QronikaPlus
როგორ ემზადებოდა „ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის?

როგორ ემზადებოდა „ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის?

2024-11-14 04:25:16

გიგა გელხვიიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და „გამარჯვებისთვის“ მზადება „ქართულმა ოცნებამ“ გაცილებით ადრე დაიწყო. ამას მოწმობს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ისინი იღებდნენ დაჩქარებული წესით, განსაკუთრებით 2024 წლის განმავლობაში, როდესაც კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ჯერ უკან გაწვეული და შემდგომ ისევ შემოგორებული რუსული კანონის ბრაზი მოქალაქეებში კვლავ იყო და უფრო იზრდებოდა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ვა-ბანკზე წავიდა და, ამავდროულად, რეაქციებიც გაექცა, თანაც ისე, რომ საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა და ღიად განაცხადა, რომ ის არის ჭეშმარიტად პრორუსული ძალა და მას არ სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, რადგანაც ეს არ სურს „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

სცენარი საქართველოშიც იგივეა, რაც პუტინის რუსეთში, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ შენივე ქმედებების გამო ხელისუფლების გადაბარება გიწევს, ამიტომ მიდიხარ ყველაფერზე, რომ 2012 წლიდან საგულდაგულოდ მორგებული და გამთბარი სავარძელი, ქვეყნის მართვის ბერკეტები არ დაკარგო.

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ჯერ პირველი რუსული კანონი (გამჭვირვალობის შესახებ), ხოლო მალევე, მთელი ქვეყნის შემოვლისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩატარების შემდეგ, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ მათი მომხრეები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, მეორე რუსული კანონიც მიაყოლა (ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ), რომელიც, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ბევრად მძიმეა, ვიდრე პირველი. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია, სრულად აკონტროლოს შენ მიერ წარმოდგენილი კონტენტი სოციალურ სივრცეში და მედიების შემთხვევაში, პირდაპირ აწარმოოს ცენზურა იმ ტიპის ჟურნალისტური მასალების მომზადებაზე, რომელიც ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს შეეხებათ.

ეს არის ის, რაც ძალიან მოკლედ შეიძლება წარმოაჩინო იმის არგუმენტად, რომ „ქართული ოცნების“ სამზადისი არჩევნებში გამარჯვების დასაწერად დიდი ხნით ადრე დაიწყო და ის არ შემოფარგლულა მხოლოდ ოფიციალური საარჩევნო მარათონის პერიოდით.

კარგად მომზადებული ნიადაგის ფონზე, მმართველმა პარტიამ უფრო დიდი მასშტაბით აამუშავა ქუჩის და „მეტადონშიკების“ ინსტიტუტი. ამ ადამიანებს მიცემული ჰქონდათ (აქვთ) ყველაფრის უფლება. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ მათ არ აქვთ სამართალდამცველი უწყებების შიში, რადგანაც გომელაურის უწყებაც მათ დაქვემდებარებაშია.

არჩევნების მსვლელობის დღეს, საარჩევნო უბნებზე, მიმდებარე ტერიტორიებსა და ზოგადად ქვეყანაში, ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებდა, თუმცა ამ დრომდე სამართლებრივი შედეგები არ დამდგარა, რადგანაც სასამართლომდე მისული საქმეები უსამართლო, პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამოტანით სრულდებოდა.

„ქრონიკა+“ არჩევნების დღეს და ზოგადად საარჩევნო პერიოდში არსებული სამართლებრივი შეუთავსებლობის შესახებ ესაუბრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორ ნანუკა ყრუაშვილს:

_ ნანუკა, სანამ სიღრმისეულად შევეცდებით 2024 წლის არჩევნების შეფასებას, ზოგადად რომ განვიხილოთ ის პროცესები, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით წინასაარჩევნო პერიოდში და რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს.

