- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-06-13 08:02:27
გიგა გელხვიიძე
რუსული კანონი მიღებულია, „ქართული ოცნება“ _ დასანქცირებული, ქვეყნის მასშტაბთ კვლავ დასდევენ ოპონენტებს, სცემენ სტუდენტებს და ცდილობენ, კიდევ უფრო მეტი მავნებლური კანონი შემოიღონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ეს არის რეალობა, რომელიც ახლა საქართველოშია!
სწორედ ამ და სხვა სამომავლო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის ლიდერ ბექა ლილუაშვილს:
_ ბატონო ბექა, პირველ რიგში, უნდა გკითხოთ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ „ქართულ ქარტიაზე“, სადაც არ არის პარტია „საქართველოსთვის“ ხელმოწერა _ ისაუბრეთ იმაზე, რომ იზიარებდით ქარტიის პათოსს, თუმცა იყო კონკრეტული საკითხები, რის გამოც არ მოაწერეთ ხელი. უფრო დეტალურად რომ ავუხსნათ მკითხველს, _ „გახარიას გუნდის“ თავშეკავების მიზეზი ხელმოწერაზე რა არის?
_ ჩვენი პოზიციონირება პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით ყველამ იცის, სულ მხარს ვუჭერთ და ამ ნაწილშიც მხარს ვუჭერთ, როგორც ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომელიც დარჩა ქვეყანაში კონსტიტუციური ინსტიტუციებიდან. რაც შეეხება ქარტიას, იგი იმეორებს დიდწილად იმ რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც მოცემული და ასახულია ევროკავშირის 9 რეკომენდაციაში, უბრალოდ, შინაარსობრივად კიდევ უფრო აზუსტებს რაღაცებს, უფრო მეტ დეტალს დებს და ჩვენ ვთქვით, რომ ცხადია, ამ რეფორმების დღის წესრიგს ვიზიარებთ და ნებისმიერ კონფიგურაციაში მხარს დავუჭერთ მის განხორციელებას, პარლამენტში იქნება ეს, მთავრობაში თუ სხვაგან. ამ დღის წესრიგს ვიზიარებთ და ის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც აღწერილია დროებითი მთავრობისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხები, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ვთქვით. ჩვენ გვაქვს რიგი არგუმენტებისა, რის გამოც არ ვეთანხმებით ამას. პირველი ეს არის ის, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერით, დროებითი მთავრობის შემადგენლობა არ არის ბმაში პოლიტიკურ პარტიებთან, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ახდენს დროებითი მთავრობის შემადგენლობის ფორმირებას, _ ასეთი ფორმულირებები იწვევს პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხს.
_ სამართლებრივ ნაწილზე რომ ვისაუბროთ.
_ სამართლებრივ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 56-ე მუხლთან, სადაც ნდობის გამოცხადების პროცედურები წერია. სამართლებრივი თვალსაზრისით ამ ჩიხურ მდგომარეობას ქმნის.
_ პოლიტიკური ნაწილი?
