QronikaPlus
თამარ კორძაია: „ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია დამსახურებაზე“

თამარ კორძაია: „ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია დამსახურებაზე“

2024-03-28 03:52:47

ირინა მაკარიძე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ოპოზიციონერ წევრებს „ქართული ოცნება“ მოღალატეებს ეძახის იმის გამო, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით საქართველოს სახელით მომზადებული რეზოლუციის ინიცირებისათვის საჭირო დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის ინიცირება ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლების გამო ვერ მოხერხდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია იმყოფებოდნენ. „ოცნებამ“ მათი გაშავების კამპანია წამოიწყო. ოპოზიციონერ დეპუტატებს აეროპორტში აქტივისტები „მოღალატის“ ძახილით დახვდენ. ამავე მიზეზით პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლა არ დააცალეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს, რომელსაც ეძახდნენ მოღალატეს და პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მაკა ბოჭორიშვილს მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია.

რა მოხდა რეალურად ევრონესტზე? რა განცხადების დარეგისტრირებას აპირებდა მაკა ბოჭორიშვილი? ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია ოპოზიციის წარმომადგენლებთან? როგორ ასრულებს საქართველო ევროპულ რეკომენდაციებს და რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა ევრონესტის რეზოლუციას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, საპარლამენტო დელეგაციის წევრი, თამარ კორძაია:

_ ამ ისტერიით „ქართულ ოცნებას“ სურდა გადაეფარა ის პრობლემა, რაც ევრონესტის ეკონომიკურ კომიტეტზე ევროკავშირის ექსპერტის მიერ იყო გაჟღერებული, რომელიც ეხებოდა საქართველოდან და სომხეთიდან ტვირთის გატანას რუსეთში ბელარუსის გავლით. სამწუხაროდ, შეძლეს კიდეც ამ საკითხის გადაფარვა და ეს დარჩა მედიის მიღმა.

_ ეს იყო ეჭვი სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით თუ ვარაუდი?

_ ევრონესტის ეკონომიკური ინტეგრაციის კომიტეტზე ევროკავშირის ექსპერტმა ცალსახად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ბელარუსის გავლით გადის პროდუქცია _ ამაზე ხელისუფლებას საუბარი არ სურს.

_ რაც შეეხება რეზოლუციის ინიცირებას, თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ?

_ ეს რეზოლუცია ეხებოდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. მაკა ბოჭორიშვილმა ინფორმაციაც კი არ მიაწოდა უკრაინის დელეგაციას, რაც საჯაროდ განაცხადა კიდეც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა. ზოგადად, უხერხულია იმ ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობის გარეშე, ვისაც ეს ეხება, რაიმეს ინიცირება. უკრაინელებისთვის არც კი უჩვენებიათ ტექსტი. საერთოდ ტექსტი არ უჩვენებიათ არც ოპოზიციისთვის, მაჩვენეს მე ინიცირებამდე რამდენიმე წუთით ადრე, არც ის უთქვამთ, რომ ხელმოწერები არ ჰყოფნიდათ. ოპოზიციას რომ გვეძახიან მტრებს და თვითონ გულანთებული პატრიოტები არიან, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოპოზიციის გარეშე შეძლონ 6 ხელმოწერის მოპოვება, რაც ვერ მოახერხეს. ოთხნი თვითონ იყვნენ და 6 ხელმოწერა აკლდათ, 3 ხელმოწერა მიიღეს მოლდოველებისგან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მიზანი რეალურად არ იყო შედეგის მიღწევა, არამედ ამით სურდათ გარკვეული თემების გადაფარვა.

_ ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში რა შედეგის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის?

_ ის, რომ რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს მოთხოვნა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის უკვე „უკან მიდევნებული ლამპარი“ და გამაღიზიანებელიც კი. ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩვენი კარი საქართველოსთვის ღიაა, მთავარია 9 ნაბიჯის შესრულება. ანუ ჩვენ ყველა ტრიბუნაზე უნდა ვლაპარაკობდეთ იმას, ამ 9 ნაბიჯს როგორ ვასრულებთ, იმიტომ რომ ევროპაში კარი ღია გვაქვს, მთავრია ეს 9 ნაბიჯი შევასრულოთ, რომ შევიდეთ ამ კარში. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ცალსახად აღინიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის ჩვენ მოგვენიჭა საზოგადოების ბრძოლის დამსახურებით. „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან საუბარი არ ყოფილა იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს მმართველი ძალა ევროკავშირის დათქმების შესასრულებლად. უარესიც, ჩამოვედით ევრონესტის ასამბლეის შემდეგ და ვხედავთ ტარდება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც სანქცირებული მოსამართლეები ამტკიცებენ, რომ კეთილსინდისიერი მოსამართლები ვართო, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სასამართლო რეფორმას აუცილებლად სჭირდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება. რა თქმა უნდა, მოთხოვნა არ არის ყველა მოსამართლეზე, როგორადაც უნდათ წარმოაჩინონ, არამედ საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და მოადგილეებზე, რომლებიც არიან სისტემური გადაწყვეტილების მიმღებები.

