QronikaPlus
ოკუპირებული ცხინვალის ექსპრეზიდენტი ბიბილოვი ქართველებთან საომრად კერძო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის

ოკუპირებული ცხინვალის ექსპრეზიდენტი ბიბილოვი ქართველებთან საომრად კერძო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის

2024-10-02 05:51:24

შორენა მარსაგიშვილი

საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის თემას საარჩევნოდ ისევ აქტიურად იყენებს. ჯერ მოსახლეობას ყოფილი ხელისუფლების გასამართლებას დაჰპირდნენ ამ ომის გაჩაღებისთვის, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა რუსებისა და ოსების მიერ დაბომბილ გორში განაცხადა, რომ ოსებს ამ ომისთვის ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ამას საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა და დიდი აღფრთოვანება არც თავად ოსებში გამოუწვევია ბოდიშის იდეას.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება „ოსი ძმებისთვის“ ბოდიშის მოხდის სურვილით იწვის, „ოსი ძმები“ სამხედრო დაჯგუფებას ქმნიან და მზად არიან, ქართველების წინააღმდეგ იბრძოლონ. სამხედრო დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე იქმნება. უკრაინაში რუსი ტერორისტების მხარეს რამდენიმე ოსური ბატალიონი იბრძვის. აფხაზებისგან განსხვავებით, ოსები მართლა იბრძვიან და მათ რიგებში ძალიან დიდი მსხვერპლიცაა. აგვისტოში თორმეტმა ოსურმა ორგანიზაციამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, რომ დიდი მსხვერპლის გამო ოსები ომში აღარ წაიყვანოს. იგეგმებოდა აქციაც. იმდენად გამწვავდა სიტუაცია, რომ იქ აგვისტოს ბოლოს რუსი დიქტატორი პუტინიც კი ჩავიდა და შეეცადა, ხალხი დაემშვიდებინა. როგორც ამბობენ, ვერ შეძლო.

ახლა რაც შეეხება ახალ ოსურ სამხედრო დაჯგუფებას. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ე. წ. სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აგრძელებს შეიარაღებული ჯგუფის შექმნას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჯგუფი ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისგან კომპლექტდება. როგორც თავად ოსები წერენ, ამ დაჯგუფებაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებიც არიან.

ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი სკანდალი ატყდა ინალ ძაბიევის საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, შს ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის ძმისშვილ აცამაზ ნანიევის გაქცევის გამო. ინალ ჯაბიევი ბიბილოვის პრეზიდენტობის დროს ცხინვალში ცემით მოკლეს ოსმა ძალოვნებმა. ამას ოკუპირებულ რეგიონში ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება. ნანიევი ჯაბიევის ერთ-ერთი მკვლელია და როგორც ამბობენ, ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში იმალება, იქ არის თავად შსს-ს ყოფილი უფროსიც.

როგორც ოსები ამბობენ, მათ დონეცკში ანატოლი ბიბილოვი მფარველობს. ბიძა-ძმისშვილმა ბევრი რამე იციან ბიბილოვის ბნელი საქმეების შესახებ. გარდა ამისა, აცამაზ ნანიევი არის ძალიან ღირებული საკადრო დანამატი ბიბილოვის სამხედრო დაჯგუფებისთვის. ის გამოცდილი, კარგად მომზადებული თანამშრომელია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი ბრძანება მისი ზემდგომებისგან.

მართლმსაჯულებას ოკუპირებულ დონეცკში ემალება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული, Dorexpostroy-ის ყოფილი ხელმძღვანელი, სემიონ მაკიევი, რომლის ექსტრადიცია „სამხრეთ ოსეთში“ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. მიზეზები მხოლოდ ზედაპირულია. ოსმა ძალოვნებმა მაკიევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს და როგორც რესპუბლიკის გენერალური პროკურორი გრიგორი სობაევი ამბობს, ის იქვე იხდის სასჯელს. ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს ამის არ სჯერათ. არც იმის სჯერათ, რომ მაკიევი შინაპატიმრობაშია. ეს უკანასკნელი ცხინვალში ბიბილოვის ყულაბად მიიჩნეოდა და დიდი ალბათობით ბიბილოვის სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთი დამფინანსებელია. ასევე ბიბილოვთან ერთად დონეცკში მდიდრულ სასახლეში, უკრაინელ ოლიგარქ რინატ ახმეტოვის ყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობს. ოსები წერენ, რომ ეს რეზიდენცია ბიბილოვის ხელში ჩვეულებრივ საღორედ იქცა, სადაც ოსი „ბოევიკები“ ღრეობებს მართავენ.

ანატოლი ბიბილოვი სანამ ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტი გახდებოდა, საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო. ის უშუალოდ სერგეი შოიგუს კადრია. ვიდრე რუსეთის სამხედრო უწყებას ჩააბარებდნენ, შოიგუც საგანგებო საქმეთა მინისტრი იყო რუსეთში. ბიბილოვი დღემდე მეგობრობს შოიგუსთან. და სწორედ შოიგუს დახმარებით აქვს რაღაც პოზიციები უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში. სავარაუდოდ, შოიგუსთან შეთანხმებით გადაწყვიტა კერძო სამხედრო დაჯგუფების შექმნა,  რომელიც ასევე მზადაა, რომ ქართველების წინააღმდეგაც იბრძოლოს და ცხინვალის ამჟამინდელ ხელისუფლებასაც დაუპირისპირდეს.

