- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-02-16 04:34:30
გიგა გელხვიიძე
ქართულ პოლიტიკურ ველზე არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ღიად, ჯერ კიდევ, არ განუცხადებიათ, თუ რომელ ოპოზიციურ ბანაკში იქნებიან ან იქნებიან თუ არა საერთოდ ჩართული 2024 წლის საარჩევნო მარათონში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი წევრი, თამარ კორძაია, რომელიც 2012 წელს მაშინდელ კოალიცია „ქართული ოცნების“ გვერდით იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტია და გუნდი იმ აღებული კურსიდან გადაიყვანა, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, კორძაიაც ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, რომელმაც დამოუკიდებლად განაგრძო პოლიტიკური კარიერა.
კორძაია წლებია, აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და ყველა იმ მცირე თუ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მონაწილეა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკანონმდებლო აქტებმა თუ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.
მთავრობის ცვლილება, ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების პოლიტიკური როლი მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, ოპოზიციური გადაჯგუფებები, მმართველი პარტიისა და „მთავარი ოპოზიციური“ პარტიის შანსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, _ ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზედაც „ქრონიკა+“ თამარ კორძაიას ესაუბრება:
_ ქალბატონო თამარ, აპირებთ თუ არა შეხვდეთ სალომე ზურაბიშვილს?
_ დიახ, რა თქმა უნდა, შევხვდები მას.
_ როგორ აფასებთ მის შემოთავაზებას და რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეძლებს რამის დალაგებას ოპოზიციაში?
_ პირველ რიგში, როდესაც ევროპული იდეისთვის გაერთიანებას გთავაზობენ, ეს უკვე პოზიტიურია. მეორე ის, რომ მაინტერესებს მოვუსმინო და გავიგო, რას გულისხმობს ერთიანი პლატფორმის შექმნაში. ამიტომ წინასწარ კომენტირება გამიჭირდება, რადგან არ ვიცი მისი მოსაზრებები და თუ სურვილი და გააზრება იქნა, ყველაფერი არის შესაძლებელი.
_ ოპოზიციური ერთობა რამდენად რეალურია?
_ ოპოზიციური ერთობა, როგორც ადრე იყო, ისე ვერ იქნება. მთავარია, ოპოზიცია შეთანხმდეს ძირითად საკითხებზე, მაგალითად, პარლამენტში გასული ოპოზიცია თუ უმრავლესობა იქნა, ანუ ცალ-ცალკე პარტიებით უფრო მეტი შევიდა, „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთოს მთავრობა. ასეთ საკითხებზე შეთანხმება შეიძლება, დანარჩენი ჩანს და იკვეთება, რომ პარტიები ცალ-ცალკე კამპანიის ჩატარებას აპირებენ.
_ თუ არ მოხდება გაერთიანება საარჩევნოდ, ამის ფონზე კი ბარიერი კვლავ 5% დარჩება, გადაიწევს თუ არა სასწორი ისევ „ქართული ოცნების“ მხარეს?
_ ბუნებრივია, 5%-იანი ბარიერი აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ოპოზიციური პარტიები ამ ეტაპზე დასუსტებული არიან, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს _ 2012 წელსაც არავის ჰქონდა განცდა, რომ ოპოზიცია ამდენ ხმას აიღებდა, მაგრამ ხალხი იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ეს შედეგი დადგა. ასე რომ, რამის თქმა, ამ ეტაპზე, რთულია, დღევანდელი ვითარებით ოპოზიცია არის ფრაგმენტირებული და ძალიან ცოტა პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. მგონი ეძებენ ამ გზებს და ეს ჩანს იმითაც, რომ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ, მაგრამ ბოლო მომენტში რა გადაწყვეტილებას მიღებენ, ახლა გათვლა რთული მგონია.
_ შეძლებს „ოცნება“ გაყალბების გარეშე თუნდაც ის პოზიცია შეინარჩუნოს პარლამენტში, რომელიც ახლა აქვს?
_ ამ წუთს ყველაზე რეიტინგული პარტია ყველა გამოკითხვით არის „ქართული ოცნება“ და არავინ იცის, ეს როდის შეიცვლება. თუ ასე გაგრძელდა და სტატუს კვო შენარჩუნდა, „ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი ექნება, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დასაბრუნებლად შეცვალა პარტიის დებულება და ჩაამატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ამავდროულად, კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კოალიციური მთავრობის არსებობის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ნიშნავს ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი ექნება არჩევნებზე. თქვენც ახსენეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი პროცენტი აქვს ნდობის თვალსაზრისით. რა სვლა გააკეთა ივანიშვილმა?
