- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2019-12-16 11:27:52
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა+“ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ესაუბრა:
_ საზოგადოებისთვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში პრობლემების არსებობის შესახებ ცნობილია, თუმცა ამ პრობლემების კონკრეტული დეტალები უცნობია. ჩვენი საუბარიც სწორედ ამით დავიწყოთ.
_ 2018 წლის 5 თებერვალს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულთა გარკვეულმა ნაწილმა, 25-ზე მეტმა ადამიანმა, ტოტალური უსამართლობისა და განუკითხაობის გამო, საჯაროდ გამოვაქვეყნეთ თოთხმეტპუნქტიანი საბრალდებო წერილი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქსა და მის ქორეპისკოპოსებს გაეგზავნა, თუმცა უშედეგოდ. წერილში უკლებლივ ყველა საკითხზე გვქონდა არგუმენტები, სამხილები და მტკიცებულებები. ეთიკური და სულიერი ფაქტორებიდან გამომდინარე, თავი შევიკავეთ სისხლისა თუ სამოქალაქო სამართლებრივი მოკვლევისგან და შეგნებულად არ მივმართეთ პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატს, რადგან პირველ ეტაპზე შიდა კორპორაციულ სივრცეში მოვინდომეთ საკითხის რეაქტუალიზება და კონფიდენციალური განხილვა, პატივი ვეცით ეკლესიის შინაგანაწესსა და ქცევის კოდექსს და ეს მაშინ, როცა შეგვეძლო, ბევრად უფრო მკაცრი და ხისტი დამოკიდებულება გამოგვეჩინა და, მინიმუმ, სასამართლო დარბაზში შევხვედრილიყავით ბრალდებულ გიორგი ზვიადაძეს. თუმცა, იმ ეტაპზე, ეს არ გავაკეთეთ.
არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ხსენებულ ინსტანციებსაც მივმართოთ, რადგან იმ ტიპის დანაშაულებს ხანდაზმულობა არ გააჩნია.
_ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, თუ რა საკითხებზეა საუბარი?
_ სტუდენტთა დაშინება, რითაც, ქრისტიანულის ნაცვლად, მათში მონური ფსიქიკის ჩამოყალიბების საფრთხე იქმნება! სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით; ურჩ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც მათი ლექციებიდან ჩამოშორებასა და ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატა. განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები; სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა; რექტორის პირადი მოსაზრება საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მის შინაგანაწესსა და ქცევის კოდექსზე მაღლა დგას, რის გამოც საბჭოს შეკრებები სავსებით უფუნქციო და აზრსმოკლებულია; სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენური მდგომარეობის ფონზე, ძვირადღირებული ავტომანქანის _ 55 ათას ლარად ღირებულის _ სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით შეძენა; სახეზეა სავარაუდო კორუფციისა და ფინანსური მანიპულაციის ნიშნები, რომელიც, ძირითადად, რექტორის პირად კომფორტს ემსახურება; რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე; სასულიერო სასწავლებლის დიპლომების უმაღლესი შეფასებით, პროტექციითა და ჩაწყობით გაცემა ისეთ პირებზე, რომელთაც სასწავლებელში საერთოდ არასოდეს უსწავლიათ. მაგალითისთვის ბატონი გიორგი ანდრიაძეც კმარა; კათოლიკოს-პატრიარქის სახელით სტუდენტთა დაშინებისა და დაშანტაჟების პოლიტიკის წარმოება; სტუდენტური თვითმმართველობის არარსებობა; რექტორის მიერ ლექციების არამართებულად ჩატარება; ლექციაზე დაგვიანებით შემოსვლა; ლექციის ადრე დასრულება და მისი ხშირი გაცდენა; გაცვლითი პროგრამების არარსებობა; პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების არდანერგვა; საზღვარგარეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან თითქმის არარსებული ურთიერთობები; საერთაშორისო ფორუმებსა თუ საღვთისმეტყველო კონფერენციებზე მონაწილეობის არმიღება, რაც, როგორც პედაგოგის, ასევე სტუდენტების სწავლების ხარისხზე მწვავედ აისახება; სტიპენდიის არარსებობა და კათოლიკოს-პატრიარქის რექტორობის დროს რამდენიმე სტუდენტის სასტიპენდიო თანხების მითვისება; ამჟამინდელი რექტორის, ანუ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დროს სასწავლო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და გამართული ბიბლიოთეკის არარსებობა.
