- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-08-15 04:53:04
გიგა გელხვიიძე
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ბატალიები სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.
გარდა იმისა, რომ მმართველობის 12 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნება“, რომელიც თავისი პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე დღეს „რუსულ ოცნებად“ მოიხსენიება, ცდილობენ ქვეყანაში მაქსიმალურად ჩაახშონ კრიტიკული მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად დახურონ, კვლავ იყენებენ 2012 წლის წინასაარჩევნო პრაქტიკას და ცნობილ განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო საქართველომ და არა რუსეთმა. ისინი ღიად ადანაშაულებენ წინა ხელისუფლებას და როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არჩევნების შემდგომ აგვისტოს ომის საქმის გამოძიება დაიწყება და დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო (მათი მოსაზრებით) ომის პროვოცირებაში.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა:
_ ბატონო ბერდია, „ქართული ოცნება“ კვლავ ადანაშაულებს ქართულ მხარეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა და თუ გავიხსენებთ 2012 წლის საარჩევნო პერიოდს, არაერთხელ უთქვამთ იგივე თავად ბიძინა ივანიშვილსა და მის მომხრეებს. სანამ უშუალოდ „ქართული ოცნების“ ამ პოზიციას შევაფასებდეთ, დავიწყოთ იმით, რომ თქვენც წარმოადგენდით „ოცნების“ ხელისუფლებას და როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის შესახებ? გქონდათ თუ არა კამათი მმართველ გუნდში?
_ ძალიან მძიმე თარიღები იდგა 16 წლის წინათ ჩვენი ქვეყნისთვის და მძიმე გასახსენებელია ის დღეები, რადგანაც უამრავმა ჩვენმა თანამოქალაქემ, სამხედრომ, პოლიციამ თუ სხვამ გაწირა სიცოცხლე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მადლობის თქმა გვმართებს იმ გაღებული სიცოცხლეებისთვის, რომლებმაც აქამდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 8 აგვისტოს, ის ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ბევრად უფრო მასშტაბურად _ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა გვიწევდა: სამხედრო გადატრიალება, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა! ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, სათავეს იღებდა რუსეთის ფედერაციიდან. რაც შეეხება აგვისტოს ფართომასშტაბიან ომს, ვფიქრობ, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს, მოვლენების ამ თარიღებამდე დაყვანა, იმ გმირების შეურაცხყოფაც არის, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის და საერთოდ ქვეყნის შეურაცხყოფაც. რა თქმა უნდა, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, საომარი მოქმედებები დაიწყო 8 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე, 8 აგვისტოს უბრალოდ ფართო მასშტაბით გაიშალა ეს სამხედრო მოქმედებები არა მხოლოდ ცხინვალში, არამედ დაიბომბა გორი, სენაკი, ფოთი. გვახსოვს მაგალითები, რომ 8 აგვისტოს გადიოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც მემორიალთან. მნიშვნელობა არ აქვს, 7 აგვისტოს გახვალ, 8 აგვისტოს, 9 აგვისტოს თუ 10 აგვისტოს, მთავარი არის, გტკიოდეს საქართველო და საკუთარ ქვეყანას არ ადანაშაულებდე ომის პროვოცირებაში. ჩვენი გუნდის ლიდერს ყოველთვის ღიად უთქვამს, რომ შეუძლებელია შენი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არასდროს შეცვლილა. წარმოუდგენელია პოლიტიკური საბჭოს ის განცხადება რაც ჩვენ ვნახეთ. შეუძლებელია, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის კამპანია აწარმოო. ეს არის შეურაცხმყოფელი, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი. რაც არ უნდა ბრალს დებდე და პოლიტიკურ პოლემიკაში შედიოდე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, არის თემები, რომლებიც არ ექვემდებარება გადახედვას. ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია ისეთი ნარატივებისა და სპეკულაციების გავრცელება პოლიტიკური მიზნით, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს. სამწუხაროდ ამაში აყოლილია, გარკვეულწილად, „ნაციონალური მოძრაობაც“, რადგანაც იმ ადამიანებს, რომლებიც 8 აგვისტოს გადიან მემორიალთან, ადანაშაულებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში. ეს არის ჩვენი გუნდისთვის მიუღებელი. ვიმეორებ: ომი არ დაწყებულა არც 7 და არც 8 აგვისტოს, დაიწყო ბევრად ადრე და ასეთი სპეკულაციები თარიღებთან დაკავშირებით არის გმირების შეურაცხყოფა!
_ მმართველი პარტია არც მალავს, რომ რუსეთთან მისი დამოკიდებულება არ არის მკაცრი. ასევე ვისმენთ რუსული მხარის განცხადებებს, რომლებიც ემთხვევა „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებ,ს _ როგორია თქვენი პროგნოზები, რას შეიძლება ველოდეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რუსეთისთვის სასურველი შედეგი არ დადგება არჩევნებზე?
