QronikaPlus
ვიქტორ სავინოკი: „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად არ აფასებს რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნას“

ვიქტორ სავინოკი: „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად არ აფასებს რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნას“

2024-10-17 04:07:20

მიხეილ ხაჩიძე

„სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ, დღევანდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“, _ ასეთი განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ამის შესახებ თქვა არა პოლიტიკოსმა, არამედ დიპლომატმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

„რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ მიიღეთ კანდიდატის სტატუსი? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ხელისუფლება აშორებს ხალხს ევროკავშირში გაწევრიანებას“, _ განმარტა დიპლომატმა.

ასეთი დემარში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება _ გადამწყვეტი და ისტორიული კენჭისყრა 26 ოქტომბერს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი თავს არიდებს ქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს არჩევნების მსვლელობაში ჩარევად, ამ შემთხვევაში გადაწყდა, გარკვევით ეთქვა: საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ამ არჩევნების შედეგებზე და შესაძლოა, მისი არსებობა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი.

რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნების თარიღი, მით უფრო მწვავეა პოლიტიკური კონფლიქტი როგორც ქვეყნის შიგნით _ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის, ისე საქართველოს გარეთ _ ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის. საქართველოსთვის სრულიად არაჩვეულებრივი და უჩვეულო მოვლენაა: პირველად თანამედროვე ისტორიაში ოპოზიციური ძალები და სტრატეგიული პარტნიორები ერთხმად ადანაშაულებენ დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლაში და რუსეთის ინტერესების გატარებაში. შექმნილი ვითარების შედეგად საქართველოს მთავრობამ მიიღო სრული საერთაშორისო იზოლაცია როგორც აშშ-სგან, ასევე ევროკავშირისგან.

ჩვეულებისამებრ, ბოიკოტის ინიციატორი ვაშინგტონია. სწორედ შეერთებულმა შტატებმა უკვე ოფიციალურად დაუწესა სანქციები, მათ შორის, უშიშროების გავლენიან ჩინოვნიკებს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ახალი ფორმატის საუკეთესო დემონსტრირება იყო მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძისთვის მიყენებული „დიპლომატიური სილის გარტყმა“. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწვევა მიიღო, თუმცა თეთრმა სახლმა შემდგომში მოწვევა გააუქმა.

გაფუჭებული ურთიერთობა უკრაინასთან

ამ ყველაფერს ემატება ურთიერთობების რადიკალური გაფუჭება უკრაინასთან. საქართველოს ხელისუფლების მავნე პოლიტიკით ჩვენი სამშობლო ომში მყოფ უკრაინასთან ყველა სახის ურთიერთობას აფუჭებს.

ოლიგარქის პარტია უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებულ და ღირსების შემლახველ, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილ ვიდეორგოლებს ამზადებს და ეთერში უშვებს, ასევე თბილისისა და რეგიონების ქუჩებში ჩნდება დანგრეული უკრაინის ქალაქების ფოტოები შინაარსით, _ აბა, ომი გინდათ? რომლის აზრსაც ყველა ნორმალური ასე გაიგებდა, _ დავუჩოქოთ მტერს, ოკუპანტს, რუსეთს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრად დაგმო საქართველოს ხელისუფლების ეს აგიტაცია და მოუწოდა, საარჩევნო კამპანიაში არ მოახდინოს მანიპულირება რუსეთ-უკრაინის ომის თემით. მსგავსი განცხადება უკრაინის საგარეო დიპლომატიურმა დეპარტამენტმა 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ხელმძღვანელობის ბოლო მცდელობებს, ჩართოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს“, _ ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა მწუხარება, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მაგალითზე ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შენარჩუნების საქმეში და საქართველოს მთავრობა „გადაიქცა კრემლის ქსეროქსად“.

„გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამარცხვინოდ მიიჩნევს იმას, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს“.

„უკრაინის უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემულობას და მზადყოფნას, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო“, _ ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ რაშისტული პროპაგანდით ქართველი ახალგაზრდების დამუშავების საფრთხეს წარმოქმნის.

მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურთ, საკუთარ ხალხსაც აუხსნან, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხება სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში.

უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან. ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს“, _ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას საარჩევნო ბილბორდებზე და დაწერა: „დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს შესანიშნავად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

საქართველო-უკრაინისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, არსებული მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა ცნობილ უკრაინელ ექსპერტ-ანალიტიკოს ვიქტორ სავინოკთან:

_ ბატონო ვიქტორ, როგორ აფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას?

