- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-05-30 08:29:33
გიგა გელხვიიძე
დასანქცირებულია! დასანქცირებულია! _ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მოსული სანქციები, რომელიც ევროკავშირზე ადრე აშშ-მ შეიმუშავა ურჩი ოლიგარქისა და მისი გუნდის დასასჯელად, ძალიან დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნულს გამოეხმაურა, ეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იყო.
ნათელაშვილს „ქრონიკა+“-თან საუბრისას არაერთხელ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეჩერების ერთადერთი გაზა არის მისი დასანქცირება და ამ მიმართულებით უკვე წლებია მუშაობს.
ახლა, როდესაც სანქცია რეალობად იქცა, „ქრონიკა+“ კვლავ ესაუბრა შალვა ნათელაშვილს, რათა მისგან მიეღო პასუხები იმაზე, თუ რა ტიპის იქნება ეს სანქციები და რატომ დააგვიანა აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ამდენი ხნით, თუ საბოლოო ჯამში ამას მაინც აპირებდა?
_ ბატონო შალვა, ჩვენი საუბარი სანქციებით უნდა დავიწყოთ, _ სანქციების პაკეტი, რომელიც შეიმუშავეს შეერთებულ შტატებში, თქვენი შეფასება...
_ სანქციები ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დამთავრებას გარანტირებულად. სანქციები ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს ბრძოლა იყო უნიკალური და არნახული. სანქციები ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა და სანქციები ნიშნავს იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! და 12 წლის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დაწყებული ბრძოლა, სამ ადმინისტრაციასთან და ოთხი მოწვევის კონგრესთან ამ საკითხზე ურთიერთობა, დაგვირგვინდა ისტორიული შედეგით.
_ წლების მანძილზე არაერთხელ გისაუბრიათ ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამდენი დრო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეალური მიზნები ამოეცნო?
_ პრინციპში, აშშ-მ თავიდანვე იცოდა, ვის ემსახურებოდა ივანიშვილი. სამწუხაროდ, სააკაშვილმა 2012 წელს იქამდე მიიყვანა საქმე, რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ დაუტოვა ქვეყანას, გაანადგურა პარტიები და ლიდერები, ვინც მასთან არ იყო. მე რომ 25 წელი მომისაჯეს სამშობლოს ღალატისთვის, მარტო ეს რად ღირდა! აი, ამ განადგურებული ოპოზიციის ფონზე, როგორც ამბობენ, წმინდა ადგილი ვაკანტური არასდროს რჩებაო, შემოიჭრა ეს პატარა პუტინი, რომელსაც მანამდე ჰქონდა ქველმოქმედის ლეგენდა. ამ ლეგენდის შექმნას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუწყო ხელი. ის იყო „ვარდების რევოლუციის“ სპონსორი პუტინის დავალებით. პუტინის ინტერესებში იყო შევარდნაძის წიხლისკვრით გაგდება, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ყოფილიყვნენ შეშინებულები და დამტკიცება იმისა, რომ ამერიკა ვერ იცავს თავის მოკავშირეებს, ეს პუტინის გემოვნებაში იჯდა. როდესაც ჯეიმს ბეიკერი (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი) ჩამოვიდა თბილისში 2003 წლის ზაფხულში და ჩვენ შეგვხვდა, მიშაც იჯდა იქ ჩემ გვერდით, პირდაპირ გვითხრა, რომ შევარდნაძე წავა ექვს თვეში და ყოველგვარ რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეთ. ბეიკერმა გვითხრა ეს, მაგრამ გაიმარჯვა პუტინის ხაზმა და ივანიშვილი 2003 წელსვე მოვიდა ქვეყნის თანამმართველად. ივანიშვილი აფინანსებდა იმ რეჟიმს, ხელფასებსაც კი ოფიციალურად იხდიდა. მას ჰქონდა სრული კარტბლანში, ყველა სახელმწიფო უწყება იყო გაფრთხილებული, რომ მისი დავალება შეესრულებინათ. უმაღლესი სასამართლო და ყველა სასამართლო ინსტანცია იყო გაფრთხილებული, რომ მისი მოთხოვნები, ბიზნესდავები და ვინმეს დაკავებას რომ მოითხოვდა, დაუყოვნებლივ შეესრულებინათ. ძალოვანი სტრუქტურები ფინანსდებოდა მისგან და განსაკუთრებულ სინატიფეს ავლენდა სპეცრაზმის უზრუნველყოფაში. მერაბიშვილის 500 სპეცრაზმელი მასთან იყო აღრიცხვაზე „ქართუ ბანკში“ და ჩვენი დარბევის შემდეგ იქიდან იღებდნენ პენსიებსა და ხელფასებს. სპეცრაზმის უფროსები წინაურდებოდნენ და შონია სამეგრელოს გუბერნატორადაც კი დანიშნეს. ანუ თანამმართველი იყო 2012-მდე და როდესაც განადგურდა პოლიტიკური სპექტრი, მას შემდეგ რაც მიშამ იფიქრა, რომ პოლიტიკოსებია ჩემთვის საშიში და ამ ოლიგარქს ახლა ვინ შეხედავს, ფულის ტომარაა და რა შეუძლიაო, მოუშვა ხელისუფლებასთან ახლოს და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა 2011 წელს, რადგანაც თავიდანვე ვიცოდით, რომ მოსვლის შემთხვევაში მისი წასვლის შანსი არ იყო. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსები არიან და როცა დაინახეს, რომ მათი წასვლა იყო საჭირო, წავიდნენ, მაგრამ ეს არსად წავიდოდა სანქციების გარეშე, ან გამოიწვევდა სამოქალაქო ომს ქვეყანაში, ამიტომ ავიღეთ სანქციების კურსი და სამ ადმინისტრაციასთან ვმუშაობდით. რაც შეეხება დაგვიანებას, მინდა გითხრათ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა რაჭულია, მძიმეა. მძიმედ იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ცნობილია, რომ პერლ-ჰარბორის დაბომბვამდე მიიყვანეს საქმე (1941 წელს კუნძულ ჰავაიზე იაპონელებმა დაბომბეს აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტი, _ რედ.), რომ მეორე მსოფლიო ომში ჩართულიყვნენ, არ ერთვებოდა ამერიკა და შორიდან უყურებდა ხოცვა-ჟლეტას ევროპის კონტინენტზე. ეს დაგვიანება ზოგჯერ კარგიც არის, უფრო მეტად მზადდება საკითხი, მეტი კვლევა ხდება, მაგრამ ზოგჯერ ცუდია და ჩვენს შემთხვევაში ცუდი გამოდგა, რადგანაც ჯერ კიდევ 2016 წელს მივაღწიეთ იმას, რომ კონგრესში გამოვიდა სტივ რასელი (კონგრესმენი) და მოითხოვა ივანიშვილის სანქცირება, ის კი არა, პირდაპირ თქვა, _ განგმირეთ, როგორც წმინდა გიორგიმ გველეშაპიო. მერე იყო ჩვენი მეგობარი ტედ კრუზი (სენატორი), მასთანაც ძალიან ბევრს ვმუშაობდით. ტედ კრუზმა მოაწერა ხელი სახელმწიფო დეპარტამენტში მის დასანქცირებას, უკვე 2020 წელი იყო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს აქრობდა. მივიყვანდი საქმეს წკიპზე, გაუშვებდა ლობისტურ კომპანიაში ფინანსებს და ეს საკითხი იხსნებოდა. ლობისტური საქმიანობა ამერიკაში ნებადართულია და მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეთამაშა, ერთი ფეხი მოსკოვში, ერთი ფეხი ვაშინგტონში და იქითაც იყო და აქეთაც. ამასობაში ძარცვა ქვეყანა, დაგლიჯა, მიითვისა და გადაიფორმა. ორმა ფაქტორმა გადაწყვიტა ახლა აღნიშნული ვერდიქტის გამოტანა, რაც მოვისმინეთ. რომ არ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ფონი შემზადებული სანქცირებაზე ვაშინგტონის ელიტაში „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ, აუცილებლობაზე და გარდაუვალობაზე, გადაწყვეტილება დააგვიანებდა კიდევ, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი და რუსული და დასავლური სამყარო დაუპირისპირდა ერთმანეთს, აქ უკვე აღარ გამოვიდოდა იქითაც და აქეთაც თამაში. მას ამერიკამაც მოსთხოვა უკვე პოზიციის გამოხატვა და რუსეთმაც, მან აირჩია პუტინის მხარე. ომის დროს დამაბალანსებელი დიპლომატია აღარ არსებობს, შუალედი აღარ გამოდის. ამან აირჩია პუტინის მხარე და გაიმზადა სანქციები. ამერიკის ბანკებში ინახება ფული და არა პუტინთან, ხომ? პუტინთან იშოვა და შეინახა ამერიკის ბანკებში და ამერიკა რატომ აპატიებდა და შეარჩენდა ამას? მერე მეორე, რასაც ახლა ეს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში, ამერიკის მთავრობას ამის ყურება და ატანა გაუძნელდებოდა. ეს არის კლასიკური აღვირახსნილი დიქტატურა, კორუმპირებული, კრიმინალური კონცერნი. სახელმწიფო შესყიდულია, შესყიდულია ადამიანები, პოლიტიკური სპექტრი, ინსტიტუტები. მგონი, ისტორიაში ასეთი ფაქტი არ ყოფილა. მაგრამ თუ ამერიკა ამ ყველაფრის მიუხედავად არ დაინახავდა გარეთ გამოსულ ქართველ ხალს, სანქციები არ იქნებოდა მაინც, ამ საკითხის გადაწყვეტა გამოიწვია ქართველი ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ ქუჩაში. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, იგივე 20 ივნისი, ეს კომპლექსურად არის აღქმული, ხახლის განწყობა დაინახეს. თუ ხალხის განწყობას ვერ ხედავენ, ძალიან ბევრი რეჟიმია ღვითისპირიდან გადავარდნილი, მაგრამ ამერიკასთან თანამშრომლობს, რადგანაც ხალხი არ გამოდის გარეთ და ვერ ხედავენ ხალხს.
_ თქვენ ახსენეთ 20 ივნისი და სანქციების პაკეტშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ ბოლო პერიოდს და მასში გათვალისწინებული არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოღვაწეობდნენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად _ დასანქცირდებიან თუ არა 20 ივნისის შემოქმედებიც?
_ რა თქმა უნდა, ამას არავითარი ვარაუდი არ სჭირდება, ეს გარდაუვალია. ეს არ არის სანქციები რაღაც რუსული კანონის გამო, რუსული კანონი ერთ-ერთი სიმპტომია იმ მარაზმის, რაშიც ვართ. რუსულ კანონთან ნაკლებად არის დაკავშირებული ეს სანქციები, რადგან კომპლექსურად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დარღვევა, არჩევნების სამართლიანობა, 2012 წლიდან დაწყებული ქმედებები, ყველაფერი მოიცვა. უკანაც რომ გაიწვიონ ახლა ეს კანონი ან ჩააგდონ თუ რაც ჰქვია, მაინც არაფერი უშველით.
_ მსჯელობის საგანია სანქციების მოქმედების ფარგლები. ანუ იქნება თუ არა ეს სანქციები მხოლოდ კონკრეტულ პირებზე და შეეხება თუ არა ზოგადად ქვეყანას _ როგორია თქვენი მოლოდინები?
_ არა, ქვეყანაზე ეს არ გავრცელდება, რადგანაც ქართველი ხალხის განწყობა ნახა მსოფლიომ და გამორიცხულია, ეს ქვეყანასა და მოქალაქეებზე გაავრცელონ. სამხედრო შეიარაღებაზე დახმარებას შეუზღუდავენ იმიტომ, რომ პუტინის სპეცრაზმი გახდა ივანიშვილის რეჟიმი და მისი ძალოვანი სტრუქტურები. მაგრამ მოქალაქეებს რაიმე დაუშავდეთ ან გადარიცხვებში პრობლემა ან ვიზები, ეს გამორიცხულია.
