- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-12-28 06:48:33
თამარ სანაძე
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროინტეგრაციის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ხელისუფლებამ მუხლჩაუხრელად იშრომა, ოპოზიციის წვლილი კი მინიმალურია. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის შენიშვნები, სადაც მკაცრადაა გაკრიტიკებული პრემიერის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
კანდიდატის სტატუსზე, ვენეციის კომისიის შენიშვნებზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი ლია მუხაშავრია:
_ ქალბატონო ლია, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ პროცესში ოპოზიციის წვლილი მინიმალურია. როგორ ფიქრობთ, ვისი დამსახურებაა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი?
_ ის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, რა თქმა უნდა, ხალხის დამსახურებაა. არც ოპოზიციის როლს აღვნიშნავდი განსაკუთრებულად, ხელისუფლებისა კი ყველაზე ნაკლებად. რომ არა ხალხის მოთხოვნა კატეგორიული საპროტესტო ფორმით, ხელისუფლება განაცხადის შეტანასაც კი არ აპირებდა. ყველას კარგად გვახსოვს, ასევე მარტის აქციებიც. ხელისუფლება ნამდვილად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ცუდი გაეკეთებინა იმ მიმართულებით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ამაზე მეც ვსაუბრობდი ჩემს ინტერვიუებში, შემდეგ თავდასხმა მომიწყვეს პარლამენტში, როცა მქონდა გასაუბრება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატს და მაშინ ვამბობდი, რომ ხელისუფლება ცდილობს მოგვპაროს და წაგვართვას ეს შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ძალიან მარტივი ასახსნელია, რატომ ცდილობდნენ ისინი ამას. ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს მოხელეები, განსაკუთრებით კი მაღალი თანამდებობის პირები, ვერ შეძლებენ ბიუჯეტიდან თანხების ისე მოპარვას, როგორც ამას ახერხებდნენ მანამ.
სხვა საკითხია, რომ საზოგადოების ინტერესშია, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და ვიცხოვროთ იმ ევროპული სტანდარტებითა და ღირებულებებით, რომელიც ასეთი სასურველია ყველასთვის, ვისაც საღი აზრი და კეთილი განზრახვა აქვს. ხელისუფლების ეს მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ყველაზე დიდ დამსახურებად ჩაითვალონ, რომ წაუგებელი თამაში ითამაშონ.
_ ძალიან კრიტიკული იყო ანტიკორუფციულ სამსახურთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები, რომ არ აპირებენ გადახედონ ამ საკითხს, რადგან ანტკორუფციული სამსახური ძალიან კარგად მუშაობს. რა უნდა გააკეთონ, რომ ეფექტიანი იყოს ამ სამსახურის მუშაობა და რა უნდა მოხდეს, რომ არ ჰქონდეს მასზე ზეგავლენა ხელისუფლებას? ამ საკითხის მოგვარება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზისთვის?
_ კორუფციამ ნელ-ნელა მოიკიდა ჩვენთან ფეხი, სააკაშვილის პერიოდში ვამბობდით, რომ ეს იყო ელიტური კორუფცია და ნამდვილად იყო, მაშინდელი მექანიზმები კი არ იყო ეფექტიანი. მართალია, უნდა აღვნიშნოთ და დამსახურებად ჩავუთვალოთ სააკაშვილს, რომ წვრილმანი კორუფციული სისტემა მთლიანად მოიშალა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აყვავდა ელიტური კორუფცია. ახლა წვრილმანიც ფეხს იკიდებს და ელიტურიც ყვავის და ყვავის. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან სერიოზული, ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც აქვს სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლებისგან. თორემ ,აბა, როგორ იქნება ეს ამბავი, როგორ დაიჭერს ანტიკორუფციული სამსახური, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს ან მთავრობს წარმომადგენელს, თუ არ იქნება სრული დამოუკიდებლობა სამთავრობო ინსტიტუტებიდან? მას უნდა ჰქონდეს მტკიცებულებების მოპოვების, ანუ გამოძიების უფლებამოსილება და ეს გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა საგამოძიებო სტრუქტურებისგან და მას უნდა ჰქონდეს უფლება, საქმე წაიღოს სასამართლოში, სადაც დახვდება მოსამართლე, რომელსაც არ ექნება პოლიტიკური გავლენები, ზეწოლის შიში. ეს ყველა რგოლი მოშლილია. მით უფრო, ანტიკორუფციული სამსახური და მისი უფროსი, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეარჩია. როცა ტელევიზიით აჩვენეს მათი შეხვედრა, უკვე ეკრანიდანაც, ვიზუალურად ჩანდა, რომ ის ადამიანი არ იყო ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი, ისეთი მოწიწებითი ეფექტი ჰქონდა მის დამოკიდებულებას პრემიერისადმი. ძალიან კარგად ესმის ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რა პრობლემები აქვს საქართველოს და ეს არის, პირველ რიგში, კორუფციასთან ბრძოლა.