_ ყველა ეს საკითხი ძალიან პრობლემურია, თუმცა ამ თემაზე მხოლოდ თქვენ არ საუბრობთ…
_ დიახ! მიმდინარე წლის 7 თებერვალს რექტორმა ზვიადაძემ ოფიციალურად წამოიწყო თეოლოგ გოჩა ბარნოვის დევნა-შევიწროება და საბოლოოს, იგი სასწავლებლიდან გააძევა. გოჩა ბარნოვს სისტემა ვერ პატიობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მხარდაჭერას და ახალგაზრდა სტუდენტების ხელშეწყობას, რომლებიც მისი რეკომენდაციით საზღვარგარეთის, ანუ არარუსულ სასწავლებლებში საღვთისმეტყველო ცოდნას იმაღლებენ. იმის ნაცვლად, რომ ასეთ ჯანსაღ ადამიანებს გაუფრთხილდნენ და მადლიერებით მოეპყრან, მათ ავიწროებენ და კარისაკენ მიუთითებენ, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა და პერსპექტივის დასამარება, რასაც მორწმუნეებში, მხოლოდ და მხოლოდ, იმედგაცრუება მოაქვს. მართალი იყო ბალზაკი, როცა ამბობდა, _ იქ, სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული, სიმახინჯედ ითვლება.
შემაშფოთებელია, როცა შექმნილი კონიუნქტურა და ცენზურა ადამიანებს ართმევს იმ უმთავრეს სულიერ საბოძვარს, თავისუფლებას, რომელიც ღვთითმინიჭებული წყალობაა და არა რომელიმე უწყების ადმინისტრაციის მიერ ნაჩუქარი.
_ ეს სადამსჯელო ღონისძიებები რას ემსახურება?
_ არავინ გაბედოს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭიროს, ასევე არავინ უნდა იფიქროს, რომ თავისუფალი აზრის გამოთქმის შემთხვევაში რამე შერჩება და, რა თქმა უნდა, იმასაც, რომ ნიჭიერი ადამიანები, ინიციატივიანი პედაგოგები და კონსტანტინოპოლთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირები აუცილებლად დაისჯებიან.
_ გიორგი, სემინარია-აკადემიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობ და კონკრეტიზაციას ახდენ, მაგრამ ამ კონკრეტიზაციის მიღმა არსებული ვითარება როგორია?
_ ყველა თანხმდება, რომ თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში საბჭოთა ნომენკლატურისთვის დამახასიათებელი რეჟიმი, ცენზურა და იდეოლოგიზებული ატმოსფეროა, ანუ იქ ადამიანი არ მიიჩნევა პიროვნებად, შესაბამისად, ყველას, ვინც თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონეა, ვინც მორჩილებას მონობასთან არ აიგივებს, ვინც პრორუსული ორიენტაციის არაა, ვინც დამოუკიდებელი ინტელექტუალია და ვინც, უბრალოდ, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი მოქალაქეობის პრიზმიდან მსჯელობს, ვისაც, უბრალოდ, განსხვავებული აზრი და პოზიცია აქვს, მისი სტიგმატიზება, დევნა-შევიწროება და „კუჭკუჭის სასამართლოზე“ გასამართლება იწყება. ცხადია, მოსამართლის ბულა არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება, უცდომელობის პრიმატის მქონე „ნეოჩუდეცკ“ ზვიადაძეს ვგულისხმობ. იგი ისტეროიდულად ცხარდება, როცა ბედნიერ, კვალიფიციურ და ღირსეულ ადამიანს აწყდება.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სრული თვითიზოლაციისა და დეკლარირებული რუსიფიკაციისა, რაც რენეგატი და რეზიდენტი რუსოფილების დაუცხრომელ მზაობას წარმოადგენს. კრემლის იმპერიალისტური და კოლონიალისტური ზრახვები მუდამჟამს მოღალატე და კარიერისტი პერსონების ბაზაზე იდგა და ახლაც ასეა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდსა და საპატრიარქოს სამდივნოში ლატენტური თუ გაცხადებული კირილისტების კონსპირაციული ჯგუფი არსებობს, რომელიც დღენიადაგ ოკუპანტი ქვეყნისა და „ველიკოძერჟავული“ ეკლესიის დირექტივებით მოქმედებს, ეწევა „წმინდა რუსეთის“ იდეის აგიტაცია-პროპაგანდას და საზოგადოების დეზორიენტირებას ახორციელებს.
