არჩევნების შედეგებისა და, ზოგადად, პოლიტიკური ბატალიების ფონზე საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ერთი უმნიშვნელო და, შესაძლოა, პრეცედენტული საქმე _ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმული ბრალდება ასევე საჯაროდ უნდა უარყოს.
ამასთან, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება ცნობილი, ბოდბელმა ეპიკოპოსმა, რომელიც სასამართლოს არ დასწრებია, მიხეილ რამიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის სანაცვლოდ, სიმბოლურად, ერთი ლარიც უნდა გადაუხადოს.
საქმე ეხება დავას, რომელიც გასული წელს დაიწყო. კერძოდ, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს მეუფე იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილი) მიხეილ რამიშვილზე განაცხადა, რომ ციანიდისა და, აგრთვე, გირგვლიანის საქმეში ის, როგორც ადვოკატი, აგენტ-პროვოკატორი იყო. ამის გამო რამიშვილმა მეუფეს უჩივლა და, ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ რამიშვილის მისამართით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ანუ უმაღლესმა სასულიერო პირმა იცრუა.
მართალია, სასულიერო პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა აქამდეც ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია „ციანიდის საქმეც“, მაგრამ, პრინციპში, პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლო უმაღლეს საეკლესიო იერარქზე ამბობს, რომ ის, თავისი განცხადებებით, ცრუობდა და უდანაშაულო ადამიანს ცილს სწამებდა.
თუ გავითვალისწინებთ მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ მეუფე იაკობი საპატრიარქოში დიდი გავლენებით სარგებლობს და ასევე მას არანაკლები გავლენა აქვს საერო ხელისუფლების ცალკეულ შტოებზეც, გამოდის, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ბოდბელი ეპისკოპოსის გავლენები შემცირდა. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ქრონიკა+“-თან უკვე საეკლესიო სამართალზეც საუბრობს და ამბობს, რომ ცილისწამება უდიდესი ცოდვაა და ეკლესიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ან უნდა უარყოს, ან უნდა აღიაროს, რომ მეუფემ დიდი ცოდვა ჩაიდინა, როცა უდანაშაულო ადამიანს ცილი დასწამა.
„ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა დააკისრა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა“, _ აცხადებს ადვოკატი.
ამას გარდა, მიხეილ რამიშვილი საკუთარ გამარჯვებას „ციანიდის საქმის“ კონტექსტშიც განიხილავს და განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მეუფე იაკობის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებს და კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ „ციანიდის საქმე“ თეთრი ძაფით არის შეკერილი.
მოითხოვს თუ არა მიხეილ რამიშვილი საეკლესიო სასამართლოსაც? რა სასჯელს დაადებს საეკლესიო სამართალი ცილისწამებაში მხილებულ მეუფეს? და, ზოგადად, არის თუ არა რამე სიახლე „ციანიდის საქმეში“?
„ქრონიკა+“ დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებების დამცველს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრა:
_ მიშა, გქონდათ იმედი, რომ სასამართლო ამ შედეგით დამთავრდებოდა, ანუ მოსამართლე მეუფე იაკობს, რომელსაც „უსახელოს“ ეძახით, გაამტყუნებდა და თქვენზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფას დააკისრებდა?
_ სიმართლე გითხრათ, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ყოველ შემთხვევაში, რაღაც შიშის განცდა მქონდა.
_ რატომ?
_ ასეთი განცდა „ციანიდის საქმეში“ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისა და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მქონდა.
მოკლედ, ყველაფერ ამის ფონზე, რაღაცნაირად, მეგონა, რომ უსამართლობის კასკადი შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, როცა მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და კონსტანტინე იაკობიშვილს ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა დააკისრა, ძალიან გამიკვირდა.
_ მეუფე იაკობს სასამართლომ თქვენი მისამართით გაკეთებული ცრუ განცხადების უარყოფა დააკისრა თუ ბოდიშის მოხდა?
_ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის საქმეზე ბოდიშის მოხდა არ ხდება. ასეთ დროს მოსამართლე მოპასუხეს ყველა იმ ცრუ ინფორმაციის უარყოფას აკისრებს ხოლმე, რომლითაც ადამიანის პატივი და ღირსება შეილახა.
_ თუ მეუფე იაკობი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს და ცრუ ინფრომაციას საჯაროდ არ უარყოფს, რა სანქციები დაეკისრება?
_ იცით, როგორაა? _ სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.
_ ანუ?
_ თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ შეასრულებს, მაშინ საქმეში აღმასრულებელი იქნება ჩართული და შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.
_ მეუფეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს?
_ გასაჩივრების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს და შეუძლია, აპელაციაშიც გაასაჩივროს და კასაციაშიც.
_ რა გარანტია გაქვთ, რომ შემდეგ ინსტანციებშიც იგივე შედეგი დადგება და მეუფეს მის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადების უარყოფას სააპელაციო და საკასაციო პალატებიც დააკისრებენ?
_ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. შემდეგი მოსამართლეებიც იმ განაჩენს მიჰყვებიან, რაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ გამოიტანა, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, სააპელაციო ან საკასაციო პალატის მოსამართლე რამდენად დამოუკიდებელი იქნება, ანუ ის, ვინც დამოუკიდებელი არ არის, უკანონობის კასკადს გაჰყვება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შემდეგი ინსტანციის მოსამართლეები გამიჯნავენ, რა არის ცილისწამება და რა _ აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. თუ ამას ვერ გამიჯნავენ, მაშინ მათი ადგილი მოსამართლეების მანტიის ქვეშ მართლა არ იქნება!
აღარ მინდა ისევ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებები არ გამოაქვს.
_ გეთანხმებით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოს უსამართლობაზე საუბარი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დამთავრდეს, მაგრამ თემა „ჩავშალოთ“ _ თქვენი აზრით, მოსამართლე კოპალიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დამოუკიდებელია თუ ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს პოლიტიკური დირექტივა არ ჰქონდა მიღებული?
_ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მაინც მოსამართლე ირაკლი კოპალიანი იყო თავისუფალი.
_ ამ თავისუფლების გამო პრობლემები ხომ არ შეექმნება?
_ პრობლემა რა კუთხით უნდა შეექმნას? საერთოდ, არ მგონია, პრობლემები შეექმნას იქიდან გამომდინარე, რომ, პირველ რიგში, მოსამართლეა.
მეორეც, თუ სააპელაციო სასამართლო მის გადაწყვეტილებას არ სცნობს და სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საკუთარი კოლეგების მიერ მოსამართლე კოპალიანის „დაუნდობლობა“ იქნება, რაც მათი საქმეა.
_ მიხეილ, ეკლესიას პოლიტიკურ პროცესებზე დიდი გავლენა აქვს, რასაც თუნდაც ის მოწმობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსამართლე კოპალიანის გადაწყვეტილება პრეცედენტია _ აქამდე სასულიერო პირი არ დაუსჯიათ...
_ სასულიერო პირები აქამდეც დაუსჯიათ, ოღონდ _ გარკვეული სისხლის სამართლის კუთხით.
_ დიახ, სისხლის სამართლის კუთხით ეკლესიის წარმომადგენლებს რომ სჯიან, ამაზე დეკანოზ მამალაძის საქმეც მეტყველებს, მაგრამ პირველად მოხდა, როცა მღვდელმთავარს საკუთარი ცრუ განცხადების უარყოფა დაეკისრა.
_ კი ბატონო, ამ კუთხით ეს პირველი შემთხვევაა.
_ მოკლედ, ისე გამოდის, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ეკლესიის წარმომადგენელი სიცრუეში ამხილა და გამორიცხავთ, სწორედ ამის გამო შეექმნას პრობლემები მოსამართლეს?