_ თუკი დაიწყება ბრძოლა იმ სტანდარტით, როგორც ვენეციის კომისიაშია გათვლილი, მოუწევს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გარკვეული სახის პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე? ჩვენ გვახსოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ჯერზე განთავისუფლებული იყო იმიტომ, რომ მას კავშირები აღმოაჩნდა კორუფციულ ნაწილში, თუმცა ის კვლავ დააბრუნეს თანამდებობაზე და დღეს ვხედავთ, რაც ხდება მის ირგვლივ.
_ კორუფციასთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დროში, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პრემიერია კორუფციაში, სავარაუდოდ, ძალიან სერიოზულად გახვეული. თვალს ვადევნებ ხოლმე მედიას და ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პრემიერი კორუფციაშია გახვეული. ასეთ ვითარებაში, როდესაც პრემიერი თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ „მადლობა ღმერთს, მე ყოველთვის მყავდა და მყავს შეძლებული ოჯახიო“, ეს არის პირდაპირი დადასტურება, რომ ის კორუმპირებულია. სხვა საკითხია, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, როგორც ანტიკორუფციული სამსახურის არასებობის თვალსაზრისით, ისე საგამოძიებო სტრუქტურების არასათანადო მუშაობის თვალსაზრისით, თორემ ასეთ მთავრობას და ასეთ პრემიერს ძალიან მარტივია დაუმტკიცო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა მათი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვითაც კი. როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერი, საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა გახლდათ „ქართული ჯიგრულ პონტი“, ეს არის კორუფციის აღიარება და დადასტურება. ძალიან კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებაში კორუფცია და ამგვარი ურთიერთობები არ გახდა კულტურისა და სოციუმის ნაწილი. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ძალიან მხარია, რომ ახალი თაობა აბსოლუტურად არატოლერანტულია ამის მიმართ, რაც ქმნის იმედს, ეს პრობლემა მოგვარდეს.
_ ეს განცხადებები ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, საქართველოს ხელისუფლება უკვე ღიად ებრძვის ევროპულ ღირებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფასადურად მოქალაქეებს უმეორებენ იმას, რომ აი, ჩვენ ეს სტატუსი დავიმსახურეთ, ჩვენ ვართ ყველაზე ევროპული ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა სტატუსისთვის და უნდა ხალხისთვის სიკეთეო?
_ მაღალ მატერიებსა და მაღალ სტანდარტებზე რომ არ ვისაუბროთ, აქ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პირებს ძალიან კარგად ესმით, რომ მათ ახლა მოსასწრებად აქვთ საქმე. თუ რაიმეს მიტაცება, მოპარვა და მითვისება შეუძლიათ, ახლა უნდა მოასწრონ. ასეთ ვითარებაში, როდესაც ეგრევე, პირველივე რეკომენდაცია ეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ძალიან საშიშია. ისინი მომავალი წლის არჩევნებამდე გეგმებს აწყობენ, რა შეიძლება მოესწროს. ეს აშკარად იგრძნობა. ამიტომ პირდაპირ ათიანში როდესაც ურტყამს ევროკავშირიდან მოსული რეკომენდაციები, მათ შორის, ვენეციის კომისიისა, ეს მათ ძალიან აწუხებთ და შეაწუხებთ, ბუნებრივია.
ამ პატარა ქვეყნის გადატრიალება, უკეთესი პირობების შექმნა და ცვლილებები და რეფორმები ძალიან მარტივია, თუკი იქნება ნება. რაც მოხდა ახლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს ცვლის ყველაფერს. თუ ამ სურათს ასე დავინახავთ, მაშინ ყველა ირწმუნებს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ნამდვილად რეალურია და ეს ყოველდღიურად შეიძლება, რომ დავადასტუროთ და დავამტკიცოთ.
_ 15 დეკემბრის შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ახლა მოცემულობაშია 9 დათქმა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა დაიწყოს საუბარი მოლაპარაკებებზე გასაწევრიანებლად. ხელისუფლებამ ოპოზიციას მოუწოდა, თქვენ დაისვენეთ და ჩვენ ვიმუშავებთო. შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამუშაო ჯგუფები შევქმენით და გამოჩნდება, თუ ოპოზიციას სურს ჩვენთან ერთად მუშაობაო. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ ის არის პრორუსული ძალა, ამის შემდგომ შევალთ სამუშაო ჯგუფებშიო. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელის შემწყობი ფაქტორია ოპოზიცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე?
