QronikaPlus
დათო გამცემლიძე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმესი არჩევანის წინაშეა“

დათო გამცემლიძე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმესი არჩევანის წინაშეა“

2018-06-16 07:51:34

უახლოეს პერიოდში შესაძლოა, მსოფლიო საეკლესიო წესრიგი ისე შეიცვალოს, რომ საკუთარ საქმეებში ჩაფლული ქართველი ობივატელი, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო, ვერც კი მიხვდნენ, როგორ დაკარგეს აფხაზეთი სამუდამოდ და საკუთარი გულარხეინობით როგორ შეუწყვეს ხელი ამ პროცესს. მოსალოდნელ საფრთხეებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს: _ პოლიტიკური-ეკონომიკური, სოციალური თუ საშინაო პრობლემებით დახუნძლული საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების მიღმა კვლავ რჩება აფხაზეთი; ზოგადად, საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ხელისუფლებებში მყოფი „სასარგებლო იდიოტები“ (თქვენ გიყვართ ამ ტერმინის გამოყენება) არათუ ვერ პროგნოზირებენ და გეგმავენ მოსალოდნელ საფრთხეებს, არამედ ვერც კი რეაგირებენ მათზე. ამ ვითარებაში აფახაზეთში სასულიერო პირები და რამდენიმე მიმართულებით გახლეჩილი ადგილობრივი „ეკლესია“, ერთი შეხედვით, წაუგებელ პარტიას თამაშობენ. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოში ადეკვატურად აფასებენ არსებულ გამოწვევას? _ მართალი ბრძანდებით: აფხაზეთი, სამწუხაროდ და სავალალოდ, „თვალს ეფარება“ და თანდათან ქრება ქართული საზოგადოებისა და „პოლიტიკური კლასის“ როგორც მიმდინარე, ასევე სტრატეგიული „დღის წესრიგიდან“. არადა, ჩვენი ქვეყნის ამ ისტორიულ რეგიონში, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები და მათ მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები დაეუფლნენ ეთნოწმენდის შედეგად, ძალიან საშიში პროცესები ვითარდება. შესაძლოა, ზოგიერთს გაუკვირდეს კიდეც ეს ტერმინი: „საშიში“, რომელიც გულისხმობს „უარესის“ ალბათობასა თუ საფრთხეს; არადა, ფართოდ დამკვიდრებული აზრის შესაბამისად, „ამაზე უარესი რაღა შეიძლება მოხდეს?“ სინამდვილეში, შეიძლება, კერძოდ, ბევრად უარესია აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარება! სანამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ მხოლოდ რუსეთი და მისი მარგინალი მოკავშირეები (სირია) ცნობენ, აფხაზეთი საქართველოსთვის სამუდამოდ დაკარგული არ არის! როგორც კი და თუკი (ღმერთმა დაგვიფაროს!) აფხაზეთის დამოუკიდებლობა ევროპის რომელიმე სახელმწიფომ აღიარა, შემდეგ კი ევროპული ქვეყნების ჯგუფმა (კოსოვოს შემთხვევაში ასე მოხდა), საქართველოს ეს ძირძველი ისტორიული რეგიონი, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და კულტურის აკვანი _ საქართველოსთვის სამუდამოდ დაკარგულია. ამიტომაც გვმართებს, მუდამ ყურადღებით ვადევნოთ თვალი იქ მიმდინარე მოვლენებს _ თუ პოლიტიკოსებმა არა, რომლებიც ერთი ისტორიული გამონათქვამით „ძალაუფლებისა და ლითონისთვის“ იბრძვიან მუდამ, უბრალო მოქალაქეებმა მაინც, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი გვაღელვებს. აფხაზური ელიტები და ხელისუფლება, რომელთაც პროფესიონალიზმი არასდროს აკლდათ, ამჟამად კიდევ ერთხელ ცდილობს რელიგიური, ქრისტიანული, მათ შორის, აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის ქცევას ფართო საერთაშორისო აღიარების „ინსტრუმენტად“. მათი საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის და არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. სწორედ ამით განსხვავდება აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობა „სამხრეთ ოსეთის“ ირიდენტისტული მოძრაობისგან. სამწუხარო კი ისაა, რომ რეაქცია ხშირად არათუ არაადეკვატური, არამედ დამაზიანებელიც კია. ზოგადად, „სასარგებლო იდიოტთა“ ფენომენი, რაც თქვენ ახსენეთ, ამ ქვეყნისთვის ისტორიულ კატასტროფად იქცა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელისუფლებო ან სხვა გავლენიანი ბერკეტი უპყრიათ ხელთ. რამდენიმე ასეთი სუბიექტი მინისტრიც კი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში და მათი „საქმიანობის“ გამანადგურებელ შედეგებზე საუბარი _ პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სხვა მიმართულებებით _ დაუსრულებლად შეიძლება. _ ზემოთ „წაუგებელი პარტია“ ვახსენე და ეს თემა გავშალოთ: ცხადია, აფხაზეთის სასულიერო პირები _ ძირითადად ვსაუბრობ ორ ფრთაზე _ პრორუსული და მსოფლიო პატრიარქისკენ მომზირალნი _ სულმოუთქმელად ელიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას. მკითხველს შევახსენებ, რომ ამ საკითხში რუსეთის ეკლესია ეწინააღმდეგება უკრაინისთვის საეკლესიო დამოუკიდებლობის მინიჭებას. თუმცა თითქოს გლობალურმა პოლიტიკამ ეკლესიის წიაღში გადმოინაცვლა და ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ერთგვარად კოსოვოს ანალოგიის მოდელი იქმნება. უფრო ვრცლად ავხსნათ ეს ვითარება. _ პირველ რიგში, ბატონო გოჩა, სრული დაწრმუნებით ვიტყვი, რომ არავითარი რეალური „განხეთქილება“ აფხაზეთში საეკლესიო თემატიკაზე არ არსებობს. ის, რასაც ჩვენ ხშირად აღვიქვამთ „განხეთქილებად“ მამა ბესარიონ აპლიას „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეპარქიასა“ და დბარ-სარსანიას „წმიდა მიტროპოლიას“ შორის, სინამდვილეში არის აფხაზური ელიტების მიერ უდიდესი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით გათამაშებული, დახვეწილი, რაფინირებული პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს „ბალანსირებისა“ რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის, იმ საბოლოო მიზნით, რათა აპლიამ და დბარმა ერთობლივად მიაღწიონ სტრატეგიულ მიზანს: აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, შემდეგ ამ ავტოკეფალიის „კონვერტაციას“ _ მის გამოყენებას „ინსტრუმენტად“ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარებისა, არა მხოლოდ რუსეთისა თუ სირიის, არამედ ბევრი სხვა სახელმწიფოს მხრიდან. უფრო გასაგები რომ იყოს, თუ რა რთული თამაში მიმდინარეობს, აქვე უპრიანია, თუნდაც, მცირე ისტორიული ექსკურსი: XV-XVI საუკუნეებში საერთო-ქართული სახელმწიფოებრივი „მატრიცის“ ნგრევა იმით დაიწყო, რომ ოსმალეთის იმპერიამ აფხაზეთის ჯერ ელიტებს, შემდეგ მოსახლეობას თავს მოახვია ისლამი, ნაცვლად ქრისტიანობისა. საქართველოს სხვა მეზობელ რეგიონებში იგივეს ვერ მიაღწიეს და ესეც ისტორიული ფაქტია: ამას ნურც რაიმე „შექებად“ მიიღებს ვინმე, ნურც შეურაცხყოფად: ფაქტია, რომ სამეგრელოში, იმერეთში, სხვა რეგიონებში, განსხვავებით აფხაზეთისა და მესხეთისგან, სტამბულის სუვერენიტეტი კი აღიარეს, მაგრამ ქრისტე არ უარუყვიათ, ისლამი არც ელიტებს და არც მასობრივად არ მიუღიათ, ანუ პირველადი იდენტობა არ შეუცვლიათ. იმ ეპოქაში კი იდენტობას არა ეთნიკურობა, არამედ რელიგია განსაზღვრავდა. ამიტომაც ისტორიული ბედისწერის მწარე დაცინვაა, როცა ქრისტიანობასა და აფხაზეთის ეკლესიას იმათი მენტალური და ეთნიკური შთამომავლები გვედავებიან, ვინც შუა საუკუნეებში იგივე ქრისტე იოლად უარყო, რათა იმპერიაში პრივილეგიები მოეპოვებინა... მოიპოვეს კიდეც, რაკი ოსმალეთის სტრატეგიულ მოკავშირეებად იქცნენ, „მოიერთეს მათი ძალა“ და მეზობელი ქრისტიანული რეგიონებიდან ტყვის სყიდვის საუკუნოვანი „ბიზნესიც“ ააწყვეს. ამის გამო და სწორედ ამ მიზეზით აფხაზეთის ეკლესიის საჭეთმპრობელთა დიდებული, ძირძველი, მირონცხებული ტახტი ქუთაისში გადმოვიდა. რატომ არ დარჩა აფხაზეთში? რატომ არ დარჩა იქ, სადაც სვიმონ კანანელი _ ზოგადქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მამა ქადაგებდა და სადაც განისვენა? თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აქვე ითქვას, რომ აფხაზეთის, განსაკუთრებით მთიელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სვიმონ კანანელის ეპოქაშიც წარმართი უფრო იყო და ოსმალურ ეპოქაშიც არ უღალატია იმ ძველი წარმართული „ბომონებისთვის“. აქ უპირატესად ვსაუბრობთ ელიტებისა და მათი უახლოესად გარემომცველი სოციალური წრის მიდრეკილებებზე. აუცილებლად უნდა გავითვალსწინოთ, რომ XIX საუკუნის „ანტირუსული მოძრაობა“ აფხაზეთში „ანტიქრისტიანული“ იყო როგორც ფორმით, ასევე, რაც მთავარია, შინაარსით. ზუსტად ამან განაპირობა „მუჰაჯირობა“. ესეც მეორე ილუსტრაციაა თანამედროვე აბსურდისა, როცა ქრისტიანობა და ავტოკეფალია აფხაზეთში „ინსტრუმენტალიზდება“ საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. 1993 წელს რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ფინანსური, ლოჯისტიკური, საინფორმაციო და ყველა სხვა სახის მხარდაჭერით აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს ეთნოწმენდა, ანუ აფხაზეთიდან გამოაძევეს ქართული მოსახლეობაც და ქართული სამღვდელოებაც. ბუნებრივია, რუსეთმა, მათ შორის, რუსულმა ეკლესიამ აქტიურად დაიწყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის გავრცელება. რუსული ეკლესიისთვის ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია, კანონიკურია ორი მიზეზით: პირველი _ სვიმონ კანანელის მოღვაწეობის გამო და მეორე _ ახალი ათონის დიდებული მონასტრისა, რომელიც XIX საუკუნეში დაფუძნდა. მოსკოვის მხრიდან მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ სეპარატისტები მიხვდნენ, რომ რუსული ეკლესიის ეს დაინტერესება აქტიურად შეეძლოთ გამოეყენებინათ ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. ამიტომ, ჯერ კიდევ, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის დროს შესთავაზეს მოსკოვს ასეთი „გეშეფტი“: „სცანით „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია“; სამაგიეროდ, ჩვენ დაგითმობთ „ახალი ათონის“ მონასტერს“. აფხაზეთის ავტოკეფალია კი, როგორც მოგახსენეთ, აფხაზეთის სახელმწიფოს ფართო საერთაშორისო აღიარების „ინსტრუმენტად“ სჭირდებათ იმ ძალისა და გავლენის გათვალისწინებთ, რაც აქვს მართლმადიდებლობას განსაკუთრებით საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. დღესვე არა, თუმცა სოხუმში ხშირად უთქვამთ, რომ 1993 წლის გამარჯვების შემდეგ ისტორიულად არსად ეჩქარებათ; მთავარია, განვითარების ვექტორი იყოს მსოფლიო აღიარებისკენ. ახალი ათონის მონასტერი ან თუნდაც ყველა სხვა ეკლესია ვის ხელში ან ვისი კონტროლის ქვეშ იქნება, სულაც არ აინტერსებთ. იყოს თუნდაც მოსკოვის „ქვეშ“. _ თუმცა ისიც ფაქტია, რომ მოსკოვი ამ ე. წ. შეთავაზებას არ დაეთანხმა. _ დიახ, მოსკოვის საპატრიარქო ამ „გეშეფტს“ არ დათანხმდა სწორედ იმიტომ, რომ თუ იგი აღიარებდა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ საქართველოც აღიარებდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რუსეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანია. 2008 წლის შემდეგ ჯერ პრეზიდენტი მედვედევი, შემდეგ ისევ პრეზიდენტი პუტინი, პატრიარქ კირილეს ინიციატივით, კატეგორიულად მოითხოვდნენ აფხაზეთის ხელისუფალთაგან, დაეთმოთ „ახალი ათონი“, მაგრამ სოხუმმა