QronikaPlus
ირაკლი აბესაძე: „ივანიშვილს არავინ ებრძვის, ჯერჯერობით, საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გარდა“

ირაკლი აბესაძე: „ივანიშვილს არავინ ებრძვის, ჯერჯერობით, საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გარდა“

2024-10-17 03:26:31

თამუნა მჭედლიშვილი

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაისვა ასეთი შინაარსის კითხვა: „იცის თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა _ ამერიკის? რატომ უყვება იგი სხვა ამბავს ამის შესახებ ქართველებს?“ ამერიკის საელჩოს მისამართით ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და „განმარტა“, რომ მისი ფინანსური დავის გარშემო წარმოქმნილ პრობლემებს იგი უკავშირებს და ამაში ადანაშაულებს „გლობალური ომის პარტიას“ და არა აშშ-ს ან ევროკავშირს...

„გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე _ ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“.

„ივანიშვილი Credit Suisse -ის წინააღმდეგ“ დავის მოკლე ისტორია ასეთია: 2015 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი ხდება, რომ მას პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი, Credit Suisse -ის ანგარიშებიდან მილიონებს ჰპარავდა. იგი 2018 წელს თაღლითობის მუხლით გაასამართლეს. ციხეში ორი წელი დაჰყო, ხოლო თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, მოულოდნელად, 2020 წელს თავი მოიკლა! ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse -ის დავა უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. 2022 წელს ბიძინა ივანიშვილმა ორი დავა მოიგო _ ბერმუდის სასამართლომ ბანკის ბერმუდელ შვილობილს 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ხოლო 2023 წელს სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის წარმომადგენლებს 743 მილიონი დოლარის გადახადა დაავალა ივანიშვილის სასარგებლოდ. ბანკმა განაჩენი გაასაჩივრა და გადაწყვიტა, რომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს, კომპენსაციის გადახდის აღსრულება არ განხორციელდეს. თუმცა, განაჩენის შესაბამისად, „კრედიტ სუისმა“ ეს 607 მილიონი დოლარი განათავსა სპეციალურ „ესქროუ“, იგივე დეპოზიტ ანგარიშზე. თანხა ბიძინა ივანიშვილისთვის ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი საბოლოო ინსტანციის სასამართლოშიც გაიმარჯვებს. როგორც ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან ირკვევა, პარალელურად მიმდინარეობს სხვა სასამართლო პროცესიც, რომელიც საბოლოო განაჩენის გამოტანამდე „ესქროუ“ ანგარიშზე დადებული 607 მილიონი დოლარის გამოყენების უფლებას ეხება.

ბიძინა ივანიშვილის მხარემ მოითხოვა, რომ მათ მისცემოდათ 607 მილიონ დოლარზე წვდომის უფლება, რის სანაცვლოდაც ისინი მზად იყვნენ, წარედგინათ შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტია. სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა მათ არ დაუკმაყოფილა.

რატომ ვერ იბრუნებს ბიძინა ივანიშვილი ფულს? არის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ოლიგარქის პირადი და ფინანსური უსაფრთხოება? რომელი არგუმენტების საფუძველზე დაუბლოკა ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილს მილიონები? ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ „ერჩის“ იგი ივანიშვილს? _ ამ შეკითხვებით „ქრონიკა+“ დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელ ირაკლი აბესაძეს:

_ ბატონო, ირაკლი, როგორც ცნობილი გახდა, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას 607 მლნ. დოლარზე წვდომის უფლება, ჯერჯერობით, არ აქვს. არის თუ არა ცნობილი თქვენთვის, რა არგუმენტების საფუძველზე დაბლოკა ივანიშვილის მილიონები ბერმუდის სასამართლომ?

_ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მარიონეტები დიდი ხანია, საზოგადოებას ატყუებენ, რომ თითქოს ვიღაც ხელოვნურად ბლოკავს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ფინანსური რესურსების გამოყენებას, რომელიც მას შვეიცარიის ბანკში ჰქონდა განთავსებული, სადაც სასამართლო დავები მიმდინარეობს. თუმცა ახლახან ჩემ მიერ გასაჯაროებული ბერმუდის სასამართლოს 29 თებერვლის გადაწყვეტილება ფარდას ხდის იმ მარტივ ცრუპენტელობას, რასაც ივანიშვილი მიმართავს.

ბერმუდის სასამართლოში შედგა მსჯელობა ივანიშვილისთვის მიკუთვნებული 607 მილიონი დოლარის საქმეზე, მიეცეს თუ არა უფლება „კრედიტ სუისს“, გაასაჩივროს ის ლონდონის სასამართლოში, ანუ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გამარჯვება ივანიშვილს ჯერ სასამართლოში არ მოუპოვებია, თუმცა იმავე დროს შედგა მსჯელობა ივანიშვილის მოთხოვნით _ მისცემოდა თუ არა მას უფლება ამ 607 მლნ ,დოლარით სარგებლობისა მანამ, სანამ სასამართლო განხილვები დასრულდებოდა. სხვათა შორის, ეს თანხა უკვე განთავსებულია ცალკე „ესქროუ“ ანგარიშზე, ანუ ეს თანხა განკუთვნილია ივანიშვილისთვის, რომლის გამოყენების უფლებასაც ითხოვდა იგი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დავის გაგრძელების შემდეგ ის ლონდონის სასამართლოში წააგებს დავას, ბერმუდის სასამართლოს მან გარანტიად, რომ მის მიერ გამოყენებულ მილიონებს უკან დააბრუნებს, შესთავაზა საქართველოში არსებული აქტივები, კერძოდ, თანაინვესტირების ფონდის აქტივები, და ასევე კიდევ ერთი „ლალიბაი“-„ინვესტმენტ ლიმითედის“ აქტივები, რომელიც არის ოფშორში რეგისტრირებული მისი საოჯახო-საინვესტიციო ფონდი. სასამართლომ იმსჯელა და მივიდა ძალიან მარტივ დასკვნამდე: 1. სასამართლომ რეალურ რისკად შეაფასა ივანიშვილის სანქცირების  შესაძლებლობა; 2. აქვე სასამართლო აგრძელებს მსჯელობას, რომ სანქცირების შემთხვევაში ივანიშვილი, ფაქტობრივად, არ არის სანდო ადამიანი და იგი ეცდება, გადამალოს მის ხელთ არსებული აქტივები, გადაიტანოს საქართველოში ან გადააფორმოს მესამე პირებზე, რაც გაართულებს აღსრულებას; მე-3 და მთავარი: საქართველოში აქტივების გადატანის შემთხვევაში, თუნდაც ლონდონის სასამართლოში „კრედიტ სუისმა“ გაიმარჯვოს, საქართველოში არსებულ აქტივებზე აღსრულებისთვის შესაძლებელია გახდეს საჭირო საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

_ როგორ აფასებს ბერმუდის სასამართლო საქართველოში არსებული აქტივების აღსრულებისთვის საქართველოს სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებებს? რამდენად სანდოდ მიიჩნევენ საქართველოს სასამართლოს?

