ცემა, საჭმელში ჩაყრილი საწამლავი, უჰაერობა, ჯადო, გინება, _ ასე აღწერს დედა თამარი წამებაში გატარებულ 10 წელს, თუმცა როგორც „ქრონიკა+“-თან საუბრისას მონაზონი ამბობს, ზეწოლა საპატრიარქოს მაღალი იერარქების მხრიდან დღემდე გრძელდება.
დედა თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. იგი მწოლიარეა და მხოლოდ ეტლით გადაადგილდება. 24 საათის განმავლობაში ოთხ კედელში გამოკეტილ დედას გარეთ გასვლა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ შეუძლია _ კელიაში ნახევარ წელიწადზე მეტია, ლიფტი აღარ ფუნქციონირებს. ამბობს, რომ ის მეუფე იაკობის პირადი პატიმარია. „იაკობმა შემომითვალა, არაფერს გაგიკეთებ და თავი მოიკალიო“, _ გვითხრა დედა თამარმა.
რატომ დაიხურა საპატრიარქოს კარიბჭე დედა თამარისთვის? ვინ არ აძლევს მას პატრიარქის ნახვის უფლებას? რატომ უნდათ დედა თამარის სიკვდილი? როგორ და რა ფორმით იბრძვის პატრიარქობისთვის მეუფე იაკობი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი დედა თამარი ესაუბრება:
_ დედა თამარ, საპატრიარქო საქართველოში კანაფის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია. თქვენი პოზიცია როგორია?
_ ნამდვილად მივესალმები, რომ საპატრიარქომ და, ზოგადად, სამღვდელოებამ, ხმა ამოიღო და ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ რეაგირება მოახდინა. მივესალმები და ამ საკითხში ვუერთდები მათ, მაგრამ საპატრიარქოდან 100 მეტრში, პარლამენტის შენობის წინ, შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. არც ერთ მოძღვარს აზრად არ მოსვლია, რომ მიბრძანებულიყო და გამწარებული მამები ენუგეშებინა. შვილებს მარტო ამ საშინელი კანაფით ხომ არ გვიწამლავენ, თითქმის ყოველდღე სკოლაში ბავშვები ცივი იარაღით ერთმანეთს რომ ჩეხენ, ეს საგანგაშო არ არის? სიმსივნით დაავადებული ბავშვები თუ ასაკოვანი ხალხი არაა საგანგაშო? ყოველი მესამე ადამიანის სისხლში რომ ტყვია აღინიშნება, არაა საგანგაშო?! არ არის აღმაშფოთებელი ერისთვის და ბერისთვის? თუკი ხმა ღვთისა და ხმა ერისა, ერი და ბერი ერთად უნდა იდგესო, რაც ერი, ის ბერიო, მაშინ განა ყველა განგაშს არ უნდა ვტეხდეთ იმაზე, რაც ხელოვნურად თავზე დაგვატეხეს?! მე, როგორც შვილმკვდარი დედა, მონაზონი, თავი ვალდებულად მივიჩნიე, შვილმოკლული მამების მიტინგზე გავსულიყავი. მათ თანაგრძნობა გამოვუცხადე და მათთან ერთად დავიწყე შიმშილობა. კარგად ვიცი, რომ ეკლესიურად მართლმადიდებელმა არ უნდა იშიმშილოს, მით უმეტეს, საეკლესიო პირმა, მაგრამ ეს იყო მათი პროტესტის უმაღლესი ზომა და ამას შორიდან ვერ ვუყურებდი. მივედი იმისთვის, რომ პროცესი გამეზიარებინა, თუმცა ჩვენს სასულიერო პირებს ნაკლებად აინტერესებთ, მონაზონი იშიმშილებს თუ თავს მოიკლავს, როგორც იაკობი იტყოდა. არავინ დაინტერესებულა მძიმე ავადმყოფით, ინვალიდის ეტლში მჯდომიარე, ლოგინში მწოლიარე და შვილმკვდარი მონაზვნის ცხოვრებით. სერიის მაყურებელი ბევრი აღმოჩნდა ეკლესიაში და ვერც ერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ ჩვენ დედა თამარის ამბავი არ ვიცოდითო, რადგან ყველაფერი ტელევიზიით გაშუქდა.
