QronikaPlus
გიორგი გუგავა: „ახლა იბადება ახალი საქართველო“

გიორგი გუგავა: „ახლა იბადება ახალი საქართველო“

2024-05-20 07:20:14

გიორგი საკარული

ბოლო სამი კვირის განმავლობაში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულმა აქციებმა გააერთიანა სრულიად საქართველო. ახალგაზრდებმა სახელისუფლებო შტოებს სრული დისკომფორტი შეუქმნეს, ხალხის რეალურმა ხმამ მმართველი გუნდი შეაშინა. შეაშინა იმდენად, რომ სპეცრაზმის მეშვეობით ყოველდღე ცდილობენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლას.

„ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა“, „დღეს იბადება ახალი საქართველო“, _ ასეთია ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას შეფასება დედაქალაქში მიმდინარე პროცესების შესახებ. იგი თავის ოჯახთან ერთად დგას იქ, სადაც ათიათასობით ახალგაზრდაა.

„ქრონიკა+“ გიორგი გუგავას ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, უკვე მესამე კვირაა, რაც აქციები მიმდინარეობს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ. როგორ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ აქციებმა, როგორ განვითარდება მოვლენები და რას მოიმოქმედებს ხელისუფლება?

_ უპირველეს ყოვლისა, უნდა შევაფასოთ ყველაფერი, თუ რა მდგომარეობაა და რამ გამოიწვია ეს აქციები. „ოცნების“ პრორუსულობის შესახებ ჩვენ დიდი ხანია, ვამბობდით, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ დაადასტურა უკვე რეალურად ქვეყნის კურსის ცვლილება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ბოლო 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტი იყო დასავლეთი _ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. რომ არა ეს ქვეყნები, სამწუხაროდ, ისევე მალე დამთავრდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორც 1921 წელს. გაითვალისწინეთ, შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ რუსეთმა სრული ოკუპაცია მოახდინოს ჩვენი ქვეყნისა, არის აშშ და ევროპა. უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკა ტარდება, თორემ ამდენ ხანს, მინიმუმ, 50 ქვეყანა მაინც აღიარებდა მათ დამოუკიდებლობას და შეუქცევადი პროცესი იქნებოდა. ამავე დროს, 90-იან წლებში და 2008 წელს სრული ოკუპაცია რომ არ მოახდინა პუტინმა საქართველოსი, ეს სწორედ ამერიკისა და ევროპის დამსახურებაა. დღეს, ახალი გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა იმის შანსი, რომ გავხდეთ ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ სიკეთეს ჩვენთვის, არამედ ამავე დროს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მაღალ დონეს. ეს დადგა საფრთხის წინაშე.

ახლა რა პროცესებიც ქუჩაში მიმდინარეობს, ეს არის რეალურად ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს მოპოვებული თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ამ გამოსვლებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ახლა იბადება ახალი საქართველო, რომელიც სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციისა, რომლისკენაც ჩვენ საუკუნეები მივილტვოდით; რომელიც უზრუნველყიფს უსაფრთხოებას ამ ქვეყნაში, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ სამართლიანობას, მართლმსაჯულების სამართლიანობას, კანონის უზენაესობასა და ა. შ.

_ ბატონო გიორგი, თქვენ ხშირად დადიხართ აქციებზე... (მაწყვეტინებს)

_ კი, კი, ჩვენ ხშირად დავდივართ, ჩემი ბიჭი სრულწლოვანი გახდა და ეს თარიღი გაატარა აქციაზე. უმცროსი 5 წლის მყავს და ის თავისთავად ვერ გვეყოლება აქციაზე, თორემ დანარჩენი მთლიანი ოჯახი დავდივართ. მთელი პარტია იქ დგას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ჩვენს ხალხთან ერთად,

_ ძალიან კარგი და სწორედ ეს უნდა მეკითხა, რომ ეს არის სრულიად მშვიდობიანი აქცია, რომელსაც სათავეში უდგას ათასობით ახალგაზრდა. შეუიარაღებელ თაობას, სტუდენტებს ებრძვის და უპირისპირდება ამხელა სახელმწიფო მანქანა, რომელიც არ იშურებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არც რეზინის ტყვიებს, არც წყლის ჭავლსა და არც ცრემლსადენ გაზს. როგორ ფიქრობთ, რისი მანიშნებელია ყველაფერი, არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ამ თაობის?

