- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-10 08:40:05
შორენა მარსაგიშვილი
რატომ შეცვალა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის თავმჯდომარე? შემცირდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვანო მერაბიშვილის გავლენები? რა პროვოკაცია ელოდება „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ და რისთვის უნდა იყოს მზად ხელისუფლება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე:
_ ბატონო პეტრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეცვალა პარტიის თავმჯდომარე, _ ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ ჩაანაცვლა. თქვენი აზრით, წაადგება „ნაციონალების“ რეიტინგს თავმჯდომარის შეცვლა?
_ დიდად შეიძლება არ წაადგეს. „ნაციონალური მოძრაობა“ სპეციფიკური პარტიაა, მათ საკუთარი რეიტინგი საერთოდ არ გააჩნიათ, არც ჰქონიათ. ადამიანები, როცა ამ პარტიას ხაზავდნენ, ხმას აძლევდნენ მიხეილ სააკაშვილს. ეს საქართველოდან სააკაშვილის გაქცევის შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთა. ლევან ხაბეიშვილი მართლა მოსაშორებელი იყო პარტიის თავმჯდომარეობიდან. ის ჯამბაზის სახეს ქმნიდა ეკრანებიდან. ერთხელ ერთმა ადამიანმა, რომელიც „ნაცებთან“ დაახლოებული ფიგურაა, მითხრა, ხაბეიშვილი პარტიაში ყველას „ეპაზორებაო“. ეს თქვენთან ინტერვიუშიც ვთქვი ადრე. მაშინ იბადება კითხვა, _ საერთოდ რატომ აირჩიეს იგი? არჩევის დროს გამოვიდა ხმა, რომ ხაბეიშვილი იყო ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის კანდიდატურა. მერაბიშვილის ხელწერა საერთოდ ასეთია: მისთვის მხოლოდ ის ადამიანია მისაღები, რომელიც ულაპარაკოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, შეასრულებს მის დავალებებს. ამ მხრივ ვანოს ხაბეიშვილი აწყობდა. რეიტინგი და სხვა რაღაცები მისთვის იმ მომენტში საინტერესო არ იყო, ასე მოქმედებდა, როცა იყო შს მინისტრი და შემდეგ უკვე პრემიერი.
პარტიაში კარგა ხანია უნდოდათ ხაბეიშვილის ჩანაცვლება. ეძებდნენ საბაბს, თუ როგორ შეიძლებოდა მისი შეცვლა. საბოლოოდ, გამონახეს კონსენსუსი იმაზე, რომ ხაბეიშვილს რეაბილიტაცია სჭირდება, რაც ტყუილია. ადამიანი სულ რამდენიმე დღეში გამოვიდა საავადმყოფოდან და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო. აქციების მიმდინარეობის დროს იგი აგრესიულად და ხელების ქნევით შეიჭრა პოლიციის რიგებში. მაშინ ვთქვი, ხაბეიშვილი საფრანგეთში რომ ყოფილიყო და იქ გაეკეთებინა ასეთი რამე, ორი თვე მართლა ვერ გამოვიდოდა საავადმყოფოდან. იქ პოლიციას ხელით რომ შეეხო, ეგრევე დაგანარცხებენ სახით ასფალტზე. ასეთ სიტუაციაში ქალებსაც კი არ ინდობენ. იქ ამით პოლიცია კანონს არ არღვევს. იქ კანონში წერია ასე.
_ პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას დანიშვნა შეცვლის რამეს? რატომ შეარჩიეს მისი კანდიდატურა?