_ სამწუხაროდ, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღითი დღე უარესობისკენ მიდის. პრაქტიკულად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს პოლიტიკური დიალოგი ორ მხარეს შორის, რომლებიც სხვადასხვა დროს გახდნენ რუსული აგრესიის

მსხვერპლი. მრავალმხრივი დიპლომატია რჩება ერთადერთ სფეროდ, სადაც პოზიციების გარკვეული კოორდინაცია მაინც ხდება, იმ გაგებით, რომ საქართველო აგრძელებს ან მხარს უჭერს უკრაინის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციებს, მაგალითად, გაეროს გენერალურ ასამბლეაში ან არის მათი თანაავტორი. ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მიმდინარე წლის ივნისში შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში, ასევე ის, რომ მან ამ ღონისძიების ფარგლებში უკრაინელ კოლეგასთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა იპოვა.

თუმცა განსხვავების არეალი რჩება მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებზე და საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კავშირებზე. საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის დევნაზე, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გადაწყვეტილებამ, შეუერთდეს სანქციებს, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს როგორც თბილისსა და კიევს შორის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ბოლოს და ბოლოს, ევროგაერთიანების დონეზე განხორციელებული სანქციების რეჟიმში მონაწილეობა კანდიდატი ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მოლოდინია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ამჟამად მხოლოდ საქართველო და სერბეთი არ შეუერთდნენ. ასეთი პოზიცია უარყოფითად აისახება ევროკავშირის მზადყოფნაზე გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან წევრობის ერთ-ერთი მთავარი განზომილება სოლიდარობის პრინციპია, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში. მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც საქართველო არ მონაწილეობს სანქციების რეჟიმში და მისი ვაჭრობა რუსეთთან საგრძნობლად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, როგორც ევროკავშირს, ასევე უკრაინას აქვს ეჭვი, რომ ქართული მხარე არის ჩართული რუსეთის სქემებში. ვგულისხმობ „პარალელურ იმპორტს“ და მოსკოვისთვის შეზღუდვების გვერდის ავლით დახმარებას.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია მივიღოთ საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები, რომ სანქციების შეერთება უარყოფითად იმოქმედებს ბიუჯეტის შემოსავლებზე. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნებისმიერ სფეროში არის მოსკოვის ქმედებების არაპროგნოზირებადობა და შეთანხმებების დაცვაზე უარის თქმა. ეს ასევე ეხება ვაჭრობას. ბოლოს და ბოლოს, თუ გადავხედავთ უკრაინასა და რუსეთს შორის ვაჭრობის ისტორიას, ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის, ნახავთ, რომ კრემლმა არაერთხელ უგულებელყო სავაჭრო შეთანხმებები საკუთარი შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ან გარკვეული ნაბიჯების უარყოფის სიგნალად. ამ კონტექსტში გავიხსენოთ „ყველის“, „რძის“ და „შოკოლადის ომები“ უკრაინასა და რუსეთს შორის, ანუ რუსეთის ფედერაციაში უკრაინული იმპორტის სრული ბლოკადა 2013 წელს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინა დღეს. ქართულ საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს რუსული ემბარგო ქართულ ღვინოებზე ან ქართული მინერალური წყლების რუსეთში შეტანის აკრძალვა. ასე რომ, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ვაჭრობის დივერსიფიკაცია და არა რუსეთთან ვაჭრობის გაფართოება. და ამ განზომილებაში მთავარი უნდა იყოს ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოება. დიახ, ეს არის ამბიციური ამოცანა, დიახ, ის მოითხოვს არაერთ რეფორმას სხვადასხვა სექტორში, მაგრამ იძლევა შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში შევიდეთ ბაზარზე, რომელიც ფუნქციონირებს წესების მიხედვით.

_ როგორ ურთიერთობაშია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ევროპასა და, ზოგადად, დასავლეთთან?

_ აქ მხოლოდ წინა აზრის გაგრძელება შეიძლება. ევროკავშირი არის ღირებულებებისა და ნორმების საზოგადოება. ეს არის საზოგადოება, რომელიც ფუნქციონირებს წესების მიხედვით და რომელიც უზრუნველყოფს ამ წესების დაცვას იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც სურთ მასში გაწევრიანება. მეტიც, ამ საზოგადოებაში გაწევრიანებით სახელმწიფო შეძლებს უშუალო მონაწილეობას ამ წესების შემუშავებასა და შეცვლაში. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ ქართული საზოგადოება, ისევე როგორც უკრაინული, იზიარებს ამ ღირებულებებს და სურს შეუერთდეს ევროპულ საზოგადოებას.

