QronikaPlus
გიორგი გუგავა: „პარლამენტში ოპოზიციის შესვლა იქნება ქვეყნის ღალატი“

გიორგი გუგავა: „პარლამენტში ოპოზიციის შესვლა იქნება ქვეყნის ღალატი“

2024-11-14 04:27:04

შორენა მარსაგიშვილი

რაზე გაურიგდა ოპოზიცია ხელისუფლებას? ვინ გადააგდო ივანიშვილმა? იქნება თუ არა გაყალბებული არჩევნების გამო დასავლეთიდან სანქციები და საქართველოში საპროტესტო აქციები? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, ბევრი ელოდა, რომ ლეიბორისტული პარტია საარჩევნო ბარიერის გადალახვას შეძლებდა. თქვენმა პარტიამ აიღო ძალიან ცოტა ხმა. რით ახსნით ამ შედეგს?

_ დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები. რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოში ჩაატარეს სპეცოპერაცია, სახელად არჩევნები. სპეცოპერაციის მიზანი იყო არსებული საოკუპაციო რეჟიმის დომინაცია საქართველოში. რუსებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მომხდარიყო ტექნოლოგიების გამოყენებით, არჩევნების ტოტალური გაყალბების მეშვეობით. მთავარი სამიზნე ამ არჩევნებში იყო ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელიც გახლდათ ინიციატორი ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებისა. ჩვენ მხოლოდ ინიციატივით არ გამოვსულვართ, მუდმივად ვმუშაობდით ამ თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ივანიშვილის მიზანი იყო, შალვა ნათელაშვილი დასავლეთის თვალში წარმოეჩინა, როგორც არაპოპულარული პოლიტიკოსი. ამით ეთქვა, აი, როგორი არაპოპულარულია საქართველოში სანქციების თემა, რომ მისი ინიციატორი და მისი პარტია არჩევნებზე 0%-ზე ქვემოთ იღებენ.

სინამდვილეში, ჩვენი პარტია გახდა მსხვერპლი ამ ტოტალური გაყალბებისა. ხალხს ვერაფერში დავადანაშაულებთ. დღემდე მოგვდის შეტყობინებები, პირადადაც გვეუბნებიან, რომ ხმა ჩვენ მოგვცეს და აინტერესებთ, სად წავიდა მათი ხმები, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას მისცეს? მთელი საქართველო შემოვიარეთ, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იყო შალვა ნათელაშვილი. მან ასიათასობით ადამიანს პირადად ჩამოართვა ხელი. ასევე უნდა ვისაუბრო ე. წ. ოპოზიციის როლზეც, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო, არც მათ აწყობდათ ლეიბორისტები. ოპოზიცია, სამწუხაროდ, შეთანხმებული იყო ივანიშვილთან.

_ თქვენ წინააღმდეგ იყვნენ შეთანხმებულები?

_ რა თქმა უნდა, გადაგვიკეტეს სახელისუფლებო ტელევიზიები. ე. წ. ოპოზიციამაც გადაკეტა ყველა საინფორმაციო საშუალება ჩვენთვის. აკრძალეს ჩვენი ხსენება და გამოჩენა ტელევიზიით. ე. წ. ოპოზიცია და ივანიშვილი შეთანხმდნენ, რომ გავიყოთ ძალაუფლებაო. ისიც კი შეუთვალა, შესაძლოა, პრემიერად თქვენი კაცი დავნიშნოო. კოალიციური მთავრობა მოვა, რითიც ბედნიერი იქნება ხალხიც, დასავლეთიც და თქვენცო. სამაგიეროდ, ნათელაშვილი, რომელმაც ფანჩატური შექმნა, დაიცვა სიტყვა და პარლამენტში არ შევიდა, მოვტეხოთ თავის ლეიბორისტებიანად ამ სიტუაციიდანო. ამავე შეთანხმების ფარგლებში მათ დაფინანსების წყაროები გაუხსნა. მოგეხსენებათ, რამხელა დაფინანსება ჰქონდა ე. წ. ოპოზიციას. როგორ გგონიათ, დემოკრატიის შუქურად ვიქეცით და განთავისუფლდა ბიზნესი? სუსი აღარ აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს? საიდან მიიღო ლამის სახელისუფლებო პარტიისხელა დაფინანსება ნიკა გვარამიას პარტიამ? მერე, როგორც სჩვევია, ივანიშვილმა ააყირავა სიტუაცია, გადააგდო ოპოზიცია და დადო დღევანდელი შედეგები. ახლა ოპოზიცია იძულებულია, ქუჩა-ქუჩა იაროს. ის ძალიან უაზროდ იქცევა.

_ რატომ არის ეს უაზრო საქციელი?

_ არჩევნების გაყალბების შემდეგ ასე არ იქცევიან და ასეთი ფორმით არ გამოხატავენ პროტესტს. ეს არ არის ადეკვატური რეაქცია. ასეთ დროს პროტესტის ცეცხლი მთავარ პოლიტიკურ ცენტრთან უნდა დაინთოს. ეს არის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. იქ უნდა დაიდგას კარვები და იყოს განუწყვეტელი პროტესტი.

_ აქციის ფორმა არ მოგწონთ, მაგრამ აქციებზე მაინც დადიხართ ლეიბორისტები. ეს როგორ გავიგოთ?

_ ჩვენ დავდივართ იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას ხალხთან ერთად ვაპროტესტებთ. ჩვენ არ გვეკარება არცერთი ტელევიზია, არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო. ოპოზიციას აქვს ფული, კეთილი ინებოს და მოაწყოს პროტესტი და ეს პროტესტი უნდა გაფართოვდეს. რას ჰქვია, ბარიერგადალახული პარტიები? ამ პროტესტში ყველა უნდა ჩაერთოს. ტოტალური გაყალბების შემდეგ ბარიერის გადალახვაზე საუბარი სირცხვილიც კი არის. უნდა შეიქმნას ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი, სადაც ყველა იქნება ჩართული.

