- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-12-28 07:08:32
გიგა გელხვიიძე
2023 წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. ამ წელს მოქალაქეებს არაერთხელ მოუხდათ იმის მტკიცება, რომ საქართველოს გზა ევროპაზე გადის და მას სხვა არჩევანი არ გააჩნია.
ევროპული ღირებულებების ქონასა და ევროკავშირისკენ სვლას თავისებურად ცდილობდა ხელისუფლებაც, რომელიც თუ 2023 წელს მიღებულ კანონებს გადავხედავთ, მთავარ „კოზირად“ ამ საკითხში „რუსულ კანონებსა“ და პოლიტიკისთვის რუსული ელფერის მიცემას მიიჩნევდა. ყველაზე ხმაურიანი „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ რუსული დუმიდან გადმოკოპირებული აგენტების შესახებ კანონი აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანაში ლამის რევოლუცია გამოიწვია და მარტში თბილისის ქუჩებში გამოსული ახალგაზრდების ძალისხმევით, მისი უკან გაწვევა მოხდა. ამის შემდგომ უმრავლესობამ კიდევ ერთი კანონი მიიღო, რომელსაც რუსეთში „მიხალკოვის კანონს“ უწოდებენ, თუმცა ჩვენთან მისი ძირითადი მახასიათებლები საავტორო უფლებების კანონად შერაცხეს და მიუხედავად ოპოზიციის ბრძოლისა, მაინც ჩაწერეს კონსტიტუციაში. მიმდინარე წელს ასევე აიკრძალა სუროგაცია უცხოელი წყვილებისთვის, ვინაიდან ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ბავშვები, რომლებიც უცხოელ წყვილებს ქვეყნიდან გაჰყავთ, შესაძლებელია ერთსქესიან ოჯახებში გაიზარდონ, ისე როგორც ანალოგიურ აკრძალვაზე აცხადებდნენ რუსეთში. ასევე არ შეიძლება დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან 2023 წელს დაყენებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რომელიც მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა „კეთროვანი“ მმართველი გუნდისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ბევრად მეტი გააკეთა, ღიად უწოდა რუსეთს აგრესორი და ოკუპანტი. მისი ეს ქმედებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალა.
ხელისუფლების მსგავსად, გულხელდაკრეფილი არც ოპოზიცია ყოფილა, თუმცა მათი ძირითადი ძალისხმევა ერთმანეთის ლანძღვას, ძველი თუ ახალი ცოდვების გახსენებასა და მათზე პასუხის მოთხოვნას მოხმარდა, რითაც ჯეროვნად სარგებლობდა და აგრძელებს სარგებლობას მმართველი პარტია.
„ქრონიკა+“-მა 2023 წლის შემაჯამებელ ნომერში გადაწყვიტა, პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესებში, მიეცა საშუალება, საკუთარი გადმოსახედიდან შეეჯამებინა 2023 წელი:
ნიკო მანაგაძე _ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერი და 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა:
_ ნიკო, 10-ბალიანი სისტემით რამდენით შეაფასებდით 2023 წელს და რატომ?
_ ქულით შეფასება გამიჭირდება, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ იქნება ვერც 10 ქულა და ზოგადად დადებითი შეფასება. ამ წელს, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი პოზიტივიც, ბევრი დადებითი ემოციაც გვაჩუქა, მაგრამ ფუნდამენტური რაღაცები, სამწუხაროდ, ამ ქვეყნისთვის არ შეცვლილა. მაგრამ ნამდვილად ვერ უგულვებელვყოფთ წლის ბოლოს მონიჭებულ კანდიდატის სტატუსს. ამან მიმდინარე წელს ცოტა დადებითი ელფერი შესძინა, მაგრამ ეს დღე ვერ დადგებოდა, რომ არა ქართველი ხალხის ურყევი ნება და მტკიცე ბრძოლა ამავე წლის მარტში. საბოლოო ჯამში, ეს წელი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ამ მოვლენების გამო და ასეც მოინიშნება ისტორიაში.