_ ჩვენი შეფასებით, 26 ოქტომბრამდე რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი, რადგანაც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ 2024-ის აპრილიდან  დაიწყო წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა. როდესაც ამაზე ვიყავით ფოკუსირებული, ჩვენ არა მხოლოდ გამოვავლინეთ საარჩევნო კოდექსის დარღვევები და წინასაარჩევნო კამპანიის დროს დარღვევები, არამედ ვნახეთ, როგორ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც წესით უნდა იყვნენ დემოკრატიულები და დამოუკიდებლები. არადა, ისინი მოქმედებენ კონკრეტულად ერთი პარტიის ინტერესების გამო და მისი ინტერესების გასატარებლად. პირველ რიგში, ამ მიმართულებას გამოვყოფდი. აქ ვხედავთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შევაფასეთ უარყოფითად. ის ჩვენს ანგარიშშიც მოხვდა. ერთ-ერთი აქედან შეეხება სიძულვილის ენას და მის წახალისებას ლგბტქ+ თემის წევრების მიმართ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როდესაც მათ დაუსაბუთებლად და უფლებამოსილების გადაჭარბებით გაზარდეს საარჩევნო ნების მქონე სუბიექტის დეფინიცია, რომელიც მოცემულია ჩვენს კანონში (პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი). ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, როდესაც გასაჩივრდა და სასამართლოს მიმართა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ორგანიზაციებმა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან პირველი გადაწყვეტილება მიიღო „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ. აქ ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობა დააყენა სასამართლოში, რომ გამოეთხოვა ინფორმაცია „აირჩიე ევროპისგან“, რაც მოიცავდა იმას, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უნდა გამოეთხოვათ. გამოითხოვა არა ორგანიზაციის დაარსების დღიდან ინფორმაცია, არამედ იანვრიდან, როდესაც არც კი იყო დაარსებული ორგანიზაცია ფიზიკური პირების, რომლებმაც დააარსეს იგი. გაურკვეველი იყო, რაში სჭირდებოდა, თუ შემხებლობაში იყო მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობასთან ან ორგანიზაციასთან.

შემდეგი სასამართლო საქმე იყო იგივე მიმართულებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ შესახებ, რომელმაც უჩივლა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელმაც იმავენაირად საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად შერაცხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. როდესაც მან შეიტანა სასამართლოში სარჩელი, ორივე სასამართლო (ზემოხსენებული საქმისაც) საინტერესო იყო იმით, რომ სასამართლომ შაბლონურად იმსჯელა და ძალიან ნათლად წარმოჩინდა, რომ წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ იმისთვის, რომ წინასწარგანსაზღვრული შედეგი დაედოთ. ამის შემდგომ დავინახეთ ძალიან კარგი მაგალითი, როგორ ჩაერია აღმასრულებელი ხელისუფლება წესით და რიგით დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს უთხრა, რომ მოეხსნათ ეს სტატუსი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“. ასეც მოხდა.

ეს იყო ერთი მიმართულება სასამართლოების კუთხით და არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდის დროს. ახალ მინდა ვისაუბრო მეორე მიმართულებაზე, რომელიც არის დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენება. თუმცა სანამ გადავალ უშუალოდ ამ საკითხზე, კიდევ მინდა შევეხო წინასაარჩევნო კამპანიისას არსებულ დარღვევებს. ხაზი მინდა გავუსვა პარლამენტისა და კანონშემოქმედების ბოროტად გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ. რეალურად, ვინაიდან მათ ჰქონდათ უმრავლესობა, ჰქონდათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ხელში, ეს იყო კანონშემოქმედების ბერკეტი და მექანიზმი, რომელიც აქვს პარლამენტს, ეს მექანიზმი გამოიყენეს ბოროტად თავიანთი საარჩევნო კამპანიისთვის.

_ მაგალითად, როგორ?

_ ერთ მაგალითს მოგიყვანთ კონკრეტულად და მკითხველი მიხვდება ყველაფერს. პირველი იყო ის, რომ მათ დაწიეს ცესკოში დადგენილებისთვის გადაწყვეტილების მისაღები კვორუმი. დადგენილება, როგორც წესი, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არეგულირებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს _ უბნის გახსნის მომენტიდან დაწყებული, დამკვირვებლების გადაწყვეტილებებით დამთავრებული, ანუ ყველასა და ყველაფერს არეგულირებს დადგენილება. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ. ადრე იყო 2/3 დადგენილების ცვლილების მიღებაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ოპოზიციონერი წევრებიც ერთვებოდნენ გადაწყვეტილების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ: 17 წევრი ჰყავს ცესკოს, აქიდან 9 წევრი არის ოპოზიციონერი, 8 წევრი არის არაპარტიული, პროფესიული ნიშნით დანიშნული, რომელსაც ნიშნავს უმრავლესობით პარლამენტი, ანუ ისევ „ქართული ოცნება“. ამას პლუს ერთი წევრი „ქართული ოცნების“ დანიშნული ცესკოში პარტიიდან, ანუ გამოვიდა 9 წევრი, ანუ მარტივი უმრავლესობა დადგენილების მისაღებად. ე. ი., ფაქტობრივად, კვორუმის შემცირების მიზეზი იყო ის, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიიებოდა გადაწყვეტილება და არ გაიჭედებოდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესებზე უფრო სწრაფ რეაგირებას მოითხოვდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგეთ ამას იმიტომ, რომ ოპოზიცია მაშინ გამოითიშებოდა ყველანაირად და დარჩებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ დანიშნული, პროფესიულ წევრებს პლუს თავად პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული ერთი წევრი ცესკოში და მათ დარჩებოდათ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი ცესკოში. რა თქმა უნდა, კრიტიკა არ შეისმინეს და შემცირდა უბრალო უმრავლესობამდე კვორუმი. სწორედ ამან გამოიწვია რამდენიმე თვეში ის, რომ სხვა, გადაწყვეტილებებთან ერთად, ცესკომ გამოყო წილისყრის პროცედურა არჩევნების დღიდან, რომელიც ყოველთვის იყო არჩევნების დღის ნაწილი და გადაიტანა არა უგვიანეს შვიდი დღისა არჩევნებამდე და ის ჩაინიშნა არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე. არასამთავრობოებმა ეს ერთად გავაპროტესტეთ, რადგანაც წილისყრის პროცედურა არის გადამწყვეტი. აქ ვლინდებიან მნიშვნელოვანი პირები და ნაწილდება როლები უბნებზე; ამას უნდა დაესწროს დამკვირვებელი. და რომ არ დაესწრო, იქ ხშირად იყო დარღვევები, შემდგომ კი გვიწევდა ბევრი საჩივრის დაწერა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უჭირდა საუბნო-საარჩევნო კომისიას ამ ნაწილში. ეს ყველაფერი გავაპროტესტეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს ჩვენი პროტესტი. სასამართლოს მეგობრის პოზიცია დავწერეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს არ დაკმაყოფილდა სამწუხაროდ, ამიტომ მოგვიწია, რომ დავსწრებოდით შვიდი დღით ადრე ამ პროცედურას. საბოლოოდ, ძალიან მწირი რესურსით დავაკვირდით ამ ყველაფერს, რადგანაც წინა საღამოს გაგვაგებინეს, რომ მეორე დღეს ტარდებოდა წილისყრის პროცედურა. შევძელით, რომ 18 უბანზე დავსწრებოდით წილისყრას და აქედან მესამედზე ან დაწყებული იყო, ან დასრულებული იყო წილისყრის პროცედურები.