_ ამ მხრივ თინა ბოკუჩავას აღზევება საერთოდ არ გამკვირვებია. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის „ენდიაის“ კადრი. ის მუშაობდა „ენდიაის“ თბილისის ოფისში. ამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე წავიდა. 2012 წელს საქართველოში იმყოფებოდა „ენდიაის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. Iგი გაეცნო, რას აკეთებდა ადგილობრივი ოფისი, თქვა, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ვაშინგტონს და თბილისის ოფისი აქციეს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების სამჭედლოდ. ამის გამო ის ლუის ნავაროს, რომელიც თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა, ხელითაც კი შეეხო. იმ „ენდიაიდან“ მოდის თინა ბოკუჩავა. მას აქვს ძალიან კარგი ურთიერთბა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. მას აქვს გარკვეული შესაბამისი მომზადება და ეს ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრ ანა წითლიძის განცხადებებიდანაც კარგად გამოჩნდა. წითლიძემ დღისით-მზისით თქვა, ჩვენი ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური, რადგან ის დასანქცირებულია ვაშინგტონიდანო. სად არის სანქციები და ვინაა დასანქცირებული, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია თავად ეს განცხადება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სახე, აცხადებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საზომი არის არა სამართლიანი არჩევნები, არამედ სხვა ქვეყნისგან სანქცია არის თუ არა. სხვა ქვეყანაში ასეთი განცხადება იქნებოდა პოლიტიკოსის პოლიტიკური სიკვდილი. თინა ბოკუჩავა, რომელიც ზუსტად ასე ფიქრობს, ამას ხმამაღლა არასდროს იტყვის. მან ნამდვილად იცის, რა უნდა თქვას. ის ამბობს: თავისუფლება, დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები და ა. შ. სხვა საქმეა, რას გააკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ბოკუჩავა, ხაბეიშვილისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მისაღებია უცხოელებისთვის, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის. ხაბეიშვილი „ნაციონალებს“ უცხოელებთან თავს ჭრიდა.
_ თავიდან ვერ მიხვდნენ, რომ დასავლეთთან ხაბეიშვილი არ გამოადგებოდათ? თუ მთავარი იყო მერაბიშვილის გადაწყვეტილება?
_ იმ დროს, როცა ხაბეიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს სხვა წონა ჰქონდათ. მაშინ პარტიამ მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. „ხაბეს“ ძლიერი პოპულისტური გამოსვლებიც ჰქონდა. მას შეეძლო გადმომდგარიყო პარლამენტის ფანჯრიდან და ეყვირა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გამოუშვებენ, მე შევიჭრები კლინიკაში და გამოვიყვან იქიდანო.
_ ამ სულისკვეთების მისი სხვა განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით ერთი აქციაც კი არ გამართა.
_ მან მშვენიერი გამოსავალი ნახა ამ მიმართულებით. საქალაქო სასამართლოში მიშას მორიგი სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, _ აბა, ახლა ყველანი მივდივართ პარტიის შტაბ-ბინაშიო. ეს იყო ძალიან ზუსტი გათვლა. სასამართლოდან აეროპორტის გზატკეცილამდე ვერავინ ივლიდა. ასე ოსტატურად მოიშორა ხაბეიშვილმა სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი.
_ რაკი ხაბეიშვილი მერაბიშვილის კადრი იყო და ჩაანაცვლეს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილმა პარტიაზე გავლენა დაკარგა? ზემოთ თქვენც თქვით, პარტიაზე მისი გავლენები შესუსტდაო.
_ მერაბიშვილი არსად აღარ ფიგურირებს, ისევე როგორც კეზერაშვილი. აღარც კეზერაშვილი ამბობს რამეს საქართველოსთან დაკავშირებით. ადრე კეზერაშვილი ღია წერილებს წერდა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, უწერდნენ, მაგრამ მისი სახელით ვრცელდებოდა. ახლა ხმას აღარ იღებს, არც მის სახელს ახსენებენ „ნაციონალები“. მერაბიშვილზეც არაფერი ისმის. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში უფრო რეალისტურად უყურებენ არსებულ ვითარებას. წინ არჩევნებია და ხაბეიშვილის რეაბილიტაცია გამოიყენეს მის შესაცვლელად. შეიძლება აჯობეს კეზერაშვილს, შეიძლება დაარწმუნეს.
_ დიდი ალბათობით, დაარწმუნეს, ჯობნით ვერ აჯობებდნენ, ფინანსები მის ხელშია.