_ ანუ საუბარი იქითკენ მიგვყავს, თუ რა პოზიცია ექნება მოსამართლის მიმართ საპატრიარქოს?
_ თუნდაც...
_ მაინც მგონია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუფიქრებელი არ იყო და ყველაფერი გათვალისწინებული ექნებოდა. საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფის მხრიდან რამე ნაბიჯი რომ გადაიდგას და მოსამართლის დაშინება რაიმე ფორმით მოახდინოს, ამას აზრი არ ექნება.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია, მაგრამ თუ დაშინების მექანიზმს მაინც ჩართავენ, მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უნდა დააშინონ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს!
_ იმ მოცემულობას, რაც გვაქვს, სხვა კუთხიდანაც შევხედოთ _ მეუფე იაკობი გავლენიანი მღვდელმთავარია. სასამართლოს გადაწყვეტილება მის პოზიციებს, თუნდაც რეპუტაციის თვალსაზრისით, ხომ არ შეარყევს?
_ მისი ავტორიტეტი მხოლოდ საპატრიარქოში კი არა, უკვე საზოგადოებაშიც შერყეულია!
_ ამას რით ასაბუთებთ?
_ როცა ამბიონიდან მღვდელმთავარი ნებისმიერ საკითხზე ქადაგებს, მრევლი, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, ვალდებულია, რომ ყველაფერი დაიჯეროს. არაერთხელ მოხდა, როცა იაკობმა მამა გიორგი ხან მკვლელად მოიხსენია, ხან _ ავაზაკად. პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა სასულიერო პირი სულიერ ძმასა და შვილს ასე მოიხსენიებს, მაგრამ ყველაფერ ამას ისე კი არ ახმოვანებდა, როგორც სასულიერო პირი, რომელსაც სხვა ვალდებულებები აქვს, არამედ, როგორც ჩვეულებრივი რიგითი, გამწარებული და დაბოღმილი ადამიანი, რომელსაც უნდა, გამოაჩინოს, თუ როგორი მაგარი და „მიმწოლია“.
სხვათა შორის, იაკობი „ციანიდის საქმეზე“ ასეთ რაღაცასაც ამბობდა, თუ ისინი ვერ გამოიძიებენ, ყველაფერს მე გამოვიძიებ და გამოვააშკარავებო. ე. ი., როგორც სასულიერო პირი, „აჭრილია“ და ვერ გაიგებ, პროკურორია, გამომძიებელი, სასულიერო პირია თუ ვინ არის. მთელი უბედურებაც სწორედ ეს არის და ყველაფერ ამით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა.
_ სხვათა შორის, მეუფე იაკობმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით მძაფრი შეფასება გაკეთა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ და მას „კანაფის დედოფალი“ უწოდა. მოსამართლე კოპალიანის გადაწყვეტილება ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ერთგვარი სტიმული ხომ არ გახდება, რომ მეუფეს მანაც უჩივლოს და პატივისა და ღირსების შელახვისთვის პასუხი მოსთხოვოს?
_ კი, როგორ არ შეიძლება, რომ იაკობს სალომე ზურაბიშვილმაც უჩივლოს, მაგრამ იცით, როგორი მომენტია?
_ როგორი?
_ არსებობს ცნება _ „თმენის ვალდებულება“.
_ ეს რა შუაშია?
_ ერთია, როცა ადამიანზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებ და მეორეა, როცა ადამიანს თუნდაც „კანაფის დედოფალს“ ადარებ, ანუ შედარება შეიძლება აზრის გამოთქმად ჩაითვალოს, მაგრამ სხვა რამეა, როცა რაღაცას ამტკიცებ.
სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში თქვა, რომ „კანაფის დედოფალია“ და არ დაუწყია იმის მტკიცება, რომ ამ ბიზნესშია, ამით დაინტერესებულია ან ნარკობარონებთან შემხებლობა აქვს. ეს ფრაზა ზოგადად იყო ნასროლი და კონკრეტიკა არ ჰქონდა.
