QronikaPlus
გურამ ლურსმანაშვილი: „ტენდენცია შეიქმნა, რომ კირიონიდან დაწყებული დღემდე, ყველა პატრიარქი „დადებითია“, რაც მანიპულირების საშუალებას აძლევს მტერს“

გურამ ლურსმანაშვილი: „ტენდენცია შეიქმნა, რომ კირიონიდან დაწყებული დღემდე, ყველა პატრიარქი „დადებითია“, რაც მანიპულირების საშუალებას აძლევს მტერს“

2019-12-08 11:31:55

„ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურების“ გამოქვეყნება. აღნიშნულ დღიურებთან დაკავშირებით და თავად ნიკიტა თალაკვაძის შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს თეოლოგთან და მკვლევარ გურამ ლურსმანაშვილთან:

_ ჩვენი ინტერვიუ თავად ნიკიტა თალაკვაძის პიროვნებაზე საუბრით დავიწყოთ…
_ ნიკიტა თალაკვაძე ჩემთვის, როგორც XX საუკუნის მკვლევრისთვის, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ხოლო ის დღიურები, რომლის გამოქვეყნებაც გაზეთმა „ქრონიკა+“-მა დაიწყო, ჩემი სამაგიდო წიგნი გახლავთ. ძალიან მისასალმებელია, რომ თქვენმა გაზეთმა მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა, ჩემთვის ორმაგად სასიხარულო კი ისაა, რომ თავად ვმონაწილეობდი ამ პროცესებში. თუმცა, მკითხველი რომ არ დაიბნეს, სჯობს, თავიდან დავიწყოთ და ერთიანი სურათი შევქმნათ ამ დღიურების შესახებ, რაც სამომავლოდ მკითხველს მის კარგად გაცნობაში დაეხმარება.
უპირველესად, თავად ნიკიტას პიროვნებით დავიწყოთ. იგი მედავითნის ოჯახში დაიბადა და 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1899 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბრუნდება და ფოთის ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარია. იყო ძალიან ცნობილი და პროფესიონალი პედაგოგი, ორატორი, პრინციპული და ძალიან აქტიური პიროვნება. ეგზარხოსობის პერიოდში გამალებით იბრძოდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. 1917 წლის მარტში მის ბინაში გასაიდუმლოებული შეხევდრა შედგა, რომელსაც ნოე ჟორდანია და იმ პერიოდის სხვა გავლენიანი პირები ესწრებოდნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში სამშვიდობო პარაკლისი გადაეხადათ, შემდეგ კი ავტოკეფალიის აღდგენის აქტი წაეკითხათ. ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ სწორედ მამა ნიკიტა ხელმძღვანელობდა პატრიარქის არჩევის ხმის დამთვლელ კომისიას და სწორედ მისი პრინციპულობის გამო იყო, რომ სწორად დაითვალეს ხმები და პატრიარქად კირიონ II გამოირჩა.
_ ამ დღიურების ჩვენს დრომდე მოღწევა საოცარი ფაქტია…
_ ნიკიტას დღიურების გადარჩენა ნამდვილად სასწაულია. პირველი, რის გამოც იგი „ცოცხალია“ ისაა, რომ ნიკიტას მისი გამოქვეყნება „არ უნდოდა“. მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ თალაკვაძე გამოსაქვეყნებლად კი არა, საკუთარი გულის ნადების გასაქარვებლად წერდა ამ მოცულობის დღიურებს. მამა ნიკიტას გარდაცვალებიდან, დაახლოებით, 30 წლის შემდეგ კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დღიურები მისმა ქალიშვილმა მიიტანა ლიტერატურის მუზეუმში. იგი რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ტირაჟი საეჭვო ვითარებაში გაქრა. ისიც მომისმენია, რომ გარკვეულმა ძალებმა იგი სპეციალურად იყიდეს და შემდეგ გაანადგურეს. თუმცა XXI საუკუნეში უკვალოდ არაფერი იკარგება.
_ ვისარგებლებ შემთხვევით და ლიტერატურის მუზეუმსა და ლაშა ბაქრაძეს მადლობას ვეტყვი ამ საკმაოდ მოცულობითი დღიურის გამოქვეყნებისთვის.
_ ნამდვილად! და აქვე, უპირველესად, ის ვთქვათ, რომ ნაშრომი ძალიან მოცულობითია _ დაახლოებით, 1400 გვერდი. შესაბამისად, საკმაოდ რთულია, რიგითმა მკითხველმა იგი მარტივად წაიკითხოს, რადგან, მოგეხსენებათ, ჩანაწერების სახით გაკეთებული ამხელა წიგნის წაკითხვა საკმაოდ რთულია. ამ სირთულის დასაძლევად წინამდებარე საუბარში რამდენიმე ძირითად ასპექტს მოვხაზავ, რაც სამომავლოდ მკითხველს საორიენტაციოდ გამოადგება.
_ დიახ, ნამდვილად აუცილებელია ასეთი სახის მიმოხილვა და საინტერესოც.
