- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-05-30 05:13:52
მიხეილ ხაჩიძე
234 დღეა, ისრაელი ომობს. 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ღაზაში, იუდეაში, სამარიასა და ლიბანში „რკინის ხმლების“ ოპერაცია მიმდინარებს. „ცაჰალი“ აგრძელებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში, ანადგურებს „ჰამასის“ ინფრასტრუქტურას და მებრძოლებს სპობს. სამხედრო და სასაზღვრო პოლიციის ძალები მოქმედებენ იუდეასა და სამარიაში. ისრაელის არმია ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებს უტევს.
ამავდროულად, პოლიტიკური ვითარებაც ტურბულენტურია თავად ისრაელში თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ირანში. გასულ კვირას ავიაკატასტროფამ, რომელსაც პრეზიდენტი და სხვა ლიდერები ესმხვერპლნენ, ბევრი კითხვა გააჩინა. შეუმჩნეველი არ დარჩა სამძიმარზე საქართველოს პრემიერის ჩასვლაც.
რა ხდება ფრონტზე? რა პროცესები ვითარდება ჩვენ წინაშე? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება აღმოსავლეთმცოდნე და ორგანიზაცია DOR L’DOR-ის წევრი, თორნიკე ნამიჭეიშვილი:
_ თორენიკე, როგორია საბრძოლო მდგომარეობა ფრონტებზე?
_ ინფორმაცია განახლებადია, მაგრამ ამ ეტაპისთვის ისრაელის არმია აკონტროლებს ყველა მნიშვნელოვან წერტილს ღაზის სექტორში, ასევე მის ქალაქებში მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები მიწისქვეშა გვირაბების, მძევლებისა და ტერორისტების გასათავისუფლებლად. ეს ოპერაციები ტარდება კარდაკარ, შენობებსა და გაუვალ ლაბირინთიან ქუჩებში. რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებების შედეგად არსებობს მსხვერპლი როგორც პალესტინის, ასევე ისრაელის მხარესაც, მაგრამ რიცხვები გენოციდის შესახებ, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია და მხოლოდ მანიპულაციისთვის გამოიყენება. თან ერთადერთი წყარო 30 000 დაღუპულ პალესტინელზე არის ღაზის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, რომელიც „ჰამასის“ კონტროლქვეშაა, ასე რომ, თავად განსაჯოს საზოგადოებამ, რამდენად სანდო წყაროა. ფაქტობრივად, ერთადერთი ადგილი, სადაც ისრაელის არმია ჯერ არ შესულა, არის რაფა, სადაც, სავარაუდოდ, ტერორისტული ქვედანაყოფები არიან გამაგრებული და ასევე უნდა იყოს გასული წლის 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების გარკვეული ნაწილი მაინც. ჯერჯერობით ისრაელის სამხედრო დანაყოფები ელოდებიან ბრძანებას შესვლაზე, რაც გამოწვეული იყო ა. წ. დასაწყისში არსებული მუსლიმური დღესასწაულებისა და ასევე საერთაშორისო გამოხმაურების გამო. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ დროის საკითხია და საბოლოოდ ამ ქალაქის მიმართულებითაც დაიწყება ისრაელის სამხედრო ოპერაციები, რაც იქნება ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწყებული ომისა, რომელიც ისრაელმა 2023 წლის 8 ოქტომბერს გამოაცხადა. მაგრამ მირჩევნია დაველოდო მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გამოვიტანო დასკვნები.
_ როგორ აფასებთ ჰააგის მსჯელობებს? ეს თემები აქტუალურია ბოლო დღეებში.
