QronikaPlus
როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია არჩევნებს?

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია არჩევნებს?

2024-10-30 08:27:00

მიხეილ ხაჩიძე

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე ხმაურიანი საპარლამენტო არჩევნები. გავლენიანი უცხოური გამოცემები პროცესებს ვრცელ სტატიებს უძღვნიან. ამასთან, სპეციალურად საარჩევნოდ საქართველოში არაერთი ჟურნალისტი ჩამოვიდა.

„წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა“, _ ამის შესახებ Reuters -ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები არჩევნებს აფასებენ, როგორც წყალგამყოფ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდება თუ რუსეთისკენ დაიხევს.

„დადასტურების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ კენჭისყრით, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევნად გამოცხადდა“, _ წერს Reuters -ი.

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს BBC-იც ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომელიც სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება, გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ აშკარად ლიდერობს გადამწყვეტ არჩევნებში, რომელიც ორიენტირებულია ევროპაში ქვეყნის მომავალზე.

BBC-ი წერს, რომ წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდება ეგზიტპოლებისგან და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ დემოკრატიული უკუსვლის გამო, კერძოდ, რუსული სტილის „უცხოური გავლენის“ კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა ეს ნაბიჯი შეაჩერა.

„სსრკ-მ არსებობა სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შეწყვიტა, მაგრამ მოსკოვი ჯერ კიდევ მიიჩნევს ძველი საბჭოთა იმპერიის დიდ ნაწილს თავის უკანა ეზოდ და რუსეთის გავლენის სფეროდ“, _ წერს BBC-ი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა პრომოსკოვური მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ _ ასე ეხმაურება პროცესებს ცნობილი ავსტრიული გამოცემა puls24.at.

მედიის ცნობით, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შაბათს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამარჯვებულად გამოაცხადა მის მიერ დაარსებული პრორუსული მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელიც თორმეტი წელია ხელისუფლებაშია, სურს რუსეთთან ურთიერთობების გაფართოება, ოპოზიცია კი ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს.

ამასთან, სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, ის აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს. მისი თქმით, საჭიროა, რომ ქვეყანა, სადაც დაახლოებით 3,6 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში არ შევიდეს. ის ოპოზიციის კანდიდატებს რევოლუციისა და ქაოსის მოწყობაში ადანაშაულებს.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია

puls24.at -ია მკითხველს უყვება, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიაღწია გაუცხოებას ევროკავშირთან. კანონი უცხოური გავლენის წინააღმდეგ ძალაში ივნისში შევიდა. მას აკრიტიკებენ ოპოზიცია და დასავლური მთავრობები, როგორც სამოქალაქო საზოგადოების უფრო მკაცრი კონტროლის საშუალებას, რაც შეუთავსებელია ფუნდამენტურ უფლებებთან. ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. არადა, ჯერ კიდევ, გასული წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

„კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ თბილისში ხელისუფლების კურსის უკან რუსეთი დგას. აღნიშნულია, რომ მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთში, რომელიც ასევე გამოიყენება შიდა კრიტიკოსების წინააღმდეგ“, _ აღნიშნულია ვრცელ მასალაში.

ძალადობა საარჩევნო უბნებზე

გერმანული ტელეკომპანია „ zdf “, რომელსაც სპეციალურად არჩევნებისთვის საქართველოში კორესპონდენტი ჰყავს გამოგზავნილი, მაყურებელს ეუბნება, რომ არჩვენები უპრეცედენტო ძალადობისა და ტოტალური დაშინების ფონზე მიმდინარეობდა.

ჟურნალისტის თქმით, პოლიტიკური დაპირისპირება მრავალი საარჩევნო უბნის წინ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ტელეკომპანიის მასალაში ნათქვამია, რომ არჩევნები განიხილება, როგორც საბედისწერო არჩევანი საქართველოსთვის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის კურსი _ მმართველი პარტიის, რომელიც სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისკენ, თუ პროევროპული ოპოზიციის პოზიციები.

„ირკვევა, რომ ივანიშვილს ქვეყანა აკონტროლებს და მან საკუთარი თავის დამტკიცება მოახერხა. მთელი არჩევნების დღე თითქოს ორკესტრირებული იყო“, _ ნათქვამია ტელევიზიის ვცრელ მასალაში.

საქართველოს პროევროპული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

„საქართველოს პროევროპული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“ _ ამ სათაურით კი სტატიას ისევ გერმანული ცნობილი გამოცემა Spiegel -ი აქვეყნებს.

„საარჩევნო ხელმძღვანელობამ შეასრულა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ბინძური ბრძანებები,  ამით ოლიგარქმა მოიპარა ქართველი ხალხის ევროპული მომავალი, ჩვენ მოპაული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამის აღიარებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად“, _ ციტირებს მედია პროევროპული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ თინათინ ბოკუჩავას.

Spiegel -ი ასევე ამბობს: პროდასავლურმა ოპოზიციურმა კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს შედეგებს. „არჩევნები ოპოზიციას მოპარეს. ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, _ განაცხადა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ

პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, არჩევნები გაყალბდა რთული ტექნოლოგიური სქემით.

„შავი ზღვის აუზის ქვეყანაში ოპოზიცია გაყოფილია. ზოგიერთმა პარტიამ საარჩევნო ალიანსები შექმნა. საერთო ჯამში, ქვეყანაში, დაახლოებით, 3,5 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული ხმის მისაცემად. წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ, დაახლოებით, 59 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 56 პროცენტი შეადგინა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ პროცესი შეჩერებულია საკამათო კანონების გამო“, _ აღნიშნულია მასალაში.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში არჩევნები განიხილებოდა, როგორც კავკასიის ქვეყნის მომავლის გზა, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ახლა არჩევნების შედეგებზე დავამ შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური კონფლიქტები მკვეთრად გაამძაფროს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების დღეს ძალადობა დაფიქისრიდა: „მინდა აღვნიშნო ძალადობის ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე“, _ განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო განსაცდელის წინაშე დგას

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო განსაცდელის წინაშე დგას“ _ ეს კი სტატიის სათაურია, რომელსაც მკითხველს Deutsche Welle სთავაზობს.

„ამ შაბათის კენჭისყრა არ ეხებოდა მხოლოდ პარლამენტის არჩევნებს, თბილისში იყო საუბარი საბედისწერო არჩევნებზე: დაიცავს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, თუ კავკასიის რესპუბლიკა დაუახლოვდება თავის ძლიერ მეზობელ რუსეთს?“ _ ნათქვამია მასალაში.

ავტორი წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა თავი მშვიდობის გარანტორად გამოაცხადა და გაავრცელა შეთქმულების თეორია საიდუმლოებით მოცული „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც აკონტროლებს დასავლურ ინსტიტუტებს და სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ მიზანია პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მიღება, რათა შეძლოს პროდასავლური ოპოზიციის კონსტიტუციით აკრძალვა“, _ წერს ჟურნალისტი.

გაზიარება