- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-05-20 07:01:51
ირინა მაკარიძე
აპრილის გამოღვიძება _ ასე უწოდეს პროცესებს, რომელიც 15 აპრილიდან თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში არ წყდება. ახალგაზრდული ორგანიზაციების პროტესტის მიზეზებსა და მიზნებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ორგანიზაცია „12 სართულის“ წარმომადგენელი, ვადო მაჭავარიანი:
_ ნამდვილად სწორი შეფასებაა, რომ გამოღვიძება უწოდეს ამ პროცესს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები და, ზოგადად, საზოგადოების დიდი ნაწილი, ვიყავით ნიჰილიზმში, ვიყავით ინერტულები, პოლიტიკით არავინ ინტერესდებოდა, თუმცა დავინახეთ და მიხვდით, თუ სად წყდება დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი და როგორ უნდა მივხედოთ ამას. ჩვენი პროტესტი არის ძალიან მშვიდობიანი და მტკიცე, სულ ამას ვიმეორებ და ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რადგან ხან გვაბრალებენ, რომ რომელიმე პარტიის ქვეშ ვართ, ხან გვაბრალებენ ძალადობრივ ხასიათს. არა! ვინც იქ ვდგავათ, არა მხოლოდ ჩემი თაობა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ასე ვართ განწყობილი. დავინახეთ, რომ საქართველოს ბედი დღეს სწორედ ამ პროცესებში წყდება.
_ რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს კანონი არის საფრთხე? ამბობენ, რომ არ გაქვთ წაკითხული კანონპროექტი და სხვის დავალებებს ასრულებთ, მათ რას უპასუხებთ?
_ ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, თვითონ არ არიან თავისუფლები, ამიტომ ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების გემოს. ეს თავისუფლების გემო ჩვენ ზუსტად ვიცით, იმ თაობამ, რომელიც ამ ყველაფრის ყურებაში, პოლარიზაციასა და დაპირისპირებაში გაიზარდა, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი პროტესტი არის მართალი. კანონი წაკითხული აქვს უმეტესობას, ვინც იქ დგას, არგუმენტირებულადაც შეუძლიათ ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი და ინფორმაციის გავრცელების მხრივაც ბევრი რამე გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ორგანიზაციდან „12 სართული“. საინფორმაციო ვიდეოებს ვწერთ და ბევრმა ჩვენგან გაიგო, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არ არის ეს ვითომ გამჭვირვალობა, როგორც ცდილობდნენ შემოსაღებას და მისი შედეგები არ შეეხება მხოლოდ არასამთავრობოებსა და მედიას, არამედ შეეხება ყველას. დიდ სურათში უკვე დაიწყო საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და კანდიდატის სტატუსის უკან წაღებაზე, რაც ჩვენი, ყველას მონაპოვარია; უფრო ვიწრო სურათში _ შეეხება სტუდენტებს, დაკარგავენ იმ ორგანიზაციებთან და გაცვლით პროგრამებთან წვდომას, რომელიც მათ დასავლეთის ქვეყნებში სასწავლებლად უშვებს. ქვეყანა დაკარგავს სხვადასხვა სფეროს დაფინანსებას, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის დაფინანსებას, რომელსაც, მათ შორის, აშშ-ისგან ვიღებთ. ელემენტარულად, ავტობუსებს რომ ვხედავთ ქუჩაში, ისინიც ევროკავშირის დაფინანსებით არის შემოყვანილი. ის, რასაც ვხდავთ და ვეხებით, დიდი ნაწილი არის უცხოელი მეგობრების დახმარებითა და დაფინანსებით შექმნილი და შეძენილი და დღეს რატომ მიდის მმართველი ძალა იქით, რომ ამ კანონის მიღების გამო ეს ყველაფერი დაკარგოს? ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს რუსულ გავლენებს, რაც მართლაც საფრთხეა, ადგას დასავლეთისგან დისტანცირების გზას.