შინაპატიმრობაში ვარ. მეექვსე თვეა, რაც ლიფტის შეკეთება შეჩერებულია, უფრო ზუსტად, ეს არის ამწე და განა, რა დაემართა ისეთი, რომ ამდენი ხანი ვერ გააკეთეს? როგორც ჩანს, ბატონ იაკობს (მეუფე იაკობი) ამბიონიდან მუქარა კარგად ეხერხება და ბედნიერია, როდესაც ჩემნაირ დაუცველ, უსუსურ დედაოს ხედავს ჩაკეტილ კარში. მე მისი პირადი პატიმარი ვარ. საპატრიარქოში ბოიკოტი აქვთ ჩემზე გამოცხადებული.
_ რატომ?
_ უწმინდესთან არ მიშვებენ, რადგან მას ინფორმაცია არ ჰქონდეს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შიგნით არ შემიშვან. არ მელაპარაკებიან იქ მოფუსფუსე, საქმიანი სასულიერო და საერო პირები. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში უნარშეზღუდული ინვალიდის უფლებები დაცულია, მართლმადიდებლობის ოაზისში პირიქით ხდება.
_ რას გულისხმობთ?
_ ეტლიდან გადმომაგდეს. ერთი ამბავი ავტეხე, საპატრიარქოს ეზოში მაინც არ შემიშვეს და ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდნენ. მერე სრულიად უდანაშაულო ადამიანს, პატრიარქის დაცვის წევრს, ჩემთვის ბოდიში მოახდევინეს. ამ ყველაფრის შემდეგ პატრიარქის მდივან შორენა თეთრუაშვილს ვუსაყვედურე, რაზედაც გამინაწყენდა და პატრიარქის დაცვის უფროსთან გადამამისამართა.
_ შორენამ რა გითხრათ?
_ როცა უწმინდესის ნახვა მოგინდება, ბატონ ვანოს სთხოვეთ შეშვებაო. ასე აღმოვჩნდი მათთვის გასართობი სათამაშო და ერთმანეთთან შეთანხმებით დღემდე არ მიშვებენ უწმინდესთან.
_ მიზეზად რას გეუბნებიან?
_ არ უნდათ, ეს მათი წმინდა მამა იაკობის სურვილია. ისენი ყურმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან მას, რადგან ჰგონიათ, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი იაკობია. ერთი რამ მინდა, მათ შევახსენო: როდესაც ჩვენი პატრიარქი პატრიარქობისთვის ემზადებოდა, ბატონი ზვიად გამსახურდია ძალიან დიდი ხანს შიმშილობდა, რადგან მას უნდოდა, რომ ჩვენი უწმინდესი პატრიარქი გამხდარიყო. მაშინ, როცა ზვიად გამსახურდიას მთავრობა იარაღით დაამხეს, ჩვენი წმინდა მამები ზეიმობდნენ და ამბობდნენ, რომ სატანა გავდევნეთო. ბერებმა, რომელთაც ხმა ამოიღეს, _ განკვეთეს! მე, როგორც ზვიად გამსახურდიას იდეების მიმდევარს, გამზიარებელს „ენა, მამული, სარწმუნოება“ და „საქართველო ქართველებისთვის“, სწორედ ამ იდეების გულისთვის საპატრიარქოში სულიერად ავადმყოფად მომნათლეს. ისინი ცილს მწამებენ და მათ ამ საქციელს უღმერთოდ ცხოვრება ჰქვია. იაკობის სურვილი ასეთია და მას წინ ვერავინ აღუდგება.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი. განა, ამ სიმართლის გამო არ აწამეს სალოსი ბერი, მამა გაბრიელი, რომელიც ჯერ ციხეში ჩასვეს, შემდეგ _ საგიჟეთში და ზამთარში, სიცხესა თუ სიცივეში, საქათმეში ეძინა. განა, ასე არ ჰყავთ დღესაც მისი სულიერი შვილი, ბერი ნიკოლოზიც დევნილობაში, მასაც ხომ გიჟს ეძახიან, მაგრამ ისიც ხომ ყველამ იცის, რომ დღემდე მამა გაბრიელია ამათი შემნახავი და პატრონი.
