QronikaPlus
ქართველთა გენოციდი აფხაზეთში

ქართველთა გენოციდი აფხაზეთში

2024-10-02 05:36:41

შორენა მარსაგიშვილი

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი სრულდება. სოხუმის დაცემის დღეს ქალაქში ბევრი საშინელება დატრიალდა. თუმცა არანაკლები საშინელებები მოხდა მანამდე. აფხაზი სეპარატისტები რუს ტერორისტებთან ერთად მთელი ომის განმავლობაში დაუნდობლად აწამებდნენ და ხოცავდნენ ქართველებს. ქართველების ხოცვაში მონაწილეობდნენ ცხინვალიდან ჩასული მებრძოლებიც, რომლებისთვისაც ბოდიშის მოხდას აპირებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. დღევანდელი ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა, წინა ხელისუფლებებს სათანადოდ რომ შეესწავლათ ქართველთა გენოციდი. არადა ეს ფაქტები უკვე გამოძიებულია და დევს პროკურატურაში.

ქართველთა გენოციდისთვის არც მაშინდელ მსოფლიოს მიუქცევია ყურადღება. მაშინ სამყარომ ისიც კი არ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა _ საქართველო. თანაც მაშინ დასავლეთი რუსეთის მიმართ ძალიან ლმობიერი იყო. არც ინტერნეტი და სოციალური ქსელები იყო, დანარჩენი მსოფლიოსთვის გაგვეგებინებინა ეს საშინელი ამბები.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ქართველთა გენოციდის ფაქტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს. ცალკე თემაა ცხინვალის რეგიონი. იქ ქართველთა გენოციდის ფაქტები, ფაქტობრივად, არ არის აღრიცხული. არადა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტი იქ გაგვიჩაღეს პირველად რუსებმა. ფაქტები, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ძალიან მძიმეა, მაგრამ  ეს არის რეალობა, რომელიც არავის უნდა დაავიწყდეს.

ქართველთა გენოციდის საზარელი ფაქტები

70 წლის ინდიკო გრძელიძეს საჯაროდ ამოაჭრეს გული;

დახოცეს 100-ზე მეტი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი. წამებით მოკლეს 37 წლის ნატო მილორავა _ გუმისთის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, სოხუმის თეატრის მსახიობები ვასილ ჩხეიძე, თეიმურაზ ჟვანია, გურამ გელოვანი, სოხუმის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი იური დავითაია;

მოკლეს 30-ზე მეტი მედიცინის მუშაკი, მათ შორის, ვერა ყოლბაია, თინა წოწორია, ნინო შონია, არიადნა შელია, ოლია ტყებუჩავა, მზია ბესელია, ზელიმხან დანელია, გია სიჭინავა, რაზმიკ ისპექჩიანი, გიორგი ბარკალაია, შალვა გვაზავა. გულრიფშის რაიონში ტუბსაავადმყოფოს ეზოში ახლობლების თვალწინ დახვრიტეს მისი მთავარი ექიმი, შოთა ჯღამაძე, ასევე გაუსწორდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ პეტრე სიჭინავას;

დახვრიტეს 200-ზე მეტი პედაგოგი, აქედან 60-ზე მეტი ქალი. მათ შორის: ვენერა სიგუა, იულია გოგოხია-ჭითანავა, ცაცა ძანძავა, ეკა ფილფანი, ლია აქუბარდია, ძაბული ფაჩულია, გულნარა ჩალაძე და სხვები. აწამეს და შემდეგ მოკლეს სუბტროპიკული ინსტიტუტის კათედრის გამგე, იური ნარაკიძე, ამავე ინსტიტუტის დოცენტი კარლო ჩხენკელი, სოხუმის მთავარი არქიტექტორი თამაზ თავაძე;

