- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-06-13 07:59:15
ირინა მაკარიძე
უპრეცედენტო ვითარება საქართველოში _ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაეწყო, ქვეყნის მმართველი ელიტა დაასანქცირა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გადაწყვეტილების შესახებ 6 ივნისს განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის განცხადებაში სრულიად მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვანად არის განმარტებული სანქცირების მიზეზი.
ეს მიზეზები გახლავთ: „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და რიტორიკა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ხალხის სურვილებს.
შტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ „სავიზო შეზღუდვები დაუწესდა ათობით ქართველ პირს. მათ შორის არიან პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მითითებით მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება“.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განმარტა, ეს არის სანქციების პირველი ტრანში, რომელიც მოიცავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ლიდერები არ გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და არ გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, სანქციები გაგრძელდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეთიუ მილერმა არ დაასახელა სანქცირებულ პირთა ვინაობა.
„ქართულ ოცნებაში“ შეერთებული შტატების ამ ნაბიჯს უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებენ, აღნიშნავენ, რომ მათ არ დაუმსახურებიათ ასეთი დამოკიდებულება და სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვით თავადაც იმუქრებიან. „ოცნების“ წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ ურჩევნიათ სანქცირებულები იყვნენ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ომში გაწვევის წერილებს იღებდნენ. ისინი აგრძელებენ თავიანთ რიტორიკას, რომ უჩინარი „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები საქართველოს ომში ჩათრევას უპირებენ, მათ კი ქვეყანა გადაარჩინეს. ამასობაში კი „ცივი ომი“ გამოუცხადეს დასავლეთსა და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, სამაგიეროდ, ურთიერთობებს ამყარებენ ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან.
შექმნილი ვითარების, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე. აღსანიშნავია, რომ ის არის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების აქტიური წევრი, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძადალობისა და თავდასხმის სამიზნე:
_ ვიხილეთ 30 წლის წინ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, თან ეს ხდება დაუფარავად და სრულიად შეუნიღბავად. ამ სანქციების დაწესებით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ძალიან მტკიცე პარტნიორი, დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით და არ პატიობს რუსულ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო ქმედებებს, არ პატიობს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასა და კონსტიტუციური წესრიგიდან ქვეყნის გაყვანას. მგონია, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჯერჯერობით, საუბარია მხოლოდ სავიზო შეზღუდვებზე, რაც ძალიან აშკარაა და ჩანს არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში, არამედ კონგრესის წარმომადგენლების განცხადებებშიც. ორივე პარტიასა და ორივე პალატას შორის არის საერთო პოზიცია საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივ ქმედებებთან დაკავშირებით. ის კანონპროექტი, როგორც ჩანს, გზაშია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. ის შეეხება არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს „რუსულ კანონს“, არამედ მთავრობის წევრებს, ასევე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც უმოწყალოდ სცემდნენ, აწამებდნენ, უკანონოდ აკავებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. სანქციები შეეხება ასევე მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, როგორც მოსამართლეებს, ასევე პროკურატურის წარმომადგენლებს. ეს შეეხება ასევე პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკებს, პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს, ასევე იმ ფსევდოექსპერტებს, რომლებსაც ეს პროპაგანდისტური მედიასაშუალებები იწვევენ. შეეხება ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით არიან „ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულები და მას მხარს უჭერენ, მათ შორის, ალბათ, მოიაზრება ის ბიზნესები და ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდებიან იმ ტენდერებით, რომელსაც კორუფციული გარიგებების ხარჯზე იგებენ, მოგების ნაწილს კი იმ „შავ სალაროში“ უშვებენ, რომელსაც შემდეგ „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ იყენებს ხოლმე. როგორც ჩანს, ეს სია არის და იქნება საკმაოდ დიდი. Iს, რომ არ სახელდება გვარები, ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციები უკვე ეხება ყველას. გარისკოს, აბა, რომელიმემ, აიღოს ბილეთი და წავიდეს შეერთებულ შტატებში.
