QronikaPlus
პაატა გაფრინდაშვილი: „მმართველი ძალა ცდილობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას“

პაატა გაფრინდაშვილი: „მმართველი ძალა ცდილობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას“

2024-05-20 07:18:00

ირინა მაკარიძე

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაირქმევენ უცხოური ძალის გავლენის გამტარ ორგანიზაციას არასდროს, არანაირი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახველ რეესტრში და რუსული კანონის გაწვევამდე წყვეტენ ხელისუფლებასთან ყოველგვარ თანამშრომლობას.

რა საფრთხეს წარმოადგენს ეს კანონი ქვეყნისთვის და რამდენად შეძლებს ოლიგარქი, თავს მოგვახვიოს მის მიერ ნაკარნახევი მართვის სტილი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, პაატა გაფრინდაშვილი:

_ ჯერ კიდევ შარშან შემოიტანა ეს კანონი „ხალხის ძალამ“, რომელსაც მმართველმა პარტიამ მაშინვე მხარი დაუჭირა. საუბარი იყო, რომ მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არქმევდნენ აგენტებს, ახლა ვითომ სათაური შეცვალეს და  არქმევენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარს“ და ამაზე ყალბი პათოსით საუბრობენ, _ მერე რა მოხდა, „აგენტი“ ხომ აღარ ხარო? ჯერ ერთი, შევახსენებ მკითხველსაც და ამ კანონის ინიციატორებსაც: სამწუხაროდ, ისინი დაყრუვდნენ და არაფრის მოსმენა არ სურთ, რადგან ჩვენი არგუმენტები მათთვის არ არის საკმარისი, ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ აგენტი იმიტომ იყო ცუდი და მასტიგმატიზებელი, რომ ის ნიშნავს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასო. ამდენად, სათაურის ცვლილებით არსი არ შეცვლილა. თუმცა საქმე მხოლოდ ამ კანონის სათაურში არ არის. ამ კანონის მთავარი მიზანი და დანიშნულება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ გააქროს თავისუფალი სიტყვა, დემოკრატია, ადამიანის თავისუფლება, უფლებები, ამ თემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, მედია. სამწუხაროდ, ეს კანონი რის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში დამყარდეს ავტორიტარიზმი, რისი მცდელობაც უკვე დაწყებულია.

_ კანონი ორი მოსმენით მიღებულია. აქციებისა და საყოველთაო პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას და, სავარაუდოდ, მესამე მოსმენითაც მიიღებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მმართველი ძალისთვის ამ კანონის მიღება?

_ მმართველი პარტიის მიზანია, შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველაფრის ფასად. ამას ხელს უშლის მედია და სამოქალაქო საზოგადოება ამიტომ ცდილობს მათ გაქრობას. საბოლოოდ, მათ სურთ დაამყარონ ავტორიტარული მმართველობა საქართველოში. ამას ღრმა ანალიზი უკვე აღარ სჭირდება, ეს პირდაპირ გაცხადდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ 29 აპრილის შეკრებაზე, სადაც იძულებით გამოიყვანეს ხალხი. იქ გაცხადდა ბიძინა ივანიშვილის სურვილები. აქედან გამომდინარეა ყველა ის ქმედება და პროცესი, რაც მიმდინარეობს საქართველოში. არ დარჩენილა არც ერთი ჯგუფი, არც ერთი ფენა საზოგადოების, ვისაც მკაფიოდ და ხაზგასმით არ ეთქვას, რომ ეს კანონი, თუკი ის მიღებული იქნება, ძირს უთხრის ხალხის მიერ არჩეულ და არა დასავლეთის მიერ თავს მოხვეულ ევროპული ინტეგრაციის პროცესს, დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას. _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას, ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას და ქვეყანაში საბოლოოდ ანადგურებს სიტყვის თავისუფლებას. მეტიც: მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მშვიდობის მშენებლობის პროცესს. ჩვენ ხომ არ გვავიწყდება, რომ საქართველოს ნაწილი არის სამწუხაროდ ოკუპირებული? არის  გულწრფელი მცდელობები გამყოფი და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, რომ ქართველებმა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთს შორის კონტაქტები არ დაკარგონ, მეტიც, შესაძლებლობების ფარგლებში, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გააგრძელონ მშვიდობის მშენებლობა. ამ საკომუნიკაციო არხებსაც ანადგურებს საბოლოოდ ეს კანონი, თუკი ის მიღებული იქნება. მოკლედ, დიდი უბედურების ძალა აქვს ამ კანონს, არა მხოლოდ ის, რომ თავისთავად ეს კანონი არის დრაკონული, ამ კანონის მიზანი არის მთავარი _ დაამყაროს ქვეყანაში ავტორიტარიზმი. პირველი ნაბიჯები არის, რომ გაქრნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შემდეგ დრო მოვა, როგორც რუსეთში მოხდა, ეს გავრცელდება ფიზიკურ პირებზეც. ვხედავთ და გვესმის, რა ხდება რუსეთში, როდესაც ადამიანები ყვავილის დადებისთვის შეიძლება მრავალი წლით ციხეში გაუშვან.