უარი უთხრა. ოღონდ იმ პირობებში, როცა 100%-ით საოკუპაციო ძალაზე არიან დამოკიდებულნი, ეს უარი ოსტატურად „შეფუთეს“: ჯერ აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი „აფხაზეთის ეპარქიისათვის“ (მამა ბესარიონ აპლიას ორგანიზაციისთვის) გადაცემის შესახებ, მათ შორის, ახალი ათონისა; როცა პატრიარქმა კირილემ უშუალოდ ბესარიონ აპლიასთან დაიწყო მოლაპარაკება, ახალი ათონის მონასტერში შეიჭრნენ რუსული ეკლესიის ყოფილი კლირიკოსები: დოროთე დბარი, დავით სარსანია, სხვები და იქ „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ გამოაცხადეს. ოღონდ მათ, ბესარიონ აპლიასაგან განსხვავებით, მოსკოვის პატრიარქს კი არ მიმართეს ავტოკეფალიის მოთხოვნით, არამედ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, აფხაზეთის საერო ხელისუფლებამ კი ხელები გაასავსავა, _ რა ვქნათ, აფხაზეთის ეკლესიაში განხეთქილებაა და აბა, მონასტერში ტანკებს ხომ არ შევიყვანთო? კირილეს მიერ ახალ ათონში თბილისთან შეთანხმებით გამოგზავნილი კლირიკოსიც გააგდეს. ანუ ისევ და ისევ: ეს ე. წ. განხეთქილება არის დიდოსტატურად გათამაშებული სპექტაკლი და პოლიტ-ტექნოლოგია, რათა, ერთი მხრივ, „ახალი ათონის მონასტერი“ არ გადასცენ რუსეთს _ კირილეს მიერ აფხაზეთის ავტოკეფალიის აღაირებამდე, ხოლო, მეორე მხრივ, „საერო მოსკოვთანაც“ ჰქონდეთ „ხელების გასასავსავებელი“: აბა, რა ვქნათ, კი გვინდა, მაგრამ... წმინდა სავანეში ტანკებით ხომ არ შევალთო... _ ნუ ვიდავებთ იმ საკითხზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კერძოდ, საპატრიარქოში საკმაოდ დიდია რუსეთის გავლენა. ამ ვითარებაში გაგახსენებთ გასული წლის შემოდგომაზე საპატრიარქოში ილიარიონ ალფეევის ვიზიტს, რომლის ოფიციალური საბაბი ასევე აფხაზეთი გახლდათ და შედეგს, რასაც მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნა მოჰყვა. პარალელურად, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ დააღალატა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქი კრეტაზე წაუსვლელობით. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არც კის ამბობს და არც _ არას, როგორ ფიქრობთ, რომელ მხარეს იხრება მისი პოზიცია და, ზოგადად, აქვს კი საერთოდ განსაზღვრული საპატრიარქოს რაიმე სახის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არის თუ არა გააზრებული მოსალოდნელი შედეგები? _ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წაუსვლელობა პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთის საკითხს და იმ უმძიმეს სიტუაციას, რომელშიც საქართველოს საპატრიარქო აღმოჩნდა უკვე რამდენიმე წელია, როდესაც, ერთი მხრივ, კონსტანტინოპოლი, მეორე მხრივ კი მოსკოვი მოითხოვს მისგან, მკაფიო პოზიცია დაიკავოს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში და ორივე ემუქრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების შექმნით. სწორედ ამ მუქარისა და მოურიდებლად ვიტყვი, ორმხრივი შანტაჟის პირობებში, საქართველოს ეკლესიას კრეტაზე მოუწევდა პოზიციის დაკავება ან „აქეთ“ ან „იქით“, რაც მიზანშეუწონლად ჩაითვალა და თბილისმა ამჯობინა, საერთოდ „გასცლოდა“, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო იმ ვითარებაში, რაც შეიქმნა „მსოფლიო საეკლესიო კრების“ წინ და დღემდე გრძელდება. ეს ზეწოლა არათუ გრძელდება, არამედ ძლიერდება. ამის მაგალითია არა მხოლოდ ილარიონ ალფეევის ვიზიტები, რომელიც პატრიარქ კირილეს ტახტთან ყველაზე დაახლოებულ იერარქად ითვლება, არამედ პატრიარქ კირილეს შეხვედრა ბესარიონ აპლიასთან, ხოლო მსოფლიო პატრიარქისა _ იმავე თვითმარქვია „მიტროპოლიის“ ხელმძღვანელ დოროთე დბართან. ორივე არამეგობრული ნაბიჯი იყო, რასაკვირველია. ოღონდ უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო პატრიარქის დემარში ამ შემთხვევაში საქართველოსადმი ბევრად უფრო არამეგობრულია, კიდევ უარესი რომ არ ვთქვათ და აი, რატომ: ბევრმა არ იცის, რომ ბესარიონ აპლია, ჯერ კიდევ, ფორმალურად რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსად. საქართველოს ეკლესიას იგი არ განუკვეთავს მიუხედავად მისი საეკლესიო სეპარატიზმისა, თუმცა კი ჰქონდა ამის კანონიკური საფუძველი. არანაკლებ არსებითია, რომ თვით მამა ბესარიონი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა, არ გადის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან და აღიარებს, რომ ფორმალურად რჩება მის იერარქად, თუმცა კი მოითხოვს აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიას. ოღონდ ამას მოითხოვს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელისაგან, რაც, რასაკვირველია, არ იქნება დაკმაყოფილებული. ანუ, ფორმალურად, როდესაც პატრიარქი კირილე მამა ბესარიონ აპლიას შეხვდა, იგი შეხვდა საქართველოს ეკლესიის კლირიკოსს და ამით საეკლესიო კანონმდებლობა, კანონიკური პრეროგატივა, ფორმალურად მაინც(!) იყო დაცული. აი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კი დოროთე დბარს შეხვდა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ეკლესიასთან, მისი დაუძინებელი, ღია და აშკარა მტერია, _ საქართველოს ტერიტორიაზე ე. წ. მიტროპოლიის დამფუძნებელი, რაც აბსოლუტურად ყველა საეკლესიო ნორმის პირდაპირი, უხეში, თავხედური დარღვევა და ისეთი შეურაცხყოფაა, რასაც ერის „არაეკლესიურ“ ენაზე „სახეში შეფურთხება ჰქვია!“ თავის მხრივ, ბართლომე ამას სჩადის არა საქართველოს ან ჩვენი ეკლესიისადმი რაღაც იმანენტური სიძულვილით, არამედ იმ საუკუნოვანი ბრძოლის კონტექსტში, რომელსაც „მეორე“ და „მესამე“ რომი აწარმოებენ 1453 წლიდან, ანუ კონსტანტინოპოლის თურქთა მიერ აღებიდან _ დღემდე. გარდა ამისა, სვიმონ კანანელის სხივმოსილი საფლავი მასაც „სჭრის თვალს“. აფხაზები, ისევ და ისევ, დიდოსტატურად თამაშობენ ამ წინააღმდეგობათა მრავალმხრივ კომპლექსზე მთავარი მიზნის მისაღწევად: აფხაზეთის ავტოკეფალია და შემდეგ მისი „ინსტრუმენტალიზება“ ფართო ევროპული აღიარების მოსაპოვებლად. _ ზემოთ ვახსენე, რომ საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიის საკითხზე ერთგვარად შუალედურიც არის. ალფეევმა ბოლო ვიზიტისას მოსკოვში პასუხი ვერ წაიღო. მალე საქართველოში მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ეს გაურკვეველი პოზიცია რამდენად სასარგებლოა საქართველოსთვის? _ საქართველოს ეკლესია, როგორც მოგახსენეთ, უმძიმესი არჩევანის წინაშეა და „ნეიტრალიტეტმა“, ანუ „დალოდებამაც“ შესაძლოა, აღარ გაჭრას, თუმცა ერთი რამ აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თუ თბილისი ხელს შეუწყობს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას, მოსკოვიც ცნობს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, მიიღებს სანაცვლოდ „ახალი ათონის მონასტერს“, შემდეგ კი „მიტროპოლიის“ მესვეურები გააძლიერებენ მუშაობას კონსტანტინოპოლში იმ დემაგოგიური არგუმენტით, რომ „დედა-ეკლესიამ უკვე ცნო აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია“. გავითვალისწინოთ: მათი ინტერპრეტაციით აფხაზეთის დედაეკლესია, ისტორიულად, რუსეთია, ხოლო საქართველოს 1943 წელს სტალინის ზეწოლით მიანიჭა ავტოკეფალია რუსეთმა! ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლმა, მხოლოდ და მხოლოდ, 1990 წელს აღიარა. მანამდე _ საოცარი ფაქტია, მაგრამ ფაქტია! _ „მსოფლიო ეკლესია“ და მისი საჭეთმპყრობელი ჩვენი ეკლესიის ავტოკეფელიას საერთოდ არ ცნობდა. სხვათა შორის, აქ ისიც ასრულებს და ასრულებდა მნიშვნელოვან როლს, რომ მცხეთა-თბილისის დედაეკლესია ანტიოქიაა და არა კონსტანტინოპოლი. _ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტებაში ე. წ. ციანიდის საქმით, რომელმაც ეკლესიას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც შეულახა ავტორიტეტი. ისიც ცხადია, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს, ამ ეტაპზე, არანაირი ერთიანი მოქმედების სტრატეგია არ გააჩნიათ. ამის მიუხედავად ეკლესიას მოუწევს საკუთარი პოზიციის გახმოვანება, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დამაზიანებელი აღმოჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის. არსებობს კი ოქროს შუალედი, რომლითაც შეიძლება წავიდეთ და რაიმე სახის პოზიტიური შედეგი დავაყენოთ ამ მართლაც ჩიხური მდგომარეობიდან? _ გეთანხმებით, რომ განსხვავებით სეპარატისტული აფხაზეთისგან, რომლის საერო-სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ელიტები კონსოლიდირებულად, მაღალპროფესიულად, მიზანმიმართულად ეხმარებიან „მიტროპოლიას“ მიზნის მიღწევაში, საქართველო ამ მხრივ სრული ქაოსით და გაურკვევლობითაა მოცული. „ციანიდი“ და „შავი ჯიპი“ მნიშვნელოვანი თემაა, რასაკვირველია, მაგრამ არაფერია იმ ისტორიულ გამოწვევასთან შედარებით, რასაც ჩვენი ეკლესია დღეს შეეჩეხა და რაც, შესაძლოა, ძალიან ცუდად დასრულდეს ამ გაუთავებელი მარაზმატული შიდა დაპირისპირებებით თუ შავი პიარით, რომელსაც, გარწმუნებთ, დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს როგორც მოსკოვში, ასევე კონსტანტინოპოლში, სოფიაში, ბუქარესტში, ბელგრადში, ათენსა და სხვა მართლმადიდებლურ ცენტრებში. „ოქროს შუალედის“ პოვნაში ეკლესიას სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ეს უნდა იყოს ქართული დიპლომატიისა და პოლიტიკური კლასის უპირველესი პრიორიტეტი დღეს, თუმცა რიტორიკული კითხვების დასმაც კი აღარ ღირს. _ ერთ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გავახმოვანებ: 2008 წლის აგვისტოში ერევანში შეკრებილმა სასულიერო იერარქებმა უპირობო თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს. მაშინ მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელს არათუ მორალური თანამდგომა აღუთქვა, არამედ 10 ათასი დოლარი ნაღდი ფულიც გადასცა. ეს ერთგვარი ჟესტიც გახლდათ თანადგომის დემონსტრირებისთვის... თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა მიზეზით გავურბოდით მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობას და თუნდაც მისი გავლენისა და ავტორიტეტის საჩვენოდ გამოყნებას. ამ ვითარებაში მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობების სავარაუდო გაღრმავების საპირწონედ შეიძლება აღმოჩნდეს ის გარემოება, რომ რუსეთის ეკლესია ან მიიერთებს აფხაზეთის ე. წ. ეკლესიას, რომელსაც ისედაც მართავს, ან აღიარებს მის ავტოკეფალიას. პოლიტიკურ პრიზმაში იქნებ და იყოს ეს გამოსავალი, რადგან სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ეკლესია გააკეთებს ამას და მსოფლიო პოლიტიკის _ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პრიზმაში დეოკუპაციასთან ერთად მოხდება ამ ნაწილისგანაც განთავისუფლება? _ საქმეც ის გახლავთ, რომ აფხაზეთის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ რუსეთით არ შემოიფარგლება და არ დასრულდება ამით. მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის „საჯილდაო“ ქვა უკრაინაა და არა აფხაზეთი. აფხაზეთის