QronikaPlus
პატრიარქის კურთხევით _ ქუთათელ-გაენათელი მზად იყო, კათოლიკე გამხდარიყო

პატრიარქის კურთხევით _ ქუთათელ-გაენათელი მზად იყო, კათოლიკე გამხდარიყო

2019-06-07 06:08:56

რელიგიებს შორის დაპირსპირებაზე ბევრი რამ გვსმენია, წაგვიკითხავს, გვინახავს კიდეც... მაგრამ ამ პუბლიკაციაში საერთოდ სხვა რამეზე მინდა, ვისაუბრო _ მიმღებლობასა და მიუღებლობაზე და განა რომელიმე ისტორიულად წონად დაპირსპირებაზე, არამედ პროცესზე, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება. ათ ქართველ მართლმადიდებელს რომ ჰკითხო, რატომ ვერ იტანს კათოლიკეს, უმეტესობა დოგმატურ სხვაობაზე კი არ დაიწყებს საუბარს, არამედ გარყვნილ დასავლეთზე და ამ კონტექსტს მიაბამს კათოლიკეებს, რომს, რომის პაპებსაც. ეს უმწიფარი არგუმენტები იმდენად დამთრგუნველად ისმის ხოლმე, რომ საკითხში გათვითცნობიერებულ ადამიანს კი არა, ჭეშმარიტ ქრისტიანს ან, გნებავთ, უბრალოდ, ჰუმანისტს ალმურს მოჰგვრის. არადა, წლების წინათ საერთოდ სხვა სახის დამოკიდებულება მჟღავნდებოდა არათუ რიგითი მრევლის წარმომადგენლებისგან, არამედ საქართველოს ეკლესიის იერარქებისგანაც. იერარქებისგან, რომლებიც, ზოგადად, ქრისტიანობას სიყვარულსა და ურთიერთდათმენაზე დაყრდნობით უნდა ქადაგებდნენ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკეებს, გნებავთ, რომს შორის წლების წინათ სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება იყო. იცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, იმდენად მოწადინებული გახლდათ რომთან კარგი ურთიერთობით, რომ მზად იყო, ქართველი ღვთისმსახურები ფარულად გამხდარიყვნენ კათოლიკეები? მეტყვით, რომ აბსურდს ვამბობ? გიპასუხებთ, _ უყურებთ და ვერ ხედავთ, გესმით და არ ისმენთ! გასული საუკუნის 80-იან წლებში რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების _ არ გულისხმება შერწყმა _ მიზნით ქრისტიანული ერთობის სამდივნო შექმნა. ამოცანა იყო ერთი _ ქრისტიანული სამყაროს წინაშე მდგარ ამოცანებს კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთობლივად უნდა გამკლავებოდნენ. ამ მიზნით იმ საკითხებში, სადაც შესაძლებელი იყო პოზიციების შეჯერება, უნდა მოხდარიყო მაქსიმალური დაახლოება. სამდივნოს ხელმძღვანელად დაინიშნა მისი მაღალღირსება მამა პიერ დიუპრე. ამ სამდივნოს ფარგლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია _ მისი უწმინდესობა აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესებში. ქვემოთ მომყავს დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ, სავარაუდოდ, კათოლიკეების მგმობელებმა არაფერი იციან: „მის მაღალღირსებას, მამა პიერ დიუპრეს, ქრისტიანული ერთიანობის სამდივნოს მდივანს: „ძვირფასო მამაო პიერ დიუპრე, როგორც თქვენთვის ცნობილია, სტამბოლში არსებობს ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. იქ მოღვაწეობდნენ ცნობილი დიდი მამები: მამა მიხეილ თამარაშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი... და სხვანი, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართულ საისტორიო მეცნიერებაში. ბოლო ასი წლის მანძილზე ეს მონასტერი იყო დამაკავშირებელი ხიდი რომის კათოლიკურ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ამჟამად იქ არ არის ქართველი მოძღვარი; ამ მონასტრის პატრონად ითვლებიან პავლე და სვიმონ ზაზაძეები, ეროვნებით ქართველი კათოლიკეები. ზაზაძეებმა და ქართველმა მრევლმა არაერთხელ მომმართეს თხოვნით, საქართველოდან გავუგზავნო მოძღვარი. ვითვალისწინებ რა იმ ფაქტს, რომ ეს არის რომის კათოლიკური მონასტერი, მინდა მის უწმიდესობას, რომის პაპს, იოანე პავლე II-ს წარვუდგინო კონსტანტინოპოლში გასაგზავნი