QronikaPlus
გიორგი კირთაძე: „ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი“

გიორგი კირთაძე: „ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი“

2024-11-28 05:02:25

ირინა მაკარიძე

25 ნოემბერს მმართველი ძალა პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას აპირებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება. პირველ სხდომას არ დაესწრება არა მხოლოდ პარლამენტში გასული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან რომელიმე დეპუტატი, არამედ სხდომაზე ვერ ვიხილავთ საქართველოში მოქმედ ვერცერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

„ქართულმა ოცნებამ“ თადარიგი დაიჭირა და წინასწარ განაცხადა, რომ დიპლომატიურ კორპუსს არ იწვევს, რადგან თურმე არჩევნები „ქვეყნის შიდა საქმეა“. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებს გაყალბებებისა და ფარულობის დარღვევის ფონზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია არ უცვნიათ და არც გამარჯვება მიულოცავთ „ქართული ოცნებისთვის“, ცხადია ამ უკანასკნელს პარლამენტში ელჩების მისვლისა და მათი მილოცვების მიღების იმედი არ ჰქონდა.

მაშ, ასე! „ქართული ოცნება“ მიტაცებული არჩევნების შედეგების საბოლოოდ გაფორმებას ელოდება, საარჩევნო ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური ძალა კი ხელახალი არჩევნების მიღწევას ცდილობს.

შექმნილ ვითარებაზე, ოპოზიციის გეგმებსა და შესაძლებლობებზე „ქრონიკა+-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე:

_ სამი მთავარი მიმართულებაა, რომელზედაც ამ წუთას ოპოზიცია მუშაობს. 1. ამ პარლამენტის ლეგიტიმურობის არაღიარება იმ ნაწილში, რომ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ შევიდეს პარლამენტში. პრაქტიკულად, ოთხივე პოლიტიკურმა სუბიექტმა მკაფიოდ თქვა, რომ არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას და პარლამეტში შესვლას, რაც ამ თვითმარქვია პარლამენტისა და ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე აისახება; 2. თანამშრომლობა საერთაშორისო მეგობრებთან, თუ საჭიროა, მათთვის მტკიცებულებების კიდევ ერთხელ მიწოდება იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და რაც ამ დღეს, 26 ოქტომბორს, მოხდა, ამას არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები; 3. ეს არის ქუჩის საპროტესტო აქციები, რომელიც უნდა იყოს ხშირი, მუდმივი და სხვადასხვა ფორმის, რაც ერთ-ერთი მთავარი იარაღია ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

_ ვნახეთ, როგორი ძალადობრივი მეთოდებით დაშალა უნივერსიტეტთან გამართული აქცია პოლიციამ. რას ემსახურებოდა ძალის ასეთი დემონსტრირება?

_ ერთი მხრივ, ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა და მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ეს არის სუსტი პოზიციის ხელისუფლების ქმედება, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალისმიერი მეთოდებით არბევს. როგორც წესი, ამას აუცილებლად მოჰყვება ხოლმე შედეგი, რომელიც იმავე საღამოს ვნახეთ, როდესაც იმაზე ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ვიდრე იქამდე იყო. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, უნდა იყოს საპროტესტო აქციები და შედეგიც აუცილებლად დადგება. ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი არის ხალხის აქტიურობა.

იმისთვის, რომ ამ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს კეთილდღეობისა და უსაფრთხო განვითარების შესაძლებლობა, სჭირდება ევროპული მომავალი. ვინც ამ ევროპულ მომავალს ხელს უშლის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა ჩავატაროთ ამ ქვეყანაში ახალი, სამართლიანი არჩევნები და ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა, სადაც ადამიანები დიდი ხნით იცხოვრებენ კეთილდღეობითა და უსაფრთხოდ.

_ შესაძლოა, ამის მიღწევას დასჭირდეს  ხანგრძლივი ბრძოლა. არის სკეპტიკური მოლოდინები, რომ თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ის გამარგინალდება და ა. შ. ამის შესახებ რას იტყვით?

_ მეც ვხედავ, რომ საზოგადოების ნაწილში არის ნიჰილიზმი და მთავარი, რაც არის დასამარცხებელი, ბუნებრივია, სწორედ ეს ნიჰილიზმია. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ამ ბრძოლას შედეგი აუცილებლად ექნება. რა თქმა უნდა, არ შემიძლია პროგნოზის გაკეთება, რა დრო შეიძლება ამას დასჭირდეს, მაგრამ მე ამას არ ვუყურებ ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივით. მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ამ საკითხს ყველანი ერთად, ორგანიზებულად და სწორად მივუდგებით, ვერ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმი და აუცილებლად ჩამოიშლება.

_ ვიდრე რეჟიმი ჩამოიშლება, ყველაფერი ეს აისახება ქვეყანასა და მოსახლეობაზე. ამ შიშების პასუხად რას იტყვით, რომ ვითარება შეიძლება გაუარესდეს, თუნდაც ეკონომიკისა და მასთან თანმდევი პროცესების კუთხით?

