QronikaPlus
დავით ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან მძიმედ აგებს პასუხს თავის ვერაგობებზე“

დავით ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან მძიმედ აგებს პასუხს თავის ვერაგობებზე“

2024-06-13 07:55:06

შორენა მარსაგიშვილი

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის პირით გვამცნო, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს უწესებს.

მეთიუ მილერმა 2024 წლის 6 ივნისს შემდეგი განაცხადა: „შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია პარტია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მისი ბოლოდროინდელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ხალხის სურვილებს. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის ფარგლებში და აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა „იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის“ 212 (a)(3)(C) მუხლის შესაბამისად.

დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ვუწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველ პირს. მათ შორის შედიან პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მითითებით მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება.

სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის, განახორციელოს დამატებითი ქმედებები“.

არის თუ არა დაგვიანებული ამერიკული სანქციები? რა კონფიგურაციით შეუძლია არჩევნების მოგება ოპოზიციას? რას უნდა ველოდოთ არჩევნებამდე დარჩენილ ხუთ თვეში? რაზე აკეთებს გათვლას ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაისჯება „ქართული ოცნება“? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი:

_ ბატონო დავით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია ხელისუფლებისთვის დაწესებულ სანქციებს კმაყოფილებით შეხვდა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკას სანქციები დააგვიანდა. სანქციები მართლა დაგვიანებული ხომ არ არის?

_ არა, რა თქმა უნდა, არ დაუგვიანებია ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები. ამერიკა უდიდესი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი საქმე: უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ტაივანი... მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში არის ამერიკის პასუხისმგებლობა. ასეთ დროს ამერიკელები პირიქით, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ და დაუთმეს ქართველ ხალხს. იგივე შეიძლება ითქვას ევროპასა და ევროპელებზეც. ამ ტემპებით არათუ უკმაყოფილო, არამედ ძალიანაც კმაყოფილი ვარ.

ამერიკელებმა რამდენიმე ფრონტით წამოიწყეს შეტევა: იყო განცხადებები სენატში, კონგრესში, იყო კანონპროექტები. სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა განცხადებები. ის, რომ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, თავად გააკეთა განცხადება, ბევრ რამეს ნიშნავს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, სპეციალურად ამ საკითხზე ჩაატარა ბრიფინგი. მილერი ძალიან მომზადებული იყო ამ თემის შესახებ. ამერიკელები ძალიან ცდილობდნენ, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, მოერჯულებინათ და მოეთვინიერებინათ საქართველოს ხელისუფლება. სპეციალური წარმომადგენელიც კი ჩამოვიდა თბილისში. მაგრამ არაფერი გამოვიდა. რომაელები ამბობდნენ, რომ შეცდომაში გაჯიუტებას ჰქვია სიბრიყვე. ბიძინა ივანიშვილი ახლა სიბრიყვის მაღალ სტადიაშია. რაც მეტად გაჯიუტდება, უფრო ბრიყვული საქციელი იქნება მისი მხრიდან და სათანადო პასუხსაც ვიხილავთ.

სანქციების დაწესების მიუხედავად, ამერიკელები და ევროპელებიც, საქართველოს უფრთხილდებიან. ამიტომაც არ არის ასეთი მძაფრი და სასწრაფო შეტევა სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიდან. ფინანსური ინსტიტუტები ჯერჯერობით არ გვიტევენ. საქართველოს ეკონომიკა და ქართული ლარი დღეს მთლიანად დგას დასავლურ მხარდაჭერაზე. რიკოთის გზა დასავლური ფულით შენდება და არა ქართული ბიუჯეტით ან რუსული თუ ჩინური ფულით. კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დასავლური დაფინანსებით.

რადგან ქვეყანას უფრთხილდებიან, ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, დასავლეთი და, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები შეტევას იწყებს საქართველოს ხელისუფლებაზე. რაც უფრო გაჯიუტდება ეს ხელისუფლება, მით უფრო მოუჭერენ. სანქციები საჭირო და დროულია, მაგრამ ამასთანავე ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებაზე“ მხოლოდ ქვეყნის გარედან შეტევა საკმარისი არ არის. საჭიროა, ქვეყნის შიგნითაც ვიმოქმედოთ. ხუთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე. წინასაარჩევნო პერიოდი იქნება უაღრესად მძიმე.

_ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის მძიმეა ხოლმე.

_ ახლა განსაკუთრებით მძიმე იქნება. რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდება ისეთი მასშტაბით, აქამდე რომ არასდროს ყოფილა. მაგრამ ეს არ უშველის ხელისუფლებას. ეს არის დამარცხებისთვის განწირულის სულისკვეთება. ყოველი მომდევნო შეცდომა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მანქურთებისთვის მოაახლოებს მის სახელისუფლებო კრახს და არა მხოლოდ. ვვარაუდობ, რომ არცერთ წინა ქართულ ხელისუფლებას ისე მძიმედ არ უგია პასუხი საკუთარ უვარგისობებზე, რაც მოუწევს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ასეთი უვარგისობები, რასაც „ოცნება“ აკეთებს, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია საქართველოში.

_ სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების რეაქციებს როგორ შეაფასებთ? ერთი შეხედვით, არასერიოზულად უყურებენ ამ ყველაფერს. იწონებენ თავს, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გვასანქცირებენო. თქვენ ბევრ მათგანს იცნობთ და მართლა არ ადარდებთ ეს სანქციები, თუ, უბრალოდ, თავს იმშვიდებენ და თავის მომხრეებს ამშვიდებენ?

_ ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე შექმნა კოალიცია „ქართული ოცნება“. ის ხალხი, ვინც მაშინ ამ კოალიციაში იყო, უმეტესობა ან ოპიოზციაშია, ან პოლიტიკაში საერთოდ აღარ არის. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამჟამად ეყრდნობა ივანიშვილი, პრაქტიკულად, არც ვიცნობ. არც ირაკლი კობახიძე, არც მამუკა მდინარაძე, არც შალვა პაპუაშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ ყოფილან. არაფერს წარმოადგენდნენ. საერთოდ წევრებიც კი არ იყვნენ. ისინი ივანიშვილმა მოიყვანა მოგვიანებით. მათთან არანაირი შეხება არ მქონია.

_ კახა კალაძეს, სოზარ სუბარს, გია ვოლსკის ხომ იცნობთ? ისინი თავიდანვე იყვნენ კოალიციაში.

_ კალაძე, ვოლსკი და სუბარი თავიდანვე იყვნენ, მაგრამ „ქართული ოცნების“ წამყვანი ფიგურები არცერთი მათგანი არ ყოფილა, ისინი არ წარმოადგენდნენ კოალიციის პირველ ეშელონს. ისინი არ წყვეტდნენ პოლიტიკას. ისინი პოლიტიკას არც ახლა წყვეტენ. ბიძინა ივანიშვილთან დარჩა მხოლოდ ისეთი ხალხი, ვინც ექვემდებარებოდა მანქურთიზაციას. ეს მანქურთები გამოზარდა ასეთებად. ამ ხალხს უარი აქვს ნათქვამი თავისუფლებაზე, საკუთარ უფლებებზე, საკუთარ აზრებზე. მათი ერთი ნაწილი თავს იშტერებს, რომ არიქა, ბიძინამ ყველაფერი იცის და ეს კაცი ყველაფერში მართალიაო. მეორე ნაწილი იმდენად არის ჩაფლული ამ პატრონყმურ ურთიერთობებში ივანიშვილთან, რომ უკვე მთლიანად ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვული. ივანიშვილმა, თავის მხრივ, თავად გაიჩინა პუტინის სახით სრული პატრონი და ამ პატრონს ემორჩილება თავის ვეზირებთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილმა, რატომღაც, ჩათვალა, რომ მისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ერთადერთი შესაძლებლობა არის, მიეწებოს რუსულ იმპერიალიზმს. ამ დროს, დასავლეთთან ბრძოლაში პუტინს კი არა, ჰიტლერს არ გაუვიდა. ძალიან მძიმედ დაამთავრებს რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებას. ამ წინააღმდეგობაში რუსეთის იმპერია დაიმსხვრევა და დაინგრევა. რუსეთის ხელისუფლების მოიმედე საქართველოს ხელისუფლება, პრორუსიზაციის იმედად მყოფი ივანიშვილი, ვერ გაქაჩავს ლუკაშენკობას.