_ ერთი მხრივ, ჩემთვის მიუღებელია ჰააგის სასამართლოს იმ მოსამართლეების ნაწილის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, ასევე ერთ-ერთი მოსამართლის, ქერიმ ხანის მიერ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ განცხადებას. პირადად არ ვარ არც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის გულანთებული დამცველი, რომელიც მათ უკანონო ქმედებებზე თვალს დახუჭავს ან ყოველთვის გაამართლებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ისრაელი ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, რომლის მიზანია „მდინარიდან ზღვამდე“ ისრაელის სახელმწიფოს მოსპობა, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსგავსი ნაბიჯები ასეთი რადიკალური ისლამისტური მოძრაობებისა და მათი მხარდამჭერების წისქვილზე ასხამს წყალს. აგრეთვე მინდა აღვნიშნო სამხრეთ აფრიკელი მოსამართლეების მიერ მხოლოდ პალესტინური მხარის არგუმენტების გათვალისწინება და მათი მხარდაჭერა, ასევე ფაქტიურად იგნორირება იმ ფაქტებისა, რომლებიც წარმოდგენილი ჰქონდა ისრაელის მხარეს. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სასამართლო გაითვალისწინებს დემოკრატიულ პრინციპებს და არ მისცემს საშუალებას რადიკალურ და ექსტრემისტულ ძალებს, მსოფლიო პოლიტიკაზე მოახდინონ ზეგავლენა და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც დააზარალებს თავისუფალი, სამყაროს ქვეყნებს, როგორიც არის ისრაელი. გარდა ამისა, მსგავსი ნაბიჯები ქმნიან პრეცედენტს ნებისმიერი რადიკალური და არადემოკრატიული ძალებისთვის, გაამართლონ საკუთარი ქმედებები დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტების წინააღმდეგ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ბოლო პერიოდში აშშ-ში მიმდინარე სტუდენტური პროტესტები, სადაც გმობდნენ ამერიკის, როგორც სახელმწიფოს არსებობას და ქვეყნის ეროვნული დროშის მაგივრად უნივერსიტეტის კამპუსების ტერიტორიებზე აღმართული ჰქონდათ პალესტინის დროშები. ჩემი აზრით, ეს არის მტრული და მოღალატეობრივი დამოკიდებულება იმ სახელწმიფოს მიმართ, რომელმაც ამ სტუდენტებს მისცა თავისუფალი ცხოვრებისა და განთლების საშუალება, ისინი კი ასე ეპყრობიან მას.
_ ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს. ეს რას გამოიწვევს, როგორია თქვენი შეფასება?
_ პალესტინის სახელწმიფოს არსებობა არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ისრაელის სახელმწიფოს არსებობასთან. დღეს პროპალესტინელი აქტივისტები და პროპაგანდისტები ქუჩასა თუ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მესიჯებს, როგორებიცაა „მდინარიდან ზღვამდე პალესტინა იქნება თავისუფალი“ ან „არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი „ინტიფადას რევოლუცია“. „ინტიფადა“ არის ჯერ კიდევ 1948-49 წლების ისრაელ-არაბული ლიგის ომის დროს პალესტინის მანდატის ტერიტორიაზე მცხოვრები არაბული მოსახლეობის მიერ ებრაელების მიმართ გამოცხადებული ფაქტობრივი გენოციდი ან იგივე ჯიჰადი, ხოლო „მდინარიდან ზღვამდე“ იგულისხმება თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს საზღვრები მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე. მათი მტკიცებულება, რომ პალესტინის „განთავისუფლების“ შესახებ ებრაულ მოსახლეობას არაფერი შეეხება და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩემი აზრით, სიმართლეს მოკლებულია, რადგან ძალიან ბევრი პროპალესტინელი აქტივისტი გამოირჩევა ებრაელების მიმართ ანტისემიტური და ექსტრემისტული მიდგომებით, მათ შორის, არის ისეთი ფრაზები, სადაც ებრაელებს მოუწოდებენ თავიანთ „სამშობლოებში“ _ ამერიკაში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში და ა. შ. დაბრუნებისკენ, რადგან ეს მიწა პალესტინისაა და მხოლოდ პალესტინელები უნდა ცხოვრობდნენ აქ. ან საერთოდ ემუქრებიან განადგურებითა და სისხლის აღებით. თუ გსურთ დარწმუნდეთ ჩემს სიტყვებში, შედით ნებისმიერ ტიკ-ტოკ პროპალესტინურ პანელზე და