როგორც ჩანს, სანქციებით მხოლოდ შეერთებული შტატები არ შემოიფარგლება, დუღს ევროპაც. მალე იქნება ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, სადაც განიხილება საქართველოსთან დაკავშირებული ვითარება. განსახილველ საკითხთა შორის არის ასევე სანქციების შემოღება, მათ შორის, როგორც სავიზო შეზღუდვების, ასევე ფინანსური სანქციების კუთხით. ალბათ, რთული იქნება ევროპული კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ წევრი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, არ გამორიცხავენ, რომ ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები. ყველა შემთხვევაში, საუბარია პერსონალურ სანქციებზე. არავინ აპირებს საქართველოსა და ქართველი ხალხის დასანქცირებას, პირიქით, ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი ქმედება. უნდა ველოდოთ, რომ ალბათ უახლოეს მომავალშიც ევროპის კავშირიც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
_ როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე გვქონდა საუბარი, თქვენ ბრძანეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად 15 ქვეყნის თანხმობაა საკმარისი. რაც შეხება სანქციების საკითხს, ამ შემთხვევაში როგორ მიიღება გადაწყვეტილება, ეს არის უმრავლესობით, თუ სრული კონსენსუსით?
_ გააჩნია სანქციებს, თუ რა სანქციებზე არის საუბარი, ეს ნუსხა შეიძლება იყოს საკმაოდ გრძელი. მგონი, მაგიდაზე არის აბსოლუტურად ყველა ოფცია. რამდენადაც გამოდის ინფორმაცია, სანქციების საკმაოდ მსუყე პაკეტია, რომელიც განხილვის საგანია ევროპის კავშირში, ისე როგორც აშშ-ში. ამიტომ წინასწარ, ალბათ, საუბარი არ ღირს, მგონი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველა შემთხვევაში, ალბათ, რასაც საგარეო საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ, იმას გაიმეორებენ, როდესაც უკვე ლიდერების შეხვედრა იქნება. ის, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო კვირაში გაიმართება.
_ „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური განცხადებების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, როდესაც ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ფიცოს მაგალითით“ მუქარაში დაადანაშაულა, რითაც სავარაუდოდ, უნგრეთიც გაანაწყენა, ამის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია, ევროპელ ლიდერებს შორის ბევრი გულშემატკივარი აღმოაჩნდეს „ოცნების“ პოლიტიკას?
_ ევროპული სახელმწიფოები არ მოქმედებენ განწყობების მიხედვით. ისინი როდესაც იღებენ გადაწყვეტილებებს, მოქმედებენ რაციონალურად, გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება მუქარის შესახებ კობახიძის განცხადებას, მას მოყვა ევროკომისრის პასუხი, რომ მათი საუბარი დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. როგორც ჩანს, იქ სხვა საუბარი იყო, ხოლო ირაკლი კობახიძემ როგორც ევროპელებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთი ტყუილი აკადრა. მე სხვა კითხვა მიჩნდება, _ ამ განცხადებების შემდეგ, როდესაც ევროპის კავშირი არის გამოცხადებული საქართველოს მტრად, საუბრობენ, რომ ევროპის კავშირს ჭკუა უნდა ასწავლონ და ა. შ., აპირებენ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩავიდნენ და საქართველოს მოქალაქეების გადახდილი გადასახადების ხარჯზე უნდათ, იქ დრო ატარონ. ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ ევროპის კავშირი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდათ და ამის პარალელურად მიდიან იმავე ევროპის კავშირში ფეხბურთის საყურებლად? რა თქმა უნდა, მათ არავინ დამუქრებია, წარმოგიდგენიათ, როგორ ატყუებენ და ათაყვანებენ საქართველოს მოქალაქეებს?!
_ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვის შესახებ, ამაზე რას იტყვით?