_ ამ შემთხვევაში უკვე ბერმუდის სასამართლო მსჯელობს, რომ ქართული სასამართლო იმყოფება პოლიტიკური გავლენისა და განსაკუთრებით ივანიშვილის ზეგავლენის ქვეშ და სწორედ ამიტომ ის შეუძლებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლოებში მიღებული იქნება ობიექტური გადაწყვეტილება ივანიშვილის წინააღმდეგ. ანუ ის სასამართლო კლანი, რომელსაც ივანიშვილი აძლიერებდა 12 წლის განმავლობაში და რომელიც მისი ძალაუფლებისა და რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ძალად იქცა, სწორედ ეს სასამართლო კლანი შემოუტრიალდა ივანიშვილს და გაება თავის დაგებულ მახეში, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ქართულ დემოკრატიას დაუგო მან. უპრეცედენტოა, სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება. ძალიან საყურადღებოც იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა ის საერთაშორისო რეზოლუციები და გადაწყვეტილებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე სახელმწიფოების, რომელზედაც ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ივანიშვილის მარიონეტებისგან: რომ ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, რომ შეუძლიათ დახიონ და გადაყარონ და ა. შ. აი, ყველა ეს „ჩალის ფასის“ მქონე რეზოლუცია და განცხადება ივანიშვილს დახვდა ასევე წინ. კონკრეტულად სასამართლომ იმსჯელა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორუფციაში ბრალდებით უნდა დაესანქცირებინა სასამართლო კლანის წევრები. ამას მოწმობს ევროპარლამენტის რეზოლუციები სასამართლოს პოლიტიზებისა და გავლენის შესახებ. მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა _ ეს ივანიშვილის პირადი ვენდეტაა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რეკომენდაცია გაიცა, რომ საქართველოს პირობით მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და ერთ-ერთ მთავარ პირობად მითითებული იყო სასამართლოს სრულფასოვანი რეფორმის გატარების აუცილებლობა და სხვა რეზოლუციები. ყველა ეს რეზოლუცია სასამართლომ მიიჩნია იურიდიული ძალის მქონე პირდაპირ მტკიცებულებად იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ ქართული სასამართლოს სისტემა არის დამორჩილებული და ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის ქვეშ მყოფი. ასე რომ, სწორედ ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ივანიშვილს არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს მის მიერ ჯერჯერობით მოგებული ასეულობით მილიონი დოლარით და, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ არის აქ მის მიმართ პერსონალური დევნა, რისი წარმოჩენაც მას ასე სურს. ბოლოს, სასამართლომ დაუტოვა ივანიშვილს სამართლებრივი შესაძლებლობა ამ თანხის გამოყენებისა და მიუთითა: იქიდან გამომდინარე, რომ მისი რეპუტაცია და ქართული სასამართლოს რეპუტაცია არ არის სანდო, მას შეუძლია ამ თანხით ისარგებლოს, თუ იგი წარმოადგენს დიდი ბრიტანეთიდან ან შვეიცარიის რომელიმე საბანკო ინსტიტუტიდან საბანკო გარანტიას. ანუ ივანიშვილს შეეძლო მარტივად, საბანკო გარანტიის მიტანით, ამ თანხის გამოყენება, თუმცა საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციისა თუ სხვა მოსაზრებების გამო ვერ ან არ მიაქვს საბანკო გარანტიები და არ იწყებს ამ თანხით სარგებლობას. ეს ყველაფერი კიდევ გასარკვევია.  

_ რა დასკვნა გამოიტანა ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილის დაპირების შესახებ, რომ იგი ხელს არ შეუშლიდა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და არ მოახდენდა ქართულ სასამართლოზე ზეგავლენას? თქვენ გჯერათ, რომ სასამართლო საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალია ან იმის, რომ ივანიშვილი არ მოახდენს ზეწოლას სასამართლოზე, რის შედეგადაც იგი უსამართლო უპირატესობას მიიღებს მოწინააღმდეგე მხარის დასაზარალებლად?

_ ძალიან საგულისხმოა ბერმუდის სასამართლოს დასკვნითი ნაწილი, სადაც ამ მტკიცებულებების განხილვის შემდგომ ივანიშვილი ცდილობს, სასამართლოს მისცეს სამართლებრივი ძალის მქონე დაპირება _ „აფიდავიტი“.იგი აცხადებს, რომ მისთვის აქტივების სარგებლობით შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში იგი არ მოახდენს გავლენას ქართულ სასამართლო სისტემაზე და არ ჩაერევა მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესებში, თუკი ასეთი რამ განვითარდა. სხვათა შორის, სასამართლო მსჯელობს, რომ მათ ძალიან დიდი იმედი აქვთ და სურდათ, რომ დაეჯერებინათ ივანიშვილისთვის, მაგრამ განხილული მტკიცებულებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლებელია, ბერმუდის სასამართლო იყოს დარწმუნებული, რომ ივანიშვილი ამ პირობას შეასრულებს და არ ჩაერევა ქართულ სასამართლო სისტემაში. ასე რომ, თუკი რაიმე უშლის ხელს ივანიშვილს, გამოიყენოს მისი, ჯერჯერობით, მოგებული 600 მლნ. დოლარი ბერმუდის სასამართლოში, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციაა.