ომის დაწყების პირველ დღეებში ეშერიდან, ლიხნიდან, არადუდან, ახალსოფლიდან გააძევეს 5000 კაცი, 70 წლის ინდიკო გრძელიძეს საჯაროდ ამოაჭრეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ელგუჯა მაისურაძე, ხოლო 65 წლის ნიკოლოზ ქვაბზინაძე ტრაქტორს გამობმული ათრიეს და წამებით ამოჰხადეს სული;

ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს ომარ ბჟალავა, ქალიშვილის თვალწინ ვლადიმერ ბენიძე, მამის თვალწინ გია ღლონტი;

65 წლის პედაგოგი ვასილ სამხარაძე ქუჩაში შეიპყრეს და საჯაროდ მოჰკვეთეს თავი, ჭირისუფლებს უფლება არ მისცეს, დაემარხათ იგი. უპატრონოდ დაგდებული მიცვალებული ღორებმა და ძაღლებმა შებილწეს; გიორგი ფიფიას ჯერ ყურები, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, საბოლოოდ სიცოცხლეს გამოასალმეს;

„თვალწინ მომიკლეს ბიძაშვილი ცეზარ ქველიძე. მას ჯერ ცხვირი მოაჭრეს, შემდეგ ყური და ერთი ფეხი მუხლს ქვემოთ, მერე დახვრიტეს“, _ ვკითხულობთ თინა ბარკალაიას ჩვენებაში.

გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროს ალექსანდრე ბარამიას ოჯახზე თავდასხმისას აფხაზმა ჯარისკაცებმა ჯერ გააუპატიურეს მისი ქალიშვილი ცისია და შემდეგ თავი მოკვეთეს.  მეუღლესაც თავი მოკვეთეს წამების შემდეგ, ბოლოს კი ალექსანდრე ბარამია და მასთან სტუმრად მყოფი შალვა გვაზავა და ბორის კუციაც დახვრიტეს; ბზიფელი გივი კიკნაძე და მისი 12 წლის ქალიშვილი თამუნა მარტო იმიტომ დახვრიტეს, რომ უარი თქვეს მშობლიური სოფლიდან წასვლაზე;

მოპოვებულია ცნობები 1992 წლის ოქტომბერში გაგრის ოკუპაციის შემდეგ ქალაქის სტადიონზე და მასობრივი შეკრების სხვა ადგილებში ქართველების ჯგუფური დახვრეტის შესახებ. როგორც ამბობენ, სწორედ იმ დღეს ითამაშეს ფეხბურთი „ბოევიკებმა“ სტადიონზე ქართველებისთვის მოჭრილი თავებით. ეს, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჩეჩენმა „ბოევიკებმა“ გააკეთეს, რომლებსაც შამილ ბასაევი მეთაურობდა. ჩეჩენი „ბოევიკები“ მთიელ ხალხთა კონფედერაციის რიგებში იბრძოდნენ. ეს კონფედერაცია რუსებმა აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე შექმნეს. მათ ბევრი საშინელება აქვთ ჩადენილი ქართველების წინააღმდეგ.

„ნუგზარ გულორდავასთან ერთად წამიყვანეს გუდაუთაში, სადაც დამკითხა ალექსანდრე ანქვაბმა, რის შემდეგაც გაგრაში დამაბრუნეს, ქუჩებიდან ამაკრეფინეს 48 დახოცილი ქართველის გვამი და ჩამაყრევინეს დიდ ორმოში, ყველაფერს ხელმძღვანელობდა ბზიფის მილიციის უფროსი, სტანისლავ აგრბა“, _ ვკითხულობთ კონსტანტინე სიჭინავას ჩვენებიდან.

შემზარავია თამაზ ჯაფარიძის ჩვენებაც: „სხვებთან ერთად 7 ოქტომბერს ქუჩებიდან აგვაკრეფინეს ქართველთა გვამები, რომლებითაც 4 სატვირთო ავტომანქანა „კამაზი“ დავტვირთეთ. სულ იქნებოდა 250 ადამიანის გვამი. ისინი დიდ თხრილში დავმარხეთ“, _ ვკითხულობთ თამაზ ჯაფარიძის ჩვენებაში.

