- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-03-28 04:20:58
შორენა მარსაგიშვილი
გასულ კვირას ერი, ძირითადად, ფეხბურთზე ლაპარაკობდა. დასავლეთის ლანძღვა და მეორე ფრონტის გახსნის თემა დახურული იყო. ეს თემა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა „ხალხის ძალამ“ გააცოცხლა. დასავლეთის სალანძღავად შექმნილმა ძალამ გასულ კვირას პარტიის შექმნის შესახებ გააკეთა განაცხადი. პარტიის თავმჯდომარედ პარლამენტის წევრი, მრავალპარტიაგამონაცვალი სოზარ სუბარი დანიშნეს. სუბარი და კომპანიის განცხადებით, მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე მიიჩნეოდა, რომ ეს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება იყო. ცნობადი სახეები და „ოცნების“ პარტაქტივი საჯაროდ უხდიდა მადლობას ღარიბაშვილს იმის გამო, რომ საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს. ჯერ ვინ ითრევდა საქართველოს ომში, მაგრამ მაინც... იანვრის მიწურულს ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა და უკვე არავის ახსოვს, მშვიდობის გარანტად რომ ის ჰყავდათ. სიმართლე უნდა ითქვას, _ ღარიბაშვილს ეს სტატუსი შეფერებული ჰქონდა და მართლა სჯეროდა, რომ მან გადაარჩინა საქართველო ქაოსისგან. ძალიან ამაყობდა, როცა მეოცნებე ფანები სტაბილურობის გარანტად მოიხსენიებდნენ.
„ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ მიზეზის გამოც გაუშვა მეორედ ღარიბაშვილი პრემიერობიდან. გაშვების ერთი მიზეზი იყო კორუფცია, რომელშიც მისი სანათესავო იყო ჩართული და მეორე _ ომისგან გადარჩენილი საქართველო. ივანიშვილს აქვს ამბიცია, ერქვას ქვეყნის სტაბილურობის გარანტი და ვერ იტანს, როცა მას სტატუსს ეცილებიან. ღარიბაშვილმა კი ეს მანტია მოირგო და ჩამოლაბორანტებამაც არ დააყოვნა.
ისე, საინტერესოა, დაიწყო თუ არა ქეიფებზე სოზარ სუბარმა ირაკლი ღარიბაშვილის პაროდიების გაკეთება? 2016 წლის დასაწყისში, როცა ღარიბაშვილი პრემიერობიდან პირველად გაუშვეს, სუბარმა ერთ-ერთ რესტორანში დამსწრე საზოგადოება ღარიბაშვილის პაროდიით გაართო. ეს ვიდეოთიც არის გადაღებული. ისე, სუბარს აქვს მიზეზი, არ უყვარდეს ღარიბაშვილი. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ის სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მის წინააღმდეგ ღარიბაშვილის სიმამრ თამაზ თამაზაშვილის დავალებით აქციებს აწყობდნენ „ოცნების“ მომხრეები. ეს სუბარმა მანამდეც იცოდა, მაგრამ აქციის ერთ-ერთი მონაწილის საჯარო აღიარებამ ამ პროტესტს სხვა ელფერი შესძინა.
ახლა სუბარი თავის პარტიასთან ერთად ცდილობს, მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგოს და იმის მტკიცებაშია, რომ ომისგან საქართველო „ხალხის ძალამ“ ადაარჩინეა. ეს ბევრმა შეიძლება დაიჯეროს, რადგანაც „ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ სწორედ ისინი ყვიროდნენ ყველაზე მეტს, დასავლეთი და ამერიკა ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოსო. ამის გამო მათ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გაუწყრეს. როგორც უკვე ვთქვით, მას აქვს პრეტენზია, იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი.
როდესაც „ხალხის ძალა“ შეიქმნა, ამბობდნენ, რომ მის უკან ირაკლი ღარიბაშვილი იდგა. ცხადია, ამაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდათ ნებართვა მიღებული. ღარიბაშვილთან იყო ასოცირებული „ალტინფოც“, რომელსაც მისი ჩამოლაბორანტების შემდეგ პოზიციები შეერყა. კიდევ ერთი პრორუსული ძალა, „პატრიოტთა ალიანსი“, ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, სანამ ღარიბაშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. ეს ძალა ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოსწონდა. თუმცა ბოლო დროს დიდად აღარ სწყალობდა. როგორც ამბობენ, სწორედ მათ საპირწონედ შეიქმნა ანტიდასავლური „ხალხის ძალა“. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნებოდა. ღარიბაშვილი ცდილობდა, ასე ყოფილიყო. ამით ის კონკურენტის მოცილებას ცდილობდა. კარგად ხედავდა, რომ კობახიძეს პრემიერის პოსტზე ეჭირა თვალი. კობახიძემ სურვილი აისრულა. „ხალხის ძალას“ რაც შეეხება, „ქართული ოცნება“ შეეცდება პარლამენტში მის გაყვანას. ჟანრის კლასიკა მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ერთი ღიად პრორუსული ძალა იყოს, რომელიც რუსული კანონების ინიცირებაზე, ომში მყოფი უკრაინისა და დასავლეთის ლანძღვაზე იქნება ორიენტირებული.
