- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-17 03:16:04
ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რომ არაორდინალური ვითარებაა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლების ოპოზიციაშია და ოპოზიციური პარტიების კოორდინაციას ახდენს, მესამე პრეზიდენტი პატიმარია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, კლინიკაში იმყოფება, ხოლო მეოთხე პრეზიდენტი, როგორც რიგითი მხარდამჭერი, ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
რა არის ექსპრეზიდენტის მოტივაცია? რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ვიხილავთ თუ არა მას მომავალ კოალიციურ მთავრობაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, „ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერი, გიორგი მარგველაშვილი:
_ ბატონო გიორგი, თქვენ გახდით მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის, რომელიც არის პრეზიდენტის ქარტიის ხელმომწერი. რას იტყვით „ქართულ ქარტიაზე“ და ამ ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის, პრემიერის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე?
_ თავის დროზე, ქარტიამ ძალიან კარგი როლი შეასრულა იმ გაგებით, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააერთიანა. რაც შეეხება ქარტიის დეტალებს, მიმაჩნია, რომ ეს ნაკლებ საინტერესოა, რადგან კონსტიტუციით ყველაფერი უკვე გაწერილია. მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა შეირჩეს დასახელდეს, დამტკიცდეს და ა. შ. პრემიერი.
_ დიახ, მაგრამ კონსულტაციებს კონსტიტუცია ხომ არ კრძალავს?
_ არანაირად არ კრძალავს კონსულტაციებს, არც მანამდე, არც შემდეგ, მაგრამ ეს კონსულტაციები დღეს პოლიტიკურად არ მაინტერესებს, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. ეს არის პრიორიტეტული და დომინანტური დღეს, ამიტომ ამ პროცესებში ინტერესს ვერ ვხედავ, არც ჩემსას, როგორც პოლიტიკოსის, ვერც ამომრჩევლის. ჩვენ ამომრჩეველს ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ ვდგავართ ისტორიული არჩევნების წინაშე და ამაზე უნდა ველაპარაკოთ. ეს არის ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი. ყველა პოლიტიკოსი თვითონ ირჩევს თავის დღის წესრიგს და ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი ასეთია, _ მე დავდივარ რაიონ-რაიონ, რომ დავარწმუნო ამომრჩეველი, იყოს ძალიან აქტიური. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.
_ საუბარია იმაზე, რომ პრემიერობის კანდიდატის წინასწარ დასახელება სწორედ ამას ემსახურება, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, კოალიციურ მთავრობას შეთანხმება და შესაბამისად, ქვეყნის მართვა არ გაუჭირდება. არ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ამ საკითხში სიცხადის შეტანა?
_ ამომრჩეველს სჭირდება იმის გარანტია, რომ ეს ხელისუფლება, რომელმაც უღალატა საქართველოს, უღალატა ჩვენს გეოპოლიტიკურ კურსს და უღალატა თავის დაპირებებს, აი, ეს ხელისუფლება ნამდვილად „მშვიდობით“ გავუშვათ არჩევნების გზით, რომ ის ვერ მოახერხებს არჩევნების მოპარვას, რაც აქამდე არაერთხელ მოახერხა, რომ ამ ხელისუფლების გაშვების შემდეგ საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ ორბიტას _ აი, ეს აინტერესებს ამომრჩეველს დღეს, ასე მიმაჩნია მე, როგორც პოლიტიკოსს და, შესაბამისად, ჩემს საქმიანობას ამას ვუკავშირებ და არა თეორიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების განხილვას.
_ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პროპაგანდისტულ ბანერებზე თავად დაწერა _ მშვიდობით..., რაც ფეისბუკმა ინგლისურად თარგმნა, როგორც ნახვამდის. ამან ძალიან გაამხიარულა სოციალური ქსელების მომხმარებლები. რას იტყვით, ეს მათი „მშვიდობით“ იქნება მართლაც დამშვიდობება?
_ ყველა არჩევნებს თავისი იუმორისტული ნაწილიც აქვს, მიუხედავად სირთულეებისა... კი, ეს კარგად გამოუვიდათ. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ, რომ „მშვიდობით“ იყოს მშვიდობით, ანუ ნახვამდის და მოხდეს მშვიდობით (მშვიდობიანად).
_ ომით დაშინების პროპაგანდაზე რას იტყვით? თქვენ ხალხს ხვდებით და რამდენად ამჩნევთ, რომ მართლაც მუშაობს „ოცნების“ ეს აგიტაცია?
