- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-02 05:28:01
ირინა მაკარიძე
გორში ივანიშვილმა საქართველო, პრაქტიკულად, აგრესორ ქვეყნად გამოაცხადა, ხოლო „გლობალური ომის პარტია“, როგორც თვითონ უწოდებენ, 2008 წლის აგვისტოს ომის დამკვეთად. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დავალების შესაბამისად მოქმედებდა, „ცეცხლის ალში ახვევდა რა ოს დებსა და ძმებს“.
„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების, ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავს მოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება“, _ განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ამ განცხადების მავნებლობაზე, „ოცნების“ რეალურ ზრახვებსა და მოსალოდონელი შედეგების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე:
_ ცინიკური იყო გორში ამ განცხადების გაკეთება. საინტერესოა, სამეგრელოში რომ ჩავა, აფხაზეთთან დაკავშირებით რას იტყვის, მაშინ ვინ იყო გარეშე დამკვეთი? არც ერთი ომი არ ყოფილა არც აფხაზებთან და არც ოსებთან, ეს ომი იყო კრემლთან, რუსეთთან, რომელიც არ უხსენებია ივანიშვილს თავის განცხადებაში. მეტი აღარაფერი დარჩა მოსატყუებელი, ცოტა ხანში გაააქტიურებს თემას, თითქოს გვაქვს შანსი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების. ამ თემით უნდა, რომ 26 ოქტომბერი როგორმე გადააგოროს, მაგრამ მგონია, რომ ხალხს ვეღარ მოატყუებს.
_ რამდენად მოსალოდნელი იყო ივანიშვილის ეს განცხადება?
_ 2011 წლიდან, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა და „ქართული ოცნება“ დაირქვა, გაირკვა, რომ ეს არ იყო „ქართული ოცნება“, ეს იყო რუსული ოცნება, „რუსსკაია მეჩტა“, როგორც სააკაშვილმა დაარქვა. „რუსული ოცნება“ რას იზამს? რა თქმა უნდა, ბოდიშს მოუხდის ოსებსაც, აფხაზებსაც, მაგრამ ეს კაცი, რეალურად, ბოდიშს უხდის და კოჭს უგორებს პუტინს. მან თუ იცის, რა ხდება ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში? საოკუპაციპო ხაზის ერთი კილომეტრით იქით ან ერთი კილომეტრით აქეთ რა ხდება? იცის, ხალხი როგორ ცხოვრობს? თვითონ კოლბაშია, _ საცხოვრებელიც კოლბა აქვს, ხალხში როდესაც გამოდის, მაშინაც კოლბაშია. რუსეთი, როგორც ეთნოსს, აფხაზეთსაც გააქრობს. ამას ხვდებიან პროგრესულად მოაზროვნე აფხაზი ახალგაზრდები, ვსაუბრობთ და ვიცი. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს რუსულ საქმეს. ის ხვალ და ზეგ დაბრუნდება თავის სამშობლოში, რუსეთში, იმიტომაც ყიდულობს იქ მიწებსა და სახლ-კარს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით. მეორე ვარიანტია, რომ მან იცის, ყველა შემთხვევაში წაგებული აქვს არჩევნები და ცდილობს, პუტინთან დასაბრუნებელი გზა ჰქონდეს, რადგან ის ევროპის ვერცერთ ქალაქში ვერ წავა, რადგან ის არის თაღლითი, როგორც უწოდეს დასავლეთში _ „თალღითი მთავრობა“. ახლა ცდილობენ, ისრები გადაიტანონ და თითქოს ეს ხალხზე თქვეს. დასავლეთი ხალხს მხარს უჭერს, რადგან ნახა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ 300 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და არავის უნდა უკან რუსეთში დაბრუნება, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ძალაუფლება _ ძალა მის ხელშია: დაგჩაგრავს, დაგარბევს, გესვრის, თვალს ამოგთხრის. ჯერჯერობით ეს ძალა აქვს, როგორც ლუკაშენკოს. ბელარუსში მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და აქედან მან ნახევარი დააპატიმრა, ბევრი დახვრიტა. ამ გზით მიდის „ქართული ოცნება“, რაც განვითარდა ბელარუსში. როგორც ჩანს, ამის გარანტიები აქვს რუსეთიდან ან მშვიდობიანად მოუწევს ხელისუფლების გადაბარება.