მძიმეა ნანა ჩალაძის ნაამბობიც: „გაგრაში 30-მდე მილიციელი დახვრიტეს, მშვიდობიანი მოსახლეობა შერეკეს სტადიონზე და იქ მასობრივად დახვრიტეს“, _ ამბობს ნანა ჩალაძე მიცემულ ჩვენებაში.

აწამეს და ელექტრობოძებზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი.

სოფელ ძველ კინდღთან კაზაკებმა დახვრიტეს 72 მშვიდობიანი მოქალაქე. სოფელ განახლებაში დახვრიტეს 48 ქართველი. სოხუმის დასასვენებელ პარკ „კურჩენკოში“ დაიხვრიტა 400-ზე მეტი ქართველი.

„ბოევიკები“ არ ინდობდნენ არც ფეხმძიმე ქალებს და ჯერაც დაუბადებელ ბავშვებს. „გაგრის აღების მეორე დღეს დაიწყო მასობრივი ხოცვა. არ დაინდეს ორსული ქალებიც კი, მათ მუცელს უფატრავდნენ, ამოღებულ ნაყოფს ფეხით თელავდნენ“, _ ყვება თავის ჩვენებაში ოთარ გობეჯიშვილი.

თვითმხილველთა ჩვენებით, 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრობოძებზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ბოძებზე ქართველების ჩამოხრჩობის შემთხვევები სხვაგანაც დაფიქსირდა. „ბოევიკები“ არც ქართველების ცოცხლად დაწვას ერიდებოდნენ. „1992 წლის სექტემბრის ბოლოს მეზობლად მცხოვრები ოთარ არღვლიანის სახლიდან გაიყვანეს და დახვრიტეს მარგარიტა ხვისტანი, ჭიჭი ჩოჩქიანი, ძაძუ ჩოჩქიანი, ამირან ქალდანი და გივი კიკვიძე, რომელიც ტყვიის ჯერით შუაზე გადაჭრეს. 1994 წლის 15 იანვარს მოკლეს ჩემი და, ნაზიკო გულბანი, იმავე ღამეს საკუთარ სახლში ჩაწვეს ცოლ-ქმარი ოთარ და ეთერ ხვისტანები, წამებით მოკლეს და მერე დაწვეს ჩემი შვილი, გიორგი გულბანი“, _ ვკითხულობთ იონა გულბანის ჩვენებაში.

წამებისას ჯერ კიდევ ცოცხალ ქართველებს „ბოევიკები“ აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ გამოძიებას თვითმხილველი ნათელა იაშვილი უყვება: „1992 წლის სექტემბრის ბოლოს გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში 8-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სახლიდან გაიყვანა ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემ თვალწინ დახვრიტა. მე მოვასწარი დამალვა, მათ იმავე დღეს დახვრიტეს ცოლ-ქმარი პეტრე და ციალა რაზმაძეები, მიტუშა ბენდიაშვილი, ცოლ-ქმარი 80-90 წლის ლადო და ჯავარა ბენდიაშვილები, ასევე ჩვენი სოფლის მკვიდრი 37 წლის დათო მამასახლისი.  ამირან კოსაძის მეუღლე ჯერ გავარვარებულ ღუმელზე დასვეს, შემდეგ მოაჭრეს მკერდი, დასთხარეს თვალები, მერე სიცოცხლეს გამოასალმეს“, _ ამბობს ნათელა იაშვილი თავის ჩვენებაში.

ანალოგიურ ისტორიას ყვება ხათუნა მეტრეველიც: „1992 წლის 5 ოქტომბერს „ბოევიკებმა“ საკუთარ სახლში, სოფელ კოლხიდაში მამაჩემს ჯერ ცალი ხელი მოაჭრეს, შემდეგ წამებით მოკლეს. მისი საცხოვრებელი სახლი კი დაწვეს“, _ უყვება ხათუნა მეტრეველი გამოძიებას.