კანდიდატი, არქიმანდრიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, შოთა ილიას ძე, რომელიც მართლმადიდებელია და არის საქართველოს ერთ-ერთი დიდი მონასტრის, ალავერდის წინამძღვარი. ამ საკითხის განხორციელება შემდეგნაირად მესახება: ჩვენ წარმოვგზავნით არქიმანდრიტ კალისტრატეს ვატიკანში. თუ ეს აუცილებელია, იგი მიიღებს კათოლიკეობას და სათანადო საბუთით გაემგზავრება სტამბოლში. საჭიროების შემთხვევაში ნება ეძლევა, მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხორციელება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენ ორ უძველეს ეკლესიას შორის კავშირის განმტკიცებას. ამ წერილს თან ერთვის შემდეგი საბუთები: 1. არქიმანდრიტ კალისტრატეს პასპორტის ასლი; 2. არქიმანდრიტ კალისტრატეს ბიოგრაფია; 3. არქიმანდრიტ კალისტრატეს 5 ფოტოსურათი; 4. მოკლე მიმოხილვა სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის შესახებ; 5. ამ მონასტრის 4 ფოტოსურათი. მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ქრისტესმიერი სიყვარულით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? ანუ ამჟამად ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი პატრიარქ ილია მეორის კურთხევით მზად იყო, უარი ეთქვა მართლმადიდებლობაზე და მიეღო კათოლიკობა. განვმარტო ამ ისტორიული, პოლიტიკური ან, გნებავთ, რელიგიური ფაქტის ნიუანსები? მგონი, არ ღირს და გამგებმა ისედაც უნდა გაიგოს. ახლა სხვა ფაქტიც: 1988 წელს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გამოცემა „ჯვარი ვაზისა“ წერდა, რომ სოფელ ვალეში კათოლიკური ტაძარი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მოილოცა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ თავის სიტყვაში ილია მეორემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის. აი, რა განუცხადა კათოლიკეებს ილია მეორემ: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია, აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება _ მამა, ძე და სულიწმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება მეთერთმეტე საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-საღვთისმეტყველოს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“. ბარემ, აქვე ერთი ფაქტიც, _ საქართველოში ობსტრუქცია მოწყობილ პაპ ფრანცისკზე, ანუ იმაზე, „ცნობილმა“ მამა დავით ისაკაძემ მსოფლიო დონის კომედიანტი რომ უწოდა მას. მოკლედ, როგორ ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს პაპობის 5 წლისთავს: „თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _ რომის პაპის ტახტზე არჩევის 5 წლისთავს. დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი წინააღმდეგობები და პრობლემებით სავსე სიტუაციაა, თქვენი მოღვაწეობა და მშვიდობისთვის ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. დიდი სიყვარულით ვიხსენებ თქვენს ვიზიტს საქართველოში და ჩვენს შეხვედრებს. გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებულ წლებს. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, თქვენთვის მლოცველი ილია II“. აქ არ მოვიყვან წერილს, რომელიც მისმა უწმინდესობამ რომის პაპს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გაუგზავნა, ახალი ფაქტია და ყველას კარგად გვახსოვს. ახლა ცოტა ისტორიაშიც წავიდეთ და ამისთვის მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიერ საქართველოში რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტისას წარმოთქმული მისასალმებელი სიტყვიდან ამონარდს მოვიხმობ: „რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იგი უძველესი დროიდან იღებს სათავეს; ქრისტიანულ რომსა და საქართველოს შორის კი პირველი კონტაქტი IV ს-ში, წმ. ნინოს დროს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სიხარული მაშინდელმა რომის პაპმაც გაიზიარა და წმ. ნინოს მოკითხვის წერილი გამოუგზავნა. თავის მხრივ, წმ. ნინოს მამას, ზაბულონს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ფრანგთა გაქრისტიანებაში და მისი განსასვენებელიც, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებიდან რომის ეკლესიასთან სარწმუნოებრივი ერთობა აღარ გვქონდა, კავშირი არ შეწყვეტილა და იგი სამეცნიერო-კულტურულ-პოლიტიკურ სფეროს მოიცავდა. ამ ურთიერთობის შედეგია ვატიკანში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტი. მათი შედარებით მცირე ნაწილი ფოტოფირების სახით გადმოგვცა მისმა უწმიდესობამ, იოანე-პავლე II-მ და ისინი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. მინდა აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ჩვენი კულტურის განვითარებაში ქართველ კათოლიკეთა შეტანილი წვლილის შესახებაც; აგრეთვე იმ დახმარების თაობაზე, რასაც ევროპაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს უწევს რომის ეკლესია. ჩვენ ვთანამშრომლობთ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა საღვთისმეტყველო დიალოგის ფორმატში; საქართველოს საპატრიარქოში დაწყებულია მუშაობა მრავალტომეულზე, რომელიც წარმოაჩენს განუყოფელი მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას (XI ს-მდე) და მის განხორციელებაში ვატიკანიც მხარდაჭერას აცხადებს. უკვე რამდენიმე კონფერენციაც ჩავატარეთ საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად ბიოეთიკურ თემებთან დაკავშირებით და, ვფიქრობთ, ეს მიმართულება ჩვენი ურთიერთობისთვის კარგ ნიადაგს ქმნის. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ურთიერთობა ოჯახის ინსტიტუტის დაცვის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ოჯახის სიმტკიცე და სიძლიერე ნებისმიერი ერის, ნებისმიერი ქვეყნის სიმტკიცისა და სიძლიერის განმაპირობებელია და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი უნდა ვზრუნავდეთ მის დასაცავად. თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმ. მოციქულ პეტრეს ლოცვით შევთხოვ ღმერთს, დალოცოს ჩვენი ქვეყნები და მთელ მსოფლიოს მომადლოს მშვიდობა და სულიერი წინსვლა“. ისე, რა პარადოქსია, არა, მისი უწმინდესობა ამ სიტყვებით ესალმებოდეს რომის პაპს და ირგვლივ, გნებავთ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან მმკ (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურნი და მისი მრევლი აქციებს მართავდნენ. ჰო, სტადიონზე, მესაზე მისულებს კი ლამის ანათემას გადასცემდნენ! მაგრამ რას გაუგებ საქართველოს საპატრიარქოსა და მის მიერ „ხელდასხმულ“ ღვთისმსახურებს? აქ არაფერს ვიტყვი იმ კონტაქტებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რომისთვის მიმართულ არაერთ თხოვნაზე სხვადასხვა საკითხში. მეტიც, თავს შევიკავებ, განვავრცო ავტოკეფალიის აღდგენის თემა. მაგრამ კითხვას დავსვამ, _ ემანდ, სამღვდელოებასა და მრევლში ბევრს ახსოვს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის წერილი რომის პაპის მიმართ? ან სხვა პატრიარქების კონტაქტები კათოლიკეებთან, რომთან და ისიც, რომ ეს პატრიარქები ახლა წმინდანებად არიან აღიარებულნი? მე არ ვაპირებ დოგმატური საკითხების განხილვას, განსხვავებებზე საუბარს რელიგიურ სწავლებებს შორის, მხოლოდ იმას მივუთითებ _ რელიგია, რომლის თავი და თავი სიყვარულია, საკუთარ პოლიტიკას სიძულვილზე და მიუღებლობაზე რატომ უნდა აშენებდეს? რატომ უნდა ქმნიდეს ბოროტებისა და უწმინდურობის ხატს სხვა რელიგიისგან, მით