„ციანიდის საქმესთან“ მიმართებით კი ზოგადად არაფერს ამბობდა და კონკრეტიზაცია-მტკიცებაზე გადადიოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაფერ ამას ისე კი არ აკეთებდა, როგორც სასულიერო პირი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც რაღაცაზე გამწარებული და გაბრაზებულია.
_ მიხეილ, მეუფე იაკობს იმთავითვე „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთ თანაავტორად და ორგანიზატორად თუ არა, ამ საქმით დაინტერესებულ პირად მიიჩნევდით. სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ, „ციანიდის საქმეში“ „ნათელ წერტილად“ ხომ არ უნდა ჩავთვალოთ?
_ რა თქმა უნდა. ალბათ, გახსოვთ: იაკობი და მისი მხარდამჭერი ერთი ქალბატონი და ერთი ბატონი მუდმივად გამოდიოდნენ და ქადაგებდნენ, თუ როგორი დამნაშავე იყო მამა გიორგი. მათ ამ „ქადაგებას“იაკობის განცხადებებიც უწყობდა ხელს. ამ ფონზე სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ნათელი წერტილია, ანუ იაკობის მიერ ჩემთან დაკავშირებული განცხადება მოსამართლემ ცილისწამებად და ტყუილად ჩათვალა. მოწმეების _ შალვა შავგულიძისა და მაია ენუქიძის ჩვენებებითაც დადასტურდა, რომ ყველაფერი ეს ტყუილი და სიცრუე იყო.
აქედან გამომდინარე, „ციანიდის საქმეშიც“ ყველაფერი, რასაც იაკობი ამბობდა, სიცრუეა!
_ ამის მიხედვით, გამორიცხული არც ის არის, რომ „ციანიდის საქმის“ ხელახალაი გამოძიება დადგეს დღის წესრიგში?
_ ამ საქმის ხელახალი გამოძიება რომ დაიწყოს, მაშინ იმის რეალური აღიარება უნდა არსებობდეს, რომ მათ ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს და სხვა მიზანი ჰქონდათ, მაგრამ ასეთი აღიარება ჯერ არ გვაქვს.
ღიად ვამბობ: იაკობის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული ცილისწამებლური განცხადება „ციანიდის საქმესთან“ პირდაპირ შემხებლობაში იყო!
_ თქვენი, როგორც გირგვლიანის საქმის ადვოკატის აგენტ-პროვოკატორად გამოცხადება თქვენს დისკრედიტაციას ემსახურებოდა მიზნად?
_ რა თქმა უნდა და მოდით, ლოგიკური შეფასება გავაკეთოთ: ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მიზანი ჰქონდა „ციანიდის საქმეს“ _ საპატრიარქოს გარკვეულ ჯგუფს უნდოდა, რომ ძალაუფლება თავიდან ბოლომდე მის ხელში ყოფილიყო. ამიტომ ეს ყოვლად უმსგავსო ოპერაცია ჩაატარა და ისე შეფუთა, რომ თითქოს პატრიარქი მკვლელობას გადაარჩინა.
ამავდროულად, ისიც გვახსოვს, თუ როგორი ინფორმაციები გაჟღერდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რითაც ქულები დაიწერეს, აი, როგორი მხსნელები ვართო.