_ რაც შეეხება პოლიტიკურს, ერთი მხრივ, მე, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, უნდა მივიდე კონკრეტულ მოქალაქესთან, ის დავარწმუნო ჩემს პროგრამაში, რატომ უნდა მისცეს „გახარიას პარტიას“ ხმა, რომ ის არის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების ერთ-ერთი შესაძლებლობა, რათა ორპოლუსიანობა დასრულდეს, რომ მაგალითად ეკონომიკური და სოციალური ნაწილი ჩვენი პროგრამის არის ყველაზე ოპტიმალური. შემდეგ ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ თუ ხელისუფლებაში მე ვიქნები და ჩემი წარმომადგენლობა იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მე ამას შევასრულებ და ბუნებრივია, ეს ადამიანი მოდის და მაძლევს ხმას. პასუხისმგებლობის ნაწილში ამ ადამიანის მიმართ, ფაქტობრივად, აღსრულების ბერკეტების გარეშე ვრჩები. ამიტომ, ერთი ის, რომ ეს არის გარკვეული სამართლებრივი ჩიხი; მეორე ის, რომ პოლიტიკურ პარტიას, ვის მიმართაც მოქალაქე ნდობას გამოხატავს, აღარ აქვს განხორციელების ინსტრუმენტი ასეთი ჩანაწერის პირობებში. რაც შეეხება ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნების ჩანაწერს, ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ერთ წელიწადში ის დღის წესრიგი მოსწრებადია თუ არ არის მოსწრებადი. ჩვენი აზრით ეს არ არის მოსწრებადი, რაც ქარტიაში წერია, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებიდან არის თვითმმართველობის არჩევნები, რატომ უნდა მივცეთ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად კიდევ რაღაც შანსები „ქართული ოცების“ პოლიტიკურ ძალას მაშინ, როდესაც ის საპარლამენტოში უკვე დამარცხებულია და თვითმმართველობის მთლიან კონტროლს ახორციელებს, როგორც ოპოზიციური პარტია? ეს მეორე ნაწილია. ამიტომ ამ საკითხებიდან გამომდინარე, რომელზეც ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ ამ საკითხებს უბრალოდ ვერ ვიზიარებთ, მაგრამ ეს ვთქვით მას შემდეგ, რაც კონსულტაციები გვქონდა პრეზიდენტთან, ჩვენი პოზიციები გავუზიარეთ და ასე შემდეგ. მაგრამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ნაწილს უბრალოდ ვერ ვიზიარებთ, რადგანაც ჩვენ არასოდეს არ გადაგვიდგამს ნაბიჯი, რომელსაც ვერ დავასაბუთებდით მხარდამჭერებთან. ამ საკითხს სუფთად პოლიტიკურად და სამართლებრივად რომ შევხედოთ, დასაბუთება არ აქვს. თუ დააკვირდებით იმ პოლიტიკური პარტიების შეფასებებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, ისინიც, გარკვეულწილად, არ ეთანხმებიან ამ ნაწილს და ა. შ. ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ ვდგამთ სანახევროდ. დოკუმენტზე, რაზედაც ჩვენი ხელმოწერა იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმ შეხედულებას ვიზიარებთ. ისე რატომ მოვაწერთ ხელს? ხელმოწერა მარტივია, პასუხისმგებლობის აღებაა შემდეგ რთული ამ ხელმოწერაზე. როგორც ჩანს, ვინც ხელი მოაწერა, მათ დიდად პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ალბათ, არ გააჩნიათ.
_ ზოგადად რომ შევაფასოთ სალომე ზურაბიშვილის როლი იმ პროცესებში, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და ასევე შემდგომ პროცესებში, რომელიც უკავშირდება არჩევნებს...
_ თქვენთანაც მისაუბრია ამ თემაზე: პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, გადამწყვეტი როლი ექნება წინასაარჩევნო სიტუაციასთან მიმართებით. ეს ქარტიაც ზოგადად წონას და მნიშვნელობას იძენს არჩევნების შემდეგ პერიოდში. ერთი მხრივ, ეს რაღაც თავისი ბოლო ნაწილით წინასწარ კოალიციის გამოცხადებას ნიშნავს და, მეორე მხრივ, იმ პერიოდს ეხება, როდესაც უკვე არჩევნები მორჩენილია ჩვენთვის, ოპოზიციისთვის სასარგებლო და ხალხისთვის მნიშვნელოვანი შედეგით, ანუ ხელისუფლების დამარცხებით და არაფერს ამბობს ამ კონკრეტულ ეტაპამდე, როგორ მივდივართ და ჩვენი ამომრჩევლების მიერ მოცემულ ხმებს როგორ ვიცავთ. სულ ვამბობდით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გადამწყვეტია განსაკუთრებით ხმების დათვლაში და წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ახლა მთელი ჩვენი რესურსებით, ორგანიზაციულითაც და პოლიტიკურითაც, გადართული ვართ სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე, ვმუშაობთ საზოგადოების ყველა ჯგუფთან, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან, რომ მათი ჩართულობა არჩევნების მსვლელობის პროცესში იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენი საშუალებით, ჩვენ მიღმა კიდევ ბევრი სხვადასხვა საშუალებით. ვიცი, რომ პრეზიდენტსაც აქვს შეხვედრები ახალგაზრდებთან სწორედ ამ მოტივით და ეს არის ის როლი, საბოლოო ჯამში, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს მოახლოებული არჩევნების პერიოდში.