_ დავიწყოთ სათაურით: „მოქალაქე მღვდლის დღიურები“. საქმე ის არის, რომ ნიკიტამ დღიურების წერა ეგზარხოსობის პერიოდში დაიწყო _ მაშინ, როდესაც ის სასულიერო პირი გახლდათ, ხოლო 1933 წელს დაასრულა, როგორც რიგითმა მოქალაქემ. პირველი მითი, რაც უნდა დავამსხვრიოთ, არის ის, რომ არავის აქვს უფლება, ნიკიტა აძაგოს, რადგან მან მღვდლობაზე უარი თქვა. მიუხედავად უკიდურესი მატერიალური გაჭირვებისა, იგი ბოლომდე ერთგულად აპირებდა სამღვდელო ტვირთის ზიდვას. იგი წერს: „კაცო, მეუბნებიან, ანაფორა გაიხადე და თავს უშველეო! არ შემიძლია ეს, სინიდისი ნებას არ მაძლევს, საამისო „გამბედაობა“ მე არ შემწევს, მეშინია ღვთისა და მრცხვენია ერისა! 1902 წლის დამლევიდან რამდენი ადამიანისათვის აღსარება მითქმევინებია, რამდენი მოწაფეები გამომიშვია სასწავლებლებიდან, რამდენი მქუხარე-სარწმუნობერივ-ზნეობრივი ქადაგება წარმომითქვამს და ეხლა ყოველივე ამის შემდეგ ლუკმა პურისათვის ანაფორა გავიხადო, რას იტყვიან ეს ჩემი ან სულიერი ან ხორციელი მოწაფენი! ვერ გაუძლებ სინიდისის ქენჯნას, დეე ისევ ასე ვიყო და ვიტანჯო თქო!“ ასე გმირულად იტანდა ცხოვრების სიძნელეებს ნიკიტა მანამ, სანამ: „1924 წელს 2 ივლისს საღამოს 9 საათზე ჩემ ბინაზე მოგზავნილი „ურწმუნო მოციქულები“ _ „მორწმუნე საზოგადოებიდან“! _ „ჩვენ მორწმუნე საზოგადოებამ გამოგვგზავნა გადმოგცეთ, რომ შენ (ნ. თალაქვაძე) საქართველოს ეკლესიის მტერი ხარ, საეჭვო პირებთან გაქვს საქმე, გასწორდი, თორემ მოგკლავთო“!… მე „გავსწორდი“!… ჩამოვშორდი იმ ერთ თვეში ეკლესიას“. შესაბამისად, ნიკიტას სხვა გზა არ დარჩენოდა _ ან მოკლავდნენ, ან უნდა გასცლოდა საეკლესიო საქმეებს.
_ მივყვეთ ქრონოლოგიურად და ეგზარხოსობის პერიოდიდან დავიწყოთ.
_ თალაკვაძე ბევრისთვის უცნობ ისტორიას გვაწვდის, თუ რეალურად რატომ დაიწყევლა ეგზარქოს პავლეს მიერ ქართველი ერი: „არქიელი პავლეს მიერ საქართველოს ამ თაობაზე „წყევა-კრულვა“ გამოწვეული იყო იმდენად „მამა რექტორის“ _ ჩუდეცკის სიბრალულითა და მოკვლით კი არა, რამდენადაც იმ გარემოებით, რომ ამ „აქტით“ პავლე ექსარხოსს დაერღვა მის მიერვე ჩინებულად მოწყობილი, მოგვარებული, მისი მასიამოვნებელი „ბუდე-ოჯახი“ პავლე ჩუდეცკისა! ეს პავლე ჩუდეცკი, ლამაზი ცოლის პატრონი დეკანოზი, არქიელმა პავლემ გადმოიყვანა ტფილისის სემინარიის რექტორად რუსეთის რომელიღაც სასულიერო სასწავლებლიდან. ჩუდეცკის მომხიბლავ ფოფოდიას ეკურკურებოდა პავლე არქიელი, როდესაც „მამა რექტორი“ წირვა-ლოცვად იდგა შემოსილი ან გაკვეთილებზე იყო სემინარიაში, ან ხშირ-ხშირ მივლინებებზე ჰყავდა ხოლმე ის გაგზავნილი არქიელს რუსეთში თუ სასულიერო სასწავლებლებში… სარევიზიოდ. აი, რის მუცლის გვრემა აუტყდა პავლე არქიელს ჩუდეცკი-რექტორის მოკვლისა გამო! და რამაც წარმოათქმევინა მას ის საბედის-წერო „წყევა-კრულვა“ საქართველოზე და მის ერზე! აბა, რა შაუაში ან კიდეში იყო აქ ან საქართველო ან ქართველი ერი“
დეკანოზი ძალიან დეტალურად საუბრობს, თუ როგორი დიდი გარყვნილება ჩათესა რუსეთის ეკლესიამ საქართველოში. მაგალითად: „იღუმენია ანასტასიას საქმის გამოსაძიებლად თვით ბოდბის მონასტერში. გავემგზავრეთ ავტომობილით… გამოვიძიეთ… მეტად ლამაზი და წარმოსადეგია იღუმენია ანასტასია, ეტყობა, რომ არის „Русская боярыня“. სასტიკი ვინმეა… სწურავს და აწამებს მოლოზნებს… ეგ მონასტერი ბუდე ყოფილა გარყვნილებისა და გახრწნილებისა. ვაი, სირცხვილო! აქ ისვენებდენ „ხორცით“ ჩვენი არქიელები… ეპისკოპოსები… არქიმანდრიტები, დეკანოზები და ტფილისის ბობოლა ბიუროკრატები, რომელნიც თავიანთი „პროვიზიით“ ჟამითი-ჟამად ესტუმრებოდენ „დედა-იღუმენიებს“ და ეძლეოდენ აქ ორგიებს… „ათინის საღამოებს“… უნდა ჩემი წერილობითი აზრი წარვადგინო იღუმენიაზე კომისიაში“.