არანაკლებ მძიმეა სვეტლანა ძიძიგურის ნაამბობი. მას შვილი მოუკლეს წამებით.   „ჩემი შვილი, მიხეილ ძიძიგური, ხელ-ფეხშეკრული წაიყვანა სახლიდან იური წვიჟბას ჯგუფმა. იგი ტბის პირას იპოვეს, სხეული დაცხრილული ჰქონდა, ხელ-ფეხი გადამტვრეული, ნაწლავები და სხვა შინაგანი ორგანოები გარეთ ჰქონდა გადმოყრილი, თვალები უპეებიდან ამოვარდნილი“, _ ვკითხულობთ შვილმოკლული დედის ჩვენებაში.

წამებით დახოცილთა ცხედრებს „ბოევიკები“ ხშირად წვავდნენ. „გაგრის დაცემის მესამე დღეს მოკლეს ჩემი მეუღლე ვლადიმერ ხვინგია. ის სხვა მეზობლებთან ერთად ჩააგდეს ცეცხლმოკიდებულ სახლში და დაწვეს“, _ უყვება გამოძიებას ლილი ხვინგია.

ძალიან მძიმე ისტორიას ყვება გაგრის საავადმყოფოს ექთანი, ლალი მასხარაშვილი: „საავადმყოფოში მიიტანეს შუაზე ხერხით გადაჭრილი ქართველი გოგონას გვამი წერილით: „როგორც ამ გოგონას სხეულის ვერ გააერთიანებთ, ისე ვერ გააერთიანებთ საქართველოს და აფხაზეთს“, _ წერია ლალი მასხარაშვილის ჩვენებაში.

იყო შემთხვევები, როდესაც მთელ ოჯახებს კლავდნენ წამებით. ერთ-ერთი ასეთი ამბის შემსწრე გახდა ეთერ ბერულავა: „სოხუმში, კომკავშირის ქუჩის #22-ში მცხოვრებ ავთანდილ დავითაიას ჯერ სახლი დაუწვეს, შემდეგ წამებით მოკლეს, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ოთარ ბერაია და მისი ოჯახის 5 წევრი, წამებით მოკლეს მიშა გახარია, ამირან კვარაცხელია, ვლადიმერ კალანდია და მისი მეუღლე, ასევე ჟორა და ბოჩია კალანდიები“, _ ყვება ეთერ ბერულავა თავის ჩვენებაში.

რუსი, აფხაზი და ათასი ჯურის „ბოევიკი“ ხშირად დახოცილთა ჭირისუფლებს ცხედრების დამარხვის უფლებას არ აძლევდა. ჭირისუფლები ამას მალულად აკეთებდნენ. „1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაპყრობის შემდეგ თავს დაგვესხნენ „ბოევიკები“. ამ დროს ჩემი ქმარი მურმან თოდუა და შვილი ზურაბი მეზობლებთან და პოლიციელებთან ერთად დამალული იყვნენ საცხოვრებელი სახლის შენობაში, ისინი იპოვეს და შვიდი კაცი სადისტურად დახვრიტეს. მეზობლების დახმარებით მალულად გავთხარე საფლავი და დახოცილი ქმარ-შვილი, სხვებთან ერთად, მარტომ დავასაფლავე“, _ ყვება როზა გაბედავა თავის ჩვენებაში.

„ბოევიკები“ ქართველთა მოკვეთილ თავებს ფეხით აბურთავებდნენ

სადისტური წამების შემდეგ დახვრიტეს სოხუმელი ცოლ-ქმარი ვაჟა და ლამარა რუხაიები, მშობლების თვალწინ ახლომხედველი და დაბადებით ინვალიდი _ მიშა კვანტალიანი, შვილების თვალწინ დები _ ნათელა და ნელი ყოლბაიები, 80 წლის დავით ბერულავა და მისი შვილობილი ივანე ტიურინი.