_ რატომ ფიქრობთ, რომ ვერ გაქაჩავს?

_ საქართველოში ახალი ლუკაშენკო ვერ გამოიზრდება. დასავლეთი საქართველოში გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბელარუსში. ამის გარდა, ქართველი ხალხიც გაცილებით უფრო თავისუფლებისმოყვარე და ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ეს არის თუნდაც ბელარუსში. ამიტომაც საქართველოში არ იქნება მეორე ლუკაშენკო ბიძინა ივანიშვილის სახით.

_ თავისუფლებისადმი სიყვარული არჩევნებზე უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არასდროს გახდება ისეთი ქვეყანა, როგორიც ბელარუსი ან რუსეთია.

_ ბუნებრივია, ეს არჩევნებზე უნდა დავამტკიცოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე საპარლამენტო არჩევნები გველოდება. არჩევნებამდე დარჩენილია ხუთ თვეზე ცოტა ნაკლები. ეს თვეები იქნება ძალიან მძიმე. რეპრესიული მანქანა არნახული ძალებით ამუშავდება, მაგრამ ეს ხალხის განწყობებს ვერ შეცვლის. მთავარია, ოპოზიციამ შეძლოს სწორი კონფიგურაციის მოძებნა.

_ სწორი კონფიგურაციის მოძებნა არ არის ადვილი საქმე. შეძლებს ოპოზიცია ამჯერად მაინც ამის გაკეთებას?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები სწორი კონფიგურაციის მოძებნას შეძლებენ. გამარჯვების ფორმულა არ არის მხოლოდ ერთი. არიქა, თუ გრანდკოალიცია არ შეიქმნება, ვერ მოვიგებთ, _ ყოველთვის ასე არ არის. გრანდკოალიცია თუ შეიქმნება, მაშინ აუცილებლად მოვიგებთ, არც ეს არის სწორი. გამარჯვების მიღწევა ორი გაერთიანებითაც შეიძლება. პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ კოალიცია. მეორე გაერთიანება უნდა შექმნან შედარებით პატარა პარტიებმა, ასე 7-8 პარტიამ.  შესაძლოა, ოპოზიცია 2+1 სქემითაც გავიდეს არჩევნებზე, ორი მოზრდილი კოალიცია და ერთი გახარიას პარტია, თუ მან მაინცდამაინც ცალკე გადაწყვიტა არჩევნებზე გასვლა. 2+1 სისტემა საკმაოდ პერსპექტიულია ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, რადგან ელექტორალური საყრდენი სულ უფრო და უფრო ნაკლები აქვს ივანიშვილს.

არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე გავრისკავ და პროგნოზსაც კი გავაკეთებ: თბილისში ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ სამიანით ან ექნება შედეგი და ან _ არა. 30%-ის მიდამოებში იქნება თბილისში „ქართული ონება“. როდესაც დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში ხელისუფლება მნიშვნელოვნად წააგებს, ასეთ ვითარებაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰყოფნის იმის რესურსი, რომ არჩევნები გააყალბოს. ასეთ დროს შეუძლებელია წაგებულმა თავი მოგებულად გამოაცხადოს. ასე მოქცევა დააპირეს 2003 წელს  ედუარდ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძემ. გამოაცხადეს კიდევაც წაგებული არჩევნები მოგებულად, მაგრამ მერე ცოტა ხალხის მიხმარება დასჭირდათ და გაიაზრეს, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ.

_ იმათ გაიაზრეს, შევარდნაძე გადადგა, აბაშიძე გაიქცა, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ესენი აღიარებენ დამარცხებას? გააკეთებენ ამას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი?

_ კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მაშინ ის ადეკვატურად მოიქცა. პოლიტიკური ცნობიერების მქონე ფიგურაა მიხეილ სააკაშვილი და როცა დაინახა, რომ თბილისში 68% ჰქონდა აღებული კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და 27% „ნაციონალურ მოძრაობას“, დამარცხება აღიარა. ასეთი ვითარება როცაა, ნებისმიერი ჭკვიანი ხელისუფალი მიხვდება, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ აქვს. ასეთ დროს ელექტორალურო საარჩევნო ვერდიქტი გამოწერილია.