_ დღიურებში მართლაც მძიმედ არის წარმოჩენილი ეკლესიაში არსებული მანკიერებები…
_ დიახ, ნიკიტა ღიად საუბრობს იმ მანკიერებაზეც, რაც სასულიერო სემინარიის მოდელის სახით რუსეთმა ჩვენში ჩათესა.
_ და რომლისგანაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გავთავისუფლდით…
_ იგი ღიად ამბობს იმ სულიერ მდგომარეობაზეც, რომელშიც სემინარია დამთავრებული სტუდენტები იმყოფებოდნენ. სტუდენტებზე „ავარჯიშებდენ ისინი, _ სემინარიის ხელმძღვანელობას გულისხმობს, _ სამსახურისადმი თავიანთ ერთგულობას, რათა მეტი სისასტიკით, მოწაფეთადმი მეტი უსულ-გულობით და განუკითხაობით, რაც შეიძლება მალე მიექციათ მთავრობის ყურადღება თავიანთ თავზე და წინ წაწეულიყვნენ. ოღონდ კი წინ წაწეულიყვნენ და სხვა არას დაგიდევდენ! ესენი კარგად ხედავდენ თუ მათ ხელში როგორ იმსხვრეოდა, იმტვრეოდა, სახიჩრდებოდა გონებრივად, ზნეობრივად და ფიზიკურადაც ეს ამოდენა ნორჩი ახალთაობა ხალხისა! ეს მათთვის სულ ერთი იყო! რა ენაღლებოდათ?! ვისი მოერიდებოდათ!? ვინ იყო პატრონი, მოსარჩლე?“
_ მეტად მნიშვნელოვანია ავტოკეფალიის თემაც…
_ მოვიდა ავტოკეფალიის გამოცხადების დროც. არჩევნებს დეკანოზი ნიკიტა ხელმძღვანელობდა, კირიონი აირჩიეს პატრიარქად, ხოლო ლეონიდე კი თბილელ მიტროპოლიტად და პატრიარქის მოსაყდრედ. აღსანიშნავია თალაკვაძის სიტყვა, რომელშიც ორივე ეპისკოპოსს მოუწოდებს, რომ იმდენად ბევრი რამეა საქართველოს ეკლესიაში გასაკეთებელი, ერთმანეთის საქიშპო დრო არ უნდა გქონდეთო, თუმცა ნიკიტას არავინ დაუჯერა და შედეგად იმედგაცრუება მივიღეთ: „მე საცოდავს მეგონა, გახრწნილია რუსებისა და კათოლიკების სამღვდელოება და ეკლესია, თორემ საქართველოს ეკლესია რომ ავტოკეფალიას მიიღებს, დამოუკიდებლად განაგებს თავისთავს, ჩვენში დამყარდება ძმობა, სიყვარული, თანხმობა და ურთიერთის მიმართ მორიდება და პატიოსნება თქო! თურმე, ნუ იტყვით, ნამდვილი ასპიდები და ვასილისკოები ჩვენში ყოფილან აღზრდილნი რუსის ექსარხოსების მიერ. ამათ მოგვანატრეს ექსარხოსებიცა და რუსის სამღვდელოებაც! ისინი, ჩვენებთან შედარებით, დღეს წმინდანებად გამოიყურებიან! განა არა! ცნობილმა რუსიფიკატორმა დეკ. იოანე ვოსტორგოვმა გვიწინასწარმეტყველა: „თქვე უბედურებო! რათ გინდათ ავტოკეფალია! ავტოკეფალია რომ მიიღოთ, ქართველი სამღვდელოება ერთმანეთს დასჭამთო“! ამის შემდეგ თალაკვაძე მეტად საინტერესო მიგნებას აკეთებს, რაც ისტორიითაც დასტურდება: „ჩვენ მონობაში ჩასახულნი, დაბადებულნი, აღზრდილნი, თავისუფლებას, თურმე ვერ ვიგუებთ ვერც ეკლესიურს, ვერც პოლიტიკურს! ეს ცხადზე უცხადესი შეიქნა დღეს, როდესაც აღარც ერთი გვაქვს, არც მეორე!.. ყველანი დიდის აღფრთოვანებით და იმედებით მივეგებენით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას 1917 წლის 12 მარტის აქტით, სულ ყველანი წუმ-წუმასავით ავენთენით, ავპილ-პილდით, ხოლო როდესაც საქმე-საქმეზედ მიდგა, როდესაც დარღვეულ ეკლესიურ ცხოვრებაში სააღმშენებლო მოქმედებას უნდა შევსდგომოდით, აი მაშინ აღმოჩნდა თუ რა უენერგიო, უილაჯო და ურწმუნო ხალხს გვიკისრია ეს დიდი და მძიმე საშვილიშვილო ისტორიული საქმე. არც ერთი წრე ჩვენი ეროვნული ცხოვრებისა არ ყოფილა იმ ზომად განადგურებული და დაბეჩავებული სინოდალურ-ცეზარო-პაპიზმისაგან, როგორც ქართველი სამღვდელოება“. ეს შეცდომა 1990 წელსაც დავუშვით, როდესაც კონსტანტინოპოლმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, ერთ მხარეს კი მივიღეთ დამოუკიდებლობის დოკუმენტური დასტური, მაგრამ მეორე მხარეს არ მომხდარა საკუთრივ ეკლესიის შიგნით არანაირი განახლება, კადრები ისევ ისინი დარჩნენ, ვინც იქამდე იყვნენ, ვისგანაც ძალიან ბევრს არ ჰქონდა მძღვრობისა და საეკლესიო სტრუქტურაში მუშაობის მორალური თუ ინტელექტუალური მონაცემები, იმართებოდნენ რუსული უშიშროებისგან და ა. შ. ამ ყოველივეს შედეგს კი დღეს ვიმკით.