ომი საქართველოს საზღვრებს უახლოვდება
„ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ საქართველო ომში ჩათრევისგან იხსნა, მაგრამ ომი შეიძლება მაინც მოვიდეს ჩვენს საზღვრებთან, ისევე როგორც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთმა დროებით ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაიყვანა. ფლოტი განთავსდება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში. ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკრაინის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ოჩამჩირის პორტი მათი ლეგიტიმური სამიზნე იქნება.
საქართველო შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს სამიზნეც გახდეს. გასულ კვირას ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა მოსკოვში ტერორისტული აქტი მოაწყვეს. მოკლეს ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატები მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ რუსეთს მარტის დასაწყისში აფრთხილებდა.
ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ისლამური სახელმწიფოს მიმდევრებს საქართვლოშიც დევნიან. ათეულობით ადამიანია დაკავებული ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო. არავისთვის არაა დამალული, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან, ძირითადად, პანკისის მაცხოვრებლები. ასეულობით ახალგაზრდა წავიდა საქართველოდან სირიაში საომრად. პანკისელი თარხან ბათირაშვილი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური იყო. ის რამდენიმე წლის წინათ მოკლეს. თარხან ბათირაშვილი საქართველოს ტერიტორიულ მთიანობას იცავდა აგვისტოს ომში.
როდესაც ისლამური სახელმწიფო აქტიური იყო, მისი ტერორისტები საქართველოსაც ემუქრებოდნენ. ემუქრებოდნენ იმიტომ, რომ ქართველოს სამხედროები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ. მერე იმის გამო დაგვიწყეს მუიქარა, რომ საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მიმდევრებს აპატიმრებდნენ. ახლა არ არის გამორიცხული, რუსებთან კავშირის გამო წამოგვიყენონ პრეტენზიები.
პროვოკაციებს რუსებისგანაც უნდა ველოდოთ. შესაძლოა, რუსებმა პანკისის თემა გაააქტიურონ. არავისთვის დამალული არ გახლავთ, რომ აქაური მოსახლეობის ნაწილი თანაუგრძნობს ისლამურ სახელმწიფოს _ ახალგაზრდების ნაწილი წასულია სირიაში. მართალია, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ნების გამტარებელია, მაგრამ რუსებს მაინც სჭირდებათ საქართველოში ვითარების არევა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სომხეთსაც კარგავენ. რუსებს სომხებთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნიათ და ჩვენი გავლით უკავშირდებიან მათ.
არის კიდევ ერთი თემა, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს საზღვრებთან ომი მოიყვანოს. გასულ კვირას პროუკრაინულმა რუსმა მოხალისეებმა ბელგოროდსა და კურსკის ოლქში რეიდები მოაწყვეს. დაიკავეს რამდენიმე დასახლება. ამ რეიდში იჩქერიელი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. უკრაინის მხარეს რამდენიმე ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის. უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა აბდულ აკიმ ალ-შიშანი (რუსტამ აჟიევი). ის ჩეჩნეთის ომის მონაწილეა და შემდეგ უკვე სირიაში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.
აბდულ აკიმ ალ-შიშანი ბელგოროდის რეიდის ერთ-ერთი მონაწილეა. მან საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მალე ოკუპირებულ იჩქერიასაც გაათავისუფლებენ რუსებისგან. მასთან ერთად იმყოფებოდა შამილ ზაკაევი, რომელიც დევნილობაში მყოფი იჩქერიის მთავრობის მეთაურ ახმედ ზაკაევის შვილია. ექსპერტები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია აირევა. და თუ ჩეჩნეთში ომი მართლა დაიწყო, იგი საქართველოს საზღვართან მოვა.
საინტერესოა, რამდენად არის მზად ამისთვის საქართველოს ხელისუფლება. დასავლეთისა და ომში მყოფი უკრაინის ლანძღვა კარგად იციან. არარსებუული ომის თავიდან აცილებაც შეძლეს, მაგრამ რამდენად გაუმკლავდებიან რეალურ საფრთხეს, მაგალითად, რამზან კადიროვის მოსალოდნელ რეიდს? კადიროვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პანკისის ხეობაში ჩაატარებს სპეცოპერაციას. ბოლო ასეთი განცხადება 2017 წელს გააკეთა.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ გავუმკლავდებით საერთაშორისო ტერორისტებს. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, როგორ უპრობლემოდ შემოვიდა საქართველოში მსოფლიოს ცნობილი ტერორისტი, ახმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა ახმედი. ჩატაევი თბილისში რამდენიმე თვე ისე ცხოვრობდა, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ უფლის იმედად უნდა ვიყოთ თუ, რა თქმა უნდა, ისევ ღარიბაშვილმა და „ხალხის ძალამ“ არ გვიხსნეს.