_ წესით, შეშინებულები უნდა იყვნენ. საღ გონებზე თუ არიან, დღესვე უნდა ალაგებდნენ ჩემოდნებს და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას უნდა ახორციელებდნენ. იქ რა მუხტიც ტრიალებს, წარმოდუგენელია მისი დამარცხება. შეიძლება ხვალინდელ დღეს ებრძოლო? ხვალინდელი დღე მაინც დადგება აუცილებლად. მათ აბსოლუტურად ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ დღეს საფრთხე ემუქრება ჩვენს თავისუფლებასა და მომავალს. საოცარი ძალა იფრქვევა აქციებიდან და ამას ვინც წინ აღუდგება, ამ ეროვნულ სტიქიას, ის აუცილებლად წაილეკება და ეს, წესით, გასიგრძეგანებული უნდა ჰქონდეთ. სანქცირების პროცესი დაწყებულია. წლებია, ამის შესახებ ჩვენ განცხადებებს ვაკეთებდით. გარკვეულწილად დასავლეთი მაინც თავს იკავებდა ამ ყველაფრისგან და ახლა უკვე დაწყებულია სანქცირების პროცესი გარეთ და აქციები _ შიგნით. შეუძლებელია, აქედან ხელისუფლება რამენაირად გამოძვრეს. ვერანაირი რობოკოპები, ადმინისტრაციული რესურსი მათ ვერ უშველის. ისინი განწირულები არიან. უბრალოდ ამძიმებენ თავიანთ განაჩენს, რომელიც ძალიან მალე დადგება.

_ ბოლო დღეების განმავლობაში დავინახეთ, თუ როგორ იერიშზე გადავიდა მმართველი გუნდი. საჯარო განცხადებებითაც კი გამოვიდნენ, რომ ჩვენ არანაირი სანქციები არ შეგვაშინებსო. ეს არის თავდაცვის მიზნით ნასროლი სიტყვები თუ რეალურად არ ეშინიათ სანქციების?

_ მათ რომ ეშინიათ და ისტერიკა აქვთ, ეს ჩანს მათი გამოსვლებიდან, თუ როგორ იქცევა კალაძე, კობახიძე და ა. შ. სახე აქვთ დაკარგული. ეს იმის ნიშანია, რომ შიდა ფორიაქი აქვთ ატეხილი, ხელისუფლების ფსიქოლოგიური განწყობა მძიმეა _ ისტერიკაშია გადასული და, შესაბამისად, სახეზე ეტყობათ შიში. როდესაც მათ შეუწყვეტენ სავიზო რეჟიმს, დაუყადაღებენ საგარეო ანგარიშებს, როდესაც მათ შვილებს გამოყრიან დასავლეთიდან, სადაც ისინი სწავლობენ, აი, მერე ნახავთ, როგორ ჩამოიშლება სახელისუფლებო ვერტიკალი და გასწრებაზე იქნება საქმე. ასევე შიდა ეროვნული სტიქია გადალეკავს მათ. გამოსავალი ერთადერთია: თუ უნდათ, რომ შეიმსუბუქონ საკუთარი განაჩენი და მოღალატის სახელი არ დარჩეთ, უნდა უზრუნველყონ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. გამოსავალი არსებობს ყველა სიტუაციიდან, უნდა გადადგეს მთავრობა, ჩამოყალიბდეს ტექნიკური გარდამავალი მთავრობა არჩევნებამდე, რომელიც უზურნველყოფს თავისუფალი სამართლებრივი არჩევნების ჩატარებას. ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და შემდეგი პროცესები განვითარდება სრულიად მშვიდობიანად. ეს ბანდა ჩამოსცილდება ძალაუფლებას. ვისაც ღია ღალატი აქვს ჩადენლი ქვეყნის წინაშე, ამას დამატებული მათი კორუფციული საქმიანობა, კანონის მიხედვით აგებენ პასუხს. მულტიმილიონერი გახდა ეს ცალ-ცალი კალოშით მოსული ბანდა და სწორედ ამის გამოა, თავს რომ იკლავენ და მეშჩანური ინტერესების გამო სამშობლოს ყიდიან. ეს ქონება უნდა დაექვემდებაროს აუცილებლად ჩამორთმევას, რადგან ხალხის ქონებაა და ქვეყანა გადავა განვითარების ახალ გზაზე, გაიხსნება ევროპული მოლაპარაკებების ეტაპი და 2030 წელს, როგორც განსაზღვრული არის, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს არის მათთვის სწორი გამოსავალი, ისევე როგორც ქვეყნისთვის. იმედია, ამას გაითვალისწინებენ, შეიგნებენ, თორემ სხვა შემთხვევაში, დამერწმუნეთ, მათთვის ყოველი დღე იქნება პოლიტიკური ჯოჯოხეთი.

_ უნდა გაითვალისწინონ, ერთია, მაგრამ რამდენად იზამენ ამას _ მეორე...