უფრო მაშინ, როდესაც მისი მღვდელმთავარი (ილია II) გარკვევით ამბობს: ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება _ მამა, ძე და სულიწმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება მეთერთმეტე საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-საღვთისმეტყველოს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... *** კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის, ასე დავარქვათ, არსებულ გაუგებრობებზე რამდენიმე კითხვა დავუსვი თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს: _ როდესაც საქართველოსა და რიგ მართლმადიდებელ ქვეყნებში დასავლური ცივილიზაციის მანკიერებაზე საუბრობენ, ხშირად საუბარი გადადის რელიგიურ პრიზმაში და კათოლიკეების ან, გნებავთ, რომის ზერელე დამოკიდებულებაზე ქრისტიანული რელიგიის მიმართ. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს და როგორია ამ მხრივ ისტორიული მეხსიერება? _ უმთავრესად, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური ცივილიზაცია, კულტურა, ტრადიციები და იდენტობა დგას სამ უძირითადეს ისტორიულ პოსტულატზე, ესენია: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანობა. სწორედ ამგვარმა ტრიადამ განსაზღვრა ევროპული ცნობიერება, მსოფლშეგნება და მენტალიტეტი. ქრისტიანობის ორი ღვთივგანბრძნობილი ბურჯი, მაცხოვრის მოწაფეები _ წმ. პავლე მოციქული და წმ. პეტრე მოციქული _ რომში აღესრულენ და სწორედ იმ ეპიცენტრში მოახდინეს ჭეშმარიტი სარწმუნოების რიჟრაჟი, სადაც წარმართობა, პოლითეიზმი და პანთეიზმი მძვინვარებდა. წარმატებული მისიონერობის, ევანგელიზაციისა და მოწამებრივი აღსასრულის გამო ეკლესიამ ისინი მოციქულთა თავებად შერაცხა და განსაკუთრებული კონტურებით გამოკვეთა მათი ღვაწლი და ამაგი კაცობრიობის წინაშე. სწორედ მათივე შემოქმედებითი მემკვიდრეობის ლოგიკური გამოძახილი იყო ის ფაქტიც, როცა პირველად ცენტრალური რომის იმპერიული ნაწილი აღმოჩნდა 313 წელს ქრისტიანობის ლეგალიზებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ადგილი, სადაც დამტკიცდა სჯულთშემწყნარებლობის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც „მილანის ედიქტის“ სახელითაა ცნობილი. იმ ეპოქიდან მოყოლებული, მიუხედავად ბუნებრივი და ამასოფლისეული წინააღმდეგობებისა, ქრისტეს სჯულისთვის ყველაზე უფრო სასათბურე პირობების გავრცელებისა და აღორძინების სახით საკუთრივ დასავლეთი და ლათინური სამყარო გვევლინება, ცხადია კაპადოკიის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის სკოლასთან ერთად, რომლებიც სულიერი კუთხით სწორედ რომის, ათენისა და იერუსალიმის გენეტიკურ ბაზისზე იდგნენ. _ მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ოჯახში განხეთქილება მოხდა, ვგულისხმობ დიდ სქიზმას... _ XI საუკუნეში ორ ცალკეულ სუბიექტს შორის, ძირითადად, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ნიადაგზე მოხდა განხეთქილება და დაპირისპირება. დიდი სქიზმა, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად: მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიად გაჰყო, თარიღდება 1054 წლით, როდესაც რომის პაპ ლეო IX-ის დესპანმა კარდინალმა ჰუმბერტ სილვა-კანდიდელმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელ I-მა კერულარიოსმა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. 