QronikaPlus
პაატა მანჯგალაძე: „გამოძიებას ვერ დაველოდებით, საჭიროა პროტესტი და ახალი არჩევნები“ 

პაატა მანჯგალაძე: „გამოძიებას ვერ დაველოდებით, საჭიროა პროტესტი და ახალი არჩევნები“ 

2024-11-14 04:06:59

ირინა მაკარიძე

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მარცხს არ აღიარებს და ქვეყანას აზიანებს; ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები კი ამკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, _ რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რას გეგმავს იგი? ამ საკითხის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

_ იმისთვის, რომ დამარცხდე ან გაიმარჯვო, ჯერ არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის, რომ არჩევნები პირდაპირი მნიშვნელობით გამჭვირვალე იყო, ბიულეტების მეორე მხარეს ჩანდა გაკეთებული არჩევანი და ამომრჩევლის ნების ფარულობა არ იყო დაცული. ამან დიდწილად განაპირობა არჩევნების ბედი. რატომ? იმიტომ, რომ არ ჩატარებულა თავისუფალი ნების შესაბამისი არჩევნები. თუ პროცესი არ არის ფარული, ეს არჩევნებად არ ჩაითვლება. საერთაშორისოდ და ჩვენი კონსტიტუციითაც აღიარებული არჩევნების ფუნდამენტური პრინციპია, რომ ფარულობა არის მთავარი პირობა იმისთვის, რომ არჩევნები ჩაითვალოს ჩატარებულად. ყველამ ვნახეთ, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს გამოჟონა მელანმა. გარდა ამისა, არჩევნების გაყალბების უამრავი მტკიცებულება დაიდო, ვოდეო თუ აუდიომასალა, სავსეა ინტერნეტსივრცე ასეთი მასალით, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმების მიცემა, დაშინებით, მოსყიდვით, ქუჩის ბიჭების ჩართვით, კაპიტნებით. ყველასთვის ცხადია, რომ ტოტალური დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე მიდიოდა არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად. აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ და არა ის, რომ დავმარცხდით და არ გვინდა აღიარება. რეჟიმი ცდილობს წაგვართვას გამარჯვება და ჩვენ ამას არ ვეგუებით. რა უნდა ვაღიაროთ? ვაღიარებთ იმას, რომ ხელისუფლებამ ხალხს არჩევნები მოიპარა.

_ რამდენიმე დღის განმავლობაში საასამართლოებში განიხილებოდა საარჩევნო დავები, რომლებიც არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს, რა აჩვენა ამ პროცესმა? 

_ ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. გამონაკლისი იყო თეთრი წყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება. მან თავად ჩაატარა სასამართლო ექსპერიმენტი და დარწმუნდა, რომ დიახ, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა. ის, რომ ამას არ აღიარებს ხელისუფლება, ეს არ ცვლის სიმართლეს. გამჭვირვალე ბიულეტენი მას სჭირდებოდა ტოტალური კონტროლისთვის, რომ ვერცერთ საჯარო მოხელეს, ა(ა)იპებსა და სიპებში დასაქმებულებს, სოციალური დახმარების მიმღებებს, ვინც პოლიციაში, სამხედროში მუშაობს, ვინც ფული აიღო, ვერ გაებედათ და სხვისთვის ვერ მიეცათ ხმა. ჩვენ რომ გვქონდეს სასამართლო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო პირველ ინსტანციაში ხუჭუამ, ის გადაწყვეტილება იქნებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და ვერავინ გაბედავდა მომავალში მსგავსს მანიპულაციას. რომ არა ეს მასობრივი მოსყიდვა და მანიპულაცია, სხვა შედეგი იქნებოდა. არის უბნები ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ბევრ ქალაქში, სადაც 103, 104, 105 პროცენტია გამოცხადება, ვგულისხმობ იმას, რომ უცხოეთში მყოფმა ადამიანებმაც მისცეს ხმა საქართველოში, ანუ მათი პირადობის ნომრების გამოყენებით გააყალბეს მათივე ხმა.

_ იყო მოთხოვნა, რომ გახსნილიყო საარჩევნო ბაზები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამის დადგენა, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ნაცვლად მისცეს თუ არა ხმა, თუმცა... 

_ არანაირ ბაზებს ესენი არ გახსნიან, არანაირ გამოძიებას ესენი არ ჩაატარებენ, რადგან ბაზები რომ გაიხსნას, გამოჩნდება, რომ უდიდესი მანიპულაციაა ჩატარებული, ისეთი, რომ ვერ წარმოუდგენია დღეს ჩვენს მოქალაქეებს. 

_ პროკურატურამ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და პირიქით, პრეზიდენტსა და ოპონენტებს ედავებიან ცილისწამებაში. რას იტყვით ამ გამოძიებაზე? 