_ „ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ამ მასობრივი აქციების უკან დგანან პოლიტიკური პარტიები, აქციის მონაწილეები მოქმედებენ აკერმანის მიერ მიცემული ინსტრუქციებით, „ოცნების“ ბოტები აკეთებენ შედარებას უკრაინულ მაიდანთან, თითქოს იქაც ასე ხდებოდა მასობრივი პროტესტის ორგანიზება... რას უპასუხებდით მათ?
_ ეს ბრალდებები და „ქართული ოცნების“ ეს პროპაგანდა არის იმის ნიშანი, რომ ამ პროტესტის გაშავება ძალიან გაუჭირდათ და უკვე ძველ მეთოდებს მიმართავენ. საჭმლის დარიგება თუ დარბევისგან თავდაცვის საშუალებების დარიგება როგორ შეიძლება დაუკავშირო რაღაცა ცუდს? პირიქით, დახმარების სურვილი რომ გვაქვს ერთმანეთის, ამაზე ბუნებრივი რა უნდა იყოს? ქორწინების დაკავშირება რევოლუციურ გეგმებთან ესეც ძალიან უცნაურია. ამ ბოლო დღეებში პროპაგანდას დაუმატეს მუქარის ზარები და ფიზიკური ძალადობა, დაშინების მცდელობები, ზეწოლა სამსახურებში. ეს არის ის ყველაფერი, რაც უკვე გავიარეთ წინა ათწლეულებში, ეს ძალიან მოძველებულია და უკვე აღარ მუშაობს. რა უგუნურებაა, თავისუფალ ადამიანებს დააბრალო, რომ ვიღაცისგან მართულები არიან? ჩვენ ვდგავართ იქ ჩვენი რწმენით. ეს ბრძოლა არ არის ვინმესთვის, კონკრეტულად რომელიმე ჯგუფისთვის, ეს ბრძოლა არის ყველასთვის. სწორედ ამიტომ ვართ ასე მშვიდობიანები და ასე მტკიცეები ამ ბრძოლაში, ჩვენ არ გვინდა, ქვეყანა დაზიანდეს, მტერს მიეცეს საბაბი, რომ არეულობა შემოიტანოს. ჩემი აზრით, არეულობასა და დაპირისპირებას ემსახურება ამ კანონის ხელმეორედ შემოტანა, რაც ერთხელ უკვე დავაბრუნებინეთ უკან. ჩვენი ბრძოლა ემსახურება არა ვინმეს ძალაუფლებაში მოყვანას, რასაც ვუყურებდით ისტორიის მანძილზე, ეს ბრძოლები ასე სრულდებოდა, არამედ იმას, რომ შევქმნათ ნორმალური ქვეყანა, ეს ბრძოლა არის მათ შორის მათთვისაც, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება. ჩვენი მთავარი მესიჯი არის ერთიანობა.
_ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააანონსა ე. წ. მორალური რეესტრის შექმნა, სადაც, მისი თქმით, შევლენ ის ადამიანები, რომლებიც სხვებს აბულინგებენ, სჩადიან ისეთ ქმედებას, რაც კანონმდებლობით არ არის დანაშაული, მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, მორალურად არის მიუღებელი. მისივე თქმით, ამ რეესტრში შევლენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ქმედებას იწონებენ. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს არის მორიგი რეპრესიების მცდელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ მეთოდებს ავტოკრატიულ ქვეყნებში მიმართავენ და წარმატებითაც. საქართველოში ეს არ გაუვათ! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიზანიც ხომ ეს არის, რომ ადამიანებს რაღაც იარლიყები მიაწებონ, გააშავონ, მაგრამ ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ, რასაც გვინდა, იმას „დავალაიკებთ“ და იმას გავაზიარებთ, რომელიმე ხელისუფალი კი არა, მშობელიც ვერ შემოვა ამ კომპეტენციაში. ამ თავისუფლებას არ დავთმობთ. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რუსთაველის გამზირზე, _ ის, რაც დაგვიტოვეს წინა თაობებმა, უნდა შევინარჩუნოთ. დღეს რომ არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის რუსეთი და ბელარუსი, არის სწორედ წინა თაობების პრინციპულობის დამსახურება და იმის, რომ ასეთი მუქარები საქართველოს მოქალაქეებზე არ ჭრის.