_ ალბათ, უფრო დააჯერეს. მეც ვარ ასეთი საუბრების მომსწრე. ამბობდნენ, ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ, განა, ცუდი ბიჭია ხაბე, მაგრამ არ გამოდის, ანეკდოტივით არის ხალხში, საჭიროა პარტიის თავმჯდომარე უფრო სერიოზული იყოსო.
_ ზემოთ ახსენეთ სანქციები. სანქციებთან დაკავშირებით ბევრი განცხადება მოვისმინეთ. ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ ძალოვანი მინისტრები დაასანქცირეს, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში წასულა და არანაირი სანქციები არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ? არ ფლობდნენ ოპოზიციონერები ინფორმაციას, თუ შეგნებულად გაავრცელეს ტყუილი?
_ ჩვენ ვცხოვრობთ სულ სხვა ეპოქაში, სადაც მთავარია იმ მომენტში რაღაც თქვა, თუნდაც ხვალვე რომ გაირკვეს, რომ ეს ტყუილია და არაფერს ნიშნავს. მთავარია, ხომ თქვი. ეს არის ძალიან სპეციფიკური მდგომარეობა. 10-15 წლის წინათ მსოფლიოში ასეთი ვითარება არ იყო. ახლა ჩვენ ვართ პოსტჭეშმარიტების ეპოქაში, სადაც სიმართლე აღარ არსებობს და მხოლოდ ცალკეული პიროვნებების აზრებია წინა პლანზე. რაც არ უნდა ტყუილი თქვა, ეს არაფერს ცვლის, ეს ნათქვამი დარჩება. „ნაციონალებიც“ ასე იქცევიან _ ტყუილს ასაღებენ სიმართლედ. მერე ირკვევა, რომ ეს ტყუილია, მაგრამ არაფერი იცვლება. გარკვეული წრეებისთვის კი ხდება ცნობილი, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მასა იჯერებს ამას. ასეთი განცხადებებიც სწორედ მასაზეა გათვლილი. ეს ხდება დასავლეთშიც. ცოტა ხსნის წინ ნიკა გვარამია მიიწვიეს ევროპარლამენტში. დააყენეს ტრიბუნასთან და მის გარშემო დადგნენ ევროპარლამენტარები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გვარამია არის საქართველოს ოპოზიციის ლიდერი, რომელიც საქართველოში იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას და განსაკუთრებით მედიის თავისუფლებაზე ზრუნავს. ეს ყველაფერი იყო შემზარავი ტყუილი. იმით დავიწყოთ, ოპოზიციის რომელი ლიდერია ნიკა გვარამია? ყველაზე მეტად საინტერესო იცით, რა არის? ერთი თვეც არ იყო გასული იმ მომენტიდან, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოს განაჩენი გვარამიას მიმართ იყო ობიექტური, სამართლიანი და სწორი.
ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ გამორიცხული იყო ასეთი ადამიანის ევროპარლამენტის ტრიბუნაზე გამოჩენა. გვარამიას მაგვარი ადამიანის მიწვევა იქ არ მოხდებოდა და მასთან ერთად სურათის გადაღებაც არავის მოუნდებოდა. მაშინ არსებობდა რეპუტაციის დაზიანების ცნება. იმიტომ არა, რომ მაშინ ყველა კარგი და იდეალისტი იყო. უბრალოდ, მაშინ არსებობდა პრინციპი _ წინ დაგხვდება შენი ნაბიჯები. ახლა ეს აღარ არის და აღარ აინტერესებთ. ევროპარლამენტარების ჯგუფს იმ მომენტში გვარამიას განცხადება სჭირდებოდა და ეს გააკეთა. საბოლოო ჯამში, ადამიანებს მაინც უცრუვდებათ ნდობა. საზოგადოება აღარ ენდობა პოლიტიკურ ელიტებს. ასე მოხდა დასავლეთში.
_ ეს ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა.
