- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-01-23 05:31:08
შორენა მარსაგიშვილი
რატომ მინელდა ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი? რა პირობებში ცხოვრობენ ქართველები ოკუპირებულ გალში? რატომ დადიან აფხაზი სეპარატისტების ლიდერები თბილისში? რატომ არის მიჩქმალული ქართველთა გენოციდი? რატომ არ გვაქვს აფხაზებთან ბოდიში მოსახდელი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მოძრაობა „დაბრუნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მალხაზ პატარაია:
_ ბატონო მალხაზ, გასული წლის ბოლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები იყო. ოპოზიცია და საზოგადოების ერთი ნაწილი რუსებისთვის ბიჭვინთის სანაპიროს გადაცემას აპროტესტებდა. პროტესტი მოულოდნელად შეწყდა. რას უკავშირებთ პროტესტის შეწყვეტას, _ მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ?
_ აფხაზეთში არ იყო სერიოზული უკმაყოფილება. აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება უფრო დრამატულად მიმდინარეობს ხოლმე. მათ ჩამოაგდეს რამდენიმე პრეზიდენტი. ყველა საპრეზიდენტო არჩევნები აქ სკანდალისა და დიდი დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. ერთადერთი, არძინბა არ აურჩევიათ სკანდალით. პარლამენტში შევარდნებიც გვახსოვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაშიც. სროლაც იყო, სადაც ქალბატონი დაიღუპა. ასე რომ, ამჯერად რაღაც დიდი პროტესტი არ ყოფილა. აფხაზეთში უმრავლესობაც და ოპოზიციაც აკეთებს რუსულ საქმეს.
აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გამოხატვა გარკვეული დოზით დაშვებულია. ეს იმისთვის კეთდება, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ისე წარმოაჩინონ. მოკლედ, სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ. არის მეორე მომენტიც: უნდათ, რომ ჩვენ გაგვიჩნდეს გარკვეული ილუზიები, თითქოს ენგურს მიღმა ვიღაცასთან შეიძლება საუბარი და ამ გზით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
_ ამის ილუზია აქვს კიდევ ვინმეს?
_ ძალიან ბევრს სჯერა ამის და ის საშინელი ფილმიც ამიტომ გადაიღეს აფხაზეთის ომზე.
_ „იარე ლიზაზეა“ საუბარი?
_ დიახ, „იარე ლიზაში“ ისე დახატეს სურათი, თითქოს ქართველებს ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და ასე სურთ თავიანთი დანაშაულის გადაფარვა. საუბარია ოკუპაციაზე, გენოციდზე. ასევე სურთ დამალონ, რაც გალში ახლა ხდება _ აპარტეიდი, რასიზმი, სეგრეგაცია ხორციელდება ქართველების მიმართ.
მოსკოვი ცდილობს, აფხაზეთის ომი წარმოაჩინოს, როგორც ეთნოკონფლიქტი. ჩვენი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების დიდი ნაწილი 30 წელია ქადაგებს, რომ აფხაზეთში ჩვენ გვყავს დები და ძმები და მათთან უნდა ვისაუბროთ. ეს არის იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც რუსეთი გვკარნახობს. კრემლი ამბობს, შეეგუეთ ახალ რეალობას, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთში მოილაპარაკეთ და მორიგდითო. აფხაზეთთან დაკავშირებით ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობოებსა და „ალტინფოსაც“ კი ერთი პოზიცია აქვთ.
_ გალში ქართველების მიმართ აპარტეიდი, რასიზმი და სეგრეგაცია ხორციელდებაო და უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა ხდება იქ?
_ გალის რაიონში დღეისათვის ცხოვრობს 35 ათასი ქართველი. გალში დღეს არის ქართველების დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, გულაგი. იქ ჩვენი თანამემაულეები სრულიად უუფლებოები არიან. გარდა იმისა, რომ გალის რაიონში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, იქ აკრძალულია ქართული სკოლები, ქართულად ლაპარაკი და ლოცვაც კი.