ქართველთა თავებით ფეხბურთის თამაშის ფაქტები სოხუმშიც დაფიქსირდა. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, „სოხუმში მეთორმეტე საშუალო სკოლასთან, ლუდხანის წინ, მთვრალი „ბოევიკები“ ქართველთა მოკვეთილ თავებს დემონსტრაციულად ფეხით აბურთავებდნენ და ხორხოცებდნენ“.

„ბოევიკებმა“ საკუთარ ბინაში დაცხრილეს როინ შუბლაძე და გურამ კვაშილავა, მერე კი ორივეს მკლავებზე და ფეხებზე ხორცი მოჰკვეთეს და იატაკზე დაყარეს, _ თუ აფხაზეთს არ დატოვებთ, ყველა ქართველს ეს დღე მოგელითო, _ უთხრეს ტერორისტებმა შუბლაძის მეუღლეს.

ამ ომისთვის არც სარებზე მოკვეთილი თავების ჩამოცმა ყოფილა უცხო. რუსმა და აფხაზმა ჯარისკაცებმა ესეც გააკეთეს: „ჩემს მეზობლად მცხოვრები ფხაკაძეების ოჯახი მთლიანად ამოწყვიტეს, გვამებს თავები მოჰკვეთეს, სახალხოდ ჩამოაცვეს ბოძებზე და ცეცხლი წაუკიდეს“, _ ყვება სოხუმელი ლილი ზოიძე თავის ჩვენებაში.

მძიმე მოსასმენია ვალიკო ძიგუას ჩვენებაც: „1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში, ტიტოვის ქუჩაძე, დილის საათებში ჩემ სიმამრ ალექსი ჯაბუას სახლში აღმოვაჩინე მისი გვამი, რომელსაც დანით მიყენებული ჰქონდა 7 ჭრილობა. მე დავიწყე მიცვალებულისთვის სასახლის დამზადება. ამ დროს გარედან შემომესმა ავტომატის ჯერის ხმა, დავინახე 7 ჯარისკაცი, როცა ისინი წავიდნენ, გავედი გარეთ და შევნიშნე ავტომატით დაცხრილული ჩემი მეზობლები: ძმები გიორგი და გურამ ზაქრაძეები, იქვე ახლოს ეგდო 15 ჭრილობით გურამ ლომია, გამონაჟონ სისხლს კი კატა ლოკავდა, გვამები სამი დღე-ღამე ეყარა ქუჩაში, შემდეგ სიკვდილის მუქარით დაგვატვირთინეს „კამაზი“ და წაიღეს გაურკვეველი მიმართულებით“, _ ყვება ვალიკო ძიგუა.

ბავშვები 6 წლის ზევით თითქმის ყველა გააუპატიურეს.

„ბოევიკები“ არც ინვალიდებს ინდობდნენ. აი, რას ჰყვება ლამარა ცხაკაია თავის ჩვენებაში: „1993 წლის 19 ოქტომბერს წამებით მოკლეს სამამულო ომის ვეტერანი, ინვალიდი, აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგი და ინჟინერი, 1911 წელს დაბადებული პარმენ რაფავა. ამ უკანასკნელის შვილს, რაულ რაფავას, ტანი ჯერ დანით დაუსერეს, შემდეგ ავტომატით დაცხრილეს, ბოლოს კი თავი მოაჭრეს. თავი მეზობლებმა ცალკე იპოვეს ყანაში. შვილის წამებას ძალით დაასწრეს დედა, ვალენტინა რაფავა, რომლის ცხედარი გაუპატიურების ნიშნებით ვიპოვეთ მეორე სართულზე“.

„1993 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში ააოხრეს გულრიფშის რაიონის სოფელი ფშაფი. 3 ოქტომბერს  შემოვიდნენ ჩემს სახლში, ჯერ მოკლეს ჩემი შვილები 17 წლის ეკა და 14 წლის მარიკა, შემდეგ ჩემი მეუღლე ლეილა მესხი, სიდედრი და სიმამრი. იგივე ბედი ეწია მეზობელ სახლში მცხოვრებ ძმა ნოდარს, რომელიც ჯერ მოკლეს, შემდეგ დაწვეს, გვამი სადღაც გადააგდეს ისე, რომ მისი დასაფლავებაც კი ვერ შევძელით. _ შენთვის სიცოცხლე სიკვდილზე უარესიაო“, _ მითხრეს ცოცხალმკვდარს და წავიდნენ“, _ ყვება აკაკი ჟვანია ჩვენებაში.