თუმცა რუსეთთან დაახლოების მიმართულებით რიგი რადიკალური ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გადადგა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირისა და ნატოს საფუძვლიანი ღირებულებებისგან. უკვე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ანტირუსული სანქციების შეუსრულებლობა ეწინააღმდეგება სოლიდარობის პრინციპებს. მეორე მხრივ, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მიღებულია მმართველი უმრავლესობის მიერ, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაბალ დონესაც კი და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. ეს პრინციპები საფუძვლად უდევს ევროპულ თანამეგობრობას და, შესაბამისად, ბრიუსელს არ შეეძლო რეაგირება არ მოეხდინა ამ კანონების მიღებაზე. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგი ამჟამად გაყინულია და შესაბამისად, _ მთლიანად საქართველოს დასავლეთისკენ მოძრაობა.

უკრაინის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძნელია ასეთი მდგომარეობის აღქმა იმედგაცრუების გარეშე. პირველ რიგში, იმის გამო, რომ, როგორც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს და რასაც ექსპერტები ეთანხმებიან, საქართველოს, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ჰქონდა საკმაოდ მაღალი მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მისი შეიარაღებული ძალები მზად იყო ნატოსთან თავსებადობის მაღალი დონით. მეორეც, უკრაინაში არსებობდა მოლოდინი, რომ კიევის, კიშინიოვისა და თბილისისგან შემდგარი „ასოცირებული ტრიო“ ერთობლივად დაიწყებდა დიალოგს ბრიუსელთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და შეიმუშავებდა ერთობლივ პოზიციას მასში. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა მას შემდეგაც, რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, ევროკავშირს საქართველოს სრულად „გაშვება“ არ შეუძლია. საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება ხომ სამხრეთ კავკასიაში დინამიკურად იცვლება, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. ამ კონფლიქტიდან და რუსეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შედეგებიდან სამწუხარო დასკვნების გამოტანის შემდეგ, სომხეთი ახლა ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებით. შესაბამისად, საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, რომელიც მდებარეობს უშუალოდ რეგიონში, შეუძლია მისი პოზიციით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისა და სომხეთის დაახლოებაში, რაც, შედეგად, ხელს შეუწყობს რუსეთის გავლენის შემცირებას სამხრეთ კავკასიაში.

_ დაბოლოს, როგორ აღიქვამთ ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ ხელისუფლების განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 წლის მოვლენებისთვის?

_ ათწლეულების განმავლობაში ქართველებსა და აფხაზურ და ოს თემებს შორის ურთიერთობა განსხვავებულად განვითარდა. მაგრამ ამ ურთიერთობებში თითქმის ყოველთვის იყო მესამე მხარის ფაქტორი _ რუსული ინტერვენცია. რუსეთი ცდილობდა, შეენარჩუნებინა თავისი გადამწყვეტი გავლენა აღმოსავლეთ ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე. რუსების განზრახვის თანახმად, ეთნორელიგიური დაპირისპირების გამწვავებას და შემდგომში მოსკოვის ჩართვას მათ გადაწყვეტაში უნდა განემტკიცებინა კრემლის უფლება, ჩარეულიყო პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების საქმეებში და აღეკვეთა მათი მოძრაობა, დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემთხვევაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს „ვარდების რევოლუციისა“ და უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, რომელიც კრემლმა დასავლეთის შთაგონებულ გადატრიალების მცდელობად მიიჩნია და არა ხალხის  პროტესტად, როგორც ეს სინამდვილეში იყო, მოსკოვმა აქტიურად დაიწყო გზების ძიება ორივე ქვეყნის შესანარჩუნებლად და დასატოვებლად თავის ორბიტაზე. უკრაინის საქმე მაშინ უფრო მარტივი ჩანდა რუსებისთვის. ერთი მხრივ, უკრაინის ეკონომიკის რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, პრორუსული რეგიონების პარტიისა და კომუნისტური პარტიის იმდროინდელ პოლიტიკურ საზოგადოებაში ყოფნის გამო. საქართველოში რუსებმა გადაწყვიტეს, კვლავ გაეთამაშებინათ ეთნიკური კარტი, ჯერ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლების პასპორტით, შემდეგ კი ადგილობრივი თვითგამოცხადებული ხელისუფლებისა და მისი უკანონო ფორმირებების გამოყენებით ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს ადმინისტრაციის წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის.