_ არაფერს! ეს გამოძიება არ გამოიძიებს, ეს დაიწყო იმისთვის, რომ მტკიცებულებები ამოიღონ და შეინახონ, რომ ვინმეს წვდომა არ ჰქონდეს ამ მტკიცებულებებზე. პროკურატურა არ გვაქვს, სასამართლო არ გვაქვს. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აუქმებს, როცა ამას თავად გადაწყვეტს. გინახავთ ერთი პრეცედენტიც კი, რომ სასამართლოს ივანიშვილისთვის არასასურველი ერთი გადაწყვეტილება მაინც მიეღოს? ერთი ხუჭუა გამოჩნდა და როგორი თავდასხმები იყო ამ კაცზე, კი ნახეთ.

არჩევნები რომ გაყალბებულია, ეს უკვე ყველასთვის ნათელია, ვიდეოები არსებობს, რომ სხვისი პირადობებით მოდიოდნენ, ეს დადასტურებულია, კარუსელები დადასტურებულია, ფარულობის დარღვევა დადასტურებულია, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ნაცვლად ხმის მიცემა დადასტურებულია, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა დადასტურებულია, შიშის დერეფნების მოწყობა უბნებთან დადასტურებულია, მოსყიდვა დადასტურებულია. თუ რამე არსებობდა, ყველაფერი იკადრეს. შევარდნაძეს არ დაუწერია 100 პროცენტი ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ამათ ესეც იკადრეს და დაწერეს, ის 90 პროცენტს იწერდა, აბაშიძე 85-ს იწერდა. 106 პროცენტი რომ მიეღოთ, ეს არ ყოფილა არსად.

_ ამის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ოპოზიციის ლიდერები პროკურატურას თუ გაყალბების მტკიცებულებებს არ წარუდგენენ, ყველა დაინახავს, რომ ჭორიკნები არიანო, ამაზე რას იტყვით?

_ რა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ?! შევიდნენ, ახალქალაქის ოქმები ამოიღონ და ნახავენ მტკიცებულებებს, ერთი ხელით არის ყველა ოქმი შევსებული და ხელმოწერილი. ახალქალაქის ოქმები ნახონ, ნინოწმინდის ოქმები ნახონ. რად უნდა ამას გამოძიება?!

_ რა გზა რჩება ოპოზიციას?

_ მარტივად გეტყვით, თუ შევეგუებით, ახლა რა სიტუაციაშიც ვართ და სადაც ვართ, ეს სანატრელი გაგვიხდება, ამით „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, მე რასაც მინდა, იმას გავაკეთებ! როგორც მინდა, ისე მოვიქცევი, როგორი არჩევნებიც მინდა, ისეთ არჩევნებს ჩავატარებ და თქვენ ამის მიღება მოგიწევთ! ამდენად, სადაც ახლა ვართ, ესეც სანატრელი გაგვიხდება, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია. თუ ფარული არ არის და თუ მოქალაქე თავის ნებას ისე ვერ გამოხატავს, რომ სხვამ ვერ გაიგოს, რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ? იქნებ, ხვალ გამოაცხადონ, რომ საერთოდ გავაუქმეთ არჩევნები, როგორც რომელიღაც აფრიკელმა დიქტატორმა გააუქმა, _ არჩევნები ზედმეტი ხარჯია და არ გვჭირდებაო. შეიძლება, აქამდეც მივიდეს ყველაფერი, ამიტომ არ უნდა შევეგუოთ. ახლა ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის უიმედობა და ნიჰილიზმი, რომ „აზრი არ აქვს ბრძოლას, მაინც არაფერი გამოვა“. აზრი აქვს, ყველა თუ დავდგებით, რომ ოპოზიციას და ცვლილებებს დავუჭიროთ მხარი. ვერაფერს გაბედავენ ისინი! თუ წავალთ და საცივებზე გადავერთვებით მთელი დეკემბერი და იანვარი არაფერი გამოვა, რა თქმა უნდა.

_ გაზაფხულზე ივანიშვილმა თქვა, რომ მან გათვალა ეს ყველაფერი და ხალხის გამოფიტვასა და დაღლაზე იმუშავა, როგორ ფიქრობთ, მას გამოუვიდა ეს?

_ ძალა, რომელიც ჩვენს გამოფიტვასა და დაღლას ცდილობს, ის არ არის ხელისუფლება. რაც შეეხება მიაღწია თუ არა მან მიზანს, მე არ დავღლილვარ, 12 კილომეტრი გავიარე გუშინ ფეხით, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. მესმის, შეიძლება თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე რაღაც ჩავარდნები იყოს, მაგრამ დანებება და ხელების ჩამოშვება არის ამ საქმის ღალატი.

_ როგორ ფიქრობთ, რა დრო იქნება საჭირო მიზნის მისაღწევად? 

_ რაც უფრო ბევრი ვიქნებით, უფრო მალე დავასრულებთ ამ უსამართლობას, თუ ცოტა ვიქნებით, გაგვიჭირდება.

_ ოპოზიციის მიმართ იყო საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება, რომ არ ტარდებოდა აქციები, ითხოვდნენ მკაფიო გეგმას, ამაზე რას იტყვით?