_ 2023 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა.
_ ამ წელს ჰქონდა ორი მთავარი მოვლენა: წლის დასაწყისში მარტის მოვლენები, ქართველი ხალხის, ახალგაზრდების, დიდი ხნის განმავლობაში არნახული და უმწვავესი წინააღმდეგობა რეჟიმის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ცდილობდა ამ ქვეყნის დასავლეთისგან საბოლოოდ ჩამოშორებას და რუსეთიზაციის ფინალური ფაზის წამოწყებას იმ ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე კანონის ინიციირებით; და მეორე: შუალედური გამარჯვება, რომელიც სწორედ ამ დღეების ბრძოლამ განაპირობა - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება საქართველოსთვის, რაც, რა თქმა უნდა, არაა საბოლოო მიზანი და ბოლო საფეხური, მაგრამ არის ამ მიზნისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. არაფრით უნდა დავივიწყოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა ისიც, რომ დღეს მოლდოვასა და უკრაინას ამ მხრივ ერთი საფეხურით ჩამოვრჩებით. ხალხმა გონივრულად უნდა იმოქმედოს მომდევნო წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ვერ ვხედავ.
_ მარტის აქციების როლი საქართველოს მომავალ განვითარებაში…
_ მარტის აქციები იყო დიდი ეროვნული გამოფხიზლების აქტი. ამ დღეების მსგავსი ერთიანობა ამ ქვეყანაში არ ყოფილა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ეს ამ ხელისუფლებამ ნამდვილად მოახერხა, რომ ასე უპრეცედენტოდ გააერთიანა ქართველი ერი დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა და პუტინის რუსეთში გაღვიძების პერსპექტივის შეთავაზება წარმოადგენს. ყველას გვახსოვს ევროპელი ლიდერების ემოციები და გაკვირვება, როცა ისინი ასეთ ფიზიკურ ბრძოლას ხედავდნენ ქართველების მხრიდან ევროპული მომავლისთვის. არავის უნახავს, ისეთი გულწრფელობით და სიმტკიცით ებრძოლოს ვინმეს ევროპული დროშით ხელში, როგორც საქართველოში (ვგულისხმობ ნანა მალაშხიას). ამ კადრმა მთელი ევროპა მოიარა, ყველას გულში შეაღწია. შეუძლებელი იქნებოდა, ამ ხალხის ასეთი თავგანწირული ბრძოლა არ დაფასებულიყო. ამ დღეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობებიც გაიხსენებენ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, სხვა ახალგაზრდებთან ერთად მეც შემეტანა წვლილი ამ დღეების შექმნაში და ვყოფილიყავი წინა ხაზზე საკუთარი სამშობლოსა და მომავლის დაცვისას. ალბათ ამ მხრივ პატივი იყო დაკავებაც და იზოლატორში გამოკეტვაც. ამ დღეების შემოქმედი ყველა ახალგაზრდა იგრძნობს თავს საბოლოოდ გამარჯვებულად და მათ შორის ლაზარეც მალე იქნება თავისუფლებაზე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ პირადად მე და ჩემი მოძრაობა. მისი საკანი უნდა დაიკავოს იმ ხალხმა, ვინც უკანონო ბრძანებებს გასცემდა საკუთარი მოქალაქეების არაპროპორციული ძალით დარბევაზე, ვინც სცემდა და არაადამიანურად ექცეოდა აქციის მონაწილეებს. შემდეგაც. მარტის დღეების სიამაყეს ვერაფერი შეცვლის.
_ მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეიძლებოდა და ვერ მოხერხდა…
_ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ის რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ყველაფერს თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწრაფვას არგებენ, არ არსებობს მათთვის სხვა ინტერესი. რაღაც კონკრეტულ მომენტში დასჭირდებათ რუსეთი? _ რუსულ დროშას აფრიალებენ ლამის. მიხვდებიან, რომ ამ მომენტში მომგებიანია ევროპელობის თამაში? _ ევროპულ დროშას მოიმარჯვებენ უმალვე და თავიანთ თავს ყველაზე უფრო დიდ ევროპელებად გამოაცხადებენ. ეს ყველაზე უფრო საშიშია. ასე ჰყავთ მომართული საკუთარი პროპაგანდისტული საშუალებებიც და მათზე მიბმული ხალხის სეგმენტს მთლად ურევენ ყველაფერს. ასეთი ხალხიც და ხელისუფალიც, საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის. ეს პრობლემა გადასაჭრელია. ხალხი უნდა მოვწყვიტოთ მათ პროპაგანდას და მკაფიოდ დავანახოთ რეალობა, რათა მომდევნო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ. შეუძლებელია უკვე ორ სკამზე ჯდომა, ორმაგი თამაში და მიდგომები. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა ამას ვეღარ დაუშვებს, მით უმეტეს, ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, თუკი მოქალაქეებამდე ამას ვერ მივიტანთ, შემდგომი წლები წარმოუდგენლად უფრო მძიმე აღმოჩნდება საქართველოსთვის. მომდევნო წელს ეს პრობლემა გადასაჭრელია.
_ რას უსურვებდით ახალ 2024 წელს საქართველოს?
_ გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებებს. ვერაფერს ვუსურვებ ალბათ უფრო მნიშვნელოვანს ამ ქვეყანას. ამის გარეშე მომდევნო წლები უმძიმესად იქცევა თითოეული ჩვენგანისთვის. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ შესაძლებელი იყოს, ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის რეალური ნება.
ბექა ლილუაშვილი _ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ რამდენი ქულით შეაფასებდით 10-ბალიანი სისტემით პარტია „საქართველოსთვის“ 2023 წლის მუშაობას?
_ ალბათ, 6-7 ქულით შევაფასებდი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალიან რთული იყო წლის განმავლობაში სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა, ჩვენი დღის წესრიგი შეგვექმნა და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით მოვახერხეთ ის, რომ საზოგადოებასთან ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები მიგვეტანა. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან რთულია პოლიტიზებული და რადიკალიზებული მედიაგარემოს თვალსაზრისით მიიტანო შენი კონკრეტული საკითხები. მხოლოდ რამდენჯერმე შევძელით მოქალაქეებთან შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საპარლამენტო გუნდს. მან ყველაზე ნაკლებად მოახერხა მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია და არა მედიასაშუალებებით.
_ ასევე რომ შევაფასოთ სრულად სახელისუფლებო და ოპოზიციური სპექტრი.
_ დავიწყოთ ხელისუფლებით: მთავარი და ყველაზე დამზიანებელი შეცდომა, შეიძლება მიზანმიმართული ნაბიჯიც დავარქვათ ამას, ეს იყო ის დამაზიანებელი ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ გადადგა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 2023 წელს მოხდა რუსული კანონების ინიცირება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველად გაჩნდა საერთაშორისო სანქციების რუკაზე, ვგულისხმობ მოქალაქეების სანქცირებას, ფარცხალაძის სანქცირებას. აი ეს ის პოლიტიკური პრობლემებია, რომლებიც ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ცალკეულ შემთხვევაში მიზანმიმართულად გააკეთა.
რაც შეეხება ოპოზიციას, არ მიყვარს კრებსითად გამოყენება ოპოზიციის, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციაშიც არიან ძალიან რადიკალური წარმომადგენლები, რომელთაც ბევრი მავნებლობა გააკეთეს. ეს იყო ცალკეული ოპოზიციის, ცალკეული წარმომადგენლების რიტორიკა მაგალითად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც მონაწილეობდა ამ სამუშაო ჯგუფებში და კიდევ უფრო მეტი არგუმენტის მიცემა იყო ხელისუფლებისთვის, რომ ოპოზიციას არ შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს და წვლილი შეიტანოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. ასევე უნდა გამოვყოთ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების არათანმიმდევრულობა, რამაც ძალიან გაამწვავა ნიჰილიზმის შეგრძნება მოსახლეობაში.