1054 წლის ანათემა პაპ პავლე VI-ის მიერ მოწვეული ვატიკანის მეორე კრებისა და მსოფლიო პატრიარქ ათინაგორა I-ის მიერ 1965 წლის 7 დეკემბერს ერთდროულად რომსა და სტამბოლში გაუქმებულად გამოცხადდა. _ დღეის მდგომარეობით კათოლიკე ეკლესიის მოძღვრებას ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს... _ დიახ, 1 მილიარდ 125 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 238 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 56%-ს შეადგენს და მსოფლიო მოსახლეობის 19%-ია. ამ ეკლესიის ცენტრალური და აღმასრულებელი, სასამართლო თუ საკანონმდებლო ორგანოების ერთობლიობას ჰქვია კურია. იგი სრულად იმყოფება ვატიკანის ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, კონგრეგაციების, სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა და საბჭოებისაგან. _ მართლმადიდებლების ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კათოლიკეებისთვის არ არსებობს ეროვნული ფასეულობები, პატრიოტული მოტივები, ნიველირებული აქვთ ოჯახის ინსტიტუტი და სხვა აღმატებული ფასეულობები. ცალკეულ შემთხვევებში ისინი ისტორიულ ფაქტებსაც არად დაგიდევენ და ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტი გამოაქვთ, რომ არაქრისტიანულად ცხოვრობენ. ამას რა ვუყოთ? _ ცალსახად უნდა ითქვას, რომ ოჯახის ინსტიტუტის დაცვა, საგანმანათლებლო მოღვაწეობა, სოციალური მსახურება და ქველმოქმედება ვატიკანის უძირითადეს პრიორიტეტებს განეკუთვნება. შესაბამისად, თუკი სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ტრადიციული ღირებულებები, მით უფრო თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ხანაში, ეს მეტწილად, სახელდობრ, კათოლიკე ეკლესიის დამაბალანსებელი როლის შედეგია. რაც შეეხება მათ დისკრედიტაციას, ეს, როგორც წესი, რუსული ნარატივის კულტივირების შედეგია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი რომი, გარდა „მესამე რომისა“, დემონიზებულად და შებღალულად წარმოჩინდება. სამწუხაროდ, მსგავსი პროპაგანდა სადღეისოდ არც საქართველოს ეკლესიის მესვეურებისთვის არის უცხო, რაც, ერთი მხრივ, პარადოქსია იმ ფონზე, როცა რომთან ურთიერთობის სენტიმენტები და პიეტეტი თვით ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მხრიდან არაერთგზის გვიხილავს უახლოესი წარსულის მანძილზე. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და თან დოკუმენტურად დადასტურებული. _ გასაგებია, რომ დოგმატურ ნაწილში კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს არცთუ უმნიშვნელო უთანხმოებები აქვთ, მაგრამ როგორია ორი ეკლესიის ურთიერთობის პოლიტიკური ასპექტები? _ ბოლო პერიოდში საკმაოდ დათბა ურთიერთობები ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგის ფორმატში, რომელსაც კათოლიკეების მხრიდან კარდინალი კურტ კოხი, ხოლო მართლმადიდებელთა მხრიდან მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი ხელმძღვანელობენ. ამასთან, სხვადასხვა ადგილობრივ ავტოკეფალიურ ეკლესიას საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები აქვთ ერთმანეთთან, რაც სამომავლო პერსპექტივაში ორივე ეკლესიის ურთიერთდაახლოებასა და შერიგებას ისახავს მიზნად. ცხადია, არა დოგმატური კომპრომისით, არამედ, უმთავრესად, ზნეობრივი მიმართებით, რაც შესაძლოა, ორივე მხარისთვის რეფლექსიის საწინდარი გახდეს. დასანანია, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ კუთხით საკმაოდ პასიური და ინდიფერენტულია, განსხვავებით უშუალოდ ილია მეორისგან, რომელმაც საკმაოდ თბილი სიტყვით მიმართა პაპ ფრანცისკეს 2016 წელს საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტისას და მას მერეც სხვადასხვა ღირსსახსოვარ თარიღსა თუ დღესასწაულსაც ქრისტესმიერი და ძმური სიყვარულით გამოეხმაურა... _ რომის პაპის ვიზიტი ახსენე და პატრიარქის თბილი სიტყვები, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა ქართული სამღვდელოების ცალკეული წარმომადგენლებისა და მრევლის