_ მკვლელობების სერია. ადამიანი რომ ჩაუღრმავედეს, მინიმუმ, შემზარავია ის, რაზედაც ნიკიტა თალაკვაძე საუბრობს.
_ ნიკიტა თავად იყო მოწმე იმ მკვლელობათა სერიებისა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს ეკლესიაში დატრიალდა, პირველი და ყველაზე ტრაგიკული კი პატრიარქ კირიონის მკვლელობაა: „მე არა ერთხელ აღმინიშნავს ჩემს მემუარებში, რომ კირიონს თავი მოსაკლავი ჰქონდა! ის ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, ის ისეთ ჩიხში მოემწყვდა კათალიკოსად არჩევის გამო, რომ თავი მოსაკლავი ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლო მას თავისი ხელით თავისი გული ტყვიით გაეგმირა: მარცხენა ხელით მარცხენა ძუძუში რევოლვერის ტყვია დაერტყა! მას _ დამბლა დაცემულს, ხელები უკანკალებდა იმ ზომამდე, რომ ჭიქით წყალი ვერ მიჰქონდა პირზე, და რევოლვერს ასეთი ხელების პატრონი ღრმა მოხუცი, დამბლა დაცემული, ახალ-ნაავათმყოფარი კირიონი, ვერ დაირტყამდა თავისი ხელით! კირიონის მკვლელობის მთელი საიდუმლოება და მაქინაციები ტარასის საიდუმლოებას შეადგენს!..“ ნიკიტა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით პირდაპირ ადებს ხელს პატრიარქის მოკვლაში არქიმანდრიტ ტარასის, რომელიც ეპისკოპოს ლეონიდეს ახლო გარემოცვის წევრ დავიდოვის (დავითაშვილის) მითითებებით მოქმედებდა.
მეორე მკვლელობა კი ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონისა გახლდათ: „ანტონმა მითხრა მე მისსავე სუფრაზე ქუთაისში 1918 წლის 18 აგვისტოს მის სიძისავე თანადასწრებით: „მამაო ნიკიტა, ჩემი მოწამვლა განუზრხავთ“, _ მითხრა ქუთათელმა სუფრაზე! მე რო გავიკვირვე, ავშფოთდი, საყვედური გამოუცხადე, _ რატომ ჰკადრულობთ ასეთ უსაფუძვლო ხმების აყოლას თქო, მაშინ მოუბრუნდა თვისს სიძეს და უთხრა რუსულად: „Ты знаешь, что от о. Никиты я ничего не скрываю, скажи же при нем _ сколько тебе обещевают за мое отравление“! მან არც აცივა, არც აცხელა და თუთიყუშივით წამოიძახა: „Десять тысяч рублей“. მაშინვე შევრისხე მას და უთხარ: „как осмелились, сударь, обратиться к вам с таким гнусным предложением, а если осмелились, то как вы позволили себе сказать все это вашему тестю?! вы, видите, он уже отравлен вами“, _ მიუთითე ანტონზე. ამის შემდეგ არ გასულა ოცი დღე და „ქუთათელს სისხლი აუვარდა თავში და მოკვდა უეცრივო“! სიძე ამ დროს გვერდით ჰყავდა, ქალი კი თბილისში იყო!
ანტონის მოკვლით არ დასრულებულა კირიონის მომხრეთა დევნა. ნიკიტა წერს, რომ: „ბაკურაძე ღვდელი და მირიან ბერიც მოაკვლევინეს, ესენი როგორც კირიონის მომხრენი“!..
