QronikaPlus
გურამ ლურსმანაშვილი: „ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი თავისუფლების იდეას ვერ სწვდება“

გურამ ლურსმანაშვილი: „ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი თავისუფლების იდეას ვერ სწვდება“

2020-01-27 06:24:45

ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს აქტიურდება ქვეყანაში მონარქიის აღდგენის საკითხი. ამ პროცესების უკან მუდამ საქართველოს ეკლესია _ უფრო თუ დავაზუსტებთ _ საპატრიარქო მოიაზრება. ამ საკითხზე „ქრონიკა+“ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა:

_ მეფე და მონარქია _ ქართული საზოგადოება პერიოდულად იწყებს ხოლმე ამ თემაზე საუბარს. გვახსოვს არაერთი მაგალითი, როდესაც პოლიტიკური პარტიებიც პროვოცირებდნენ თემას. მეტიც: გვახსოვს მათი წარმომადგენლების ხლება სამეფო ოჯახისა თუ ოჯახების წევრებთან. და ამ ყველაფრის უკან ხილულად ჩანს ეკლესიის, საპატრიარქოს ინტერესი. გურამ, როგორია პროცესის შენეული ხედვა და შეფასება?
_ ჩვენს საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში მონარქიაზე საუბარი საკმაოდ პოპულარულია. ეს რომ უბრალო საუბარი ყოფილიყო, შეიძლებოდა, საერთოდ არ მიგვექცია ყურადღება, მაგრამ ნათლად ვხედავთ კონკრეტულ იდეოლოგიურ პროპაგანდას, საპატრიარქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და ა. შ. საშინელება ისაა, რომ გარკვეული პირები მონარქიას მათლმადიდებლობისთვის „ყველაზე შესაფერის“ მმართველობის ფორმად გვასაღებენ, რაც გარდა იმისა, რომ წმ. წერილისეული თხრობის საწინააღმდეგოა, ასევე ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხეა. შესაბამისად, საჭიროა, რომ შეძლებისდაგვარად და ნაბიჯ-ნაბიჯ თემა მიმოვიხილოთ.
_ წმინდა წერილის საწინააღმდეგო რატომ?
_ ქრისტიანისთვის ყველაფრის ამოსავალი წყარო წმინდა წერილია, შესაბამისად, უპირველესად, თავად წმინდა წერილიდან უნდა დავიწყოთ ამ საკითხის გარკვევა. გავიხსენოთ, როდის ჩნდება ისრაელის ხალხში პირველად მეფობის დაწესების სურვილი. ეს ხდება სამუელის ეპოქაში. სამუელის წიგნშივე ნათლად არის პასუხი იმაზე, რომ წმ. წერილის მიხედვით, მეფობა ღმერთის უარყოფის ტოლფასია, სახელდობრ: „ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით“ (1მეფ.10.19). ამის გარდა, წმინდა წერილში ასევე გაფრთხილებაცაა იმ დამაზიანებელი შედეგების შესახებ, რასაც მმართველობის ეს ფორმა გამოიწვევს.
_ რას გულისხმობ?
_ „11. უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. 12. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. 13. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად. 14. წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს. 15. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს. 16. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. 17. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით. 18. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენ არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი“. (1მეფ.11-18) აი, ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს წმინდა წერილის მიხედვით ღმერთს მონარქიის მიმართ.
_ მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ისრაელს ჰყავდა მეფე…
_ დიახ, რა ხდება ამის შემდეგ? ისრაელს მართლაც ეყოლება მეფე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს იყო ღმერთის სურვილი, არამედ იმიტომ, რომ ხალხს სურდა ასე და ღმერთმაც პატივი სცა ხალხის არჩევანს. შესაბამისად, მთელ იმ უარყოფით მოვლენებზე, რაც ამ ყველაფერს მოყვა, პასუხისმგებლობას მთლიანად ხალხი იღებდა საკუთარ თავზე.