_ გაითვალისწინებენ.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

_ შეუძლებელია, ამ სტიქიას ვინმე აღუდგეს. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩამოიშალა. ამ ეროვნულ მოძრაობას წინ ვერავინ დაუდგება. ახლა ვართ სწორედ დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაზე, რომელსაც საფრთხე შეუქმნა ამ ოლიგარქმა და მისმა ბანდამ. გვინახავს ჩვენ ასეთი რეჟიმები, უფრო მობილიზებულები, სახელისუფლებო ვერტიკალი უფრო გამაგრებული, მაგრამ კარგად იცით, თუ როგორ იძულებულები გახდნენ, რომ ჩამოშორებულიყვნენ ხელისუფლებას. ეს უნდა გაათვითცნობიერონ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახებში კონფლიქტები აქვთ, კონფლიქტები აქვთ საკუთარ შვილებთან. შეუძლებელია, ამის მომხრე ვინმე იყოს.

_ რამდენიმე თვეში უკვე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც, მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რას აპირებს ლეიბორისტული პარტია?

_ ეს არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის. თუ დააკვირდებით სახელისუფლებო პროპაგანდას და მათ გამოსვლებს, უნდათ, რომ ყველა პარტია თუ ახალგაზრდული მოძრაობა ჩაყარონ ერთ ქვაბში და დაარქვან ყველას „ნაცები“. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს, როდესაც პოლარიზაცია მოხდა, იქით „ნაცები“ და აქეთ „ქოცები“ იყვნენ. იგებენ „ქოცები“. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ციხეშიც ვერ გააანალიზა წინა შეცდომები. მშვენივრად მიდის პროცესი, ამას არ სჭირდება ერთიანი ქვაბი და რაღაც გაუგებარი მოდელი. ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მთავარი ახლა არის, უზრუნველყოფილ იქნას თავისუფალი არჩევნები. მერე ვისაც უნდათ, იმას აირჩევენ. ჩვენ ვთავაზობთ დემოკრატიულ, ევროპულ სოციალიზმს, თანასწორობის გზას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება განათლება, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები და ღირსეული პენსია, რაც მთავარი ევროპული პრინციპია. ეს აქვს მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას. არიან მემარჯვენე ოლიგარქიული პარტიები, ასევე სხვა მიმართულების. არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი და არა ვიღაცის გამო ერთ ქვაბში მოხარშო ყველა. ეს გამოსავალი არ არის, ეს იქნება საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ კრიტიკულ სიტუაციაში.

_ ე. ი. თქვენთვის უფრო მისაღებია და გამარჯვების ფორმულად მიგაჩნიათ ცალკეული პარტიებით ბრძოლა და არა კოალიციური ერთობა?

_ რა თქმა უნდა! პროცესი ხომ თვითონ გვიჩვენებს ყველაფერს? ქუჩაში ყველა ერთი პარტიის ხალხია გამოსული? ან პარტიული, პოლიტიკური ნიშნით არიან წარმოდგენილები? არა, რა თქმა უნდა. ისინი წარმოდგენილები არიან თავისუფლებისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. დააკვირდით მათ ინტერვიუებს, მათ გამოსვლებს, რომ ჩვენ აქ პარტიულობა არ გვაერთიანებსო. მათ აქვთ პოზიცია, რომელსაც არჩვენებზე დააფიქსირებენ, მაგრამ ახლა მათ აქვთ ერთიანი ეროვნული ინტერესი, ეს კარგად უნდა გავიაზროთ. 9 თუ 10 არჩევნები გავიარეთ ბიძინა ივანიშვილის ხელში, როგორც კი მან პოლარიზაცია მოახდინა და ყველა იქით დააყენა და დაარქვა სახელად „ნაცები“ და აქეთ დადგა თვითონ, მოიგო ყველა არჩევნები.

_ დაბოლოს, ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, როგორ განვითარდება მოვლენები? ივანიშვილი ასე ადვილად არ ჩაიქნევს ხელს და ბრძოლას გააგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და საბოლოოდ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ?

_ ცალსახად ვუყურებ იმას, თუ როგორ გნვითარდება მოვლენები. ამ სტიქიის დამარცხება შეუძლებელია, ეს სტიქია გადალეკავს ამ შმორს, რომელიც დღეს ხელისუფლების სახით გვყავს და ეს გარდაუვალია. გამორიცხულია, ხვალინდელი დღე დამარცხდეს, ის აუცილებლად გაიმარჯვებს, ახალი საქართველო უკვე დაბადებულია და ამას სჭირდება გაფორმება. თუ გონება არ ეყოფა ხელისუფლებას და მაინც კუნთებზე დაიწყებს ყურებას, ეს უკვე განაჩენის დამძიმება იქნება მათთვის. ხალხთან ბრძოლა არავის მოუგია. ეს გამორიცხულია, არ არსებობს და წარმოუდგენელია.

გაზიარება