QronikaPlus
დათო გამცემლიძე: „ეკლესია ნაწილობრივ დესაკრალიზებულია“

დათო გამცემლიძე: „ეკლესია ნაწილობრივ დესაკრალიზებულია“

2019-11-08 08:05:14

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ეკლესიასა და სახელმწიფოში არსებულ გამოწვევებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა: _ შევაფასოთ საქართველოში დღეს არსებული ვითარება, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და ეკლესიის პრიზმაში... ძალიან მარტივი კითხვით, _ რა ხდება? _ არაფერი მოულოდნელი და, რაც მთავარია, არაფერი უჩვეულო არ ხდება, რაც საკმაოდ იოლ ახსნას არ ექვემდებარება. „სისტემათა თეორია“ მარტივად განმარტავს შექმნილ ვითარებას და მიმდინარე სისტემურ კრიზისსაც: ეს არის შედეგი ვითარებისა, როდესაც თავისი არსით არქაული, წინა ეპოქებისთვის დამახასიათებელი სისტემის ინტეგრირებას ცდილობენ სრულიად სხვა, მოდერნულ სისტემაში. აქ არც „არქაული“ და არც „მოდერნული“, თავისთავად, ნეგატიური ან პოზიტიური კონოტაციის ტერმინი არ არის. უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა: როდესაც ღრმა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტი, ყველა სისტემური ატრიბუტით, ხვდება მოდერნულ სისტემაში, _ მისი სიტყვის თავისუფლებით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თვისებრივად განსხვავებული მიმართებებით, ბოლოს და ბოლოს, სულ სხვა სოციო-ფსიქოლოგიური მატრიცით, ამგვარი „სისტემური გარღვევა“ უეჭველად მოსალოდნელი იყო და მოხდა კიდეც. _ მაგრამ რა ვუყოთ იმ ვითარებას, როდესაც „მოდერნ“ ხელისუფლებები, მუდმივად ცდილობენ „არქაულ“ ინსტიტუციასთან არათუ ფლირტს, არამედ მასთან ურთიერთობისთვის ირჩევენ საკმაოდ მახინჯ, სწორედაც რომ, ფეოდალური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ურთიერთობის ფორმებს. იგივე ხდება ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოსთან მიმართებით. _ საქართველოს სახელმწიფო არ არის პირველი, რომელიც ეკლესიას იყენებდა, როგორც ლეგიტიმაციის წყაროს. ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლება, არამედ სახელმწიფო. ზუსტად ეს ახასიათებდათ არქაულ სახელმწიფოებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ახასიათებდეს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს _ მისი პლურალიზმით და ხელისუფლებათა არჩევითობით, სამოქალაქო საზოგადოებითა და კრიტიკული მედიით. შესაბამისად, მოხდა ის, რასაც სისტემათა თეორიაში ეწოდება „სისტემური გადაძაბვა“ და რაც აუცილებლად უნდა დასრულებულიყო ამგვარი ან დაახლოებთ ამგვარი „გარღვევით“. ადრე მოხდებოდა თუ გვიან, ამას სისტემური მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს: ეკლესიას დაეკისრა ფუნქცია, რომელსაც იგი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, დიდხანს ვერაფრით შეასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, ხსენებული „სისტემური გადაძაბვის“ გარეშე. _ იქნებ, უფრო განმარტო ეს პასაჟი? _ მარტივ მაგალითზე თუ დავიყვანთ: შუა საუკუნეებში სისტემა მდგრადობას იმით შეინარჩუნებდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართ „სოდუმური ცოდვის“ ბრალმდებელს, თუ დაუყოვნებლივ არ დაამტკიცებდა ამ საზარელ ბრალდებას, იმპერატორის ბრძანებით თავს მოჰკვეთდნენ ან ძელზე გასვამდნენ. ასე დაიცავდა თავს სისტემა