აღიარება არც ერთს მიაჩნია დაუშვებლად და არც _ მეორეს, თუმცა ამჟამად უკრაინის თემა აყოვნებთ. სულაც არ არის გამორიცხული, თუ ჩვენ აქ მორიგ საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ, უკრაინის საკითხზე კი დარჩნენ დაპირისპირებულნი, მაგრამ საქართველოსგან აფხაზეთის ეკლესიურად მოგლეჯაზე მისცენ ურთიერთს ლოცვა-კურთხევა. ამის შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ეკლესიები ისევე ცნობენ აფხაზეთის ავტოკეფალიას, როგორც კი (თუ) უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებენ. გავითვალისწინოთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო, რომის გარშემო კონსოლიდირებული კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, არ არის „შემოკრებილი“ პაპის ირგვლივ _ აქ უმნიშვნელოვანესია კონსენსუსის ინსტიტუტი. ჩვენ უნდა ვცადოთ, ეს კონსენსუსი საქართველოს სასარგებლო იყოს, თორემ შესაძლოა, ამგვარი კონსენსუსი ჩვენ საწინააღმდეგოდაც შედგეს. მით უმეტეს, რომ მხოლოდ კონსტანტინოპოლთან ან მოსკოვთან კი არ გვაქვს დაძაბული ურთიერთობა, არამედ ბელგრადთანაც. _ გაგახსენებთ ერთ ფაქტს ცხინვალში მშენებარე ტაძართან დაკავშირებით, როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დასვეს კითხვა, _ რატომ შენდება? რუსეთის საპატრიარქოსგან მიიღეს პასუხი, რომ აშენებს ჯარი. მორიგ კითხვაზე, _ ვინ დანიშნავს მაშინ მანდ ეკლესიის მსახურებს? ასევე ცინიკური პასუხი გაისმა, _ ვინმე. ჩვენ ხომ რეალურად ვხედავთ იმას, რომ თუნდაც საეკლესიო საკითხში რუსეთი არ არის ჩვენი პარტნიორი. გაგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთის პატრიარქი სრული ტიტულითაც კი არ მოიხსენიებს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს _ ვფულისხმობ ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ნაწილში. ასეთ ვითარებაში ჩვენ თუ რუსეთის პოზიციას დავიკავებთ, რას მივიღებთ? იმას, რომ მსოფლიო პატრიარქი და 10 ეკლესია ერთხმად აღიარებს დოროთე დარბის ეკლესიის ავტოკეფალიას? _ რუსეთი ეკლესიებს აშენებს ცხინვალშიც და აფხაზეთშიც. ითვისებს რეალურად იმას, რაც მისი არ არის, რაც ისტორიულად საქართველოსია. მაგრამ აქ საკითხი დგას ასე: იქნება თუ არა საბედისწერო საქართველოსთვის თბილისის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება თუნდაც მოსკოვის საპატრიაქოს ამ თავხედური მოქმედების პასუხად და გარდაუვალი შედეგების გათვალისწინებით? მე ვფიქრობ, იქნება! საწინააღმდეგო ლოგიკა ემოციურია და მისსავე ფარგლებში შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ თუ ასეა, მაშინ სჯობს, საქართველომ თავად აღიაროს „მოსკოვის ჯინაზე“ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, „გზა დაულოცოს“ მას კონსტანტინოპოლისკენ, საითკენაც ისწრაფის „აფხაზეთის მიტროპოლია“, შემდეგ კი, იმავე ლოგიკით, ისევ „ჯინაზე“, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც კი დადგეს დღის წესრიგში, რაკი აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ ესწრაფვის. ხოლო დღეს „საბრალონი“, დამონებულნი არიან რუსული ჯარის მიერ. გამოდის, ლოგიკური იქნება, თუ ვაღიარებთ და გზას გავუხსნით ევროპისკენ, ამერიკისკენ, მსოფლიოსკენ _ ფართო საერთაშორისო აღიარებისკენ, რათა „რუსული ოკუპაციისგან“ ამ გზით დავიხსნათ? გარწმუნებთ, აფხაზები უარს კი არ გვეტყვიან, თუ ასე მოვქცევით. _ ფაქტია, რომ აფხაზები მუდამ და ყოველთვის გვიგებენ და ჩვენ მუდამ და ყოველთვის ვაგებთ _ ვაგვიანებთ. ასე იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კონფედერაციის საკითხს გვეხვეწებოდნენ და ახლა არც განიხილავენ ამ თემას. _ „კონფედერაციის“ საკითხს ვლადისლავ არძინბა იმ ისტორიულ კონტექსტში სვამდა, როდესაც რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. არძინბას სჭირდებოდა იმის დაფიქსირება, რომ აფხაზეთი და საქართველო, ისევე როგორც ოდესღაც „ჩეხეთ-სლოვაკეთი“, ე. წ. ორსუბიექტური ფედერაციისა თუ კონფედერაციის სუბიექტები არიან. 