ნაწილის მოწყობილი ობსტრუქცია... _ უნდა ითქვას, რომ მარგინალური, ექსტრემისტული და ფუნდამენტალისტური ჯგუფები პაპის ვიზიტს დიდი აგრესიითა და პროტესტის უხეში ფორმებით შეხვდნენ. მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა სასულიერო პირებმა დეკანოზ დავით ისაკაძის მეთაურობით ტრანსფარანტებით ხელში აეროპორტშივე დაგმეს პონტიფექსის ჩამობრძანება საქართველოში და მის უწმინდესობა ფრანცისკეს „სატანის უზენაესი ქურუმი და კომედიანტი“ უწოდეს. _ დიახ, ამ ფაქტზე ვსაუბრობდი. აქვე ვიკითხავ, ხშირად მიდის აპელირება კათოლიკური ეკლესიის წიაღში არსებულ მანკიერებებზე, ამ დროს მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებულ მანკიერებებზე არავინ საუბრობს. რეალურად, რა ხდება „იქ“ და რა ხდება „აქ“? _ პაპი ფრანცისკე საკმაოდ კონსერვატიული და პრინციპული აღმოჩნდა ცალკეული ჯგუფების, განსაკუთრებით ჰომოსექსუალური ლობისა და პედოფილიური ჯგუფის წინააღმდეგ. მამამთავრობის პირველივე წელს მან 848 პედოფილი მღვდელი განკვეთა, ჩილის გახმაურებული სკანდალის გამო ეპისკოპოსები გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და მართლმსაჯულებას გადასცა. ამავდროულად, ყველა „ბანკირი და კარტელში ახლართული“ კარდინალი პენსიაში გაუშვა. შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკე ეკლესიამ ბოდიში მოიხადა და შენდობა ითხოვა მსოფლიო საზოგადოებისაგან ხსენებული ფაქტების გამო. საუბედუროდ, ქართულ სინამდვილეში, ჯერჯერობით, მსგავსი ტიპის რეფორმა და სასიკეთო გარდაქმნა არ ხორციელდება, რადგან საპატრიარქოს სამდივნო ებრძვის არა პრობლემებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრეებს! სისტემის კოროზირებაც სწორედ ამგვარი სირაქლემის პოზითა და ფარისევლური ნიღბებით არის განპირობებული! _ რა მიგაჩნიათ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოში კათოლიკეებს შორის არსებულ მთავარ პრობლემად? _ ძირითადი პრობლემა, ჩემი აზრით, მაინც გოთიკური არქიტექტურის კათოლიკური ტაძრების მითვისება გახლავთ, რომელთა გადაცემაც არ ხდება რომის ეკლესიის, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსადმი. იგი მრავალი წელია, რაც აღნიშნულ თემას დღის წესრიგში მთავარ მოთხოვნად აყენებს, თუმცა უშედეგოდ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უსამართლობა სახეზეა. ყველას თავისი კუთვნილი ქონება უნდა გადაეცეს, მით უფრო, დემოკრატიულ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, საპატრიარქოს კონცეფცია მთლიანად ტრიუმფალიზმზე, ძალაუფლებით ტკბობის დემონსტრირებაზე, ფუფუნებაზე, განცხრომასა და კერძო კომფორტზეა აგებული. ძალაუფლების სიხარბეში რელიგიური ფანატიზმი პოულობს თავის ადგილს. იქ ღმერთი არა განმათავისუფლებელი, არამედ ინსტრუმენტალიზებულია, რწმენა კი ილუზია ხდება. აქვეა ცნება თავად მკაცრი ღმერთისა, შესაბამისად, ქრება და აღარ არის სადისკუსიო ადგილი, რომელიც ღმერთის სხვა ფორმას წარმოგვიდგენს, რომელიც სრულ მსახურებაში იქნება ტანჯულ ადამიანებთან. *** მოკლედ, ასე! _ თუ საკუთარ თავთან ვიქნებით მართლები, ობიექტურად, სიძულვილისა და ურთიერთმიუღებლობის არანაირი მოტივაცია მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის არ არსებობს. მით უფრო, რომ ორივეს ერთი ქვაკუთხედი აერთიანებს. ამიტომ ზერელე, უარგუმენტო დამოკიდებულება კათოლიკეების მიმართ ბევრად აშორებს ამ აზრის კულტივირების მომხრეებს უფლისგან. შესაბამისად, ამ რთულ მსოფლიო კონფიგურაციაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს მოკავშირეები უფრო სჭირდება, მით უფრო, რომ მეორე მხარე დაპირისპირების არანაირ სურვილს არ ამჟაღავნებს.

გეგა სილაგავა

 

გაზიარება