_ ზემოთ ლიფტის პრობლემა ახსენეთ. პატრიარქის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან თუ გისაუბრიათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
_ მეუფე შიომ თავისი მოადგილე, მამა ანდრია გამომიგზავნა, რომელმაც ზუსტად 5 წუთი დაჰყო ჩემთან კელიაში. მამა ანდრიამ მომახსენა, რომ ჩემი ლიფტის გაკეთებას ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ამწე დღემდე გასაკეთებელია. მითხრა, რომ სამფაზიანი დენის შემოყვანაა საჭირო, რასაც კონკრეტული დრო სჭირდება. ორი კვირის წინ კომპანია „თელასში“ განაცხადი გააკეთეს, რის შემდეგა კომპანიიდან თანამშრომლები მეორე დღესვე მოვიდნენ და დენის კაბელი 3 საათში შემოიყვანეს, ანუ ის სამფაზიანი დენი, რასაც მამა ანდრია გულისხმობდა. აზრი? ლიფტი დღესაც არ მუშაობს. ჩემს ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მამა ანდრიამ უთხრა, რომ დედაოს გაუსაძლის პირობებში უწევს ყოფნა და სანამ ლიფტი გაკეთდება, იქამდე ერთი თვით 600 ლარს გადავუხდით და მომვლელს ავუყვანთო. აქვე გეტყვით, რომ მომვლელთან ერთად ტრანსპორტიც უნდა მექირავებინა და მისვლა-მოსვლაში ფული გადამეხადა. იქნებ, ვინმემ ამიხსნას და მითხრას, მომვლელთან ერთად, 600 ლარად, სად შეიძლება დასვენება?
რამდენიმე წელია, ამ უჰაერო ოთახში, ლოგინში მწოლიარეს ამომხადეს სული. ორი წელი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობდა და ჩემი ოთახის წინ ორასი მიცვალებულის ძვალი ელაგა ყუთებში, რასაც მასუნთქებდნენ; მშენებლობის მტვერი მაყლაპეს, მტვერზე კი ალერგია მაქვს. ამის შემდეგ ბრონქები და სასუნთქი გზები დამიავადდა. არ ვიცი, მონასტერში მოვედი თუ ციხეში ჩამსვეს?! არც ის ვიცი, რა დანაშაულისთვის მსჯის იაკობი?!
_ მეუფე იაკობს რა უნდა თქვენგან?.. რა მოხდა თქვენ შორის ისეთი, რომ ასე გებრძვით?
_ არ ვიცი, შვილო, კაცი ყოველდღე მითვლის, რომ მაინც არაფერს გაგიკეთებ და თუ გინდა, მოკვდიო. სულ მემუქრება, ეკლესიიდან მოგაშორებო. იმის გამო, რომ სიტყვა შევუბრუნე, მისმა მეხოტბეებმა ზურგი მაქციეს. სიტყვის თქმის უფლება კი უფლისგან მაქვს და ამ უფლების წართმევას იაკობი ცდილობს. მას არ აქვს ხელშეუხებლობის მანდატი და არც მისი ძველბიჭური მუქარების ეშინია ვინმეს. „დაჩაგრულ“ იაკობს თანადგომა გამოუცხადა ქალბატონმა შორენამ და აღარც ის დამელაპარაკა. ძალიან ბევრი მოძღვარი, მათ შორის, ბატონი შიო, იაკობი და კიდევ რამდენიმე პატრიარქის სკამისთვის იბრძვის. ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა ჩემზე წერილი გამოაქვეყნა და კომენტარისთვის საპატრიარქოს დაურეკა, სადაც მას სულ პილატე ეძახეს. საინტერესოა, პილატე როდიდან გახდა ქალი და თუ ეს ქალბატონი პილატე იყო, პილატეს ხაზინის უფროსი კი _ იუდა, მაშინ საპატრიარქოს ხაზინის უფროსი იაკობია. ე. ი. ხაზინა აბარია და იაკობი ფულს განკარგავს, ანუ იუდაა.
მამა ანდრიას ჩემზე უთქვამს, რომ დედა თამარი ძალიან მძიმედ არის ავადო. თუ ძალიან მძიმედ ვარ და თანაც ინვალიდი, ღმერთის არ ეშინიათ, რომ ჩემს უფლებებს ასე ლახავენ?! თუ ის ჩემს სულიერ მდგომარეობას გულისხმობს, მაშინ ცილს მწამებს. ცნობას ავიღებ და ცრუ ბრალდებაზე პასუხს ვაგებინებ. ხალხო, ძალიან დავიღალე ამ ხელჩართული ბრძოლით. რაც აღვიკვეცე, მოსვლის დღიდან გამომიცხადს, რომ ზვიადისტებს საჭმელს არ ვაჭმევთო და აქედან დაიწყეს ჩემი წამება.