_ ევროპაში პოპულიზმის ზრდა არის შედეგი იმისა, რომ საზოგადოებას ასეთი განწყობა აქვს პოლიტიკოსების მიმართ, _ ერთი, მაგათიც. იგივე დამოკიდებულებაა ფინანსური ელიტების მიმართაც. საბოლოო ჯამში, ეს მოიტანა პოსტსიმართლის ეპოქამ.
_ ამერიკულ სანქციებსა და ამერიკაში გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტს დავუბრუნდეთ. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გვითხრა, რომ ლილუაშვილი ამერიკაში ბიძინა ივანიშვილმა გააგზავნა, რაღაცები რომ მოუგვაროსო. რას ფიქრობთ ამაზე?
_ არაფერი გასაკვირი და უცნაური არ არის იმაში, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში გაემგზავრა. სუსის უფროსი რომ იქ წავიდა, ეს სულაც არ მიშნავს იმას, რომ ის ივანიშვილს რაღაცას უგვარებს. ეს ვიზიტი შესაძლოა, წმინდა საქმიანი იყოს. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვთ კავშირები ერთმანეთთან. ტარდება ერთობლივი ოპერაციები და სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ერთობლივი ძალებით აპატიმრებენ ტეროროსტებს. ამერიკაში ლილუაშვილის ჩასვლა რატომ გახდა სალაპარაკო? რუსეთსა და ამერიკას შორის საშინლად გამწვავებული ურთიერთობაა და, ამის მიუხედავად, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები დღემდე არ არიან დასანქცირებულები ამერიკაში.
_ ამის ნათელი დადასტურებაა შეერთებულ შტატებში რუსეთის შს მინისტრის ჩასვლა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
_ კი ბატონო. ახლახან იყო ჩასული იქ კალაკოლცევი. ძალოვნები ერთმანეთთან რაღაც კავშირებს ინარჩუნებენ. რუსეთი ორ წელზე მეტია, სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკელები რუს ძალოვნებს ღებულობენ და ელაპარაკებიან. ასე რომ, გრიგოლ ლილუაშვილის ამერიკაში ჩასვლა არის ჩვეულებრივი ამბავი. ცალკე თემაა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ არის დაწესებული. ამაზრზენ ფაქტად და ლაქად დარჩება ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების ამბავი. ამერიკას ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.
_ რატომ დარჩება ამაზრზენ ფაქტად ეს ამბავი?
_ ეს დასანქცირება მოხდა პოსტჭეშმარიტების ეპოქის შესაბამისად. არ ამბობენ, რა დააშავეს ისეთი, რომ სანქციები დაუწესდათ. არავინ ახსნა ის ფაქტი, რატომ გაიზარდა საერთაშორისო დონეზე საქართველოს სასამართლოს მიმართ ნდობა. გაიზარდა ისეთ მაღალ დონეზე, რაც არასდროს ყოფილა საქართველოში. სააკაშვილის დროს საქართველოში სასამართლო საერთოდ არ იყო. ახლა ჩვენი სასამართლოს ნდობა იმდენად გაიზარდა, რომ მან გადააჭარბა ევროკავშირის ქვეყნების სასამართლოების ნდობას. ამ მომენტს ელოდებოდა ამერიკა, რომ ჩვენი მოსამართლეები დაესანქცირებინა? როგორ მოხდა ისე, რომ არცერთი უკრაინელი მოსამართლე არ არის დასანქცირებული? წესით და რიგით, ამერიკას უკრაინელი მოსამართლეები უნდა დაესანქცირებინა. არავისთვის უცხო და დამალული არ არის, რა საშინელი კორუფციაა უკრაინაში. ამას თავად უკრაინაც აღიარებს. პირდაპირ ქრთამის აღების ფაქტზე იჭერენ მოსამართლეებს.
_ უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა დაჭერილი ქრთამის აღების ფაქტზე.
