QronikaPlus
გიორგი მუმლაძე: „ვეჭვობ, ჩემზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა დიტო სამხარაძემ“

გიორგი მუმლაძე: „ვეჭვობ, ჩემზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა დიტო სამხარაძემ“

2024-05-20 04:49:27

თამარ სანაძე

ბოლო დღეებში ვიხილეთ პოლიტიკოსების, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტების მისამართით თავდასხმები. საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილესა და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს, სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ „გირჩი _ მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას, ორჯერ სცადეს თავდასხმა ზურა ჯაფარიძეზე, ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი მუმლაძეს.

„ევროპულ მარშსა“ და ევროპის მოედანზე ხალხმრავალ აქციას თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი გამოეხმაურა: „ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს აფიქსირებს. დაშინების ტაქტიკა მათ ვერ აკავებს, ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე წვიმიან თბილისში გარეთ გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის უკან გაწვევა მოეთხოვათ“, _ განაცხადა ჯეიკ სალივანიმ.

ხელისუფლების ქმედებებზე, თავდასხმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე, რომელიც ორჯერ გახდა თავდამსხმელთა სამიზნე:

_ ბატონო გიორგი, მადლობა ინტერვიუსთვის, თქვენ ორჯერ გახდით თავდასხმის სამიზნე, ჩასაფრებულები საკუთარ სახლთან გელოდებოდნენ, რას ნიშნავს ეს ძალადობა?

_ რუსულ ბოროტებას, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში, უნდოდა, რომ დარეკვებით, მუქარებით, თავდასხმებითა და ტერორით დავეშინებინეთ ჩვენ, დაეშინებინა ამ ქვეყნის მოქალაქეები, რათა ევროპის მოედანზე გამართულ მასშტაბურ აქციაზე არ მისულიყო არავინ და არავის ეხილა ამგვარი ერთობა ქართველი ხალხის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველამ ნახა, რომ დაახლოებით 300 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ეს ნიშნავს ერთადერთს, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული და დაისჯება ყველა მოძალადე, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, როგორც ორგანიზებაში, ისევე შესრულებაში.

მე ორჯერ დამესხნენ თავს. პირველ შემთხვევაში მათ მოახერხეს და ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს, მეორე შემთხვევაში კი ეს ვეღარ შეძლეს, რადგან სათანადოდ დავიცავი თავი. ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში, ვგულისხმობ ჩემი მისამართით განხორციელებულ თავდასხმებს, ჩართული იყო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

პირველი თავდასხმისას იყო სუსის მანქანა, დაბურული მინებით „ტოიოტა ქამრი“, რომელიც მელოდებოდა ჩემი ქუჩის კუთხეში, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი მანქანა, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, ხოლო მეორე დღეს მანქანა, რომელიც ჩემს სახლთან იდგა და იქ მყოფები ცდილობდნენ თავდასხმას, ამ ავტომობილის ფოტოც გავრცელდა და არანაირი იდენტიფიცირება შესაბამის უწყებას არ მოუხდენია. ამ მანქანაში მყოფ ადამიანებს მიმალვაში დაეხმარა პატრულის ოთხი ეკიპაჟი. პოლიცია ჩვენ დაგვდევდა და არა მოძალადეებსა და კრიმინალებს, რომლებიც თავდასხმას ცდილობდნენ.

კრიმინალური სინდიკატი ჩამოყალიბდა ე. წ. სახელმწიფო მაღალჩინოსნებისა და კრიმინალი მაფიოზების მონაწილეობით, რომლებიც ერთიანი ძალებით ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილს შეუნარჩუნონ ძალაუფლება. მოქალაქეები ამას ასე არ დავტოვებთ, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ დღესაც ვიკრიბებით, გავერთიანდებით, 12 მაისს ვათენებთ ღამეს. ერთიანი ძალებით ვეცდებით, რომ არც „რუსული კანონი“ მიიღონ და ეს რეჟიმი ჩამოიშალოს თავიდან ბოლომდე.

ვერ შეგვაშინებენ! მზად ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის შევწიროთ ჩვენი თავისუფლება, ჯანმრთელობა და თუ საჭირო გახდა, სიცოცხლეც კი.

_ თქვენ მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება?