მეტად საინტერესოა ავტორის მიერ დანახული ჩრდილოვანი მმართველობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში…
ნიკიტა თალაკვაძე ღიად საუბრობს საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენთვისაც აქტუალურია _ ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში. „გავლენიანობით და საქმის მოჭახრაკებით მთელი მექანიზმი ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობისა თუ ეპარქიისა ხელთ ეჭირა დავით ალექსის ძე დავიდოვს…; ეს დავიდოვი ექსარხოსების დროის კანცელარიის მმართველის ერთ-ერთი თანაშემწეთაგანი, პლატონის აგენტი და მესაიდუმლე განსაკუთრებით, დაეპატრონა ლეონიდის სულსა და გულს, გონებასა და ნებას, უამისოდ რეზოლიუციას ან რაიმე განკარგულებას არ ახდენდა ის; გაყვლიფა და გასძარცვა მთელი სასახლე არქიელისა, როგორც გადატრიალებამდე, ისე კირიონ-ლეონიდის დროს, ეს დავიდოვი _ აშკარა მექრთამე და მოძალადეა, კაცი მეტად გარყვნილი, ბოზი, არ გაუშვა კანცელარიაში არც ერთი ქალი გაუუპატიურებელი; კათოლიკოზ კირიონს შეუვარდა საცემლად (ლეონიდი ვერ გაიყვანა კათოლიკოზად პირველ საეკლ. კრებაზე), საკათ. საბჭოს წევრს ქრ. კაპანაძეს შეუვარდა სამსახურის დროს და ხალხის თანადასწრებით სცემდა; სისხლი ადინა ცხვირ პირში, _ იმიტომ, რომ თითქოს ამისი მეცადინეობით დავიდოვი ვერ გავიდა საკათ. საბჭოს კანცელიარიის მმართველად; თუმცა ხმის უმეტესობით არჩეულ იქმნა, მაგრამ კირიონმა განაცხადა: „თუ დავითაშვილს მომცემთ მმართველად, მე კათოლიკოზობაზე უარს ვამბობო“. ასეთი კაცი შემდეგ ლეონიდმა, ტფილელმა მიტროპოლიტმა, აიყვანა ეპარქიალურ კანცელარიის მმართველად და კიდევაც ამ დავიდოვმა გაათახსირა ლეონიდის სახელი, დასცა მაგის პრესტიჟი სამღვდელოებაში და საზოგადოებაშიც; …ამ დავიდოვმა სცემა კიდეც დეკ. ალ. თებზაძეს, აი, ასეთ მდივნის ქვეშ იყო და დღესაც არის ჩვენი ბედ-იღბალი“.
გახსოვთ, საქართველოს მოსახლეობას სულ ახლახან როგორ გაუკვირდა, რომ მართლმადიდებლურ ასამბლეას რუსეთის მხრიდან გავრილოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც თავად კომუნისტური პარტიის წევრია. აი, თალაკვაძეს ეს ნამდვილად არ ეუცხოვებოდა: „რუსებმა ერთხელ კიდევ გამოიჩინეს საზიზღარი ვერაგობა, წინეთ „პრავოსლავია“- მართლმადიდებლობის ნიადაგზე გააცურეს საქართველო ყინულზე, ეხლა კი „კომუნიზმით“ უნდათ დაგვიმონაონ“.
_ ახლა კი სხვა თემას შევეხოთ _ ეკლესია და ბოლშევიკები, რომელიც საკმაოდ ყურადსაღები და საინტერესოა.
_ ნიკიტა ღიდ საუბრობს იმ სისაძაგლეებზე, რაც ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ საქართველოსა და მის ეკლესიაში ხდებოდა: „ეხლაც ბოლშევიკ ცნობილ ფ. მახარაძესთან დეკ. ანტონ თოთიბაძე ინტიმურ განწყობილებაშია, ის მისი აგენტია! მახარაძე არაერთხელ დაუმალავს მას თურმე თვის ბინაზე „კრაოტქვეშ“, ასაზრდოებდა მას და ხელს უმართავდა, ვინ იცის, იქნებ ერთ დროს ესეც გამომადგესო! გამოადგა კიდეც. საოცრად თამაშობს თავის როლს „მამა“ ანტონი! ეს რუსის პროვოკატორებს საჟენ-ნახევარით აჭარბებს! თან მახარაძესთან საიდუმლოდ საქმეს იკეთებს, რომ ვერის სასაფლაო დაუბრკოლებლად მოსძოვოს (ბოლშევიკებმა გამოსცეს დეკრეტი _ საფლავები მუქთად უნდა ყოფილიყო, თოთიბაძე კი თითო საფლავში 1,1 1/2-2 მილიონებს ახდევინებს ხალხს, არც კვიტანციას აძლევს ვინმეს, არც რეგისტრაციას უშვება აღებულ ფულს, ზოგს კათოლიკოზს აჭმევს, სხვას თვითონ მიირთმევს, წვეულებებსაც აწყობს ამ ფულით და ქვეყანას ნაცარს აყრის თვალებში!)…“