_ რას უსურვებდით ქვეყანას 2024 წელს?
_ 2024 წლისთვის ჩვენ ორი მთავარი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი: პირველი, 2024 წელი არის საარჩევნო წელი და ვუსურვებდი ქვეყანას, ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, რომ ჩაეტარებინა გამჭვირვალე, სამართლიანი და ევროპული სტანდარტების არჩევნები. მეორე: კანდიდატის სტატუსი გვაქვს უკვე და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოლაპარაკებების პროცესში ჩავებათ და ვუსურვებდი ქვეყანას, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიოს 2024 წელს, რომ ის გამხდარიყოს ამ მოლაპარაკებების ნაწილი.
ბაჩო დოლიძე _ ენმ-ს ყოფილი წარმომადგენელი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი:
_ რამდენ ქულას დაუწერდით ოპოზიციას 10-ბალიანი სისტემით?
_ საუკეთესო შედეგი ნამდვილად არ დაუდევს, შესაძლებლობების 30% გამოიყენა ალბათ. ვიწრო პარტიული ინტერესი ხშირად იდგა უფრო წინ, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციის ინტერესი, რომ მაქსიმალური ზიანი მიგვეყენებინა იმ რუსული ძალისთვის, რომელიც გვყავს. განსაკუთრებით გამოვყოფ საერთოდ გაუგებარ, ერთმანეთზე დაბრალების კამპანიას კანდიდატის სტატუსთან მიმართებით. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს ყველაფერი, მოხერხება უნდა ამ ყველაფერს, რომ ოპოზიციამ შიგნით დაიწყო ერთმანეთში ძიება იმ ადამიანების, თუ ვინ იყო კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი. შესაბამისად. ამ თვალსაზრისით ძალიან დაბალი მაჩვენებელი ეკუთვნის, ორიანი. ალბათ.
_ ვინაიდან ჯერ არ ხართ ჩამოყალიბებული, როგორც ცალკე აღებული პარტია, ამიტომ მინდა გკითხოთ როგორც ენმ-ზე, ასევე ცალკე აღებული, _ ნიკა მელიას გუნდის მუშაობას, როგორ აფასებთ?
_ ენმ-ს ვუსურვებ ცალსახად წარმატებას, რადგანაც ჩვენი ყველას სამიზნე ჯგუფი არის „ქართული ოცნება“ და არასოდეს არ გამიხარდება მათი წარმატებული სვლები. ჩემი გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, პროცესები ის არ მიმდინარეობდა, როგორც უნდა წარმართულიყო. პარტიას შეეძლო გაცილებით უკეთესი კონტრასტის ჩვენება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, მაგრამ ეს ვერ შეძლო, თუმცა მაქვს იმედი, რომ ამ ყველაფერს გაიაზრებს და სხვანაირად შეხედავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გარდა, კიდევ ბევრი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, შესაბამისად, რაღაცნაირად ეს კარჩაკეტილობა უნდა გაირღვეს და სხვა ხალხზეც უნდა იყოს ორიენტირი გაკეთებული.
რაც შეგვეხება ჩვენ, აქ კი, ვფიქრობ, რომ სტარტი საკმაოდ საინტერესო და იმედიანი გვაქვს და რაც მთავარია, ძალიან დიდი იმპულსი მოდის საზოგადოებისგან მხრიდან. ყოველთვის ერთი კითხვა აქვთ ხოლმე ჩვენთან მიმართებით, _ რომელ ამომრჩეველზე აკეთებთ სწორებას, ენმ-ს ყოფილ ამომრჩეველზე თუ?.. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, აბსოლუტურად ყველას ველაპარაკებით და ყველანაირი ტიპის ამომრჩეველს ვთავაზობთ განსხვავებული პოლიტიკის კეთებას, სადაც ფული არ აირს გადამწყვეტი ფაქტორი. არ ვიცი, ვინ დანერგა ეს მოცემულობა, რომ ფული წყვეტს ყველაფერს, მაგრამ ამ წუთას ჩვენ წინაშე არის გამოწვევა, რომ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, _ ფული არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცის მიღწევა გინდა. ამ თვალსაზრისით კლასიკური მაგალითი იქნება 2024 წლის არჩევნები.