მსგავს სიტყვებს იქ არაერთხელ გაიგონებთ. გარდა ამისა, პროპალესტინელი აქტივისტები და პროპაგანდისტები გამოირჩევიან უხეშობითა და მათი ოპონენტების მიმართ განსაკუთრებულად დამცინავი და არაეთიკური მოპყრობით. ჩემი აზრით, მსგავსი აქტივობები არის დაფინანსებული იმ მხარეების მიერ, ვისაც სურს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და მსოფლიო წესრიგის საკუთარი წესებით მართვა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ აქტოვობებში ჩართული იყვნენ ისეთი სახელმწიფოს ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არიან ირანი და კატარი. და ყველაფერ ამის ფონზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება ევროპული სახელმწიფოების მიერ. ფაქტობრივად, ეს ნაბიჯი ამართლებს ტერორისტების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჩადენილ ქმედებებს და გამოდის, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას, თვალს ხუჭავს „ჰამასის“ მიერ მოწყობილ სასაკლაოსა და გატაცებულ მძევლებზე, რომელთა მდგომარეობა ჯერ კიდევ უცნობია. გარდა ამისა, პირადად მიჩნდება კითხვები: რა საზღვრებში აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს? ნიშნავს თუ არა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ისრაელის უგულებელყოფას და მის ჩანაცვლებას? როგორი იქნება ისრაელისა და იმ სახელმწიფოების ურთიერთობა, რომლებიც აღიარებენ პალესტინას? ამართლებენ თუ არა ამ სახელმწიფოთა ლიდერები „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს მოწყობილ სამხედრო ოპერაციას? შეიცვლება თუ არა „ჰამასის“ საერთაშორისო სტატუსი ტეორისტული ორგანიზაციიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ ძალად, როგორც ამას პროპალესტინელი აქტივისტები ირწმუნებიან? ამ და მსგავს კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
_ როგორ აფასებთ ირანის პრეზიდენტის ასეთ ვითარებაში სიკვდილს, რა მესიჯია ეს?
_ მე პირდაპირი პასუხი არ გამაჩნია ირანის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ. შეიძლება, მართლა საქმე გვაქვს ვერტმფრენის გაუმართაობასთან, რამაც გამოიწვია ავიაკატასტროფა და ირანის პრეზიდენტის დაღუპვა. იმ შემთხვევაში, თუ მართლა ყველაფერი მოხდა გარე ძალების ან მათი სპეცსამსახურების მეშვეობით, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ირანის შიდა საქმეებში ჩარევა არცთუ ისე რთულია. რას მოიტანს ეს მომავალში, ჩემთვის ჯერ ძნელია ამაზე საუბარი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ირანმა ვერ შეძლო თავის ტერიტორიაზე საკუთარი პრეზიდენტისა და მასთან ერთად მსხდომი სახელმწიფო პირების სიცოცხლის დაცვა, რაც ერთგვარი ბზარია მისი უსაფრთხოების. არსებობს ჭორები, რომ თითქოს ამ საქმეში გარეული იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურები და უშუალოდ „მოსადი“, რასაც ებრაული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ხუმრობით უპასუხეს, რომ თითქოს ოპერაციის მეთაური იყო ვინმე ელი კოპტერი, არადა, ეს არის უბრალოდ ინგლისური Hელიცოპტერ-ის „ებრაული“ ვარიანტი, რაც ზოგიერთმა ანტიისრაელურმა პროპაგანდამ აიტაცა და სრული სერიოზულობით ამტკიცებდა ამ „სიმართლეს“. მათ შორის, ჩემი ცნობით, აღმოჩნდა რუსი პროპაგანდისტი სალავიოვიც. ბევრი აქტივისტიც უბრალოდ ამ ყველაფერს კარმას უკავშირებს იმ ქმედებების გამო, რასაც ირანის ისლამისტური მთავრობა სჩადის მოქალაქეებისა და თავისუფალი სიტყვის მიმართ ირანში ისლამისტური რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით გასული წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. მთავარი მესიჯი ამ ვითარებაში შეიძლება იყოს ის, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, არაფერია მუდმივი და მსგავსი ინციდენტებისგან დაზღვეული არ ვართ. მით უმეტეს, როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში და განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, სადაც მდებარეობს ირანი.