_ წამებაში რას გულისხმობთ, რა ფორმით გაწამებდნენ?
_ მომწამლეს, მცემეს, გაზი შემომიშვეს, ლიფტიდან ჩამაგდეს, ხელი მომტყდა, ვიღაცები სახლში შემომივარდნენ, მაგინებდნენ, გამქურდეს და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. 10 წელი ვყავდი წამლის გარეშე, წყალში ვეწვინე, ძვლები დამეშალა და გადაადგილების პრობლემა მაქვს. მუხლის პროთეზირება გავიკეთე და ხერხემლის გამო გადასხმები მჭირდება. გადაადგილებისთვის ტრანსპორტი მინდოდა. ბატონი იაკობი დამპირდა, რომ დამეხმარებოდა. ასეთი მძიმე ავადმყოფი ბოდბეში ჩავედი იაკობის სანახავად, რადგან აქ მას ვერავინ დაიჭერს. წირვის დამთავრების შემდეგ მითხრა, რომ უნდა ეტრაპეზა, რომელიც საკამოდ დიდხანს გაგრძელდა, მე კიდევ გაყინულ-გათოშილი ველოდებოდი, ერთი ჭიქა ცხელი წყალიც კი არავინ შემომთავაზა. როგორც იქნა, ნასვამ-ნაჭამმა იაკობმა დალაპარაკების ღირსად ჩამთვალა, ტელეფონი ამოიღო და რეზო შარაბიძეს დაურეკა, უთხრა, რომ დღესვე ჩემთვის ტრანსპორტი მოეძებნათ და შეეძინათ. ამ საუბრის შემდეგ თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა. დღემდე უტრანსპორტოდ ვარ. ბოლოს შემომითვალა, რომ არაფერს გიყიდი და თავი მოიკალიო. ეს არის არასანდო, არასტაბილური ადამიანი და როგორ ფიქრობთ, ასეთი პატრიარქი საქართველოს სჭირდება?! ის პატრიარქობისთვის გააფთრებული იბრძვის.
_ პატრიარქს ვერაფრით მიაწვდინეთ ხმა?
_ თქვენ იცით, რომ ოპერაციის წინ არც ერთხელ ამიღია კურთხევა პატრიარქისგან, რადგან შიგნით არავინ მიშვებს. პროტესტის ნიშნად ხშირად გამითენებია ღამე სოფელში შვილის სასაფლაოზე, ტურებისა და მგლების გარემოცვაში. არც ერთი ოპერაციის წინ მიმიღია უწმინდესისგან დალოცვა, კურთხევა. წარმოიდგინეთ, ნისიად გავიკეთე. უწმინდესს რომ სცოდნოდა, ამას ხომ არ დაუშვებდა.
_ რატომ?
_ შორენამ არც ერთი ოპერაციის წინ არ შემიშვა პატრიარქთან, რომ კურთხევა ამეღო, ყოველთვის მისი (შორენას) „კურთხევით“ მივდიოდი და ამიტომაც ვწევარ ლოგინად. თითქოს თავისი ჯიბიდან მიდიოდა ოპერაციის ხარჯები.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მაგინებდნენო. ვის გულისხმობდით?
_ დიახ. ჩემი თავი ვიღაც კაკო კარანაძეს ალანძღინეს, რომელმაც 3 თვეა, არ დამიტოვა მკვდარ-ცოცხალი უგინებელი, დილიდან 3 საათამდე უნდებოდა ჩემს ლანძღვას და კელიის ფანჯრებიდან ბოთლებს მიყრიდა. მისი გვარი, სახელი და ტელეფონი საპატრიარქოს გადავეცი სიტუაციის გასარკვევად, იქიდან კი შემომითვალეს, _ უშიშროებას შენი დაკითხვა უნდაო. ამის შემდეგ კარანაძე შეხვედრას მეხვეწებოდა, თან მეუბნებოდა, რომ იმ საიდუმლოს გამიმხელდა, თუ ვინ დაავალა და ვინ ალანძღინებდა ჩემს თავს თვეობით. მანვე მითხრა, რომ დავალების მიმცემი მაღალი იერარქი იყო. ერთ-ერთმა მეუფემ მასთან შეხვედრისა და სინამდვილის გარკვევის კურთხევა არ მომცა, სწორედ ამის მერე მჯერა მათი კურთხევის, _ რამდენიმე ხანში, შობა დილას, კარანაძეს თავი მოუკლავს! იაკობმა მითხრა, რომ კარანაძის ახლობლები წესის აგების კურთხევაზე საპატრიარქოში იყვნენ მოსულები და მე ვუთხარი, _ რომელი წესის აგება გინდათ, იგი დედაოს სამი თვე აგინებდა და ამწარებდა-მეთქი... ასევე გამიკეთეს ჯადო. საპატრიარქოდან ვიღაც ქალი გამომიყვეს, სახელად მაყვალა, რომელსაც კარის ფარდა ჩამოახსნევინეს და მტკვარში ჩააგდებინეს. ასე მითხრეს, სიკვდილზე გქონდა ჯადო გაკეთებულიო და ეს ფაქტი ყველამ კარგად იცის საპატრიარქოში.