_ ეს ჯგუფი, მაინც, ვინ არის?
_ რუსეთში გაზრდილ-აღზევებული მოსაყდრე შიო მუჯირი, ქუთათელ-გაენათელი იოანე გამრეკელი, რომლის დემაგოგიაც ყოველგვარ ზღვარს გასცდა; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომელმაც ყველაფერი იკადრა, რათა კრეტის კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია არ წასულიყო; სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, რომელსაც, ამავდროულად, ერეტიკული ცნობიერება აქვს; ბიზნესმენები: ლევან ვასაძე და ვანო ჩხარტიშვილი; მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი და მისი ფსევდოკულტურული წრე ყველაფერს აკეთებს კონსტანტინოპოლის დისკრედიტაციისა და მარგინალიზებისთვის, თანაც საკმაოდ გროტესკულად, არაკვალიფიციურად და არაკომპეტენტურად მოქმედებენ, ყოველგვარი არგუმეტაციის გარეშე სრულ იგნორირებას ახდენენ კანონიკური სამართლისა და ისტორიული საფუძვლებისა, რომელთა თანახმადაც უკრაინის ეკლესიას აპრიორი და ეჭვგარეშე ეკუთვნის ავტოკეფალიურობა. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, საჯარო ლუსტრაციაა მათი, ვინც ყოველთვის იდეოლოგიზებულ რწმენასა და ზნეობასა და კონსერვატიზმს ამოფარებულ „კაკებეშნიკურ“ ნარატივს ტირაჟირებდა მრევლსა და საზოგადოებაში.
_ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანი რატომაა?
_ იმ შემთხვევაში, თუ ევქარისტიულ და ლოცვით ერთობაში არ შევალთ უკრაინის ეკლესიასთან, ამით რეტროსპექტიულად უარს ვეტყვით და დავგმობთ 1917 წლის საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც ივერიის ეკლესიის ნანატრი ავტოკეფალია გამოცხადდა, რომელსაც, სხვათა შორის, სწორედ, კონიუნქტურისა და რუსული აგრესიის შიშით საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება არ ჰქონდა, ამდენად, ნუ წავალთ ჩვენივე ისტორიული გამოცდილების წინააღმდეგ და სამარცხვინო რიტორიკით, _ კომისია შეისწავლის და დაველოდებით სხვა ეკლესიებსო, _ ნუღარ გამოვალთ, სირცხვილია!
თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებული ტერორის, დესპოტიზმის, არაკვალიფიციურობის, ძალმომრეობისა და გამრუდებული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ჩვენ ვიბრძვით უანგაროდ, გულწრფელად, პატიოსნად და აკადემიურად. ჩვენი მოთხოვნები სავსებით რელევანტური, ზნეობრივი, ალალმართალი და კანონიერია. ჩვენ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულს და არ ვეძებთ მერკანტილურ სარგებელს. ჩვენ მხოლოდ საზოგადო საქმის გაჯანსაღების მოტივაცია გვამოძრავებს. ჩვენ არ ვებრძვით ცალკეულ, თუნდაც, უსინდისო პიროვნებებს, არამედ ვეწინააღმდეგებით დამღუპველ სისტემასა და დაცემულ რეჟიმს, რომელსაც მრევლის სამწყსო ზოოლოგიურ ცხვრებად წარმოუდგენია და რომელიც ყველაფერს კადრულობს, რომ სიცრუით, კონფორმიზმით, ცილისწამებითა და შანტაჟით გავიდეს ფონს, მაგრამ ამას, ღვთის მადლით, ვერ შეძლებენ.