_ მერე რა? ამერიკას ამ მოსამართლისთვის სანქციები არ დაუწესებია. სამაგიეროდ, დაასანქცირა ლევან მურუსიძე და კიდევ სამი მოსამართლე. ასე არ შეიძლება. თუ ასანქცირებ, მიზეზიც უნდა თქვა, რატომ დაასანქცირე. თუ ვინმე უნდა დაესანქცირებინათ, ესენი იყვნენ უკრაინელი მოსამართლეები. თავად ამერიკული პრესა წერდა და წერს, რომ უკრაინის სასამართლო არის თავიდან ბოლომდე კორუმპირებული. იგივეს წერს უკრაინული პრესაც. ამაზე საუბრობენ უკრაინელი პოლიტიკოსები.
_ უკრაინაში მარტო სასამართლო არ არის კორუმპირებული. რაც არ უნდა გვიყვარდეს უკრაინა და რაც არ უნდა ვგულშემატკივრობდეთ ამ მაგარ ხალხს რუსეთთან ომში, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში კორუფცია არნახულ მასშტაბებზეა.
_ ამაზეც წერდნენ ამერიკული გამოცემები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამას. გავლენიანი ამერიკული პრესა იმასაც წერდა, რომ ამერიკელების ეგიდით შექმნილი ანტიკორუფციული კომიტეტი ანდრეი ერმაკის დაქვემდებარების ქვეშ გახდა კორუფციის ძირითადი წყარო. ერმაკი არეგულირებს ყველაფერს, სად მიდის კორუფციული ნაკადები. არადა, ამ უწყებას კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. ერმაკი დასანქცირებული არ არის. ის ახლახან იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით. ეს აჩენს უსამართლობის განცდას.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდა ჩემი მეგობარი. ეს ადამიანი ნამდვილი ინტელექტუალია, სერიოზული ფიგურაა. ყველაფერს თვალს ადევნებს და საქმის კურსშია, რა ხდება და არც გამოცდილება აკლია. მიყვებოდა რაღაც ამბებს ამერიკაზე. და იცით, რა ხდება? _ კატასტროფა. მან მითხრა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამერიკაში პოლარიზაციამ რა დონეს მიოაღწია. ვერ წარმოიდგენთ, ამერიკაში რა დონეზეა ასული სიძულვილის ენაო. სიები ქვეყნდება იმათი, ვინც საჯარო სამსახურშია და ტრამპს უჭერს მხარს. განსხვავებული აზრის გამოთქმა უკვე შეუძლებელია.
_ ცოტა დაუჯერებელია, რომ ამერიკაში ასეთი რამე ხდება.
_ ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ასეთია რეალობა. აბორტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგიც კი აღარ არის. განსხვავებული აზრი რომ წამოგცდეს, ეს იწვევს პირდაპირ შეტაკებას. ფეხქვეშ ითელება ძირითადი ფასეულობები, რაზედაც დგას ამერიკა. იგი, ფაქტობრივად, ინგრევა. ეს იმის ბრალია, რომ სასამართლომ იმუნიტეტი მიანიჭა პრეზიდენტს, სწორედ იმიტომ, რომ ექვსი მოსამართლე ტრამპის დანიშნილია და ერთი მათგანი მთავარი ტრამპისტია. ტრამპისტი მოსამართლე თავს ვერ წევდა მაღლა, ამ შემზარავ რაღაცას რომ კითხულობდა. ამ კანონით ნიქსონი არ უნდა წასულიყო. მის წინააღმდეგ იმპიჩმენტი არ უნდა დაეწყოთ. ამ კანონის თანახმად ნიქსონს არაფერი დაურღვევია. მასაც და სხვებსაც იმუნიტეტი დაიცავდა. ახლა ეს გააკეთეს. გააკეთეს იმიტომ, რომ 6 იანვრის მოვლენების გამოძიებას დაეკარგოს ყოველგვარი აზრი.