საბოლოოდ, ერთ-ერთ უბანზე საერთოდ წილისყრის გარეშე მისცეს გადასატან ყუთზე გამყოლი კომისიის წევრის როლი, რაც გავასაჩივრეთ და შემდგომში აღმოიფხვრა. ეს მაგალითი იყო იმის, რომ არ ვიცით, რეალურად, სხვა უბნებზე რა მოხდა. იყო 3111 უბანი და აქედან 90%-ზე არ ვიცით, რა როლები როგორ გადანაწილდა. დღეს უკვე აპელირებენ რეგისტრატორის ძალიან მნიშვნელოვან როლზე. ამის შესახებ თავიდანვე ვამბობდით და ვსაუბრობდით მაშინაც, როდესაც სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გავაგზავნეთ. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა რაღაც კონკრეტული მიზეზი, რის გამოც კანონმდებლობა შეიცვალა.

_ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე რომ ვისაუბროთ კონკრეტული მაგალითებით...

_ წინასაარჩევნო პერიოდში აღმოვაჩინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ძალიან მძიმე შემთხვევები და დარღვევები. წინასაარჩევნო კამპანიისას გამოყენებული რესურსები ძალიან ბევრი გავასაჩივრეთ, მაგალითად, მასწავლებლების საკითხი, მათი კონცერტებზე დასწრება და ამ ფაქტორის გამოყენება გავლენებისთვის, რომ შეეკრიბათ ხალხი. რუსთავის კორპუსში იყო ასეთი შემთხვევა: კორპუსის თავმჯდომარეები სხვა პირების დავალებით კრებდნენ ადამიანებს, რათა ისინი წასულიყვნენ „ქართული ოცნების“ შეკრებებზე. ასევე დავაიდენტიფიცირეთ ძალადობის შემთხვევები და ა. შ. ეს იყო საკმაოდ მძიმე დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ვნახეთ. _ აუცილებლად უნდა გკითხოთ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ საოლქო კომისიის მიერ გადანაწილებულები კომისიის წევრებად სხვადასხვა უბანზე და რომლებიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არაკანონიერ ქმედებას სჩადიოდნენ: ისინი სოციალურ ქსელებში ათავსებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ. რა ხდებოდა ამ ნაწილში?

_ საჩივრები შეტანილი გვქონდა ამ თემაზეც, თუმცა მათი თავის გამამართლებელი არგუმენტები იყო ის, რომ ან მეუღლე იჯდა მის სოციალურ ქსელთან, ან დაუჰაკეს სოციალური ქსელი და ამიტომ დაიპოსტა ეს ყველაფერი. რეალურად, ეს იყო აბსურდული მიზეზები, რომლებიც არანაირ სამართლებრივ განმარტებაში არ ჯდება და რომელსაც სერიოზული და თავმოყვარე დემოკრატიული ინსტიტუტი ნამდვილად არ დაწერს _ ის ბოლომდე ჩაჰყვება ასეთ დარღვევას და აღმოფხვრის, მაგრამ საქართველოში ეს არ მომხდარა.

_ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ოლქის მიერ დანიშნული კომისიის წევრი აწვდის ინფორმაციას საოლქოს თავმჯდომარეს, რომ მას დაუჰაკეს სოციალური ქსელი და გაუვრცელეს ინფორმაცია, რომელიც არის კანონით აკრძალული, უნდა შეატყობინოს თუ არა მან სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ?

_ კითხვა უნდა დასვას. მას არ შეუძლია ამის გაკეთება. პირის უფლება არის, რომ მან შესაბამის ორგანოს მიმართოს. მაგალითად, თუ ჰქონდათ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. შესაბამისი ორგანო ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეიძლება დადგინდეს. თავმჯდომარეს მინიმუმ კითხვა უნდა დაესვა. თავმჯდომარე რომ ამას იღებ კითხვების გარეშე და შენ არ გრთავს, როგორც მხარეს ამ ყველაფერში და არ არის სხვა დამამტკიცებელი საბუთი მოყვანილი, გარდა ამ ახსნა-განმარტებისა, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.

_ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე დარღვევა, რომელსაც გადააწყდით არჩევნების პერიოდში? მიმართეთ ამის შესახებ სასამართლოს ან ხომ არ დარჩა სათანადო ყურადღების მიღმა?

_ არჩევნების პერიოდში ვნახეთ დამკვირვებლების მიმართ გამოხატული აგრესია, ჩვენს თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა მარნეულის ერთ-ერთ უბანზე; გარდა ამისა, უბნებიდან აგდებდნენ ოპოზიციონერ დამკვირვებლებს. ასევე იყო ვერიფიკაციის აპარატის ხარვეზები, როდესაც ორმაგი ვერიფიკაცია ხდებოდა და ვერ დადგინდა, რატომ? ამიტომაც გახდა საჭირო პირადი მონაცემების ხელით შეყვანა. ასევე მასშტაბურად ირღვეოდა მარკირების პროცედურა. ეკითხებოდნენ ადამიანებს, უნდოდათ თუ არა მარკირება? ან არ ანათებდნენ და თუ ანათებდნენ, ჩანდა მარკირების კვალი და ისე უშვებდნენ მათ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო სწორედ ასეთი დარღვევები, სადაც ჩანდა მარკირების კვალი, თუმცა ისინი მაინც ხვდებოდნენ უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაიდენტიფიცირეთ ერთი და იგივე ადამიანი ორ უბანზე და ეს აჩენდა დასაბუთებულ ეჭვს. ფაქტი მოითხოვს ახსნა-განმარტებას და გამოძიებას. ჩვენ მივმართეთ კიდევაც პროკურატურას, თუმცა ჩვენი მიმართვა გამოიხატებოდა ხმის ფარულობის დარღვევაზე. დანარჩენ სხვა ასეთ შემთხვევებზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. იმედი გვაქვს, გამოძიება ჩატარდება სათანადოდ და სამართლიანად, თუმცა პროკურატურის მიმართ დღევანდელი დაბალი ნდობის გამო არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად?

_ ვნახეთ ის შედეგი, რაც დადო სააპელაციო სასამართლომ. როგორც ცნობილია ეს საქმეები არ მოხვდება უზენაეს სასამართლოში. წავა თუ არა ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში?

_ ჩვენ ნამდვილად ვხედავთ პოტენციალს სტრასბურგის ამ საქმეზე, თუმცა ჩვენი გუნდი სხვადასხვა სამართლებრივ გზას ეძებს, რამაც შეიძლება გაგვაგრძელებინოს ბრძოლა და ვაგრძელებთ კიდევაც. არ არის გამორიცხული, ეს საშუალებები საერთაშორისო ან ლოკალურ დონეზე გამოვიყენოთ ცესკოს შემაჯამებელ ოქმამდე.

_ თქვენ გაქვთ კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორი იყო მათი შეფასებები, როდესაც გააცანით დარღვევები? ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, თითქოს ამ ადამიანებს, ვგულისხმობ უცხოელების სადამკვირვებლო მისიებს, არ შეუნიშნავთ რაიმე სახის მძიმე დარღვევა უბნებზე და თქვეს, რომ ჩვენები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში.

_ ჩვენ რასაც ვხედავთ და როგორც ვსაუბრობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რასაც ისინი გვეუბნებიან, ნამდვილად მნიშვნელოვანი დარღვევებია. ისინი ყველაფერს აღიქვამენ ძალიან ადეკვატურად. როგორც ვნახეთ, ევროკავშირი და ამერიკა მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიონ დარღვევები, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ისინი. ვნახეთ, რომ მათ ჯერ არც კი მიულოცავთ გამარჯვება მმართველი პარტიისთვის. ეს ფაქტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი ამ ყველაფერს შავით თეთრზე არ უყურებენ, აქვთ წუხილები ამ პროცესის გამართულობასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ელოდებიან შიდა პროცესების განვითარებას.  

გაზიარება