_ გალში ქართულად ლოცვაა აკრძალული და ჩვენ რუსი წმინდანების ხატებს ვკიდებთ ქართულ ტაძრებში?
_ მარტო ლოცვას ვინ ჩივის! _ ქართულ ენაზე მიცვალებულისთვის წესის აგებაც კი აკრძალულია. ვიღაც რუსი მღვდელია ილორში და ის დაჰყავთ გალში მიცვალებულისთვის წესის ასაგებად.
_ ილორის წმინდა გიორგის ტაძარიც ხომ რუსულ ყაიდაზე გადააკეთეს ოკუპანტებმა და ქართველები თბილისში საკათედრო ტაძარს რუსი მატრონას ხატს სწირავენ.
_ ამ სუბიექტებს („პატრიოტთა ალიანსი“) ასეთი რაღაცები ახასიათებთ. წლების წინათ მათ აფხაზეთშიც გააგზავნეს წმინდა გიორგის ხატი და იმათ უკან დაუბრუნეს. აფხაზებთან და აფხაზეთთან მიმართებით, მინიმუმ, ძალიან გულუბრყვილოები ვართ. ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი „სასარგებლო იდიოტის“ ფუნქციას ასრულებს. არსებობს გენოციდის უარყოფის 12 პრინციპი, რომელსაც გენოციდის მომწყობი იყენებს, რათა მის მიერ ჩადენილი გენოციდი უარყოფილ იქნას.
ერთ-ერთი პრინციპია ომის ტომობრივ კონფლიქტად წარმოსახვა და არა სახელმწიფოებს შორის ომად. არის ასეთიც: მსხვერპლი უნდა წარმოჩინდეს დამნაშავედ. საუბარი უნდა იყოს მშვიდობა-მორიგებაზე. უნდა ითქვას, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გენოციდში ბრალის წარდგენა. ამას დამნაშავე მხარე თავისი იურისტების, ლობისტების, აგენტურის მეშვეობით აკეთებს.. მოკლედ, რუსები ჩადენილის უარყოფას ცდილობენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში სწორედ ასეთი სურათი გვაქვს. ქართველებმა შერიგების სამინისტროც კი შევქმენით.
_ თუმცა ჯერ შემორიგებული არავინ გვყავს.
_ შემორიგებული არავინ გვყავს და არც შეიძლება, რომ გვყავდეს. არის ასეთი რუსი, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, პროაბრეჟენსკი, რომელიც საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. იაპონური ენის სპეციალისტია. მსახურობდა КГБ-ში და სადღაც ვიცეპოლკოვნიკის ჩინამდე მიაღწია. ელცინის დროს ეს კაცი დასავლეთში გაიქცა და დაიწყო წიგნების წერა, სადაც საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებს ამხელდა. წერდა, თუ როგორ მუშაობდნენ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში. მან აფხაზეთზეც დაწერა წერილი ასეთი სათაურით: „აფხაზეთი _ КГБ-ს პატარა სამეფო“. იქ წერს: „ომამდე ყველა აფსუას ოჯახში КГБ-ს თავისი კაცი ჰყავდა. ზოგი ოფიცერი იყო, ზოგი ისე თანამშრომელი და ზოგიც _ აგენტი. ეს თემი სრულად კონტროლდებოდა სპეცსამსახურების მიერ“.
პროაბრეჟენსკის თქმითვე, ყველა აფსუა პოლიტიკოსი შექმნილია КГБ-ს მიერ. ხელისუფლების სათავეში იქ უშიშროების მაღალი რანგის ოფიცრებს ნიშნავენ. ასეა ახლანდელი პრეზიდენტი, ასეთი იყო ხაჯიმბა. ალექსანდრ ანქვაბზე საერთო არ მაქვს ლაპარაკი, ის, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალი.