ყოველგვარი „გადაძაბვის“ გარეშე. დღეს, საბედნიეროდ, ამგვარი ბრალდება, მხოლოდ და მხოლოდ, სატელევიზიო ტოქშოუების თემა თუ ხდება. ეს არის და ეს. _ ანუ ამბობ, რომ ეს ეპოქალური შოკი, სატელევიზიო და საზოგადოებრივი მსჯელობის მიღმა, ძნელია, ღრმა შინაარსის მატარებელი გახდეს, თუნდაც მეუფე პეტრეს განცხადებების კონტექსტში? _ რაც შეეხება მეუფე პეტრეს მდაბიო ჭორაობას პატრიარქის სექსუალურ ორიენტაციაზე, ამან მხოლოდ გააძლიერა ეკლესიის უმაღლესი იერარქიის პოზიციები და გადაფარა ნამდვილად არსებითი თმები. _ რომელ თემებს გულისხმობ? _ მაგალითად, როგორიც უნდა ყოფილიყო მეუფე იაკობის განცხადება ხელისუფლების ჩარევის შესახებ ეკლესიის შეუვალ უფლებამოსილებებში, საპატრიარქოს ფინანსების ხარჯვის გაუმჭვირვალობა, არაფორმალური გავლენები, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება და ა. შ. არადა, ეს უმნიშვნელოვანესი თემები ამ მდაბიო ჭორაობის ფონზე აღარავის გახსენებია. _ მაგრამ დამეთანხმე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აცხადებს შემდეგს: „თუ მეუფე პეტრე მართალია, უნდა გაჩუმებულიყო?“ _ როდესაც ასეთ ბრალდებებს აჟღერებ, კეთილი უნდა ინებო და ფაქტები დადო ან უკვე ხსენებული „მოწმეები“ მოიწვიო მედიის წინაშე, როგორც ეს ხდება დასავლეთში ამგვარი მხილებების დროს. სხვა შემთხვევაში _ „მე ვთქვი და ახლა იმან იმართლოს თავი“ _ სწორედაც მდაბიო ჭორაობაა და მეტი არაფერი. ილია შიოლაშვილი 86 წლისაა. შეგახსენებთ უტყუარ გარემოებას: დიდი ისტორიული ფიგურა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, 1970-იან წლებში უმწვავესად აკრიტიკებდა ეკლესიის იმდროინდელ უმაღლეს იერარქიას, ილია მეორესაც და მის წინამორბედ დავით V-ს უამრავი მანკიერებისთვის, რაც მაშინაც სუფევდა, მათ შორის, იმავე სოდომური ცოდვით შეპყრობილთა მიმართ უკმარი შეურიგებლობისთვის. მაგრამ ზვიად გამსახურდიას არასდროს დაუდანაშაულებია ისინი თავად სოდომურ ცოდვაში. საეჭვოა, ამის მიზეზი რაიმე „მორიდება“ ყოფილიყო. მით უმეტეს იმ გადამწყვეტ მომენტში, 1977 წელს, როდესაც ეკლესია ახალ წინამძღოლს ირჩევდა. _ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში ისტორიულად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორ მიგაჩნიათ, ის პროცესები, რაც ეკლესიის წიაღში მიმდინარეობს, რამდენად აისახება ქართულ საზოგადოებაზე და სახელმწიფოზე, რამდენად არის ეს პროცესები განვითარების ხელშემწყობი თუ შემაფერხებელი ფაქტორი? _ არავინ უარყოფს ეკლესიის ისტორიულ როლს, მაგრამ არც ერთ დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ეკლესიას არ ეკისრება ის ფუნქცია, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაეკისრა თანამედროვე საქართველოში. ეკლესია საკრალურობას ეფუძნება მისი არსით, ხოლო თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, მაშინ იმ აზრს უნდა შევურიგდეთ, რომ დემოკრატიაში არავინ და არაფერია საკრალური თვით დემოკრატიის გარდა. ვგულისხმობ ხელისუფლების არჩევითობას, ხელისუფლებათა ცვალებადობას, სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს. ეკლესიური მსოფლაღქმა ამ ღირებულებებთან ხშირ შემთხვევაში შეუთავსებელია, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკლესიას ფუნქცია საერთოდ არ გააჩნია. მაგრამ ეს ფუნქცია, დაახლოებით, იმავე სიმბოლური