- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 09:24:40
შორენა მარსაგიშვილი
ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. რუსეთმა ჩვენს ქვეყანას ბევრი უბედურება მოუტანა: წაართვა სახელმწიფოებრიობა, გაუუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, მთელი მეცხრამეტე საუკუნე სახელმწიფო დაწესებულებებში ქართულ ენაზე საუბარი აკრძალული იყო, სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ კი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველების გენოციდი მოაწყო.
„ქრონიკა+“ უკვე წერდა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ ქართველთა გენოციდისა და ეთნოწმენდის ფაქტების შესახებ. ქართველებმა აფხაზეთში უამრავი უბედურება გამოსცადეს საკუთარ თავზე. რამდენიმე ისტორიას ამ ნომერშიც მოგიყვებით. ეს ისტორიები „ქრონიკა+“-ს „აფხაზთა კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მალხაზ პატარაიამ მიაწოდა.
ისტორიები წასაკითხად ძალიან მძიმეა, მაგრამ ამაზე დიდი საშინელებები ხდებოდა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. ჯოჯოხეთგამოვლილ ადამიანებს ჩვენებებიც აქვთ მიცემული, მაგრამ პროკურატურაში ტომებს, სადაც ქართველთა გენოციდზეა საუბარია, მტვერი ედება. საქართველოს არცერთმა ხელისუფალმა არ იზრუნა იმაზე, რომ ქართველთა გენოციდი და ეთნოწმენდა აღიარებულიყო. ეს პროცესი რომც დაწყებულიყო, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს არ გაანაწყენებდა. უკრაინის ომის შემდეგ ეს სურათი შეცვლილია, ახლა ნამდვილად არის შანსი იმისა, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ქართველების ეთნოწმენდასა და გენოციდზეც.
უმძიმესი ისტორიები!
სოხუმელ მარინა ნაჭყებიას მტრის ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ გაუვსეს პირი მიწით, ვერ ათქმევინეს, რომ აფხაზეთის მიწაზე ცხოვრობდა. მან დედასთან ერთად ტყვეობაში ერთ თვეზე მეტი გაატარა.
„27 სექტემბერს ჩვენს ეზოში დიდი სატვირთო მანქანა შემოვიდა რუსებით, კაზაკებით, სომხებით სავსე... შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენი სიცოცხლის ბოლო წუთები დადგა... ჩემი ქმარი მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენ...
ვიფიქრე, რადგან სიკვდილი მოვიდა, მეც ისე ღირსეულად უნდა დავიღუპო, როგორც ჩემი გმირი ძმა, ტასო და თამამად წამოვიძახე: _ მე ტასო ნაჭყებიას და ვარ, მე ქართველი ვარ! ძირს დამაგდეს და გულის წასვლამდე მირტყეს. მერე მე და დედა შტაბში წაგვიყვანეს. გამაშიშვლეს, კედელთან დამაყენეს და ჩემ ირგვლივ კედლები ავტომატით დაცხრილეს. ხარხარებდნენ, მაგინებდნენ, მცემდნენ... ჩემს ხორცს მოერივნენ და ახლა სულის ჯერი დაუდგათ! მიყვიროდნენ, მაიძულებდნენ მეთქვა, რომ აფხაზების მიწაზე ვიმყოფებოდი. ყოველი უარის შემდეგ დაუნდობლად მირტყამდნენ, მრავალი უშედეგო მცდელობის მერე კი პირი მიწით გამივსეს, _ აჰა, ჭამე შენი მიწაო.
მე და დედამ ორი დღე საღორეში, შემდეგ კი ერთი თვე სარდაფში ტყვეობაში გავატარეთ. იქ ჩვენსავით ნაცემი, შეურაცხყოფილი ათეულობით ქართველი ქალი და ბავშვი იყო, ბავშვებს დედების თვალწინ ხვრეტდნენ. სარდაფიდან ქალის გაყვანა კი ჯერ მის გაუპატიურებას და შემდეგ დახვრეტას მოასწავებდა. დედა მეცოდებოდა, თორემ სიკვდილს უკვე შეგუებული ვიყავი და იქ ყოფნას მერჩივნა, ჩემი აღსასრული დროზე ადრე დამდგარიყო“, _ ყვება მარინა ნაჭყებია.