_ „ქართული ოცნება“ დასანქცირდა, რაც მოსალოდნელიც იყო იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდებოდა აშშ-ის მხრიდან. როგორ აფასებთ ამ პროცესს?
_ როგორც გაჟღერებული იყო აშშ-ის მხრიდან, სისრულეში მოვიდა პირველი პაკეტი სანქციების. სავარაუდო სანქცირებული პირების, რომლებიც მედიასთან გამოდიან, დამოკიდებულება კიდევ უფრო ადასტურებს, რომ აბსოლუტურ პანიკაში არიან. მათი განცხადებები საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში უმწიფრობას აჩვენებს, რადგანაც აქ სანქციების ზომასა და ფორმაზე კი არ არის საკითხი, საერთაშორისოდ სანქცირებული ადამიანი რომ ხარ შენი პარტნიორის მიერ, ეს ნიშნავს, რომ შენ, ფაქტობრივად, გაქვს ნულოვანი ნდობა როგორც ხელისუფლებას და როდესაც გაქვს ნულოვანი ნდობა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს ართულებს ბევრ საკითხს. ზოგადად, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დახმარების გაწევა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. ადამიანებს ეს ეპრობლემებათ თუ არ ეპრობლემებათ, ერთი საკითხია, მაგრამ ქვეყნისთვისაც სერიოზული პრობლემაა. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ გონს მოეგონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, მაგალითად, არჩევნების რეალურად თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების თვალსაზრისით, თორემ ეს სანქციები ზღვაში წვეთია, ისეთი მძიმე პერსონალური პასუხისმგებლობები მოუწევთ.
_ როდესაც პირველად გაჟღერდა სანქციების პაკეტზე ინფორმაცია, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არ შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე პროცესებს (რუსულ კანონს). უშვებთ თუ არა ალბათობას, რომ 20 ივნისის მოვლენებიც, შესაძლოა, გახდეს მოქმედი ან ყოფილი პოლიტიკური ფიგურების დასანქცირების მიზეზი?
_ შეუძლებელია, ეს მოხდეს ერთი მარტივი მიზეზიდან გამომიდინარე: 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით არსებობს არა ერთი და ორი დოკუმენტი, დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელიც 20 ივნისის მოვლენებიდან უახლოეს პერიოდში იყო გამოქვეყნებული, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდა და რა მიზეზით მოხდა, რომ ადეკვატური და ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული, გაგრძელებული სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილებით, სადაც არაფერი ისეთი არ წერია, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოყენებული ძალის პროპორციულობას და ლეგიტიმურობას. პირიქით არის საუბარი იმაზე, როგორ ხორციელდებოდა განგრძობითი, ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიციაზე, ამიტომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუ თქვენ იმას მეკითხებით აქცენტირებულად, რომ საერთაშორისო სახელმწიფოს სანქციების ადრესატი შეიძლება იყოს თუ არა ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი, შემიძლია 100%-იანი გარანტიით მოგახსენოთ, რომ ეს გამორიცხულია.
_ ნატალია საბანიძის კონგრესში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. საკმაოდ დიდი მოწონება და ამავდროულად გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა მისმა გამოსვლამ მიხეილ სააკაშვილის ნაწილში _ რომ სააკაშვილი არ ითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ეს გუნდის პოზიციაა თუ პირადად მისი?
_ თუ პოლიტიკური პატიმრობა ამ ქვეყანაში გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია და ახლა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე ზის ციხეში, ამ განმარტებით და დეფინიციით ის პოლიტიკური პატიმარი არ არის. მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების წინაშე, კონკრეტულ დანაშაულებზე იხდის სასჯელს. ახლა რომ „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან და რეალურად ის ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვასა და არამიზნობრივ გამოყენებას შეეხება, საქმე კი დაიყვანეს თითქოს რამდენიმე პიჯაკის დონეზე, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. თუ პოლიტიკურ პატიმრობაში ის იგულისხმება, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას პოლიტიკურად იყენებს, თუ არადა რა თქმა უნდა ის ამას იყენებს პოლიტიკურად და მომავალშიც გამოიყენებს, ამიტომ აქ ჩვენი პოზიცია მკაფიო და ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, ხელისუფლება მას და არა უ დანაშაულებზე ალაპარაკებს სასამართლო სხდომების დროს, არამედ თავის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში იყენებს და მას აძლევს იმის პლატფორმას, რომ სასამართლო დარბაზიდან მოხდეს გაშუქება, თუ როგორ ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის აგიტაციაზე და არა დანაშაულის ჩადენა-არჩადენის საკითხზე.
_ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააჟღერა მოსაზრება კვოტების გადანაწილების თაობაზე. კონკრეტულად კი მან შესთავაზა საკუთარ პარტიას, კვოტების ნახევარი გადაანაწილოს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. სააკაშვილის ეს ინიციატივა შევაფასოთ და რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილის მოწოდება იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო ენმ-სთვის?
_ ასეთი განცხადებების გამო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობა დასრულებულია. ზუსტად ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც ახლა ემსახურება პროპაგანდისტულად იმას, რომ მოხდეს რაღაცა სტერილიზაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, თითქოს ენმ არის რაღაც ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მიხეილ სააკაშვილისა და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებების არავის სჯერა, რადგანაც ყველას გამოცდილი გვაქვს ამ დაპირებების მძიმე შედეგები. იცით, რას ვიტყოდი? ქართველი ხალხის გარდა არავის გადასაწყვეტი არ არის, ვის რა კვოტა ექნება საქართველოს ხელისუფლებასა თუ პარლამენტში, ამიტომ ყველამ თავის საქმეს და თავის ამომრჩეველს მიხედოს და ისე მოიქცეს, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ვიღაცა რომ საიდანღაც არის გამოყოფილი და რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ის ახლა ცდილობს, ვითომ დამოუკიდებელი მოთამაში მოირგოს და ჯობია, ისევ იმ თავის ბუნებრივ როლს დაუბრუნდეს. ის 2-3%, რომელიც შეიძლება დაიკარგოს, იზრუნოს იმაზე, რომ არ დაიკარგოს და ეს ხმები არ წავიდეს „ოცნების“ სასარგებლოდ.
_ არის გარკვეული მოსაზრებები, რომ ოპოზიციამ შეიძლება შეიქმნას ე. წ. ერთიანი საარჩევნო სია. ამავდროულად, ცნობილია თქვენი გუნდის პოზიციაც ამ საკითხზე და ზოგადად ოპოზიციურ ერთობაზე. რა შედეგი შეიძლება ვიხილოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ ჩვენი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია ყოველთვის ეფუძნებოდა მიზანს, ასევე მოვუწოდებ ყველას, რომ ამ მიზნის გარშემო ააწყონ თავიანთი საარჩევნო კამპანია. თუ ასეთი სია სხვა პარტიებისგან შემდგარი ხმების დაკარგვას არ გამოიწვევს და საარჩევნოდ საბოლოო ჯამში შედეგზე იქნება ორიენტირებული, გაერთიანდნენ და რაც უნდათ, ის უქნიათ. ჩვენი პოზიცია კი ცნობილია ამ საკითხზე და მას ვინარჩუნებთ.
_ რუსული კანონი გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში _ როგორია ამ საქმეზე თქვენი მოლოდინი, თუ გავიხსენებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ნაწილს?
_ შეუძლებელია დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირობებში რაღაც ობიექტური სასამართლოს მოლოდინი გვქონდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია უზურპირებულია ერთი კაცისა და ერთი ორგანიზაციის ქვეშ და ყველანაირი დაზღვევა რაც დემოკრატიის გარანტია, მორღვეულია. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა აკონტროლებდეს გარკვეული თვალსაზრისით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომ არ მოდიოდეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. პარლამენტს უნდა ჰქონდეს გავლენა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი, რაც იწვევს ძალაუფლების დაბალანსების პრინციპს, არის კონსოლიდირებული ერთი ხელმძღვანელისა და ოლიგარქის ქვეშ. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც ობიექტური შეფასებები იქნება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, მაინც უნდა გასაჩივრებულიყო, რადგანაც ინსტიტუციური მეხსიერება არსებობს. დღეს ან ხვალ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ შეიცვლება და ბუნებრივია, რეფორმები გატარდება მართლმსაჯულების სისტემაში. სამართლიანი სასამართლოს პირობებში წინა სასამართლოს დროს შეტანილ სარჩელებსა და უსამართლობაზე უნდა დადგეს შედეგი. პროცესია ეს და საბოლოო ჯამში ის აუცილებლად უნდა წასულიყო მსვლელობაში.