_ ვინ არის ის პიროვნება, ვინც ამ ჯადოს შესახებ შეგატყობინათ?
_ ამ პიროვნების სახელს შეგნებულად არ დავასახელებ. საპატრიარქოს მონაზვნებს უთქვამთ, რომ თურმე შორენას ვაშანტაჟებ. ნეტავ, თუ გეგულებათ სულიერი, ვინც შორენას დააშანატაჟებს ან რატომ უნდა დავაშანტაჟო ადამიანი, რომელიც შვილივით მიყვარდა.
_ მონაზვნებიც გემტერებიან?
_ ეს ის ნეტარი დედები არიან, რომლებიც უწმინდესმა დაიბარა და უთხრა: რატომ ჩხუბობთ, რატომ ჭამთ ერთმანეთს და თუ გათხოვება გინდოდათ, რატომ არ გათხოვდით, აქ მე დაგიბარეთო? რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ. შორენამ ძალიან მატკინა გული. ორჯერ მოინდომა რაღაც გაუგებრობაში ჩემი გახვევა.
_ რაში?
_ ერთხელ ძალიან ცუდი წერილი დაიწერა შორენაზე და, თურმე, ამ წერილის გამოქვეყნებას მე მაბრალებდა. ეს ცილისწამება არ მოვუთმინე და ბოდიში მომიხადა. მეორედ უარესად გამიხეთქა გული. დამირეკა და მითხრა, _ დედაო, შენ ხომ აფრიკაში უშიშროების თანამშრომელ ბარამიძეს იცნობო, ჩემზე მასთან კარგი გილაპარაკიათ და ძალიან მესიამოვნაო. გადავირიე, უშიშროებაში მომუშავე არც ერთ პირს საქართველში არ ვიცნობ და აფრიკაში _ მით უმეტეს!!! ხალხო, ამიხსენით, ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ და თვალითაც არ მინახავს, როგორ უნდა მელაპარაკა ვინმეზე ცუდი ან კარგი? რა უბედურებაა ამდენი ჭორი და უნდობლობა?! ნუთუ, ჭორის დონეზე უნდა წყდებოდეს საპატრიარქოში ყველაფერი?!
მადლობა უფალს, რომ ვერაფრისთვის გაგიმეტეთ, თქვენ ყველაფრისთვის გამიმეტეთ. მადლობა უფალს, რომ ჩემს შვილს არავინ მოუკლავს, ის ერში მოკლეს, ბერში კი მე მკლავენ სიმართლისა და პატიოსნებისთვის. ბატონი იაკობი დღესაც არ მპატიობს, რომ ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიდექი. ჩვენ სუფრა გავუშალეთ, ქეიფობდნენ, ჩვენ შვილები მოგვიკლეს და დაგვცინიან. საპატრიარქოს წარმომადგენლებს მინდა, ერთი რამ ვუთხრა: პატრიარქს თქვენი დაცვა არ სჭირდება, მას უფალი იცავს, ხოლო ჩვენი უწმინდესი ერს იცავს. ღვთის წყალობით გვყვავს მართალი მღვდლები და მონაზვნები, რომლებსაც ჩემსავით არ მოსწონთ ბევრი რამ. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა კეთილმა ადამიანმა პატრიარქს ჩემი წერილი გადასცა.
_ რა გეწერათ ამ წერილში?