_ გარკვეულ ნაწილზე ამ პროპაგანდამ წლების მანძილზე იმუშავა. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, ჩვენი იდეოლოგია იყო სულ სხვა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ უნდა გაგვეძლიერებინა რეგიონი, სოფელი, სოციალური საკითხები უნდა გადაგვეწყვიტა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მეტი დემოკრატია და თავისუფლება ყოფილიყო, დაგვეცვა ადამიანის უფლებები. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პირველ წელს, მინდა შეგახსენოთ, იყო დავით სერგეენკოს ჯანდაცვის რეფორმა, დავით კირვალიძის სოფლის მეურნეობის რეფორმა, ჩემი რეფორმა სახელმძღვანელოებსა და უფასო ფაკულტეტებზე. ეს ემოცია პირველ წელს იყო, მეორე წლიდან დაიწყო ელემენტარული პროპაგანდა დაშინების, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის. მეორე წლიდან დაიწყო ამაზე ლაპარაკი და არ გაჩერებულა უკრაინაში ომის დაწყებამდე. უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი: „რუსი მოდის“. ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ადამიანებზე, მაგრამ ახლა ვხედავ უფრო გაბრაზებულ ამომრჩეველს, ვიდრე _ ომით შეშინებულს. ამომრჩეველი უკვე ამაზეა კონცენტრირებული, რომ არ მოიპაროს ხელისუფლებამ არჩევნები. რა თქმა უნდა, ვიღაცაზე მოქმედებს ეს პროპაგანდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვეენოთ, რომ ხელისუფლება არა ომისგან იცავს საქართველოს, არამედ საქართველოს ასუსტებს, რომ რუსეთისთვის იოლი ლუკმა გახდეს ეს ქვეყანა. ვხედავ, 180 გრადუსით შევტრიალდით 2012 წლის იდეალებისგან. ამას ხედავს ნებისმიერი მოქალაქე და ნებისმიერი ამომრჩეველი.
_ თქვენ კარგად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს, მისი განცხადებები, ქმედებები, თუნდაც სახის გამომეტყველება რას გეუბნებათ, მას აქვს გამარჯვების იმედი, თუ გადარჩენას ცდილობს?
_ რომ გითხრათ ახლა, რომ სულ მის გამოსვლებს ვუსმენ და გამომეტყველებას ვაკვირდები, არ იქნება სიმართლე. არ ვუსმენ მის განცხადებებს მარტივი მიზეზის გამო, _ ამ კაცმა 12 წლის განმავლობაში რაც ილაპარაკა, არაფერს მნიშვნელობა არ მისცა. რასაც ამბობდა, მერე არაფერს ასრულებდა. რითაა საინტერესო ამ ადამინის განცხადებები, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს? სულ რომ განაცხადოს, „მე მინდა ოპოზიციამ გაიმარჯვოსო“, იმასაც აზრი არ აქვს. რატომ უნდა ვუსმინო ადამიანს, რომლის განცხადებებს აზრი არ აქვს? მისი სიტყვა არ ფასობს!
_ საყურადღებოა თუნდაც ის ნარატივი, რომლის განვითარებასაც ის შეეცადა, რომ „მშვიდობით აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, რისთვისაც კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება. შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთმა არ აუბა მხარი ამ საკითხში, თუმცა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ. ხომ არ არის ეს ერთგვარი კომპენსაცია იმის გამო, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით პროპაგანდაში ხელი არ შეუწყო?
_ ჯერ ერთი, არ ვფიქრობ, რომ რუსეთი გვერდით არ დაუდგა ივანიშვილს. რუსეთი დაუდგა გვერდით ისე, როგორც მას ესმის ეს. არ გამოვრიცხავ, რომ იგივენაირად ესმოდეს ივანიშვილს. რუსეთის შემოთავაზება, რაც განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომ სამ სახელმწიფოს დაეხმარება, ერთად განავითარონ მომავალი, ეს არის შემოთავაზება, რომელიც, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ გეგმაშია, რომ აღიაროს ორი ოკუპირებული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და თქვას, რომ მათთან ფედერაციულ კავშირს გააკეთებს. ეს არ არის „ზურგის შექცევა“ ივანიშვილისთვის, ეს არის იმის გაცხადება, თუ როგორ ხედავენ ისინი ჩვენს გაერთიანებას. ისინი ხედავენ ჩვენს გაერთიანებას ასეთი ფორმით: სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო ქმნის კონფედერაციას ან ისეთივე ერთიანიობას, როგორიც არის, ვთქვათ, რუსეთსა და ბელარუსს შორის. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნებაც“ ზუსტად ასე ხედავს ჩვენს მომავალს.
_ ამას გულისხმობს, სავარაუდოდ, ის საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომლის შესახებაც ივანიშვილი საუბრობს?
_ კი ბატონო, რაღაცებს ამბობენ, რაღაც გეგმები აქვთ, მაგრამ ეს გეგმები რეალურად ის კი არ არის, რომ ჩვენ დავლაგდეთ ოსებთან და აფხაზებთან, ეს გეგმები არის, რომ ჩვენ მთლიანად ჩავბარდეთ რუსებს, ოსებიან-აფხაზებიანად. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის გაფართოებას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არაფრის კომპენსაცია არ არის, უბრალოდ, კეთილი ჟესტის ჩვენებაა...
_ რომელსაც დასავლური სანქციების ფონზე „ოცნება“ გამოიყენებს პროპაგანდისთვის, ასე არაა?