_ შეიცვლება თუ არა ირანში რამე? ვიცით, რომ ბევრი ირანელი გახარებულია ამ ფაქტით, თუმცა, რეალურად, რამე ბიძგები თუ იქნება?
_ პირადად მეეჭვება, რომ პოლიტიკური სიტუაცია ირანში უახლოეს მომავალში შეიცვლება, რადგან მხოლოდ პრეზიდენტისა და რამდენიმე მინისტრის დაღუპვა არ არის იმდენად საკმარისი, რომ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს. ჩემი აზრით, ირანში პოლიტიკური მმართველობა და ელიტა იმდენად ძლიერია ამ ეტაპზე, რომ არა მგონია, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს ქვეყნის შიგნით, როგორც ჩვენი პოეტი შოთა რუსთაველი წერს: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“, _ დაახლოებით ასეთი სიტუაცია არის დღეს იქ. მაგრამ როგორც პოლიტიკაში ცნობილი მოვლენაა, პოლიტიკოსის ჩანაცვლების შემდეგ გარკვეულწილად ხდება პოლიტიკის ცვლილებებიც, შეიძლება იყოს სხვაობა ირანის მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკაში, მაგრამ პირადად არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს. თუმცა ჩვენ გარშემო მოვლენები ისე ვითარდება, რომ პირადად არაფერს გამოვრიცხავ. რც შეეხება ირანელების სიხარულს, ჩემი აზრით, ეს ბუნებრივია, რადგან ირანის ისლამისტური მთავრობა რამდენიმე ათეული წელია, რაც მართავს ქვეყანას თავისი დრაკონული და ექსტრემისტული წესებით, რაც ირანის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დიდი ხანია, მიუღებელია. თუ შენი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, სიკვდილი, ასე უხარია შენივე ხალხს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური და ხალხის მტერი რეჟიმი და რომ იგი არ წარმოადგენს მოსახლეობის ნების გამოხატულებას. პირადად ვისურვებ, რომ ირანში მოხდეს მოსახლეობისთვის და მათი ნების გამოსახატავად სასიკეთო ცვლილებები.
_ როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერის ირანში ჩასვლას? რა მესიჯია ეს ისრაელისთვის?
_ საქართველოს პრემიერის მიერ ირანში ჩასვლა სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთისა და მათი მოკავშირე ქვეყნების გაღიზიანება. ჩემი აზრით, ეს არის ჯიბრზე გაკეთებული ნაბიჯი, რადგან დასავლურმა სამყარომ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უკვე თვეზე მეტია, აპროტესტებს პარლამენტის მიერ მიღებულ რუსულ კანონს. საქართველოს დაკავშირება ირანთან და ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰესბოლა“, არ აისახება დადებითად ქვეყნის მომავლისთვის და მისი პოლიტიკისთვის. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ცნეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, იგივე „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, ჩვენთვის ნაცნობია მათი ბრძოლის მეთოდები _ პირველ რიგში, ალაჰის სახელით არამუსლიმების დახოცვა. ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა მუსლიმური იმპერიების მიერ მსგავსი მეთოდებით ჩვენს განადგურებას. „ჰამასი“ და „ჰესბოლა“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა შაჰ-აბასი, აღა მაჰმად-ხანი, თემურ-ლენგი თუ სხვა მსგავსი დამპყრობლები. ასე რომ, როგორც წინა საკითხში აღვნიშნე, ასევე ჩვენს შემთხვევაშიც, საქართველოს მმართველი ელიტა არ გამოხატავს მისი მოსახლეობის დიდ ინტერესს, რომელსაც სურს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაცია და ევროპულ ოჯახში შესვლა. გარდა ამისა, პრემიერმა ამ ნაბიჯით უგულებელჰყო და არაფრად ჩააგდო ჩვენი ისტორია, რომელიც სავსეა წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლით აღნიშნულ საკითხზე. ისრაელიც დასავლური სამყაროს ნაწილია და, რა თქმა უნდა, მსგავსი ნაბიჯები ისრაელისთვის ასევე გამაღიზიანებელია. დასანანია, რომ თვითონ პრემიერი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ, თუ არ ვცდები, 2015 წელს იმყოფებოდა დიპლომატიური მისიით ისრაელში და ამასთან მიეცა საშუალებ,ა მისულიყო გოდების კედელთან, რომელიც ისრაელისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსის _ ირანის ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე, რომელიც მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აქტივობებს.