_ პატრიარქს ყველაფერი გულახდილად მოვუყევი. ასე რომ, პატრიარქმა ყველაფერი იცის და შორენასთვის არაფერი დამიშავებია, შვილივით შევიყვარე, ნუ აქეზებს ყველას ჩემ წინააღმდეგ და ნუ უკრძალავს ყველას ჩემთან კონტაქტს. იაკობს მინდა ვუთხრა, რომ საფლავამდე ნუ ჩაჰყვება საპატრიარქოს სკამს. ორგულებმა ერთგულება არ იციან. მან კარგად იცის, რომ ჯერ არაფერს ვამბობ, ჯერ მხოლოდ საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. ძალიან მეცოდებიან, რომ ასეთი სიძულვილით ცხოვრობენ.
„შაბათის კურიერში“ ბატონი იაკობი ხალხის გულის მოსაგებად დიდ რისკზე წავიდა, რადგან მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა. ხალხი ბრძენია, მას ვერ მოატყუებ და ყველა მიხვდება, რომ ეს თამაშია. აღარ მგონია, რომ ვინმეს იაკობის სიტყვის სჯეროდეს, მით უმეტეს, ეროვნული მოძრაობის ხალხსა და ზვიად გამსახურდიას მიმდევრებს. მათ კარგად იციან, თუ სად იდგა ბატონი იაკობი, ვის მხარეს და როგორ გვექცეოდა ჩვენ. კაცი, რომელიც ყველას ემუქრება და ამბიონიდანაც კი მუქარით ქადაგებს. ის მაგარი მოთამაშეა, ტყუილი და დამალვა კარგად ეხერხება. სად არის იაკობი მაშინ, როცა ახალგაზრდები ქუჩაში ერთმანეთს ხოცავენ? რატომ არ გამოდის და შვილმკვდარ მამებს და დედებს არ აძლევს ნუგეშს? ბატონო იაკობ, ხალხში გასვლა ხომ არ დაგაგვიანდათ? სადაც მე სულით ავადმყოფობას მაბრალებთ, ამის შემდეგ თქვენ ვინ რა უნდა დაგიჯეროთ? ვინ არის სულით ავადმყოფი, ჰაბიტუსზე გემჩნევათ! ვინ დარბის ყველა ქვეყანაში თანამდებობისთვის და სავარძლისთვის, ეგეც ფაქტია! სულიერად ვერ გამტეხეს და ვერც გამტეხენ, მაგრამ ხორციელად ლოგინად ჩამაგდეს. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ჩემთან უფალია და მონაზვნები უფლის რჩეულები არიან, უფალი კი მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა გაყიდეს. როდიდან შეუყვარდა ბატონ იაკობს „რუსთავი 2“? ჩვენ ამის გამო მოღალატეებს გვეძახდა, თვითონ კი იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს, აღარ იცის, სად და რომელ არხზე მივიდეს.
სანამ ყველა ერთად გონს არ მოეგებით და არ გააანალიზებთ, რა უქენით ეროვნულ მთავრობას, რომელიც იარაღის ძალით გადმოაგდეთ და შვილები დაგვიხოცეთ, სანამ ყველანი არ აღიარებთ თქვენს დანაშაულს, იქამდე თქვენი წყალობით ქართველი ხალხი ამ გასაჭირით იცხოვრებს. გამოასწორეთ თქვენი დანაშაული, ქართველ ხალხსა და საქართველოს პირველ პრეზიდენტ ბატონ ზვიად გამსახურდიას სულს პატიება სთხოვეთ, თუ არადა ქვეყანას სიმშვიდე არ ექნება. ხალხმა თავად განსაჯოს, გააანალიზოს, ვინ, რატომ და რისთვის ვართ ასე დასჯილები.
არ გაბედოთ, ბატონო იაკობ, რომ თმის ერთი ღერი ჩამომივარდეს, თორემ არ იცით, რა რისხვა შეიძლება დაგატყდეთ თავს! თქვენ ხალხს არ იცნობთ, ჯერ ჩვენი შვილების სიკვდილი გაპატიოთ ღმერთმა. ჩემთან უფალია, მისი სიყვარულით და რწმენით ვარ სულიერად ასე ძლიერად. ღმერთს შევთხოვ, არ მიმატოვოს არასდროს, თქვენ მიმატოვეთ და პასუხსაც აგებთ უფლის წინაშე. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
გიორგი საკარული