_ თუ რაიმე ცუდი გჭირს, ეს არის როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, ისე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალების მიზეზი. არამც და არამც ოპოზიციურ პარტიებს და ოპოზიციაში მყოფ ძალებს ხელი არ უნდა დავაფაროთ. კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული, რომ შედეგები მოიტანოს. ყველას მობეზრდა იმ ძალების დანახვა, რომელსაც არ მოაქვს ცვლილებები უკეთესობისკენ და ყველას სჭირდება ახალი ძალებს ხილვა, რომლებიც ნამდვილად არსებობენ, უბრალოდ. ჩემი აზრით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეთანხმებულია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე სხვა არ გააჭაჭანონ. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომ მედიამ დრო დაუთმოს ასეთ ახალ ძალებს. დროა. ახალგაზრდობა გამოჩნდეს ასპარეზზე, საზოგადოება მისცემს მათ ნდობის მანდატს. არც უმრავლესობა და არც ოპოზიცია არ არის ღირსი, 2024 წლის არჩევნებში კვოტები მიიღონ. თუკი მიიღებენ ადგილებს, ეს უნდა იყოს მინიმალური.
_ ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ აქვთ სამუშაო გეგმა, როგორ უნდა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მოლაპარაკებებზე. თუმცა ეს გეგმა არ არის გასაჯაროებული. უნდა იყოს თუ არა გეგმა წარდგენილი მოქალაქეებისთვის და უნდა მოხდეს თუ არა მსჯელობა საჯაროდ და ამის შემდგომ დაიწყოს მუშაობა მის შესრულებაზე, ვინაიდან აღმოფხვრილი იყოს ის ხარვეზები, რაც შესაძლებელია, რომ ჰქონდეს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სამუშაო გეგმას?
_ რას ნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმა არ იცის არც პარლამენტის ოპოზიციურმა ნაწილმა? უნდა ვივარაუდოთ, რომ სამოქმედო გეგმა არ არსებობს ან არსებობს გეგმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ მათ შეინარჩუნონ სკამები და გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. თავი დავანებოთ მას, რომ არ აცნობენ ოპოზიციას, არ სურთ ქვეყნის შიგნით იყოს გასაჯაროებული, როგორ შეიძლება ეს ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელი, სავალდებულო რეკომენდაციები არ იყოს არც ევროკავშირისთვის ცნობილი? ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ.
_ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანია სამართლიანობისა და სოციალურად დაუცველობის საკითხი. ევროპა ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ევროპის ქვეყნები ეხმარებიან არა მარტო თავიანთ მოქალაქეებს. ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი, არალეგალი ადამიანია ევროპაში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ევროპულად მოგვარდეს პრობლემა, რომ ქვეყანაში არ გვყავდეს გამოკითხულთა შორის ყოველი მეორე შიმშილობის ზღვარზე?
_ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მცირერიცხოვანი, პატარა და ევროპული მასშტაბისთვის არ არის რთულად დასაძლევი საკითხი, ზუსტად ვიცი, მოგვარდება, თუკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეცოდინებათ, რომ ის ფულადი რესურსები, რომელიც ამ საკითხების მოსაგვარებლად იქნება ქვეყანაში გადმორიცხული, ნამდვილად მოხმარდება საქმეს. მაგრამ ვიდრე მათ არ აქვთ საზედამხედველო სისტემები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსები პირდაპირ დანიშნულების ადგილზე მისვლას და უშუალოდ იმ ადამიანებისთვის მოხმარებას, ვისთვისაც ეს საჭიროა, მანამდე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამიტომ საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით. თუ გვინდა შეგვეტყოს, რომ ევროკავშირის მფარველობის ქვეშ ვართ და მისი ეგიდის ქვეშ ვცხოვრობთ და მათი დახმარება იყოს ძალიან თვალსაჩინო, სწრაფად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რადგან ანტიკორუფციული სისტემა არ მუშაობს და ძალიან დიდია ბიუჯეტიდან ფინანსების უკანონოდ მითვისების მასშტაბები. ასეთ ვითარებაში ევროკავშირი შეეცდება, თავი შეიკავოს იმ უშუალო ჩარევებისგან, რომელიც ჩვენს სოციალურ თუ სხვა სახის პრობლემებს მოაგვარებს.