გავეშებული „ბოევიკები“ ქართველებს ჭაშიც ყრიდნენ და ასე კლავდნენ.  თვითმხილველების ჩვენებიდან ვკითხულობთ: „63 წლის მერი ლუკავა ჭაში ჩააგდეს და ისე ამოხადეს სული“.

მშობლების თვალწინ შვილების დახვრეტა და წამება ჩვეულ ამბად აქციეს ამ ტერორისტებმა. ნანული შამათავასაც თვალწინ მოუკლეს შვილი. „ჩვენი სახლის წინ ტანკი გაჩერდა, იქიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა მებრძოლმა ჩემი შვილი, ჯუმბერ შამათავა, გარეთ გაიყვანა, ავტომატის ჯერით დახვრიტა, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს და გასრისეს ჩემ თვალწინ“, _ ყვება გულრიფშელი ნანული შამათავა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ადამიანებზე ნადირობითაც ერთობოდნენ რუსი და აფხაზი ტერორისტები. „ჩემი მეუღლე გერმანე მიქავა, მეზობლები მამა-შვილი სერგო და ნუკრი ხარბედიები, ასევე სხვები, სულ 13 კაცი, მაშინ, როდესაც მანქანით მოდიოდნენ გულრიფშის რაიონის სოფ. ვარჩედან, სოფ. კინდღში გააჩერეს, ჩამოსვეს მანქანიდან და განსაკუთრებული ცინიზმით დაუწყეს წამება. ნუკრი ხარბედიას გახადეს ტანსაცმელი, ესროდნენ და არბენინებდნენ. ამის შემდეგ დახვრიტეს ყველა ქართველი მამაკაცი, ხოლო ქალები წაიყვანეს და შეურაცხყვეს, ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს“, _ ყვება მედიკო მიქავა თავის ჩვენებაში.

მძიმეა ინდირა კოხიას ჩვენებაც. ის იხსენებს, როგორ მოაჭრეს მის ახლობლებს ტერორისტებმა ყურები და მერე დახვრიტეს: „ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღში 9 კაცისგან შემდგარმა დაჯგუფებამ ქუჩაში დაიჭირა მამაჩემი, ამირან კოხია და სხვა ათობით მეზობელი და გამოკეტა ცარიელ შენობაში. შემდგომ მამაკაცები გამოჰყავდათ თითო-თითოდ და წამებით ხვრეტდნენ. მამაჩემს და მის ძმას ჯერ მოაჭრეს ყურები, შემდეგ გააშიშვლეს და დახვრიტეს. გვამები კი ჩაყარეს წინასწარ გამზადებულ ორმოში“, _ ყვება ინდირა კოხია.

რუსი, აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები არც გაუპატიურებებზე ამბობდნენ უარს. აუპატიურებდნენ პატარა გოგონებს. ამას აკეთებდნენ საჯაროდ. „ჩვენი სოფელი დაიკავეს სეპარატისტებმა. მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა ქალები და ბავშვები ტყვედ წაასხეს. ტერორისტებმა მშობლებისა და სოფლის მთელი მოსახლეობის თვალწინ საჯაროდ გააუპატირეს 12-16 წლის 25 გოგონა, უმწეო ბავშვებზე ჯგუფური ძალადობა მთელი კვირა გრძელდებოდა“, _ ყვება ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი ნაზი ბაღიშვილი ჩვენებაში.

კიდევ უფრო მძიმე ამბავს ყვება გალინა არზუმანიანი: „სოფელ ახალდაბაში ქალები და ბავშვები 6 წლის ზევით თითქმის ყველა გააუპატიურეს. ბევრს თავი მოჰკვეთეს, ზოგიერთს კი ცოცხლად ჩამოაცვეს თავზე ავტომანქანის საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს“.