_ ანქვაბი ვახსენეთ და რატომ მიიჩნევა ეს ადამიანი პროქართველად? ხშირად მომისმენია, რომ მან ომის დროს ბევრი ქართველი გადაარჩინა. მართალია ეს ამბავი, თუ ესეც მითია?
_ ომის დროს აფხაზებს გადაურჩენიათ ქართველები და ქართველებსაც გადაურჩენიათ აფხაზები. ქართველებსა და აფხაზებს შორის ნათესაური ურთიერთობები არსებობს და რა გასაკვირია, ერთმანეთს რომ დაეხმარნენ გაჭირვებაში. ალექსანდრე ანქვაბს, რომელსაც აფხაზეთში ე. წ. პრემიერის პოსტი უკავია, ქართველებთან დღემდე აქვს კავშირი და რამდენიმე თვის წინ ის თბილისშიც კი იყო ჩამოსული.
_ ანქვაბი თბილისში იყო ჩამოსული?
_ კი, კი. ზუსტი ინფორმაციაა. მისი აქ ყოფნის ამბავი გასაიდუმლოებული იყო.
_ რატომ ჩამოვიდა, მოლაპარაკებები იყო რამე?
_ ნათესავის გასვენებაში იმყოფებოდა. ეს რუსების გარეშე არ მოხდებოდა. ისინი ჩამოიყვანდნენ აქ და ისინივე შეათანხმებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან ანქვაბის უსაფრთხოების დაცვის საკითხებს. გასვენებაში რომ იყო, დანამდვილებით ვიცი, იმის იქით რა მოხდა, ჩემთვის არ არის ცნობილი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომ ექნებოდა რაღაც საუბრები, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე არ ხდება, რომ გასვენებაზე მივიდეს და უკან გაბრუნდეს.
_ გენოციდი ვახსენეთ ზემოთ და რა ხდება აფხაზეთში ქართველთა გენოციდის გარშემო? ძალიან ბევრი საქმე დევს პროკურატურაში, მაგრამ არავინ არაფერზე არ საუბრობს. რუსეთისთვის ბრალის წაყენებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
_ ომის დამთავრების შემდეგ 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა გამოძიება. პროკურატურაში არის 250-მდე ტომი. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. ამის შესახებ 1999 წელს მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ბაბილაშვილმა განაცხადა. მან გამოძიების შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გააკეა მოხსენება. ქართველების გენოციდთან დაკავშირებით ალექსიძის კომისიამაც დაწერა დასკვნა, ეს კომისია ცალკე მუშაობდა. 25 ათასი მოწმე არის დაკითხული. 800 შემსრულებელი და 20 ორგანიზატორი არის მხილებული.
6 წელი მიდიოდა გამოძიება, შეიკრა 250 ტომი და შემდეგ ამხელა მასალა აღმოჩნდა თაროზე შემოდებული. საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ ამ საქმეებს ხელი არ დააკარა. გამოძიების მასალები დღემდე პოლიტიკურ ტყვეობაშია და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი არ წარმოჩინდეს ქართველების გენოციდის მომწყობად.
_ რუსეთის დადანაშაულებას ვინ ჩივის, ძებნაც არ არის გამოცხადებული დამნაშავეებზე.
_ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას თუ არ ჩავთვლით, არავისზე არაა გამოცხადებული ძებნა. ეს სიაც ძალიან პატარაა. არც ამ სიას გააკეთებდნენ, მაგრამ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებს დიდი პროტესტი მოჰყვა. ამან შეაშინა ხელისუფლება. პოლიტიკური ნება თუ იქნება, დღესვე შეიძლება რამდენიმე ასეულ დამნაშავეზე დაკავების ორდერის გაცემა.