დავიმახსოვროთ ეს პროცენტები: 68 და 27. დაახლოებით ასეთ შედეგს ველოდები ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნებზე თბილისში. მიახლოებული შედეგები იქნება ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ასევე რამდენიმე რეგიონში. უპირველეს ყოვლისა, სამეგრელოში. ბევრი მისცემს ოპოზიციას ხმას. ასეთ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს მოგებულად ვეღარ გამოაცხადებს. გასაგებია და აშკარაა, რომ ივანიშვილი აღარაა ორიენტირებული საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე. მას უნდა, გამოწეროს ქვითარი, როგორც ამას თავის დროზე ასლან აბაშიძე აკეთებდა, მის ჩაკეტილ პრორუსულ რეგიონში. ივანიშვილი ასლან აბაშიძეზე უფრო სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ ის მთელი ქვეყნის მმართველია. აბაშიძე მხოლოდ ერთი რეგიონის მმართველი იყო.

ქართული საზოგადოება მაშინაც საკმარისად მზად აღმოჩნდა შევარდნაძე-აბაშიძის დასამარცხებლად და დღეს ეს მზადყოფნა განუზომლად უფრო ძლიერია. დღევანდელი ახალგაზრდობა, ჩვენი ლიდერი ჯენზის სახით, მნიშვნელოვანი კომპონენტია წინააღმდეგობის მოძრაობის, ვიდრე ნებისმიერი ახალგაზრდობის თაობა წინა ხელისუფლებების დროს. თავისუფალი საქართველოს გამოკვეთილი და მზარდი თაობის ასეთი ლიდერობა წინააღმდეგობის მოძრაობაში არათუ დამაიმედებელია, არამედ, პრაქტიკულად, არის პასუხი კითხვაზე, მოვიგებთ თუ არა არჩევნებს? ვერ მოგვპარავენ არჩევნებს. ივანიშვილი ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, მაგრამ იქნება ბრძოლები, იქნება პროპაგანდა, იქნება დახვედრები. ყველაფერი იქნება... ივანიშვილის ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებს. გამოიყენებენ პოლიციის მაკონტროლებელ ნაძველბიჭარ ტიპებს ხალხის დასაშინებლად. მაგრამ რომელი ხელისუფლება გადარჩენილა ასეთი ასოციალური ტიპების დახმარებით? არც ესენი გადარჩებიან. ეს ხელისუფლება იმაზე მწარედ დაისჯება, ვიდრე ყველა წინამორბედი დაისაჯა. ასეთი სივარაგეები, რაც ამათ გააკეთეს, საქართველოს არცერთ ხელისუდფალს არ გაუკეთებია. ისინი ამაზე აუცილებლად აგებენ პასუხს.

_ ეს ხელისუფლება ამდენ ცუდს რომ აკეთებს, ეს იმის ბრალი ხომ არაა, რომ წინა ხელისუფლებებმა არ აგეს სათანადო პასუხი ჩადენილ უვარგისობებზე? თუ ამდენ ცუდს იმიტომ აკეთებენ, რომ  რუსეთიდან არიან მხარდაჭერილი?

_ ბიძინა ივანიშვილი სათავისოდ არის. პირდაპირ რუსეთის ქება-დიდებით ის ვერ მოვიდოდა საქართველოს ხელისფლების სათავეში, რადგან საქართველო პროდასავლური ქვეყანა არის. ამიტომაც გასაგებია, რომ მას პირველ პოლიტიკურ პარტნიორებად პროდასავლური ძალები, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ჰყავდა.

მეორე მხრივ, არც ჩვენ გვქონია იმის ილუზიები, რომ არიქა, ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატია. მიხეილ სააკაშვილმა საშინელებები ჩაიდინა, განსაკუთრებით მისი მმართველობის ბოლო წლებში, 7 ნოემბერი აკადრა ქვეყანას. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ოპოზიციას აღარ ჰქონდა იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად შეწინააღმდეგებოდა ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარ სააკაშვილის ხელისუფლებას. ამოტომ გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამაც იძულებით მიიღო ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ივანიშვილს რაღაცები მაინც გამოვღლიტეთ: „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ დადიან ევროპაში.