_ მუქარისა და დაშინების მცდელობების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენებს ძალას, ისე როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. როგორც აღნიშნავენ, მათთან გაიარეს სწავლება და შესაბამისი აღჭურვილობაც აქვთ მიღებული. რას იტყვით ამის შესახებ?
_ საზოგადოება კარგად ხედავს, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ისეთს, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძალა იყოს გამოყენებული. უცხოეთში მართლაც არის ხოლმე ისეთი შეტაკებები, რომ შესაძლოა ლეგიტიმური იყოს ძალის გამოყენება, თუმცა ეს არ არის ხშირი, როგორც უნდათ წარმოაჩინონ. ჩვენთან არ არის ასეთი ძალადობრივი პროტესტი, თუმცა ხშირად არის მათ მიერ შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც იწყებენ დაპირისპირების პროვოცირებას. ჩვენი მიზანი რატომ უნდა იყოს, რომ ვინმემ დაგვშალოს? მათი მიზანია, რომ მიეცეთ საბაბი, დაგვარბიონ და დაგვშალონ. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანად ვდგავართ და ვაპროტესტებთ. მაინცდამაინც დარბევის მაგალითები კი არ უნდა აიღონ დასავლეთისგან, ის აიღონ, თუ როგორ შეიძლება უკეთესი განათლების სისტემა გვქონდეს ან როგორ შეიძლება ცხოვრების უკეთესი სტანდარტი შექმნან ან ასეთი კანონები რომ არ მიიღონ, რომელიც შეზღუდავს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს აიღონ დასავლეთიდან. ესეც არის მცდელობა სხვა მრავალი მცდელობიდან, რომ დემორალიზება გაუკეთონ ადამიანებს, მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვაშინებს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის დაშლის საბაბი არ მივცეთ, თუ მაინც გამოიყენებენ ძალას, ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. ჩვენ ჩვენი გამოხატვის ფარგლებში ვაპროტესტებთ და ვცდილობთ, რომ ამ ფარგლებს არ გავცდეთ და ვახერხებთ კიდეც.
_ უკვე მესამე მოსმენით იგეგმება კანონპროექტის მიღება. მოსალოდნელია, რომ პროტესტი გაძლიერდება და, შესაბამისად, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ჩვენ არ ვაპირებთ დაღლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროტესტი იქნება მშვიდობიანი, იმედი მაქვს, პროვოკაციები არ მოხდება და ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების, საკუთარი მოქალაქეების, ახალგაზრდებისა და ბავშვების მიმართ, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, არ გამოიყენებს ძალას. ჩვენ ვიდგებით, ვეცდებით, რომ შევქმნათ დისკომფორტი კანონიერ ფარგლებში, თუ მაინც მოახერხეს რაღაც ხრიკებით ამ კანონის გატანა, წინ არის არჩევნები, მშვიდობიანად მივალთ არჩევნებამდე და შემდეგ არჩევნებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც „რუსულ კანონებს“ გვიკანონებს? შესაბამისად, მგონია, არჩევნებზე დასრულდება ეს პროცესი, თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევნებს ვერ დაველოდებით და ამ კანონს ყველანაირად წინ აღვუდგებით, რომ საერთაშორისო ზეწოლით, ადგილობრივით, დისკომფორტი გაძლიერდეს და ვიღაცამ მაინც „ქართულ ოცნებაში“ მოუხმოს ჭკუას და უარი თქვას ამ კანონის ძალაში შესვლაზე. ჩვენ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. თუ ეს კანონიც უმტკივნეულოდ გავიდა და არჩევნებზეც მოახერხეს ჩვენი ხმების წართმევა, ხელისუფლებაში დარჩენა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ეს იქნება ქვეყნის რუსეთიზაცია და ჩვენ ამას არ შევეგუებით.