ამერიკიდან ჩამოსულმა მეგობარმა მითხრა, რომ ფაქტობრივად სახლი თავზე გვენგრევა, ჩვენ გარშემო ყველაფერი იწვის და ამ დროს ამერიკელი პოლიტიკოსები იმისთვის იცლიან, რომ ოკეანისგაღმა საქართველოს პრობლემები განიხილონ, სადაც ისეთი არაფერი ხდება. იქ იღებენ კანონს, რომლის მსგავსი ამერიკას უკვე მიღებული აქვს. იმის მაგივრად, რომ ამერიკაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკონ, საქართველოზე გადააქვთ ყურადღება. ეს ხომ მარაზმიაო. ჩემი ამერიკელი მეგობარი, წლების მანძილზე საქართველოში მუშაობდა და კარგად იცნობს აქაურობას. მისი თქმით, ამერიკაში ლიბერალიზმის ეპოქა დასრულდა, რადგან ლიბერალიზმმა შეჭამა ყველა ფასეულობაო. ლიბერალიზმი ტოლერანტობას გულისხმობს პირველ რიგში. ამერიკაში კი დღეს ტოლერანტობა შეცვლილია სიძულვილის ენით. აბა, თქვი, რომ არ ხარ მომხრე ლგბტქ აღლუმების ჩატარების, ვერ გადარჩები ლიბერალებს. რომ თქვა, არაფერს ვერჩი სექსუალურ უმცირესობებს, დაცული უნდა იქნას მათი უფლებები, მაგრამ ვეწინააღმდეგები აღლუმს და ღია პროპაგანდას, ჩაგქოლავენ. დამთავრებულია შენი მოღვაწეობა, რისხვას ვერ გადაურჩები. ასეთი რაღაცები ხდება ამერიკაში და ამერიკა იცლის იმისთვის, რომ საქართველოში მიღებულ კანონებს დაუთმოს ამხელა ყურადღება.
_ ეს გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ამერიკა მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს საქართველოზე, რომ ყურადღების გადატანა უნდა? თუ ასეთი პრობლემები აქვთ, ჩვენთვის, წესით, არ უნდა ეცალოთ. თან წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები ელოდებათ.
_ საქმეც ის არის, რომ ჯერჯერობით სცალიათ ჩვენთვის. განსაკუთრებით რაღაც ჯგუფებმა მოიცალეს საქართველოსთვის. დღე-დღეზე ველოდები, რომ ბაიდენი მოიწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას და იქ განიხილავს ამ ჩვენს კანონს. ამის შესახებ ჩემს ამერიკელ მეგობრებსაც ვუთხარი. ამ კანონს ამერიკაში დასავლური ცივილიზაციისთვის მომაკვდინებელ დარტყმად მიიჩნევენ. ამერიკელები ამაზე ბევრს იცინიან.
_ ბოლო პერიოდში აღარ ახსენებენ ამერიკელები ამ კანონს ისე აქტიურად, როგორც აქამდე.
_ ეს ყოველთვის ასე ხდება. როცა რეალური არ არის საფრთხე და მხოლოდ პიარაქციაა, შეიძლება სამ დღეში დასრულდეს. გახსოვთ სააკაშვილის „წამების“ ამბავი? მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობდა, როგორ აწამებდნენ და აშიმშილებდნენ მიშას. ამერიკული წამყვანი გამოცემები წერდნენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღეები დათვლილია. მერე უცებ ჰოპ და არაფერი _ გამოჯანმრთელდა მიშა და მშვენივრადაა. რატომ არაფერი აღარ დაწერა ამაზე ამერიკულმა პრესამ? მანამდე ყველა ნომერში იმას უსვამდნენ ხაზს, რომ სააკაშვილი კვდებოდა. თემამ ჩაიარა და მორჩა. ახლა გადავიდნენ სხვა რამეზე. ეს არის ის, რასაც გვკარნახობს სოციალური ქსელები. ყველაფერი გათვლილია ლაიქებზე და გაზიარებებზე. ამ ლაიქებმა და გაზიარებებმა ყველაფერი შეცვალა მთელ მსოფლიოში. ამაზე კლასიკური ნაშრომებია შემოსული. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ლაიქები და გაზიარებები მთელ მსოფლიოს გააერთიანებდა სოციალურ ქსელებში. ამან გაერთიანების მაგივრად გამოიწვია ისეთი დაპირისპირება, ისეთი ჯგუფებად დაყოფა, რომ ვერ წარმოიდგენთ. ინტერნეტში ჩვეულებრივი ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული. ღიად მოედინება ზიზღისა და სიძულვილის ენის ნაკადები.
