QronikaPlus
ვიოლა ფონ კრამონი: „საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა თითქმის რუსეთად და ბელარუსად გადააქცია“

ვიოლა ფონ კრამონი: „საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა თითქმის რუსეთად და ბელარუსად გადააქცია“

2024-06-13 06:56:18

მიხეილ ხაჩიძე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის წევრებისთვის დაანონსებული სავიზო შეზღუდვების ამოქმედების შესახებ. დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, ამერიკის საგარეო უწყება სავიზო აკრძალვებს უწესებს „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის წევრებს „ოცნების“ სიით, ასევე სამართალდამცველებსა და სხვა კერძო პირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.

„ამერიკა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების, ასევე ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ქართველი ხალხის სურვილს.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა უკვე გამოაცხადა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შესახებ. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა.

დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში სავიზო აკრძალვებს ვაწესებთ ათეულობით პირზე და, მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინებაზე და მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

სანქციების ამ პირველ ნაკადში მოიაზრებიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, მათი ოჯახის წევრები, პოლიცია და კერძო პირები“, _ განაცხადა მილერმა.

მისივე სიტყვებით, სავიზო შეზღუდვებში, ამ ეტაპზე, 20-30 ადამიანი მოიაზრება და რომ ეს მხოლოდ პირველი ტრანშია. მილერის თქმით, ამერიკას იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკას გადახედავს, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ „ამერიკა მზადაა, დამატებითი ზომები მიიღოს“.

მილერს არ დაუკონკრეტებია იმ პირთა ვინაობა, რომელთაც სანქციები შეეხებათ. მისი განმარტებით, სანქცირებული ადამიანებისთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ: „ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუკი ეცდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას“. დამაზუსტებელ კითხვაზე, უკვე გააფრთხილეს თუ არა ვინმე, ვისაც მოქმედი ვიზა აქვს? _ პრესსპიკერმა განაცხადა: „ვეჭვობ, რომ ეს მოხდა, რადგან ჩვენ ეს (აკრძალვა) დღეს ავამოქმედეთ“.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ კანონი უკრძალავს მას, დაასახელოს კონკრეტული პირები, რომლებსაც სავიზო აკრძალვა შეეხო.

„არ შემიძლია კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. შეგახსენებთ, რომ კანონით, კონფიდენციალურია სავიზო ინფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე და ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი“.

რატომ არის „რუსული კანონი“ რუსული?

კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი „რუსულ კანონად“ მოიხსენიებს, ვინაიდან ის რუსული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონმდებლობის მსგავსია, საქართველოს პრეზიდენტმა 19 მაისს ვეტო დაადო, თუმცა ის „ოცნების“ პარლამენტარებმა 28 მაისს დაძლიეს.

საქართველოს ხელისუფლება „აგენტების კანონის“ მთავარ მიზნად გამჭვირვალობას ასახელებს. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ ის ევროპული სტანდარტებისთვის შეუსაბამოა და საქართველოში დასამარდება სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო სექტორი, რომელიც დემოკრატიული განვითარების მთავარი იმპულსია. ამასთან, შეფერხდება ევროინტეგრაცია.

მას შემდეგ, რაც ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ერთი წლის წინ აიძულა მმართველი პარტია, გაეწვია უცხოური გავლენის შესახებ კანონი, „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა დააინიცირა შინაარსობრივად იდენტური კანონპროექტი. მმართველმა გუნდმა პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა „აგენტი“ ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

ისევე, როგორც გასული წლის ვერსია, ეს კანონპროექტი ავალდებულებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები), რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოური წყაროებიდან, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები“. სამუშაო დოკუმენტის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კანონპროექტი ფორმალურად არ ზღუდავს უცხოური ინტერესების გამტარებლად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობას, თუმცა კანონპროექტისა და არსებული პოლიტიკური კონტექსტის სიღრმისეული ანალიზი აჩენს ეჭვს ამ დებულების მართებულობაში.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის კანონმდებლობის ანალოგია, რომელიც მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს არასასურველ საგარეო პოლიტიკურ გავლენას. თუმცა ეს ასე არ არის, რადგან:

FARA-ს (foreign agents registration act.  ავტ), რომელიც აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს, მიიღეს, მიზანი იყო, ამერიკის მოსახლეობა მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდის გავლენისგან დაეცვა. მოგვიანებით, ამ კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა – გამარტივდა და დავიწროვდა აგენტების განსაზღვრება. კანონის ბოლო ვერსია შემოიფარგლა მხოლოდ იმ ადამიანებითა და ორგანიზაციებით, რომლებიც უცხო ქვეყნების ან ორგანიზაციების პირდაპირი ბრძანებით ან სურვილით მოქმედებენ. FARA არ ეხება არც მედიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამერიკაში ამ რეესტრში უფრო მეტად პიარ და მარკეტინგული კომპანიები არიან დარეგისტრირებული.

„მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე. პირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია“, – ამბობდა ჯინ შაჰინი, ამერიკელი სენატორი 22 თებერვალს.

დღემდე FARA-ს რეესტრში არცერთი ადგილობრივი მედია არ არის შეყვანილი და მას ამ სფეროში მხოლოდ ისეთი პროპაგანდისტული წყაროების წინააღმდეგ იყენებენ, როგორიცაა რუსული ღთ და სხვა.

რაც შეეხება „ოცნების“ მიერ მიღებულ რუსულ კანონს _  „ეს კანონპროექტი აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, – ეს პირდაპირ თქვა ევროკავშირის საგარეო სამსახურმა. და როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ამას ცალსახად ამბობენ, უკვე ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. თუმცა „ოცნებას“ პარტნიორებისა და მეგობრების რომ არ ესმის, ესეც ცალსახაა. ივანიშვილის გუნდი მეგობრებს რუსული ნარატივითა და პროპაგანდით უპირისპირდება და მუქარის ენით ესაუბრება.

რა პროცესებს იწვევს კანონი?

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

„არა რუსულ კანონს!“_ ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი ახლაც გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება ევროპასა და ამერიკაშიც, ქართველი ემიგრანტები ყველგან ხმას იმაღლებენ და „ოცნების“ პოლიტიკას გმობენ.

2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარღვია ერთი წლის წინ დადებული პირობა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა რუსული კანონის მიღების საკითხს.

• 2023 წლის მარტში ანალოგიური კანონპროექტის ინიცირებას ხალხი პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცველებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით;

• შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და თქვა, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა: „მე, პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პერიოდში. „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 9 მარტს, როდესაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.

თუმცა მსოფლიომ ნახა, რომ „ოცნებამ“ ეს დაპირებაც დაარღვია და ხალხი აქაც გააცურა.

აღსანიშნავია, რომ ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. და ეს დაპირება შტატებმა მართლაც რომ სწრაფად შეასრულა.

ევროკავშირის სანქციებიც მალე იქნება?!

შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ. რა იქნება შტატების შემდეგ? რა პროცესები ვითარდება საქართველოში და რას უნდა ველოდეთ ევროპისგან? გაუქმდება თუ არა საქართველოსთვის ევროპაში გადაადგილების უვიზო პრივილეგია? _ ამ და სხვა მნიშნველოვანი პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ დისტანციურად ჩაწერა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან.

როგორც საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, ივანიშვილმა საქართველო ლუკაშენკოს ბელარუსად აქცია. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ოლიგარქი ასე მარტივად არ დათმობს.

ევროდეპუტატის სიტყვებით, მთავრობა კრემლის კვალდაკვალ მიდის, იღებს რუსულ კანონებს და იყენებს რუსულ ნარატივებს. ახლა უკვე რთული გახდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებების გარჩევა რუსი პროპაგანდისტებისგან.