ხასიათისაა, როგორც კონსტიტუციური მონარქია. სულ სხვაა ეკლესიის საზოგადოებრივი ფუნქცია. ამ ორ მიმართულებას ჩვენში ხშირად აიგივებენ, რაც შეცდომაა. _ დამეთანხმე, რომ ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპული ქვეყნების ეკლესიები გარყვნილების ბუდეა და ათეისტების კრებული, ამიტომ ამ შედარებას ეს საზოგადოება ძნელად გუობს. _ პოსტკომუნისტური პროპაგანდის გადმონაშთია, თითქოს ევროპული საზოგადოება „ათეისტური საზოგადოებაა“ და რომ თითქოს რელიგიას, მათ შორის, ქრისტიანულ რელიგიას, ევროპაში არანაირი საზოგადოებრივი ფუნქცია არ ეკისრება ადამიანის სულიერი სრულყოფისა და ზნეობის თვალსაზრისით. მაგრამ ეკლესიის სახელმწიფოებრივი ფუნქცია სულ სხვაა. _ რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც დეკლარირებულია სეკულარიზმის პრინციპი, ამის მიუხედავად, სახელმწიფი ხშირად ერევა ეკლესიის საქმეებში, ხოლო ეკლესია _ სახელმწიფოსაში, რამდენად სარგებლიანი ან საზიანოა ეს პროცესი? და, ზოგადად, ეკლესია და რეფორმები როგორ ჯდება ამ მოვლენების კონტექსტში? _ პარადოქსული ვითარება მივიღეთ: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ეკლესია ნაწილობრივ დესაკრალიზებულია, მაგრამ რაკი ამ დესაკრალიზაციის „აღმძრავი“ გახდა არა რაიმე არსებითი საკითხი, რეალური პრობლემები, არამედ მდაბიო ჭორაობა პირად თემაზე, ეკლესიის უმაღლესი იერარქიის პოზიცია მხოლოდ გაძლიერდა. შეუძლებლია ასე სისტემის რეფორმირება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სინოდში არიან ძალები, რომლებიც მოითხოვენ „სინოდალური მმართველობის“ შემოღებას, ანუ პატრიარქის ტახტის გაუქმებას, რაკი, მათი აზრით, სინოდალური მმართველობა უფრო შეესაბამება ახალ ეპოქას. ოღონდ თუ ასეთი განცხადებებით და მდაბიო, დაუსაბუთებელი ბრალდებებით აპირებენ რეფორმაზე მსჯელობის დაწყებას, უკუშედეგს მიიღებენ, ხოლო სახელმწიფო-ეკლესიის „შეზრდილობა“ კიდევ უფრო გაძლიერდება. _ როდესაც საუბრობენ პრორუსულ ძალებზე თუნდაც ეკლესიის წიაღში, ადამიანების უმეტესობა კითხულობს, _ აგენტია? ან იმპერატიულად ამბობს ამას. როდესაც განუმარტავ, რომ ინტერესების გამოხატვა არის იდეოლოგიური თანხვედრა ან იდეოლოგიის რეალიზება, ვერ იგებენ. რამდენადაც შესაძლებელია, იქნებ ახსნა, როგორც ისტორიკოსმა, რას ნიშნავს დღეს იყო პრორუსი ან პრორუსული ძალის წარმომადგენელი არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ პოლიტიკაში? _ რუსეთს საუკუნოვანი იმპერიული გამოცდილება აქვს და ამ ქვეყნის ელიტებმა ტრადიციულად იციან, რომ კონტროლის ყველაზე ქმედითი ტექნოლოგია ინტერესთა თანხვედრაა და არა მაინცდამაინც შანტაჟი ან ბანალური მოსყიდვა მატერიალური სიკეთით. „ინტერესთა თანხვედრას“ ხშირად უდიდესი ცბიერებით, ოსტატობითა და მზაკვრობით ქსოვენ, შემდეგ კი აყენებენ პარტნიორს არჩევანის წინაშე „ცუდსა და უარესს“ შორის. აი, მაგალითად, განსახილველ თემაზე თუ მოვახდენთ ამ დებულების პროეცირებას: საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქია არ ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას და ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობა მოსკოვის საპატრიარქოსთან. ზოგ შემთხვევაში მიზეზი შესაძლოა, პირდაპირი ზეწოლა ან კომპრომატებიც იყოს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მუშაობს ხსენებული