_ იყო თუ არა განსაკუთრებული ცინიზმის გამოხატულება, რომ ეს განცხადება გაკეთდა გორში?
_ ყველაზე მძიმე, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ივანიშვილმა გააკეთა გორში, რაც მართლაც განსაკუთრებული ცინიზმის გამოვლენა იყო. ეს გათვალა იმაზე, რომ მტკივნეულ ადგილზე დაგაჭიროს, რათა უფრო მეტად გატკინოს, იქ, სადაც რუსეთმა ყველაზე მეტად ატკინა საქართველოს, იქ, სადაც კასეტური ყუმბარებით იბომბებოდა ქალაქი და რეგიონი, იქ გააკეთა ეს განცხადება, რითაც შეურაცხყო გმირების სულები და მათი ოჯახები.
გარდა ამისა, ჩვენ 2008 წელს არ დაგვიკარგავს ცხინვალის რეგიონი, ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა, რატომ აბრალებს ამას ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“?! 2008 წელს დამატებით ნაწილი დაიკარგა, მაგრამ 2012 წლიდან მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. მე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ვარ და სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, 365 დღე წელიწადში, თუ არ ჩავთვლით რაღაც ჩავარდნებს, როდესაც რესურსები არ გვქონდა წასვლის, ყოველი დღე ვართ ოკუპაციის ხაზზე. ყოველდღე მათ გადმოაქვთ საოკუპაციო ხაზი და ამაზე არავინ არაფერს ამბობს. 2012 წლამდე პოლიციის საგუშაგო იდგა ყველგან და ისინი ნაბიჯს წინ ვერ დგამდნენ. 2012 წლიდან ეს საგუშაგოები მოიშალა და დაიწყო მცოცავი ოკუპაცია და ეს ყოველდღე გრძელდება. რა ვქნა, მივიდე და ბოდიში მოვუხადო, რომ საოკუპაციო ხაზთან მივდივარ და ხელს ვუშლი? ანტისაოკუპაციო მოძრაობა რომ არ იყოს, ხალხს ესეც არ ეცოდინებოდა. ჩვენ ვაწვდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებს ინფორმაციას და მერე რეაგირებს სუს-ი და იძულებულია, იმოქმედოს.
_ თქვენ თქვით, რომ ივანიშვილის ეს განცხადება მანიპულაციური იყო, ის საუბრობდა, რომ ტერიტორიები ვერ დაბრუნდება იქ მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების გარეშე, რაც სადავო არ არის, მაგრამ მას არ უხსენებია რუსეთი და ამ ომის დამკვეთად გარე ძალა გამოაცხადა, რაშიც, ძნელი მისახვედრი არ არის, „გლობალური ომის პარტია“ იგულისხმება, როგორადაც დასავლეთს მოიხსენიებს. ამის შესახებ რას იტყვით?
_ რა თქმა უნდა, „გარე ძალებში“ გულისხმობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, მეგობრებს, გულისხმობს დასავლეთს, რაღაც მითიურ „ომის პარტიას“. ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ იგი ნახევარ საათში შეაქო რუსმა პროპაგადისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, _ თითქოს, ნაბახუსევიდან გამოვიდა საქართველოო. თითქოს 30 წელიწადი არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავით და ახლა გამოვერკვიეთ და ბოდიში უნდა მოვუხადოთ აფხაზებს, ოსებს. აბსოლუტურად მოღალატე ხელისუფლება გვყავს, ხელისუფლების უმაღლეს რგოლებში მომუშავე ადამიანები არიან ყველანი რუსეთის აგენტები, მათ თვითლუსტრაცია მოახდინეს. რუსი ქართულ საქმეს რომ არ გააკეთებს, ეს ცხადია. ბოდიშის მოხდასაც მოგვთხოვენ, ჯერ კიდევ სად ვართ, არჩევნებამდე კიდევ ისეთ შეურაცხყოფას მიაყენებს ქართველ ერს რუსი ბიძინა ივანიშვილი, წარმოდგენაც არ გვაქვს. არ გამიკვირდება, თუ სეპარატისტული მთავრობიდან ვინმეს დაპატიჟებენ, ჩამოიყვანენ საქართველოში 26 ოქტომბრამდე, იქ პუტინი გააკეთებს რამე განცხადებას, რითაც მანიპულირებას მოახდენენ ქართველ ხალხზე, თითქოს რაღაც სასიკეთო ხდება. როდესაც არჩევნებში თავის ძალაუფლებას გაინაღდებენ, რა ბედიც ეწია „უფასო ფულის“, „უფასო წყლისა“ და „5-თეთრიანი გაზის“ დაპირებებს, ის ბედი ეწევა ამ დაპირებასაც. მეორე დღესვე დაავიწყდებათ ეს ყველაფერი. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი არ შემოგვიერთებენ, ჩვენ შეგვაერთებენ მათთან ერთად რუსეთს. აი, ეს მოხდება. არჩევნებამდე ბევრ ასეთ მოღალატეობრივ მანიპულაციას ვიხილავთ.