_ რუსული კანონის მიღების შემდგომ, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო წინ წავიდა და დაარეგისტრირა კანონი ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც თავისი არსით ზღუდავს ადამიანის უფლებებს და უხეშად ერევა მედიის საქმიანობაში. თქვენი გუნდი გამოთქვამდა მზაობას, რომ ყოფილიყო ჩართული ამ კანონთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში. შეგვიფასეთ ამ კანონის არსი და ის რისკები, რომლებიც შეიძლება ახლდეს მას.
_ ჩავერთეთ კიდევაც ამ ყველაფერში და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ განხილვებზე ესწრებოდა, ვიყავით ჩვენ. ჩვენი მიზანი იყო, ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ რეალურად არანაირი ბავშვების პროპაგანდისგან დაცვის სურვილი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. სინამდვილეში, ის ამ თემას იყენებს ორი მიზნისთვის. ერთი ეს არის პოლიტიკური და პარტიული ამოცანა და მეორე ეს არის რეპრესიების ახალი მექანიზმების შემუშავება, ეს არის ანი-ბანი ამ ინიციატივის და დადასტურდა კიდევაც. ის კანონი, რომელიც საბოლოო ჯამში კონსტიტუციური კანონის ფორმით პარლამენტში ჯერ არ გვინახავს, მაგრამ რაც მოვისმინეთ ყოველ შემთხვევაში არსებობს, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და არანაირი რეალური ამოცანა ამ კანონის, რომ მართლა ბავშვები იყოს დაცული, არ აქვს. როგორ შეიძლება, იმ მოვლენების მერე, რაც „ოცნებამ“ თავს დაატეხა ახალგაზრდებს ცემა-ტყეპიდან დაწყებული, ტერორის ზარებით გაგრძელებული მთელი თვეების განმავლობაში, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან და მათ ტელეფონებზე, ამ პარტიას მორალური უპირატესობა და უფლება ჰქონდეს, რომ ბავშვების პროპაგანდისგან დაცვაზე ისაუბროს?! მეორე: წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის ნაწილში, მედიის ნაწილში. არცერთი ისეთი ინიციატივის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენს გუნდს ისედაც ბოიკოტი აქვს გამოცხადებული პარლამენტის მიმართულებით და ამ ნაწილში განხილვებში ვერ ჩავერთვებით.
_ ვიცით, როგორი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ლგბტქ თემის მიმართ. თუ არ დაუჭერს მხარს აღნიშნულ კანონს ოპოზიცია პარლამენტში, შეძლებს პროპაგანდის მიუხედავად აუხსნას საზოგადოებას, რომ ეს არ არის არც ქვეყნის და არც სარწმუნოების ღალატი, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აჟღერებს?
_ გასაგებია, რომ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ამას ხელისუფლება აკეთებს მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა არის ძალიან მძიმე და დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიზანი ეს არ არის. როგორც ისინი იშველიებდნენ გამჭვირვალობას, როგორც ევროპული კანონის მიზანს, მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პროპაგანდა და თანაც ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა არის პრობლემა, მაგრამ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ არის დაინტერესებული ბავშვის უფლებების დაცვით და ეს საქმით და მავნებლობით დაადასტურეს, ამიტომ ესენი რომ წავლენ, ამ საკითხს მივხედავთ ისე, როგორც შეესაბამება კონსტიტუციას, ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ მედიაზე. ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის პარლამენტში (არა მხოლოდ) მომუშავე სატელევიზიო მედია და ასევე ონლაინ თუ ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ საკანონმდებლო ორგანოში _ როგორ აფასებთ ამ ქმედებებს და რა მდგომარეობაშია ზოგადად ქართული მედია დღეს?