_ რამდენად იქნება მასობრივი შეზღუდვები ხელისუფლების წარმომადგენლებზე და გავრცელდება თუ არა სანქციები საჯარო მოხელეებზეც?
_ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებამდე დავა სანქციები და საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებამდე, მათ შორის, მათ ნათესავებსაც გამოყრიან იქიდან, რომლებიც იქ არიან შემძვრალი და იქაურ პურს ჭამენ და მხარს უჭერენ პუტინს.
_ სანქციები დააანონსა ასევე ევროკავშირმა. თუ ეს ყველაფერი შეეხება თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, რამდენად შედის რუსეთის ინტერესებში ის, რომ საქართველო, რომელიც მისთვის გამტარია სანქცირებული პროდუქციისთვის, უბრალოდ, დაიკეტოს?
_ რუსეთს გადაკეტვა არ აწყობს, რა თქმა უნდა, თუმცა ის აქ მეორე ფრონტს ვერ გახსნის, გამორიცხულია. იქნება განცხადებები, დასავლეთის ლანძღვა, რომ აქ მთავრობას ამხობენ და კობახიძისა და მდინარაძის ქება, მაგრამ ის, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და რუსული ჯარი შემოვიდეს, ეს არის ტყუილი. ახლა ვართ ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობაში, რადგანაც არავის უნდა ომი საქართველოს ტერიტორიაზე, არც რუსეთს, რადგანაც დაეკეტება მსოფლიოსთან მისასვლელი უკანასკნელი გზა, არც თურქეთს იმიტომ, რომ დაეკეტება გზა პანთურქული სამყაროსკენ, არც აზერბაიჯანს იმიტომ, რომ ვეღარ გაიტანს ევროპაში ენერგორესურსებს, არც ირანს იმიტომ, რომ ჩრდილოეთის გზა ეკეტება, არც სომხეთს, _ არავის უნდა აქ ომი და ესენი რომ ყვირიან, ჩვენ რომ წავალთ, ომი იქნებაო, ეს არის ათასწლეულის ზღაპარი და ურცხვი ტყუილი.
_ „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა აფხაზეთის თემა _ რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ეს მათთვის მაშველი რგოლი?
_ ეს არის ივანიშვილის და მოსკოვის ერთობლივი ტყუილი უფასო ფულის მსგავსად, 2012 წლიდან. იგუგლება მარტივად, რომ 2012 წელს ივანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ აფხაზეთის დაბრუნების გეგმა კი არ აქვს მხოლოდ შემუშავებული, არამედ ჭორვილის მსგავსი წითელი სახურავებით გადახურული სახლები უნდა ააშენოს იქ და დათვლილი აქვს, თუ რამდენი საძინებელი უნდა იყოს და რამდენი სველი წერტილი. ეს მაშინვე ვთქვი და ვამხილე კიდევაც, მაგრამ ვინ დამიჯერა? ამიტომ ეს ახალი არ არის და ახალა, რა თქმა უნდა, ისევ გაააქტიურებენ და იტყვიან, რომ ეს უნდა დაებრუნებინა რუსეთს და რახან არ გვაცლით მუშაობას, იყავით ისე. რომელი აფხაზეთისა და ცხინვალის დამბრუნებელია რუსეთი?! ეგ რომ დააბრუნოს, იმპერია ეშლება. მაშინ უნდა დაუბრუნონ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას, უნდა დააბრუნოს კურილიის კუნძულები და ყველა დაპყრობილი ტერიტორია. რუსეთი ხომ დაპყრობილი ტერიტორიებით არის შექმნილი? ამიტომ რუსეთმა კი არა გეოპოლიტიკამ, საქართველოს განვითარებამ და რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა უნდა დააბრუნოს, რომ ადამიანური გახდება და შეიცვლება პოლიტიკური ამინდი და რეჟიმი და გახდება დასავლური სისტემის წევრი ან დაიშლება, როგორც იმპერია. აი, მაშინ დაბრუნდება.