ამასთან, ყველა ადვოკატს, ჩემ გარდა, გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს. პირველი მე ვიყავი, ვინც იმის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, რაც სიმართლე იყო. ამან ჩემ მიმართ აგრესია გამოიწვია. ჩემი დისკრედიტაცია ჯერ საერო პირებმა დაიწყეს, მაგალითად, მთავარმა „ჟანგიანმა მოწმე“ ირაკლი მამალაძემ, ანუ უნდოდათ, რომ საზოგადოებას ჩემთვის არ დაეჯერებინა, მაგრამ „ჟანგიანი მოწმის“ ჩვენებამ არ გაჭრა _ საზოგადოებაზე ვერ იმოქმედა. ამიტომ საქმეში ქორეპისკოპოსი ჩაერთო და იცით, როგრო საშიშროებას ვხედავდი? _ მრევლსა თუ საზოგადოების ნებისმიერ წევრს შესაძლოა, ეფიქრა, რადგან მიშა რამიშვილზე ქორეპისკოპოსი ამბობს, რატომ არ უნდა დავიჯეროო, ანუ რადგან ქორეპისკოპოსი ერთ საქმეში აგენტ-პროვოკატორად მომიხსენიებდა, შესაძლოა, ვიღაცას ეფიქრა, აი, „ციანდის საქმეშიც“ ჩანერგილიაო.
_ მეუფე იაკობი რიგითი მოქალაქე არ არის _ ის უმაღლესი სასულიერო იერარქია. შესაბამისად, მასთან მიმართებით მარტო საერო სასამართლოს კი არა, საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც მნიშვნელობა ექნება. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს. მიხეილ, ხომ არ ფიქრობთ, რომ სინოდი მოსამართლე კოპალიანის გადაწყვეტილებაზეც იმსჯელებს?
_ თავის დროზე, სასამართლოს პარალელურად, საპატრიარქოშიც შევიტანე საჩივარი, საიდანაც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წერილი მომწერა, რომელშიც წერია:
„გიგზავნით წმინდა სინოდის წევრებთან შეჯერებულ პოზიციას და გაცნობებთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს. სწორედ საეკლესიო და სამოქალაქო ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია პირის მიმართ ერთი და იმავე საკითხზე, მით უმეტეს, ერთდორულად ორი სასამართლო განხილვა და მისი ორჯერადად მსჯავრდება ან გამართლება“.
ამავე წერილში წერია, ვინაიდან პატრიარქის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ უკვე მიმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს საპატრიარქო ვალდებულია, დაელოდოს აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოახდინოს რეაგირებაო.
_ და რეაგირება რა უნდა იყოს? ამის შესახებ წერილში დეტალურად არაფერია ნათქვამი?
_ საერთოდ, კანონიკური სამართლისა და საპატრიარქოს დებულებით, რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება მაშინ, როცა მეოთხე თავის ოცდამეათე პარაგრაფის მეცამეტე ნაწილის თანახმად, საქართველოს პატრიარქი იღებს საჩივრებს სასულიერო პირებზე, მათ შორის, მღვდელმთავრებზე და აძლევს ამ საჩივრებს კანონიერ მსვლელობას. ამ დებულებაში არსად წერია, რომ თუ ვინმეს საერო სასამართლოში უჩივიან, მანამდე პატრიაქრის სახელზე დაწერილ საჩივარს ეკლესია არ განიხილავს.
_ აბა, საპატრიარქოდან ამ შინაარსის წერილი რატომ მიიღეთ?
_ ეს, უბრალოდ, გარიგება იყო და იცით, ამას რა ამტკიცებს?
_ რა?
_ როცა საპატრიარქოს დაურეკეს და უთხრეს, ასეთი და ასეთი რაღაც ხდება და თქვენი პოზიცია დააფიქსირეთო, ერთ-ერთი მიტროპოლიტის სამდივნოდან შემდეგი შინაარსის წერილი მივიღე, _ სანამ სასამართლო არ დასრულდება, საპატრიარქო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებსო.
_ სასამართლო უკვე დასრულებულია. ახლა რას ელოდებით _ ეკლესია მეუფე იაკობს პასუხს მოსთხოვს თუ არა?
_ დიახ, სასამართლო დასრულდა და ეს ადამიანი ცილისმწამებელია. უახლოეს დღეებში, როცა სასამართლოდან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ავიღებ, საპატრიარქოს გავუგზავნი და საეკლესიო სასამართლოს მოვითხოვ. არ გამოვრიცხავ, საპატრიარქომ განაცხადოს, დაველოდოთ, სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი რა გადაწყვეტილებას მიიღებსო.
