QronikaPlus
დიმიტრი ბიძინაშვილი: „26 ოქტომბერს დამთავრდება რუსული კანონიც და ხელისუფლებაც“

დიმიტრი ბიძინაშვილი: „26 ოქტომბერს დამთავრდება რუსული კანონიც და ხელისუფლებაც“

2024-09-12 06:06:49

გიორგი საკარული

„ასეთი განწყობა, მობილიზება და გამარჯვების ჟინი არცერთი არჩევნების წინ არ მიგრძვნია“, _ ამბობს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალზე.

როგორც ბიძინაშვილმა „ქრონიკა+“-თან განაცხადა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ეს ყველაფერი გაფორმდება 26 ოქტომბერს.

დიმიტრი ბიძინაშვილი:

_ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ოთხი ნომრით გაშლილია მთელი საქართევლოს მასშტაბით, ელაპარაკება მხარდამჭერებს და იმ ხალხს, რომელსაც რეალურად სურს ცვლილებები, რომელსაც არჩევანი გაკეთებული აქვს დასავლეთსა და რუსეთს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის და ადამიანებს პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ ქვეყანაში უნდათ ევროპული მომავალი, ევროპული ღირებულებები და არ უნდათ კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსული მმართველობა, ოლიგარქები და ა. შ. ისინი მზად არიან ამ ცვლილებებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი არჩევნებზე მისვლა, დავარწმუნოთ, რომ მათი ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოგვდის კიდევაც. ადამიანები ფიქრობენ, რომ თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ არჩევნებზე და აპირებენ, რომ სხვებსაც მოუწოდონ, რომ წავიდნენ არჩევნებზე. ამის კარგი მაგალითი არის ჩვენი ხალხმრავალი შეხვედრები, ქუჩაში გასვლები. ხალხი გამარჯვებისთვის არის განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და მათთან ერთად მოვიპოვებთ მართლაც ისტორიულ გამარჯვებას. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარედაც უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ღიად საუბრობენ, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გასაკეთებელი აქვს დასავლეთსა და რუსეთს შორის და არ შეიძლება, ქართველ ხალხთან დარჩეს მმართველი, რომელიც აახლოებს მათ რუსეთთან. ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას და ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ეს ყველაფერი გაფორმდება 26 ოქტომბერს.

_ გინდა-არგინდა, პარტიებში, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, ფაქტობრივად, ყველა მათგანში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ადამიანები არიან და ისინი ხალხისთვის მაინც „ნაციონალურ მოძრაობად“ ასოცირდება. შესაბამისად, ხმის მიცემაზე როცა მიდგება საქმე, ბევრისგან მსმენია, რომ ოღონდ „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ „ოცნებას“ მივცემთ ხმასო, რადგან არჩევანი ადამიანებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაუბრუნდა ხალხს ოპოზიციის მიმართ ნდობა?

_ პირიქით, მიმაჩნია, რომ ის ცენტრები, რომლებიც გაჩნდა ოპოზიციურ ველზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება. რაც მთავარია, რასაც შეხვედრების დროს ვესაუბრებით ამომრჩევლებს, აქ არჩევანი გასაკეთებელია რუსეთსა და დასავლეთს შორის. „ქართული ოცნებისთვის“ ხმის არმიცემა უკვე ნიშნავს იმას, რომ ისინი ირჩევენ ევროპულ მომავალს ამ ქვეყნისთვის. შესაბამისად, მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება და როდესაც გაერთიანებაზე იყო საუბარი, ჩვენ უნდა მიგვეცა ამომრჩევლისთვის არჩევანის თავისუფლება. მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნება“ არის ცუდი, არამედ მათი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. მიმაჩნია, რომ ეს მიზანი მიღწეული არის და ადამიანებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ის, ვინც მათ სურთ. ამ არჩევნებზე აუცილებლად იქნება კოალიციური მმართველობა, რაც გამორიცხავს ერთი ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ის შიშები, რაც ჰქონდა გარკვეულ მოსახლეობას, აუცილებლად დაიძლევა. საუბრებშიც უკვე ნაკლებად არის შიში. ისინი გაწყობილები არიან ცვლილებებისთვის და გამარჯვებისთვის.

_ ეს იქნება საქართველოს ისტორიაში ყველაზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი არჩევნები. სწორედ 26 ოქტომბერს ხალხს პირველად მოუწევს ელექტრონული წესით ხმის მიცემა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მოსახლეობა ამისთვის მზად და რამდენად მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, რათა ხალხმა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურის დროს შეცდომა არ დაუშვას?

_ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ პროცესში ჩართული, მათ შორის, საარჩევნო მიმართულებით, რომლებიც გადიან ტრენინგებს და ისინი გადაამზადებენ უკვე სხვებს. აუცილებლად საზოგადოებასაც მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, რადგან ბევრი ნიუანსია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დროს. ეს უნდა აკეთოს ყველამ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს გადამზადებული.

_ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანია ერთგვარი მუქარით დაიწყო. მათი ერთადერთი დევი, მგონი, ომი და მშვიდობაა. კარგად ვხედავთ, თუ როგორ მუშაობს „ოცნება“ ხალხის ემოციებსა თუ გრძნობებზე. ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია როგორც ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, ასევე ოპოზიციის ლიდერებზეც. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს კობახიძის ეს მესიჯი?

_ ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროპაგანდა, რომ თითქოს მშვიდობას იცავენ და ა. შ., მაგრამ ეს არის ტყუილი, რომელიც კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ. როგორ შეიძლება, ადამიანებს უნდოდეთ მშვიდობა ამ ქვეყნისთვის და ამავდროულად ევროკავშირს ზურგს აქცევდნენ, რომელიც არის მშვიდობის გარანტი! საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების არცერთ ერთ ტერიტორიაზე არ ყოფილა ომი და იქ არის მშვიდობა. შესაბამისად, ერთადერთი გზა ჩვენთვის მშვიდობის შესანარჩუნებლად არის ევროკავშირი, დასავლელ პარტნიორებთან მეტად დაახლოება და ის მეგობარი აქტი, რომელიც ამერიკელებმა მიიღეს და გველოდებიან ახლა, რომ 26 ოქტომბერს მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, რათა ეს მეგობარი აქტი გაფორმდეს. ამის შედეგად საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენს ეკონომიკას და გააძლიერებს მას, ასევე თავდაცვის პუნქტიც ჩადებულია მეგობარ აქტში და სრულ თავდაცვით შეიარაღებას მოგვცემს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს მშვიდობაზე ფიქრობენ და ზრუნავენ, ოღონდ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შორდება დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს. როდესაც შენ კარგავ მნიშვნელოვან მეგობრებს, იმ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ შენი დაცვა და ამავდროულად რუსეთთან რჩები ერთი-ერთზე, ეს არ არის მშვიდობის გარანტია. საქართველოს მოქალაქეები კარგად ხვდებიან, თუ რა არის მშვიდობის გარანტი და რა _ არა. კობახიძე და ივანიშვილი არ არის მშვიდობის გარანტი, მით უმეტეს, რუსეთისნაირ ქვეყანასთან, რომელსაც არ აინტერესებს არც მეგობარი, არც ნათესავი, არც მეზობელი, მას აქვს თავისი ზრახვები, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს, მისი პოლიტიკა ბევრ ქვეყანაზე ვრცელდებოდეს. ხოლო აქეთ მხარეს არის რეალური მშვიდობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს ეკონომიკურ ზრდას. კარგად ხედავთ, თუ როგორ ცხოვრობენ ევროპელი პენსიონერები. ჯანდაცვა, განათლება, ყველაფერი არის იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და გვინდა, რომ ეს დონე გადმოვიდეს საქართველოშიც. ისეთი ქვეყანა შევქმნათ, რომ ის უამრავი ემიგრანტი, რომელიც ქვეყნიდან არის წასული, სამშობლოში დაბრუნდეს და საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს. აქედან არავინ უნდა მიდოდეს ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად. დღეს კი გვაქვს მოცემულობა, რომ აქ ხვალინდელი დღის პერსპექტივას ვერ ხედავენ თუნდაც ის ახალგაზრდები, რომლებიც გარბიან ამ ქვეყნიდან. ისინი აქ გვჭირდებიან, რომ ააშენონ ნორმალური სახელმწიფო. სამუშაო გარემო უნდა იყოს ისეთი, რომელიც მორგებული იქნება ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე. ამის პერსპექტივა გვაქვს და ასეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ. ამის საძირკველი ჩაიყრება სწორედ 26 ოქტომბერს, როდესაც კოალიცია გაიმარჯვებს.

_ მმართველი გუნდის ამ განცხადებებიდან გამომდინარე გამორიცხავთ, რომ არჩევნებზე ფიზიკური ანგარიშსწორება არ მოხდება? რას ელით?

_ „ქართული ოცნების“ მიმართ მოლოდინებზე ლაპარაკი და წინასწარ რამის თქმა ცოტა რთულია, რადგან „ქართული ოცნების“ ხელწერაა ძალადობა არა მარტო ოპონენტებზე, არამედ საკუთარ მოქალაქეებზეც. მაგრამ „ოცნების“ უკვე აღარავის  ეშინია. აქ არ არის რაღაც პიროვნულობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული არჩევნები, აქ არის ევროპული პერსპეტივის, ჩვენი მომავალი თაობების მომავალზე საუბარი. ეს არის ისტორიული არჩევნები. ასეთ დროს ქართველ ხალხს არასოდეს ეშინოდა და ამის ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს. რუსთაველზე როდესაც ხალხი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, მათ არ შეშინებიათ. ძალიან დიდი რამე დევს დღეს სასწორზე, _ ან ჩვენ გვექნება ევროპული ყოფა, ან ვიცხოვრებთ რუსული მმართველობის ქვეშ, სადაც კეთილდღეობა ექნებათ მხოლოდ ერთეულებს. დარწმუნებული ვარ, არჩევანი გაკეთდება საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს რუსულ „ოცნებაზე“. ხელისუფლებას არ აინტერესებს არც ჩვენი კულტურა, არც ჩვენი მემკვიდრეობა, არც რელიგია, არც ტაძრები და ეს ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა, რომ მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება, თუ როგორ შეინარჩუნონ იგი, რათა იცხოვრონ უზრუნველად.

_ დაბოლოს, საუბარი მინდა დავასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხით, რომელიც ეხება რუსულ კანონს. „ქართულმა ოცნებამ“ რომ გაიტანოს თავისი და საბოლოოდ დაკანონდეს ეს კანონი ამ ქვეყანაში, რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ? ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დატოვეს თანამშრომლებმა. ამასთან, მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებით აწუხებს ლგბტქ+-ის პროპაგანდა, რომლის აკრძალვაზეც ყოველ გამოსვლაში საუბრობს. რას იტყვით მათ ამ განცხადებაზე, რუსულ კანონსა და მის საფრთხეებზე?

_ ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც საარჩევოდ იყენებენ და ამით ცდილობენ ხმების მობილიზებას. ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს შობადობასა და გარდაცვალებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე ათასებია გარდაცვალების მაჩვენებელი, ვიდრე დაბადების. როდესაც საკუთარი ქვეყნის განვითარება არ გაინტერესებს და საუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც შეიძლება შენთვის ხმების მომტანი იყოს, უკვე გასაგებია, საითაც მიგყავს ეს ყველაფერი, სწორედ ამიტომ იშვერენ ხელს ოპოზიციისკენ.

რაც შეეხება რუსულ კანონს და მის დაკანონებას, დარწმუნებული ვარ, ეს კანონი მხოლოდ 26 ოქტომბრამდე იფუნქციონირებს, თუ დაკანონდება, რადგან ჩვენ ვერასდროს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენმა მკითხველმა, რომ ის, რაც ამ კანონს თავად დაარქვეს _ უცხოური გავლენის აგენტები _ სწორედ ასე ხვრეტდა საბჭოთა კავშირი ჩვენს ყველაზე ჭკვიან თაობას, რომელსაც უნდა შეექმნა ამ ქვეყნის მომავალი. მათაც სწორედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებდნენ და ტიციან ტაბიძიდან დაწყებული, სარაჯიშვილით დამთავრებული, ყველა არის ამ სიტყვებით დახვრეტილი, რომ ისინი წარმოადგენდნენ უცხოური გავლენის აგენტებს. შესაბამისად, როდესაც შენ ასე ერთი-ერთში იმეორებ საბჭოთა კავშირის კანონებს, უნდა მიხვდე, რომ ამას არავინ შეეგუება, არც საქართველოში და არც დასავლეთში. ბოლო პერიოდი ძალიან კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება, როდესაც ისინი პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ გვინდა ევროპული მომავალი, მაშინ „ქართული ოცნება“ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი. შესაბამისად, 26 ოქტომბერს დამთავრდება რუსული კანონიც და ხელისუფლებაც.

გაზიარება