_ ყველაში ვის გულისხმობთ?

_ პარტიებს, არასამთავრობოებს, ახალგაზრდებს... ამ პროცესში ეროვნული სულისკვეთების მოქალაქეები უნდა მონაწილეობდნენ. უნდა გაიმართოს პერმანენტული აქციები. ამ სიტუაციიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: ეს გახლავთ გარედან სანქციები და შიგნით აქციები. სხვაგვარად ამ სიტუაციის შემოტრიალება შეუძლებელი იქნება. გითხარით, რომ ეს იყო რუსეთის სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით არჩევნები. ივანიშვილს, დაახლოებით, 500 ათასი ხმა აქვს მიტაცებული. ასე თუ გაგრძლდა, მალე ჩვენ აღმოვჩნდებით 3+3 ფორმატში: თურქეთი, ირანი, რუსეთი; საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. მერე „ბრიქსშიც“ შეგვათრევენ. შემდეგ დსთ-შიც დაგვაბრუნებენ და აფხაზეთსა და ცხინვალსაც გვაღიარებინებენ. შემთხვევით არ გამოუფენიათ ის რუკები, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩანდა. ეს იყო, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიების აღიარება სუვერენულ სუბიექტებად.

_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ გამოსავალი არის გარედან სანქციები და შიგნით აქციებიო. ოპოზიციას სანაქციების მოწყობის სურვილი დიდად არ აქვს.

_ ოპოზიციას ევალება ერთადერთი რამე, არ წაიწყმინდოს ისევ სული, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააკეთეს. მაშინ მათ ივანიშვილს გაუთეთრეს გაყალბებული არჩევნები. მოვუწოდებ მათ, რომ კიდევ ერთხელ არ დურთნ თავი პარლამენტში. ამის გარდა, კეთილი ინებონ და გაიღონ მცირედი სახსრები და დასცენ კარვები იქ, სადაც პოლიტიკური ცენტრია. ამ კარვებით გულანთებულ მოქალაქეებს მისცენ იმის საშუალება, რომ გამოხატონ პროტესტი. ამ აქციებს პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. პროტესტის ცეცხლი არ უნდა ჩაქრეს. აი, ეს არის გასაკეთებელი ოპოზიციის მხრიდან.

_ როგორ გგონიათ, არ დურთავენ თავს პარლამენტში? ზოგიერთი ოპოზიციონერი ისე საეჭვოდ ლაპარაკობს, დიდი ალბათობით, უკვე გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შესვლა.

_ განცხადებები ბევრჯერ გააკეთეს, რომ გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტში არ შევლენ, მაგრამ მათი განცხადებების არ მჯერა და ამის ობიექტური მიზეზიც მაქვს. მათგან არაერთხელ მომისმენია ასეთი განცხადებები და მერე საპირისპირო გაუკეთებიათ.

_ 2020 წელს გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობთ?

_ მაშინ ოპოზიციამ საჯაროდ დადო პირობა, პარლამენტში არ შევალთო და მერე ყველა შევიდა ჩვენ გარდა. მაშინ მარტო განცხადებები არ გაუკეთებიათ, საჯაროდ დადეს ფიცი და მტკიცი, ზოგიერთმა დაიგინა კიდევაც. ყველამ ვნახეთ, როგორ მოაწერეს ხელი პირდაპირ ეთერში მემორანდუმს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ და მერე შევიდნენ.

_ ეს შესვლა იმით გაამართლეს, რომ შიგნიდან არ მოასვენებდნენ რეჟმს.

_ და რა დააკლეს შიგნიდან? ერთი ხეირიანი მწვავე განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ იქ. ბრძოლა და გამარჯვება თუ უნდოდათ, პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ. იმედი მაქვს, ახლა მაინც არ გაიმეორებენ ამ შეცდომას. მაშინ რომ ის ნაბიჯი არ გადაედგათ, ახლა საქართველოში სულ სხვა რეალობა იქნებოდა, მაგრამ მათ ცდუნებას ვერ გაუძლეს, ახლა წესით უნდა გაუძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეცდომა ძვირად შემოტრიალდება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს შეცდომა საქართველოს შემოუტრიალდება ცუდად. სწორედ ოპოზიციის მიერ გათეთრებულმა პარლამენტმა მიიღო შემდეგ რუსული კანონი და მათი წყალობით შეიცვალა ჩვენმა ქვეყანამ საგარეო გეოპოლიტიკური ვექტორი. ივანიშვილმა ყველა ხელისუფლების სრული კონსოლიდაცია შეძლო და ჩამოშალა ყველა უწყება. იმედია, ისტორიულ ღალატს არ ჩაიდენენ. დღეს პარლამენტში ოპოზიციის შესვლა უფრო დიდი ღალატი იქნება, ვიდრე ის ღალატი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სჩადიან. იმედი მაქვს, ოპოზიცია ამ ღალატს არ გაიმეორებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ოპოზიციას კიდევ ცოტა რომ გაეძლო და პარლამენტში არ შესულიყო, დღეს ქვეყანაში სულ სხვა სურათს ვიხილავდით და აღარც ივანიშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში. 2020 წელს, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ გაუძლო. პალამენტში რომ შესულიყვნენ, ამაზე დასავლეთის მხრიდანაც ჰქონდათ ზეწოლა, ახლა ეს ზეწოლა აღარ იქნება. ასე რომ, ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტონ.  

გაზიარება