_ რამდენად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ივანიშვილი წავა არჩევნების გზით, მშვიდობიანად, როგორც ეს მისმა წინამორბედმა გააკეთა? როგორ „ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან სანქციებისთვის და არ ეშინიათ ამის...
_ ერთი მეზობელი გვყავდა, რომელიც ქმარს სცემდა. ერთ დღეს ღომი გაუკეთებია და მარილი აკლიაო, ქმარს უთქვამს და რას ჰქვია, მარილი აკლიაო, მოკიდა იატაკის დიდ ჯოხს ხელი და ურტყა და ურტყა ამ ქმარს. ეს კი შემძვრალა საწოლის ქვეშ და ყვიროდა, ვაჟკაცი ვარ, ვაჟკაცურად მოვკვდები, მაინც ვიტყვი, ფაფა უმარილოაო. აი, დაახლოებით ასეთი ამბავია ახლა, ამაყი განცხადებები რომ აქვთ „ქართული ოცნების“ წევრებს, სახლის ქვეშ არიან შემძვრალები და იქიდან კნავიან, ამ დროს კი შოკი აქვთ სისხლის გათეთრებამდე. კარგავენ პოლიტიკურ და ბიზნესსაქმიანობას, რაც ყაჩაღობით იშოვეს და რჩებიან ისე, როგორც მებადური და მისი ცოლი დარჩნენ ქოხში, საიდანაც დაიწყეს ოცნებების ასრულება, ის ქოხიც აღარ ეღირსებათ.
_ ოპოზიციურ ერთობაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად, _ გარდა იმისა, რომ ეს იყო სააკაშვილის ინიციატივა, ამ ერთობას აქტიურად ითხოვენ ახალგაზრდებიც, რომლებიც დგანან ქუჩაში. თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად რეალურია ეს?
_ ასეთ მეგაგაერთიანებებს კიდევ აზრი ჰქონდა მანამ, სანამ სანქციების ეტაპი დადგებოდა, „ქართული ოცნება“ დამხობილია ფაქტობრივად, პირდაპირ ვთქვათ. „ლეიბორისტული პარტია“ არასდროს წინასაარჩევნო გაერთიანებებში არ ყოფილა, მთელი მსოფლიო გვიცნობს, დამოუკიდებელი პარტია ვართ, ყრილობამ აკრძალა 25 წლის წინათ ვინმესთან ალიანსში შესვლა და მთელ ეპოქას გავუძელით და გადავრჩით, შევინარჩუნეთ სახე, ამას ახლა ნამდვილად ვერ დავკარგავთ ვერავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება გაერთიანებას, ჩვენ გარდა ვინც ჩანს, ყველა ეს პარტია არის ლიბერალურ-მემარჯვენე. ამიტომ ყველა ერთ პარტიად უნდა გაერთიანდეს, თუ მართლა მემარჯვენეები არიან და ერთნაირი ხედვები აქვთ როგორც ამბობენ. ერთი პარტია უნდა გააკეთონ მამაცხონებულებმა და ქვეყანაც დაისვენებს და ჩვენც, ყველაფერი იქნება კარგად. რომ იყოს ასეთი გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია მემარცხენე სპექტრში, ჩვენ მას შევერწყმებოდით ან შევირწყამდით. გამოდის, რომ პოლიტიკაში შენი თავი გიყვარს და სხვა არაფერი, რადგანაც ხარ მემარჯვენე და სხვა მემარჯვენეს არ უერთდები.
_ გაგონებთ თუ არა ეს რუსულ ოპოზიციას? მაგალითად, ნავალნის პარტიას, რომელიც უბრალოდ არ კონტაქტობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ამით აზიანებს საკუთარ თავსაც და ზოგადად საქმეს?
_ ჰო, ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მემარჯვენე, „ლელო“, გახარია“, „გირჩი“, „ლაკა“, „ნაცი“, ვინც არიან.
_ თუმცა არავის სურს, ფაქტობრივად, ერთობა ენმ-სთან ერთად.