ისტორიულად ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გვიზიარებს ნიკიტა, თუ როგორ ჩააღწია გენუამდე ამბროსი ხელაიას წერილმა, რომელიც „იოსებ იმედაშვილს ჩაუდეს ჯიბეში, ჩასვეს ქობულეთის ნაპირზე ერთ ნავში, _ ნავით შესცურეს ზღვაში, იქ მათ გემი ელოდათ სტამბოლიდან და ასეთი ვაი-ვაგლახით გაიგზავნა „მემორანდუმი“ გენუაში!“
_ ცალკე ყურადსაღები თემაა თავად ქართული სამღვდელოება…
_ თალაკვაძე დეტალურად საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც ჩვენთვის დღესაც აქტუალურია _ ესაა სამღვდელოების კომპეტენცია და მათი პრინციპულობა. „პოლიტიკურ-სოციალურ დუღილში ეკლესიას არ აღმოუჩნდა პატრონი, _ ის უფრო და უფრო დაეცა, გაიხრწნა, სოფლის სამღვდელოება კულაკ-სპეკულიანტებად გადაიქცა, ქალაქის სამღვდელოებაში დაეცა ყოველივე დისციპლინა _ აღარც წირვა-ლოცვა, არც გალობა-მოძღვრება, მხოლოდ ერთი ნაწილი ჩვენი ბრმა საზოგადოებისა განაგრძობდა მიცვალებულების მოსვენებას ქაშვეთში… ვინ ისურვებს ეხლა დახარჯოს დრო და საშვალება მღვდლობისათვის მოსამზადებლად, როდესაც ყოველი უვიციც კი მიიღებს მღვდლობას თუ კი მოისურვებს“. ამავე პრობლემაზე საუბრისას ნიკიტა ეხება იმ სამღვდელოების საკითხს, რომელიც კონკრეტული მატერიალური სარგებლის გამო არ იღებდა უაღრესად მნშვნელოვან საკითხებზე ხმას: „ტფილისის ქართველი სამღვდელოება ფაქტიურად აღარ არსებობს, ის ჩაჰყლაპა საკათ. საბჭომ! აქ შეჰკრიბეს ეს ხელოვნურად უმთავრესი ვინტები ამ სამღვდელოებისა და ჯამაგირის თუ პაიოკების სახით ბურთი ჩასჩარეს პირში, რომ ხმა არ გაიღონ: „შენც სუ და მეც სუო!“ ამგვარ ტრაგიკულ ვითარებაში შეუძლებელია, რომ ბერ-მონაზვნობას შეენარჩუნებინა საკუთარი ღირსება და პრინციპულობა: „დავრწმუნდი, რომ ბერობა სულ ერთიანად გაკოტრდა ჩვენში! ამათ საკუთარი თავის მეტი არა სწამთ რა! საზიზღარი ლაჩრები ყოფილან! მხოლოდ თავის უბადრუკ სიცოცხლეს დაჰკანკალებენ! ამათ თავდადებისა, ქვეყნისათვის თავგანწირვისა არა ესმისთ რა!“ თალაკვაძე ასევე საუბრობს ე. წ. ფიქტიურ ავტოკეფალიაზე, რომლის დროსაც გარეგნულად კი არსებობს ეკლესია და კათოლიკოსი, მაგრამ რეალურად ეკლესია ხელისუფლების გავლენის ქვეშაა: „ხელისუფლებამ ანდერძი აუგო ეკლესიას საქართველოში. საქართველოში ფაქტიურად ისევ რუსეთის ეკლესიაა გაბატონებული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქოს კათოლიკოსს ემორჩილებიან. ნამდვილად კი კათალიკოსიცა და მისი სამღვდელოებაც მათ ემორჩილებიან, მათ ემსახურებიან“.
_ თავად ავტორის პიროვნების უნიკალურობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მას პირადი ნაცნობობა ჰქონდა საქართველოს პატრიარქებთან…
_ ნიკიტა თალაკვაძე პირადად იცნობდა საქართველოს ეკლესიის შვიდ პატრიარქს. სიკვდილამდე ერთგულებდა კირიონს, თუმცა ღიად აკრიტიკებდა იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც მის სიცოცხლეში თუ სიცოცხლის შემდეგ გახდნენ პატრიარქები. „დღეს საეპისკოპოსო ღირსებად არის მიჩნეული მხოლოდ ერთი გარემოება _ უნდა იყო „ქვრივი“, მაგრამ შეიძლება გყავდეს ხასად რუსი დედაკაცი!.. გორიდან ისევ დაბრუნდა „ქრისტეფორე ურბნელი“, _ ყოფილი „მანგლელი“! მას არ ეთმობა თბილისი, სადაც ოჯახურად არის მოწყობილი _ ყოფილ სამხედრო ტაძრის ბინაზეა გაჭიმული (საპიორნი ქუჩაზე)… ანტიკანონიური მოვლენაა _ ორი დამოუკიდებელი ეპარქიის ეპისკოპოსნი ერთ ქალაქში! მაგრამ ან კი სადღა შეიძლება დღეს რაიმე „კანონიურზე“ ლაპარაკიც კი! ჩვენმა ეკლესიამ დაჰკარგა თვისი იალქნები, შემოაფხრიწეს მას ეს იალქნები და აფრაც დაუმტვრიეს მას… ვინ?.. ისევ მისმა უღირსმა შავრაზმელმა, თვალ-მაქც-ფარისეველ-სადდუკეველ მღვდელმთავართა, მღვდელთა და მწიგნობართა!.. ქრისტეფორე კათალიკოსი (ყოფილი დეკანოზი ციცქიშვილი, ჩვენი ეკლესიური ცხოვრების ამრევ-დამრევი და შემბილწველი კირიონ-კათალიკოსის დროს _ შუბლაძე დეკანოზთან ერთად) დღეს ზის სულ-განაბული, ხმაჩაკმენდილი, ცახცახებს თავისი პირადი ცხოვრების შენარჩუნებისათვის, ტრიალებს ცოლ-შვილში („ცოლად“ ჰყავს რუსი დედაკაცი _ კუხარკა _ ვარვარა სერგეევნა, ხან სურამში, ხან ტფილისში) თუ თავის სახლ-კარ მამულში სურამში, მიდის-მოდის სურამსა და ტფილის შუა; დამფრთხალ ღვდლებს, სოფლებიდან მასთან საჩივლელად ჩამოსულებს, ის თვით თავისთავს აბრალებს და მიათრევს თავის უბადრუკ დღე-წუთისოფელს აგრე!..