_ ივანიშვილის სანქცირების ალბათობა დიდია. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა უკვე სამი რეზოლუცია მიიღო. როგორ ფიქრობთ, ოლიგარქის მიმართ სანქციების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე მიიღებს ევროპა, თუ არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური სურათი საქართველოში გამჟღავნდება?

_ რაც შეეხება ივანიშვილის სანქცირებას, ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია და რეალურია. თუკი ვინმე მართლა ებრძვის ივანიშვილს და თუკი ვინმეს მართლა აქვს პრობლემა ივანიშვილთან, ეს გამომდინარეობს მისგან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებისა და საქართველოს საგარეო კურსის ძალადობრივად, ქართული საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, რუსული ვექტორისკენ შეტრიალების გამო. დიახ, აი, ამ სერიოზული პრეტენზიების მიხედვით დასავლეთი იწყებს კონკრეტულ მოქმედებებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე ვნახეთ სანქცირებული სასამართლო კლანი, რომელზედაც, მათ შორის, ბერმუდის სასამართლომაც იმსჯელა; ჩვენ ვნახეთ სანქცირებული სამართალდამცველები, რომლებიც ძალადობენ და ძალადობრივად ცდილობენ ქართული საზოგადოების აზრისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას; ჩვენ ვნახეთ სავიზო შეზღუდვები ათეულობით მაღალი თუ სხვა რანგის ჩინოვნიკის მიმართ და ჩვენ ვნახეთ უკვე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც, მაგალითად, „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა: კონკრეტული საფუძვლები არსებოიბს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტში და მზადდება დოკუმენტაცია ივანიშვილის სანქცირებისთვის. მთავარი საფუძვლები ამისა არის რუსეთის საგარეო დაზვერვის მითითებებით მოქმედება, რუსს სანქცირებულ ბიზნესმენებთან ურთიერთობა და მათთვის ქართული ეკონომიკისა და ქართული ბაზრის შესაძლებლობების ბოლომდე გახსნა _ შესაძლებლობის მიცემა, რომ მათ სანქციებს გვერდი აუარონ. ამის კონკრეტული მაგალითები არაერთი გვინახავს: ივანიშვილის ურთიერთობა ევტუშენკოვთან, მის მიერ გამოგზავნილი ვინმე ალი უზდენოვთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვიდა, თუმცა დადასტურდა, რომ ივანიშვილმა ის ღარიბაშვილს შეახვედრა. დასასვენებლად ჩამოსული კაცი პრემიერ-მინისტრს რატომ უნდა ხვდებოდეს, უბრალოდ, გაუგებარია... ჩვენ ვნახეთ გაურკვეველ გარემოებებში, ალიშერ უსმანოვს როგორ აღმოაჩნდა ანგარიშები ივანიშვილის ბიზნესპარტნიორ ირაკლი რუხაძის „ლიბერთი“ ბანკში და არ ვიცით, ეს საქმე როგორ დასრულდა _ რა რაოდენობის თანხა ჰქონდა? რა მიზნით ჰქონდა? მიეცა თუ არა საბოლოოდ ამ თანხის გატანის შესაძლებლობა ალიშერ უსმანოვს?.. ალიშერ უსმანოვი _ ეს არის უმსხვილესი რუსი ოლიგარქი, დასანქცირებული აშშ-ის, ბრიტანეთის, ევროკავშირის მიერ და, სხვათა შორის, უსმანოვისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის ასევე სანქცირებულია კვიპროსული კომპანია „ლედრა“ და მისი დამფუძნებლები, რომლებიც ასევე მართავდნენ ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებს. ე. ი. ივანიშვილის კომპანიას მართავდა იგივე კომპანია, რომელიც ალიშერ უსმანოვს სანქციების ავლაში ეხმარებოდა... ესეც საეჭვო კავშირია. ასე რომ, ივანიშვილის კავშირებზე რუს სანქცირებულ ოლიგარქებთან არაერთი კონკრეტული მაგალითი უკვე დადასტურებულად ჩანს. რა თქმა უნდა, ბევრი მაგალითი შესაძლებელია, ჯერ კიდევ დაფარული იყოს. რაც შეეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის მითითებებით მოქმედებას შედეგობრივი თვალსაზრისით, ანუ ეს ხდება მათი მითითებით, თუ მათ მიზნებს უბრალოდ ემთხვევა ივანიშვილის მოქმედება, - საზოგადოებამ შეაფასოს, მაგრამ შედეგობრივი თვალსაზრისით ნათელია, რომ ივანიშვილი ახლა ცდილობს და ახერხებს კიდეც საქართველოს ჩამოშორებას მისი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისგან. სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა უკვე გადახედვის რისკის ქვეშ დააყენა აშშ-თან, სერიოზული პრობლემებია ევროკავშირთან ურთიერთობაში და არათუ მოლაპარაკებების გახსნა წევრობაზე, არამედ საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და ა. შ. ასე რომ, ივანიშვილის სანქცირება არის აბსოლუტურად რეალური, თუმცა შესაძლებელია და ფაქტია, რომ მოკლე დრო დარჩა არჩევნებამდე და ნათელია, დიდწილად და საბოლოო წვეთი დასავლეთისთვის იქნება, რამდენად დემოკრატიულად, თავისუფლად ჩარტარდება საქართველოში არჩევნები, რამდენად თავისუფლად მიეცემა ნების გამოხატვის შესაძლებლობა ამომრჩეველს და რამდენად არ დამახინჯდება, ანუ არ გაყალბდება ამომრჩევლის ნება და ის იქნება საბოლოო შედეგებში ასახული. ივანიშვილის სანქცირების ბოლო ტესტი, ბოლო წვეთი, არჩევნები იქნება და მისი ბედიც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გაირკვევა.

_ ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ „ერჩის“ იგი ივანიშვილს? ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს რეალურად?

_ ივანიშვილს არავინ ებრძვის, ჯერჯერობით, საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გარდა. სწორედ ამიტომ არ ეძლევა მას საკუთარი თანხებით სარგებლობის შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ასევე ვისაუბრე, სინამდვილეში, ბრჭყალებში ვიტყოდი, ივანიშვილს ებრძვის დასავლეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ზუსტად იმის გამო, რომ მას მიტაცებული აქვს ქართული სახელმწიფო, იმის გამო, რომ ის ძალადობს ქართულ საზოგადოებაზე, ცდილობს მათი ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ჩამოშორებას დასავლური დემოკრატიებისგან და ვექტორის შემოტრიალებას რუსეთისკენ. დიახ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ თუკი ამას ბრძოლას დავარქმევთ, ოღონდ ეს არ არის ბრძოლა, ეს არის ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობა, გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და დაეხმარონ ქართულ საზოგადოებას, რომ სწორედ მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის მოქმედებს სახელმწიფო, მთავრობა და არა პირიქით, ერთი მუჭა მთავრობის წევრები, ივანიშვილის მარიონეტები წყვეტდნენ და ცვლიდნენ ქართული საზოგადოების მრავალსაუკუნოვან არჩევანს. ასე რომ, თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია ივანიშვილთან და თუკი ივანიშვილი ამას ბრძოლად აღიქვამს, დიახ, მის მიმართ არსებობს პრეტენზიები და ამიტომ  მისი სანქცირების რისკი რეალურია.