_ ვენეციის კომისიას ეწერა თავის რეკომენდაციებში, რომ არ შეიძლება პოლიტიკაში მონაწილეობდეს ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ არის საერთოდ ფორმალური თვალსაზრისითაც კი. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი გაითვალისწინეს და ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე საპატიო თავმჯდომარის სახელით. უკვე ნათლად იკვეთება, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება ირაკლი კობახიძე და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მას ვინ დაასახელებს, თუმცა ეს იყო წესდების ფორმალურად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. როგორც წესი, „ქართული ოცნება“ სულ ასე იქნება. კონსტიტუცია რომ არ დაარღვიოს, პრეზიდენტი ჩაწერა საარჩევნო კოდექსში, თუმცა პრეზიდენტი კვლავ არის უფლებამოსილების გარეშე. ეს გახლავთ უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი უფლებამოსილებები და ისინი სულ ასე აკეთებენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილებას, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თვალსაზრისით მოხდა ამის გაფორმება, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ სიმძიმის ცენტრი მხოლოდ იმ პარტიაში კი არა ზოგადად ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი.
_ მიხეილ სააკაშვილმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, რომ პროცესები, რომელიც მან ახლა დაძრა, გახადოს საჯარო და გაიტანოს გარეთ. როგორ აფასებთ ამ შეთავაზებას?
_ რუსთაველის გამზირზე პროცესები ვერ გამოგვაქვს პოლიტიკოსებს. ვფიქრობ, რომ სხვა რამე იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა ამ შემთხვევაში. მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ თქვა იდეურად, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავისუფალი სივრცეები შეზღუდულია ამ ქვეყანაში მაქსიმალურად. ხალხი არის დეპრესიაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გავსებას, რუსთაველს ავსებს ხალხი, როდესაც ბრაზდება.
_ როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგს? რამდენად მოიმატა ან მოიკლო მან მისი დაპატიმრების შემდეგ?
_ ვფიქრობ, მისი რეიტინგი უცვლელია.
_ გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნოდ წარმოდგენილი იქნებით ე. წ. გამარჯვების კოალიციიდან. რა შანსები აქვს ენმ-ს და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ერთად?
_ არ მითქვამს ჯერ. არავინ იცის, საიდან ვიქნები და არ მაქვს საერთოდ გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა.
_ როგორ აფასებთ „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ შანსებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ წინ რთული ბრძოლა აქვს ნამდვილად. პარტია არის დასუსტებული, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ბევრი ახალი პოლიტიკური აქტორი აპირებს გამოჩენას, რაც ზრდის პოლიტიკურ კონკურენციას. მგონია, რომ კარგი და სწორი მუშაობის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ყველაზე მეტი შანსი, მიიღოს ამომრჩევლის მეტი ხმა.
_ დამტკიცდა მთავრობის ახალი შემადგენლობა და მოვისმინეთ ახალი პრემიერის პასუხები ოპოზიციის შეკითხვაზე. რა შთაბეჭდილება დატოვა კობახიძემ? გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ის იბრძოლებს კორუფციასთან, თუნდაც, წინასაარჩევნო პერიოდში?
_ ჩემი ვარაუდით, ირაკლი კობახიძე, გაიმყარებს ძალაუფლებას პარტიაში. დანარჩენი, ისინი ორივე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და საარჩევნოდ კურსი არ შეიცვლება, უბრალოდ, შიდა პარტიული ცვლილება იქნება და კობახიძე ნელ-ნელა გაიმყარებს თავის პოზიციებს. ჩემი ვარაუდით, ნელ-ნელა მინისტრებსაც შეცვლის.
_ ბიძინა ივანიშვილმა დაბრუნების შემდგომ.პირველი რაც გააკეთა, საზოგადოება მოატყუა, ვგულისხმობ პრემიერის გადაყენების საკითხს. კიდევ რას შეიძლება ველოდოთ მისგან?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტული გადაწყვეტილება რამდენად არგებს მისი და მისი პარტიის ინტერესებს, შესაბამისად, მან გააკეთა ის, რაც მისთვის სასარგებლო იყო და პარტიისთვის სასარგებლოდ მიიჩნია.
_ ჩვენ ვისმენთ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა დაპირებას. რამდენად რეალისტურად გამოიყურება დაპირება პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან ან კურსდამთავრებულების მასობრივად დასაქმებასთან დაკავშირებით? „ლელოს“ ვგულისხმობ.
_ გულწრფელად გითხრათ, 1000-ლარიანი პენსია არ მეჩვენება რეალისტურად. ეს კონკრეტული პარტია ასაბუთებს ამ ყველაფერს. რაც შეეხება დასაქმებას, ესეც დაუძლეველად მეჩვენება ამ ოთხი წლის განმავლობაში, თორემ აპრიორი რომ დაიძლევა, ამაზე არავინ არაფერს ამბობს. აქ მთავარი არის ტენდენციები გამოიკვეთოს, რომ ამისთვის ისწრაფვის პოლიტიკური ძალა, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და სისტემურად ხედავს ამ პრობლემის მოგვარებას.
_ რუსეთის მოქალაქეებზე მინდა, გკითხოთ, _ ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან საქართველოში. ბოლო პერიოდში რუსულმა ოპოზიციურმა მედიებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კონკრეტული სახის კლუბები და იქ არსებული ღონისძიებები, რუსეთში მიღებული ამკრძალავი კანონების გამო, გადმოინაცვლებს საქართველოში. ხელისუფლების დამოკიდებულებას ვხედავთ ამ ადამიანების მიმართ და სწორედ აქედან ჩნდება კითხვა, _ რა საფრთხეებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა?
_ პრეზიდენტმა კარგად აღნიშნა ამ საკითხთან მიმართებით, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი იმიტომ, რომ თუ ჩვენ განურჩევლად მივანიჭებთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს ძალიან ნოყიერ ნიადაგს შექმნის პუტინის გეგმების განსახორციელებლად. კარგად ვიცით, რომ რუსეთი ყველა ქვეყანაში ცდილობს „იბრძოლოს“ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ეს ნაცადი მეთოდია და პოლიტიკოსების ფუნქციაც ეს არის, რომ გათვალოს საფრთხეები, რომლებიც ქვეყანას ხუთი და ათი წლის ინტერვალში შეიძლება ჰქონდეს ასეთი დიდი და აგრესორი მეზობლის პირობებში. რუსების დიდი დოზით მიგრაციასთან დაკავშირებით ასეთივე ტაქტიკური ხედვაა ჩამოსაყალიბებელი და მოქალაქეობის არმინიჭება მათთვის, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები, რომლებიც იდევნებიან იმ ქვეყანაში, არ შემოვუშვათ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ ბინადრობის უფლება და არ უნდა მივცეთ საშუალება, გახდნენ მოქალაქეები, ვინაიდან უახლოეს პერიოდში ეს შეიძლება რისკის მატარებელი გახდეს.
_ ნოემბერზე მინდა, გკითხოთ. ეს საკითხი გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ეს იყო ჰიბრიდული ომის სიმბოლო, გარდა იმისა, რომ იყვნენ აქციაზე განაწყენებული ადამიანებიც, თუმცა ეს იყო რუსეთის მიერ დაორგანიზებული. თქვენ როგორ აფასებთ 7 ნოემბრის მოვლენებს მას შემდეგ, რაც ამდენი დრო გავიდა და კიდევ უფრო მეტი დეტალი გამოიკვეთა ეტაპობრივად?
_ ისევ ისე, როგორც მაშინ ვაფასებდი. სპეცრაზმელები რომ გამოვიდნენ და დასდევდნენ და სცემდნენ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არ იყო რუსეთის მიერ ორგანიზებული, ვერ იქნებოდა ეს ჰიბრიდული ომის ორგანიზებული. მთავარი ის კი არ იყო, ხალხი რატომ გამოვიდა, მთავარი ის იყო, როგორ დაშალა ხელისუფლებამ ეს ხალხი და ეს დაშლა იყო სასტიკი მეთოდებით. ის, რომ დღეს შესაძლოა მე ოპოზიციაში ვარ და ვაკრიტიკებ დღევანდელ ხელისუფლებას, თავისი გადაჭარბებული ძალაუფლების გამო, ეს არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების ხარვეზები არ მახსოვს.
_ სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ აქტიურად და ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების გამოცდილების მიხედვით, რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ „ქართული ოცნება“ გააყალბებს ან არ გააყალბებს 2024 წლის არჩევნებს? ფორმატის შეცვლა, ვგულისხმობ, 70%-ით ელექტრონულ არჩევნებს, არის თუ არა თავის დაზღვევის საშუალება?
_ „ოცნებისგან“ არაფერი გამივირდება, რადგანაც ის ყველაფერს აკეთებს, საკანონმდებლო ცვლილებიდან დაწყებული, პრაქტიკული საქმიანობით დასრულებული, რომ გაიმყაროს ძალაუფლება და იყოს ხელისუფლებაში. შესაბამისად, არანაირ მცდელობას არ დააკლებენ, თუ გაუჭირდებათ.