- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-10 10:04:36
გიორგი საკარული
„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს იყო მორიგი შეცდომა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა, როდესაც კანონმდებლებს ასანქცირებენ კანონის მიღებისთვის, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა“, _ ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
„ისა და, ბლინკენს ახლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?“ _ მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ირმა ზავრადაშვილმა.
„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია, თუმცა ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“, _ განაცახდა ნინო წილოსანმა.
„როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე, არასერიოზულია ეს ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია“, _ ამბობს კახა კალაძე.
ასეთია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა ნაწილის შეხედულება, დამოკიდებულება და აზრი აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით. ის, რომ მმართველი გუნდი მოსალოდნელ სანქციებს არასერიოზულად უყურებს, კომენტარებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა რას ფიქრობენ რეალურად, ეგ უკვე სხვა საკითხია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 23 მაისს საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა დააანონსა.
იმავე დღეს ამერიკელმა სენატორებმა სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და პოლიტიკის საპასუხოდ, სანქციებს დაუწესებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, საგარეო დახმარებას გადახედავს და ხელახლა შეაფასებს არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.
წამმზომი ჩართულია... მაგრამ ჩნდება კითხვა, _ რა სარგებელი ამით ქვეყანას? შეიცვლება კი პოლიტიკური რეალობა? ვის მიადგება ზიანი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეიცვალოს?
მოხლოებული არჩევნები, პროვოკაციები, ემიგრაცია და პრეზიდენტის როლი ოპოზიციურ სპექტრში, _ ესაა ის თემები, რომლის შესახებაც „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლდერი, სერგო ჩიხლაძე:
_ ბატონო სერგო, აშშ ხელისუფლების წარმომადგენლებზე სანქციებს აწესებს. ამაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, კეთდება არაერთი განცხადება, თუმცა ჯერჯერობით არ არის არცერთი პირი დასანქცირებული. ამასთან, ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს და მათ ცინიკურ დამოკიდებულებას სანქციებთან მიმართებით. პირდაპირ რომ ვთქვათ, საკმაოდ არასერიოზულად უყურებენ ისინი ამ ყველაფერს. ეს არის მხოლოდ დასანახავად, თითქოს მათ არ ეშინიათ ამ სანქციების, თუ რა ხდება რეალურად?
_ სანქციები, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ბერკეტია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ძალიანაც აღელვებთ ეს სანქციები. შესაძლოა, ისინი არ იმჩნევენ და ერთმანეთს ამხნევებენ, მაგრამ რეალურად ეს მართლაც მტკივნეული იქნება მათთვის, რადგან სანქციების სხვადასხვა პაკეტი არსებობს: არის გადაადგილების შეზღუდვა, შემდეგ უფრო მწარე, ფინანსური სანქციები. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ უდიდესი ნაწილი დაკავებულია სხვადასხვა ბიზნესით არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ ეს ფინანსური სანქციები ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის და ტყუილად ღლიცინებენ ამაზე. ამ ეტაპზე რაც ვიცით და გაცხადებული რაც არის, ამ ინფორმაციებს უნდა ვენდოთ და არა რაღაც სპეკულაციებს. ინფორმაცია გვაქვს პარლამენტის რამდენიმე წევრზე, „ქართული ოცნების“ ათეულობით წარმომადგენელზე. ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ეს შეეხო, დარწმუნებული ვარ, ვიცით. არაფერი არ არის დამალული, რაც არ გაცხადდებაო. როცა აშშ-ის ფინანსური ხაზინა ჩაერთვება ამაში, ამ შემთხვევაში საჯაროც იქნება, როგორიც იყო ფარცხალაძესთან და ოთხ მოსამართლესთან მიმართებით.