მეორე საკითხი ეს არის ბიზანტიის იმპერია. ხშირად ამ იმპერიას გვიხატავენ, როგორც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საუკეთესო მოდელს, რაც სიცრუეა. ეს პრობლემა რომ კარგად გავაანალიზოთ, უპირველესად, ის უნდა გავიაზროთ, რომ ბიზანტიის იმპერია არ დაარსებულა, როგორც თვისობრივად ახალი იმპერია, პირიქით, იგი იყო რომის ერთიანი იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. შესაბამისად, ამავე იმპერიის მოწყობისა თუ პოლიტიკის ფორმებიც მინიმალური ცვლილებებით გადმოიტანა საკუთარ პრაქტიკაში. სამწუხაროდ, იგივე მოხდა ეკლესიასთან დაკავშირებითაც. რომში იმპერატორი იყო Pონტიფეხ Mახიმუს (უზენაესი ქურუმი, _ ავტ.), შესაბამისად, მას არათუ შეეძლო რელიგიურ საკითხებში ჩარევა, არამედ მოვალეც იყო, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისამებრ რელიგია გამოეყენებინა. იგივე სისტემა გაგრძელდა აღმოსავლეთ რომის იმპერიაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ იქამდე იმპერატორი კერპთაყვანისმცემელთა საქმეებში ერეოდა, ახლა უკვე საეკლესიო საკითხებსაც წყვეტს. აქ უკვე ვხვდებით საეპისკოპოსო კათედრების დაარსებას იმპერიის პოლიტიკურად გავლენიან ქალაქებში, ეკლესიაში სიმდიდრისა და ფუფუნების ელემენტების გაჩენას, პოლიტიკურ ინტრიგებსა და ა. შ. მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა. მეტიც: თუ გადავხედავთ ეკლესიის წიაღში გაჩენილ მწვალებლობებს, დავინახავთ, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ყალიბდებოდა იმიტომ, რომ საიმპერატორო კარსა და საეკლესიო წრეებს შორის ძალიან ჩახლართული პოლიტიკური ინტრიგები იჩენდა თავს.
_ და ეს ყველაფერი ხომ ახდენდა გავლენას ეკლესიაზე?
_ ამ ყველაფერმა ეკლესია ძალიან დააზიანა. თავად ქრისტეს სწავლებებსაც შეეწინააღმდეგა, რომელიც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გვასწავლიდა საერო და საეკლესიო ხელისუფლების ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.
_ თუმცა ჩვენ მუდმივად სხვაგვარ ინტერპრეტაციებს ვისმენთ ეკლესიის მესვეურებისგან…
_ კიდევ დიდხანს შეიძლება იმაზე საუბარი, თუ რამდენად შეუსაბამოა მონარქია ქრისტესა თუ წმინდა წერილის სწავლებებთან და პრაქტიკაში რამდენად დააზიანა საეკლესიო სხეული მონარქების ჩარევამ, თუმცა არ მსურს, რომ ისტორიული თუ თეოლოგიური საკითხებით თქვენი მკითხველი გადავღალო, ამიტომ უფრო პრაქტიკულ თემაზე გადავალ. რატომ უნდა ქართველების ნაწილს მონარქიის აღდგენა?
_ ზუსტად ეს არის საინტერესო…
_ ამას აქვს როგორც სოციალური, ასევე რელიგიური სარჩულიც. უმთავრესი პრობლემა ეს საზოგადოების ნაწილში არსებული განწყობაა, რომლის გამოც ჩვენს თანამოქალაქეს ერთპიროვნული მმართველის გარეშე თავისუფლად ცხოვრება არ შეუძლია. ეს მმართველი შეიძლება იყოს მეფე, იმპერატორი, ბელადი, ვინც გნებავთ ის, რომელიც „მტკიცე ხელით“ მართავს ქვეყანას. ამ ყველაფერს კი ის იწვევს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი თავისუფლების იდეას ვერ სწვდება, რაც ძალიან ბევრი პრობლემის სათავეა. მეორე შრე არის რელიგია და ე. წ. ურაპატრიოტიზმი. 90-იანებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი ახალი ტიპის ქრისტიანობა გაჩნდა _ „ქართული მართლმადიდებლობა“, რომლისთვისაც ბუტაფორიული იარაღი დავითისა და თამარის ეპოქა გახდა. აი, მსგავსი მენტალიტეტის ხალხი საპატრიარქოს ყველა მოწოდებას დაუჭერს მხარს, რომელიც „მირონცხებული მონარქის“ გამეფებისკენ იქნება მიმართული.