ბადე, რაც მოსკოვმა მოქსოვა. მარტივი ილუსტრაცია ამ ტექნოლოგიისა: აფხაზეთში არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა, თუმცა მოსკოვმა დაითანხმა სოხუმი, შეეშვა აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქართველი კლირიკოსი ღვთისმსახურების აღსასრულებლად. ამაზე არ ლაპარაკობენ ღიად, მაგრამ კომპეტენტური წყაროები ადასტურებენ: ნამდვილად ასეა. მიზანი ისაა, რომ გააძლიეროს ურთიერთობათა შენარჩუნების მოტივაცია, მისცეს „სათქმელი“ იმ ძალებს, ვისაც არ სურს მოსკოვთან ეკლესიური „გაყრა“, რაკი რუსეთი, თითქოსდა, „უნარჩუნებთ ძაფს აფხაზეთთან“. ამ ძალთა წარმომადგენლები იქცევიან „გავლენის აგენტებად“ და ისინი ბევრად საშიშნი არიან, ვიდრე რეალური „სექსოტები“, რადგან ხშირ შემთხვევაში არა პირად, არამედ საზოგადო ინტერესებზე აპელირებენ. _ ჩვენი საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის თვალსაწიერი, სამწუხაროდ, შეზღუდულია და მისთვის აქტუალურია მხოლოდ ის, რაც აქ ხდება. თითქოს აქ წყდება მსოფლიოსა და კაცობრიობის ბედი და თითქოს გარე სამყაროში მიმდინარე პროცესები არ განსაზღვრავდნენ, გარკვეულწილად, ჩვენს სამომავლო პერსპექტივას. რატომ ხდება ეს, ამის მიზეზებზე ახლა საუბარი არც ღირს, მაგრამ იმაზე ვისაუბროთ რა ხდება ახლა მსოფლიოში ისეთი, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს, როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკაზე? _ გეთანხმებით, რომ ნამდვილად გადაჭარბებული და დამაზიანებელია, მაგალითად, საპატრიარქოში მიმდინარე ინტრიგების ისე აღქმა ან ისე წარმოჩენა, თითქოს ლაპარაკია გლობალურ ეკლესიაზე მილიარდნახევრიანი მრევლით. ზომიერება ყველგან და ყოველთვის სასარგებლოა, მით უმეტეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესთა ფონზე, როდესაც პირველად ცივი ომის დასრულებისა და NATO-ს ყოფილ სსრკ-ს საზღვრებამდე გაფართოების შემდეგ, გამოჩნდა მსოფლიოს ამ რეგიონის ხელახალი „გადანაწილების“ ნიშნები. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს პროცესი სასარგებლოა თუ არა საქართველოსთვის, ანუ დასრულდება ჩვენი ქვეყნის საბოლოო ინტეგრაციით ევროატლანტიკურ სივრცეში თუ პუტინი შეძლებს ისტორიის ბორბლის შებრუნებას და საქართველოს შეთრევას ან შეტყუებას მოსკოვის განახლებული „დერჟავის“ ფარგლებში, რისი სურვილიც ნამდვილად აქვს. ამჟამად კრემლი ყველანაირად აძლიერებს თავის გავლენას „შუა აღმოსავლეთში“, რათა „გადაცვალოს“ ეს გავლენა მოსკოვისთვის ბევრად მნიშვნელოვან პოსტსაბჭოურ სივრცეზე! მიიღებს თუ არა დასავლეთი ამგვარ „კონვერტაციას“, გაიმარჯვებენ თუ ვერა დასავლეთში ის ძალები, ვისთვისაც ამგვარი „გაცვლა“ მიუღებელია, სწორედ ესაა, ჩემი ღრმა რწმენით, „სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი“ საქართველოსთვის. _ აშშ ისევ საქართველოს გვერდით არის. ბოლო საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის გარკვეულმა ნაწილმა მას წაუყრუა, მართლაც ისტორიულია. მნიშველოვანია, რომ მალე აშშ-ს საქართველოში ელჩიც ეყოლება. რას ნიშნავს ეს პროცესი? ჩვენ ვბრუნდებით აშშ-ს აქტიური პოლიტიკის ინტერესის სფეროში? _ ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა და უკვე დაახლოებით 20 წელია _ ოღონდ არა უმეტეს, საქართველო გაჩნდა მის „რუკაზე“. ერთადერთი სახელმწიფო, ვისაც ძალუძს, რუსეთთან „ვაჭრობის“ გეგმებსა და ღირებულებით კაპიტულაციას წინ აღუდგეს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენს სამეზობლოში _ სამხრეთით, მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა, გაზარდოს ვაშინგტონის მოტივაცია, რათა ეძებოს ჩვენსავე რეგიონში (ამერიკელები ამ რეგიონს „დიდ შუა აღმოსავლეთს“ უწოდებენ) ისეთი „საყრდენი ქვეყანა“, რომელიც მას პრობლემებს არ შეუქმნის გეოპოლიტიკური ამბიციებით. სწორედ ასეთი ქვეყანაა საქართველო. ჩემი აზრით, ამერიკის ელჩის დანიშვნაც და კონგრესის რეზოლუციაც ამ გეოპოლიტიკური რეფლექსიის გამოვლინებაა, რაც ახლა ვაშინგტონში მიმდინარეობს საქართველოს მიმართ. მაგრამ რამდენად გამოვიყენებთ შანსს, ქართულ ელიტათა (არა მხოლოდ ხელისუფლების) პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. _ მედიამ და ანალიტიკოსებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ერთი „უწყინარი“ ინფორმაცია: USAID-ი საქართველოში იწყებს ოთხწლიან პროგრამას პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების განვითარებისთვის. გამოყოფილია 14 მილიონი აშშ დოლარი და პროექტში ჩართული იქნება 9 საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორ ფიქრობ, რაზე მეტყველებს ეს გადაწყვეტილება? _ ეს გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება და იმაზე მეტყველებს უეჭველად, რომ ნებისმიერი გეოპოლიტიკური პროექტი, საქართველოს ჩართვით, უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამერიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია მაშინ, როდესაც ისედაც ადანაშაულებენ ზოგჯერ ღირებულებათა იგნორირებაში გეოპოლიტიკური მოკავშირეების შერჩევისას. ამას მოგახსენებდით სწორედ, რომ ამ პროცესში ბევრი რამ ქართულ ელიტათა პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ნამდვილად პატიოსანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ხოლო ოპოზიციამ _ გამორიცხოს რევოლუციური სცენარი. მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია არათუ დაასუსტებს, არამედ გააძლიერებს საქართველოს ისტორიულ შანსს. _ რამდენად პოზიტიურია საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან? _ საქართველო ასოცირებულია ევროკავშირთან და ამ ასოციაციამ უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგი თუნდაც ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით; ასევე შვება მოუტანა ათეულობით ათას ადამიანს, ვინც ევროკავშირში დასაქმდა. არაფერი ცუდი ამ პროცესში არ არის. პირიქით. ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზზე. მაგრამ, მთლიანობაში, ევროკავშირთან ასოცირება შეიძლება იყოს „ფონი“ საქართველო-აშშ-ს შემდგომი დაახლოებისთვის. ჩვენ ამჟამად ისეთ სისტემურ მოცემულობაში ვართ, რომ რეალური სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე შეიძლება მივიღოთ. ამის უნარი კი თანამედროვე დასავლეთში, მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკას აქვს. რამდენად მოინდომებს ან მიზანშეწონილად ჩათვლის ჩვენს შემთხვევაში, სხვა საკითხია. _ როგორც ისტორიკოსმა და ადამიანმა, რომელსაც საკმაოდ უხვი, დივერსიფიცირებული ინფორმაცია აქვს, ერთმნიშვნელოვნად შეგიძლია თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია? ზოგადად, რა არის ის თვალში საცემი