ვიოლა ფონ კრამონი პირდაპირ აცხადებს, რომ სანქციები სწორი და აუცილებელია, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მხოლოდ ზიანს მიაყენებს პროდემოკრატიულ და ევროკავშირის მომხრე ქართველებს, რომლებიც მოგზაურობენ ევროკავშირში. ამიტომ მას მიაჩნია, რომ მთავრობის წევრების მიმართ პერსონალიზებული სანქციები იქნება სწორი გზა.

„ქრონიკა+“ ესაუბრება ვიოლა ფონ კრამონს:

_ ქალბატონო ვიოლა, რა ხდება პოლიტიკურად საქართველოში? რა პროცესები ვითარდება ჩვენ თვალწინ?

_ საქართველო დღითი დღე უფრო ავტოკრატიული ხდება. ივანიშვილი 2012 წელს დაჰპირდა ქართველ ხალხს „საოცარი დემოკრატიის“ აშენებას და, სამწუხაროდ, ქვეყანა თითქმის ლუკაშენკოს ბელარუსად აქცია. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და გამოსწორდეს, მაგრამ ივანიშვილი ასე მარტივად არ დათმობს.

_ როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ნარატივებს დასავლეთთან მიმართებით, რა პროცესია ეს?

_ მთავრობა მიდის კრემლის კვალდაკვალ, იღებს რუსულ კანონებს და იყენებს რუსულ ნარატივებს. ახლა უკვე რთული გახდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებების გარჩევა რუსი პროპაგანდისტებისგან. „ოცნების“ მიზანია დასავლეთის წარმოჩენა, როგორც მტრის და ყოველგვარი ბოროტების საწყისის. ეს ბედის ირონიაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტებს, რომ სწორედ რუსეთს აქვს საქართველოს მიწის 20% ოკუპირებული და ახორციელებს სასტიკ ეთნიკურ წმენდას.

_ როგორ აფასებთ საპროტესტო აქციებს, რამდენად სწორი და ევროპულია იგი?

_ ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ევროპელები არიან და იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და მხარს დაგიჭერთ თქვენს ევროპულ გადაწყვეტილებაში.

_ რას ფიქრობთ სამართალდამცველების მიერ მომტინგეების დარბევაზე, ცემაზე, დაშინებასა და მუქარაზე? ალბათ ისიც იცით, რომ ზოგს სახლთან ხვდებიან, ზოგს ურეკავენ და ემუქრებიან, რა მეთოდია ეს? იყენებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება „შტასის“ მეთოდებს?

_ მე კარგად ვიცი, რა სისასტიკე და დაშინება გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ. ჩემთვის ყველა ფაქტი ცნობილია. გავიმეორებ და ვიტყვი, მათ ქვეყანა თითქმის რუსეთად და ბელარუსად გადააქციეს.

_ სანქციებზეც მინდა გკითხოთ: აშშ-მ უკვე დააწესა სანქციები გარკვეული ჩინოვნიკების, პოლიციელების მიმართ, კონგრესში განიხილეს „მეგობრობის აქტი“ რამდენად იქონიებს სანქციები რაიმე გავლენას ან ზეწოლას „ოცნების“ რეჟიმზე?

_ სანქციები აბსოლუტურად აუცილებელია და ევროკავშირმა ასევე უნდა შეიმუშაოს სანქციების პაკეტი. ამასთან, იგი სწორად უნდა განხორციელდეს, რომ ქართველი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

_ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოხსნაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც, რომ თემას უახლოეს მომავალში განიხილავენ. რას ფიქრობთ, შეიძლება, საქართველოს უვიზო რეჟიმის პრივილეგია გაუუქმდეს?

_ გავიმეორებ: სანქციები აუცილებელია, მაგრამ სწორად უნდა განხორციელდეს, რომ ქართველი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მხოლოდ ზიანს აყენებს პროდემოკრატიულ და ევროკავშირის მომხრე ქართველებს, რომლებიც მოგზაურობენ ევროკავშირში. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავრობის წევრების მიმართ პერსონალიზებული სანქციები იქნება სწორი გზა.

გაზიარება