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ ტაბუ მოიხსნა, ხალხი დაიღალა იუდების გამყიდველობითა და კაიაფების ფარისევლობით. სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, რადგან მისი ფესვები ღმერთშია და შეუძლებელია, უსამართლობამ მუდმივად ითარეშოს. ბოროტება ძლიერი იმიტომაა, რომ ყველაფრის მკადრებელია და მისთვის მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს, რასაც ჩვენ არასდროს ვიკადრებთ. როგორც წესი, ბელადომანიითა და აბსოლუტიზმით შეპყრობილი მოღვაწენი ხშირად გამოირჩევიან ფსიქოპათოლოგიური ექსცენტრიკულობით, შეურაცხადი იმპულსურობით, მკაცრი იმპერატიულობით, დაუცხრომელი აგრესიით, შურისგან ამოზრდილი კომპლექსებითა და დესპოტური ყოფაქცევით, რომელთა მსხვერპლსაც უსათუოდ ღვთისნიერი, პატიოსანი, ნიჭიერი, თვინიერი და კეთილად შემოქმედი ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე. მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ და ვემიჯნები რეინკარნაციის, სულთა გადასახლების აღმოსავლურ ცნებას, თუმცა არ უარვყოფ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ პირთა სულიერი ნათესაობისა და მისტიკური კავშირის შესაძლებლობას. ამის თქმის საფუძველს კი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის პიროვნული ნატურა მაძლევს, რომელიც, მმართველობითი სტილითა და მსოფლშეგნებით, ძალიან ჰგავს მის წინამორბედ პავლე ჩუდეცკის და რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, თავისი უპასუხისმგებლობითა და არამართლზომიერი ქმედებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, უდიდეს ზიანს აყენებს ახალგაზრდობისა თუ, ზოგადად, სტუდენტების სულიერ სამყაროს, მათ ფსიქიკას, ღირსებასა და თავისუფლებას.
ისე, მას შემდეგ, რაც მისი მაღალღირსება, მამა გიორგი ზვიადაძე, რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში გარეგნულად, თითქოს, რაღაც გარკვეული პროგრესი მართლაც შესამჩნევი იყო, თუმცა დიქტატორულმა მაქსიმალიზმმა და ამბიციურმა მიზნებმა მალევე გამოაჩინეს თავისი რეალური სახე და ჯალათური ბრჭყალებით დაპორჭყნეს პროფესორ-მასწავლებელთა ის ნაწილი, რომელიც დღევანდელ კოლექტივთან შედარებით, ნამდვილად უკეთესი დასაფასებელი იყო.
არ შემიძლია არ შევეხო სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ამჟამინდელ მოძღვარ დეკანოზ შალვა კეკელიასა და სასულიერო სემინარიის დეკანს, დეკანოზ თეიმურაზ მჟავანაძეს, რომელნიც თავიანთი მაკურთხეველი და მაზომბირებელი პროტოპრესვიტერის, „ახალი ჩუდეცკის“ დავალებით, დახელოვნებულნი არიან ფარისევლობის, დაბეზღების, ჭორაობის, ცილისწამებისა და უსამართლობის საქმეში. ამავე დროს, ამ ყრმა ჭაბუკებს ყველაზე უფრო დაბალინტელექტუალური რესურსი აქვთ ხსენებული ავტოკრატის უნამუსო მსტოვართა და შებორკილ ემისართა შორის, რაც, თავისთავად, მათ ყურმოჭრილობასა და ხელისბიჭობას ერთიორად ასულდგმულებს.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საქმენი საგმირონი სხვადასხვა დროს არაერთგზის გააპროტესტა სტუდენტთა თითქმის სრულმა შემადგენლობამ და პატივაყრილ ლექტორთა გარკვეულმა ნაწილმა, თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, უშედეგოდ. არადა, საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი მისი ეგზალტირებული სიძულვილი და სრულიად არაადეკვატური აგრესია, რომელიც ძალზე დამთრგუნველ იარად დააჩნდა ჩემს გულს.