_ აფხაზეთში ქართველების გენოციდის თემა უკრაინის ომმა გაააქტიურა. უკრაინელები გენოციდის მასალებს აგროვებენ. მასალების შეგროვება დაიწყეს ჩეჩნებმაც. ჩვენ უკვე მზად გვაქვს ყველაფერი. იმედია, დადგება დრო, როცა რუსეთს მოსთხოვენ ამ საშინელებებზე პასუხს.
_ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს და არც გააკეთებს, რადგან პრორუსულები არიან. უკრაინის მოვლენები ჩვენთვის ისტორიული ფანჯარაა. ქართველების გენოციდის საკითხი აუცილებლად უნდა დავსვათ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. საზოგადოებასა და კაცობრიობასაც უნდა შევახსენოთ, რომ ეს ურჩხული, რომელიც წალეკვით ემუქრება უკრაინას, ახლა კი არ დაბადებულა, არამედ სულ იყო და ის სწორედ აფხაზეთში დაიბადა. დიდად არ არის განსხვავება, რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და რასაც ახლა აკეთებენ უკრაინაში.
_ აფხაზეთში რუსებს უფრო მეტი საშინელება აქვთ ჩადენილი. უკრაინაში მოჭრილი თავებით ფეხბურთი არ უთამაშიათ.
_ რუსები გაცილებით სასტიკად და საშინლად ექცეოდნენ ქართველებს. რაც კი რამე სისასტიკე არსებობს, ყველაფერი ჩაიდინეს, ერთადერთი გაზის კამერები არ გამოუყენებიათ. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ეს არ აინტერესებს. ეს დანაშაულია დაღუპულებისა და ცოცხლად გადარჩენილების წინაშე. ომის დასრულების პირველ წლებში საქართველოს პარლამენტი და მთავრობის წევრები ხშირად საუბრობდნენ ამ თემაზე. ქართველების გენოციდზე არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, ოღონდ გენოციდის მომწყობი არ დაუსახელებიათ, რადგან დამნაშავე არის რუსეთი.
უკრაინამ ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ისინი გენოციდის აღიარებისთვის სერიოზულად მუშაობენ, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად. როგორც კი ამ თემაზე მუშაობა დაიწყეს, ძალიან მალე გაიცა პუტინზე ორდერი და თანაც მარტო იმაზე, რომ უკრაინიდან ბავშვები გაიყვანეს. ეთნიკური მიშნის იძულებით შეცვლა გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენთან ახლაც ხდება ეს ფაქტები, მაგრამ ხმას არ ვიღებთ.
_ ჩვენთან სად ხდება ეს ფაქტები?
_ გალში. იქ ეთნიკურ ნიშანს იძულებით უცვლიან ქართველებს. აღარაფერს ვამბობ ძველ ამბებზე. ყველანაირი გენოციდი მოაწყვეს რუსებმა აფხაზეთში. ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ გაბედა, რომ რუსეთი ღიად დაედანაშაულებინა ქართველების გენოციდში. და რაკი ხელისუფლება არ აკეთებს ამას, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. ბუჩის ამბები ახალი მომხდარი იყო და უკრაინელები ქართველებს დაუკავშირდნენ. უთხრეს, რომ ვიცით, თქვენთანაც მოაწყვეს რუსებმა გენოციდი და დოკუმენტური მასალები მოგვაწოდეთო. ჩვენ გვქონდა ეს მასალები და გავუგზავნეთ უკრაინელებს. გავაგზავნეთ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში მომხდარი ამბები.
ახალდაბა არის პირწმინდად განადგურებული ქართული სოფელი. ამ სოფლის ტრაგედია ორ ნაწილად იყოფა: ერთია სოფლის მთლიანად გადაწვა და მეორე ნაწილია, როცა სოფლიდან 300 ქალი წაიყვანეს მეზობელ სოფელში და 20 დღის განმავლობაში ჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც საშინელებები დამართეს ჩვენს ქალებს. ლაპარაკიც კი მიჭირს ამაზე. პატარა გოგოებიც კი გააუპატიურეს. რვა წლის ბავშვიც არ დაინდეს.