_ არადა, „ნაცმოძრაობიდან“ წამოვიდა თითქმის ყველა და რა სჭირთ, ვერ გავიგე. დიდი გამონაკლისია ამის გაკეთება ჩვენგან. კოალიციურ მთავრობაზე ვართ თანახმა მათთან ერთად, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ და ხაზარაძე ვიქნებით ერთად? ჩვენ გვინდა, რომ ბანკის საპროცენტო განაკვეთი საქართველოში არ იყოს 5%-ზე მეტი. მაგრამ მოგვიწევს კონსულტაციები და რაღაც ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. კოალიციურ მთავრობაზე ვართ თანახმა და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი გამონაკლისია ჩვენგან გაკეთებული, მაგრამ წინასაარჩევნოდ საერთო სიები, აი, რა არის იცით? შეურაცხმყოფელია ეს ჩვენთვის. ამას წინათ მოვიდა ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ჯგუფი და შემომთავაზა ლოტოტრონის პრინციპი, ანუ 35 პარტია, თავის სამ-სამი თუ ორი გარანტირებული ადგილი თითოს თანაბრად და ყველა ჩაყოფთ ხელს ლოტოტრონში და თქვენს ნომერს ამოიღებთო. ასეთ სიას და ასეთ პოლიტიკას მირჩევნია, ვიყო ცალკე, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.
_ ხშირად ისმის შეფასებები, რომ ბავშვები, რომლებიც არიან პროტესტის ავანგარდში, არავის იკარებენ პოლიტიკური სპექტრიდან და ეს არ არის სწორი. თქვენი შეფასებით, როგორ მართეს ახალგაზრდებმა ეს აქციები?
_ ჩვენ გვყავს გენიოსი ახალგაზრდები, იმ დონის გენიოსი, რომ მსოფლიოს არცერთ ხალხს ასეთი ახალგაზრდები არ ჰყავს. განცვიფრებული ვარ, როგორ მოასწრეს გაზრდა ასეთ დონეზე, ასე აკადემიურად! ყველაზე მეტად ახლა მაქვს გული საგულეში, რომ ვიცი, საქართველო საიმედო ხელშია. ახალგაზრდა ყველაზე მეტად გრძნობს პოლიტიკოსის გულწრფელობას, სიყალბეს. ვერაფერს გამოაპარებ ახალგაზრდებს, რადგანაც მათ კარგად იციან ამ პოლიტიკოსების წარსული, რამდენი პარტია აქვთ მოვლილი და არ იკლავენ თავს მათი სიყვარულით და ვერც ვამტყუნებ.
_ რამდენად არის ახლა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი კიდევ უფრო გააქტიურება საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ, რათა ისედაც დასუსტებულ ქვეყანაში კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს ივანიშვილის ხახვი, კარტოფილი და ერთჯერადი ფულადი დახმარება მისაღები მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნოდ?
_ არა, რომც დაჰყაბულდეს რეჟიმი, დამთავრებულია და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის პოლიტიკური გვამია და დაკრძალვის დღე უნდა დაინიშნოს. ასე რომ, აქ კიტრი, პომიდორი და ფული აღარ ჩაითვლება. ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ლეიბორისტულ პარტია“, რადგანაც ქვეყანას დღეს სჭირდება ჩვენი პარტია, ჩვენ უნდა გვქონდეს საკონტროლო პაკეტი, რომ დავამყაროთ დემოკრატიული სოციალიზმი, რომელსაც ვერავინ შეცვლის და ეს იქნება სტაბილური სისტემა, რომლის დროსაც არავინ იქნება იმის მოლოდინში, ვინ დაურიგებს კარტოფილს, ხახვსა კიტრს. კიტრისა და პომიდვრის ეპოქა უნდა დასრულდეს და ხალხმა მიიღოს თავისი წილი ეროვნული სიმდიდრიდან და დამყარდეს სკანდინავიური, შვედური, ნორვეგიული სოციალიზმი. ამის გამკეთებელი არის მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“, დანარჩენი პარტია კი მაინც ოლიგარქიული ანასხლეტია.