_ ზვიადაძე რას გერჩოდათ?
_ ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დღეს სასულიერო სემინარიის დერეფანში ვიდექი. ლექციები უკვე დასრულებული გახლდათ. დაფაზე გაკრულ სიახლეებს ვეცნობოდი და ბუნებრივია, კედლისკენ პირისპირ ვიდექი. უეცრად, ზურგში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და მოდუნებული მივეხეთქე ხის დაფას. დაბნეულობისგან გაოგნებული ბარბაცით მოვტრიალდი და ჩემ წინ გაწიწმატებული მამა გიორგი ზვიადაძე იდგა, რომელიც, თურმე, იმის გამო მისწორდებოდა, რომ შუა თებერვალში სიცივისგან გათოშილმა მანტოში ხელები ჩავიწყვე და ისე დავდექი, რის გამოც მან ტყეში გაზრდილი, გასარიცხად განმზადებული და უღირსი ბიჭი მიწოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვპატიობ ამ საქციელს მამა გიორგის. დაე, მიუტევოს უფალმა და არ მოჰკითხოს ამისთვის, მაგრამ, ნუთუ, ეს საკმარისია მის გამოსასწორებლად?
მოკლედ, აშკარაა, რომ ქვაბავაზაკთა წრეგადასული ლიდერი საგანგაშო კლინიკური შემთხვევაა და მასთან ურთიერთობა უშუალოდ ფსიქიატრთა კომპეტენციას საჭიროებს. ყველანი შევესწარით, თუ როგორი შეძახილით შეურაცხყო მან სასულიერო სემინარიის ერთ-ერთი სანიმუშო და უწესიერესი პედაგოგი, დეკანოზი, იმ დროისთვის დიაკონი იაკობ ჩიჩილიძე, რომელსაც ასეთი ბილწსიტყვაოებით მიმართა, _ იაკობ, მოდი აქ, შენი დედა … ხოლო მოგვიანებით, სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, კვლავინდებურად დაცოფა და სატანის მსახური უწოდა, რაზედაც თავად დაზარალებულმა ჩვეული სიმშვიდით მიუგო, რომ ამ უშვერი სიტყვების ავტორი მასზედ მოწეული მძიმე განსაცდელია. კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაამცირა მისივე სტუდენტი, კახაბერ ჩხიკვაძე, იმის გამო, რომ საკუთარ მეუღლეს, საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტს, ლექციათა შორის შესვენებისას, ქარვასლის წინ ესაუბრებოდა. სახალხოდ, ცოლის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა _ ხელი ჰკრა, თმაში სწვდა და ყური აუწია, თუმცა ეს აგრესია დღემდე ამოუხსნელი და პასუხგაუცემელია.