_ ამ ნიჰილიზმის ფრქვევას, სჯობს, ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთოს. საქართველო არ არის მხოლოდ ოპოზიციის გადასარჩენი, ყველას გადასარჩენია. მე სულ არ მჭირდება ვინმეს მოწოდება, _ როცა გავიგებ, სადმე აქციაა, ყველგან მივდივარ, ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქებრივი ვალი. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია. არჩევნები რომ იყოს, დაველოდებოდი და გავუშვებდი ამ ხელისუფლებიდან უზურპატორ ძალას, მაგრამ არჩევნები არ არის და ვერ ვუშვებ არჩევნებით. რა უნდა ვქნათ? ქუჩაშიც არ გავიდეთ?! ვთქვათ, ქუჩაშიც არ გავედით, არჩევნებიც არ იქნება, ევროპაც არ იქნება და შევეგუოთ, გამოვაცხადოთ ივანიშვილი მონარქად და ვიყოთ?

_ როგორც ჩანს, საკმაოდ მრავლად არის ის ხალხი, რომელიც იღებს, პირობითად, 100-200 ლარს და აყალბებს არჩევნებს, როგორ უნდა გადავტეხოთ ეს?

_ არიან, მაგრამ ამ ხალხშიც განცდა იყო, რომ ავიღებ ამ 100-200 ლარს და სხვას მივცემ ხმას. თუ კამერას დაუყენებენ, თავზე დაადგებიან და მიაბჯენენ კისერზე მუშტს, მაშინ ვერაფერს ვეღარ იზამს. ეს ხალხიც გასათავისუფლებელია. მე რასაც ვუყურებდი არჩევნების დღეს, ცხვრებივით მოიყვანეს ხალხი და მიუშვეს დაშინებული ტყვეებივით უბნებზე, მერე ისევ გამოიყვანეს, აკონტროლებდნენ და მერე ვიდეოს უღებდნენ. ეს შერცხვენა და შეურაცხყოფაა ჩვენი ერის.

_ საზოგადოებაში არის შიში, რომ არ განმეორდეს 2020 წლის მაგალითი, როდესაც იპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, მაინც შევიდა. ამის საპასუხოდ რას იტყვით? 

_ თუ შევადარებ ახლანდელი გაყალბების მასშტაბს 2020  წლის არჩევნების მასშტაბთან, ძალიან დიდი განსხვავებაა. იქ დათვლაში გამოვლინდა 2 და 3 პროცენტი აცდენა, აქ ტოტალურ გაყალბებაზეა საუბარი. მის სინდისზე იყოს, თუ ვინმე აპირებს პარლამენტში შესვლას. მე არ გამოვდგები მოძღვრად მაგ ხალხისთვის, ყველა საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი. თუმცა არავინ შესვლას არ აპირებს, მე როგორც ვატყობ.

_ ჯერჯერობით არ აქვს „ოცნებას“ აღიარება და მოუწოდებენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ამაზე რას იტყვით?

_ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ხელახალი არჩევნები და ეს გამოძიება შემდეგ თავისთავად მოხდება, თვითონ დაიწყებენ აღიარებებს „ქოცები“ და ჩვენებების მიცემას იმ ხალხზე, ვინ რა დავალებას აძლევდა, ვისზე რა დაშინების თუ ზემოქმედების მექანიზმი გამოიყენეს. ადამიანის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება არის დასჯადი, დანარჩენი, ახლა, გამოძიებას ვერ დაველოდებით, საჭიროა პროტესტი და ახალი არჩევნები.

_ ჩვენ ვიცით, ვინ არის მეორე მხარეს, _ ოლიგარქი, რომელსაც აქვს განუზომელი ფინანსური შესაძლებლობები. ჟურნალისტურმა გამოძიებებმაც დაადასტურა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის თანხა არის დახარჯული. ხელახალი არჩევნების შემთხვევაში რა გარანტიაა, რომ იგივე არ განმეორდეს? როგორ აპირებთ ხმების დაცვას?

_ გარანტია არის ის, რომ მინიმუმ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იქნება, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ყველაფერს, გამჭვირვალე ბიულეტენები არ იქნება და ფარულობა დაცული იქნება. მოსყიდვა ყოველთვის იყო, მაგრამ 850 ათას ხმას ვერ სცდებოდა „ოცნება“. ეს შედეგი გამოიწვია მანიპულაციების ჯამმა და ეს მანიპულაციები უნდა შევამციროთ. ვიღაცას თავისი სინდისის გაყიდვა თუ უნდა, მაგას ჩვენ ვერავის დავუშლით.

ორი რამ არის ახლა მთავარი: ბევრი ხალხი ქუჩაში, რაც გამოიწვევს არაღიარებას საერთაშორისო მასშტაბით და თუ ვინმეს პარლამენტში უნდა შესვლა, ვერც ის ხალხი გაბედავს შესვლას. ერთი რამ ვიცი: თუ ბრძოლას შევწყვეტთ, ყველაფერი დასრულდება, აღარც ევროპა იქნება, აღარც ვიზალიბერალიზაცია და აღარც არჩევნები.

გაზიარება