შესაბამისად, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვხატოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ ახსენა რუსეთის ინტერვენციის გადამწყვეტი გავლენა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციაზე და მოგვიანებით რუსეთის შემოჭრაზე საქართველოში. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს განცხადება გაკეთდა გორში, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსების მოქმედებით 2008 წლის აგვისტოში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაში მისი განცხადება მიიღეს კიდევ ერთ მტკიცებულებად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მნიშვნელოვნად არ აფასებს რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნას. კიდევ უფრო გასაკვირია ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ სარეზერვო ბაზის მშენებლობას შავი ზღვის ფლოტის ნარჩენებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რადგან ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს შავი ზღვის გემების უსაფრთხოებას.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 2008 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებამ, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევამ, მათ შორის, უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ვიზიტმა თბილისში 2008 წლის 12 აგვისტოს და მოსკოვის მიერ ინიცირებულმა „სარკოზის გეგმამ“ გააკეთა ეს _  შეაჩერა აგრესია. მაგრამ იმის გამო, რომ რუსები აგრძელებენ ზეგავლენას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მდგომარეობაზე მათი მარიონეტების მეშვეობით, მშვიდობიანი გადაწყვეტა ჯერ კიდევ შორს არის. ამიტომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მათ მცხოვრებლებთან დიალოგის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ასეთი დიალოგის ეფექტიანობის მთავარი წინაპირობაა რუსეთის გავლენის შემცირება რეგიონში, რაც ასევე შეამცირებს მის უნარს ეთნორელიგიურ თუ ლინგვისტურ საკითხებზე სპეკულირებისა და მეზობელი სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის შესახებ.

ამის გამო სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმაც ვერ გამოიტანეს დასკვნები როგორც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიის წინ მომხდარი მოვლენებიდან, ასევე თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. 2022 წელს, ბოლოს და ბოლოს, ორივე შემთხვევაში, რუსები ერთი და იმავე სცენარის მიხედვით თამაშობდნენ _ ჯერ აძლიერებდნენ, მათ შორის, მარიონეტების დახმარებით, კონფლიქტებს ეთნიკურ, ენობრივ ან რელიგიურ საფუძველზე, შემდეგ უკანონოდ ავრცელებდნენ პასპორტებს მათი მარიონეტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, შემდეგ კი საბაბით ვითომდა დასაცავად თავიანთი მოქალაქეები შეიჭრნენ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. როგორც 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, ასევე 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთი აგრძელებდა „რუსეთისთვის ხელების გაშლას“ და კომპრომისების ძიებას, იმის ნაცვლად, რომ გადამწყვეტად ეპასუხა მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ რუსებმა აღიარეს დასავლეთის მზადყოფნა, კომპრომისზე წასულიყო სისუსტის საჩვენებლად და გადაწყვიტეს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. საბედნიეროდ, „პატარა გამარჯვებული ომის“ გეგმა ჩაიშალა და უკრაინა ორ წელზე მეტია, წინააღმდეგობას უწევს სასტიკ აგრესიას. ის ფაქტი, რომ გმირული უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯიუტ წინააღმდეგობას უწევენ რუსებს, ადასტურებს, რომ მოსკოვის ბირთვული შანტაჟისა და რწმენის მიუხედავად, რომ ბირთვული ძალები არ დამარცხდებიან ჩვეულებრივ ომში, რუსეთის დამარცხება სავსებით შესაძლებელია. თუმცა ეს შესაძლებელია იმ პირობით, რომ ყველა დასავლელი პარტნიორი მიხვდება, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალური და გრძელვადიანია და, შესაბამისად, მათი ინტერესი ახლა უკრაინის მაქსიმალურად ფართო სამხედრო მხარდაჭერა უნდა იყოს. ყოველივე ამის შემდეგ, ეს დაზოგავს ახალი რუსული აგრესიის მოგერიების ხარჯებს, რომელიც უკვე მიმართულია ნატოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ და, შესაძლოა, საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს. გარდა ამისა, უკრაინაში რუსების სამხედრო დამარცხება გამოიწვევს მათი იმპერიული ამბიციების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალებას მისცემს, გადაჭრას ის კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, რომლის ესკალაციაც კრემლმა გამოიყენა თავისი ინტერესებისთვის. ასე რომ, მოვლენების სწორედ ეს განვითარება მოგვცემს საშუალებას, ნათლად ვთქვათ, რომ დასკვნები 2008, 2014 და 2022 წლების ტრაგედიებიდან მართლაც გამოტანილია.

გაზიარება