1997 წელს სწორედ ეს წინადადება ჩამოიტანა მასთან ერთად პრიმაკოვმა თბილისში. ოღონდ, ჯერ ერთი, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე და მეორეც, იმ მიზნით, რათა ეს ორსუბიექტური ქართულ-აფხაზური კონფედერაცია ისევე იოლად დაშლილიყო, როგორც „ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაცია“ დაიშალა და აბსოლუტურად ყველამ ნორმალურად მიიჩნია, რაკი იმ ფედერაციაში ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტი იყო: ჩეხეთი და სლოვაკეთი. იგივე ბედი ეწეოდა საქართველო-აფხაზეთის ფედერაციასაც. _ დაბოლოს, ისტორიკოსი ბრძანდებით და თქვენთვის ადვილია იმის გააზრება, თუ რა ისტორიული როლი შეასრულა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული იდენტობის განსაზღვრის საკითხში. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი სულაც არ გახლავთ სხვადასხვა კვლევაში ასახული სარეიტინგო მაჩვენებელი, რადგან ეს ციფრები რესპონდენტების ტრადიციული კოდის დემონსტრირებაა _ მე ვარ ქრისტიანი! ისიც ცხადია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის _ საპატრიარქოს ჩაკეტილობა, მართვის მახინჯი მეთოდები, თუნდაც „ციანიდის სკანდალი“, რომლის საფუძველს მაინც ქონებრივი დაპირისპირება წარმოადგენს, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ამ ინსტიტუტს. რამდენად ძალუძს ეკლესიას მოახდინოს შინაგანი თვითგანწმენდა, რომელსაც ამ დრომდე ახერხებდა ხოლმე ძალიან ხშირად და რა უნდა იყოს ამ ინსტიტუტის უმთავრესი მისია ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში? აქ ვგულისხმობ თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსაც და ამ მხრივ ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან პარტნიორობას. _ ძალიან საინტერესო შენიშვნაა, რომ საქართველოს საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებას ადამიანები ქვეცნობიერად თვით ეკლესიისა და ქრისტიანული რწმენისადმი დამოკიდებულებასთან აიგივებენ, ხოლო კითხვა: „დადებითად აფასებ თუ არა?“ აღიქმება კითხვად: „ხარ თუ არა მორწმუნე ქრისტიანი?“ არადა, ბევრად ჯანსაღი იქნებოდა, თუ ჩვენი საზოგადოება აქ განსხვავებას ისწავლიდა ისევე, როგორც ესმის ეს დასავლური ეკლესიის მრევლს. ზუსტად ამ მენტალური და სოციალური თავისებურების გამო რა სკანდალები არ გადაიტანა რომის ეკლესიამ, თუმცა საბოლოოდ მისი ავტორიტეტი სულაც არ დანგრეულა. გეთანხმებით, რომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენი ეკლესიის მესვეურთა პასუხისმგებლობაზე _ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, შეარჩიონ ღირსეული იერარქები და დაიმკვიდრონ რეალური ავტორიტეტი, რომელიც არ შესუსტდება უმალვე, როგორც კი ჩამოიშლება მისი ავტორიტარული საყრდენი და გაიჟღერებს მანამდე გაუგონარი კრიტიკა. რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დღეს, ანუ ამჟამინდელ მოცემულობაში, მაქსიმუმი რაც შეუძლია ქართულ ეკლესიას გააკეთოს, ისაა, რომ ყოველი ღონე იხმაროს, რათა არ დაუშვას აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარება, რადგან ეს იქნება დასაწყისი აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისა და მისი სამუდამოდ, საშვილიშვილოდ, სამარადჟამოდ დაკარგვისა!

გოჩა მირცხულავა

 

გაზიარება