არასოდეს დაგვავიწყდება, თუ როგორი უტაქტობით გალანძღა ყველასთვის საყვარელი და ძვირფასი პედაგოგი, ზურაბ ეკალაძე, იმის გამო, რომ მისი აზრით, გასარეცხი და გასაუთოვებელი პერანგი ეცვა. საშინელი აგრესიითა და აუგი დამოკიდებულებით, სტუდენტების თანდასწრებით, ხმამაღალი შენიშვნა მისცა და უყვირა. სიმწრით მაგონდება ისიც, როცა მან უაღრესად ღვაწლმოსილი, მსოფლიო ეკლესიის ისტორიის მაღალი დონის სპეციალისტი და სიყვარულით გამორჩეული პედაგოგი, დეკანოზი გიორგი საბიაშვილი, სასწავლებლიდან, ფაქტობრივად, გააძევა, საათები შეუზღუდა, კათედრიდან დაითხოვა და უგულებელყო მისი დამსახურებანი, რასაც უშუალოდ ხსენებული პიროვნების ღრმა დეპრესია და მალევე გულის შეტევით მისი გარდაცვალება მოყვა. საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ შეეხო ხელით დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, იმ დროისთვის, სემინარიის დეკანს და როგორი უწმაწური სიტყვებით დაგესლა ის. ეს ინციდენტი სასულიერო სემინარიის დერეფანში დაფიქსირდა, სადაც უამრავი სტუდენტი იმყოფებოდა. რომ არა მათი მხრიდან შუაში ჩადგომის მცდელობა, გაცოფებული ბოროტმოქმედის შეკავება შეუძლებელი გახდებოდა. ზვიადაძის გავეშება კი, ამ შემთხვევაში, იმან გამოიწვია, რომ ხსენებული დეკანი, საღვთისმეტყველო საგნების, სხვა საგნებთან შედარებით, აუცილებელ უპირატესობასა და პრიორიტეტულობაზე საუბრობდა. სასწავლებლის პროფილიდან გამომდინარე, ამ ფაქტს ვაიფილოლოგ გიორგი ზვიადაძის მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური გაცხარება მოყვა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავხედური გამოხტომები. ღვთისმსახურებისას, ნაცვლად რიდისა და ღრმა მოწიწებისა, იგი მრავალგზის შემჩნეულია საღვთო ლიტურგიისა და საღამოს ლოცვის მიმდინარეობისას ექსცენტრიკულ და მრისხანე ქცევაში როგორც თანამწირველ სასულიერო პირებთან, ისე წიგნის მკითხველებთან, სტიქაროსნებთან, მრევლთან და მგალობლებთან. ვიდრე ამგვარ მდგომარეობაშია, მის მრევლში ყოფნაც კი უდიდესი ზიანისა და საფრთხის მომტანია ყველასთვის.
სხვათა შორის, გროტესკულ ანეკდოტადაა ცნობილი ქაშუეთის ეკლესიაში, ჯერ კიდევ, დეკანოზ და, ამავე დროს, წინამძღვარ გიორგი ზვიადაძის მხრიდან ახალგაზრდა ქალბატონის ცემის ისტორია, რომელიც ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის გამო, ეკლესიაში დგომისას მარაოს იყენებდა და რომელიც იმით დაისაჯა, რომ ხსენებული მამის მხრიდან თავზე მარაოდახეული და ტაძრიდან გამოძევებული აღმოჩნდა. ამით იქ მყოფ მლოცველთა უმრავლესობა შოკირებული დარჩა.
აგრეთვე, კომედიურ სერიათა ნუსხას განეკუთვნება ყოველთვის გულწრფელი პროტოპრესვიტერის დიალოგი საგარეო საქმეთა ექსმინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, რომელმაც, მისი თანდასწრებით, ინსტინქტურად, კოლოფიდან სიგარა ამოიღო, მოუკიდა და ცოტა ხანში, თავისი თამამი საქციელით შეცბუნებულმა, სასულიერო პირს მიმართა, _ უკაცრავად, მამაო, ბოდიშს გიხდით, ახლავე ჩავაქრობ! ხომ არ გაწუხებთ კვამლი? ამაზე ზვიადაძემ უპასუხა, _ არა, ბატონო გრიგოლ, რას ბრძანებთ, პირიქით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თვით კაიაფასაც კი განაცვიფრებდა ამგვარი პირმოთნეობა და სიყალბე. მრავალი ადამიანი გახდა მოწმე წირვის მსვლელობისას მისი მხრიდან, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, სიონის საპატრიარქო ტაძრის მოამაგე რეგენტის, ნოდარ კიკნაძის (რომელიც 1997 წელს თავად უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ს მიერ შექმნილ გუნდს ხელმძღვანელობდა), დამცირებისა _ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, „ავგიორგი ჩუდეცკიმ“ ფიზიკურადაც კი გაიწია მასზე, რაც, საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ 35-წლიანი ერთგული სამსახურისთვის დამსახურებული მგალობელი იძულებული გახდა, სიონის მრევლი სამუდამოდ დაეტოვებინა და განაწყენებული წასულიყო. მაგლობელთა მოამაგე გუნდი, სოლიდარობის ნიშნად, სრული შემადგენლობით, ასევე წავიდა. სხვა დროს იგივე სცენა დაფიქსირდა სიონის შერეული გუნდის რეგენტ მარიამ მძევლურთან. იგი 36 წელია, რაც მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გონებაარეულმა გიორგი ზვიადაძემ. ბოდიშის მოხდის შემდეგ იგი ნაძალადევად დაუზავდა მსხვერპლს.