საქართველო არის პატარა ქვეყანა და თუ ის აღმოჩნება იზოლაციაში, მით უმეტეს, ასეთი გახლეჩილი და დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში, ძალიან გაუჭირდება  განვითარების გზა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ ძალას პარლამენტში აქვს უმრავლესობა, რეალურად ეს ძალა წარმოადგენს უმცირესობას, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას.

_ ამ კანონის ერთ-ერთი მიზანია ადამიანების სტიგმატიზება. კანონი ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ხელს არ უშლით, ადამიანებს უწოდონ მოღალატე. კალაძე უწოდებდა ფაშისტებსაც აქციის მონაწილეებს. რას იტყვით მმართველი ძალის მიერ ორკესტრირებულ ამ სიძულვილის კამპანიასა და ძალადობრივ ფაქტებზე? რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას? 

_ ვინაიდან იმ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა ასე და დააანონსა რეპრესიები, ახლა მისი მარიონეტები ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურებიან. რეალურად ხდება დესტაბილიზაციის ხელშეწყობა, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის ორკესტრირება და ორგანიზება. სიძულვილის ენაც სწორედ ამიტომ გამოიყენება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ, რომ ხელი შეუწყონ ამ დესტაბილიზაციას. ისინი აორგანიზებენ ძალადობას როგორც სიტყვით, ისე რეალური ქმედებით. ამ ყველაფერს, გნებავთ, საბჭოთა კავშირის მეთოდები დაარქვით, გინდათ, КГБ-ს და გინდათ, ЧК-ს მეთოდები, ამგვარი ტიპის მეთოდები ახასიათებს იმ რეჟიმებს, რომლებიც ცდილობენ ავტორიტარიზმის დამყარებას.

_ როგორ ფიქრობთ, მმართველი ძალა ამ მეთოდებს იყენებს პროტესტის შესაჩერებლად, თუ უნდა ველოდოთ, რომ ამ ფორმით გააგრძელებს მმართველობას?

_ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი პოლიტიკის გატარების არსენალში აქვს ძალადობის მეთოდები, ის ამ ძალადობის მეთოდებს აამუშავებს მაშინ, როდესაც დასჭირდება. ვინაიდან ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, მმართველი პარტია გააგრძელებს ამ გზით სიარულს.

_ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ  არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაგრძელება?

_ ამ კანონში ჩადებულია დრაკონული მექანიზმები მისი აღსრულებისთვის: ეს არის დასმენის მექანიზმი, ორგანიზაციაში შესვლის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა, უპრეცედენტო მასშტაბის ჯარიმები. ეს ყველაფერი კარგად ცნობილია, სამწუხაროდ, საქართველოსთვის, იმიტომ რომ ის კარგა ხანს იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მანამდე ის იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. რუსეთშიც კი დიქტატორ პუტინს სწორედ ეს უსამართლო კანონი დასჭირდა, რომ ფორმალურად აღასრულოს თავისი დიქტატორული ზრახვები. ეს რუსული კანონი მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის აღსრულების შემთხვევაშიც ის აღწევს თავის მიზანს.

საბოლოო ჯამში, ამ კანონის მიღება, ანუ ავტორიტარიზმის დამყარების სურვილი, დასრულდება მარცხით. 

_ რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?

_ ჩემი ოპტიმიზმი ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს: პირველი ეს არის ამ ახალგაზრდების უშრეტი ენერგია, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში, მათმა ნაწილმა განათლება სრულყო ევროპისა და აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში, ეს დაუმარცხებელი ხალხია. ასევე საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, 80%-ზე მეტი, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ საკუთარ კეთილდღეობას უჭერს მხარს და ეს მოქალაქეები არ გატყდებიან. მესამე _ ეს არის საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი და განგრძობადი მხარდაჭერა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ის სამწუხარო გამოცდილება, რომელიც უფროს თაობას გვაქვს, რომ ვიცით, რატომ არის საშინელი ის ჭაობი, რომელში შეთრევასაც გვიპირებს ახლა ეს ხელისუფლება.

_ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი, პრაქტიკულად, მტრად გამოაცხადა. ამის გათვალისწინებით, რამდენად ეფექტიანი იქნება დასავლელი პარტნიორების მცდელობები, რაც კეთდება როგორც სანქციებით მუქარის, ასევე შეგონების კუთხით?

_ ეს ყველაფერი კომპლექსშია, ჩვენი ახალგაზრდობა, ასევე საქართველოს უმრავლესობის ნება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ცალ-ცალკე ვერც ერთი ეს შემადგენელი ვერ იმუშავებს, ერთად კი შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკურ სანქციებს მმართველი პარტია უკვე უწესებს საკუთარ ქვეყანას. რამდენიმე დღის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის დაბრუნების შედეგად გამოწვეულმა ტენდენციამ და დაძაბულობამ შესაძლოა კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ზეგავლენა იქონიოს. მან დიპლომატიურად განმარტა, მარტივად რომ ვთქვათ, თუკი მმართველი პარტია ბოლოდე შეეცდება ამ უგუნურების გატანას და ივანიშვილის ყველა დავალების უსიტყვოდ შესრულებას, ბუნებრივია, ეს დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას. ეს არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების შეფასება, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების შეფასება, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ განელდება და შემდეგ აღარ შემოვა ინვესტიციები. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ამას გაცილებით უფრო მყისიერი ეფექტი ექნება, თუ კერძო სექტორი დაიწყებს ფიქრს იმის შესახებ, ამ ქვეყანაში ღირს თუ არა ინვესტირება, IBRD-ის პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვა, რაც პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ისინი ნელ-ნელა გააჩერებენ ინვესტიციებს საქართველოში. რაც შეეხება დაანონსებულ გაფრთხილებას, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს სანქციები, არავის ეს არ ახარებს, არც ერთ მოქალაქეს და არც მე, მათ შორის, რომ საქართველოს დაუწესონ სანქციები, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პროგრამების გაჩერება, თუ სხვა ტიპის ეკონომიკური სანქციები. ეს არ ახარებს არავის, მაგრამ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. მე კი ვისურვებდი, სანქციები უკვე დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა უკვე გაწირეს, შარშანაც გაწირეს, იმიტომ რომ მათ მიიღეს პირველი მოსმენით ეს კანონი, წელს კი, მათივე თქმით, უპირობოდ გაწვეული კანონპროექტი კვლავ დააბრუნეს. სანქციები დაუწესდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხელის ღილაკზე დაჭერით წირავენ ქვეყნის არა მხოლოდ მომავალს, არამედ აწმყოს. არც ეს გამახარებდა, მაგრამ დიახ, სანქციის ღირსია ის, ვინც სწირავს ქვეყნის აწმყოსა და მომავალს.

_ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან კანონპროექტის ხელმეორედ შემოტანისთვის დრო შეარჩია და არჩევნებამდე დაღლის საზოგადოებას, ამაზე რას იტყვით?

_ ასეთივე ტაქტიკა აქვს პუტინს უკრაინაში, სურს ქვეყნის ომით გამოფიტვა. ანალოგიურია ივანიშვილის მიერ გაცხადებული სურვილი _ დაღალოს საქართველოს საზოგადოება. ის ამბობს, რომ მან უნდა დაღალოს, გამოფიტოს საკუთარი ახალგაზრდები, მოქალაქეები, პედაგობები, ექიმები... მან უნდა დაღალოს მთელი ერი და ასე დაამყაროს ავტორიტარიზმი, ამას ნიშნავს მისი ეს განცხადება, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, ამას ბოროტება ჰქვია. მაგრამ ოპტიმისტურად ვარ მაინც განწყობილი, რადგან მათი პოლიტიკა მხოლოდ ძალას ემყარება და სიმართლისგან დაცლილია, არცერთი არგუმენტი არ არის ხელისუფლების მხარეს, მეორე მხარეს დგას სიმართლე. ხანდახან ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელება. მიიღებენ მესამე მოსმენით ამ კანონს? _ ბრძოლა არათუ არ გაჩერდება, მისი მასშტაბი გაიზრდება.

გაზიარება