მეორე საკითხს მინდა, შევეხო, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სანქციების იმედზე არ უნდა ვიყოთ, მაგალითად, ვიღაცა თუ მწარედ დასანქცირდება ან დასანქცირდებიან, ამით ჩვენი გასაკეთებელი საქმე გაკეთდება _ ასე არ არის. ეს სანქცია არის ბერკეტი კონკრეტულ პოლიტიკოსზე, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ოქტომბერში, ჩვენში ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს. ამიტომ ნუ ვიქნებით მხოლოდ ამ სანქციებით დაიმედებულები, რომ პრობლემას ამით გადავჭრით. ისინი თავის გასაკეთებელს გააკეთებენ, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი ჩვენ გვაქვს ქვეყნის შიგნით. ავტორიტარული რეჟიმი უნდა დასრულდეს და მარტო სანქციებით ვერ მოხერხდება ეს.
_ რა თქმა უნდა, პირობითად თუ დასანქცირდა კობახიძე ან სხვა რომელიმე „ქართული ოცნების“ წევრი, ამით რა ქვეყანას ან ხალხს? რა იცვლება? ზარალდება კონკრეტული პიროვნება და არც პოლიტიკური რეალობა იცვლება, არც ქვეყნის მდგომარეობა და არც საზოგადოების.
_ პირობითად ვამბობ: მაგალითად, ოხანაშვილი დასანქცირდება თუ არ დასანქცირდება, ის შევა თუ ვერ შევა აშშ-ში, ეს არჩევნებს მოგვაგებინებს? ნამდვილად ვერ მოგვაგებინებს. ეს უბრალოდ მისთვის იქნება დამაზიანებელი. მთავარი გასაკეთებელი აქ გვაქვს ჩვენ.
_ ბატონო სერგო, მნიშვნელოვანი საკითხია ემიგრაცია და დამეთანხმებით, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კვლავ რჩებათ მთავარი პრობლემა და ეს არის ხმის მიცემა. როგორ და რა ხერხით აპირებს ოპოზიცია, რომ დაიცვას თითოეული ემიგრანტის ხმა, მათ თავისუფლად მიეცეთ საშუალება, 26 ოქტომბერს დააფიქსირონ თავიანთი ხმა და გააკეთონ არჩევანი? ამ კუთხით თუ დაიწყო ოპოზიციამ მუშაობა?
_ ემიგრანტების ხმები ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ მილიონამდე მოქალაქეა გასული საქართველოდან, საუბარი მაქვს შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებზე. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად, შარშანაც და შარშანწინაც, 120 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ეს არ არის პატარა ციფრი. სამწუხაროდ, საქართველო იცლება ჯანსაღი, ენერგიული, მოაზროვნე ადამიანებისგან. მათი უდიდესი ნაწილი არის ოპოზიციურად განწყობილი, ამიტომ მათი ხმების მობილიზაცია მნიშვნელოვანია. ერთია ის, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება არის ხმის მიცემა, თავისი კანდიდატის არჩევა და ხმის მიცემა თავისი ქვეყნის განვითრებული მომავლისთვის, და მეორე, ძალიან მნშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება არჩევნებში მათი ხმები. გიდასტურებთ, რომ ამ კუთხით ოპოზიციურ პარტიებს მუშაობა დაწყებული გვაქვს და ოპოზიციურ ფორმატში პარტიებს შორის საკოორდინაციო მექანიზმიც არსებობს.
რაც შეეხება ემიგრანტებს, ძალიან ბევრი ემიგრანტის დიდი ჯგუფები გვაქვს დაიდენტიფიცირებული და შექმნილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ვართ აქტიურ კონტაქტზე. ასევე შექმნილი გვაქვს ჯგუფები, რომლებიც დაეხმარებიან ადამიანებს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ ან თუ რამე პრობლემა აქვთ, დროულად მოაგვარონ დარეგისტრირების საკითხი. როგორც ვიცი, პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიც მუშაობენ ამ საკითხების შესახებ, მაგრამ ჩვენი კოალიცია (სტრატეგია აღმაშენებელი და „ნაციონალური მოძრაობა“) აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. კვლევები გვაქვს ჩატარებული, ყველა ქვეყანაში გვყავს აქტიური ემიგრანტები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში აორგანიზებენ ჯგუფებს, ჩვენ მათ ვეხმარებით. თითქმის ყოველ კვირას ონლაინ შეხვედრები გვაქვს ასეულობით ემიგრანტთან და ვაიდენტიფიცირებთ იმ საკითხებს, რომლებიც უნდა მოგვარდეს.