დღეს ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და სხვები ბიძინა ივანიშვილის ტექსტებს  აჟრეღებენ, გვეუბნებიან, ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოში მაიდანს. ამტკიცებენ, ამერიკელები თავისი აგენტურით აქ მაიდნის მოწყობას აპირებენო. უკრაინაში მაიდანი იყო 2014 წელს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩის ხელისუფლებამ 2013 წლის ბოლოს ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. ამის გაკეთება რუსეთმა მოსთხოვა და იანუკოვიჩმაც გააკეთა და მიიღო მაიდანი.

ამ განცხადებებით რას გვეუბნება „ოცნება“? _ აწი რომ მოგვთხოვოს რუსეთმა, ნატო კი არა, ევროკავშირის კანდიდატობაზეც უარი უნდა ვთქვათო. ესენი მზად არიან, უარი თქვან კანდიდატის სტატუსზეც კი. არათუ კანდიდატის სტატუსზე, მოლაპარაკების გახსნაზე. ივანიშვილის, კალაძის, კობახიძის, პაპუაშვილის განცხადებებს სხვა ახსნა, უბრალოდ, არ აქვს. პირდაპირ გვეუბნებიან, თუ არ გვინდა მაიდანი და არეულობა, ის უნდა გააკეთოთ, რასაც რუსი გვეუბნება. თურმე რუსს არ უნდა შეეწინააღმდეგო და რაკი რუსი გვეუბნება, რომ არა ევროკავშირს, ჩვენც უარი უნდა ვთქვათ. გვეუბნებიან, რუსის ნებას თუ შეეწინააღმდეგბი, დავისჯებით და ჩვენ ომი არ გვინდაო. თავის დროზე, ფრანგი კოლაბორაციონისტებიც ამ ჭკუაზე იყვნენ და ამბობდნენ, აბა ომი გინდათ? „ქართული ოცნების“ ლოზუნგებიც ერთი ერთშია გადმოღებული ფრანგი კოლაბორაციონისტებისგან. ეს ფრაზა ვიშის მთავრობის სლოგანია, ამათგან გახსენებული.

შექმნილ ვითარებაში ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ქართველ ხალხს ვერ მოერევა. ძალიან მაღალია საპროტესტო განწყობა. ამას გამოყენება სჭირდება.  სამიტინგო განწყობის, ქუჩის პროტესტის კონვერტაცია საარჩევნო პროცესში უნდა მოხდეს, მათ შორის, დამკვირვებლებად, კომისიის წევრებად და არა მარტო საარჩევნო დღეს.

როცა განუზომლად დიდი უპირატესობა აქვს პროდასავლურ განწყობას ქვეყანაში, პოლიტიკური ოპოზიცია, ბუნებრივია, მოძებნის სწორ კონფიგურაციას იმისთვის, რომ იყოს ამ განწყობების ინსტრუმენტი, რადგან პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტი არის პოლიტიკის მთავარი შემადგენელი, როცა ლიბერალურ დემოკრატიაში არჩევნებით ხდება ხელისუფლების ცვლილება. მე მჯერა, რომ ცვლილებები იქნება.

_ აშკარაა, რომ ოპტიმისტურად ხართ არჩევნების მიმართ განწყობილი. ბევრს არ აქვს ასეთი ოპტიმისტური განწყობა.

_ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სხვათა შორის, პერსონალურადაც მარცხის გამოცდილება არ მაქვს. ხელისუფლებები როცა მიდიან ზღვარს იქით და ასეთი არავის არ უქნია, რაც ამ ხელისუფლებამ ქნა, ასეთ ხელისუფლებებთან ოპონირების რეჟიმში და პოლიტიკურ დაპირისპირებაში, გინდ ქუჩაში და გინდა საარჩევნო ურნასთან, რესპუბლიკელებს ყოველთვის შეგვქონდა ჩვენი წვლილი. არცერთი ხელისუფლება არ წასულა ჩვენი მიხმარების გარეშე და არცერთი ხელისუფლება არ მოსულა ჩვენი მიხმარების გარეშე. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ადეკვატურად ვაფასებთ ჩვენს ძალიან მოკრძალებულ წვლილს. აუცილებლად იქნება ცვლილება. ოპოზიცია აუცილებლად მოძებნის სწორ კონფიგურციას.

გაზიარება