_ ეს ვიზიტი რამე ცუდ პროცესებს ხომ არ გამოიწვევს ისრაელი-საქართველოს ურთიერთობაში?
_ არა მგონია, ისრაელთან ურთიერთობების გაფუჭება რამე სარგებელს აძლევდეს მმართველ პარტიას ან მთავრობას, თუმცა მათ მსგავსი ნაბიჯები არ უნდა გადადგან. უბრალო სამთავრობო დელეგაციის გაგზავნაც საკმარისი იქნებოდა. საქართველო, ჯერჯერობით, რჩება ისრაელის მხარდამჭერად და ურთიერთობის გაფუჭება არ იქნება მომგებიანი პირველ რიგში საქართველოსთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი სახელწმიფო, რომელმაც ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს, გარდა ამისა, ისრაელში ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, როგორც ქართველები, ასევე ქართველი ებრაელები. ამასთან, ყოველწლიურად მლოცველთა ჯგუფი მიემგზავრება იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასასწრებად. ნუ დაგვავიწყდება ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ურთიერთობაც, რომელიც ასევე უკავშირდება საქართველოში მთავარი რელიგიის _ ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებას. ბოლოს და ბოლოს, ქართულ ენაში კვირის შვიდიდან ხუთ დღეზე გამოიყენება ებრაული სიტყვა „შაბათი“, რაც ებრალებისთვის წმინდა დღეა. გარდა ამისა, თურქეთთან არსებული დაძაბული სიტუაციის გამო ისრაელელი ტურისტების ყურადღება გადმოდის საქართველოსკენ, სადაც მთავარი მიმზიდველობა არის ადგილობრივი კერძები, მთებში ლაშქრობა „ჰაიკინგ თრეკები“, კაზინო და ბუნება. ა. წ. ზამთრის სეზონზე სამთო კურორტებზე ისრაელელი ტურისტების რაოდენობაც საკმაოდ დიდი იყო. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლის ერთ-ერთის წარმომადგენელი ვარ მეც და ვამაყობ და ვიამაყებ თუნდაც მცირედი წვლილითაც კი, რასაც მე ამ საქმეში შევიტან. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უარყოფითი ასახვა ექნება პრემიერის ამ ნაბიჯს ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არ გამოიწვევს რაიმე სერიოზულს არსებული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე. ისრაელის სახელმწიფოს ამ ეტაპზე უფრო მეტი ყურადღება აქვს გადატანილი ომზე, რომელიც თვეებია მიმდინარეობს ღაზაში. ამასთან, საქართველოში საპროტესტო აქციებია. ჩემი აზრით, ყურადღება უფრო მეტად გამახვილდება მას შემდეგ, რაც ჩაცხრება არსებული ცხელი. პრემიერის ეს ვიზიტი ირანში უფრო მეტად მიმართული იყო ამერიკისა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ, ვიდრე ისრაელის მიმართ. არა მგონია, საქართველომ ურთიერთობები გაიფუჭოს ისრაელთან. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა არ გადადგამს რამე ისეთ ნაბიჯს, რაც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთს დააშორებს.