“ ნიკიტა იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორეს შვილის _ ლელიას სტუმრობას, როდესაც ამ უკანასკნელმა უამბო, რომ: „მამა ჩემმა დასაბუთებული, მკაცრი ქაღალდი შეიტანა საქ. „ცაკში“ და მოითხოვა ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებაო… „მე კათალიკოზობა რად მინდოდა! თქვენი ბრძანებით ვიკისრე ეგ მოვალეობაო!“
ნიკიტა თალაკვაძე ბევრს საუბრობს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შესახებ და ბრალს სდებს მას კირიონის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებებში. იგი ასევე წერს: „ამა იანვარს, საკათ. საბჭოში მომხდარა სხდომა, სადაც დაისვა საკითხი _ „მოსაყდრის“ შესახებ. შესთავაზეს მოსაყდრეობა კალისტრატე ცინცაძეს, რომელიც მიტროპოლიტობს ქვაშვეთის ტაძარში. მისთავაზა „მისაყდრეობა“ ქლესა მირიანაშვილმა დეკანოზმა: „თქვენზე უკეთესი, თქვენზე უნეტარესი და უწმინდესი სად უნდა მოვნახოთო“! კალისტრატე, რომელიც ამბროსის სიცოცხლეშივე სცდილობდა ამბროსის გადმოგდებას და მისი ადგილის დაჭერას, რომელიც კათალიკოსობისათვის ცოლს გაეყარა და ერთი აყალ-მაყალი გამოიწვია საზოგადოებაში, მაგრამ მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ქრისტეფორემ ხელიდან გამოსტაცა კათალიკოსობა, ეხლა განაზდა, უარი განაცხადა, 20 წუთის განმავლობაში სულ უარს ამბობდა, შემდეგ განაცხადა: „იყოს ნება ღვთისაო“. და დასთანხმდა!.. და მიაღწია თავის სურვილს, გახდება კათალიკოსი! მგონი არც ხელისუფლება გაუხდება მას ამ ჟამად წინააღმდეგი, კალისტრატემ უკვე დაიმსახურა ნდობა…. ის გაკათალიკოსდება უსათუოდ…“
ნიკიტა თალაკვაძე ეფრემ სიდამონიძის (შემდგომში პატრიარქი) შესახებ წერს: „ეფრემი ეს სულ 4-5 წელიწადია, რაც ეპისკოპოსად აკურთხეს; აკურთხა ის ქრისტეფორე კათალიკოსმა. ეფრემი გვარად სიდამონიძეა, ქართლელი. ტფილისის სემინარიის ოთხი კლასი აქვს დასრულებული. არის წამკითხავი, მგალობელი, ენა ჭარტალა, ახალგაზრდა _ სულ არ იქნება 30 წლისა. ეპარქიაში არავინ არის და არც ეს მიდის. ჯერ ნავთლუღის წმ. ბარბალეს სამრევლოში იყო მღვდლობის ადგილზე, იქიდან მამადავითში, აქედან სიონში გადაიყვანა ქრისტეფორემ თავისთან _ ისევ ღვდლის ადგილზე. არის ეფრემი ძლიერ გართული რუსის „მორწმუნე დედაკაცობაში“, ესენი უზიდავენ მას შაქარს, პურს, საცვლებს და ყოველივე ასეთს, ხელს უწყობენ _ „ინტერესნი“ ეპისკოპოსს. ესეც აფერისტობს, რაც ძალი და ღონე შესწევს და სარგებლობს თავის „ახალგაზრდობით“ და დროით, „Катается, как сырь в масле“, _ როგორ რუსები იტყვიან. ეს ეფრემი, „ჭრიჭინად“ წოდებული, ვერ დაინახა „კარგ თვალზე“ ახალმა კათალიკოსმა კალისტრატემ. ამან განიზრახა მისი სიონიდან განდევნა; …სად მიშვებთ, რომ მგზავნით?! სად წავიდეო?! რატომ თქვენ არ გადიოდით ეპარქიაში და სულ ქვაშვეთში იჯექით, სანამ კათალიკოსობა არ იგდე ხელთაო! _ უპასუხა კალისტრატეს ეფრემმა და ასტყდა შფოთი! გაიმართა მიწერ-მოწერა, სინოდში ამ მიწერ-მოწერის გარჩევა და შფოთი!.. მაგრამ როგორი იყო ჩემი განცვიფრება, როდესაც ეფრემ ეპისკოპოსი 10 ამა მარტს, საღამოს 11 საათზე, კარს მომადგა, დაღუნა თავი და ჩემს ბინაში შემოვიდა, ჩემს