სხვათა შორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ავყიობისა და ყოველდღიური ანჩხლობის შედეგად, სიონის საპატრიარქო ტაძარი ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ დაატოვებინეს დეკანოზ ლავრენტი ბუზიაშვილს, დეკანოზ ამირან ამირანაშვილსა და დეკანოზ თეიმურაზ ბერიშვილს. სამწუხაროდ, ვერც მათმა ავტორიტეტმა და გავლენამ ვერ გაარღვია საპატრიარქოს სამდივნოდან მართული მოძალადის მომაკვდინებელი ხუნდები.
ასევე არ შემიძლია, არ შევეხო ცნობილი მქადაგებლის, ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნების, მამა თეოდორე გიგნაძის შემთხვევას, როცა ის სასულიერო აკადემიის დიპლომის გარეშე დატოვა კაენის ცოდვით შეპყრობილმა „ნეოჩუდეცკიმ“. გამოჩენილი მეცნიერის, ბატონ ედიშერ ჭელიძის ხელმძღვანელობითა და რეცენზიით დამოწმებული ნაშრომი ჩაუხედავად დაიწუნა და უკუაგდო, თავად ავტორს კი ორიანი დაუწერა. სულ ცოტა ხნის წინ სემინარია-აკადემიაში მოღვაწე პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირი ჩუდეცკიზაციის მომხრე და მიმდევარია, საზეიმო ვითარებაში, სრულიად ხელოვნურად, ჩაწყობითა და პროტექციის დაჩქარებული წესით, საღვთისმეტყველო ხარისხები მიანიჭეს, რომელთაც აქამდე, ჯერ კიდევ, არანაირი საღვთისმეტყველო შრომა არ აქვთ დაწერილი. შესაბამისად, თითოეული მათგანი თვითგამოცხადებულ დოქტორად გვევლინება, რაც, ცოტა არ იყოს, ბრეჟნევიზმის კომიკურ ელფერს ატარებს.
ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულების გარდა, საგულისხმოა, რომ განსაკუთრებული ცვალებადობა შეინიშნება სემინარიისა და აკადემიის დეკანის თანამდებობაზეც, სადაც დანიშნული პირის სარეკორდო ვადა 5 თვეს, ზოგ შემთხვევაში კი 2 თვეს არ აღემატება. ამგვარი ისტერიის გამანადგურებელმა ტალღამ შეიწირა დეკანოზი გელასი ნატროშვილი (პატიოსანი ადამიანი), დეკანოზი მიქაელ გალდავა (უდავოდ ინტელექტუალი პიროვნება), არქიმანდრიტი საბა (ჯიშკარიანი) (ყოველმხრივ დადებითი მოღვაწე), დეკანოზი დავით თავაძე (პერსპექტიული პედაგოგი), დეკანოზი ლევან მათეშვილი (განათლებული და პროგრესული მეცნიერი) და რელიგიათმცოდნე ეკატერინე ფავლენიშვილი (ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის აწ უკვე ყოფილი მდივანი).
ისიც ირონიაა, როცა პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში ინიშნება ისეთი პიროვნება, რომელსაც დიპლომიც კი არ აქვს და რომელიც თავად გამომცდელის (მამა გიორგი ზვიადაძის) მხრიდან ორიანით ფასდება სახელმწიფო გამოცდაში.