_ კლასიკური გამეორება არის „ნაციონალური მოძრაობის“. ალბათ ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს 2012 წლის მიჯნაზე, ზუსტად ასეთი ქმედებები ხორციელდებოდა შეშინებული ხელისუფლების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში მაინც გვქონდა იმის მოლოდინი, რომ გამოცხადებულ ბოიკოტს ხელისუფლება შეწყვეტდა, ეყოფოდა პასუხისმგებლობა და დაჯდებოდა დებატებში, მაგრამ ამის გამბედაობა მათ არ აქვთ, რადგანაც როდესაც შენს მხარეს არ არის სიმართლე, არის გამოგონილი არგუმენტები, რა თქმა უნდა, მედიაში ამ არგუმენტებს დაგინგრევენ ოპონენტები. შესაბამისად, ისინი ირჩევენ კლასიკური ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტებს, ზღუდავენ ყველანაირ კრიტიკულ მედიას. იგივე რუსული კანონი თქვენნაირი მედიასაშუალებების დახურვისა და ზეწოლის ბერკეტი არ არის? აბა, სხვა რა არის? ამიტომ აღარ არის გასაკვირი ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისგან“, რომელიც დამფრთხალი ხელისუფალია და ძალაუფლების ისტერიული შიშით უკვე გადასულია ღიად ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებისთვის და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანისთვის. მცირე პერიოდის მანძილზე შეიძლება დაიჩაგროს მედიაც, მაგრამ მჯერა, რომ სამართლიანი ხელისუფლების პერიოდში ყველაფერი შეიცვლება. ეს ჩვენ ვნახეთ კიდევაც, _ სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა და მართლაც ადამიანის დაცვის კუთხით ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენც, როდესაც ვიყავით „ოცნების“ წარმომადგენლები და იგივე მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც ხალხი დაინახავს და დაარწმუნებს მათ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, რომ ამ ჩაკეტილი სივრციდან გამოსავალი არის მათ ხელში არსებული ძალაუფლება.
_ დაბოლოს, ვინაიდან აქტიურად გადიხართ რეგიონებში და იცით ხალხის აზრი არსებულ ვითარებაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მთავარი დაკვეთა?
_ ყველას ესმის, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულია, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობა იქნება, თუმცა მხარდაჭერა ამ ხელისუფლებას არ აქვს. ახლა მთავარია, ხალხის ხმები სწორად იქნას მიმართული, რადგანაც დიდ ნაწილს, რომელსაც არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“ უნდა. შესაბამისად, მას სჭირდება გარკვეული წინაპირობები და გარანტიები იმისა, რომ ვინც იქნება ხელისუფლებაში და რა მანდატითაც შევა ვინმე ხელისუფლებასა და პარლამენტში, ის არ გახდეს მერე ახალი „ქართული ოცნება“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი უნდა ხედავდნენ, შენ რას ეუბნები, რომ ისევ ბელადომანია კი არ იქნება ქვეყანაში, არამედ თავად იქნებიან სიის დამწერებიც კი, თუ ვინ შევა პარლამენტში, ვინ პირველი შევიდეს, ვინ მეორე და ვინ 143-ე. ამ დაკვეთაზე არის მიმართული საზოგადოება და ამ დაკვეთის მატერიალიზაცია უნდა მოხდეს ოპოზიციურ სპექტრში. არიან ოპოზიციაში, რომლებიც ერთ ადგილზე ჯგუფდებიან, ხან მეორე ადგილზე ჯგუფდებიან და ეს ხალხი უკვე დაღლილია ამ ყველაფრით. საზოგადოების აქტიური ჩამოყალიბება არის მთავარი, ხალხის ჩართულობაა მთავარი, თანმიმდევრულობა არის მთავარი და საზოგადოების აქტიური ჩამოყალიბება არის მთავარი, რომ მათ ხელისუფლებიდან გაძუნძულებული „ქართული ოცნების“ შემდეგ ელოდება ევროპული განვითარებისა და ევროკავშირის წევრობით დამთავრებული მომავალი.