_ „ამერიკული სპეცსამსახურებისთვის ივანიშვილი მიუღებელი ფიგურაა, რამეთუ მან შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა“, _ ამბობს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. თქვენ როგორ კომენტარს გააკეთებდით აგენტოკრატიის დამსრულებლისა და დემოკრატიის აღმდგენის შესახებ?

_ რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან აგენტოკრატიის დასრულებას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასაცილოა. ჩვენ ვხედავთ, როგორი სერიოზული ინფილტრაცია არსებობს რუსული აგენტურული ქსელის ქართულ სახელმწიფოში. ამის კონკრეტული ორი ნათელი მაგალითია დავით ხიდაშელი და ე.წ . გარეჯი საქართველოა _ სრულად, ალბათ, რუსული „ეფესბეს“ მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია საქართველოში იმისთვის, რომ 2020 წელს ივანიშვილს მოეგო არჩევნები. ბატონი ხიდაშელი, ფაქტობრივად, რუსი ოლიგარქი ქართული გვარით, საქართველოში ჩამოვიდა, რომელმაც თითქოს თავდაცვის სამინისტროდან ჩამოიტანა რაღაც რუკები, რომელიც ამტკიცებდა საქართველოს უფლებებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე. გავიდა 4 წელი და არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით წინ არ გადადგმულა. სამაგიეროდ, ეს სპექტაკლი კარგად გამოიყენა ივანიშვილმა არჩევნების მოსაგებად. ჩვენ ვნახეთ, ეს ხიდაშელი როგორ აღმოჩნდა თურმე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის რანგშიც კი და გარკვეულ მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირი ჩარევაა რუსეთის მხრიდან საქართველოს საქმეებში. მეორე ამის მაგალითია ბატონი ფარცხალაძე _ ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც დღეს უსწრაფესი ტემპით უკვე რუსეთის მოქალაქეა და რომანოვის გვარს ატარებს... და, რაც მთავარია, იგი სანქცირებულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სწორედ რუსეთის „ეფესბეს“ აგენტურასთან ერთად ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის ბრალდებით. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ ფარცხალაძეს რაიმე ტიპის ნაბიჯები გადაედგა და საქართველოში განეხორციელებინა ისეთი მოქმედება, რომელიც ივანიშვილისთვის არ იქნებოდა ცნობილი. თუკი მტრული სახელმწიფოს აგენტურის ხელშეწყობაზე ვსაუბრობთ და თუკი ამას ვინმე აკეთებს საქართველოში, ეს, პირველ რიგში, სწორედ ივანიშვილი და მისი რეჟიმია, რომ არაფერი ვთქვათ იმის თაობაზე, რომ არცერთი რუსი აგენტი არ გამოვლენილა ამ ხნის მანძილზე, რომ აბსოლუტურად უკონტროლოდ შემოედინებიან რუსები საქართველოში, ასევე რუსული კაპიტალი საქართველოში... თუკი ვინმე არის დღეს საქართველოში მტრული აგენტურის ხელშემწყობი ან, მინიმუმ, ვინც ხელს არ უშლის მტრულ აგენტურას საქმიანობაში, სწორედ ივანიშვილის რეჟიმია, რეჟიმი, რომელიც აუცილებლად დემოკრატიულად უნდა შეიცვალოს 26 ოქტომბერს, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ დასავლეთის მხრიდან წამოყენებულ სერიოზულ პრეტენზიებსა და ბრალდებებს, რა თქმა უნდა, გააქრობს და შესაძლებლობა მოგვეცემა, ძალიან სწრაფი ტემპებით ჯერ დავუბრუნდეთ იმ წერტილს, საიდანაც ივანიშვილმა უკან წაგვიყვანა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში და შემდეგ წავიდეთ წინ _ ევროკავშირში გაწევრიანება იქნება ეს, ნატოსთან ურთიერთობა, თუ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. 

გაზიარება