_ ისევ ქართულ რეალობას დავუბრუნდეთ. წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. ბევრი ფიქრობს, რომ ამ არჩევნებით არაფერი შეიცვლება და პარლამენტს ისევ „ნაცები“ და „ქოცები“ გაინაწილებენ. თქვენც ასე გგონიათ?
_ წესით, ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს. „ნაცების“ გამარჯვება გამორიცხულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და საღად მოაზროვნე ადამიანები სიმტკიცეს შეინარჩუნებენ. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნებაც. იმიტომაა ეს საჭირო, რომ პროვოკაციები იქნება. დეზინფორმაციის ნაკადი იქნება ძალიან დიდი. დასავლეთის გარკვეულ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ ამაზე. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები თავის ადმინისტრაციებთან არიან დაკავშირებულები და უგზავნიან მათ ანგარიშებს. ხშირად ვკითხულობ ამ ანგარიშებს საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოში ეს არჩევნები იქნება გაყალბებული. ხელისუფლება მათ გააყალბებს. არჩევნები რომ გაყალბდება, ამაზე აღარ მსჯელობენ. დარწმუნებით ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდება. ამას ღებულობენ, როგორც ჭეშმარიტებას.
_ რატომ ღებულობენ ამას, როგორც ჭეშმარიტებას?
_ იმიტომ, რომ ასე უნდათ. შესაბამისად, დასავლეთის ლიდერებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადონ, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია. ამ ფრაზამ შემზარა _ დამკვირვებლების დასკვნას და ცესკოს ანგარიშსაც კი არ ელოდებიან, პირდაპირ აპირებენ იმის გამოცხადებას, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდება, როგორც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა. როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირდაპირ მიულოცა სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება. არადა, ჯერ ხმები ბოლომდე არ იყო დათვლილი.
_ ამბობენ, მაშინ ბუშს რომ არ ეჩქარა, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები სხვანაირი შედეგით დასრულებულიყოო.
_ შედეგი დიდად არ შეიცვლებოდა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ბუში არჩევნების შედეგებს არ დაელოდა და ასე მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. არ მგონია, ეს შეგნებულად გააკეთა. მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა მოიგო არჩევნები. ასეთი რამე დაემართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც. მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს. არადა, იანუკოვიჩი არჩევნებში დამარცხდა. ეს რუსეთის პრეზიდენტის დიდი სირცხვილი იყო. ამაზე პუტინს განმარტებებიც კი ჰქონდა. თქვა, მაგიდაზე დამიდეს ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩი გამარჯვებულიაო. არადა, მან არჩევნები წააგო. ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები.
ამ შემთხვევაში საქართველოსთვის სხვა სცენარი იწერება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა, საქართველოში ის გამოცხადდება გაყალბებულად. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ, როგორც თავად ამბობენ, უნდა შეიცვალოს რეჟიმი.
_ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ოპოზიციაში რომ არ ჩანს ის ძალა, ვინც უნდა მოვიდეს?
_ ამას აღარ უყურებენ. მთავარია, „ქართული ოცნება“ წავიდეს და იყოს, რაც იქნება. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ. პროვოკაციები აუცილებლად იქნება. ნებისმიერი საბაბი იქნება გამოყენებული. ზაფხული კი არის პოლიტიკურად მკვდარი სეზონი, მაგრამ ზაფხულშიც შესაძლებელია პროვოკაციები. ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე. ხელისუფლება ისეთ პროვოკაციას აღარ უნდა წამოეგოს, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“.