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ლეგენდასავით დადიოდა ამბები, რომ აფხაზები და რუსები ქართველების ცხედრებს კიდებდნენ და აწერდნენ: „იყიდება ქართველის ხორცი“. ერთ-ერთი მსგავსი ამბის თვითმხილველი ოჩამჩირელი ირინა კოტუაა. მან ეს საშინელება ტამიშთან ნახა:
„წარმოშობით ოჩამჩირელი ვარ. გავთხოვდი სოხუმში. ეს იყო 1993 წლის ივლისში, ტამიშის დესანტის გადმოსხმის პერიოდში. მაშინ ორსულად ვიყავი. ბებიის გასვენებიდან თბილისიდან მატარებლით წამოვედი, რომელიც მხოლოდ ოჩამჩირემდე მოვიდა. ჩემი მეუღლე თემური ჩემ წამოსაყვანად მსუბუქი ავტომობილით ჩამოვიდა სოხუმიდან. გვითხრეს, რომ ამ ავტომობილით უკან არ დავბრუნებულიყავით, რადგან უსაფრთხო არ იყო და გვირჩიეს სარეისო ავტობუსით წამოსვლა, რადგან ავტობუსს არ ესვრიანო. ოჩამჩირე-სოხუმის 2 სარეისო „პაზის“ ტიპის ავტობუსით გამოვედით ოჩამჩირიდან. ჩვენ ვიყავით მეორე ავტობუსში, რომელიც მიდიოდა პირველისგან სადღაც 500 მეტრის დაშორებით. ტამიშის შესახვევთან წინა ავტობუსს ყუმბარმტყორცნი ესროლეს. ჩვენი ავტობუსი გაჩერდა და გავემართეთ წინა ავტობუსისკენ მისაშველებლად. პირველი რაც დავინახე და ცხადად მახსოვს, იყო გასისხლიანებული ქალი, რომელსაც თავისი ნაწლავები ხელებში ეჭირა.
ძალაუნებურად გავიხედეთ სიმინდებისკენ, საიდანაც ავტობუსს ესროლეს. სიმინდის ყანის გასწვრივ, ზედ ტრასაზე, იდგა დიდი ხე და პირველ შოკს მეორე უფრო ძლიერი და საშინელი დაემატა: ხეზე გაკრული იყო 3-4 წლის გატყავებული გოგონა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან მუცლის ქვედა ნაწილზე უჩანდა სისხლიანი კუნთები, ხოლო კანი ტომარასავით შეკრული ჰქონდა სხეულის ზედა ნაწილზე თავს ზემოთ. მკერდზე დაკიდებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტა, რომელზედაც იყო ხელნაწერი წარწერა: „Продаётся Грузинское свежოе мясо“. გოგონას მოკლე ქვედაბოლო ეცვა ცისფერი ყვავილებით, რომელიც სულ სისხლიანი იყო. ჩემმა მეუღლემ თვალებზე ხელი ამაფარა და მითხრა, არ მეყურებინა, მაგრამ უკვე ყველაფერი დანახული მქონდა. თემურმა გამვლელი მანქანა გააჩერა, უკან გამომაბრუნა ოჩამჩირეში, თვითონ კი სოხუმში წავიდა თავის ბატალიონში. ოჩამჩირეში მთელი ჩემი სამეზობლო გარეთ იდგა, რადგან ავტობუსებზე თავდასხმის ამბავი გაეგოთ და ცოცხალი არავინ ეგონათ“, _ იხსენებს ჯოჯოხეთს ირინა ირინა კოტუა.