_ საზოგადოების რეაქციის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები განმარტავენ, რომ არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა ივანიშვილის განცხადების...
_ არ მომეჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ განსხვავებულს ამბობდეს რამეს, ფაქტობრივად, ადასტურებს, რაც ივანიშვილმა თქვა. დარწმუნებული ვარ, მათაც არ იცოდნენ, ივანიშვილი რას იტყოდა. იცოდა მხოლოდ მან, ვინც ეს დაუწერა, მისცა და გაახმოვანებინა. თვითონაც გაოგნებულები არიან, ალბათ, მაგრამ ბატონის წინააღმდეგ ახლა ისინი ვერ წავლენ, განსხვავებულს ვერაფერს იტყვიან და ხან რას ბოდავენ და ხან _ რას. ერთი ამბობს, ბიძინას ის კი არ უთქვამს, რომ ბოდიში მოვიხადოთ, არამედ როგორმე უნდა შევრიგდეთო. ეს არის ზუსტად მანიპულაცია. ეს განცხადება არის ტესტი, ამით მოსინჯეს ხალხის რეაქცია. სამწუხაროდ, რეაქცია არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჩემთვის იმ „რუსულ კანონზე“ უარესი იყო ეს განცხადება. რუსული კანონი ქაღალდია და მეტი არაფერი, ყველა თავის თავს როგორმე გადაირჩენს, ის არასამთავრობოები მოძებნიან გზას, რომ რუსული კანონის წნეხი აირიდონ, მაგრამ ამ განცხადების მიერ მიყენებულ ზიანს ასე ადვილად ვერ ავირიდებთ. მას უკვე აქვს და შემდეგშიც ექნება მძიმე შედეგები. ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძოდა და იბრძვის. 3 ომი გვქონდა, ადამიანებმა ქვეყნისთვის თავი დადეს და სისხლი დაღვარეს. დღეს მათი ოჯახები საშინლად არიან, უმწეო და სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რისთვის დაკარგეს ეს შვილები? რისთვის დაკარგეს ძმები? ამ განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ ვყოფილვართ აგრესორები და ვეწეოდით აგრესიულ ომს, ამიტომ დღეს უნდა მოვუხადოთ მათ ბოდიში. ბოდიშს რომ მოვიხდით, მერე დაგვაკისრებენ, ალბათ, რაიმე ჯარიმას, მერე გადასახადებს. ბოდიშითაც კი არ დამთავრდება, ამას მოყვება ჯაჭვური პროცესები. მერე სადაც შეგხვდება ოსი ან აფხაზი, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ, როგორც დამნაშავეებმა. არადა, პუტინი გამოვიდა და თქვა, რომ 2006 წლიდან ჩვენ ამ ომისთვის ვემზადებოდითო. ახლა აქედან ვეუბნებით, არა, შენ არა, ჩვენ ვემზადებოდით ამ ომისთვის და ჩვენ დაგვისწრია და ჩვენ დაგვიწყია ომი თურმე. არ ვიცი, აქ ლოგიკა სად არის? ესენი არიან ქვეყნის მტრები. აუცილებლად უნდა დასრულდეს ეს 26 ოქტომბერს. მათ აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხისთვის.