QronikaPlus
კობა ხაბაზი: „ქართული ოცნება“ პუტინს საფლავში ჩაჰყვება“

კობა ხაბაზი: „ქართული ოცნება“ პუტინს საფლავში ჩაჰყვება“

2024-02-29 08:15:35

შორენა მარსაგიშვილი

უკრაინის ფრონტზე ვითარება ძალიან დამძიმდა. რუსები თითქმის ყველა მიმართულებით ახორციელებენ შეტევებს. მათ რამდენიმე დასახლება და ქალაქი ავდიივკა დაიკავეს, რომლის აღებასაც მრავალი თვე და თითქმის 50.000 სამხედრო შესწირეს. სისხლიანმა პუტინმა ამავე პერიოდში მოიშორა თავისი ნომერ პირველი მტერი, ალექსეი ნავალნი. ის კოლონიაში მოკლეს. დასავლეთმა ნავალნის მკვლელობის შემდეგ რუსეთის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა და ახალი სანქციები დააანონსა.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სიამაყით განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. საქართველოს ხელისუფლებას არც ის გაუპროტესტებია, სისხლიანმა რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ შორის, მოქმედ და ყოფილ ჩინოსნებზე, ძებნა რომ გამოაცხადა.

რუსების მიერ ძებნილთა სიაშია პარლამენტის წევრი, კობა ხაბაზიც. მასზე ძებნა მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ ის რაშიზმის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინაში. ის ახლაც ფრონტის ხაზზეა. „ქრონიკა+“-თან მან განაცხადა, რომ სასაცილოდ არ ეყო, რუსებმა მასზე ძებნა რომ გამოაცხადეს. კობა ხაბაზს უფრო ის სიტუაცია ადარდებს, რომელიც დღეს საქართველოშია. ის ოპოზიციითაც იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ მხოლოდ ახალგაზრდობის იმედი აქვს:

_ ბატონო კობა, უკრაინის ფრონტზე ვითარება ძალიან დამძიმდა _ რუსებმა დაიკავეს ქალაქი ავდიივკა. აქვთ წინსვლა კიდევ რამდენიმე მიმართულებით. აქედან ჩანს, რომ ძალიან ცუდ დღეშია უკრაინა. როგორ აფასებთ ფრონტზე შექმნილ ვითარებას?

_ ვითარება ნამდვილად მძიმეა, მაგრამ არც ისეთი, როგორც ამის შესახებ წერენ. არცერთი ქართველი, ვინც აქ ვიბრძვით, არ ვკარგავთ იმედს, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება. ჩვენი რწმენა სულაც არ მომდინარეობს იქიდან, რომ ბოროტება ყოველთვის მარცხდება და ამიტომ რუსეთმა არ შეიძლება, გაიმარჯვოს. ჩვენ გამარჯვებაში გვარწმუნებს არსებული რეალობა: ერთი პატარა ქალაქის, ავდიივკას აღება რუსეთს 50.000-ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ამით ბევრი რამეა ნათქვამი.

_ რუსებმა არანაკლები ოდენობის ხალხი შეაწყვიტეს ბახმუტის აღებასაც.

_ სწორედ ამას ვამბობ: როდესაც ერთი პატარა ქალაქის აღებას 50.000-ზე მეტი ადამიანი ეწირება, იქ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ოკუპანტები რომ დამარცხდებიან, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ავდიივკის აღებას პუტინმა ამდენი ათასი ადამიანი იმიტომ შეაკლა, რომ მას წინასაარჩევნოდ რაღაც წარმატება ეჩვენებინა თავისი მოსახლეობისთვის. ცუდია, რომ ავდიივკა რუსებმა დაიკავეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის _ ისინი ამ ომს ვერ მოიგებენ.

_ თქვენ ხაზი გაუსვით, რომ რუსეთმა ავდიივკას 50.000-ზე მეტი ადამიანი შეაკლა. მაგრამ უკრაინის მხარესაც დიდია მსხვერპლი. უკრაინელებივე წერენ, რომ  უკრაინული ჯარი იფიტება, გამოფიტული უკრაინა როგორ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს? პუტინი ჩვეულებრივი ფსიქოპათია და თუ დასჭირდა, რომლიმე ქალაქის აღებას ათჯერ მეტ ჯარისკაცს შესწირავს, ვიდრე ბახმუტსა და ავდიივკას შეაკლა.

_ არ ვფიქრობ, რომ უკრაინული არმია გამოიფიტა. ძალიან კარგად ვიცი, თუ რა განწყობით არიან უკრაინელები და ყველა ის მოხალისე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა უკრაინაში რუსული ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად. არავინ ამბობს, რომ დაიღალა ან გამარჯვების რწმენა დაკარგა, მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ უკრაინას უფრო მეტი თანამედროვე იარაღი და არტილერია სჭირდება. ჭურვების დეფიციტია აღმოსაფხვრელი. ყველა ელოდა, რომ გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყებოდა კონტრშეტევა. კონტრშტევა ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ უკრაინას, ფაქტობრივად, არ ჰყავდა ავიაცია. ავიაციის გარეშე კი კონტრშეტევის განხორციელება ძალიან რთულია. იმედი მაქვს, უკრაინა დაპირებულ  F-16-ებს მალე მიიღებს და მერე უფრო ადვილი იქნება ოკუპანტებთან ბრძოლა.

_ F-16-ების გადმოცემას ძალიან აგვიანებს დასავლეთი.

_ არ აგვიანებს. ამ ტიპის თვითმფრინავების სამართავად და მოსავლელად პერსონალის გადამზადებაა საჭირო. მალე იქნებიან ისინი უკრაინაში. ესეც გვაძლევს იმის რწმენას, რომ დამპყრობელი აუცილებლად დამარცხდება.

_ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო პუტინის წინააღმდეგაა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება დაანონსდა, საქართველოს ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. ჩვენი ხელისუფლების ასეთი განცხადებებისა და პრორუსული პოლიტიკის გამო უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები უკრაინელებისგან საყვედურებს ხომ არ იღებთ?

_ ჩვენ, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები, საქართველოს ხელისუფლებისგან კარგს არაფერს ველით. კარგად ვიცით ერთი მარტივი რამ: „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ხელისუფლების გაგრძელება საქართველოში, რუსეთის ხელისუფლებას კი, ბუნებრივია, პრორუსული პოლიტიკა ექნება. ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსკოვს დღეს საქართველოს ხელისუფლებაზე და დროთა განმავლობაში ეს გავლენები კიდევ უფრო გაფართოვდება.

_ კიდევ უფრო გაფართოებაში რას გულისხმობთ?

_ აქამდე პრემიერს ვერ ნიშნავდნენ რუსეთის ნებართვის გარეშე. ცოტა ხანში მინისტრებიც რუსეთის ნებართვით დაინიშნებიან და შემდეგ უფრო დაბალ რგოლებამდეც ჩამოვლენ. ასე თუ გაგრძელდა, დადგება დრო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას რუსეთთან შეათანხმებს. დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივა.

_ რატომ ხართ დარწმუნებული?

_ იმიტომ, რომ ამ ომს უკრაინა მოიგებს. რუსეთი სასტიკად დამარცხდება. დამარცხებული პუტინი არა მგონია, საფრთხე იყოს. საქართველოს მართვა კი არა, რუსეთშიც დიდი ძვრები დაიწყება.

_ რა ძვრები შეიძლება დაიწყოს რუსეთში?

_ უკრაინაში ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების რიცხვმა 400.000-ს გადააჭარბა, მალე ეს ციფრი ნახევარ მილიონს მიაღწევს. ამხელა მსხვერპლი ასე მარტივად არ ჩაივლის. რუსები ყველაფერზე აღარ დახუჭავენ თვალს. გამომდინარე აქედან, რუსეთში გლობალურ ცვლილებებს ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას რაც შეეხება, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც საფლავში ჩაჰყვება პუტინს.

_ დამარცხებულ პუტინს ჩაჰყვებიან საფლავში?

_ ჩაჰყვებიან, რადგან ისინი სრულად კონტროლდებიან პუტინის ხელისუფლების მიერ. აქედან გამომდინარე, აქ მყოფი არცერთი ქართველი არ ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ რაიმე ღირსეულ ნაბიჯს. მონები და ღირსებადაკარგულები ღირსეულ ნაბიჯებს ვერასდროს გადადგამენ.

_ ზემოთაც გკითხეთ და იქნებ, მიპასუხოთ, _ ჩვენი ხელისუფლების უღირსი პოლიტიკის გამო თქვენ რამე საყვედურს ხომ არ ღებულობთ უკრაინელებისგან?

_ უკრაინის მოსახლეობას საქართველოსა და ქართული ხელისუფლების მიმართ ძალიან სწორი დამოკიდებულება აქვს. უკრაინელების 99% კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. მათ ძალიან კარგად იციან ისიც, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასული ქართველების რაოდეობა ყველა დანარჩენ უცხოელ მოხალისეს ერთად აღებულის ს აღემატება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ქართველები უკრაინაში მართლა სამაგალითოები არიან: ჩვენი ბიჭები არნახულ გმირობებს აჩვენებენ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორი იმედის თვალით შემოგვყურებდნენ, ეს იყო ორეხოვოში, ბახმუტსა თუ სხვა დასახლებულ პუნქტებში. ჩვენი გამოჩენის შემდეგ რაღაცნაირი სტიმული ეძლეოდათ. ჩვენთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდაცაა, მაგრამ იქ ქართველები ბევრ გმირობას სჩადიან, ღირსეულად წარმოაჩენენ თავის ქვეყანას.

მოკლედ, უყვართ უკრაინელებს ქართველები, მაგრამ არის ერთი კატეგორია: ისინი საქართველოსა და ქართველი ხალხის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაგრამ საყვედურსაც გვეუბნებიან. ძალიან მწარედ და მტკივნეულად დამამახსოვრდა ერთ კარგი უკრაინელის სიტყვები. ეს ადამიანი მაიდანზე გავიცანი 2014 წელს. ის დღესაც იარაღით ხელში იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ძალიან ღირსეული და კარგი ადამიანია. ერთხელაც, ამ კარგმა კაცმა რაღაცნაირად გადმომხედა და სინანულით მითხრა, _ ქართველები მაგრები კი ხართ, მაგრამ ძალიან მაგრები რომ ყოფილიყავით, ასეთი ხელისუფლება არ გეყოლებოდათო.

_ რა უპასუხეთ?

_ ვერაფერი ვერ ვუთხარი. რა უნდა მეთქვა? 10 წლის წინათ უკრაინის მოსახლეობამ შეძლო და შეუპოვარი ბრძოლით ჩამოიცილა პრორუსული ხელისუფლება. მაიდანი იყო ძალიან დიდი და შეუპოვარი ბრძოლა. უკრაინელებმა როგორც პრორუსული ხელისუფლება დაამარცხეს, ასევე დაამარცხებენ რუსებსაც. ჩვენ რაც შეგვეხება, საქართველოსთან დაკავშირებით ერთ რაღაცას ვიტყვი, რომელიც შეიძლება პოპულარული არ იყოს, მაგრამ სათქმელი უნდა ვთქვა: მე აღარ მჯერა ჩემი თაობის, რომ ის რამეს შეცვლის საქართველოში. სამაგიეროდ, მჯერა ახალგაზრდობის. ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტში შეუძლია მოქმედება.

_ ზემოთ თქვით, რომ ქართველი მებრძოლების მიმართ უკრაინაში ძალიან კარგი დამოკიდებულებაა, დანარჩენ ქართველებზე რას ამბობენ უკრაინელები? თქვენი კარგი ნაცნობის მსგავსად ფიქრობენ, რომ ძალიან მაგრები რომ ვიყოთ, ასეთი ხელისუფლება არ გვეყოლებოდა?

_ სინანულს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ ახერხებს პრორუსული ხელისუფლების შეცვლას. ჩვენი ხელისუფლების ამ უღირსი პოლიტიკის გამო ქართველი ხალხის მიმართ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს. სხვა თუ არაფერი, 2000 ქართველი იბრძვის უკრაინის მხარდამხარ. ამ 2000 ადამიანის უკან ამდენივე ოჯახი დგას. ძალიან ბევრი უკრაინელი ცხოვრობს დღეს საქართველოში. ისინი ურეკავენ თავიანთ ნათესავებს უკრაინაში და ეუბნებიან, რომ ქართველებისგან დიდი სითბო და მხარდაჭერა აქვთ. აჭარის მაგალითს მოვიყვან: მარტო ბათუმში მოსახლეობამ თავისი ინიციატივით შეაგროვა ათეულობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და გააგზავნა უკრაინაში. ასე ხდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ეს იციან უკრაინელებმა. არასდროს გამიგია, რომ ისინი ქართველებს საყვედურს ეუბნებოდნენ. სინანულს ნამდვილად გამოხატავენ. უკვირთ, რატომ გვყავს ასეთი ხელისუფლება.

უკრაინელებს ქართველები და საქართველო ძალიან უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მასშტაბისა და ტემპერამენტის ქვეყნები ვართ, იმდენად მჭიდრო ურთიერთბა გვაქვს, ჩვენი ისტორია ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს, რომ ორივემ კარგად ვიცით _ ჩვენ ან ერთად ვიმარჯვებთ რუსეთის წინააღმდეგ, ან ორივე ერთად ვმარცხდებით.

_ აღნიშნეთ, რომ უკრაინაში ყველაზე მეტი ქართველი მოხალისე იბრძვის. ეს სისხლიან რუსეთსაც არ გამოჰპარვია და ყველაზე მეტი საქმე ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ აღძრა. ას მათგანზე ძებნაც კი გამოაცხადა. ძებნილთა სიაში თქვენც ხართ. რა განწყობა გაქვთ ძებნილებს ამ გადაწყვეტილების შემდეგ?

_ რა უნდა ვთქვა? ძებნა კი არა, ომი აქვს გამოცხადებული რუსეთს იმ ქვეყნისთვის, რომლის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშიც ვიბრძვი. ვინ მეძებს ან რას მეძებს _ სადმე ვიმალები? ღიად ვარ ჩამოსული უკრაინაში, რომ უკრაინელების მხარდამხარ ვიბრძოლო. თუ ჩემი მოძებნა უნდათ, ვეტყვი, რომ ვარ წინა ხაზზე. ვიბრძვი რუსეთის წინააღმდეგ. რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყანა დამარცხდეს. გასაგები მიზეზების გამო რუსების მიმართ ბევრი სიძულვილით ლაპარაკობს. მე არცერთი ერის, მათ შორის, რუსების მიმართ არანაირი სიძულვილი არ გამაჩნია.

_ როგორ არ გაქვთ რუსების მიმართ სიძულვილი? უყურო იმ ყველაფერს, რაც უკრაინაში დღეს ხდება, გაიხსენო, რაც საქართველოს დამართეს და ამის მერე არ გძულდეს რუსები, ეს შესაძლებელია?

_ მე არ მძულს რუსები იმის გამო, რომ ისინი რუსები არიან. მე მძულს ჩემი ქვეყნის მტრები და ის ქვეყანა, რომელიც ოკუპანტია. დღეს საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა არის რუსეთი. მას ოკუპირენული აქვს საქართველოს ტერიტორია. მე ოკუპანტები მძულს და ყოველთვის ვიქნები ოკუპანტების მოძულე.

_ გძულთ, თურმე, რუსები და რატომ ამბობთ, არ მძულსო?

_ მე ოკუპანტები მძულს. მახათმა განდიმ თქვა ძალიან კარგად: მტერს იმიტომ კი არ უნდა ებრძოლო, რომ შენი მტერია, არამედ იმიტომ, რომ შენი სამშობლო გიყვარს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო და ვინც ჩემს სამშობლოს შეეხება, ის იქნება ჩემი მტერი. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ მის წინააღმდეგ.

უკრაინა, ეს ულამაზესი და უკარგესი ქვეყანა, იბრძვის თავისუფლებისთვის. უნდა, რომ როგორმე თავი დააღწიოს საბჭოთა წარსულს. ამ დროს შემოიჭრა ეს ჭაობი რუსეთი და უკრაინის ჩათრევა სურს. იგივე მცდელობა აქვთ საქართველოს მიმართაც რუსებს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკრაინელების გვერდით მებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.

ომი რომ ყოფილიყო რომელიმე ორ სხვა ქვეყანას შორის, რომლებსაც საქართველოს მიმართ არც მტრული დამოკიდებულება აქვთ და არც მეგობრული, რა თქმა უნდა, არ მივიღებდი იმ ომში მონაწილეობას. მეტსაც გეტყვით: საქართველოს მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყანას იმ ქვეყანასთან რომ ჰქონოდა ომი, რომელსაც საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულება არ აქვს, არც მაშინ მივიღებდი იმ ომში მონაწილებას. ახლა ომობს ორი ქვეყანა. ერთი არის საქართველოს მეგობარი უკრაინა და მეორე _ საქართველოს ოკუპანტი. ოკუპანტის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო, აბა, რა უნდა ვქნა? ოკუპანტს ვებრძვი და ამის გამო გამოაცხადეს რუსებმა ჩემზე ძებნა? მეძებონ, ჩემო ბატონო. მეც ვეძებ რუსებს.

_ იმის გარდა, რომ რუსეთმა ქართველ მებრძოლებზე ძებნა გამოაცხადა, საქართველოს ხელისუფლებისგანაც გემუქრებათ საფრთხე. უკვე რამდენიმე დეპუტატმა გააჟღერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ. წესით, ვერ უნდა გაბედონ ამის გაკეთება.

_ რატომ გგონიათ, რომ ვერ გაბედავენ? ძალიან კარგად გაბედავენ. ესენი ხომ თავხედობაში ჩემპიონები არიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივა ამათი მოგონილი არ არის _ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და უნდა გააკეთონ.

_ ვისგან აქვთ ეს დავალება მიღებული?

_ ვისგან და რუსეთისგან. ისინი ასეთ დავალებებს რუსეთიდან ღებულობენ. ამიტომ მგონია, რომ გაბედავენ ჩვენთვის მოქალაქეობის შეწყვეტას. ისინი მონური მორჩილებით ასრულებენ მოსკოვის დავალებებს. თავიდან შეიძლება უთხრან რუსებს, რომ ამას ხმაური მოჰყვება და იქნებ, არ ღირდეს ამის გაკეთება, მაგრამ რუსეთი თუ კატეგორიულად მოითხოვს, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეობა შეგვიწყდეს, მაშინ შეგვიწყვეტენ. 

_ მერე როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას?

_ შეგვიწყვეტენ და შეგვიწყვიტონ! მე ამას ცოტა სხვანაირად ვუყურებ და შეიძლება ტრაბახივითაც გამომივიდეს, მაგრამ უნდა ვთქვა: ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, რომ ივანიშვილის, კობახიძისა და ღარიბაშვილის მოქალაქეობაშესაწყვეტი რომ გავხდები, იმ დღეს მოვკვდე მართლა. მე მერაბ კოსტავას გვერდით ვიდექი და ესენი ვინ არიან? ესენი ვერაფრით შემაშინებენ. ვერც იმით, რომ მოქალაქეობას წამართმევენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ საქართველოს მოქალაქეობით. უკრაინა აპირებს, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭოს იმათ, ვინც უკრაინის მხარეს იბრძვის. ძალიან მალე, გამარჯვების შემდეგ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისად, ვიქნები ევროკავშირის მოქალაქე. ამის მიუხედავად, არ მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა შემიწყდეს. არ მინდა, ერთდღიანი წყვეტაც კი მქონდეს ჩემს ქვეყანასთან. თუ შემიწყვეტენ, მე მაინც საქართველოს მოქალაქედ დავრჩები. რაც არ უნდა შეეცადონ, საქართველოს მოქალაქეობასა და ქართველობას ვერავინ წამართმევს.

_ ცოტა ქართულ ამბებზეც ვისაუბროთ. ზემოთ თქვენ მითხარით, რომ ჩემი თაობის იმედი აღარ მაქვსო. რატომ გაგიჩნდათ თქვენი თაობის მიმართ ასეთი იმედგაცრუება, პოლიტიკურ ამბებს უკავშირდება?

_ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ამბებს უკავშირდება და არც ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავმალო. ამის შესახებ რამდენჯერმე ღიად დავწერე სოციალურ ქსელში. მე არ მანაღვლებს, „ოცნების“ ტროლები და ბოტები რას ამბობენ. მე არ მანაღვლებს, რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც რუსებს ეტრფიან. მე იმ ადამიანებზე ვდარდობ, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი რამე გამოვიარე. მათთან ერთად გამარჯვებულ საქართველოზე მიოცნებია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას იტყვიან ეს ადამიანები, როგორ მოიქცევიან. ძალიან მტკივა გული, როცა ვუყურებ, რომ ეს ადამიანები რეალური ცვლილებებისთვის არ იბრძვიან. მათი მთავარი საზრუნავი გახდა საარჩევნო მარათონი. არადა, ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ გავიარეთ.

ყველამ უნდა გავიგოთ ერთი რამე, ივანიშვილის ხელისუფლებას თუ ისეთ პირობებს არ შევუქმნით, რომ მას გაყალბება უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე არგაყალბება, ის, რა თქმა უნდა, არჩევნებს გააყალბებს. ეს არის მისი რეჟიმის არსი. ახლა ის ხედავს, რომ ოპოზიცია არანაირი წინააღმდეგობის მოძრაობისთვის არ ემზადება. ერთმანეთში ორომტრიალი აქვთ საარჩევნო სიებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს არჩევნების გასაყალბებლად სრულ კარტბლანშს ვაძლევთ. ის თავზე გადაგვახევს შედეგებს და დაწერს იმ პროცენტებს, რაც მას მოუნდება.

მოდი, რა, ვიბრძოლოთ კარგი ხელისუფლებისთვის, არჩევნებისთვის, პროგრამებისთვის ვიბრძოლოთ. ამ ეტაპზე კი ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ წინააღმდეგობის მოძრაობა.

როცა საქართველოდან მივდივარ, მინდა ხოლმე, ყველა ქართველს მოვეფერო. ამ მოფერების პარალელურად მინდა, ყველას ვუთხრა ჩემი სათქმელი. ოღონდ არა მენტორული ტონით, ეს ჩემი თხოვნა იქნება. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოსთვის და შევქმნათ ისეთი ფონი, რომ ივანიშვილმა გაიგოს, _ არჩევნების გაყალბება ძალიან ძვირი დაუჯდება.

გაზიარება