ანატოლი ბიბილოვი დღემდე ვერ ინელებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ის ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. მისი გარემოცვა ოკუპირებული ცხინვალის მოქმედ პრეზიდენტ ალან გაგლოევს ქართულ ძალებთან კავშირში სდებს ბრალს. როგორც ამბობენ, გაგლოევსა და საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესინტერესები აქვთ. ისინი შემჩნეულები არიან სიგარეტის კონტრაბანდაში. რამდენიმე თვის წინ რუსებმა სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტზე ცხინვალის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვეფხია საბანოვი დააკავეს. ცხინვალში ამბობენ, რომ გაგლოევი და ივანიშვილის გარემოცვა ისევ აპირებენ ერგნეთის ბაზრობის გახსნას. მიდის საუბარი როკის გვირაბის გახსნაზეც, რომელიც ქართულმა მხარემ 2008 წლის ომის შემდეგ ჩაკეტა და როკის გვირაბის გავლით საქართველოში პროდუქცია აღარ შემოდის. თუმცა ბოლო ხანებში როკის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ბევრი რუსული კონტრაბანდა შემოვიდა. ოსები იმასაც ჩივიან, რომ ცხინვალის მაღაზიებიც ქართული საქონლით გაივსო. თუმცა ამ პროდუქციას სიამოვნებით ყიდულობენ. ოღონდ ჩუმად. 

ბიბილოვის გარემოცვა ამბობს, რომ გაგლოევმა შეგნებულად დაასუსტა ჯარი და საქართველოსთან ომის შემთხვევაში ოსური არმია სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ქართველ აგრესორებს. ამითაც ხსნიან კერძო სამხედრო დაჯგუფების შექმნის აუცილებლობას, რომელიც დღეს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში მოქმედებს და უკრაინელებს ხოცავს.

გაგლოევის პროქართულობაში დასადანაშაულებლად ოსები ზვიად ოვაშვილის ფაქტორსაც იყენებენ. ეს უკანასკნელი ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრობს და გაგლოევის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ის სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საქართველოს ღიად უჭერს მხარს, რაც ოსების გაღიზიანებას იწვევს. და რაკი გაგლოევს მისთვის ამის გამო პასუხი არ მოუთხოვია, ოსები მიიჩნევენ, რომ გაგლოევი ქართულ მხარესთან თანამშრომლობს. ამის მიუხედავად, ცხინვალში მცხოვრებლებს დიდად არ უნდათ ანატოლი ბიბილოვის დაბრუნება. მას და მის გარემოცვას ბევრი დანაშაული უკავშირდება.

პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს ბიბილოვის ყოფილი უფროსი და მეგობარი ედუარდ კოკოითი. კოკოითის პრეზიდენტობის დროს იყო ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების მინისტრი. ის მის მემკვიდრედაც მიიჩნეოდა. საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყარა კენჭი 2011 წელს, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. თუმცა რვა წლის შემდეგ შოიგუს დახმარებით შეძლო პრეზიდენტად გახდომა. თავისი საპრეზიდენტო კარიერის მიწურულს მან ასეულობით ოსი გააგზავნა უკრაინაში საომრად. გემახსოვრებათ, ალბათ, როგორ გამოიქცნენ მაშინ ცხინვალელი ოსები ომიდან. ბიბილოვმა ისინი გალანძღა და მოღალატეები უწოდა. ამის გამო მას დაუპირისპირდა ედუარდ კოკოითი, რომელიც დღემდე ეწინააღმდეგება ცხინვალელი ოსების მონაწილეობას ომში დიდი მსხვერპლის გამო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიბილოვი ოსებს ძალიან ცუდად ექცევა. გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის უშვერი სიტყვებით ლანძღავს ოს მებრძოლებს და მათ თავდადებას უწუნებს. არადა, ბიბილოვზე არასდროს არავის დაუწერია, რომ სადმე თავგამოდებით იბრძოდა. არადა, მას სამხედრო განათლება აქვს. თბილისის საარტილერიო სასწავლებელში სწავლობდა. 

უნდა ითქვას, რომ კოკოითმა, რომელიც ომში ოსების გაგზავნას შეეწინააღმდეგა, ცხინვალში საკმაოდ დაიწერა ქულები. ოსები მართლა ძალიან შეწუხებულები არიან უკრაინის ომით და უკვე ღიად ამბობენ, რომ იქ ოსების გენოციდი მიდის. თუმცა ოსების გენოციდისთვის ისევ ჩვენ, ქართველებს გვთხოვენ პასუხს და ეს არცაა გასაკვირი. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავად ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენ უნდა მოვუხადოთ ოს ძმებს ბოდიში. ამ ბოდიშის თემას ოსი ჩინოსნები დიდი ხალისით არ გამოხმაურებიან. გამონაკლისი იყო ედუარდ კოკოით, რომლის პრეზიდენტობის პერიოდსაც დაემთხვა აგვისტოს ომი.

სხვა ოსების მსგავსად, ბოდიშის თემას არც ის აღუფრთოვანებია.  სამაგიეროდ, მადა გაეხსნა და დამატებითი მიწების ოკუპაცია მოუნდა. კოკოითმა განაცხადა, რომ საქართველოს თუ მართლა ბოდიშის მოხდა უნდა, მაშინ სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიც უნდა დააბრუნოს. მათ შორის თრუსოს ხეობა და ყაზბეგი. კოკოითის აზრითვე, ბოდიშის მოხდა თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ ცხინვალის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

გაზიარება