QronikaPlus
დავით ზურაბიშვილი: „ამ შედეგებით ოპოზიციას ბევრი მანევრის საშუალება არ დარჩა“

დავით ზურაბიშვილი: „ამ შედეგებით ოპოზიციას ბევრი მანევრის საშუალება არ დარჩა“

2024-10-30 07:53:26

ირინა მაკარიძე

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ოპოზიცია დამარცხდა, თუმცა მმართველმა ძალამ ვერ შეძლო თავისი პროგრამა მაქსიმუმის შესრულება და, შესაბამისად, ის საფრთხე, რაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ემუქრებოდა ქვეყანას, მოხსნილია.

გახსოვთ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, განმარტა, თუ რისთვის სჭირდებოდათ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა: ამისთვის მან სამი მიზეზი დაასახელა. ეს იყო: ოპოზიციური პარტიების გასამართლება-აკრძალვა: „ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს“, _ განაცხადა მან. იგი ასევე ირწმუნებოდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა საჭირო იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ და საკონსტიტუცუიო უმრავლესობა  სჭირდებოდათ ასევე ტერიტორიული მოწყობის საკითხის შესაცვლელად. „ტერიტორიული მოწყობის გადახედვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარება ისე შეიცვლება, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება შეძლოს“, _ განაცხადა ოლიგარქმა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ არსებობს მეოთხე მიზეზიც, რომელსაც არ გაამხელდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ეკლესიისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რაზედაც თავად  ეკლესიამ თქვა უარი. ამდენად, ეს საკითხები, სავარაუდოდ, დღის წესრიგიდან მოიხსნა.  

არჩევნების შედეგებით, იმედგაცრუებული დარჩა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. „ქართულმა ოცნებამ“ 54% დაიწერა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შედეგებს არ აღიარებს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის შესაძლო სვლებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი: 

_ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე საუბარი მგონია, რომ მაინც იყო წმინდა პროპაგანდისტური ხრიკი. ეს ძალიან არარეალური და შეუძლებელი იყო. ამის გათვლა არც ჰქონდათ, რაც „ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ, მამუკა მდინარაძემაც აღიარა. რეალურად, საკონსტიტუციო უმრავლესობას ისინი არც ელოდნენ. თუმცა ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, თუ ეს არჩევნები იქნა  ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. შეიძლება, ძალიან კრიტიკული იყოს დასკვნები, მაგრამ ერთია კრიტიკა, რაც 2020 წელშიც იყო, თუმცა არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს. აღიარებს დასავლეთი ამ მთავრობას თუ არა, ამას აქვს  პრინციპულად დიდი მნიშვნელობა. ოპოზიცია, ცხადია, მანამდე არ აღიარებს არჩევნებს.

_ საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთო/ოდირის მისიის შეფასება იყო მწვავე, თუმცა არ უთქვამთ, რომ არჩევნებს არ აღიარებენ. ამაზე რას იტყვით?

_ იყო კრიტიკა, თუმცა იქნება თუ არა არჩევნები ლიგიტიმურად აღიარებული, ეს საკითხი დატოვეს ღიად. თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ რიტორიკას და იმ კურსს, რაც ჰქონდა აქამდე, ალბათ, არ იქნება არჩევნები აღიარებული ლიგიტიმურად. თუ არ გაიწვევს უკან ამ რუსულ კანონს, თუ არ შეწყვეტს ამ აბსოლუტურ გიჟურ ანტიდასავლურ რიტორიკას, გამოგონილ „გლობალური ომის პარტიაზე“, აგენტურაზე საუბარს,  თუ ამ მოთხოვნებს შეასრულებს და ოპოზიციასაც რაღაც სივრცეს მისცემს მოქმედებისთვის, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, ლეგიტიმურად ცნონ ამ არჩევნების შედეგები. თავს კი არ მოიტყუებს ვინმე, რომ ივანიშვილი დემოკრატი გახდა, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმისთვის რაღაც სივრცის დატოვება თუ მოხდა, მაშინ შესაძლოა,  ლიგიტიმურობის არცნობა არ მოხდეს. ხელისუფლების არალეგიტუმურად ცნობა ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, უნდა შეწყდეს ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან, ეს ქვეყნისთვის იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი. თუ ივანიშვილი მაინც გააგრძელებს თავის კურსს და იტყვის, რომ რასაც ვაკეთებდი, ისევ იმას ვაგრძელებო, მაშინ დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ ცნობენ არჩევნებს ლიგიტიმურად. ეს არჩევნები რომ არ იყო სამართლიანი და მანიპულირება მოხდა, ცხადია. სწორედ ამაზე იყო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებებში საუბარი, რომ არჩევნებამდე ხდებოდა უკვე ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა, ხელისუფლების მიერ შექმნილი წინასაარჩევნო გარემო არ უწყობდა ხელს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, საუბარი იყო პოლარიზაციაზე, რესურსების არათანაბარ ფლობაზე და ა. შ. ამაზე ევროპა  გააკეთებს იმავე დასკვნას, რაც 2020 წელს, როდესაც მათ თქვეს, რომ დარღვევები იყო, მაგრამ არჩევნები, საერთო ჯამში, ლეგიტიმურია და ოპოზიციასაც მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში. თუ ამჯერად უფრო მკაცრი იქნება, ეს, ალბათ, მოკლე ხანში გამოჩდება. ამდენად, რთულ სიტუაციაშია ახლა ოპოზიცია.