_ პირველ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მე მაშინ გამოვიძახე პოლიცია, ჩემმა მეზობლებმა გადამარჩინეს, დაკითხეს მოწმეები. პირველი თავდასხმისას ოთხი ზონდერი იყო მოსული და გვაქვს ასეთი ეჭვი: როდესაც მეორე დღეს დამხვდნენ, სცადეს და ვერ განახორციელეს თავდასხმა, ჩვენ გავყევით თავდამსხმელებს, რომლებსაც შეეშინდათ ჩვენი, ამაზე გამწარდნენ და ჩემი ცემის ვიდეო, სადაც რამდენიმე დარტყმა ჩანს, თვითონ დადეს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გააკეთა დიტო სამხარაძემ და რატომ: ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა დადო ვიდეო, როგორ მომდევს ეს ოთხი ნიღბიანი ადამიანი, თვითონ დადეს კრიმინალებმა, როდესაც ჩემზე განახორციელეს პირველი თავდსხმა. ვიდეოში ჩანს, როგორ გადმოხტნენ  ჩაბურულ მინებიანი მანქანიდან  ნიღბიანები, რომლებიც იყვნენ სპორტული აღნაგობის, ჩემზე ბევრად ძლიერები და ახოვანები. ამ ვიდეოზე დაუკომენტარა ჩემმა მეგობარმა, თუ საიდან ჰქონდათ გიორგი მუმლაძეზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო მათ? ჩემს მეგობარს, რომელიც ჩემი თანამებრძოლია, დიტო სამხარაძემ პირადში მისწერა შეურაცხმყოფელი შინაარსის მესიჯი და აგინა მას. ეს იყო პირდაპირი მუქარა ყალბი ანგარიშით, რომელსაც, სავარაუდოდ, მართავს დიტო სამხარაძე.

ანუ ვინმე გურამ დგებუაძემ  თავდასხმის ვიდეო დადო, რომელიც თავდამსხმელების მიერ იყო გადაღებული. მას შემდეგ, რაც ვიდეოს კომენტარებში ჩემმა მეგობარმა იკითხა, საიდან ჰქონდა დგებუაძეს აღნიშნული ვიდეო, მას უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ, მისწერა: „შენს დედას მოვ***ნავ“.

ჩემზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა დიტო სამხარაძემ და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გასახარებლად გაკეთდა, გადაიღეს თავდასხმის კადრები, რომ ეჩვენებინათ, თითქოს როგორ მცემდნენ და მანადგურებდნენ. ისინი ვერაფერს გახდებიან, თავდასხმიდან მეორე დღეს მე მედიასაშუალებებს ჩავერთე და ამაზე სულ გაგიჟდნენ. მეორე დღის კი დამახვედრეს ჩემი ქუჩის შემოსასვლელთან ხალხი.

ამ ძალადობების სერიას, რომელიც განხორციელდა აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მისამართით, მთავარი პასუხი გასცა ხალხმა. ამ ბოროტებას ევროპის მოედანზე შეკრებილმა ხალხმა უპასუხა, როდესაც სამასი ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოსული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი არავის ეშინია. ხელისუფლება, სამხარაძე, ივანიშვილი და ეს ზონდერბრიგადები ვერავის შეაშინებენ. საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ევროპულ ქვეყანაში. ამის გვწამს, გვჯერა და ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს.

_ აქციების დასაწყისში იყო მუქარა, დარბევა, გუშინ ვიხილეთ დიდი აქცია. თქვენი აზრით, რა ეტაპზე ვართ ახლა და რას უნდა ველოდეთ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისგან?

_ ეს კრიმინალური სინდიკატი: კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ეს ხალხი, ივანიშვილის „შნირები“ და მონები ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი ძალაუფლება, ქონება. ჯიბის ბიჭები არიან ესენი, ჰგონიათ, რომ საქართველო მათი პირადი საკუთრებაა. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, მშრომელი, პატრიოტი, სამართლიანი, პატიოსანი ხალხის დ არა რუსეთუმეების, „ჩმორებისა“ და მედროვე ჯიბის ბიჭების. ამ ქვეყანას ვერ მიიტაცებენ ესენი და ზუსტად ამას ვერ ეგუებიან. ეს დადასტურდა ევროპის მოედანზე, ესაა ამ ქვეყნის მომავალი, საქართველოს მომავალი იდგა აქციაზე, ჩემი სტუდენტები იდგნენ აქციაზე, ათასობით სტუდენტი, ასი ათასობით ახლგაზრდა გამოდის, ამათ ვინ შეაჩერებს? ჩვენს მომავალს უპირისპირდები? ვერ გაიმარჯვებ ქართველ ხალხთან დაპირისპირებაში. ეს ჩარჩი და ვაჭარი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის კრემლიდან მართული, პუტინის მარიონეტი, ვერავის შეაშინებს. რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ვერაფერს გახდებიან. ადამიანს ყველაზე ძვირფასი აქვს თავისუფლება და სიცოცხლე. მე ვიტყვი ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სათქმელს, რადგან ვიცი მათი აზრი და პოზიცია: ჩვენ არ გვეშურება ჩვენი სამშობლოსთვის არც თავისუფლება და არც სიცოცხლე.