_ „ოცნების“ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს და იკადრებს, მათ შორის, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ხარჯზე, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ამისთვის ნებისმიერ ფასს გადაიხდის. რა თქმა უნდა, დაახურდავებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს. ადეკვატურობას არ უნდა ველოდეთ ამ ხელისუფლებისგან. მან აირჩია კონფრონტაციის გზა ჩვენს მეგობრებთან და დასავლელ პარტნიორებთან. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ აირჩია მხარე, რომელიც ბრუტალურ ომს აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. შორს ვარ იმ აზრისგან და არ მინდა პოლიტიკურ სპეკულაციაში ავყვე ოპოზიციის ნაწილს და რუსობაში დავადანაშაულო ყველა, თუმცა დღეს რა პოლიტიკასაც აწარმოებს „ოცნების“ ხელისუფლება, ეს არ არის ანტიდასავლური პოლიტიკა, ეს არ არის ანტიამერიკული პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ და ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციურ დღის წესრიგსა და საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება. ამიტომ არის ეს პოლიტიკა ავტომატურად თავსებადი რუსეთის ფედერაციისა და კრემლის პოლიტიკასთან, რადგანაც კრემლის პოლიტიკა არის ყოველთვის ამ ქვეყნის ორად გახლეჩა, მოქალაქეების დაპირისპირება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფა. „ოცნება“ თავისი უგუნური პოლიტიკით რუსეთს ეხმარება, რადგანაც მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი _ დარჩეს ხელისუფლებში, შეინარჩუნოს ხალხის ნაძარცვი ფული. ეს არის სტრატეგიული ამოცანა. ამ ადამიანებს ხომ რაღაც ეროვნული ინტერესები მეორე პლანზე აქვთ გადაწეული. მთავარი ინტერესი არის საკუთარი ძღომის ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება დღეს არის ის, რომ ვიაროთ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისკენ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ უნდა დაისვას, თუმცა ამავდროულად პრაგმატული პოლიტიკა უნდა გვქონდეს აგრესორთან, რადგანაც შეუძლებელია ამის გარეშე ბალანსის დაცვა ისეთ რთულ პოლიტიკურ რეგიონში, როგორიც არის სამხრეთ კავკასია. ფაქტობრივად, ფარის გარეშე ტოვებენ საკუთარ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ კურსს ღალატობენ. ამიტომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეუძლია კონფრონტაციის რეჟიმის დაძლევა დასავლეთთან. ხელისუფლებამ ეს წამოიწყო ბოლო წლების განმავლობაში, რაც გიორგი გახარია იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო. ჩვენი მოქალაქეები 26 ოქტომბერს გონივრულ არჩევანს გააკეთებენ.
_ „რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის _ ეს სიტყვები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას ეკუთვნის“, _ უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროვოკაცია, რაზედაც რუსეთი და „ოცნება“ შეთანხმდა?
_ კრემლი არასდროს შეუწყობს ხელს ისეთი ტიპის დიალოგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისკენ და სუვერენიტეტის დაცვისკენ იქნება მიმართული. ამიტომ ეს არის შემოგდებული პროვოკაცია, რომ თითქოს რაღაცა ტიპის შუამავლობას იკისრებს რუსეთი სოხუმს, ცხინვალსა და თბილისს შორის მაშინ, როდესაც თავად რუსეთი არის ამ კონფლიქტის მხარე და ოკუპანტი. შესაბამისად, მარიონეტულ რეჟიმებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არ ვაღიარებთ, ამ კონფლიქტს აქვს თავისი მხარე. ეს არ არის აფხაზეთის ან ცხინვალის მხარე, ამ კონფლიქტს ჰყავს ერთი მხარე _ ეს არის რუსეთის ფედერაცია და შესაბამისად მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ის აღდგება იმგვარად, როცა გაათავისუფლებენ ამ ტერიტორიებს და დატოვებენ საოკუპაციო ჯარები ამ მხარეებს, _ ასეთ შემთხვევაში შეიძლება რაღაც დამატებით მოლაპარაკებებზე საუბარი. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს რუსეთის ფედერაცია, მაშინ როდესაც ოკუპაცია გრძელდება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, გვახსოვს ბოლო ძალიან მძიმე შემთხვევები: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, გიგა ოთხოზორიას მკვლელები დაუსჯელები არიან; ჩვენი თანამოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს! _ აი, ასეთ დროს რაღაცა ტიპის თითქოს პოლიტიკაზე საუბარი, რომ ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს შორის შესაძლებელია მოლაპარკებები, არის ბლეფი, შემოგდებული პროვოკაცია და ემსახურება ერთადერთ მიზანს, _ წინასაარჩევნო მანიპულაციებს. ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს შეაფასებენ 26 ოქტომბერს.
