- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-11-14 03:59:01
თამარ სანაძე
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კვლავ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესის ცენტრშია. მათი განცხადებებიდან ვისმენთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს არა მარტო ევროპაში, არამედ აშშ-შიც.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პარტნიორების შეფასებებსა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე „ქრონიკა+“-თან ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მუმლაძემ:
_ ბატონო გიორგი, არჩევნების შემდეგ პროცესმა სასამართლოებში გადაინაცვლა. ჯერ იყო და თეთრი წყაროს მოსამართლე ხუჭუამ გააკვირვა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, როცა დაადგინა არჩევნების ფარულად ჩატარება თეთრი წყაროს რაიონის ორ უბანზე. შემდეგ ვნახეთ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში გამართული პროცესები. ზოგადად რომ შევაფასოთ, რა დაგვანახა რეალობამ?
_ ზოგადად, სასამართლომდეც, 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, მთელი საარჩევნო პროცესის ჩათვლით, რომელიც იყო მიმოხილული მედიით აქტიურად, მოქალაქეების მიერ სოციალური ქსელების საშუალებით, ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ამ არჩევნებში იყო არნახული ჩარევა და ტოტალური გაყალბება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გამოწვეული იყო გაყალბების ყველა მექანიზმის გამოყენებით და ამაში ძალიან კარგად დაეხმარა ჩვენს ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების ეს ახალი, ელექტრონული სისტემა, რითაც ჩემი ვარაუდი და არა მხოლოდ, პრაქტიკულად, დადასტურებულია უკვე, _ ისინი ყოველწუთიერად და ყოველწამიერად აკონტროლებდნენ შედეგებს, ამიტომ ასეთი მაქინაციები მათი მხრიდან იყო ზღვარგადასულიც კი. პირველ ეტაპზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ წააგებდნენ არჩევნებს, რადგან უდიდესი ნაწილი სწორედ მათ წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ამიტომ დაიწყეს მოქმედება, იყო კარუსელები, უბნებშივე მოსყიდვა, ყუთში ბიულეტენების ჩაყრა და ა. შ. თუმცა ძალიან კარგია, რომ ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზეც არჩევნების ირგვლივ და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა ის ძირითადი პრინციპები, რაზედაც არჩევნები დგას. იმიათვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, აღიარებული, უნდა იყოს არჩევნების საყოველთაობა დაცული. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ფარულობა და აღმოჩნდა, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ნება ამ ხელისუფლებამ, რუსულმა ძალამ, გააკონტროლა სრულიად ფარულობის დარღვევით. ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან სამხედრო სამსახურებში ან კრიტიკულად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ და ღიად არ გამოხატავენ თავიანთ განწყობებს, ამ ხალხს, პრაქტიკულად, ყველა გზა მოუჭრეს, რომ თავიანთი არჩევანი არ გაეკეთებინათ ფარულად.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების შემდგომ, სასამართლო პროცესებს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ აბსოლუტურად სამართლებრივი, დასაბუთებული განაჩენი გამოიტანა. ეს არ იყო მისი შინაგანი რწმენა ან სუბიექტური შეხედულება. ადამიანმა ჩაატარა ექსპერიმენტი მედიის თანდასწრებით, ჩაატარა მხარეების თანდასწრებით და თვალით ხილული იყო ყოველივე. ფაქტზე დაყრდნობით დაასაბუთა და ყველას დაანახა, რომ არჩევნების ძირითადი და მთავარი პრინციპი, ფარულობა, იყო დარღვეული. სხვა არაფერზე რომ არ ვისაუბროთ, ეს ექსპერიმენტი არის, ფაქტობრივად, განაჩენი ამ ხელისუფლებისთვის. შემდგომში, როდესაც მოსამართლე ხუჭუას ეს გადაწყვეტილება გააუქმა სააპელაციო სასამართლომ, იქ იყო სრული აბსურდი. იქაც ჩაატარეს ვითომ ექსპერიმენტი, არ დაასწრეს მედია, იქაც დაინახეს მხარეებმა და მოსამართლეებმა გვრიტიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ და სასამართლო კლანის მთავარი დასაყრდენია. ეს ადამიანი (გვრიტიშვილი), ბუნებრივია, არ დაუშვებდა იმას, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა მოპარული არჩევნები. ჩვენ სააპელაციო სასამართლოში დავინახეთ არა მსაჯულები, რომლებიც საქმეს განიხილავდნენ, არამედ სასამართლოში იჯდა „ქართული ოცნება“. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რაც გააკეთა, იყო ის, რასაც უნდა დაშენებოდა სამართლებრივი გზა. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოპარული არჩევნები შეინარჩუნოს.
მინდა ვისაუბრო ევროპარლამენტარ ლუაზოზე, რომელიც იმყოფებოდა მარნეულში, სადაც ჩვენც ვიყავით. ყველასთვის ნათელი იყო, იქ რაც ხდებოდა. ამ ქალბატონმა ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებს უწოდა გაყალბების ფესტივალი, რაც არის ტოტალური სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, როდესაც საერთაშორისო მისიებმა დაინახეს აქ არსებული სიტუაცია, ევროპარლამენტარები სხვა პოზიციას ვერც დააფიქსირებდნენ. ისინი გვეუბნებიან, გსურთ ჩვენი ოჯახის წევრობა, ჩვენთან თანაცხოვრება, იმ პრივილეგიებითა და სიკეთეებით სარგებლობა, რაც ჩვენთან არის? მაშინ ელემენტარულად თავისუფალი არჩევნებია ჩასატარებელი. როდესაც ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით, ძალადობით, მოსყიდვით, დაშინებით ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რასაკვირველია, ისინი ამ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ერთ სიტყვასაც კი ვერ იტყვიან და ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს დასავლეთიც და ევროკავშირიც.
ვინ მიულოცა არჩევნებში გამარჯვება „ქართულ ოცნებას“? _ ვენესუელამ, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ირანმა, რომელიც არის ტერორისტების თავშესაფრად და მათ ბუდედ ქცეული. ამ დონის ქვეყნები ულოცავენ „ქართულ ოცნებას“. ეს უნდა გახდეს მანიშნებელი იმისა, თუ ვის ვირჩევთ ჩვენ. გვინდა პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ცივილიზებულ სამყაროსთან თუ გვინდა ურთიერთობა იმათთან, ვინც ითვისებს ჩვენს მიწებს, ჩვენს მოქალაქეებს კლავს, იტაცებს და ა. შ. გვინდა, ამ ქვეყნების გვერდით მოგვიხსენიონ და ირანის, რუსეთის გვერდით ვიყოთ? ბუნებრივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ დასავლური დემოკრატიული გზა და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
ჩვენი პარტნიორები, მეგობრები დასავლეთიდან თუ ევროპიდან უყურებენ ხალხის ბრძოლას, რამდენად დავთმობთ ან არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს.
_ მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, ყველაფერი გაგებული აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. კობახიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი ავუხსენი მიშელს და იმედია, დასკვნებს გამოიტანსო. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?
_ ამ ადამიანებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, ამას ფიქრობდნენ, გეგმავდნენ წინასწარ, ახლა კი უნდათ, ეს თავისი ნამოქმედარი გაამართლონ და ბუნებრივია, იმას არ იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წავაგეთ, მოვიპარეთ ან გავაყალბეთო. ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ ვიღაცები მათ მხარს უჭერენ, მაგრამ მათზე უკეთ არავინ იცის, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ვინც ღიად საუბრობს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, არ გამიგია არც ერთი საერთაშორისო პარტნიორისგან დადებითი სიტყვაც კი, არ არსებობს განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოში არჩევნების ლეგიტიმაციას. ჩვენთან რომ სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები ჩატარებულიყო, დამერწმუნეთ, ჩვენს დასავლელ თუ ევროპელ პარტნიორებს ვერავინ დაასწრებდა არჩევნების შედეგების მილოცვას, მაგრამ ისინი კარგად ხედავენ, რაც ხდება აქ, ითხოვენ გამოძიებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები იყოს გამოძიებული.
_ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა. იქ ნახეთ განწყობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ჰქონდათ საქართველოს მთავრობის მეთაურის მიმართ, არავის მიულოცია მისთვის არჩევნებში გამარჯვება, საფრანგეთის პრეზიდენტმა კი საქართველოში არსებული ვითარება, შეაფასა, როგორც თავდასხმა დემოკრატიაზე, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ ირაკლი კობახიძე იყო გარიყული, არავის დალაპარაკებია. დამნაშავე ბავშვივით იყო ატუზული. ქვეყნის პირველი პირი ვერ მიდის და ვერ ელაპარაკება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, როგორიც არის მაკრონი, შოლცი და ა. შ. ეს სირცხვილია. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვებს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ევროკავშირში საფრანგეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ლიდერი სახელმწიფო. მაკრონის სიტყვა, შეფასება არის ყველაზე წონადი და როდესაც ეს ადამიანი ამგვარ შეფასებას აკეთებს, უნდა მიხვდეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომ ეს არის ევროკავშირის რეალური განწყობა. ამ განწყობების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებს სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ და ვანახოთ ყველას ჩვენი მუხტი. ბრძოლით უნდა ვაჩვენოთ ჩვენი დამოკიდებულება, ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ ყველაფერი და დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების სამართლიანი წესი, რომელიც არის ევროპაში, სადაც ადამიანებს არ ურტყამენ განსხვავებული აზრის გამო.
_ არჩევნების შემდგომ ვიხილეთ ძალიან ბევრი აქცია, კიდევ დაიგეგმა შეკრებები, საპროტესტო აქციები. როგორ ფიქრობთ, საკმარისია ის, რასაც ქუჩაში ვხედავთ და საკმარისია შედეგის მისაღწევად ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს?
_ პირველ რიგში, ეს ყველაფერი, ეს ქმედებები საკმარისი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ხალხის საბოლოო მიზანი არის, რუს ოლიგარქს შევუზღუდოთ ყველა შესაძლებლობა, ვაიძულოთ არჩევნების ხელახალი ჩატარება, ჩავანიშნინოთ ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა. ნაბიჯები უნდა იყოს ყოველდღიური, არ უნდა გავჩერდეთ. არ არსებობს ოქროს გეგმა, რომელსაც მიყვები, შეასრულებ და ასე გაიმარჯვებ, ყოველ წამს უნდა ვიმოქმედოთ. იკვეთებიან დამნაშავეები, კიდევ უფრო ნათლად ჩანან ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლის მიტაცებას ცდილობენ. ამიტომ საკმარისი არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ აუცილებელია ყველამ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია. ეს არის პროცესი, რომელმაც უნდა მოიტანოს აღმავალი საპროტესტო ხაზი და პიკს უნდა მიაღწიოს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაიწყებს ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ძალაუფლების გაფორმების პროცესს, რაც დაკავშირებულია ცესკოს მხრიდან შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებასთან; და მეორე, პარლამენტში პირველი სხდომის დანიშვნასთან. პროტესტი უნდა იყოს აღმავალი.
_ ბოლო დროს ექსპერტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნების აღიარების სანაცვლოდ დათმოს აგენტების შესახებ კანონი, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ ეს იქნება სრული აბსურდი, თუ საერთაშორისო პარტნიორები ამაზე წავიდნენ, რაც არამგონია, მოხდეს, მაგრამ რა აზრი აქვს კანონს გაიტანს თუ არა, მან ქვეყანა მიიტაცა, ევოპული მომავალი ჩაუკლა ქვეყანას. ეს რეალობა თუ დადგა და მართლა გაიწვია მან რუსული კანონი, რა აზრი აქვს, რუსული კანონი იარსებებს თუ არა? მის გაწვევას აზრი ექნებოდა მაშინ, თუ სასამართლო სამართლიანი გახდებოდა. როგორც ვხედავთ, ყველაფერი მითვისებული აქვს ამ ადამიანს და ამაზე არავინ არ უნდა წამოეგოს. როცა ჩვენ არ გვყავს პოლიცია, სასამართლო, ნებისმიერ ადამიანს მოჰკიდებენ ხელს და დააბრალებენ რაც მათ სურთ. მაგალითად, სოფო გელოვანსა და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებით რაც გააკეთეს, სულელური გამოძიება დაიწყეს, დაუყადაღეს ანგარიშები, რადგან რუსულ პროპაგანდას ებრძვიან ძალიან აქტიურად. ამიტომ ამ სატყუარაზე არავინ უნდა წამოეგოს, რუსული კანონის შემოგდება ემსახურებოდა მიზნად ივანიშვილის ძალაუფლების ზრდას. ახლა მთავარია, ქვეყანა არ დავკარგოთ, ისინი ბევრ სატყუარას შემოაგდებენ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ, ქვეყნისათვის უნდა ვიბრძოლოთ.