სადღაც 5 წლის წინათ შემთხვევით გავიცანი ახალდაბის გამგებელი, ჯამბულ გიგინეიშვილი, რომელსაც ადრეც ჰქონდა იდეა, რომ ერთი სოფლის მაგალითზე გაგვეკეთებინა პროექტი, თუ რა მოხდა აფხაზეთში. ჩვენი შეგროვებული მასალები აქ არავის სჭირდებოდა და რამდენიმე წელი ასე გვედო. 2022 წელს ეს მასალები უკრაინელებს მივაწოდეთ. ისინი გაოგნებულები დარჩნენ იმ სიმხეცით, რაც რუსებს ახალდაბაში ჰქონდათ ჩადენილი.
_ ახალდაბის ამბები მართლა კოშმარია და ასეთი რამე არც ბუჩაში ყოფილა, არც ირპინში და არც მარიუპოლში.
_ არავის ვეჯიბრებით, მაგრამ ჩვენთან რაც ჩაიდინეს, ის უკრაინაში არ გაუკეთებიათ. იქაური ამბებიც კარგად ვიცი და ამიტომ ვსაუბრობ ასე დარწმუნებით. იქაც ძალიან ბევრი სისასტიკე აქვთ ჩადენილი. აფხაზეთში ქართველების გენოციდის ფაქტებს დასავლეთსაც გავაცნობთ. მათაც უნდა იცოდნენ, თუ რა მოხდა აფხაზეთში.
_ იმედია, ოდესმე მივაღწევთ იმას, რომ რუსებმა აფხაზეთში ქართველების გენოციდისთვის პასუხი აგონ. უკრაინა რომ პასუხს აგებინებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
_ ამას რომ მივაღწიოთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ერთიანი პოზიცია. ყველა ქართველი უნდა შევთანხმდეთ, რომ აფხაზეთში მოხდა ქართველების გენოციდი რუსეთის ფედერაციის მიერ. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ბოდიშისტების არმია, რომელიც ამას არასდროს იტყვის. მათთვის შერიგება და მორიგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასეთი ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა. ჩვენს არასამთავრობოებს ძალიან უყვართ ადამიანების უფლებების დაცვაზე საუბარი, მაგრამ მათთვის ადამიანის უფლებები ვრცელდება მხოლოდ ენგურამდე. ენგურს იქით რა ხდებოდა და რა ხდება ახლა, არ აინტერესებთ. არადა, ჩვენ გვყავს მარტო 300 ათასი დევნილი. ესენიც ხომ მსხვერპლები არიან. მაგრამ არა! გვეუბნებიან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ აფხაზებს. ამბობენ, ქართველთა გენოციდის აღიარებას აფხაზებთან შერიგება სჯობიაო. ასე არ შეიძლება.
_ ამ დროს იგივე ხალხი ლოყებს იხოკავს და ცრემლებს აღვარღვარებს ბუჩაზე, ირპინზე, სირიაზეც ბევრი იტირეს.
_ ზუსტად. ერთს მივწერე კიდევაც, _ უკრაინაზე რომ იხოკავთ სახეს, ჩვენს თანამემამულეებს რომ მოუწყვეს რუსებმა გენოციდი, ბოლოს როდის შეაწიეთ სიტყვა-მეთქი? ერთ-ერთმა არასამთავრობოს წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში მითხრა, _ რაღა დროს გენოციდზეა საუბარი, ეს დანაშაული 39 წლის წინათ არის ჩედენილიო..
_ სომხები 1915 წელს მომხდარი გენოციდის აღიარებას დღემდე ითხოვენ. ამ დანაშაულს როგორ შეიძლება ხანდაზმულობა ჰქონდეს?