_ კი, გამოიყენებს, მაგრამ ამას ვერაფერს უზამ. ამას არც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენი მძიმე ისტორიიდან გამომდინარე, რუსეთში უამრავი ჩვენი თანამემამულეა, ჰქონდეთ მათ ნათესავებს ერთმანეთთან მიმოსვლის შესაძლებლობა. სამუშაოდ კი ახლა რუსეთში აღარავინ მიდის.
_ რას იტყვით დასავლეთის სანქციებსა და რეზოლუციებზე?
_ დასავლეთი გახდა ადეკვატური. აქამდე რაც ხდებოდა, ნათელი არ იყო, აბნევდა ქართველ ამომრჩეველსაც. ქართველ ამომრჩეველს არ ესმოდა ის ფაქტი, რომ 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ამ მატყუარა პარლამენტში შესვლა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ლამის ხელის გადაგრეხით შეიყვანეს ჩვენი ოპოზიცია პარლამენტში. ასევე გაუგებარი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ ძალიან უხეშ რიტორიკას ისინი პასუხობდნენ ძალიან რბილად. დღეს, საბედნიეროდ, დასავლეთი გახდა ადეკვატური და ადეკვატურად პასუხობს თავდასხმებსაც და იმ ანტიდემოკრატიულ და პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“.
_ თქვენს არჩევანზეც რომ გვითხრათ, რამ განაპირობა გაგეკეთებინათ არჩევანი „ძლიერ საქართველოზე“ (თან ისე, რომ საპარლამენტო სიაშიც არ ხართ) და არა სხვა რომელიმე პროდასავლურ ძალაზე?
_ ჩემი არჩევანი, მგონი, ძალიან ბუნებრივია ბევრი თვალსაზრისით. მე, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქართველი ამომრჩეველი, ვარ გამიჯნული როგორც „ნაციონალური მოძრაობისგან“, ასევე „ქართული ოცნებისგან“. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიდი ხნის ოპონირება მაქვს, იმ დროიდან, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. „ქართულ ოცნებასთან“ 2014 წლის იანვრიდან არის ჩემი დაპირისპირება, რადგან სულ სხვა გზით წავიდნენ ისინი. ასეთი მარტო მე ხომ არ ვარ? ასეთი განწყობის არის ძალიან ბევრი ქართველი ამომრჩეველი. ეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ზუსტად ასეთი პერსონებისგან შედგება და ასეთი პოლიტიკის მატარებლები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არც სისხლში, არც კორუფციაში არ აქვთ ხელი გასვრილი. არ ყოფილან ხელისუფლებაში და არ დაუშავებიათ არაფერი. არიან პროფესიონალები. პიროვნული მომენტიც არის: ფიქრია ჩიხრაძე, ანა დოლიძე, ანა ნაცვლიშვილი, დათო რაქვიაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან ცუცქირიძე, _ ყველანი ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც მიმუშავია როგორც პრეზიდენტს ან როგორც ინსტიტუტის რექტორს. როდესაც ასეთი იდეოლოგიური და პიროვნული ერთობაა, ბუნებრივია, რომ მეც ამ გუნდის მხარდაჭერით გადავწყვიტე ისტორიულ პროცესში ჩართვა. არჩართვა გამორიცხული იყო, _ შეუძლებელია, შენი ქვეყნის ისტორიას ვიღაცა ცვლიდეს და შენ ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებდე.
_ როგორც ფიქრობთ, კოალიციურ მთავრობაში რამდენად სერიოზულად იქნება ეს ძალა წარმოდგენილი და თუ ხედავთ თქვენს თავს ამ პროცესში, _ შეიძლება, შემდეგაც ვერ შეძლოთ პროცესების გვერდიდან ყურება?
_ პირველ რიგში, ჩვენს შესაძლებლობებზე მინდა გითხრათ: ჩემი აზრით, ამომრჩევლის სპექტრი მეტ-ნაკლებად გადანაწილებულია და ზრდის პოტენციალი აქვს მარტო ამ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამ არჩევანს ელოდა დიდი ხანი, შესაბამისად, მე მაქვს იმედი, დარჩენილი დროის განმავლობაში, ჩემი ჩართულობით, მათ შორის, ჩვენ გავააქტიურებთ ამ ტიპის ამომრჩეველს. იმედი მაქვს, რომ ძლიერი წარმომადგენლობა ეყოლება „ძლიერ საქართველოს“ პარლამენტში. როგორ იცით, დეპუტატობა არ მინდა, არ არის ეს ჩემი მუშაობის ფორმა. შემდეგში რა იქნება, ჩემთვის არ არის გადამწყვეტი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვიგოთ. ბენებრივია, შემდეგ გადამწყვეტი იქნება, როგორი პროპორციით შევა ეს ძალები პარლამენტში. დღეს მნიშვნელოვანია ოპოზიციის გამარჯვება და „ქართულ ოცნებასთან“ დამშვიდობება.