ყველაზე დიდი დასარწმუნებელი არის ის ემიგრანტების ჯგუფები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ დარეგისტრირების შიში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თუ ისინი დარეგისტრირდებიან, მოხდება მათი იდენტიფიცირება ან დარეპორტება, ვგულისხმობ არალეგლურად მყოფებს, მაგრამ ეს არის ტყუილი შიში. ამაზე იხარჯება დიდი ენერგია, დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ ასე არ არის. ჩვენ კონტაქტი გვქონდა და ეს ინფორმაცია დადასტურებულია როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში, რომ მათ არ აინტერესებთ, თუ ვინ მივა საარჩევნო უბნებზე, რომ დაუყარაულდნენ და მერე გამოადეპორტონ, არ არსებობს, ამის ნულოვანი შანსია, რადგან ისინი სხვა მექანიზმებით მუშაობენ იდენტიფიცირებისთვის და არა იმით, რომ ადამიანი რაღაც მახეში გააბან. ამიტომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი. ჩვენი კოალიცა, ისევე როგორც სხვა პარტიები, აქტიურად ვმუშაობთ.
იმის ილუზია არ გვაქვს, რომ პრობითად მილიონი ემიგრანტიდან მილიონივე მივა და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ სულ მცირე ჩვენ გვინდა, რომ გავაოთხმაგოთ, გავახუთმაგოთ ის მონაცემები, რაც იყო წინა არჩევნებაზე. 60 ათასზე მეტი ადამიანი კი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩენებზე მივიდა და ხმა მისცა 12-მა თუ 13-მა ათასმა ადამიანმა საზღვარგარეთ, რაც ძალიან პატარა ციფრია, მაგრამ ამას თუ გავაოთხმაგებთ და 100 ათასამდე ავიყვანთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, _ დამატებით 5% იქნება ამომრჩევლების. ამაზე აქტიურად მუშაობს ოპოზიცია, თუმცა, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, დამატებით უბნებს არ ხსნის და ათას პრობლემას ქმნის, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა კანონს არღვევს. მიუხედავად ამისა, სადაც არის რეგისტრაციის საშუალება, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველას, რომ მივიდნენ იმ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
_ არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს სიახლე, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული წესით ხმის მიცემას. მოგეხსენებათ, აქამდე, როცა საარჩევნო უბანზე მიდიოდა ადამიანი, განსაკუთრებით რაიონში, გარკვეულწილად, მაინც დიდ დაბნეულობას იწვევდა არსებული წესები, მით უმეტეს ახლა, როცა საქმე ეხება ელექტრონულად ხმის მიცემას. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ხალხი, თავიანთი ამომრჩეველი, გადაამზადოს? ვგულისხმობ ინფორმაციულ ცოდნას, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ადამიანმა შეცდომა არ დაუშვას.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე დაწყებულია მუშაობა, მეტიც, ყველა უბანში იდენტიფიცირებული გვყავს, თუ ვინ იქნებიან კომისიის წევრები, დამკვირვებლები და ა. შ. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა, რომელიც არ ჩანს და იგი, ფაქტობრივად, ბოლოშია გასული. ამის შემდეგ, როდესაც ყველა უბანზე გვეყოლება შესაბამისი გუნდი, დაიწყება იმ ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა, რასაც ჰქვია ელექტრონული წესით ხმის მიცემა. ჩვენ ამომრჩეველს დეტალურად უნდა ავუხსნათ წესები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა უნდა გააკეთონ, რატომ არის მნიშვნელოვანი და ა. შ. უნდა დავამსხვრიოთ საზოგადოებაში ის სტერეოტიპი, რომ თითქოს ელექტრონული წესით რახან ხდება ხმის მიცემა, ამას დაინახავს ხელისუფლება, თუ ვინ ვის აძლევს ხმას. ამის პროპაგანდას ხელისუფლებაც ეწევა, რომ აი, მე მაინც გავიგებ, თუ ვის მიეცი ხმა. ამ კუთხითაც ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამომრჩეველთან.