თუ საპატრიარქოდან ეს პასუხი მივიღე, ღიად ვაცხადებ: ამ პასუხით საპატრიარქო დაარღვევს კანონიკურ სამართალს და ასევე დიდი სჯულის კანონსაც! ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი! მეტიც, ამას სირცხვილიც აღარ ერქმევა, რადგან მეორე საეკლესიო კრების თანახმად, ყველა ეს მუხლი დამოუკიდებელია, ანუ ეკლესია სახელმწიფოში სახელმწიფოა.
_ თუ საპატრიარქო სააპელაციოს შედეგს არ დაელოდება და თქვენს მოთხოვნას მსვლელობას მისცემს, ე. ი. ეკლესია მეუფე იაკობს გაწირავს?
_ საკითხს ასე რატომ ვსვამთ? საერო სასამართლოში იმის მტკიცების ტვირთი, რომ ერთ-ერთ საქმეში, როგორც ადვოკატი, ჩანერგილი არ ვიყავი, ჩემზე იყო. მე დავამტკიცე და მოსამართლემ დაიჯერა, რომ აგენტ-პროვოკატორი არ ვარ!
კანონიკური სამართლის თანახმად, საეკლესიო სასამართლოში ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცოს წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობა, ანუ იაკობი ხომ ამბობს, რომ ყველაფერი შეუძლია? ჰოდა, საეკლესიო სასამართლოზე უნდა დამიმტკიცოს, რომ აგენტ-პროვოკატორი ვარ. თუ ამას დამიმტკიცებს, ე. ი. მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილება უსამართლოა, მაგრამ თუ იაკობი საეკლესიო სასამართლოში ამ ბრალდებას ვერ დამიმტკიცებს, კართაგენის შესაბამისი მუხლების თანახმად, მაგ სახელის მატარებელი იქნება კონსტანტინე იაკობიშვილი.
_ რა „მაგ სახელის“?
_ ცილისმწამებელი, მაბეზღარა და აგენტ-პროვოკატორი!
მეორე მსოფლიო კრების მეექვსე კანონის თანახმად, ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს მის მიერ წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში!
_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეუფე იაკობის სასჯელი რა იქნება?
_ ცილისწამება უდიდეს ცოდვად ითვლება. მე რომელიმე მღვდელმთავრისთვის ან სასულიერო პირისთვის ცილი რომ დამეწამებინა სიბინძურისთვის, რასაც ვერ დავამტკიცებდი, ზუსტად ისე დავისჯებოდი, როგორც ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირი დაისჯებოდა. აი, ახლაც ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა.
_ რაც შეეხება „ციანიდის საქმეს“, კერძოდ, არსებობდა ერთპროცენტიანი მოლოდინი, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა, თუმცა ასე არ მოხდა. არსებობს ვერსია, რომ მარგველაშვილსა და საპატრიარქოს ზოგიერთ წარმომადგენელს შორის შესაძლოა, გარკვეული გარიგება შედგა და მეოთხე პრეზიდენტმა დეკანოზი ამიტომ არ შეიწყალა. მიშა, ამ ვერსიას იზიარებთ?
_ შეიძლება...
_ მარგველაშვილსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის გარიგება რა თემაზე შეიძლებოდა შემდგარიყო?
_ როცა პრეზიდენტმა პირველად ბრძანა, ამ საკითხზე განცხადება შემოვიდეს და განვიხილავთო, განცხადება, თავისი ყველანაირი მტკიცებულებით, რომ დეკანოზ მამალაძის მიმართ განაჩენი უკანონოა, დაუყოვნებლივ შევიტანეთ, მაგრამ ვერც შეწყალების კომისიისა და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვერ გვითხრა გადაწყვეტით, თუ ვისთან იყო ჩვენი საქმე, ანუ საქმეს კომისია განიხილავდა თუ პირადად პრეზიდენტი. ბოლოს ის შედეგი მივიღეთ, რომ მამა გიორგი შეუწყალებელთა სიაში აღმოჩნდა, თუმცა ჩემთვის უცნობია, ამ სიაში ვინ და როგორ შეიყვანა.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა განაცხადა, განცხადება არ შემოსულაო და კიდევ ერთი მიმართვა გავაკეთეთ. ამის შემდეგ პრეზიდნეტი გამობრძანდა და თქვა, რომ, თურმე, კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ვერ შეთანხმდა, ეს საქმე განეხილა თუ არა.