_ რას იტყვით იმ კამპანიაზე, რაც ააგორა „ოცნებამ“ ამ საკითხთან დაკავშირებით? ქვეყნის ღალატში გადანაშაულებდნენ და ყვიროდნენ: „მოღალატე“...

_ ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება დეზინფორმაციის გზით ცდილობს საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობას. ერთადერთი მიზანი აქვს ამას, რომ გადაფარონ მნიშვნელოვანი თემები, გადაფარონ თუნდაც ის, რაც ევრონესტის ტრიბუნაზე ითქვა და საერთოდ ის გადაფარონ, რომ შესასრულებელი აქვთ ვალდებულებები, რათა ევროკავშირმა გახსნას ჩვენთან მოლაპარაკებები. ამის ნაცვლად ახდენს სრულიად უსაგნო რეზოლუციების ინიცირებას. დიახ, რუსეთი რომ ოკუპანტია, ამის შესახებ რეზოლუცია უკვე მიღებულია. თუმცა მათ არც ჰქონდათ რეალურად ამ რეზოლუციის მიღება გეგმაში. როცა გინდა რაღაცის მიღწევა, მაშინ მოსვენებას არ მისცემ მათ, ვისი ხელმოწერის მიღებაც გჭირდება. ფაქტია, რომ მათ ჩვენთვის არც კი უთქვამთ, რომ ხელმოწერა აკლდებოდათ. შედეგად, გამოჩნდა ის, რომ იმდენად ურეპუტაციოა „ქართული ოცნების“ დელეგაცია თავისი ხელმძღვანელობით, 6 ხელმოწერის მოპოვებაც ვერ შეძლო.

_ ამის პარალელურად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ისევ  დაიწყო ევროპის დადანაშაულება და განცხადებების კეთება „უსამართლო ევროპის“ შესახებ, ამაზე რას იტყვით?

_ ეს არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი იმისა, რომ ორმაგი სტანდარტი აქვთ. ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დამოკიდებული. დამსახურებისთვის საკმარისია სურვილის ჩვენება. ხელისუფლება ამის სურვილსაც კი არ აჩვენებს, რომ მზად არის, რაღაცები შეცვალოს და განახორციელოს რეფორმები. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოსვლებმა მიგვიყვანა ევროკავშირის სტატუსის მიღებამდე. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ იძულებული გახდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ერთი მხრივ, მოქალაქეთა ინტერესები გაითვალისწინოს, მეორე მხრივ, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთეთებს. მისი ეს „ტრიუკები“ აშკარად არ გადის ევროკავშირში.

_ მათ შორის პრობლემური იყო საარჩევნო კანონმდებლობაში „ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები. ამ საარჩევნო გარემოში რა მოლოდინი გაქვსთ არჩევნების სამართლიანად ჩატარების კუთხით?

_ არჩევნები სამართლიანად ვერ ჩატარდება, რადგან ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვა უკვე დაწყებული აქვს. ამისთვის საბიუჯეტო რესურსს იყენებს, რომ სოციალური პრობლემებით ამომრჩეველი ბოლომდე „მიიბას“. თუნდაც ამიტომ უკვე აღარ არის თავისუფალი და სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის. როგორც მოსალოდნელია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო დამძიმდება გარემო.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ამ ვითარებაში შედეგზე გავიდეს?

_ ოპოზიციამ უნდა გააკეთოს შეუძლებელი. რადგან ყველაფრის მკადრებელი „ქართული ოცნება“, მათ შორის, ივანიშვილის მძლავრი ფინანსური მხარდაჭერით, ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამის გასამკლავებლად ოპოზიციამ მართლაც შეუძლებელი უნდა შეძლოს. მაგრამ ოპოზიცია ვერაფერს იზამს, თუ ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ თავის მიზნებს გაცილებით მარტივად შეასრულებს. მთავარია, ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტებს მისცენ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ეს თემა ძალიან აღიზიანებს „ქართულ ოცნებას“. გამოჩნდა კიდეც პარლამენტის სესიაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, ძალიან გაღიზიანდნენ კონკრეტული ადამიანების საჩივრებით, რომლებსაც, უბრალოდ, საკონსულოები არ არეგისტრირებენ.

_ თქვენს პოლიტიკურ გეგმებზეც რომ გვითხრათ, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება გიხილოთ?

_ ამ საკითხზე პასუხისგან, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ.

გაზიარება