ფაქტორები, რაც ოპოზიციას ან თუნდაც ექსპერტებს აიძულებს მიუთითონ, რომ ხელისუფლება პრორუსულია და პირიქით, რით ამყარებს ხელისუფლება საკუთარ ვექტორს დასავლეთისკენ? _ დღევანდელი ხელისუფლების „პრორუსულობის“ პროპაგანდა აზიანებს საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის ღირებულებას, რადგან აშკარად თითიდან გამოწოვილი და პროვოკაციული ბრალდებაა. „პრორუსული“ იქნება ის ხელისუფლება ან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად დასვამს საკითხს NATO-სკენ სწრაფვის შეწყვეტის, საქართველოს ნეიტრალიტეტის _ რაც სრული აბსურდია ჩვენს პირობებში, ევროკავშირთან ასოცირების გაუქმებისა და მოსკოვის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროექტებში _ დსთ-დან დაწყებული, ინტეგრირების ან მათში დაბრუნების შესახებ. როდესაც ხელისუფლება არც ერთ ამ ნეგატიურ „ინდიკატორს“ არ აკმაყოფილებს და მაინც „პრორუსულობას“ აბრალებენ, ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება ნამდვილი პრორუსულობის „ლეგიტიმაცია“, ანუ მოსწრებული ჟარგონით თუ ვიტყვით, „გაპრავება“, რადგან გამოდის, რომ, ჯერ ერთი, მილიონზე მეტი ადამიანი „პრორუსულ ხელისუფლებას“ უჭერს თურმე მხარს არჩევნებზე და მეორეც: ნამდვილად პრორუსულ ძალებს ეძლევათ სახიფათო „სათქმელი“: პრობლემა ის ყოფილა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უბრალოდ ვერ ახერხებდა ჩაფიქრებული „პრორუსული კურსის“ განხორციელებას, ისინი კი იმავე კურსს უფრო თამამად და ნიჭიერად განახორციელებენ. საწუხაროდ, ამ საფრთხეს ვერ ამჩნევს ან უგულებელყოფს ის ხალხი, ვისაც პარტიული თუ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე „პრორუსულობა“ აბსურდამდე დაჰყავს და შედეგად შესაძლოა, ნამდვილად პრორუსული ძალების გახელისუფლებაც მიიღონ. _ საკმაოდ საინტერესო მსჯელობა იყო ხელისუფლების „პრორუსულობასთან“ დაკავშირებით, მაგრამ რადგან თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამაზე ცალკე _ ვრცელ ინტერვიუში ვისაუბროთ, უფრო მეტი კონტრარგუმენტით, რომელიც ისმის საზოგადოებაში. და ახლა ბოლო კითხვა, _ რა არის ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო, ქართული სახელმწიფო დგას? _ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: დღეს არ არსებობს საქართველოში იმაზე დიდი გამოწვევა, იმაზე დიდი საერთონაციონალური ამოცანა, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდობიანად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაა. ამ არჩევნებს „გამადიდებელი შუშით“ დააკვირდება მტერ-მოყვარე და გადაწყვეტილებებსაც, ჩვენს სამტროდ თუ სამოყვროდ, ამის მიხედვით მიიღებენ. 2020 წლის არჩევნებით, ბოლოს და ბოლოს, 30 წლის შემდეგ მაინც უნდა „შედგეს“ თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელსაც აღარ ეშინია მრავალპარტიულობის, დემოკრატიის, დემოკრატიული გამოწვევების და არ ცდილობს მათ ნიველირებას ერთპარტიულობითა თუ სხვადასხვა ყაიდის ოლიგარქიული ან ეტატისტური (საზოგადოების პოლიტიზაცია სახელმწიფოს მიერ, _ რედ.) ავტორიტარიზმით. თუ 2020 წლის შემოდგომაზე და შემდგომ, გარდაუვალი კოალიციურობის პირობებში, საქართველო ამ გამოცდას ჩააბარებს, შევინარჩუნებთ ისტორიულ შანსს, თუ ვერა, მაშინ მოდერნიზებული „დერჟავის“ კონტურები უკვე გამოიკვეთა.

გეგა სილაგავა

 

გაზიარება