_ ამათ არ უნდათ გენოციდის აღიარება და მაგიტომ ლაპარაკობენ ასე. სამარცხვინო რამე გვჭირს საქართველოს. ჩერქეზების გენოციდი გვაქვს აღიარებული და ქართველების გენოციდზე ხმას არ ვიღებთ.
_ ჩერქეზების გენოციდი აუცილებლად უნდა გვეღიარებინა.
_ ვინ ამბობს, რომ არ უნდა გვეღიარებინა? ძალიან კარგი, რომ ვაღიარეთ, მაგრამ ქართველების გენოციდზეც ვილაპარაკოთ. 30 წელი დიდი დრო კი არ არის. მსხვერპლი ცოცხალია და დაელაპარაკონ მათ. ახალდაბის ჯოჯოხეთს გამოვლილი ქალები ცოცხლები არიან, ვინც გადარჩა,, რასაკვირველია. ცოცხლები არიან იმათი ოჯახის წევრებიც, რომლებსაც თავები დააჭრეს, ღუმელზე შეწვეს, ცოცხლად დამარხეს, ცოცხლად გაატყავეს. თავიდან სკალპებს ხდიდნენ. რომელი ერთი საშინელება ჩამოვთვალო? რა შუაშია თარიღი და ვადა, გენოციდს ხანდაზმულობა არ აქვს. საუბედუროდ, ჩვენ ვართ რუსული ნარატივის ტყვეობაში და ვიღებთ ამ საშინელ ფილმებს. მოგვიწოდებენ, აფხაზეთში რომ შევიდეთ, 300 ათასი ბოდიში უნდა დავდოთ ენგურის ხიდზეო. რუსულ ნარატივს არიან აყოლილები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც.
_ რუსულ ნარატივს რომ არ იყვნენ აყოლილები, ასეთი ფილმის გადაღება სხვანაირად თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ.
_ რა თქმა უნდა. აფხაზეთზე თუ რამე დაიწერება და სპექტაკლი დაიდგმება, ყველაფერი ძმობის, მეგობრობისა და ტაშფანდურის ჭრილშია. აფხაზები არიან კარგები, ქართველი მებრძოლები ნარკომანებად და პედოფილებად გამოჰყავთ. ამ ფილმში ისტორიაც კი გააყალბეს. ახალდაბის ისტორია მაინც ვიცი ძალიან კრგად. ფილმის თანახმად, თურმე, ახალდაბაში ჩადენილი დანაშაული იყო პასუხი იმაზე, რაც აფხაზურ სოფელში მოხდა. არადა, იქაც ქართველები დახოცეს. ტყუილს ამბობენ და არარსებულ ამბებს იგონებენ. სწორედ ეს უნდა რუსეთს. მოსკოვის მიზანია, ეს ომი წარმოჩინდეს ეთნოკონფლიქტად, სადაც ქართველებმაც დააშავეს და _ აფხაზებმაც.
არც ომი და არც მშვიდობა, სამწუხაროდ, დანაშაულის გარეშე არ არის. ქართველებსაც რაღაც დაუშავებიათ, მაგრამ ეს ეთნიკური ნიშნით არ ყოფილა და სულ სხვა რანგის დანაშაულია. ეს არ არის გენოციდი. გენოციდი მოაწყო რუსეთმა. გენოციდი პოლიტიკაა. ამათ რუსეთის დავალებით სისხლის სამართლის დანაშაული და გენოციდი ერთ რანგში გაჰყავთ. ამის ერთ რანგში გაყვანა არის კოსოვიზაცია. სერბებს დაუმტკიცდათ გენოციდი და კოსოვომ მიიღო დამოუკიდებლობა. აქეთკენ მიჰყავთ აქაც საქმე. არადა, აფხაზეთში პირიქით _ ჩვენ მოგვიწყვეს გენოციდი. ძალიან სახიფათო გზას გავდივართ ამ მიმართულებით და ძალიან ცუდად ვიქცევით. ჩვენ არავისთვის ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ეს რუსული ნარატივი მიუღებელია.