- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 07:43:38
თამარ სანაძე
საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩვენი ქვეყნის პარტნორებმა შეაფასეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ეუთო/ოდირის ცნობების გამო.
„არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება ასევე აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, _ ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარმა რიკარდ ჰოლსმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები დაშინების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სახელმწიფოს ჩარევით ჩატარდა, რაც ევროპულ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდებოდა.
„ქართული ოცნების“ ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიკავოს პოზიცია და დააწესოს სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას“, _ განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების, ოპოზიციისა და ხელისუფლების ქმედებების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია:
_ ბატონო პაატა, ჩატარდა არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მიიღო. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ პროცესების შესახებ?
_ არჩევნების თემა, არჩევნების შედეგები დგება არჩეევნებამდე, იმიტომ არის არათანასწორი პირობები. ოპოზიცია დუმდა პარლამენტში, როდესაც „ქართული ოცნება“ ღებულობდა ისეთ კანონებს, რომელიც უზრუნველყოფდა მის გამარჯვებას, იმიტომ დადგა ასეთი შედეგი. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ისეთი სისტემა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ ბრჭყალებში, კანონის გზით ხდება გაყალბები. აი, ეს არის რეალობა, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ და არ შევიდე დეტალებში. ყვირილი, რომ შევიდე, არ შევიდე, გავიმარჯვე და ა. შ. არაფერს ნიშნავს.
მეორე: უნდა ყოფილიყო ერთიანი სია. სულ ვამბობდი ამას. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთიანი სია! საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ოპოზიცია გავიდეს ცალკე, სადღაც იქ გავერთიანდებით, გამოდგა ბლეფი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იქნებოდა. მოსახლეობას, საზოგადოებას სჭირდება გამარჯვებული ადამიანები და არა არჩევნების მერე სადღაც რაღაც მოქმედებები.
ოპოზიციური გაერთიანება რომ ყოფილიყო დღეს, არ იქნებოდა საუბარი, როგორი იყო არჩევნები, იქნებოდა საუბარი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი და ვინ არიან სხვა მინისტრები. ეს არის პრობლემა. დღეს საზოგადოება იქნებოდა გარდაუვლად გამარჯვებული. არაფერი იქნებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, ყველაფერი არის ოპოზიციის ბრალი.
რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოქმედებებითა და მანქანით გაყალბებები კიდევ სხვა საქმეა, მაგრამ ოპოზიციის ბრალია ის, რომ ვერ მოახერხა ერთად დგომა, შექმნეს პოლიტიკური ბუღალტერია და მიიღეს მეორე პოლიტიკური ბუღალტერია, უძლიერესი ფინანსური უზრუნველყოფით, რაც ჰქონდა „ოცნებას“. აი, ესაა რეალობა. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ, თორემ მზარდი ხმებით ჩემმა პოლიტიკურმა პარტიამ რვა ათასს გადააჭარბა. სამჯერ გაზარდა რესურსი, ხმათა რაოდენობას ვგულისხმობ, დაიკლო ყველა პარტიის ხმების მაჩვენებელმა, ჩვენი და გახარიას პარტიამ მოიმატა მხოლოდ რესურსულად. ესაა რეალობა.
_ ბატონო პაატა, რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ ახლა, ამ მოცემულობაში? როგორი უნდა იყოს მათი სამოქმედო გეგმა დღეიდან? ჩვენ არ შევალთ პარლამენტშიო, _ ამბობს ოპოზიციის ნაწილი, როგორ შეაფასებთ ამ რეალობას?
_ მე ვიცი, რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, ოღონდ არ ვიტყვი, მერე რომ რაღაცები არ დაიწყონ, რომ დავითაიამ მანდატი არ აიღოო. ამიტომ თავს შევიკავებ ახლა, მაგრამ ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა: ოპოზიციას აქვს სიტუაცია, რომ ეს პარლამენტი არ შედგეს, ჩატარდეს შემდგომი არჩევნები და თუ ეს პარლამენტი შედგა, ოთხი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ეყოლება აბსოლუტურად სხვა ოპოზიცია, აბსოლუტურად სხვა პოლიტიკოსები და ესენი დამთავრდება სუყველა ერთად, „ქართული ოცნებაც“ და მთელი ოპოზიციაც.
_ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპოზიციის ნაწილისგან, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ განცხადებებზე?
_ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა, თუ ვინ შევა პარლამენტში, ამას არ ვიტყვი, თავს შევიკავებ.
_ თუკი შევიდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში, რა რეალობის წინაშე ვიქნებით? რა ბედი ელის ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენს გზას ევროკავშირისკენ, რომლისთვისაც წლებია ვიბრძვით?
_ თუ პარლამენტში მაშინ შევიდნენ, ყველამ უნდა მიატოვოს ძახილი, რუსული ხელისუფლება და რუსული პარლამენტიო. თუკი შევლენ პარლამენტში, მიატოვონ რუსულის სხენება და რუსული პარლამენტის და ა. შ. ყვირილი, ამას ვიტყოდი. თუკი ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუკი ოპოზიციიდან ვინმე შევა პარლამენტში, მაშინ ისინიც რუსულები იქნებიან.
რაც შეეხება ევროპას და ევროპისკენ მიმავალ გზას, თუ ეს პარლამენტი შედგა, ევროპა, ევროკავშირი და ევროპის გზა დახურულია ჩვენთვის.