ჩვენ წინასაარჩევნო კამპანია თებერვალ-მარტში უკვე დაწყებული გვქონდა. 20-მდე მუნიციპალიტეტი შემოვიარეთ, შევხვდით მოსახლეობას, იყო ადგილობრივი პრობლემები ფასებზე, ინფრასტრუქტულ პრობლემებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს კამპანია დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით. ივლისი მთლიანად უნდა გამოვიყენოთ ინფრასტრუქტურის ასაწყობად, გასამზადებლად, ადამიანების დასატრენინგებლად, მოტივირებისთვის, რომ უშუალოდ აქტიური კამპანია როდესაც გაეშვება, ეს ყველაფერი მზად იყოს _ ფაციფუცი არ დაგვჭირდეს ყველაფრის მოსაგვარებლად.
_ ბატონო სერგო, არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, მოგვევლინოს ოპოზიციის ლიდერად. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ეს?
_ ამაზე ბევრი მოსაზრებაა, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, სად იქნება და რა დოზით იქნება ჩართული. ჩვენ ხომ მის მაგივრად ვერ ვისაუბრებთ? ის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებში აქტიურად არის ჩართული, ჩვენც დავეთანხმეთ, ხელი მოვაწერეთ „ქართულ ქარტიას“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა იქნება პირველი ნაბიჯები. ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: რასაც ვხედავ არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილს თან სურს პროცესებში ჩართვა, მაგრამ თან ცოტა დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან და მათ შორის პოლიტიკური პარტიებისგანაც. ამიტომ ვერ გეტყვით, რა დოზით ჩაერთვება ის ამ პროცესში. ზოგადად, ვიცით, რომ პრეზიდენტი პარტიის მხარე ვერ იქნება, კონსტიტუციით.
_ დაბოლოს, ყველა ხელისუფლება არჩევნების წინ ყოველთვის გადატრიალებაზე საუბრობს ხოლმე და ამას მიჩვეულებიც ვართ. თუ ხართ სცენარების მოულოდნელი განვითარებისთვის მზად?
_ რა თქმა უნდა, იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს მისცემს მშვიდად საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას, ნამდვილად არ გვაქვს. ამისთვის მზად ვართ, ისინი გადმოვლენ როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე არაა გამორიცხული, დამონტაჟებული ჩანაწერები გამოაგდონ. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ძალიან ძნელია ხანდახან ფეიკი თუ ავთენტიკური მასალის განსხვავება, შეიძლება ამას თვეებიც კი დასჭირდეს. ამიტომ ამაზეც კამპანიაში გვაქვს გათვლილი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები სიმართლეში. თქვენ თქვით, რომ საზოგადოებაც მიეჩვია ამ ყველაფერს და მგონი, საზოგადოებაც ნელ-ნელა ვიზრდებით ამ მხრივ, რომ ამ გამოყრილ ფეიკჩანაწერებს ყურადღება არ მივაქციოთ. ასეთი ჩანაწერები ვისზეც არ უნდა იყოს, ხელისუფლების წარმომადგენლებზეც რომ იყოს მსგავსი რამ, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, თუმცა მათზე ვერ იქნება, რადგან ისინი შვრებიან ამ ყველაფერს. ვისზეც არ უნდა იყოს, ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოება უნდა გაიზარდოს და ხმამაღლა თქვას, რომ ეს არის არაკანონიერი, ეს არის სიყალბე და არანაირი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს ჩვენს ემოციებზე, განწყობებზე. არ არსებობს არაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ არ იკადრებს, არ არსებობს არაფერი,, რაზედაც „ქართული ოცნება“ არ წავა.