_ ამ ყველაფრის მუხედავად, მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოშია მონარქია…
_ რა თქმა უნდა, ვინმე შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს, რომ, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში ან სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც შეიძლება, მონარქიას შევხვდეთ. ეს, ქართულ რეალობასთან შედარებით, საერთოდ სხვა განზომილებაა. პირველი იმიტომ, რომ მსგავს ქვეყნებში მონარქია უფრო მეტად ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ვიდრე იმ ხელისუფალის, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მართავს ქვეყანას; ხოლო მეორე განზომილება ის დიდი ფინანსური რესურსებია, რაც მსგავს „დეკორატიულ მონარქიას“ სჭირდება. დამეთანხმებით, რომ არც ერთი და არც მეორე საქართველოს ვითარებას არ შეესაბამება.
საკითხს შეგვიძლია უფრო გლობალურ ჭრილში შევხედოთ. გადავხედოთ ჩვენს რეგიონს, რა ქვეყნები გვყავს გარშემო. მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში, ძირითადად, ისეთი პოლიტიიკური ლიდერები მართავენ ქვეყანას, რომლებიც ათწლეულზე მეტია, ურყევად არიან მოკალათებულნი საკუთრ ტახტზე. ამ გარემოში კი ლამის ერთადერთი ოაზისია საქართველო, სადაც ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციითა თუ არჩევნებით შეიცვალა. შესაბამისად, თუ საქართველოშიც მოხდება ისე, რომ გვეყოლება მონარქი და ეს მონარქი თავისი ჩაკეტილი და ეთნოფილეტისტური მართლმადიდებლობით რუსეთთან, „მესამე რომთან“, ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს, წარმოიდგინეთ, რამდენად გაუმარტივდება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური და საკუთარი იმპერიალისტური მიზნების განხორციელება. ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯეროთ, ვნახავთ, თუ რაოდენ რთულ თამაშში გვითრევს საპატრიარქო ჩვენი მოსახლეობის ადვილად მოწყვლად ჯგუფებზე მანიპულირებით.
_ და მაინც, რა მოტივი აქვს საპატრიარქოს?
_ დიახ, საპატრიარქო ვახსენეთ და ჩამოვთვალოთ ის მიზეზები, თუ რატომ უნდა სურდეს ასე მონდომებით ჩვენს ქვეყანაში მას მონარქიის დაწესება: 1. ეს იქნება ერთ-ერთი გვირგვინი იმ დღემდე ამოუხსნელი „მითოსური ქრისტიანობისა“, რომლის დანერგვასაც საქართველოში ეს ინსტიტუტი დღემდე ჯიუტად ცდილობს; 2. გაზრდილი ფინანსური შემოსავალი, რაც გარდაუვალი იქნება ამ სტილის ქვეყნიდან მონარქიაზე გადასვლის შემთხვევაში; 3. საკუთრი გავლენების კიდევ უფრო განმტკიცება; 4. საქართველოში თავისუფლების, როგორც იდეალის ჩაქვესკნელება; 5. კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს შუა საუკუნეებში დასაბრუნებლად; 6. მონარქიის დაწესებით უფრო მეტად გაადვილდება რუსული ძალებისთვის საქართველოს იდეოლოგიური (და არა მარტო) ოკუპაცია.
სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საპატრარქო ღიად ჩანს, როგორც გავლენიანი ინსტიტუტი, რომელიც არათუ ყოველმხრივ აფერხებს საქართველოსა და მისი ეკლესიის ნამდვილ განვითარებას, არამედ გამუდმებით ახალ-ახალ ავანტიურებში ცდილობს ჩვენს გახვევას, რისი ერთ-ერთი მაგალითიც მონარქიის დაწესების თანმიმდევრული მცდელობაა.
_ გმადლობთ. მესმის, რომ მეორე მხარესაც ექნება საკუთარი არგუმენტები მონარქიის დასაცავად, მაგრამ, ამჯერად, საკმაოდ საინტერესო არგუმენტები და მსჯელობა მოვისმინე.
_ დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ამ მნიშვნელოვან საკითხზე თემის მომზადება გადაწყვიტეთ.

კოკა წერეთელი

გაზიარება