_ გიორგი, ზემოთ პანსიონატში არსებული ვითარებაც ახსენეთ. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობდით?
_ ცინიზმია, როცა პანსიონატში მცხოვრები სტუდენტებისთვის კვების ესოდენ სამარცხვინო მენიუს ვაწყდებით, ანუ ერთნაირია სადღესასწაულო, სამარხვო და სახსნილო რაციონი. ამასთან, შემაძრწუნებელია, თუ როგორ გაუსაძლის და ანტისანიტარიულ საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ არსებობა იქ მცხოვრებ მოსწავლეებს, თანაც ეს მაშინ, როცა საპატრიარქო ოფიციალური წესით უამრავ თანხას რიცხავს სასწავლებლის საჭიროებებისთვის. ამ ფონზე კი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კადნიერად არ ერიდება საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას სასტუმრო „რედისონში“ (სუფრაზე იმყოფებოდა სამასზე მეტი ადამიანი, ძირითადად, დიპკორპუსის წარმომადგენლები და გავლენიანი ბიზნესმენები), სადაც მარტო ფინჯანი ყავა _ არც მეტი, არც ნაკლები _ 50 ლარი ღირს.
არ შემიძლია, არ შევეხო ჩემს ნაცნობსა და კოლეგასთან, ლევან ენუქიძესთან დაკავშირებულ უმძიმეს შემთხვევას, რომელსაც მხოლოდ იმის გამო მოუწია სასულიერო აკადემიასთან გამოთხოვება, რომ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ჩემი ერთ-ერთი წერილი – „ეკლესიაში არსებული პრობლემები“ _ გააზიარა. მამა შალვა კეკელიამ, ჩვეულ სტილში, სოციალური ქსელის გვერდიდან ამობეჭდილი ქაღალდის აფრიალებით, ხსენებულ სტუდენტზე ზეწოლა განახორციელა და გარიცხვით დაემუქრა მას (ცხადია, უშუალოდ რექტორის დავალებით), რასაც სიტყვიერი შეკამათება და უთანხმოება მოყვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ კაცს სასწავლებელი „აკადემიურის“ იძულებითი აღებით დაატოვებინეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ნეტარხსენებული რექტორი, რომელიც ვითომ წესრიგის, დისციპლინისა და დაუღალავი შრომის მიმდევარია, სინამდვილეში, არასდროს შედის ლექციაზე დროულად და არასოდეს რჩება იქ ბოლომდე. ამასთან, იგი ძალიან ხშირად აცდენს ლექციას და გამოცდაზეც არ მიდის, რასაც თვითონ საკუთარი პერსონის პრივილეგირებულობითა და უპირატესობით ხსნის, რაც ჩვეულებრივი უტიფრობა და უსირცხვილობაა.
_ ე. ი. ზვიადაძე ხელშეუხებელია?
_ დიახ, ასეა, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ბაბილონის გოდოლი აუცილებლად ჩამოინგრევა და ლუსტრირდება ყველა ის დამნაშავე, ვინც ხორბლის ნაცვლად ღვარძლსა და სარეველას თესავს ნოყიერ მინდორზე.
_ გიორგი, ყველაფერ იმის, რაც მოყევით, ფაქტებით დადასტურება შეგიძლიათ?
_ დიახ, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემ მიერ მოყვანილი ფაქტების სინამდვილისა და ავთენტურობის დასადასტურებლად უამრავი თვითმხილველი და მოწმე არსებობს, რომელნიც, საჭიროების შემთხვევაში, ამ და კიდევ დამატებით სათქმელსაც დააფიქსირებენ! ფლიდ, მლანძღველ და მოჩხუბარ სასულიერო პირებს კი შევახსენებ, თუ როგორი იყო ჩვენი მაცხოვარი, რამეთუ „ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა“ (I პეტ. 2,23).
კოკა წერეთელი