_ გასული კვირების განმავლობაში საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს საქართველოს, ვგულისხმობ ფულად დახმარებებს, რომლებსაც ის იღებდა სხვადასხვა მეგობარი ქვეყნისგან, მათ შორის, აშშ-სგან. რა შედეგის მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის იმის ფონზე, რომ ყველა წამყვანი დიდი პროექტი სწორედ ამ დაფინანსებებზე იდგა?
_ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ქვეყნის რეფორმირებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში ფულადი თუ არაფულადი ფორმით უზარმაზარი კონტრიბუცია აქვს გაწეული შეერთებულ შტატებს _ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, ასევე ევროკავშირსა და უამრავ სფეროში მათ შორის დონორ ორგანიზაციებს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობანის მშენებლობა, რკინიგზის აღდგენა, სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირება, იუსტიციის სახლების განახლება თუ სხვა. უამრავ ასეთ პროექტში აქვთ პირდაპირი ფულადი და ადამიანური კონტრიბუცია ჩადებული, ასევე ცოდნა და განათლება. ვერც კი წარმოუდგენიათ ამ ადამიანებს, რამხელა ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს დაფინანსების პროექტს რომ აჩერებენ, ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ეხმარება „UშAID“-ი ჩვენს ფერმერებს კონკრეტული მეურნეობების გამართვაში, სტარტაპებში. უამრავი ფული არის ჩადებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ ჩვენს გადახდისუუნარო მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს, ეს არის კოლოსალური დახმარება. თუ გვგონია, რომ ასეთი ტიპის დახმარებების შეჩერება არ დააზიანებს ამ ქვეყანას, ძალიან ვცდებით. აქ არ არის საუბარი ერთ და ორ მილიონზე, აქ საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკზე, რომლითაც ეხმარებოდნენ თავდაცვას, პოლიციას, სამედიცინო სფეროებს. მაგალითად, ჩვენ რომ ჩ ჰეპატიტი დავამარცხეთ ამ ქვეყანაში, ციხეებში რომ შიდსი დამარცხდა და ასევე ქვეყანაში დაბალი მაჩვენებელი რომ არის ამ დაავადებების, ეს არის ევროპული და ამერიკული ფულით გაკეთებული. ხშირად მახსენდება ხოლმე ბოლო შემთხვევა, როდესაც საუბარი არის ლუგარის ცენტრზე, რომ თითქოს 1-2 მილიონზეა საუბარი. ვერც კი წარმოუდგენიათ ამ ადამიანებს, სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, რამხელა როლი ითამაშა მაგალითად რიჩარდ ლუგარის ცენტრმა კოვიდ პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის უსაფრთხოებაში, უზარმაზარი კონტრიბუცია აქვთ შეტანილი და პირდაპირი ფორმით შეიძლება ითქვას, რომ ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არის სწორედ ამ ცენტრის დამსახურება. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიხსენონ, რომ ამ დახმარებებით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. თუ არ გვექნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარება, ვერც ავტობანები აშენდება, ვერც ინფრასტრუქტურა განვითარდება. წყლის პრობლემები ვერ მოგვარდება სოფლებში. ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეების მიერ შექმნილ დოვლათს ამ ქვეყნის ბიუჯეტს კი არ ახმარენ და ქვეყნის განვითარებას, იქიდან ფულს იპარავენ, ჯიბეში იდებენ, მერე საკუთარი შვილები მიჰყავთ საზღვარგარეთ, ასწავლიან, ცხოვრებენ, მოქალაქეობებს აძლევენ, შვილებს იქ აჩენინებენ საკუთარ მეუღლეებს. და ასეთი ტიპის საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ „ოცნება“ არის სხვაგან და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის სხვაგან, ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივი იქნება 26 ოქტომბერს.
_ საარჩევნო აქტივობების დრო სულ უფრო მცირდება. რა არის „გახარია საქართველოსთვის“ მთავარი ტაქტიკა 2024 წლის არჩევნებზე?
_ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ფართოდ აქვს გაშლილი სტრატეგია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენმა გუნდმა ბოლო ეროვნულ არჩევნებზე აჩვენა იმაზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას აქვს ერთად აღებული, „ნაცმოძრაობის“ გარდა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ძალა და არ დაუკარგავს საკუთარი იდენტობა, არ დასჭირვებია პოლიტიკურ გუნდებთან გაერთიანება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის უალტერნატივო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აღარ უნდათ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა, რადგანაც ეს პირდაპირი საფრთხეა ამ ქვეყნის მომავლისთვის და არ უნდათ „ნაცმოძაროაბის“ რევანშის დაბრუნება ხელისუფლებაში. ამიტომ ალტერნატივა ამ ველზე არ არსებობს, რადგანაც არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ აფილირდებიან „ოცნების“ ხელისუფლებასთან და არიან ისეთები, რომლებიც პირდაპირ აფილირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის სიმძიმის ცენტრი. მას აქვს შესაძლებლობა, სერიოზული შედეგები აჩვენოს და ხელისუფლებაში მოვიდეს იმგვარად, რომ გაუშვას „ოცნების“ ხელისუფლება და არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების რევანში. მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო საარჩევნო დღეს აქტიურობისკენ, რადგანაც მაღალი აქტივობის პირობებში „ოცნების“ ხელისუფლება ფიზიკურად ვერ შეძლებს მანიპულაციებით გააყალბოს არჩევნები. დღეს არ არსებობს პოლიტიკურ ველზე იმაზე უფრო წონიანი პოლიტიკური ფიგურა შიდა პოლიტიკაში, ვიდრე არის გიორგი გახარია. ასევე არ არსებობს იმაზე წონიანი ფიგურა საგარეო საქმეთა საკითხებში, ვიდრე არის გიორგი გახარია, რადგანაც მას აქვს ნდობა დასავლელი პარტნიორებისგან და კავშირები. მას აქვს საკუთარი შიდა კავშირები და სწორედ მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იწყება ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.
_ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თქვენს გუნდს აქვს მზარდი რეიტინგი, _ რის ხარჯზე იზრდება გახარიას რეიტინგი?
_ ძალიან მარტივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები მრავალფეროვანი ადამიანები არიან, ზოგი არის „ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, ზოგი არის სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი, ჩვენ არ ვყოფთ მხარდამჭერებს ფენებად. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, ეს ხმები, ბუნებრივია, ავტომატურად მოდის ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე. 2020 წელს თუ 48%-მა მისცა „ოცნებას“ ხმა, მისცა გიორგი გახარიას, როგორც პირველ ნომერს. დღეს, როდესაც ასეთი ადამიანები განაწყენებულები არიან „ოცნებაზე“, მათთვის, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური არჩევანი, არის უალტერნატივო. 2020 წელს რომ „ოცნებას“ მისცა ხმა, ის ამომრჩეველი ახლა არ ადგება და არ მისცემს, პირობითად, გვარამიას ხმას. ეს პოლიტიკური ფორმულაა, რომელიც უნივერსალურად მუშაობს. სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მობეზრდათ „ოცნება“ ხელისუფლებაში. ბუნებრივია, ამ ორპოლუსიანი არჩევანის ერთადერთი ალტერნატივა არის გიორგი გახარიას გუნდი და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი პოლიტიკური რეიტინგის ზრდას.
_ რუსული კანონი უკვე ამოქმედდა, თუმცა ამ დრომდე არ დარეგისტრირებულა. კანონით გათვალისწინებულია აღნიშნულის გამო ორგანიზაციების დაჯარიმება, თუმცა ამავდროულად საუბარია იმაზეც, რომ იუსტიციის სამინისტრო დაარეგისტრირებს ორგანიზაციებს. ემზადება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებზე მასობრივი შტურმისთვის „ქართული ოცნება“?
_ რა თქმა უნდა, ეს არის „კუდიანებზე“ ნადირობის გამოცხადებული ქრონიკა, რომ ადამიანებს დააბრალონ აგენტობა, ერთგვარი სტიგმა შექმნან, რომ ვიღაცა ვიღაცის აგენტია, ვიღაც უცხოური გავლენის გამტარებელია ამ ქვეყანაში. ამ ფართომასშტაბიანი ბინძური კამპანიისთვის ემზადება „ოცნების“ ხელისუფლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ყველაფერს წერტილი დაესმება! არ შეიძლება დ იმ სიგიჟის გაგრძელება, რომელსაც ერთი ადამიანის რეჟისორობით აკეთებს ეს მარიონეტების მთელი დასი.
_ საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მალე უნდა დაიწყოს რუსული კანონის წინააღმდეგ შესული სარჩელების განხილვა, _ რას ელით ამ პროცესისგან?
_ სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულ პოზიტიურს არაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იგივე მოლოდინი შეიძლება მქონდეს, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში იყო, იქ აღმოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული აზრი დაწერეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ ვიხილეთ სახელები და გვარები ვინ არის რუსულ კანონზე ხელმომწერი, ასე უნდა დავინახოთ, თუ რომელი კეთილსინდისიერი მოსამართლე გაბედავს მართლმსაჯულების სისტემაში ყველაფრის წინააღმდეგ წასვლას. ეს ლუსტრაციის პროცესია. ყველა მნიშვნელოვანი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ ის მახინჯი სახე, რომელიც დღეს მიიღო „ოცნების“ ხელისუფლებამ, რასაც თავად ებრძოდა 2011-12 წლებში.