_ ზოგადად, ჩვენი საგარეო პოლიტიკა აშკარად უკვე გადაიხედა. საქართველომ 3 ათეული წლის შემდეგ შეიცვალა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პოზიცია ასეთია. 3 ათეული წლის შემდეგ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან მტრებად გამოცხადებულები, მოითხოვენ ურთიერთობების გადახედვას. ამავდროულად, მმართველი ძალის წარმომადგენელთა ლექსიკონიდან ამოღებულია სიტყვა ოკუპაცია. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთს ოკუპანტ სახელმწიფოდ აღარ მოიხსენიებენ, მეტიც, ეს დასჯადი გახდა, _ ვინც გაბედავს და ასეთ რამეს იტყვის, „ოცნების“ რისხვა ატყდება თავს, თავს ესხმიან და ფიზიკურად სამაგალითოდ უსწორდებიან ასეთ ადამიანებს.
სანქციებს რაც შეეხება, არსებობს როგორც პრევენციული, ასევე სადამსჯელო. მე მგონი, ეს სანქციები, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამოაცხადა, ორივე ხასიათს ატარებს, ის ინარჩუნებს პრევენციულ ხასიათს, _ ის, რომ სახელები და გვარები არ არის გამოცხადებული, უტოვებს „ქართულ ოცნებას“ სივრცეს, რომ უკან წაიღოს ეს კანონი, შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა, დაშინება, ცემა, წამება, ძარცვა და ა. შ., დააბრუნონ საქართველო იმ ტრაექტორიაზე, რაც მას ჰქონდა ამდენი წლის განმავლობაში. თუმცა „ქართული ოცნება“ თუ არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, ეს სანქციები მიიღებს სადამსჯელო ხასიათს. აბა, გარისკოს რომელიმემ და წავიდეს აშშ-ში, სადაც უყვართ სიარული საშოპინგოდ, დროის სატარებლად, შვილებს იქ აჩენენ, სასწავლებლად გზავნიან იქ და საცხოვრებლად.
_ თუმცა ახლა აცხადებენ, რომ არ წავლენ და ამაზე დააქვთ სანქციების მნიშვნელობა, თვითონ წავლენ თუ არ წავლენ შეერთებულ შტატებში. რას იტყვით, რამდენად აქვთ გააზრებული ამ სანქციების მნიშვნელობა?
_ არ მგონია, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს. ამდენი ხნის განმავლობაში მათ არწმუნებდნენ, რომ სანქციები არ იქნებოდა. იმ დღესაც კი, როდესაც სანქციები გამოცხადდა, რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები ჯიუტად იმეორებდენენ, რომ სანქციები არ იქნებოდა. არ მგონია, რომ რაღაც ნაწილი, მცირე ნაწილი მაინც, ამაზე არ ფიქრობდეს. თუმცა იქნება ნაწილი, რომელსაც ბრმად სჯერა, რომ ეს ყველაფერი მას არ შეეხება. ან ფიქრობენ, რომ საკმარისად ძარცვეს საქართველოს მოქალაქეები და აქვთ იმის რესურსი, რომ გადააგორონ ეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოს არ აქვს ამის რესურსი. საქართველო არ არის ირანივით, რუსეთივით ან ბელარუსივით დიდი და რესურსებით მდიდარი ქვეყანა. ჩვენი ფინანსური სისტემა დიდწილად დგას დასავლურ დახმარებებზე. მხოლოდ განცხადებები იყო გაკეთებული და ვნახეთ ლარის კურსის ნეგატიური ცვალებადობა. ამოქმედებული სანქციების პირობებში, წარმოუდგენელია, ვინ შეიძლება გარისკოს და ჩადოს თავისუფალი კაპიტალი საქართველოში, ქვეყანაში სადაც, ფაქტობრივად, მთელი მმართველი ძალა არის დასანქცირებული? ეს ავტომატურად ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ კაპიტალის ჩადებაზე უარს იტყვიან, არამედ იმას, რომ კაპიტალის გატანას დაიწყებენ საქართველოდან. ამას, რა თქმა უნდა, მოყვება თავისი ნეგატიური შედეგები, რომელიც აისახება ქართულ ეკონომიკასა და საქართველოს მოქალაქების ჯიბეზე, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს სხვანაირად ფიქრობენ.
