღვთისმოსაობის მცველი არის ეკლესია, ანუ ღვთისმოსაობის მცველი არის ხალხი“ (იერუსალიმის პატრიარქების 1848 წლის ენციკლიკა), რაც მის ენაზე ნიშნავს: „რუსეთის მოკავშირეა ეკლესია, ანუ რუსეთის მოკავშირეა ეკლესიის მცველი ხალხი“…
მოკლედ, „კოვზით“ მიყენებული ზიანი სამომავლოდ აუცილებლად გაგვახსენებს თავს, თუმცა ამ ზიანზე წინასწარ მივანიშნებდი და ჰა, ახლა უკვე ღიად საუბრობს ცალკეული სასულიერო პირი, რომლის შინაარსს ასევე ვერ უღრმავდებიან „სასარგებლო იდიოტები“. იმ ხილვის შინაარსის „გაშიფვრის“ არ იყოს _ მფრინავ მხედარზე, ტალახსა და ფურთხზე რომ გვამცნო საპატრიარქომ… აქაც, თუ სიღრმეებში არ ჩავალ, აშკარად იკვეთება სამომავლოდ ძალაუფლების მიტაცების წყურვილი, ისევე როგორც თითოეულ სიტყვაში _ განცხადებაში, რომელიც პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს სახელით, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, გაჟღერდა.
2019 წლის სინოდის სხდომის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა პრორუსული იდეოლოგიის მქონე რეაქციული ძალების გავლენა. ამ ძალას უკვე გარანტირებულად მიაჩნია, რომ გადაწყვეტილია საქართველოს მომავალი პატრიარქის საკითხიც _ საუბარია მოსაყდრე შიოზე. მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეკლესიის წიაღში ბევრად მეტი პრობლემური თემაა, ვიდრე ცალკეული პერსონების, მათი რანგის მიუხედავად, მორალურ-ზნეობრივი ხასიათის გადაცდომები. მარტივად ავხსნი, რატომ: ნებისმიერი ასეთი გადაცდომა პიროვნული ხასიათისაა და როდესაც ის ინსტიტუციის პოლიტიკის განმსაზღვრელი არ და ვერ იქნება მოცემულ ვითარებაში, მასზე აქცენტი, როგორც ოდესღაც შანტაჟის იარაღზე _ არასწორია! იმაზე აპელირება, რომ ვიღაც იყო მისი ქცევების გამო „გამოჭერილი“ და ახლა ამ საკითხს უნდა „ვუმკურნალოთ“ _ შედეგის მომტანი ვერ იქნება. და კიდევ „თუ ვინმეს წინააღმდეგ ხარ განწყობილი და მხურვალებით ანთებული ან შენი რწმენის, ან მისი ცუდი საქმეების გამო და მას ბრალს სდებ ან ამხელ, იფხიზლე შენს სულზე, რადგან ზეცაში ყველას გვივის მართალი მსაჯული. ხოლო თუ მოწყალება გაქვს და ცდილობ ცოდვილის ჭეშმარიტებაზე მოქცევას, მის გამო დაიტანჯები, ცრემლითა და სიყვარულით ეტყვი მას ერთ ან ორ სიტყვას, მის წინააღმდეგ ანთებული მრისხანების გარეშე, მტრობის ყველა ნიშნისაგან განშორებული. სიყვარულმა არ იცის ღელვა, არ იცის შფოთი, არ შეაგონებს ვნებით არავის. ნიშანი სიყვარულისა და ცოდნისა არის ღრმა თავმდაბლობა, რომელიც შინაგანი გონიერებიდან მოდის. …იფხიზლე, არ შეგიპყროს იმ ხალხის ვნებამ, რომლებიც დაავადებულნი არიან სხვათა გამოსწორებისა და მხილების სურვილით და სურთ იყვნენ მსაჯულნი და მკურნალნი ადამიანთა ყველა სისუსტისა. ეს უძლიერესი საცდურია! ჭეშმარიტად. უმჯობესია, თავად ჩავარდე ვნებაში, ვიდრე ამ საცდურში“ (წმ. ისააკ ასური).
ამით რისი თქმაც მინდა, გამგები გაიგებს. სისტემას არ და ვერ ანგრევს პიროვნების ცვლილება, რომელიც სისტემის სათავეშია. სისტემას მისი შემქმნელების თავებიც კი გაუგორებია, მაგრამ არ შეცვლილა. თავების გაგორებისას გამგორებლებს ჰყოლიათ მომხრეები, მაგრამ ეიფორიის ჩავლის შემდეგ ისინი მიმხვდარან, რომ უფრო სასტიკი სისტემისა და მეთაურის მსახურებად იქცნენ. ამიტომ ბრძოლას მაშინ აქვს აზრი და გამართლება, როდესაც სისტემას ებრძვი ანგრევ და არა მაშინ, როდესაც პიროვნებას ანადგურებ.
ზემოთ მომავალი პატრიარქი ვახსენე. მართალია, _ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო… და არავინ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ამ წუთს ქართული პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი, ე. წ. ინტელიგენცია, მედია და მათ შორის კრიტიკულ-ოპოზიციური, ყველაფერს აკეთებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქციული ფრთის ვნებების დასაკმაყოფილებლად _ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად არა მხოლოდ ეკლესიაში. ამ შემთხვევაში ერთადერთი იმედია _ „ღმერთი იცინოდა“…
არის კი რამე გამოსავალი, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, როგორც სეკულარული სახელმწიფო, სადაც ეკლესიას მისი ისტორიული როლის გათვალისწინებით ექნება გამორჩეული ადგილი? რა თქმა უნდა, არის! ახლა არ დავიწყებ იმაზე აპელირებას, რომ არის მას შემდეგ, რაც ჩვენ უფრო მეტად განათლებულები ვიქნებით ან გავერკვევით საკითხებში. არის! გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არის იმიტომ, რომ საპატრიარქოს დღევანდელი ამოცანა შეცდომით აქვს გააზრებული და ის ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, რუსეთის ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებს. მიმდინარე ეტაპზე მისი ისტორიული მიზანი, _ ძალაუფლებაზე კონტროლის დაწესება, ანუ მისი რეალური ფლობა _ სწორედ რუსეთის ნაკარნახევი მიზანია. სხვა მხრივ მისი მიზანი სახელმწიფოსთან პარტნიორობა იქნებოდა და არა ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე _ სახელმწიფოზე კონტოლის დაწესება, მეტწილად შანტაჟის გზით.
გოჩა მირცხულავა