ნოდარ თუთისანს, რომელიც ახლა 84 წლისაა, დედა, ბაბილო ბენდელიანი-თუთისანი და და, ნინა თუთისანი-კალანდია, ცოცხლად დაუწვეს მტრის ჯარისკაცებმა. ისინი გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ცხოვრობდნენ:
„ჩვენ ირგვლივ 10 ოჯახი დარჩა წებელდაში. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ ქართველები სახლებში, არ ელოდნენ, რომ გაიმეტებდნენ სასიკვდილოდ. დედაჩემი, 81 წლის ბაბილო თუთისანი, არ წამოვიდა. ჩემმა დამ არ მიატოვა ავადმყოფი დედა. ნინა 61 წლის იყო. დაახლოებით 4-5 დღეში მოვიდა რუსის ჯარისაცების შენაერთი, რომელიც დაბანაკდა ჩვენს სახლში და იქ გახსნეს შტაბი, რადგან 3-სართულიანი შენობა იყო. მქონდა დიდი სარდაფი, სადაც ინახებოდა ღვინო და არაყი. სახლი ცენტრიდან 100 მეტრში მდებარეობდა. რუსმა ჯარისკაცებმა ნინასა და ბაბილოსგან მოთხოვეს მომსახურება, მათთვის საჭმლის მომზადება. ასე გრძელდებოდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ისინი ეძებდნენ ჩვენს მეზობელ ექიმ ჯოტო კინწურაშვილს. ეს რომ გაიგო ჩემმა დამ, ჩუმად გააფრთხილა მეზობელი, გეძებენ და როგორმე აქედან გადიო. ეს ამბავი იმათმა გაიგეს. ჩემი და თითქოს გამოვიდა გამყიდველი და იმის შემდეგ მოკლეს დედა და და. სახლის გვერდით იყო ხის სამზარეულო და იქ ცოცხლად დაწვეს ისინი. მთელ წებელდაში დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა მათი კივილი, სანამ ბოლომდე არ დაიწვნენ. წებელდაში დარჩენილ რომელიღაც სომეხ მეზობელს დამწვარი სახლისა და ნეშტების ადგილიდან აუღია რამდენიმე ძვალი და დაუფლია ეზოში ხის შეჭედილ ყუთში ონკანთან, ვაზის ძირში“, _ ყვება ნოდარ თუთისანი.
წებელდაში ცოცხლად დაუწვეს მამა დალი კუხალაშვილს, რომელიც ახლა ხობში ცხოვრობს:
„რუსული რაზმისა და ბაგრამიანის ჯარისკაცების ამოსვლისა და დაბანაკების შემდეგ დაიწყო მაროდიორობა, მკვლელობები, სახლების დაწვა. ჩემი სახლი სკოლის გვერდით მდებარეობს, სადაც დაბანაკდნენ რუსები. 10 მეტრში ჰყოფდა გზა. ჩემს სახლს მანამდე გაუკეთეს წითელი ლენტი და ამოსულმა ჯარისკაცებმა მოხსნეს. წითელი ლენტები სხვა სახლებსაც გაუკეთეს, რომ ხელი არ ეხლოთ. ძირითადად სომხებისა და მათ შორის ქართველების, რომლებიც ადგილობრივმა სომხებმა ჩათვალეს, რომ დასაცავი იყვნენ. 4 ოქტომბერს დედაჩემი სახლში არ იყო, გარეთ იყო სახლის უკან 500 მეტრში საქონელთან გასული. სახლში შემოსვლა რომ დააპირა, მისი თქმით, რაღაცამ შემაჩერაო. უკან გამობრუნდა და მივიდა სომეხ მეზობელ რობიკთან, რომელსაც უთხრა, მიშველე, მგონი, უშანგი მოკლესო. რობიკმა უთხრა, მოიცა, მეც რომ მივიდე, მეც მომკლავენო და შესამოწმებლად უცებ ვერ მივიდნენ. რობიკმა სახლი დაზვერა და რომ არავინ იყო, მერე შევიდნენ. ოთახში ცეცხლი იყო მოკიდებული, ფანჯრები გააღეს და კვამლი რომ გაიფანტა, ნახეს ნახევრად დამწვარი დაღუპული მამა. ცეცხლი ჩააქრეს და ოთახისა და აივნის დათვალიერების შემდეგ აივანზე აღმოაჩინეს ავტომატის 27 ჰილზა. ნასროლია გარედან. რობიკმა დედა გააჩერა, რომ არ ეკივლა, წავიდა საბჭოში მკვლელობის შესატყობინებლად. საბჭო მდებარეობდა ჩემი სახლიდან 200 მეტრში. იქიდან არავინ მისულა. რობიკს სასაფლაოზე დაკრძალვაზე უარი უთხრეს და მამა დაასაფლავეს ეზოში, სახლის გვერდით. კუბო ფიცრებით შეჭედეს, დედამ მიცვალებული შეახვია საბანში და ასე დაასაფლავეს. ეს ხდებოდა დღის პერიოდში. რუსების შტაბიდან არავინ გამოსულა. ეტყობა, იცოდნენ და დაგეგმილი ჰქონდათ. დედა კიდევ დარჩა 15 დღე და სხვადასხვა სახლში იმალებოდა. ის გადმოიყვანეს სომეხმა მეზობლებმა ენგურის ხიდთან. სახლიდან მაშინ არაფერი წაუღიათ. ჩვენი სახლი დაწვეს“, _ იხსენებს დალი კუხალაშვილი.