შემიძლია, პირდაპირ ვთქვა: დიახაც, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ეკლესიის გარკვეულ პირებს შორის გარკვეული გარიგება-მორიგება შედგა! არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა საპატრიარქოს გარკვეულ ჯგუფს არ აწყობდა. გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგ ურთიერთობაშია სხვადასხვა სასულიერო პირთან, არ გამოვრიცხავ, რომ მან გარკვეული თხოვნა შეასრულა!
_ ამ თხოვნის შესრულების სანაცვლოდ საქართველოს უკვე ვადადასრულებულმა პრეზიდენტმა, როგორ ფიქრობთ, რა მიიღო?
_ რასაც ახლა ვიტყვი, ჩემი პირადი შეფასებაა: ეს ადამიანი პრეზიდენტად პოლიტიკით მოვიდა და პრეზიდენტობიდან პოლიტიკის გარეშე წავიდა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეკლესიაში მყოფ გარკვეულ პირებს ადამიანურად ხელი გაუმართა!
_ ცხადია, არ ელოდებით, რომ დეკანოზ მამალაძეს სალომე ზურაბიშილი შეიწყალებს, არა?
_ არა, ეს მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს.
_ ანუ მამა გიორგი სასჯელს ბოლომდე მოიხდის?
_ არა, ბოლომდე რატომ მოიხდის? არსებობს სტრასბურგი, სადაც ნორმალური აზროვნებისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ხორციელდება.
ყველამ, ვინც დამოუკიდებელია და ასევე მათაც, ვინც დამოუკიდებელი არ არის, ძალიან კარგად იცის, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, მაგრამ თავიანთ დამოუკიდებლობასა და შინაგან რწმენას რაღაცაზე დამოკიდებულებით ფარავენ!
_ ზოგი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისა და „ოცნების“ გზები მალე გაიყოფა. ასეთ შემთხვევაშიც გამორიცხავთ, რომ ახალმა პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ „ოცნების“ ჯინაზე შეიწყალოს?
_ არ ვიცი, ეს ჯინი იქნება თუ არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ ნაბიჯს მართლა დამოუკიდებლად ჩავთვლი!
_ ისე, როგორც უფლებადამცველი, მეხუთე პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით თუ მიმართავთ?
_ არ ვიცი, სტრასბურგში საქმე როგორ წარიმართება, მაგრამ ამის დრო რომ მოვა, აუცილებლად მივმართავთ!
_ სტრასბურგში საქმე უკვე გაგზავნილია?
_ ახალ წლამდე აუცილებლად გაიგზავნება.
_ წეღან ვახსენე და ყურადღება არ გაამახვილეთ _ არჩევნების მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილის პატრიარქთან ვიზიტი რამე გარიგებას ხომ არ უნდა ნიშნავდეს?
_ პიროვნულად ამაში გარიგებას ვერ ვხედავ...
_ დაბოლოს, სინოდის უახლოეს სხდომაზე, როგორც ამბობენ, გიორგი მამალაძეს მღვდლის სტატუსს ჩამოართმევენ. ამის შესახებ რამე ინფორმაცია გაქვთ?
_ მამა გიორგის მღვდელმსახურება უკვე შეჩერებული აქვს, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია, რომ სასულიერო პირის სტატუსი საერთოდ ჩამოართვან.
გიორგი აბაშიძე