_ სანქციების ერთ-ერთ მიზეზად განმარტებულია „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და სააზოგადოების წარმომადგენლებზე ძალადობა და თავდასხმები, რაც ერთ-ერთ პირველს თქვენც შეგეხოთ, თუმცა ვნახეთ სანქციების განცხადების შემდეგ იგივე გააგრძელეს და თავს დაესხნენ სტუდენტური მოძრაობის ლიდერ ნიკო მანაგაძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, რას იტყვით ამის შესახებ?
_ პირველ რიგში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თავდასხმების მსხვერპლი გახდა, ვინც დააკავეს. ჩანს, რომ ამ ძალადობით ვერავინ შეაშინეს და საზოგადოება ვერ გატეხეს, პირიქით, სულ უფრო მეტი ფაქტია, როდესაც მოქალაქეები ხმას იმაღლებენ თავდასხმის ობიექტების დასაცავად. მეორე, რასაც ვხედავთ, უარგუმენტოდ დარჩენილი „ქართული ოცნების“ არსენალში ერთადერთი რაც რჩება, არის ეს ველური ძალადობა. ძალიან თვალსაჩინოა ეს პირველყოფილი ველურობა, იარაღიც კი პირველყოფილი აქვთ, _ ქვა და ხის ჯოხები, რასაც იყენებენ. როცა არაფერი აქვს დარჩენილი სათქმელად, როცა ვერაფერს უპირისპირებ ამ ახალგზარდებს, ბრალს ვერ სდებ, აი, აქ გამოიყენება ეს ველური, უხეში ძალა. ამაში არაფერია ახალი, ესეც კი რუსული სახელმძღვანელოდან არის გადმოწერილი. 12 წელი ატყუებდნენ ქართველ ხალხს და ისევ აპირებენ, რომ ტყუილები მიჰყიდონ მათ, სხვა არაფერი აქვთ დარჩენილი სათქმელად _ 12 წელი მხოლოდ უკუსვლა ჰქონდა ქვეყანას, მოქალაქეები გარბიან სამშობლოდან, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფი მდიდრდება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რა ტყუილი შეიძლება კიდევ მიჰყიდონ ხალხს? ამიტომაც არიან გადასულები ღია ძალადობაზე, რასაც, ალბათ, წინასაარჩევნო პერიოდში გააძლიერებენ, შანტაჟთან და ხმების ყიდვასთან ერთად, მეტი სიმძლავრით ჩაირთვება რუსული პროპაგანდისტული მანქანა. ამას უნდა ველოდოთ _ ეს მომხდარა რუსეთშიც და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში, თუმცა ამ რეჟიმებს ეს ბრძოლები წაუგიათ.
_ რას იტყვით პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტიის“ შესახებ? ნათქვამია, რომ იქნება „სხვანაირი პარლამენტი“, „სხვანაირი მთავრობა“. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ეს და ხომ არ იქნება ეს ბუნდოვანება ამომრჩევლისთვის დამაბნეველი?
_ მთავარი არის ის, რომ ამომრჩევლის დაკვეთაა ერთობა. თუ ეს პლატფორმა გამოდგა ამ ერთიანობის პლატფორმად, რატომაც არა, წინასაარჩევნოდ ასეთი თანამშრომლობა ღირებული პრაქტიკაა, დემოკრატიის ნაწილი. ჩვენც, როგორც საზოგადოება, უნდა გავიზარდოთ და მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკა პოლიტიკური პროცესია. შინაარსში ბევრი რამ ჩემთვისაც ბუნდოვანია, თუმცა ერთობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პოზიტიურია.
_ პირადად თქვენ ხომ არ ჩაერთვებით პოლიტიკაში?
_ ამ ეტაპზე ამ სახით ვარ ჩართული პოლიტიკაში, მე ვარ პოლიტიკის კომენტატორი, ამას ვასწავლი. არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიასთან მითანამშრომლია და მომავალშიც ვაპირებ, რომ ვითანამშრომლო. ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩემი მხარდაჭერა გავუწიო ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.