ეს მათ ვერ გაიაზრეს, ამ ხალხს ჰგონია, რომ ფულია ყველაფერი. არ არის ასე. ღირსება არის ყველაზე დიდი ღირებულება, რომელიც მათ არ გააჩნიათ, ესენი არის მედროვე ხალხი, _ კალაძე, კობახიძე, პაპუაშვილი. ეს ხალხი ვერ გაიმარჯვებს ჩვენზე, შეუძლებელია.

_ ბატონო გიორგი, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა 11 მაისის მასშტაბურ აქციაზე და თქვა: „რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ, 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული, 20 000 ადამიანი ვერაფრით იქნება, იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით“, _ როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება „ოცნების“ მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები?

_ ეს არის შიში. მამუკა მდინარაძე იყო კუდისა და სპეცსამსახურების ადვოკატი, რომელმაც ძალაუფლება შეიშნო. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილის მონა და ისინი რას იტყვიან, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. უამრავი ვიდეოკადრი არსებობს და მთელმა სამყარომ დაინახა, რამდენი ადამიანი ვიყავით აქციაზე. მინდა, მდინარაძესა და მისნაირ მონებს ვუთხრა, რომ კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ „იმედმა“ Postv-მ და კრემლმა, ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს და ვერც ვერაფერს დაგვაკლებს მათი განცხადებები.

_ საინტერესო იქნება თქვენი შეფასება კანონზეც, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არანაირი ცვლილებები არ მოხდება. მეტიც, აცხადებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. თუ საქართველომ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რა შედეგები მოჰყვება მას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისით?

_ ძალიან მარტივია, არც ერთი დასავლური ინსტიტუცია, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი, არც ერთი პარტნიორი მხარს არ უჭერს ამ კანონს, ცხადად ამბობენ, რომ ეს რის რუსული, აკრიტიკებენ ამ ხელისუფლებას და ყველა ვხედავთ, როგორი უმწვავესი გზავნილები აქვთ ჩვენს პარტნიორებს. კობახიძემ ყველაზე კარგად მოღალატეობა ისწავლა. კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ კანონს არავითარ შემთხვევაში არ დააბრუნებდნენ არც ერთი სახით, დღეს გვიმტკიცებს, რომ ეს კანონი უნდა იყოს მიღებული. ამათი ვინ რა უნდა ირწმუნოს და დაიჯეროს, ესენი არიან ქვეყნის მტრები. დღევანდელი ხელისუფლება ცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და მივყავართ რუსეთში. სწორედ ესაა მათი მთავარი სურვილი, მაგრამ ერთია, რა უნდა ხელისუფლებას და მეორეა, რა სურს ქართველ ხალხს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, დასრულდება ტირანია და აღარასდროს აღარავინ გათელავს ფეხით ადამიანის უფლებებს.

ყველა ხვდება, რომ დასავლური კურსის ცვლილება არის უდიდესი ბოროტება, რომელიც შეიძლება ვინმემ ჩაიდინოს, მეორე ბოროტება კი არის ის, რომ ამით სამოქალაქო დაპირისპირება ღვივდება.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეგვეშინდეს არაფრის, არ შეგვეშინდება? _ ხელისუფლებას შევაშინებთ ჩვენი სიმტკიცით, სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ ვემსახურებით სამშობლოს, ვართ ბევრნი და არ უნდა დავნებდეთ. მათი ეს ბოროტება, ძალადობა მალე დასრულდება. ჩვენ გავიმარჯვებთ!

გაზიარება