_ რას უსურვებდით ქვეყანას 2024 წელს?
_ ვუსურვებ დემოკრატიულ მთავრობას, რადგანაც ეს არის წინაპირობა იმისა, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები, ჩვენ უნდა შევძლოთ ცივილიზებულად, დასავლური სტანდარტებით და როგორც გვეკადრება, ძალიან დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება. უნდა მივეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება უნდა მიდიოდეს და მოდიოდეს. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, რომ გვყავდეს კოალიციური მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანი წელია იმ თვალსაზრისით, რომ კოალიციური მთავრობის გასაკეთებელი იქნება რეკომენდაციების შესრულება. ეს არის უნიკალური შანსი, რომელიც გამოსაყენებელია. ჩვენი მოსახლეობა ყველა გამოკითხვით მხარს უჭერს ევროკავშირს და იმის ფონზე, რომ გვყავს პრორუსული მთავრობა, ჩვენს მოსახლეობას არჩევანი გაკეთებული აქვს და ოპოზიციაზეა ახლა დამოკიდებული ყველაფერი.
გიორგი გუგავა _ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:
_ 10-ბალიანი სისტემით რამდენ ქულას დაუწერდით მიმდინარე წელს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს?
_ პოლიტიკურ პროცესებს, ალბათ, 5-6 ბალით შევაფასებ, ესეც იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დანარჩენი პოზიტიური ამ ქვეყანაში ნაკლებად არის.
_ რა როლი ჰქონდა ოპოზიციას და ხელისუფლებას ამ ყველაფერში?
_ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არც ოპოზიციას და არც პოზიციას არანაირი განსაკუთრებული როლი არ ჰქონია. უპირველეს ყოვლისა, როგორც ვთქვი, დამსახურებაა გეოპოლიტიკური სიტუაციის, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში უკრაინის ომიდან გამომდინარე, ასევე ეს დამსახურება არის ქართველი ხალხის ბრძოლის.
_ რას უსურვებთ 2024 წელს საქართველოს?
_ საქართველოს ვუსურვებდი 2024 წელს მახრჩობელა ოლიგარქიული სისტემისგან გათავისუფლებას, რომელიც გუდავს ჩვენს ქვეყანას და უკარგავს მომავალს ჩვენ და ჩვენს შვილებს. დარწმუნებული ვარ, ეს განხორციელდება კიდევაც.
ანა ნაცვლიშვილი _ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ როგორ შეაფასებდით 10-ბალიანი სისტემით „ლელოს“ 2023 წლის საქმიანობას?
_ „ლელოს“ საქმიანობა უნდა შეაფასონ ჩვენმა წევრებმა, მხარდამჭერებმა და ამომრჩეველმა. პარტია მათ წინაშეა ანგარიშვალდებული და შეფასებაში მათ ეკუთვნით მთავარი სიტყვა.
_ რა იყო მთავარი გამოწვევა 2023 წელს?
_ მთავარი გამოწვევა იყო რუსეთის მოქალაქეებისა და კაპიტალის უკონტროლო შემოსვლა და რუსული გავლენების განმტკიცება საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან მზარდი გადინება, რაც სიღარიბესა და უიმედობას უკავშირდება.
_ რას უსურვებთ 2024 წელს საქართველოს და მის მოქალაქეებს?
_ ვუსურვებ გამარჯვებას უიმედობასა და რუსეთის ინტერესების გამტარ ხელისუფლებაზე, სასიკეთო ცვლილებებს ხელისუფლებაში და შესაბამისად _ მოქალაქეთა ცხოვრებაში, ევროკავშირისკენ მორიგი მტკიცე ნაბიჯის გადადგმას. გამარჯვებას და მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას!