- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 09:04:28
გიორგი საკარული
ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა, დარღვევების, დაშინების, ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. არ ვიცი, ეს დღე საქართველოს ისტორიაში როგორ შევა, თუმცა იმას, რასაც ახლა ჩამოგითვლით, ქართველი ხალხი ყველაფერს თავის სახელს აუცილებლად დაარქმევს. გადაწყვეტილება ოპოზიციაზეა, რამდენად დაიცავს ის ქართველი ხალხის არჩევანს.
შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოიყენეს ისეთი მეთოდები, როგორიცაა, ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისთვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურებზე დაკვირვებაზე ხელის შეშლა. დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას.
ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია იყო უკვე მონიშნული. აშკარა გახდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და ე. წ. ქირაობის, ასევე პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები და მედია რეპორტაჟები სწორედ აღნიშნული სქემის განხორციელებას ემსახურებოდა.
ზუგდიდში, პარტია „ახალის“ ოფისს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს. მათ პარტიის ოფისს ქვები ესროლეს, იქ მყოფ ადამიანებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
საიას დამკვირვებლებმა 21:00 საათისთვის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო-საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიის სახელზე _ 21 საჩივარი.
IშFED-მა საღამოს გაავრცელა ინფორმაცია ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის ფაქტებზე, მათ შორის: #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანში; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანში; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #17 და #51 საარჩევნო უბნებში; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #64 და #17 უბნებში; თელავის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანში.
მანამდე ორგანიზაციის მიერ უკვე აღრიცხული იყო მსგავსი ტიპის სხვა ფაქტები, მათ შორის, #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა სამი ბიულეტენი, თუმცა დარღვევა დამკვირვებლებმა ხმის მიცემამდე შენიშნეს. კომისიამ სამივე ბიულეტენს მოაჭრა კუთხე და დალუქა, ამომრჩეველმა კი უარი განაცხადა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე.
„მთელი საქართველოს მასშტაბით იკვეთება პრობლემები გადასატან ყუთთან დაკავშირებით. კერძოდ, გადასატანი ყუთი მოდის დაზიანებით, დაულუქავი, რიგ შემთხვევებში იმაზე ნაკლები ბიულეტენებით, ვიდრე უნდა მოსულიყო. აღნიშნული ტენდეციაა ყველა რეგიონში“, _ იტყობინებოდა „ჩემი ხმა“.
დღის განმავლობაში აღირიცხა დამკვირვებლების შეზღუდვის, უბნებიდან მათი გამოძევებისა და ძალადობის ფაქტები.
დღის პირველ ნახევარში მარნეულის #69-ე უბანზე თავს დაესხნენ კოალიცია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს. მას ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საარჩევნო უბანი იმ დროს, „როდესაც ის საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს ვიდეოკამერით იღებდა“.
დღის 12:30 საათისთვის გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორ ყრის კაცი რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად. კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.
თავს დაესხნენ „საიას“ თანამშრომელს და დამკვირვებელს. მარნეულის #4 უბანზე გიორგი გოცირიძეს უბნის გარეთ უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. უბნებიდან გამოაძევეს არასამთავრობო სექტორის არაერთი დამკვირვებელი. არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებმა შენიშნეს „აგრესია და მტრული გარემო“ მედიის წარმომადგენლების მისამართით.
ფიზიკურად გაუსწორდნენ CNEWS-ის ჟურნალისტ გიგა გელხვიიძეს.
„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში.
„მთავარი არხის“ წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და ბათუმში.
გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი რუსთავში.
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკის“, „ფორმულისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის.
ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც 26 ოქტომბერსს მოხდა და ამ ყველაფრის ფონზე, ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოდის და ამბობს, რომ „არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს“.
რას აპირებს ოპოზიცია იმის ფონზე, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი? როგორ გეგმავენ ამომრჩევლის ხმის დაცვას? როგორ წარმოუდგენიათ მუშაობის გაგრძელება? _ „ქრონიკა+“ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
პაატა მანჯგალაძე _ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ ტოტალური მასშტაბის მოსყიდვა და დაშინება ვიხილეთ. როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ჩვენს მოქალაქეებზე. უფრო ტოტალურ დაშინებასა და მოსყიდვას დავაბრალებ იმას, რა შედეგიც დადგა, რადგან თავისუფალი არჩევნების პირობებში დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აირჩევდა ევროპას და არა _ რუსეთს.
_ ბევრი ფაქტი ვნახეთ, თუ როგორ აშინებდნენ მოქალაქეებს, ასევე როგორ აყალბებდნენ ბიულეტენებს მარნეულსა და სხვა რეგიონებში. რა გეგმა აქვს ოპოზიციას, რას აპირებთ?
_ ალბათ, პარლამენტში არავინ შევა ოპოზიციიდან.
_ ეს დაზუსტებით გადაწყვეტილი გაქვთ, რომ არავინ შეხვალთ პარლამენტში, თუ მხოლოდ ვარაუდია?
_ პროცესი უნდა გამოცხადდეს არალეგიტიმურად. თუ არჩევნები არ ტარდება სამართლიან გარემოში, არჩევნები არალიგიტიმურია და წესით, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში.
_ ესაა თქვენი გეგმა? ბრძოლის რა მეთოდი წარმოგიდგენიათ იმისთვის, რომ დაიცვათ ამომრჩევლის ხმა?
_ სხვა ვერაფერს ვხედავ, რადგან სასამართლოც ბიძინასია, ცეესკოც და სხვა ყველაფერი. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება.
გაყალბებასა და მოსყიდვაზე საუბრობს „ქრონიკა+“-თან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა არჩევნები და ეს ყველაფერი დიდი დაშინების ფონზე მოახერხა:
_ პირველ რიგში ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს: არჩევნები, ჩატარდა უპრეცენდენტო გაყალბების ფონზე. ეს არის პირველი ამოცანა, მეორე ამოცანაა, თქვენ კარგად იცით და ნახეთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, მიიტაცა არჩევნები, დაიწერა 80% და ეს არის დაშინების, ზეწოლის, მოსყიდვის შედეგი, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე.
ახლა ჩვენ გვჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, მუშაობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და რაც მთავარია პრეზიდენტთან, რომ სწორი შეფასება მოხდეს და შემდეგ გადაიდგეს კონკრეტული ნაბიჯები ხელახალი არჩევნების მოთხოვნის.
_ ის, რომ ივანიშვილი ასე მარტივად არ დატოვებდა ხელისუფლებას და ოპოზიციას არ გადმოაბარებდა, ეს, მგონი, თქვენც გათავისებული გექნებოდათ. თუ არსებობს კონკრეტული გეგმა „ბ“, რომლითაც დღეს იხელმძღვანელებს ოპოზიცია? როგორ და რა ხერხებით აპირებთ ამომრჩევლის ხმის დაცვას?
_ პირველ რიგში, ქართველ ხალხთან ერთად მოგვიწევს ამ არჩევნების შეფასება და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ქუჩაში და შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
_ რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები?
_ ეს ნაბიჯები თავისთავად გულისხმობს მშვიდობიან პროტესტს და კონკრეტულ მოთხოვნას ხელახალი არჩევნების შესახებ.
_ მშვიდობიან აქციებში ხედავთ გამოსავალს?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ წინააღმდეგობა კი არ გვქონდა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, უბრალოდ, წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევა და ისინი ჩაამატეს სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან ვერიფიკაციის აპარატებში. ეს არის ჩვენი პირველი მიგნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამას სჭირდება კონკრეტული აუდიტი, ეს ყველაფერი უნდა გადამოწმდეს და ამას ვერ დაელოდება ქართველი ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება, ვერც ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც გვიყურებენ და ელოდებიან ჩვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს. ახლა აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ შეიქმნას პოლიტიკური პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, დაასრულებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას.
ვადო მაჭავარიანი _ მოძრაობა „12 სართულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:
_ პარტია, რომელიც ასი ათასს ხმას იღებს წინა არჩევნებზე და ამდენი რაღაცის შემდეგ დღეს მილიონ ასი ათასი ხმა აიღოს, აბსურდია. ევროპაზე უარის, რუსული კანონის, ახალგაზრდების დასახიჩრებისა და გაზრდილი სიღარიბის შემდეგ ამხელა ციფრები აიღოს მმართველმა პარტიამ, შეუძლებელია. ეს არის კონკრეტულად გაყალბების ფონზე აღებული ხმები. ის, რომ არაქართულენოვან რეგიონებში, როგორიცაა მარნეული, თეთრი წყარო, ახალქალაქი, ასეთი უპირატესობით იგებდეს „ოცნება“, ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ არაა ყველაფერი რიგზე და ისე, როგორც უნდა იყოს რეალურად. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები.
მაგალითად ჩვენ, მოძრაობა „12 სართული“, ვიყავით თბილისში და ჩვენი საქმე შევასრულეთ პირნათლად, დავიცავით ხმები და თბილისში ვერ გაიფორმა „ოცნებამ“ გამარჯვება. ახლა ჯერი არის უცხოელ დამკვირვებლებზე, სადამკვირვებლო მისიებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, რომ წარადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები. არის ფაქტები, რომ მარკირების მაგივრად წყალი ესხათ, არის ეჭვი, რომ ერთი პირადობით რამდენჯერმე ხდებოდა ხმის მიცემა, იყო მოსყიდვებსა და სხვა ხრიკებზე საუბარი, თუმცა ახლა საზოგადოებისა და ახალგაზრდების ფარად გამოყენება აღარ გამოუვა არავის და არც უნდა გამოუვიდეს.
_ რას აპირებთ?
_ ვაპირებთ ბრძოლას, არ დავნებდებით, უნდა იყოს ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა ხალხის ნების საწინააღმდეგო და არაკანონიერი არჩევნების შედეგების აღმოსაფხვრელად. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ახალგაზრდების ფარად გამოყენება ნაკლებად გამოუვათ. მგონია, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ და ეს უნდა მოხდეს მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში და არც პარლამენტში არ უნდა შევიდნენ.
_ ვადო, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ადვილად არ დათმობდა ხელისუფლებას, ყველამ კარგად ვიცოდით. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები არ ცნეს, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?
_ არ ვიცი, რთულია დღეს ამაზე საუბარი. ველოდებით უცხოელი დამკვირვებლების შეფასებებს და მე არ მგონია, რომ კარგი იყოს მათი შეფასება, არ მგონია, რომ ლეგიტიმაციის დიდი სივრცე არსებობდეს „ოცნებისთვის“ ამ არჩევნების მერე. ეს იყო მათი სამუშაო, პასუხისმგებლობა მათ ჰქონდათ აღებული, ისინი გვპირდებოდნენ, რომ ათასობით დამკვირვებელი ეყოლებოდათ უბნებზე. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ „ქართულ ოცნებას“ ასეთი შედეგი აქვს და ამასთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი არსებობს. უცხოელ დამკვირვებლებს დაველოდოთ და იმის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა ფორმით უნდა ვიბრძოლოთ და როგორ ვეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს. უნდა მორჩნენ დეპუტატობანას თამაშს, უნდა მორჩნენ კაბინეტებში სხდომას და უნდა გადავიდნენ რეალურ ქმედებებსა და მტკიცებულებების დაცვაზე, სხვა შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან გაგვჭირდება ამ ბრძოლაში ჩაბმა.