_ ერთადერთი, რაც ცუდად აისახება ეკონომიკაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეს არის ავტოკრატიული რეჟიმი. ავტოკრატიული რეჟიმი უზრუნველყოფს, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს პრობლემები, რაც კიდევ უფრო მეტადგაიზრდება. თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ნორმალურად, კარგად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობით, სწორედ ავტოკრატიული რეჟიმი არის ჩამოსაშლელი და სამართლიანი არჩევნები ჩასატარებელი. უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოაქვს ჩვენს ბუნებრივ ადგილს, რაც გვეკუთვნის ევროპაში, და არა ავტოკრატიულ რეჟიმებს. არა მგონია, რომ ეს რთული გასაგები იყოს. სამწუხაროდ, მეც ვგრძნობ, რომ საზოგადოებაში არის ეს კითხვები. მართალია, ეს ბრძოლა არ არის მარტივი და თუ გვინდა, რომ ბრძოლა იყოს წარმატებული, ბევრი გაბრაზებული ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო უმტკივნეულოდ მოხდება ავტორიტარული რეჟიმის ჩამოშლა.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ იმუშავა ხელისუფლების იმ პროპაგანდამ, რომელიც ადამიანების შიშებზე (ომის შიში) იყო გათვლილი? 

_ რაღაც ნაწილზე, შესაძლოა, ამან იმუშავა, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა? გაყალბდა ბევრი სხვადასხვა ფორმით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მიუხედავად აგრესიული პროპაგანდისა, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, უარი უთხრა ამ ძალას. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის „ოცნების“ წინააღმდეგი, ეს შედეგები გაყალბების შედეგად შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა. ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი გამოქვეყნდა და მომავალშიც გამოჩნდება.

_ რაც შეეხება იმას, რომ წინა არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ რაოდენობრივად უფრო მეტო ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე ახლა ოპოზიციამ მიიღო, ამის შესახებ რას იტყვით?

_ არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მეთოდით დადგა ეს შედეგი. ფარულობის დარღვევით ჩატარებულ არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები. ასევე იყო კარუსელები, პირადობის მოწმობების წართმევა და ა. შ. ამან, როგორც ჩანს, მაინც იმოქმედა ოპოზიციური ამომრჩევლის რაღაც ნაწილზე. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ამ წლებში ადამიანები მასობრივად წავიდნენ ემიგრაციაში. ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომელიც უცხოეთის დიდ ქალაქებში ითხოვდნენ საარჩევნო უბნების გახსნას, მაგრამ მათ არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. სწორედ ეს ხმებია, რომელიც  დააკლდა ოპოზიციას.

_ რას იტყვით სასამართლოებში წარმოებულ საარჩევნო დავებზე? ახლა ყურადღების ცენტრშია საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა გამოიტანოს განაჩენი, დაირღვა თუ არა არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპი? 

_ მე არა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, დემოკრატიულმა ქვეყნებმა თქვეს, რომ ქართული სასამართლო არის კორუმპირებული და ბიძინას „ჯიბის სასამართლო“. დაასანქცირეს კიდეც ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილების მთავარი მიმღებნი არიან და რომელთა გარეშეც, პრაქტიკულად, სასამართლოებში გადაწყვეტილება არ მიიღება. ის, რომ ქართული სასამართლო შორს არის სამართლიანობისგან, ეს აღიარებული ფაქტია.

_ როგორც ცნობილია, შესაძლოა, ევროკავშირმა სპეციალური მისია გამოაგზავნოს საქართველოში. რა მოლოდინებია?

_ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს ამ არჩევნებს. იზიარებს პოზიცის, რომ ეს არ არის არჩევენები, რომელიც იყო სამართლიანი. ის, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, სპეციალურ წარმომადგენელს გამოაგზავნოან, ეს კიდევ ერთელ ცხადყოფს, რა მდგომარეობაში არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა.

_ ხშირად იხსენებენ 2020 წლის მოვლენებს, როდესაც ოპოზიცია ასევე აცხადებდა, რომ გაყალბებულ პარლამენტში არ შევიდოდა, თუმცა შემდეგ ვიცით, როგორც განვითარდა პროცესები, ახლა რატომ არ განმეორდება იგივე?

_ სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს, მაშინ ჩვენი ევროპელი მეგობრები გვირჩევდნენ, დაჟინებით მოგვიწოდებდნენ, გვეთანამშრომლა ივანიშვილის ხელისუფლებასთან და შევსულიყავით პარლამენტში. ახლა არის სრულიად საპირისპირო მოცემულობა და ამას ყველანი კარგად ვხედავთ. ჩვენი მეგობრებიც დარწმუნდნენ, რომ ავტორიტატულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას კარგი არაფერი მოაქვს და არჩევნებიდან არჩევნებამდე ის აუარესებს მდგომარეობას ქვეყანაში. ეს არის მთავარი განმასხვავებელი 2020 წელსა და დღევანდელ მოცემულობას შორის.

_ საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს როგორ წარმოგიდგენიათ და რა შედეგი შეიძლება ამან გამოიღოს?

_ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, სადაც, დარწმუნებული ვარ, ნათლად გამოიკვეთება, რომ ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

_ რაც შეეხება სტუდენტების საპროტესტო მოძრაობას, ბათუმიდან დაიწყო სწორედ ეს ტალღა, რასაც მოჰყვა უკვე დედაქალაქში სოლიდარობის აქციები, რომელიც შემდეგ უფრო მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა, რას იტყვით სტუდენტების როლზე ამ საპროტესტო პროცესში?

_ ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი დაიწყო ბათუმიდან. ბათუმი ნამდვილად არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მოწინავე რიგებში დგას, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც ბათუმში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. ამ ბრძოლას შედეგი აუცილებლად ექნება.

გაზიარება