ცოლ-შვილში! მეტად აღელვებული იყო. მოსვლისთანავე ცივი წყალი მოგვთხოვა, მივართვით, დალია, თან კანკალებდა, ღელავდა, ერიდებოდა და თითქოს სცხვენოდა კიდეც. თავისი თავგადასავალი და ის „აუტანელი“ დევნა-ყვედრება და ინტრიგები, რომელსაც ის განიცდის სიონში _ კათალიკოსისაგან, დეკ. ტყემალაძისაგან, სინოდის კანცელიარიის გამგის დეკ. ნაცვლიშვილისაგან, რომ მას სიონში აღარ აყენებენ, სხვაგან წასასვლელი გზა არსად აქვს; …ბოლოს ის გამოვიდა, რომ იძულებული ვარ _ ანაფორა გავიხადო და რომელიმე ინსტიტუტში შევიდე სასწავლათო, რას მირჩევთ თქვენ ამ ჩემს განზრახვისა გამოო?!.“ ამის შემდეგ ნიკიტა სწორედ იმას წერს, რაც ზედმიწევნით შეესაბამება ჩვენს დღევანდელ სიტუაციას: „მიკვირს-გამკვირებია კალისტრატეს უტაქტობა, გულქვაობა-განუკითხაობა. განა ასეთ შემთხვევაში აგრე უნდა მოექცენ ერთმანეთს ეპისკოპოსები?! ქვეყანას ცეცხლი ეკიდება, ეკლესია თავზე დაენგრათ, ხელში ჩაეფუშათ და ესენი მაინც განაგრძობენ ჭიდაობას, შფოთს, ჭეშმარიტად ღვთისაგან და ისტორიისაგან განწირული ყოფილან ჩვენი სამღვდელო პირნი! ამათში არავითარი რწმენა, არავითარი სათნოება, არავითარი ღვთისნიერობა არ ყოფილა! ეშმაკის კერძნი გამხდარან და დეე ეშმაკსაც წაუღია მათი სულიცა და ხორციც!“
ნიკიტა რიგ საკითხებში დროს უსწრებს და ისეთ თემებზე საუბრობს, რაც ჩვენთვის დღესაც პრობლემატურია.
_ განმარტე რას გულისხმობ?
_ მაგალითად, იგი დადებითად უყურებს სომეხთა კათალიკოს გევორქ V-ს მიერ სიონის ტაძარში კირიონისა და ლეონიდისადმი გადახდილ პანაშვიდს. 1923 წელს საუბრობს, თუ რატომაა აუცილებელი ეკლესიაც ახალ სტილზე გადავიდეს. ნიკიტა ღიად აკრიტიკებს რუსების მიერ დაწესებულ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც მღვდლებს მიტრით აჯილდოებენ: „ჩვენს დროში, როდესაც მონარქებს და მეფეებს გვირგვინები თუ მიტრები თავიდან მოჰხადეს, ჩვენში მღვდლებს _ დეკანოზებს უპირებდენ მიტრებით დაჯილდოებას და, საზოგადოდ, როდესაც ყოველივე ჯილდოები და ჩინები მოისპო ყველა უწყებებში, აი, ჩვენს ეკლესიაში სურდათ აღედგინათ პირველ საეკლესიო კრების მიერ უარ-ყოფილი და მოსპობილი ჯილდოები!“ ნიკიტა კრიტიკულად საუბრობს ქართულ ემიგრაციაზეც: „ეჰ! უბედურო, ემიგრანტებო! მაქაც ვერ ისვენებთ! სამარცხვინო კინკლაობაში ამოგდით მაქაც სული!.. ქართველები მა რის ქართველებია, თუ არ „იკინკლავეს“ და „იქიშპეს“ ერთმანეთში!.. ჰგონიათ, სამსახურს უწევენ სამშობლოს… უცხოეთიდან!.. მახლას!.. ჭეშმარიტად „სასაცილო მდგომარეობაა“, რომ ამავე დროს სატირალიც და სავალალოც არ იყოს ჩვენი მდგომარეობა შინ თუ გარეთ!..“
ასეთია ძალიან მოკლე პასაჟები ნიკიტა თალაკვაძის ცხოვრებიდან და დღიურებიდან, რომლის გაცნობაც აუცილებელია საქართველოს მოსახლეობისთვის.
_ რატომ აუცილებელი? საინტერესოა, მესმის, მაგრამ შენ თქვი, რომ აუცილებელი…
_ ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი უბედურების საწყისი ისტორიის უცოდინარობა, სწორედ ამ უცოდინარობით სარგებლობს მტერი და ჩვენს სისუსტეს კარგად იყენებს. ბოლო პერიოდში ერთგვარი ტენდენცია შეიქმნა, რომ კირიონიდან დაწყებული დღემდე, ყველა პატრიარქი, „დადებითია“ და ასე იქნება მომავალშიც, რაც მანიპულირების საშუალებას აძლევს მტერს. ამ მიდგომას ძირშივე სპობს ნიკიტა თალაკვაძის დღიურები, ამიტომაც ჰქონდა და აქვს მავანს მის წინააღმდეგ გამოცხადებული ხმალამოღებული დევნა, რომელიც უნდა გადავლახოთ. არ შეიძლება ისტორიული ფაქტების გაყალბება, ამისთვის კი აუცილებელია, რომ უფრო კარგად ვისწავლოთ ისტორია, რათა მომზადებული ვიყოთ იმ პრობლემებისთვის, რაც აწმყოში ხდება ან მომავალში შეიძლება მოხდეს.

გეგა სილაგავა

გაზიარება