გამოძიების მონაცემებით, მარტო გალის რაიონის სოფ. ოქუმში 710 საცხოვრებელი სახლიდან დაწვეს ან დაანგრიეს 601, წამებით დახოცეს 65 პირი, აქედან 20 ქალი, ახალგაზრდა დები ნინო და ნატო პოლიტაევები ჯერ საჯაროდ გააუპატიურეს, შემდეგ დახვრიტეს.

გალში დაანგრიეს 1040 სახლი, წამებით დახოცეს 128 პირი; აჩიგვარაში დაწვეს და დაანგრიეს 411 სახლი, დახვრიტეს 70 ადამიანი; გუდავაში დაწვეს 429 სახლი, წამებით მოკლეს 55 ადამიანი, აქედან 14 ქალი; ასეთივე ტრაგედია დაატრიალეს მზიურში, ზემო და ქვემო ბარღებში, რეფი-შეშელეთში, ოტობაიაში, ნაბაკევსა და სხვაგან. ცოცხლად დაწვეს ხანდაზმული უმ წეო ქალები: ჟენია წურწუმია, ვალენტინა ჩარგაზია, ჭუტა ჭაავა, შურა ჯოლოგუა, ქსენია განგია, იამზე ქვაჩახია, როზა ზანთარია, ვალია თარბაია და სხვები.

ცოლისა და დედის თვალწინ სადისტურად მოკლეს მამა-შვილი ტერენტი და ემზარ ლემონჯავები, მათი გვამები დაწვეს (სოფ. რეფი); შეიპყრეს ჯუმბერ ბაძაღუა, მამუკა კვარაცხელია, დავით ნარმანია, გურამ ხარჩილავა, რევაზ ჩერქეზია და დახვრიტეს (ქვემო ბარღები); ტრისტან და გენი გვაჯაიები, გენო პაპავა და მურმან ციკოლია საჯაროდ აწამეს და მოკლეს (სოფ. ლეკუხონა).

სოფელ პირველ გალში 70-80 წლის მოხუცებს ჯულია და ნურასი ჩაჩხალიებს თავი მოკვეთეს და შემდეგ დაწვეს; 70 წლის დავით ჯიჯავა სხეულის ერთი ნაწილით ხეზე მიაბეს, მეორე კი ჯავშანტრანსპორტიორს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს, მისი ძმა შალიკო ჯიჯავა და მეუღლე შურა ფაცხაში გამოკეტეს და იქ დაწვეს, ხოლო ცოლ-ქმარი ჭიჭიკო და შურა გიგავები ჯერ დახვრიტეს და მერე ეზოში ღორებს მიუგდეს საჯიჯგნად. სოფელ ღუმურიშში მურმან წულაია დააკავეს და საგამოძიებო იზოლატორში სასტიკად აწამეს, ცოცხალს ააჭრეს თავზე სკალპი. მხოლოდ გაეროს წარმომადგენელთა ჩარევით მოხერხდა მისი განთავისუფლება.

ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც აფხაზეთში მოხდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ინახება 250-ტომიანი საქმე აფხაზეთში ქართველების გენოციდის ფაქტებზე. დაკითხულია 25 ათასზე მეტი თვითმხილველი, დადგენილია 20-ზე მეტი ორგანიზატორი, 800-ზე მეტი უშუალო შემსრულებელი.

გამოძიების ხელთ არსებული არასრული მონაცემებით, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლულია 5738 ქართველი. აქედან: გაგრის ზონაში _ 483, სოხუმის რაიონში _ 238, ქალაქ სოხუმში _ 1148, გულრიფშის რაიონში _ 1232, ოჩამჩირის რაიონში _ 851, გალის რაიონში _ 1553, გუდაუთის რაიონში _ 147, ქალაქ ტყვარჩელში _ 20.

გაზიარება