_ სიების დუბლირების შესახებ ოპოზიციის განცხადება უარყო ცესკომ და განაცხადა, რომ ეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად მასშტაბური შეიძლებოდა ყოფილიყო გაყალბება, რომ მას გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე?

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მანიპულაცია და გაყალბება იყო. საუბრობენ პირადობის დუბლირებაზე, სხვა მანიპულაციებზე, თუმცა უფრო მგონია, რომ მმართველი ძალის მიერ ამომრჩევლის წინასწარი დამუშავება და განსაკუთებული მობილიზება იყო, რაც მეტად გამოხატულია ხოლმე რეგიონებში. ჩვენ ვხედავთ, თბილისი ოპოზიციამ მოიგო, ასევე რუსთავი. რუსთავის მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად, თბილისში მუშაობს და აქაურ ატმოსფეროშია. რეგიონებში შედეგები ასეთია, რომ დიდი სხვაობით აქვს წაგებული ოპოზიციას. ვფიქრობ, ეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული განსაკუთრებული მობილიზაციის შედეგად მოხდა, ტრადიციული მეთოდებით, რაც არის მოსყიდვები, დაშინებები, ამას დაემატა ომზე სპეკულაცია, რომ ომი იქნება და ჩვენ მშვიდობა გვინდა. აღსანიშნავია ეკონომიკური ფაქტორი. როცა ხელისუფლება  ლაპარაკობს, რომ ეკონიმიკური ზრდა გვაქვს, ეს არ არის მთლად ტყუილი. ეს მოქმედებს ამომრჩეველზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო მხოლოდ რამდენიმე ქალაქი არ არის. სოციალურ ქსელში დამიწერეს, კახეთში რომ გლეხი ცხოვრობს და ძირითადად მოჰყავს ყურძენი, მას აინტერესებს მშვიდი ვითარება და ყურძნის გაყიდვა. მოსახლეობის ამ ნაწილთან მუშაობა ხელისუფლებას უკეთ  შეუძლია, ვიდრე ოპოზიციას. ასეთი ვითარებაა.  

_ ოპოზიციური პარტიების პირველი რეაქცია იყო ის, რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს. რა მანევრის საშუალება რჩება ახლა ოპოზიციას?

_ მას არ აქვს დიდი მანევრის საშუალება. ვითარება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს საერთაშორისო თანამეგობრობა. ერთი ვარიანტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არჩევნებს, წავა მკვეთრ გაუარესებაზე, სანქციებს დაადებს ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, სხვებს. პრაქტიკულად, საქართველო მოექცევა იზოლაციაში. ამ სიტუაციაში საქართველო დარჩება ევროპისგან იზოლირებული. შედეგად, ეს ხელისუფლება უფრო მეტად გახდება რუსეთზე დამოკიდებული. რუსეთზე ექნება ორიენტაცია, ეს ასე მოხდება. თუ სანქციები წამოვიდა, ასეთ  შემთხვევაში ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლიდან უნდა გადავიდეს უკვე დისიდენტურ და რევოლუციურ ბრძოლაზე. სხვა რა გზა ექნება ასეთ სიტუაციაში? ან გაჩერდეს და წავიდეს სახლში. ნორმალურ პოლიტიკურ ბრძოლას ასეთ სიტუაციაში აზრი არ ექნება. მეორე ვარიანტია და მეტ-ნაკლებად რეალისტური ეს მგონია, თუმცა არც პირველია გამორიცხული, მოხდება არჩევნების ლეგიტიმაცია დასავლეთიდან, იქნება რაღაც დათმობებზე წასვლა ორივე მხრიდან და დასავლეთთან ურთიერთობის ხიდები არ დაიწვება, რაღაც დონეზე პლურალიზმი შენარჩუნდება. სხვა რამე ვარიანტს, რომ ხელისუფლება თვითონ აღიარებს გაყალბებას და წავა სახლში, ვერ ვხედავ.

_ პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, „გაყალბებაზე საუბარი არის ოპოზიციის სასოწარკვეთილი მცდელობა“ და ის, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ეს საერთოდ არ შექმნის ლეგიტიმაციის პრობლემას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რაოდენობრივად ოპოზიციამ იმაზე ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე წინა არჩევნებზე.  2021 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ  ჯამურად მიიღო 845 ათასზე მეტი ხმა, ახლა მხოლოდ 770 ათასზე მეტი ხმა. კონკრეტულად: „კოალიცია ცვლილებისთვის“ _ 225 680 ხმა, „ნაციონალური მოძრაობა“ _ 209 137 ხმა, „ძლიერი საქართველო“ _ 181 424 ხმა, გახარია _ 160 354 ხმა, რაც ნიშნავს, რომ ამ ოთხმა ცენტრმა სულ მიიღო 776595 ხმა. როგორც კობახიძე მიუთითებს, შემცირდა რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა. ამაზე რას იტყვით?

_ კი, ეს ასეა. 2021 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მასობრივი ემიგრაცია. საზღვარგარეთ რომ ძირითადად ოპოზიციური ამომრჩეველია, ეს საზღვარგარეთის შედეგებმაც ცხადყო. ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, ასიათასობით ადამიანია გასული და ეს ასეულობით ათასი ადამიანის ხმა კი არ არის მარტო მოკლებული ოპოზიციისთვის, არამედ ისინი როცა აქ იყვნენ, გავლენას ახდენდნენ ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, გავლენას ახდენდა რაღაც პროცესზე, ამიტომ მგონია, რომ მიგრაციამ ოპოზიცია ძალიან დააზარალა. ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა, რა თქმა უნდა, ვერც  იმ რაოდენობით შეძლეს არჩევნებზე მისვლა და ვნახეთ, რა სირთულეების წინაშეც აღმოჩნდნენ ისინი. მოსალოდნელიც იყო, რომ ხელისუფლება არ გაუხსნიდა მათ საჭირო რაოდენობის უბანს, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ იქ ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი იყო. ეს თავიდანვე ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა სცოდნოდა.

_ რამდენად არის საფრთხე, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან?  

_ არის ამის საფრთხე, შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ ჩათვალოს, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს ცხოვრება და ქვეყნიდან წავიდეს, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. 

_ მოვლენების როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ, თუ ქუჩაში გადაინაცვლებს პროცესები?

_ ამ მიმართულებით მაინცდამაინც კარგ სცენარებს ვერ ვხედავ და არ მგონია, სერიოზული შედეგი ჰქონდეს ქუჩის აქციებს. არ იგრძნობა რევოლუციური განწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ახალგაზრდობა, რომელიც გაზაფხულის აქციებზე მთავარი გამწევი ძალა იყო, უკვე ქუჩაში უნდა იყოს გამოსული და უნდა იყოს ერთი ამბავი ატეხილი. ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა საარჩევნო პროცესების დროს ვერ დავინახე. სადაც მივეცი ხმა თბილისში (პრაქტიკულად, ზემოდან დავცქერი საარჩევნო უბანს და ვაკვირდებოდი), ცოტა ხალხი იყო, რიგები ვერ დავინახე. მაღალი აქტივობა იყო რეგიონებში. ე. ი. იქ ხელისუფლებამ მიიყვანა ხალხი მასობრივად. ფაქტია, ოპოზიციამ მთლიანობაში მიიღო 700 ათასზე მეტი ხმა, ეს არ არის ცოტა, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ხელისუფლება მილიონზე მეტს იღებს, მაშინ ცოტაა. დაახლოებით 400 ათასი არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და გვარამია-მელიას და მათი კოალიციის  ამომრჩეველი; დაახლოებით 300 ათასი ხაზარაძე-გახარიას ამომრჩეველია. ასეთი შედეგების შემდეგ საერთოდ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების საშუალო და უფროსი ასაკის ხალხისთვის არ არის ძალიან მიუღებელი ამ ხელისუფლების მმართველობა. კი, შეიძლება, ცვლილება უნდა, მაგრამ თავს არ მოიკლავს ამისთვის და რაღაცნაირად ამ კორუფციულ მმართველობასა და ბელადის არსებობას ეგუება. ე. ი. ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საზოგადოება გვყავს მაინც. 

გაზიარება